ძებნის რეზულტატი:
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებული 25 პირიდან ათის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ათივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ გამოაცხადა. დაკავებულთა ადვოკატებმა შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლეს და ნაწილის შემთხვევაში, გირაოს სახით თანხის გადახდა, ნაწილისთვის კი აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დაკავებულები პატიმრობაში დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს მასშტაბით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამართალდამცველებმა 25 პირი დააკავეს. ამავე ბრალდებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბრალი წარედგინება დამატებით ოთხ პირს. საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული ექვსთვიანი სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი
გარკვეული პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ვადა იცვლება
პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2022 წლის პირველი აგვისტოდან აღუდგება, ნაცვლად პირველი თებერვლისა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „რამდენი ხნის წინ, ჩვენ მივიღეთ ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის შესაბამისადაც დადგინდა რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამავდროულად, ჩვენ ამავე კანონის შესაბამისი მუხლით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკური საბოტაჟის დროს უარი თქვეს ამ დაფინანსების მიღებაზე, აღვუდგინეთ შესაძლებლობა ისარგებლონ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. სწორედ, ამ პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების აღდგენის ვადის ცვლილება ხდება წარმოდგენილი პროექტით“, - განაცხადა იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომაზე. პროექტის თანახმად, ამ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ ყველა ის თანხა, რომელსაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდნენ, რომ არ დაეკარგათ აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა კიბერთავდასხმების თემა წამოწია. „პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს რუსეთში მოქმედი აღნიშნული ჯგუფების საქმიანობის აღკვეთის მიზნით. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ყველა საჭირო ზომას მიიღებს საკუთარი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
კელი დეგნანმა ფოთის საზღვაო სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა
დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ფოთის საზღვაო სასწავლებელს ეწვია. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა ფოთის სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, 13 ლაბორატორია, დაათვალიერა, რომელიც თანამედროვე სიმულატორებით არის აღჭურვილი და სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანმა, სასწავლებელში ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია გახსნა, რომლის მოწყობაც ამერიკის საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს სანაპირო დაცვის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. „მინდა, დიდი სიამაყით განვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს გრძელვადიან პარტნიორობას საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან. ეს ტრენინგცენტრი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს არამხოლოდ ამ რეგიონში, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე საზღვაო სექტორში“, – განაცხადა კელი დეგნანმა. ქართველ მეზღვაურთა წარმატებით დასაქმებაში ინგლისური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარებით, ფოთის საზღვაო სასწავლებელში მოქმედი ინგლისური ენის შემსწავლელი ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის შესაძლებლობებს, ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი მეზღვაურებისთვის ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებაშიც. „დღეს ეს კომპონენტი უმნიშვნელოვანესია მათი წარმატებით დასაქმების თვალსაზრისით“, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მაღალი შეფასება მისცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას და იმ წვლილს, რაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შეაქვს ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარებაში; მათ შორის საპორტე სექტორში უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას და დახმარებას ქართულ ნავსადგურებში თანამედროვე სტანდარტების და მომსახურების დანერგვის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები მხარში გვიდგას საზღვაო სერვისების გაციფროვნებისა და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანების პროექტის განხორციელებაშიც, სწორედ აშშ-ს საელჩო აფინანსებს ჩვენს ნავსადგურებში აღნიშნული პროექტის დანერგვის პროცესს“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა. საქართველო მონაწილეობს აშშ-ს სანაპირო დაცვის „პორტების საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაში“, რომლის ფარგლებშიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მოწმდება საზღვაო უშიშროების დონე საქართველოს ნავსადგურებში. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველომ საუკეთესო შეფასება დაიმსახურა და აშშ-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისგან სპეციალური ჯილდო – 𝗘𝘅𝗰𝗲𝗹𝗹𝗲𝗻𝗰𝘆 𝗔𝘄𝗮𝗿𝗱-იც კი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთი და გემები აშშ-ს ნავსადგურებში უსაფრთხოდ არის ცნობილი.
ოდირის ანგარიში: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების პროცესში. „სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია მოსამართლეთა შერჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა, ყველა ქვეყანაში. მოსამართლეთა შერჩევის ამ პროცესში აღინიშნებოდა მკაფიო სტანდარტებისა და მითითებების ნაკლოვანება, რამაც უარყოფითი როლი ითამაშა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა ოდირის (ODIHR) დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ. ODIHR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ დღეს გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში ახდენს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში წარდგენის პროცესში არსებული მთელი რიგი ნაკლოვანებების იდენტიფიცირებას, და წარმოაჩენს რომ საკანონმდებლო ცვლილებები, განხორციელებული მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პარალელურად, რომელიც სამჯერ წარიმართა, უზენაეს სასამართლოში არსებული 11 ადგილის შესავსებად, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპს. ორგანიზაციის ცნობით, მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე, იმ პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღწეულ ამ წლის დასაწყისში. შეფასებაში ასევე ხაზგასმულია არსებული შეშფოთება, პროცედურის ეფექტურობასა და კანდიდატების მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა მოსამართლეთა ნომინირების პროცესის განმავლობაში. „მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ჩარჩო უზრუნველყოფს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მკაფიო მექანიზმს, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების მნიშვნელოვანი გადაცდომა, რამაც შეიძლება დააზიანოს როგორც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, აგრეთვე საზოგადოების ნდობა. ODIHR-ი ახორციელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცესის მონიტორინგს 2019 წლიდან, რათა ხელი შეუწყოს ხელისუფლების მცდელობას გააძლიეროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა საქართველოში. ODIHR-ის მონიტორინგი აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცედურის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგ პრაქტიკასთან. ეს უკანასკნელი მონიტორინგი განხორციელებულ იქნა ODIHR-ის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნის საფუძველზე. მოსამართლეთა ნომინირების უკანასკნელი პროცესის მონიტორინგი დაიწყო 2020 წლის დეკემბერში, და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ყველა კანდიდატის გასაუბრების პროცესსა და მასთან დაკავშირებული საბჭოს სესიების მონიტორინგს“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. ODIHR განაგრძობს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე დაკვირვებას და საბოლოო ანგარიშში წარადგენს თავის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
Pfizer-Biontech-ი კორონავირუსის ,,დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინაზე მუშაობს
Pfizer-Biontech-ი ემზადება კლინიკური კვლევების დასაწყებად, რომელიც კორონავირუსის ,,დელტა" ვარიანტის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინას ეხება. როგორც ცნობილია, კვლევები სავარაუდოდ აგვისტოში დაიწყება. რომის ჯემელის საავადმყოფოს ინფექციური მეცნიერების განყოფილების დირექტორი ამბობს, რომ რა გავლენას მოახდენს ვაქცინის ეს ვარიანტი, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი. ”თუ დელტა ვაქცინის მოქმედებას 30% -ით ამცირებს, ეს ნიშნავს, რომ ის 70% -ზე მუშაობს. რამდენიმე კვირაში ვნახავთ, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ვარიანტი იტალიაში. რეალური ბრძოლა იქნება შემოდგომაზე, მაგრამ ასევე ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ ვაქცინაციის მაქსიმალური რაოდენობა", - ამბობს რობერტო კაუდა. მისი თქმით, ,,დელტა" ვარიანტის გავრცელების ტენდენცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ვაქცინა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში, არ არის საკმარისი და ის უნდა გახდეს გლობალურად ხელმისაწვდომი. ,,თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ. ეს არის ეპიდემიოლოგიურად გადამწყვეტი კონცეფცია", - ამბობ კაუდა.
ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარებისა და ამ დაავადებით გარდაცვალების რისკებზე კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ინგლისში ჩატარებული ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ბავშვებში კოვიდინფექციის მძიმედ განვითარების ან ამ დაავადებით მათი გარდაცვალების რისკი ძალიან დაბალია. ინგლისში პანდემიის პირველი 12 თვის ანალიზით ირკვევა, რომ კოვიდისგან გარდაიცვალა 25, 18 წლამდე ასაკის ადამიანი. ძირითადად კი ასეთი რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლამდე 251 ბავშვი მოათავსეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შანსია, რომ 50 000 - დან ერთი მოხვდეს ასეთ განყოფილებაში, 25 ბავშვი და ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მილიონში ორის გარდაცვალების აბსოლუტური რისკი არსებობს.
ესპანეთში, სტაპ ბარის ტერიტორიაზე მე-12 საუკუნის აბანო აღმოაჩინეს
ესპანეთში, სტაპ ბარის ტერიტორიაზე მე-12 საუკუნის აბანო აღმოაჩინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ყოფილი არაბული აბანო ალმოჰადების (ბერბერულ-ისლამური სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება რომელიც არსებობდა 1121-1269 წლებში) პერიოდს უკავშირდება. ეს აღმოჩენა მე -12 საუკუნის სევილიას ასახავს. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ აბანოებს მეჩეთში სალოცავად შესვლამდე იყენებდნენ, ეს ასევე იყო თავშეყრის ადგილები სოციალიზაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის. აღმოჩენა მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბარის მეპატრონეებმა შენობის რეაბილიტაცია/რემონტი გადაწყვიტეს.
ილინოისი გახდა აშშ-ში პირველი შტატი, სადაც სკოლებში აზია-ამერიკის ისტორიის სწავლა სავალდებულოა
ილინოისის გუბერნატორმა ჯეი რობერტ პრიცკერმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლები ასწავლიან აზიისა და ამერიკის ისტორიას. ეს ნაბიჯი აზიური წარმოშობის ადამიანების მიმართ ძალადობის შესახებ სულ უფრო მზარდი შეშფოთების ფონზე გადაიდგა. კანონპროექტი საშუალო სკოლებში აზიისა და ამერიკის ისტორიის სწავლებას 2022-2023 სასწავლო წლიდან ავალდებულებს. ”ჩვენ ვადგენთ ახალ სტანდარტს იმისთვის, თუ რას ნიშნავს, გაითვალისწინ შენი ისტორია”, - განაცხადა გუბერნატორმა. მისი თქმით, ამ ისტორიის სწავლება ხელს შეუწყობს ყალბი სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის გავრცელებას.
დღეს, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს სამების ტაძარში მიაბრძანებენ
დღეს, 14:00 საათზე, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საპატრიარქოს ცნობით, შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II გადაიხდის პარაკლისს. საგარეო სამქეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანებისა და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოში გუშინ ჩამოაბრძანეს.
დუბაიში მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი და წყალქვეშა ქალაქი იხსნება
დუბაიში ყველაზე ღრმა საუცურაო აუზი ააშენეს. 60 მეტრის სიღრმის აუზი დუბაის ახალი წყალქვეშა ქალაქის ნაწილია და მის ასავსებად14 მილიონი ლიტრი წყალია საჭირო. ატრაქციონი, სახელწოდებით Deep Dive Dubai, მინიმუმ ოთხჯერ აღემატება სხვა ნებისმიერ, მსგავსი ტიპის აუზს მსოფლიოში და გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე "ღრმა საცურაო აუზი". აუზი ასევე გამოირჩევა წყალქვეშა ქალაქით, რომელიც განთავსებულია 1 500 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე. მყვინთავებს შეუძლიათ დაათვალიერონ წყალქვეშა ქალაქი, სადაც "მიტოვებულია" ჩაძირული სახლები და არის გასართობი სივრცეც. აუზის ცალკეულ ნაწილებში იქნება სხვადასხვა ატმოსფერო, რომელიც შეიქმნება თანამედროვე განათებისა და ხმის სისტემების საშუალებით. აუზი ჯერჯერობით დამთვალიერებლებისთვის გახსნილი არ არის, მისი ნახვა მხოლოდ სპეციალური მოსაწვევის საშუალებით შეიძლება. თუმცა, როგორც ცნობილია, აუზის გახსნა წლის ბოლოს იგეგმება.
აშშ-მა 34 უცხოურ კომპანიას სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 34 უცხოურ კომპანიასა და სუბუექტს, რომლებიც დაკავშირებულები არიან ჩინეთის სამხედრო და უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებულ პოლიტიკასთან, სანქციები დაუწესა. მათ შორის სანქციები დაუწესდა იმ სუბიექტებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ირანში ექსპორტის დაშვების საკითხში. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები დაწესდა "შეერთებულ შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის ან მათში ჩართვის რისკის გამო". აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა 8 სუბიექტის წინააღმდეგ აშშ-ის ტექნოლოგიის ექსპორტისთვის ირანში, 7 ადამიანი კი სანქცირებულია რუსეთის სამხედრო ძალებში მონაწილეობის გამო. ჩინეთში დაფუძნებული 14 კომპანია მოხვდა შავ სიაში უიღურული უმცირესობის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო. ხოლო, ხუთი ადამიანი ჩინეთის სამხედრო ძალებს ლაზერების შეძენაში ეხმარებოდა. შეერთებულმა შტატების თქმით: ”ჩინეთი განაგრძობს გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს”. გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში მხვდა რუსეთის სამ კომპანია და სამი ფიზიკურ პირი.
ჰაიტის ხელისუფლება გაეროსა და აშშ-ს ჯარების გაგზავნას სთხოვს
პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ, ჰაიტის ხელისუფლება გაეროსა და აშშ-ს, ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯარების გაგზავნას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს, პრეზნიდენტის მკვლელობის დღეს, ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა გაეროს გაუგზავნა წერილი. წერილში ნათქვამია რომ ქვეყანა ითხოვს "ეროვნული პოლიციის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენას მთელ ტერიტორიაზე". გაეროს უსაფრთხოების საბჭომ უნდა უზრუნველყოს ჰაიტიში გაეროს სამშვიდობოების ან პოლიციის განლაგების უფლება. როგორც ცნობილია ჰაიტის მხრიდან სამხედროების გაგზავნაზე თხოვნა, დაადასტურა აშშ-მ. "ჰაიტის მთავრობამ მოითხოვა უსაფრთხოების დაცვასა და საგამოძიებო საქმეში დახმარება. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით ჰაიტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლიათ შეერთებული შტატების დახმარება", - განაცხადა პენტაგონის საჰაერო ძალების სპიკერმა. 7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი სასიკვდილოდ დაჭრეს. პრეზიდენტს საკუთარ რეზიდენციაში შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. დაიჭრა პირველი ლედიც. ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჟოზეფმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნება
თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ცნობილია, ძეგლის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. "ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა", - ნათვქამია საგარეო უწყების განცხადებაში.
Astrazeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოშია
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო Astrazeeca-ს ვაქცინის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. Astrazeeca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია. Astrazeeca-თი ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ. მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. Astrazeeca-ს ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია.ამასთან, ბოლო მტკიცებულებებით ოპტიმალური პერიოდი 8-12 კვირიანი (56-84 დღე) ინტერვალია. "Astrazeeca-ს ვაქცინაციის ცენტრები მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში შეირჩევა. ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქართველომ Astrazeeca-ს დამატებითი დოზები COVAX პლატფორმიდან მიიღო. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას", - ნათქვამია ჯანდაცის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს, ერთს კი ბრალი წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 ადამიანი დააკავეს და 1 ადამიანს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ბრალდებულმა, 1991 წელს დაბადებულმა რ.კ.-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. "ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა გ.ნ.-მ „იმედის“ ოპერატორს, ამავე დღეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. ბრალდებულმა - 1985 წელს დაბადებულმა თ.ბ.-მ, აქციის მიმდინარეობისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტოკორესპონდენტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ბრალდებულმა - 1984 წელს დაბადებულმა გ.კ.-მ ვაკეში, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კიდევ ერთ პირს - ც.ჩ.-ს ბრალი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე წარედგინა. რომელიც 8 ივლისს დაკავდა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტისა და ოპერატორისთვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ოლიმპიელებს და პარალიმპელებს წარმატებები უსურვა. „მინდა გაცნობოთ გადაწყვეტილების შესახებ: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონს ლარს მიიღებს“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს-სომხეთის საზღვართან, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე დებედაზე, ახალი, „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობთ, ახალი ხიდის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ჰანსენმა, ამავე ბანკის ერევნის ოფისის ხელმძღვანელმა დიმიტრი ღვინდაძემ და ორი ქვეყნის სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას, საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის EBRD-მა საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო. ხიდის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. ირაკლი ქარსელაძემ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა დაძლევა მოუწიათ მხარეებს პროექტის მომზადების ეტაპზე და სამშენებლო სამუშაოების აქტიურ ფაზაში გადასვლის გათვალისწინებით, იმედი გამოთქვა, რომ 2022 წლის მაისში ახალი ხიდი გახსნა იქნება შესაძლებელი. „რა თქმა უნდა, მასშტაბური პროექტი ყოველთვის სავსეა სირთულეებით და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ჩვენ მეზობელ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, კიდევ უფრო დასაფასებელია სომხური მხარის ძალისხმევა და წვლილი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. პოსტ-პანდემიურ პერიოდში მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღდგენა და ჩვენ ამისთვის ინფრასტრუქტურული კუთხით მნიშვნელოვან სამუშაოს ვასრულებთ, ვცდილობთ გზებზე გამტარობა და უსაფრთხოება იყოს შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველყოფილი,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ. მინისტრმა ხაზი გაუსვა 2019 წელს ქართულ-სომხური უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში განხილული და დასახული გეგმის მიმდინარეობას. ირაკლი ქარსელაძის თქმით, დაწყებულია რამდენიმე ახალი ხიდის მშენებლობა, გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე შემუშავებულია რუსთავი-ალგეთი-არაფლო-სადახლოს გზის 50 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაცია. „მეგობრობის ხიდის“ ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე კი - სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს - EBRD-ის კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს - საქართველო. სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, რომ მოხარულია პანდემიით და რეგიონში საომარი ვითარებით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლით. „ჩვენი ქვეყნებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სატვირთო გადაზიდვების განვითარება და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერა“,-განცხადა სურენ პაპიკიანმა. სადახლო-ბაგრატაშენის გამშვებ პუნქტთან მდებარე 1960-იან წლებში აშენებული ვიწრო ხიდი, რომელიც ამორტიზებულია, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შენარჩუნდება, გამაგრდება და ალტერნატიული გზის ფუნქციას შეასრულებს. რაც შეეხება ახალ, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების ხიდს, ექსპლუატაციაში მისი შესვლის შედეგად, შემცირდება გადაადგილების დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის. კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორის, კატერინა ჰანსენის თქმით, დიდია ამ პროექტის ეკონომიკური სარგებელი, რადგან კარგად ფუნციონირებადი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ხელს შეუწყობს ტურიზმის და შესაბამისად, ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. „განსაკუთრებით ახლა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წელი გავიდა საზღვრების ჩაკეტვიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. მოუთმენლად ველი საზღვრების გახსნას, რათა მოგვეცეს საშუალება, რომ ვიმოგზაუროთ როგორც სომხეთში, ისე საქართველოში. EBRD მხარს უჭერს ორივე ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მადლიერი ვართ მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. რა თქმა უნდა, მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისათვის არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, არამედ ნებისმიერი მიმართულებით, რომელიც ამ ორი ქვეყნის განვითარებას წაადგება,”- აღნიშნა კატერინა ჰანსენმა.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 364 ადამიანს დაუდასტურდა, 423 გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 376 200 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 358 227, გარდაიცვალა 5443 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 629 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 883 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 746 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 9 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.06 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.67 ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.07%. ინფიცირების 1 364 ახალი შემთხვევიდან 811 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 81, იმერეთი - 134, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 48, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 36, კახეთი - 83, მცხეთა-მთიანეთი - 43, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 12 504, საიდანაც 3 364 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 019, აჭარაში - 160, იმერეთში - 404. მძიმე პაციენტი: 694, მათ შორის, თბილისში - 366, აჭარაში - 40, იმერეთში -152. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 177, მათგან თბილისში - 128, აჭარაში - 4, იმერეთში - 10. 909 ადამიანი იმყოფება კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 700 - თბილისში, 204- აჭარაში. 8 231 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 77 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 63, ხოლო აჭარაში - 7. სულ 6 ოქტომბრიდან - 9 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 936 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 217 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 809, პირი, აჭარაში - 714, იმერეთში - 1 045.
პრეზიდენტი ოლიმპიელებს: საქართველოს სჭირდება აღიარება საერთაშორისო ასპარეზზე და ვიცი, რომ ამას კარგად შეძლებთ
"საქართველოს სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე სჭირდება აღიარება და ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეებს. როგორც პრეზიდენტმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სპორტი, ოლიმპიადა არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. "ჩემთვის ძალიან დიდი პატივი დღეს აქ ყოფნა და ის, რომ თქვენი ფორმა მაცვია, რადგან მე ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს ფორმა, რამდენი გამძლეობა, რამდენი შრომა, ვარჯიშში გატარებული რამდენი დღე დგას ამის უკან, რაც მომავალი გამარჯვების ნამდვილი საწინდარია. ჩვენ ძალიან რთული წელიწადნახევარი გავიარეთ. პანდემიის ეს წელი თქვენთვის ალბათ, კიდევ უფრო რთული იყო, რადგან თუ სპორტსმენისთვის არ შეიძლება შეჯიბრებაში მონაწილეობა და ასპარეზობა, ეს ძალიან მძიმეა და ძალიან აფერხებს იმ განვითარებას, რომელიც აუცილებელია სპორტში შემდეგი გამარჯვებისთვის. თქვენ ეს ყველაფერი განიცადეთ, თქვენ ამ ყველაფერს გაუძელით და დადგა ოლიმპიადის დღეები. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ბატონო ელჩო თქვენ ქვეყანას, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. ვიცით, რომ ძნელია, ვიცით, რომ ოლიმპიადას არ დაესწრებიან მაყურებლები და მხარდამჭერები. ძალიან რთულია, როცა ცარიელ სტადიონზე გამოდიხარ, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი მადლობა იაპონიას, რომ ეს შეძლო და ვიცით მთელს მსოფლიოში, თუ რამდენად რთული ამოცანა იყო და არის ეს. პანდემიის გარდა, ჩვენ გავიარეთ ასევე ძალიან რთული წელი და არა მხოლოდ წელი, არამედ წლები დაპირისპირებისა და თქვენ აქაც გაქვთ ძალიან გამორჩეული როლი, რადგან სპორტი, ოლიმპიადა, ეს არის გაერთიანების, ერთობის და მშვიდობის სიმბოლო. ჩვენ გვჭირდება ეს სიმბოლოები, ამ სიმბოლოების გაძლიერება და ჩვენ თქვენ გვჭირდებით. ამ ქვეყანას სჭირდება საზღვარგარეთ, საერთაშორისო ასპარეზზე თავისი ღირსების გამოჩენა, სჭირდება, რომ აღიარებული იყოს საქართველო და ესეც თქვენი მოვალეობაა, თქვენ გეკისრებათ და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ. თქვენ წარმოგვაჩენთ იქ, როგორც ვართ ამ ღირსებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. გუშინ ერთად ვხვდებოდით ავღანეთიდან დაბრუნებულ მეომრებს. ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ავღანეთში, ძალიან რთულ პირობებში და ღირსეულად ატარეს საქართველოს სახე. თქვენ სხვაგვარად ხართ ხვალ, ზეგ საქართველოს სახე. იქ, სადაც იქნებით, ყველას გისურვებთ წარმატებას, გამარჯვებას. უკვე ხართ გამარჯვებული და ჩვენც ვართ თქვენთან", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.