ძებნის რეზულტატი:

რუსული ოკუპაცია და მოქალაქეების უკანონო დაკავებები - გაეროში სხდომის დეტალები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ პლენარულ სესიაზე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში, საქართველოს განხილვის ანგარიში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ხათუნა თოთლაძე, რომელმაც შეაჯამა საქართველოს განხილვა. "მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოსთვის წარდგენილი 285 რეკომენდაციიდან საქართველო დაეთანხმა აბსოლუტურ უმრავლესობას 257 რეკომენდაციას. შედეგად საქართველომ არ მიიღო რეკომენდაციები რუსეთის ფედერაციისგან, რადგან ის პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის საქართველოს იმ სუვერენულ ტერიტორიებზე, რომელიც კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ქვეშ, როგორც ამის შესახებ გაცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაში. საქართველომ ასევე არ მიიღო რეკომენდაციები იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციას, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ კონტექსტში საქართველო გაემიჯნა 19 რეკომენდაციას. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა თავის სიტყვაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას და ამ კუთხით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს და მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე, ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი. პლენარულ სესიზე საქართველოს საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა, ასევე გაეროს სააგენტოებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მინისტრის მოადგილემ თავისი გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა საქართველოს განხილვაში ჩართულ ყველა მხარეს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი და უნიკალური მექანიზმი, რომელის ფარგლებშიც, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ.

დავით ზალკალიანმა ინდოელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს განახორციელებული ისტორიული ვიზიტისთვის, რომლის ფარგლებში საქართველოს მუდმივ მფლობელობაში გადაეცემა წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევანის წმინდა ნაწილი და გაიხსნება მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს პირველად ეწვია ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. "მინისტრმა ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას, პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის და ინდოეთის მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც ინდოეთში საქართველოს საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის დაბრუნების საქმეში, მათ შორის ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინდოეთის კულტურის სამინისტროსა და ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურს. დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა ის მნიშვნელოვანი მოვლენა რომელიც თან ახლავს ამ ვიზიტს: თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ ძეგლი ქართულ მხარეს საჩუქრად გადმოეცემა ინდური მხარის მიერ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკას და მათ მნიშვნელობას სხვადასხვა, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, განათლებისა და საკანონმდებლო სფეროებში. მათ ასევე ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის თანამშროლობა ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის და ინოვაციების სფეროებში. ამასთან, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. ინდოეთის საგარეო სამქეთა მინისტრი საქართველოს გუშინ ეწვია. მან საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა.

პოლონელმა ტურისტმა, რომელიც 5 ივლისს დაჭრეს, საავადმყოფო დატოვა

პოლონელი მოგზაური იაცეკ კოლანკიევიჩი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკიდან უკვე გაეწერა. ამის სესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის განცხადებით, პოლონელი ტურისტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სარეაბილიტაციო კურსს საქართველოში გაივლის. პოლონელი მოგზაური ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს 5 ივლისს დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელი იმდღესვე დააკავა. ”საქართველოში პირველად ჩამოვედი, მე Youtube-ზე არხი მაქვს და ბევრი რამის გადაღება მინდოდა, რომ პოლონეთში საქართველო მეჩვენებინა. შემდეგ ეს მოხდა. ვფიქრობ ის ერთი ადამიანი მთელ საქართველოს არ წარმოადგენს, ასეთ ერთ ადამიანს მსოფლიოში ყველგან იპოვი.ბევრი ადამიანი მიკავშირდებოდა, ეკითხებოდნენ ექიმს ჩემს მდგომარეობას და თანადგომას მიცხადებდნენ და ვფიქრობ სწორედ ეს ხალხია საქართველო. დღეს უკვე კარგად ვარ.“-აცხადებს პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი. ”ჩვენი პოლონელი სტუმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დადებითი. ბატონი იაცეკისთვის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რამდენიმე დღიან სარეაბილიტაციო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ ის შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამაზ იორაშვილმა.

კელი დეგნანი 5 ივლისის მოვლენებზე: იმედგაცრუებულები ვართ, ეს იყო ძალიან სევდიანი დღე საქართველოსთვის

აშშ-ის ელჩი საქართვეკლოში, კელი დეგნანი თბილისში, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის. "ეს იყო ძალიან სამწუხარო დღე. მოგეხსენებათ, რომ აშშ-მა მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი სამუშაო შეასრულა საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რომ გაეუმჯობესებინა მათი შესაძლებლობები მასობრივი შეკრებების მართვაში, ამიტომ იმედგაცრუებეულები ვართ, რომ ტრენინგებიდან მიღებული ცოდნა და აღჭურვილობა არ გამოიყენეს, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხალხის მასაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ძალადობა სურდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველების უმრავლესობა მხარს არ უჭერს ძალადობას არცერთ სიტუაციაში, მიუღებელია ძალადობა განსაკუთრებით კი, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ეს ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო. ამასთან დაკავშირებით, ბევრმა გააკეთა კომენტარი, თუ რაოდენ განსაცვიფრებელი იყო იმის ხილვა, რომ ქვეყანამ, რომელიც ზოგადად ცნობილია ადამიანის უფლებების, ღირებულებების დაცვით, ტოლერანტობით, გარკვეულწილად უკან გადადგა ნაბიჯი", - განაცხადა კელი დეგნანმა. აშშ-ის ელჩი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც 5 ივლისს გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ ძალადობას, დეგნანმა უპასუხა: "პრემიერ-მინისტრის მოვალეობაა, ითამაშოს წამყვანი როლი სიტუაციის განეიტრალებისა და აგრესიის დაგმობის საქმეში. იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ დღებში ასეთი ძლიერი როლი ვერ დავინახეთ".

რა საკითხები განიხილა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ინდოეთის პირველმა დიპლომატმა პრემიერთან

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროში. „მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, იღებენ განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც შეეხება როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს. დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საინვესტიციო გარემოზე, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე შევეხეთ კოვიდ 19-ის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყველა ქვეყანაში მძვინვარებს აღნიშნული პანდემია და ამ მიმართულებით თანამშრომლობა აუცილებელია. ასევე მინდა ბოლოს აღვნიშნო, რომ დღევანდელი ვიზიტი მჯერა იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი ძლიერი თანამშრომლობის და მეგობრობის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ისტორიულია. "დღევანდელი ვიზიტი არის ისტორიული. ეს გახლავთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონი მინისტრი უდიდესი მისიით ჩამობრძანდა დღეს თბილისში. ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს გადმოეცა მუდმივ მფლობელობაში, გოაში, წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, რომელიც ბატონმა მინისტრმა თავად ჩამოაბრძანა საქართველოში. მე მინდა, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით, გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონო მინისტრო, თქვენს პრემიერ-მინისტრს, თქვენს მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ფაქტი არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ. ჩვენ გვჯერა, რომ დღევანდელი დღე იქნება განმსაზღვრელი ჩვენი მომდევნო თანამშრომლობის, ჩვენი მეგობრობის ხალხებს შორის და მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ რომ საქართველო იმ ქვეყანათა რიგშია, რომელმაც 2018-2020 წლებში არაერთი ღონისძიებით აღნიშნა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, გენიალური მოაზროვნის, უდიდესი ფიგურის და საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის 150 წლისთავი. დღეს თბილისში გავხსნით მაჰათმა განდის ძეგლს, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი პატივისცემისა და მეგობრობისა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი გახარია: 3 წლის განმავლობაში მოვახერხე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო, ცემა-ტყეპა არ მომხდარა, ჟურნალისტების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ მდგარა

3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, - ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მან 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. „მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერი-მინისტრიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად. მაგრამ, სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, არ მომხდარა, ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 35 სპორტსმენი წარადგენს

ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტის 11 სახეობაში, საქართველოს 35 სპორტსმენი წარადგენს. საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპური დელეგაციების ფიცის დადების და ტოკიოს ოლიმპიადაზე გაცილების ცერემონიალი,თბილისის ოლიმპიურ პარკში გაიმართა. ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ორი მედროშე ეყოლება - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ: 1. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) 2. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 74 კგ.) 3. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ.) 4. გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ.) 5. რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.) 6. ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) 7. გიორგი მელია (ბერძნულრომაული ჭიდაობა, 97 კგ.) 8. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 130 კგ.) 9. სახილ ალახვერდოვი (კრივი, 52 კგ.) 10. სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა, ხმალი) 11. ესკერხან მადიევი (კრივი, 69 კგ.) 12. გიორგი ხარაბაძე (კრივი, 75 კგ.) 13. ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, +109 კგ.) 14.ანტონ პლესნოი (ძალოსნობა, 96 კგ.) 15. შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.) 16. გოგა ჩხეიძე (ძალოსნობა, 67 კგ.) 17. გოგიტა არქანია (კარატე, კუმიტე +75 კგ.) 18. მარიამ იმნაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი) 19. დავით აბესაძე (ცურვა, 100 მ. თავისუფალი სტილი) 20. ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი) 21. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ძიუდო, 52 კგ.) 22. ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო, 57 კგ.) 23. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, 60 კგ.) 24.ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო, 66 კგ.) 25. ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ.) 26. ტატო გრიგალაშვილი (ძიუდო, 81 კგ.) 27. ლაშა ბექაური (ძიუდო, 90 კგ.) 28. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო, 100 კგ.) 29. გურამ თუშიშვილი (ძიუდო, +100 კგ.) 3. 0სალომე ფაჟავა (მხატვრული ტანვარჯიში) 31. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, სამხტომი) 32. გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) 33. სოფიკო შათირიშვილი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) 34. ბაჩანა ხორავა (მძლეოსნობა, სიგრძეზე ხტომა) 35. ბენიკ აბრამიანი (მძლეოსნობა, ბირთვის კვრა) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სპორტსმენები, რომლებიც ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდებიან და ოქროს მედალს მოიპოვებენ, მილიონი ლარით დასაჩუქრდებიან.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით

დიდი ინდური ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში ჰიდროელექტროენერგიის, მადნეულის სფეროში, სოფლის მეურნეობაში და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით. „დიდი ინდური ინვესტიციები ხორციელდება საქართველოში. ჰიდროელექტრიენრგიის, მადნეულის სფეროსი. სოფლის მეურნეობაშიც არის დაინტერესება ინდოელი ინვესტიციების მხრიდან და ეს ყველაფერი თქვენი ძალისხმევის პასუხად ხდება. საქართველოში იოლია ბიზნესის კეთება. ამისთვის მადლობას გიხდით დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი კეთილგანწყობა არსებობს ინდოეთში. ინდოეთიდან ბიზნესწრეები უფრო და უფრო არიან დაინტერესებულნი საქართველოში კაპიტალდაბანდებით და მოუთმენლად ველით საქართველოში ვაჭრობის განვითარებასაც. ინდოეთში ჩვენ დღეს ახალი პროექტები და სქემები გვაქვს შემუშავებული, იმისათვის, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად წახალისდეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მოქმედი მეწარმეები, რომლებიც აზიის მიმართულებით აპირებენ გაფართოებას, ამ სქემებში ჩაერთვებიან. მადლიერნი ვართ იმ თანმიმდევრული მხარდაჭერისა, რომელიც გაეროს, საერთაშორისო, მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში გვაქვს საქართველოს მხრიდან. ჩვენ კარგი დისკუსია გვქონდა რეგიონული საკითხების შესახებ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება დღეს - ჩვენი ეროვნული ლიდერის ძეგლის გახსნა თბილისში, ეს ძალიან დიდი მადლიერების საფუძველს გვაძლევს, მიგვაჩნია, რომ ეს არის კულმინაცია იმ თანამშრომლობის და მეგობრობისა, რომელიც თქვენთან გვაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ამბიციური გეგმა გვქონდეს სამომავლო ურთიერთობებში. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას პრემიერ-მინისტრო, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან და მისი სახელით ვაცხადებთ, რომ ძალიან დიდი პატივია, რომ თქვენთან ვიყოთ ასოცირებულნი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის, თქვენი საზოგადებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. „მიმაჩნია, რომ ბევრი რამით შეგვიძლია ვიყოთ კმაყოფილნი, ბევრი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოში ინდოეთიდან. 8 000 სტუდენტი სწავლობს საქართველოში ინდოეთიდან და 50 000 ტურისტი ჩამოდის საქართველოში. მე ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ცნობილი ფილმებიც საქართველოში გადაღებულა. თუმცა, ჩვენ შევთანხმდით, რომ იმ წინსვლისთვის, რაც გაკეთდა საქართველოსა და ინდოეთს შორის, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რომ შენარჩუნდეს ეს დინამიკა და ორ მთავრობას შორის ძალიან აქცენტირებული თანამშრომლობა შედგეს. ამას მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობით“, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაკავშირებადობის საკითხებს. „დღეს, ამ მცნებას, დაკავშირებადობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აკისრია იმისთვის, რომ გაძლიერდეს და უფრო მდგრადი გახდეს ქვეყნები საერთაშორისო გადაზიდვების, იქნება ეს საზღვაო, სახმელეთო, თუ საჰაერო გადაზიდვების კუთხით და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. ჩვენ მოწადინებულები ვართ, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით დავაჩქაროთ ჩვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 220 მილიონზე მეტია, 333 მილიონიანი აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა. თუმცა ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, მალე ბრაზილია შეერთებულ შტატებსაც გადაასწრებს. როგორც BBC წერს, ასეთი პროგნოზის საფუძველს მათ აძლევთ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარება, რომლის გაუარესებაშიც პრეზიდენტ ბოლსონარუს არაერთხელ დასდეს ბრალი როგორც ოპოზიციონერებმა, ასევე ვაქცინაციის მოლოდინში მყოფმა მოსახლეობამ. უფრო მეტიც, სენატში გამართული მოსმენებისას გაირკვა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა Pfizer-ისგან ელექტრონულ ფოსტაზე მისულ ასზე მეტ წერილს არ უპასუხეს. სენატში საგამოძიებო მოსმენებზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, Pfizer-ის წარმომადგენელმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიის მთავრობა ვაქცინის შესყიდვას თვეების განმავლობაში ბლოკავდა და კომპანიის თხოვნას უპასუხოდ ტოვებდა. კიდევ ერთი მოწმე კი ჰყვება, რომ პრეზიდენტმა ბოლსონარუმ პირადადა დახუჭა თვალი ინდოეთიდან კოვიდვაქცინის შეძენაზე. ამ გამოძიებას ოპოზიციონერი სენატორი ომარ აზიზი უძღვება, რომლის ძმაც ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი თქმით, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელსაც მეცნიერების არ სჯერა და იმუნიტეტის გამომუშავების იმედად არის დარჩენილი. პანდემიის დასაწყისიდანვე ბრაზილიის ლიდერი Covid19-ს არასერიოზულად აღიქვამდა და მას "მცირე გრიპს" უწოდებდა. გასულ წელს ვირუსზე სიკვდილიანობის შესახებ დასმულ კითხვას მან ასე უპასუხა: "ეს შეკითხვა მათთვისაა, ვინც საფლავს თხრის". ცნობისათვის, ბრაზილიაში სრულად 14,7 პროცენტია ვაქცინირებული. სპეციალისტების შეფასებით, რომ არა დაგვიანებული ვაქცინაცია, გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი მაღალი არ იქნებოდა.

„თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევაში ბრალდებულ 3 მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის დაკავებულ სამ მოქალაქეს, ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილსა და გიორგი ელისბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე დაკავებულების 2000 და 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ სიხარულიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ამავე თემაზე: შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

ჯანმო დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, ჩინური ვაქცინით აცრილი ტურისტები მიიღონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, COVID19-ის ყველა ვაქცინა, რომელიც დამტკიცებულია გადაუდებელი გამოყენებისათვის, უნდა აღიარონ ქვეყნებმა, რომლებიც საზღვრებს ვაქცინირებული ტურისტებისთვის ხსნიან. ამერიკული მედია წერს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება იმ ქვეყნების სია გააფართოოს, რომელთათვისაც ჩინური ვაქცინა მისაღები გახდება და რომელიც გაეროს ჯანმრთელობის სააგენტომ აღიარა, თუმცა ჩრდილოთ ამერიკის და ევროპის ბევრმა ქვეყანამ - არა. ევროპაში მოგზაურობის აღდგენის მიზნით, ევროკავშირმა მაისში განაცხადა, რომ ვაქცინირებულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს, თუ ისინი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ლიცენზირებულ პრეპარატს მიიღებენ, თუმცა ეს ცალკეულ ქვეყნებზეა დამოკიდებული, თუ მათ სურთ, შეუშვან მოგზაურები, რომლებიც გაიკეთებენ სხვა ვაქცინებს, მათ შორის რუსულ Sputnik V - ს. ევროკავშირის წამლის რეგულატორი განიხილავს ჩინური Sinovac-ის ვაქცინის ლიცენზირების საკითხს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ვადები ჯერ არ არის ცნობილი. ის ასევე არ ცნობს AstraZeneca- ს ვაქცინის ინდოეთში დამზადებულ ვერსიებს. ჯანმოს განცხადებით, ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრის ვაქცინებისადმი ნდობას, რომლებიც უკვე აღმოჩნდა უსაფრთხო და ეფექტური“. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ ორი ჩინურ ვაქცინაზე დასკვნაში აღნიშნა, რომ Sinopharm-ი და Sinovac-ი მნიშვნელოვნად ამცირებენ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს. ცნობისთვის, ჯანმომ ჩინური Sinovac-ის ვაქცინას საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. ჯანმომ ჩინური Sinopharm-ის ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით, 10-დან 12 ივლისის ჩათვლით ვერ მოემსახურება. ამის შესაებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საბაგიროს მგზავრთა მომსახურებას 13 ივლისს, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. "თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში ღამის კლუბი ვაქცინირებულებისთვის გაიხსნა

ღამის ცხოვრების მოყვარულებს საფრანგეთში, ისევ შეუძლიათ, ყოველ პარასკევს შეიკრიბნონ ღამის კლუბში, თუ ისინი ვაქცინირებულები იქნებიან. ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი სხვა ქვეყნების მსგავსად, საფრანგეთშიც დომინანტური ხდება. კლუბში შემსვლელებმა ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კოვიდზე ნეგატიური ტესტი უნდა წარმოადგინონ. ვაქცინაციის კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე, ჯანდაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა წყვილის ფოტო წარწერით: "დიახ, ვაქცინაციას შეიძლება, ჰქონდეს სასურველი გვერდითი მოვლენები". ამ ფოტოზე კოცნაა ასახული. ცნობისათვის, საფრანგეთში სრულად ვაქცინირებულია 36,37%.

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

თბილისში, ვარკეთილში, ალექსიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რაც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, საქართველოს საჩუქრად გადმოეცა ინდოეთის მხრიდან. ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოში მაჰათმა განდის ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კაკაბაძე. „დღეს ღირსშესანიშნავი დღეა საქართველოსა და ინდოეთის ურთიერთობების ისტორიაში. საქართველოში ვმასპინძლობთ ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მასთან ერთად გავხსნა ინდოელი ხალხის სულიერი ლიდერის, დამოუკიდებელი ინდოეთის ფუძემდებლის და მსოფლიოში აღიარებული უდიდესი ჰუმანისტისა და პოლიტიკური მოღვაწის მაჰათმა განდის ძეგლი თბილისში“ - თქვა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს, განდის ღირებულებები და ფილოსოფია, ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც ეს წინა ათწლეულების განმავლობაში იყო, რადგანაც საერთაშორისო ცივილიზებულო საზოგადოების დღის წესრიგში კვლავ არის ძალადობასთან, რადიკალიზმთან, რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ასეთ ვითარებაში, უაღრესად აქტუალური დატვირთვას იძენს მაჰათმა განდის მშვიდობისა და ძალადობის არგანხორციელების იდეოლოგიის გლობალიზაცია. „მოხარული ვარ, რომ დღევანდელი დღე მეტად დატვირთული აღმოჩნდა სასიამოვნო ფაქტებით. დღეს ქართველი ხალხისთვის ისტორიული და უაღრესად სულიერი მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი გავხდით – ბატონმა მინისტრმა ინდოეთიდან საქართველოში ჩამოაბრძანა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II–ს პირადად გადასცა გოაში წმ. ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმ. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების ერთი ფრაგმენტი.“ - განაცხადა მინისტრმა ზალკალიანმა. დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას, თუ პიროვნებას, ვინც ჩართული იყო დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის გადმოცემის პროცესში ინდოეთისა და საქართველოს მხრიდან. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა მადლიერება ინდოეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის, ნარენდრა მოდის მიმართებით, ინდოეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებისათვის. „ეს ფაქტი, ისევე როგორც მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გულითად და ისტორიულად მეგობრულ ხასიათს“ - თქვა დავით ზალკალიანმა.

სალომე ზურაბიშვილმა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ბორდერიზაციის საკითხი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის პირველია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. უწყების ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინდოეთის მთავრობას ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების გამო მიღებული გადაწყვეტილებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ძალიან სიმბოლური და უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. "საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის როლი ამ ვიზიტის მომზადებასა და ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანების საკითხში. მომავალ წელს საქართველო და ინდოეთი დიპლომატიური ურთეირთობების 30 წელს აღნიშნავენ. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ თარიღისთვის საქართველოსა და ინდოეთში გაიმართოს ჩვენი ქვეყნების კვირეული. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღმავების საკითხები ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა - ვაჭრობა, ინფრასტრუქტურურა, ენერგეტიკა. ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით აღინიშნა საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, კორონავირუსის პანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოსა და ინდოეთს აქვთ შესაძლებლობა გააღრმაონ თანამშრომლობა მედიცინის, ჯანდაცვისა და ფარმაციის სფეროში. საუბარი შეეხო, როგორც რეგიონში შექმნილ ვითარებას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ბორდერიზაციას, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევებსა და გატაცებებს", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო

დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტი სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოში ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოაბრძანეს. „დღევანდელი დღეს მრავალმხრივ სიმბოლურია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში ეკლესიისთვის და მოსახლეობისთვის. დიდმოწამე ქეთევანის ნაწილების სამუდამო დაბრუნება საქართველოში მნიშვნელოვანია იმით, რომ მასთან ერთად შემოდის ბევრი სიმბოლო. ერთი, ეს არის ქალი და ქალის ქალის წამების ყველაზე სასტიკი მაგალითი, რომელიც მოჰყვება მთელ ჩვენს ისტორიას. მეორე მხრივ, მოთმინებისა და გამძლეობის მაგალითია, რაც ასევე ახასიათებს საქართველოს ისტორიას დღემდე. მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ, ეს არის შემწყნარებლობის სიმბოლო. წმინდა ნაწილები შენახული იყო კათოლიკე მისიონერების მიერ და რომ არა ისინი, ალბათ სამუდამოდ დაიკარგებოდა და დაგვიბრუნდა ინდოეთის მთავრობისა და მოსახლეობისგან საჩუქრად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

პროკურატურამ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 მოქალაქეს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 4 მოქალაქეს წარუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. „საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს - რ.კ.-ს, გ.კ.-ს, თ.ბ.-ს და გ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. სამართალდამცველებმა რ.კ., გ.კ., თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი. „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დღეს კიდევ 4 ადამიანი დააკავეს, ერთს კი ბრალი წარედგინა. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

დომინიკ რააბი: ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ, ჩვენ ისინი უნდა დავიცვათ

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა საქართველოში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაგმო. "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოში ათობით ჟურნალისტს თავს დაესხნენ. ხოლო ამსტერდამში პიტერ ვრაისი დაჭრეს თავისი სამუშაოს შესრულების გამო. თავისუფალი მედია ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესანარჩუნებლად. ჟურნალისტები ჩვენს თავისუფლებას იცავენ, ჩვენ უნდა დავიცვათ მათი თავისუფლება", - წერს დომინიკ რააბი Twitter-ზე. თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს: “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „მაგთიკომის“ კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების განცხადებით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს “მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა. "აღნიშნული შეტევით პროლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილურ ინტერნეტებს გამართულად ფუნქციონირებას. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე მაიმუნი ყუმბარით ისე როგორც არასდროს, დღეს ყველაზე მეტად გამიჭირდა შემერჩია ბაბლის თემა, დამეწყო საკუთარი აზრები და გადმომეცა ემოცია. დღეს თბილისის ქუჩებში დასეირნობს სხეულის მკვლელი პანდემია, სახელმწიფოს მკვლელი ოხლოკრატია, გონების მკვლელი კრიტიკული აზრის ნაკლებობა და სულის მკვლელი ფანატიზმი. რომელ მათგანზე ვიმსჯელო, რომელ მკვლელზე? შევუერთდე სიკვდილის აპოლოგეტებს, თუ კასრში დავიმალო თავის გადასარჩენად, თუ ოხლოკრატიას შევასკდე მკერდით და გმირულად დავიღუპო, თუ ბრბოს შევუერთდე და ვისიამოვნო უმართავი ინსტინქტების ადრენალინით? საერთაშორისო ინდექსებში ბოლოდან მეხუთე ადგილი (200-ზე მეტ ქვეყანას შორის!!!) მოგვანიჭეს საშუალო განათლების ხარისხის მიხედვით. ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო გულწრფელად აღშფოთდა - ნუთუ ასეთი გაუნათლებლები ვართ? იქნებ უსამართლოა ასეთი შეფასება? ყველა კვლევის შედეგი დამოკიდებულია იმ კრიტერიუმზე, რა კრიტერიუმსაც შეარჩევ საზომ ერთეულად. განათლების ხარისხის საზომ ერთეულად კარგა ხანია ითვლება მოვლენების კრიტიკული ანალიზის უნარი და არა ფაქტობრივი მონაცემების დასწავლა-დაზუთხვა ან მოვლენების აკვიატებული, იდეოლოგიური ანალიზი. ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს შესაძლოა ვასწავლით კარგ ლექსებს ზეპირად, მაგრამ ვერ ვასწავლით იმსჯელონ ლექსის ძირითად სათქმელზე, ან თავად ვაწვდით მზა რეცეპტებს მის გასაგებად... ბავშვებს ვერ ვასწავლით ფაქტების კომპლექსურ თანმიმდევრობაში დაინახოს მთავარი ტენდენცია და ეს ტენდენცია დაუკავშიროს სხვა მოვლენებს კონტექსტში. რამ გამახსენა ქართული განათლების სისტემა, რომელსაც მთელი შეგნებული ცხოვრებაა ვემსახურები და რომლის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი პრეტენზია პირადად მეხება? რასაკვირველია, ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა. რა არის თქვენთვის მთავარი ამბავი, რაც ამ დღეებში მოხდა? ჩემთვის მთავარი ამბავია ქართული რეალობისთვის სრულიად უპრეცედენტო მოვლენა - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვა. თბილისის ცენტრში განვითარებულ ცნობილ მოვლენებს ასე დავაწყობდი პრიორიტეტების მიხედვით: რადიკალური ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ დაწვეს ევროკავშირის დროშა და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; რადიკალური ჯგუფის წევრები მოგვიწოდებდნენ ჩაგვედინა სისხლის სამართლის დანაშაული რწმენის და პატრიოტიზმის სახელით და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა მოეხდინა რეაგირება; რადიკალური ჯგუფის წევრებმა იერიში მიიტანეს უკლებლივ ყველა ჟურნალისტზე (სამთავრობო ან ნეიტრალური პოზიციით გამორჩეული მაუწყებლობების ჩათლით) და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; რადიკალური ჯგუფის ერთმა წევრმა გულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ტურისტს გრძელი თმების გამო, სხვა წევრები საცემრად დასდევდნენ შემთხვევით ადამიანებს (მათ შორის არასრულწლოვან ახალგაზრდებს) მოვლენების ეპიცენტრიდან დაშორებულ ქუჩებზე ფერადი ჩაცმულობის გამო და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებს, არ გარისკონ საქართველოში ჩამოსვლა, სადაც გარეგნობის და ჩაცმულობის გამო შესაძლოა ვინმე თავს დაესხას - სახელმწიფოს რომც სურდეს, ვერ მოახერხებს ამგვარი მოწოდების შედეგების აღკვეთას... ჩემს პრიორიტეტებში ვერ მოხვდა მსჯელობა სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ. ალბათ ფიქრობთ, რომ გავურბივარ „არამომგებიან“ თემებს, ან რაღაც „შუაშისტური“ გამოსავლის პოვნა გადავწყვიტე... არამც და არამც, ყველა იმ ამბავში რაც ჩამოვთვალე, სექსუალური უმცირესობების საკითხი არ არის მთავარი, ეს მხოლოდ ამბის ემოციური ნაწილია, ემოცია კი იარაღია რადიკალების ხელში მიაღწიონ თავის კონკრეტულ მიზნებს. ემოცია ცუდი მრჩეველია და თუ საკუთარ აზროვნებას სათვალესავით ავაფარებთ, ვერასდროს ჩავწვდებით მოვლენების მთავარ აზრს. ყველას აქვს უფლება არ მოსწონდეს და თუნდაც ეზიზღებოდეს რომელიმე უმცირესობა, მოაწყოს მის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენი რაც ჩამოვთვალე, კრიმინალი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია... ქართველებს ხშირად გვეუბნებიან, ემოციური ხალხი ხართო - როდესაც მტერი გვეუბნება, ქვეტექსტად აღვიქვამ, რომ ჩვენს ემოციურობას აუცილებლად გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის; როდესაც მეგობრები გვეუბნებიან იგივეს, ქვეტექსტად აღვიქვამ, რომ ვერ შევძლებთ ავაშენოთ სახელმწიფო, რაციო არ გვაქვს... არის ასეთი სლენგი პოლიტიკის მეცნიერებებში პოლიტიკური უმწიფრობის გამოსახატავად - „მაიმუნი ყუმბარით“... *** რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც ასე მარტივად მოახერხა ადამიანების ემოციებით მანიპულირება, ფინანსდება და იმართება იმ მტრული სახელმწიფოდან, რომელთანაც კვლავ მიმდინარე (მიმდინარე!) ომში ვართ ჩაბმული - შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მისი სამხედრო ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებას ოკუპაციად ვაფასებთ. ვისაც ჯერ კიდევ არ გჯერათ, გადაამოწმეთ მეზობელი დიდი ქვეყნის დიდი იდეოლოგის ღია ფეისბუქი, სადაც უწყვეტი ტრანსლირება მიდიოდა თბილისის ამბების, სადაც გაისმა სიხარულის ყიჟინა, რომ როგორც იქნა „მისმა ბიჭებმა“ დაწვეს ევროკავშირის დროშა... მეორე დღეს დიდი ქვეყნის დიდმა იდეოლოგმა მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ფული შეაგროვონ „ემოციური ქართველების“ მიმდინარე ხარჯებისთვის... დიდი ქვეყნის დიდმა მედიებმა გადაცემები მიუძღვნეს თბილისის ამბებს ღია ტექსტებით, რომ როგორც იქნა ასწავლეს მაიმუნებს ყუმბარის გამოყენება... როგორი პატივია მაიმუნებისთვის - დიდი ქვეყნის დიდი ბელადები ფულს აგროვებენ მათთვის ყუმბარების შესაძენად... *** ისინი თავს ჩვენზე ჭკვიანებად თვლიან - ისინი ჭკვიანები არიან, ჩვენ ემოციურები... ისინი საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან, ჩვენ მათი სახელმწიფოს ინტერესებს...