ძებნის რეზულტატი:

ელჩი კელი დეგნანი: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს ქვეყნის ხელმძღვანელად

„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურს, ქვეყნის ხელმძღვანელად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოვლენები განვითარდეს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში. კელი დეგნანის თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის. „სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, რათა მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის არის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის უფლება მშვიდობიან გარემოში. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მომავალში იქნება დაფასებული, რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

წულუკიანი ჟურნალისტს: შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით

,,შეწყვიტეთ ჩემი და ამ ქვეყნის დიდი უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, რადგან ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ორიენტაციას - ესაა ევროატლანტიკური ორიენტაცია", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თქვენ, ყოველთვის იმ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია, ჩემთვის სამწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის. თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით, ამით დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს. ამიტომ შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით", - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანი: მთავრობის იმ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა თქვა,ის რაც ყველა ლიდერს უნდა ეთქვა

თეა წულუკიანი გარდაცვლილ ოპერატორზე: დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით

,,პოლიტიკური ძალები იყენებენ ამ უბედური ადამიანის უბედურებას. შესაბამისად, დაელოდეთ ექსპერტიზის დასკვნას და წინასწარ ნუ აცხადებთ იმას, რაც არ იცით", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე ერთადერთი ადამიანის გამო ვიკავებ დღეს თავს, რომ ვისაუბრო ამ უბედურ შემთხვევაზე უფრო კონკრეტულად - ეს გახლავთ ის დედა, რომელიც თავთან უზის თავის მიცვალებულ შვილს. აი იმ ადამიანის გამო ვიკავებ თავს და უბრალოდ გკითხავთ, რაკი ხართ ასე აღელვებული, თქვენ არ იცით რა მოხდა? მაშინ დაველოდოთ ექსპერტიზას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა ვერ იწყება

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დააწყება ვერ ხერხდება. მიზეზი დაპირისპირებაა. მედიის წარმომადგენლები პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველები მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც ადგილზე შეკრებილები აცხადებდნენ, აქვთ საშვები, თუმცა პოლიციელები არ უშვებენ. საბოლოოდ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს დაგეგმილი სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი ამ დროისთვის ოპოზიციონერებს უკავიათ. წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტი მესამე მოსმენით ე.წ. სამშენებლო ამნისტიას მიიღებს. გარდა ამისა, დეპუტატები პარლამენტის ეთიკის კოდექსში ცვლილებაზე იმსჯელებენ, რომლის მიხედვით, ეთიკის საბჭოს შემადგენლობაში არა მარტო ფრაქციების, არამედ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უნდა გაერთიანდნენ. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან დადგენილების პროექტს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შესახებ. დადგენილების პროექტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე წარადგენს.

თეა წულუკიანი: ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება, გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ

,,ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნას ვინმეს მიერ შესმენილი და არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა", – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და ყველა დამნაშავე უნდა იქნას დაკავებული. „იქ, სადაც ხდება თავდასხმა ადამიანზე, იქნება ეს ჟურნალისტი თუ სხვა, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად უნდა ჩატარდეს და რა თქმა უნდა, ყველა დამნაშავე, რომელიც თავს დაესხა ჟურნალისტს, ოპერატორს, იქ მყოფ ნებისმიერ სხვა ადამიანს, უნდა იქნას დაკავებული. ჩვენ ვნახეთ ბევრი დაკავება, არაერთი აღკვეთის ღონისძიება, რა თქმა უნდა, თუკი არიან სხვებიც, ვინც ჯერ რ არის დაკავებული, ისინიც უნდა იქნან დაკავებულები და გამოძიებამ უნდა დააყენოს შედეგი, რადგან ძალადობით ეს ქვეყანა არსად წავა. ასევე, თუ მედია, პოლიტიკური პარტიები არ მოუსმენენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა არსად არ წავა. ღარიბაშვილი არ გადადგება, გომელაური არ გადადგება. თქვენ გყავთ ის მთავრობა, რომელიც გყავთ და მეტი მოუსმინეთ მთავრობას, რაც არ უნდა გეზიზღებოდეთ ის, რადგან მთავრობის მეთაური რომ ამბობს, რომ შეიძლება იყოს სირთულეები, რომ ორი ამ დონის ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა გააშორიშოროს, ეს უნდა იქნას ვინმეს მიერ შესმენილი და ჩვენ არ გავწიროთ ის ლგბტ თემი, რომელიც ზოგიერთმა უსინდისო ძალამ საკუთარი ინტერესისთვის გამოიყენა. ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში არავინ ერჩის, მაგრამ მათ აქვთ გამოწვევები, მათი უფლებების დაცვა საჭიროა, განსხვავებული ადამიანი ჩვენ არ უნდა გვძულდეს და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ თქვენი ვალდებულებაა, ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში ტემპერატურის დაგდებას და მანამდე, სანამ გამოძიება და ექსპერტიზა თავის სიტყვას იტყვის, არ იძახოთ, რომ თურმე ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ეს სირცხვილია. სირცხვილია ასევე იმის თქმა, რომ თურმე ილია მეორე უნდა ჩავსვათ ციხეში. თქვენ გაქვთ ვალდებულება, რომ რეალობა მიაწოდოთ საზოგადობას და ხელი შეუწყოთ საზოგადოებაში განსხვავებულ ინფორმაციებს შორის ბალანსს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კახა კუჭავა: ერი, ბერი ყველა თანასწორია კანონის წინაშე

ძალადობის წახალისება არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „ეს არის ტრაგიკული განვითარება იმ მოვლენების, რომლებიც 5 ივლისს დაიწყო და რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს, სამწუხაროდ, ხშირად მოგვიწევს განმეორება იმ შავი ლაქის შესახებ, რომელიც ჩვენს ისტორიას დარჩა 5 ივლისის შემდეგ - ძალადობა ოპერატორებზე, ჟურნალისტებზე, ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ, ჯგუფურად იძალადეს. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველაფერი კამერაზეა ასახული, ვერავინ გაექცევა მართლმსაჯულებას. ერი, ბერი, ყველა თანასწორია კანონის წინაშე. სამწუხაროდ ვისმენდით ძალადობის წახალისება, რომელიც არ შეიძლება დარჩეს რეაგირების გარეშე და ამისთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საგამოძიებო უწყებების საკმაოდ გახსნილი გამოძიების ჩატარება, არამედ პარლამენტის მხრიდანაც მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს. ჩვენ აქ, ყველას სრული ბერკეტები გვაქვს, რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი 5-6 ივლისის მოვლენებზე: პოლიციამ შეუძლებელი შეძლო

სახელმწიფოს რა ვალდებულებებიც ჰქონდა, პოლიციამ შეძლო, მე ვფიქრობ, შეუძლებელი, როდესაც თავისი ძალებით დაიცვა არაერთი მოქალაქე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, ლგბტ თემს, ალბათ ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ პრემიერის მოწოდება გაეზიარებინა, მაგრამ ამ მოვლენების უკან დგას ბინძური პოლიტიკური ძალები. „მეც ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს, ვინც, პოლიცია რომ არ გადაფარებოდა, ალბათ სავალალო შედეგით დასრულდებოდა და მადლობა მათ ამისთვის. იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, სადაც პოლიცია, უბრალოდ, ვერ გაწვდა ძალადობის იმ მასშტაბს, რაც იყო. ამიტომ გააკეთა 5 ივლისს პრემიერმა განცხადება იმისკენ, რომ თავი შეეკავებინათ რუსთაველის გამზირზე აღლუმისგან. თუმცა, მე, ჩემი აზრით, ვიცნობ რა, ადამიანის უფლებების სამართალს და ამ სფეროს, ვფიქრობ ძალიან კარგად, მაქვს ეჭვი, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხებოდა, ლგბტ თემს, ალბათ ჰქონდა კიდეც სურვილი, რომ პრემიერის ეს მოწოდება, პოლიციასთან ისინი თანამშრომლობენ, როდესაც ადგილს არჩევენ ხოლმე უსაფრთხოს, გაეზიარებინა, მაგრამ მათ უკან, ამ მოვლენების უკან დგანან ის ბინძური პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ზოგიერთი ტელეარხიც კარგად უფითილებს, ეს გწყინთ, მაგრამ ეს რეალობაა და მოხდა ის, რაც მოხდა. ამიტომაც მოვუწოდებ ყველას სიმშვიდისკენ. ამიტომაც, თქვენ, მედიას მოგიწოდებთ რეალობის გაშუქებისკენ“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. მისივე განცხადებით, იმის ძახილი, რომ ოპერატორი მოკლა მთავრობამ, არის სირცხვილი. „მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ იმის ძახილი, რომ თქვენი კოლეგა ოპერატორი მოკლა მთავრობამ. ამის თქმა არის სირცხვილი. ამიტომაც მოგიწოდებთ, იმ გაუგონარი მოწოდებების ტირაჟირების ნაცვლად, რომ თურმე ილია მეორე უნდა ჩაჯდეს ციხეში, ამის ნაცვლად დავკავდეთ რეალური ინფორმაციის ტირაჟირებით. ჩვენს ქვეყანაში, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ მთავრობამ დაიცვას ყველას უფლება, მაგრამ ამაში, მთავრობას, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა სჭირდება და პირველ რიგში, მედიის მხრიდან, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ერთად და შევქმნათ ის საზოგადოება, რომელიც ქვეყნის ჯანჯღარისა და ჩამოქცევისკენ კი არ არის მოწოდებული, არამედ მოწოდებულია იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში, ყველას, უმრავლესობას, უმცირესობას, ნებისმიერი ნიშნით, ჰქონდეს თავისი სრულფასოვანი განვითარების საშუალება. სწორედ ეს ხელისუფლებაა, ვინც ჩვენს ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და არაერთი რეფორმა გაატარა იმისთვის, რომ დაუცველი ჯგუფები, იქნებოდა ეს ქალი, ბავშვი, თუ გენდერული ნიშნით სხვადასხვა ჯგუფი, ყოფილიყვნენ უფრო მეტად დაცულები. ამიტომ, დავანებოთ სახელმწიფოს და მთავრობის ჩამოქცევის მცდელობებს თავი, იმიტომ, რომ ეს მცდელობები დამთავრდება უშედეგოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რიკოთის გვირაბში რამდენიმე დღით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 12,13,14,15 და 16 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, დაგეგმილია და მიმდინარეობს სამუშაოები, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში გვირაბში აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თუმცა, გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, 2021 წლის 13 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, გვირაბში მოძრაობა არ ჩაიკეტება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა გადაიწევს ერთი დღით და განხორციელდება 14, 15, 16 და 17 ივლისს 00:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კახა კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ სალომე სამადაშვილის განცხადებას ევროკავშირის დროშის დახევასთან დაკავშირებით. კახა კუჭავას თქმით, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული. "დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას, რეაგირებაც შესაბამისი იყო და მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა... არავინ არ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ვაგებინოთ პასუხი, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, საჭიროა, რომ შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ნორმა ჩვენი ევროატლანტიკური გზისა", - განაცხადა კახა კუჭავამ. 7 ივლისს, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა რამდენჯერმე ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო აღმართული. კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა

პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა

პარლამენტმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა. დადგენილების პროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა 79 დეპუტატმა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განმარტებით, მასალები საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს, რაც დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოესწრებოდა. „სხადასხვა უწყებებიდან საკმაოდ დიდი ინფორმაცია იქნა გამოთხოვილი და ვითვალისწინებთ, რომ გადათვლის პროცესის, აგრეთვე გასაუბრებების შედეგად ორმოცამდე ადამიანთან საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა, ეს მასალა საჭიროებს საკმაოდ საფუძვლიან დამუშავებას. დიდი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა გარკვეული ნაწილი არის დარჩენილი. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის დადგენილებით, ამ კომისიის მანდატი მიმდინარე კვირაში, 17 ივლისს იწურება, შეუძლებელია, ამ პერიოდში მოხდეს ამ მასალის სრულფასოვნად დამუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა. ამიტომ, ჩვენი თხოვნაა, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული კიდევ ერთი თვით გადავადება მოხდეს, თუმცა აქვე შეგატყობინებთ, რომ სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის კომისია უკვე წარმოადგენს როგორც დასკვნას, ასევე დადგენილების პროექტს, რომელიც ბიუროს წარედგინება. შემდეგში ბიუროს გადასაწყვეტი იქნება, როდის ჩაინიშნება მოსმენა და უკვე დეტალური ანგარიშით, კომისიის წევრები შესაბამისი შედეგებით წარვდგებით თქვენ წინაშე“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მანამდე სხდომათა დარბაზში მიმდინარე დაპირისპირების გამო ვერ იწყებოდა. დღეს უზენაეს სასამართლოში დაინიშნენ: რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი, ლევან თევზაძე, გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა სამ კანდიდატს: ეკა ზარნაძეს, ქეთევან მესხიშვილსა და გიორგი შავლიაშვილის. პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატთან გასაუბრება 6 ივლისიდან დაიწყო. სამოქალაქო სექტორი და დიპლომატები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის გატარებამდე. კელი დეგნანი: თუ ისევ გაგრძელდება მოსამართლეების დანიშვნა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის კელი დეგნანი: უკიდურესად იმედგაცრუებული ვიყავით, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების დამტკიცება დაიწყო ჰარცელი: უზენაესის მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნებზე: საჭიროა დაპაუზება, მნიშვნელოვანია, არ ვიჩქაროთ

ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის - პატრიარქი ლექსო ლაშქარავას ოჯახს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი. ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისთვის, მით უმეტეს ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება. ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა. ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი“, - ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გუშინ გარდაიცვალა.

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ვროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2022 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა, - ამის შესახებ ამის შესახებ ვეროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოჰყვა მინსკის შეთანხმების შესრულების მდგომარეობის შეფასებას ევროპული საბჭოს 2021 წლის 24-25 ივნისის სხდომაზე. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების სრულად შესრულების უზრუნველყოფაში, რაც ევროკავშირის პოზიციის შეცვლის მთავარი პირობაა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ შეთანხმებებს რუსეთი სრულად არ ასრულებს, ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს, გაახანგრძლივონ ეკონომიკური სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დააწესეს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის საპასუხოდ. სანქციები გახანგრძლივდა 2014 წლის სექტემბერში, ხოლო 2015 წლის მარტში, ევროსაბჭო შეთანხმდა, რომ სანქციების ხანგრძლივობა დაუკავშირდება მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებას. სანქციები ზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე შესვლას გარკვეული რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის და კრძალავს ფინანსური დახმარების ფორმებსა და შუამავლობას რუსეთის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, ასევე კრძალავს თავდაცვასთან დაკავშირებული მასალების პირდაპირ ან არაპირდაპირ იმპორტს, ექსპორტს ან გადაცემას. სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ სენსიტიურ ტექნოლოგიებზე, რომელთა გამოყენება შესაძლებელია რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. ეკონომიკური სანქციების გარდა, ევროკავშირმა მიიღო სხვადასხვა სახის ზომები რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიისა და უკრაინის განზრახ დესტაბილიზაციის საპასუხოდ. ეს მოიცავს: დიპლომატიურ ზომებს, ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებს (აქტივების გაყინვა და მოგზაურობის შეზღუდვები) და ყირიმთან და სევასტოპოლთან ეკონომიკური ურთიერთობების სპეციფიკურ შეზღუდვებს.

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი მარია კალიურანდი ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს

Europetime-ს ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა. „რაც მოხდა, ტრაგედიაა და გულწრფელად ვუსამძიმრებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს და მეგობრებს. მე ასევე გამოვხატავ ჩვენს თანაგრძნობას და სოლიდარობას საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ და ვურჩევ მათ, განაგრძონ ბრძოლა თავიანთი უფლებების დასავად, ბრმა ფანატიზმის მიუხედავად. ეს უნდა იყოს გაკვეთილი და მომხდართან დაკავშირებით დადგინდეს პასუხისმგებლობა სახელმწიფო მოხელეებისა და სამართალდამცავი ორგანოების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ მე ნამდვილად ვაფასებ ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მტკიცედ დაგმობას მედიის წარმომადგენლებზე, გასული კვირის მოვლენების შემდეგ, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ აჩვენა არასაკმარისი მზაობა, უზრუნველეყო პოლიციის საკმარისი რაოდენობით დაცვა ღონისძიებაზე და არ დაგმო ხმამაღალი და მკაფიო მუქარები, სიძულვილის ენა, - სისუსტე, რომელიც ზოგიერთ რადიკალურ ძალას შეიძლება, გაეგო როგორც „მწვანე შუქი“ ძალადობისკენ. მომავალში, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ლგბტქი ადამიანების ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის მათი მშვიდობიანი შეკრების და ორგანიზების უფლება. ეს აუცილებელია, თუ მათ სურთ, რომ ბრიუსელში მათი ევროკავშირის ამბიციური მიზნები სერიოზულად იყოს განხილული. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების/პოლიტიკურად გამოყენების ნებისმიერ მცდელობას, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური ძალების მიერ, რომლებიც თვითონ არასდროს ყოფილან LGBTQI + ადამიანების უფლებების დამცველები“, - აღნიშნავს კალიურანდი Europetime-თან. მარინა კალიურანდი არის ესტონელი პოლიტიკოსი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი (2015-2016) ეკავა, მანამდე იყო ელჩი როგორც რუსეთში (2007-2011), ასევე აშშ-ში (2011–2014). ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე ღარიბაშვილი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

ნინო ლომჯარია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს. ზოგ საკითხზე ერთმანეთს გავუგეთ

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ, დახურული შეხვედრა გამართა, რა დროსაც ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა. როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, " პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა". „შეხვედრაზე ერთი-ერთზე ვისაუბრეთ, საკმაოდ გულწრფელი საუბარი იყო. არ შემიძლია, ვისაუბრო პრეზიდენტის განწყობებსა და განცხადებებზე. უახლოეს პერიოდში ის ალბათ თავად გააკეთებს შეფასებებს. ეს იყო დახურული შეხვედრა, თუმცა ჩემი მხრიდან დაყენებული იყო ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. ვისაუბრე 5 ივლისის მოვლენებზე და იმაზე, რომ, ჩემი აზრით, განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ჰქონდა ხელისუფლების პოზიციას და პოლიციის ქმედებებს. ასევე, ვესაუბრე იმაზე, რომ აუცილებელია, დაიწყოს დევნა ორგანიზატორების მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლით, ვისაუბრეთ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ და ზოგადად იმ საფრთხეებზე, რასაც ასეთი ძალადობრივი ჯგუფები და ორგანიზაციები უქმნიან ქვეყანას“, - განაცხადა ლომჯარიამ. სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი სწორად აფასებს. „მე ვფიქრობ, რომ იყო გულწრფელი საუბარი და პრეზიდენტი არის შეწუხებული ყველა იმ საკითხით, რაზეც გვქონდა საუბარი, თუმცა მის ნაცვლად მე განცხადებებს ვერ გავაკეთებ. როგორც ვიცი, ის აპირებს მედიასთან საუბარს და დამატებითი დეტალების კითხვის საშუალება იქ გექნებათ. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებების საკითხებზეც და მათ შორის, ჩემი მხრიდან უარყოფითად იყო შეფასებული ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომელიც მიმაჩნია, რომ არის დემოკრატიული პრინციპების და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო. ვფიქრობ, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გავუგეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს. ასევე, მასთან საუბარში აღვნიშნე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, დიდი მნიშვნელობა ექნება პრეზიდენტის პოზიციონირებას და ჩემი რჩევა იყო, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მითუმეტეს ასეთ დროს, უფრო ხშირად ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მისი გზავნილები უფრო ხშირად გაჟღერდეს, რაც დაეხმარება დემოკრატიული ღირებულებების და ადამიანური უფლებების დაცვას“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „დღეს მოვედი საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც არის სახელმწიფოს მეთაური და მინდა, ჩემი მოსაზრებები და წუხილები გავუზიარო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ვესაუბრო გამოძიებასთან მიმართებითაც. როგორც მოგეხსენებათ, არაერთხელ გავაკეთე განცხადება და მოვუწოდე შსს-სა და პროკურატურას, დაიწყონ გამოძიება ორგანიზებული თავდასხმების ორგანიზატორების გამოსავლენად. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ მომხდარა. მინდა, მოვისმინო, რას ფიქრობს თავად, მათ შორის უსაფრთხოების პრიზმიდანაც. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხელისუფლებიდან, რომელმაც მეტ-ნაკლებად სწორი და ადეკვატური შეფასებები გააკეთა როგორც 5 ივლისის წინა დღეებში, ასევე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მინდა, გავიგო, რას ფიქრობს თუნდაც იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რასაც მთავრობის ხელმძღვანელი აკეთებს. კონკრეტული ჩემი მესიჯები იქნება ასეთი, რომ ვუთხრა პრეზიდენტს, რატომ ვთვლი, რომ არ არის სწორი, დღემდე არ არის გამოძიება დაწყებული ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების მიმართ, რომ ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმას, რომ შსს და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ მიმართულებით, დაიწყოს გამოძიება და დაიწყოს დევნა, მისცენ პასუხისგებაში ამ ძალადობრივი თავდასხმების იდეოლოგები და ორგანიზატორები“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის დაწყებამდე.

აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება

სათამაშო ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას შეუწყობს ხელს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ პარლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. „პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს ნაკლოვანებები რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მაგალითად რასაც ქვია „თამაშის მიწოდება“ ქვეყნის გარეთ, აქამდე შეუძლებელი იყო და არ ხდებოდა სერვერებზე წვდომა, რომ გაკონტროლებულიყო რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს პროცესი. აღნიშნული ცვლილებით ეს ხარვეზი გასწორდება და ყველა სფერო, რომელსაც ეხება სათამაშო ბიზნესში მომსახურების გაწევას, თამაშის მიწოდებას, ხვდება კონტროლის სფეროში. შესაბამისად თამაშის მიმწოდებელი გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს. ასევე კონკრეტდება რა არის არსებითი მომსახურება და პროდუქცია სათამაშო ბიზნესში“, - განაცხადა დუნდუამ. ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებას და აღსრულებას. კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

კახა კუჭავა: ის რაც დღეს პარლამენტში ვნახეთ, ჩვენი მტრის ინტერესშია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პლენარული სხდომის დაწყების წინ, 12 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი დაპირისპირების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ქვეყნის მტრების ინტერესებშია. „ის, რაც დღეს ჩვენ აქ ვიხილეთ, არ ვიცი, რამდენად ვინმეს ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის. როდესაც მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში არის მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, ვისაუბრეთ ამაზე ბიუროზეც, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით კიდეც, რომ იქნება ეს საგამოძიებო კომისია და იქნება ეს რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თანხმობა არის, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს ის, რომ პარლამენტის შენობაში ადამიანები საშვების გარეშე შეიპარნენ. „არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ. და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენთაგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას?“, - მიმართა კახა კუჭავამ ოპოზიციის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა დაპირისპირება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით შეკრებილი მედიამენეჯერები პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც ისინი ამბობენ, მმართველი პარტიის წევრებისთვის რამდენიმე კითხვის დასმა სურდათ.

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტის მიერ თითოეულ ხელმომწერთან კომუნიკაციით შემოწმდა და დადასტურდა პარლამენტის 91 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა. შესაბამისად კომიტეტმა შეიმუშავა დადგენილების პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის კომისიის შექმნის და მისი შემადგენლობის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში 9 წევრი იქნება. კომისიის თავმჯდომარედ რეკომენდებულია განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, კომისიის მდივნად კი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ლევან იოსელიანი. წევრები იქნებიან: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარე, პაატა მანჯგალაძე - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო იობაშვილი და პარლამენტის წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა და ომბუდსმენმა ვრცლად და ღიად ისაუბრეს დაძაბულობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ვრცლად და ღიად ისაუბრეს მიმდინარე პროცესებთან, 5-6 ივლისის მოვლენებთან და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე, ერთი მხრივ, პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციით ადამიანის უფლებების დაცვის გარანტმა და მეორე მხრივ, ომბუდსმენმა, როგორც ადამიანის უფლებების დამცველმა შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირების შემცირების საკითხი განიხილეს“, - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ნინო ლომჯარია: პრეზიდენტთან გულწრფელი საუბარი შედგა, არის საკითხები, რომლებსაც სწორად აფასებს

აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს

აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ოსტინ მილერი თანამდებობას ტოვებს. ქაბულში, მისი გაცილების ცერემონიალი დღეს გაიმართა. მედია წერს, რომ ამ ნაბიჯით აშშ ავღანეთში 20-წლიანი ომის დასასრულს მიუახლოვდა. ეს ფაქტი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე“ მოხდა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, განაცხადა, ავღანეთში აშშ-ის სამხედრო მისია 31 აგვისტოს დასრულდება. ცერემონიას ესწრებოდა აშშ-ის საზღვაო ფლოტის გენერალი, კენეტ მაკკენზი. 31 აგვისტომდე მას კვლავ ექნება შესაძლებლობა, თალიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების თაობაზე განკარგულება გასცეს. ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა ამერიკის სამხედრო კონტინგენტის მიერ ავღანეთის დატოვების გადაწტყვეტილება. „მე ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, თუმცა ერთგვარი სევდა მეუფლება, როცა ვფიქრობ იმ დაკარგულ სიცოცხლეზე და ძალისხმევაზე, რაც აშშ-მ ავღანეთში ჩადო და ათასობით ავღანელზე, ვინც იქ დაიღუპა. ვამაყობ იმით, რაც ყველამ გავაკეთეთ ავღანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში. ასევე ვამაყობ საკუთარი სამსახურით სამხრეთის რეგიონალური სარდლობის (RC South) ფარგლებში, ყანდაარში 2009-2010 წლებში. ჩვენ, კოალიცია, მათ შორის საქართველო, ორი ათწლეულის განმავლობაში ვასრულებდით მისიას, რათა ავღანეთი არ გამხდარიყო აშშ-ზე ან ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებზე ტერორისტული თავდასხმების პლაცდარმი. ჩვენ გავაუმჯობესეთ ათასობით ქალისა და ბავშვის ცხოვრება ავღანეთში, ასევე მაქსიმალური შანსი მივეცით ავღანელებს მოეწყოთ უკეთესი ცხოვრება და შეექმენათ უკეთესი მთავრობა ათასობით სიცოცხლისა და უზარმაზარი სიმდიდრის დანაკარგის მიუხედავად. მაგრამ აშშ-ის არც ერთ ადმინისტრაციას (ბუშის, ობამას, ტრამპის, ბაიდენის) არ გაუკეთებია ის, რაც პაკისტანს აიძულებდა, უარი ეთქვა თალიბანის ან ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მიცემაზე. ვიდრე ეს სიტუაცია გაგრძელდება, ვერასდროს შევძლებთ „გამარჯვებას„. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ახალგაზრდა ქალებისა და კაცების გაგზავნა ავღანეთში ასეთ სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გვჭირდება არის ის, რომ შევინარჩუნოთ იქ ყოფნა, რათა ვებრძოლოთ ტერორიზმს და იმისთვის, რომ შევძლოთ ნორმალური ტიპის მხარდაჭერა გავუწიოთ ავღანეთის მთავრობასა და ხალხს, როგორც ამას მსოფლიოს მრავალ სხვა ცხელ წერტილში ვაკეთებთ. ჩვენ ასევე უნდა შევთავაზოთ ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია არჩეულ ქვეყანაში ნებისმიერ ავღანელს, ვინც კოალიციას უჭერდა მხარს, როგორც თარჯიმანი ან თანამშრომელი, ან რომელსაც განსაკუთრებით დაემუქრება გააქტიურებული თალიბანი უახლოეს წლებში. თუმცა, ვეთანხმები პრეზიდენტ ბაიდენს, დროა ეს მისია დასრულდეს. _სექტემბრისთვის NATO-ს ჯარები ტოვებენ ავღანეთს, ამავე დროს იზრდება სრულიად არგუმენტირებული დისკუსია იმის შესახებ, რომ ავღანეთის მოსახლეობა საკმაოდ სახიფათო მდომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს. თქვენი აზრით, მზადაა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები, რომ უზრუნველყოს მშვიდობა? ხომ არ გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება უკონტროლო ძალების გააქტიურებას და რუსული გავლენების გაზრდას ცენტრალური აზიის ქვეყნებზე? - ბენ ჰოჯესმა Europetime-ის ამ შეკითხვასაც უპასუხა. ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა უნდა შეძლონ ამის გაკეთება. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი იღებდნენ ინვესტიციებს, მხარდაჭერას და გადიოდნენ წვრთნებს ISAF ძალების დახმარებით. ვფიქრობ, ავღანეთის მთავრობამ და ხალხმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რის გაკეთებას აპირებენ ისინი და რა ტიპის სახელმწიფოდ უნდათ, რომ ჩამოყალიბდნენ. ბენ ჰოჯესი ასევე აცხადებდა: „ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ჯარები ისე, რომ ავღანეთის მთავრობა დარჩეს დაუცველი; მეორე, აშშ-მ უნდა მოახერხოს თავისი ჯარების ფრთხილი და გეგმაზომიერი გაყვანა, ისე რომ იმოქმედოს მჭიდრო კოორდინაციაში ავღანეთში მყოფ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - როგორც შემოვედით ერთად, ასევე უნდა გავიდეთ ერთად; და მესამე, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, თუ სერიოზულად არ მივუდგებით პაკისტანის პრობლემას და მის ტოლერანტობას, რაც გულისხმობს თალიბანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე“.