ძებნის რეზულტატი:

საქართველოში კორონავირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 233 ადამიანს დაუდასტურდა, 1 934 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.65 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.35 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 მოქალაქე, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 924 შემთხვევა, აჭარა - 591, იმერეთი - 518, ქვემო ქართლი - 200, შიდა ქართლი - 185, გურია - 107, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 222, კახეთი - 270, მცხეთა-მთიანეთი -92, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 36 102 საიდანაც: 6 200 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 056, აჭარაში - 725, იმერეთში - 905. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 240, მათ შორის, თბილისში - 553, აჭარაში - 121, იმერეთში -281. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში - 188, აჭარაში - 18, იმერეთში - 15. 2 297 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 010 - თბილისში, 820- აჭარაში. 27 605 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 46 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 994 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 931 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334, აჭარაში - 4 453, იმერეთში - 2 795.

საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) და ხომალდი "სოხუმი" (P24) მონაწილეობდა. უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა "სლავიანსკი" (P190) ჩაერთო. წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, "ადამიანი ბორტს მიღმა", ხომალდის ბუქსირება.ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა

თავდაცვის სამინისტრს ინფორმაციით, Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. ასეულის დონის სამხედრო წვრთნები ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე ჩატარდა. თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ბატალიონისა და უკრაინის საზღვაო ქვეითების ცალკეული ბატალიონის სადესანტო მოიერიშე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა კონტრ-შეტევითი ოპერაცია განახორციელეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით ქართველი და უკრაინელი სამხედროების ამოცანა მოწინააღმდეგეზე კონტრშეტევა და განეიტრალება, სამედიცინო ევაკუაცია, ასევე უკან გამოსვლა და თავმოყრის რაიონის დაკავება იყო. სწავლებაში საინჟინრო, საარტილერიო, სატანკო და შეჯავშნული ქვეითთა საბრძოლო მანქანების კომპონენტები იყო ჩართული, მათ შორის სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი მეომარი“ და „დიდგორი მედევაკი“. ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო. Agile Spirit 2021 აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყანაა ჩართული. სწავლების სამეთაურო-საშტაბო ნაწილი უკვე დასრულდა, საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნებით დაიხურება.

ნიუ-იორკი აშშ-ის პირველი ქალაქია, სადაც ვაქცინაციის პასპორტი ამოქმედდება

ნიუ იორკი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალაქი გახდა, სადაც რესტორნებში, სპორტულ დარბაზებსა და სხვა შიდა სივრცეებში შესვლა ადამიანებს მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით შეეძლებათ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „დრო მოვიდა, ადამიანებმა დაინახონ, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ვაქცინაცია აუცილებელია“, – განაცხადა ნიუ იორკის მერმა ბილ დელ ბლასიომ. სააგენტოს ინფორმაციით, ნიუ იორკის მოსახლეობის 60%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. შეზღუდვის დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვირუსის „დელტა“ ვარიანტის შემთხვევების ზრდაა.

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლიდან სათვალე მოიპარეს

თბილისში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ახლახან გახსნილი ძეგლი დააზიანეს. ფაქტისა და ზოგადად, ვანდალიზმის პრობლემის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „როგორც იცით, მოსახლეობას მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე, ვუზიარებთ ნებისმიერ სიახლეს. თბილისელების განწყობა, მხარდაჭერა, მათი გულწრფელი სიხარული არის უდიდესი სტიმულის მომცემი მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ვაკეთოთ. სამწუხაროდ, ამჯერად პრობლემა უნდა გაგიზიაროთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან და საკმაოდ აზარალებს ქალაქს, მის ინფრასტრუქტურას. მხედველობაში მაქვს ვანდალიზმის ფაქტები ის, რასაც ვაკეთებთ, ეს იქნება ახალი სკვერები, პარკები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის. ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ვხვდებით ასეთ ფაქტებს და საკმაოდ მრავლად. როგორც იცით, 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში, ინდოეთის სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა. სამწუხაროდ, ძეგლი უკვე დაზიანებულია, კერძოდ, მოხსნილია სათვალე. ძეგლს მოპარეს სათვალე, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ამაზე. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. რთულია მისცე ამ ყველაფერს შეფასება. კიდევ უფრო ძნელია იმის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმის ჩამდენი პირები არიან მოზარდები და მათ აგრესიულ ქცევას, ვანდალიზმს მშვიდად ადევნებენ თვალს უფროსები“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მოსახლეობას გვერდში დგომისკენ მოუწოდა. „მინდა ყველას ვთხოვო, გვერდში დაგვიდგნენ ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ის, რაც კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისთვის. ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს - იმ პროექტებს და სამუშაოებს, რომლებიც ხორციელდება იმისთვის, რომ შემდეგ სწორად და კარგად გამოიყენონ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

,,დელტა" ვარიანტის გავრცელების გამო, ისრაელის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, სავალდებულო გახდება პირბადის ტარება ღია სივრცეში 100 ან მეტი ადამიანის თავშეყრის შემთხვევაში, ოფისებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა 50%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო კერძო სექტორს მოუწოდებენ, დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის საშუალება მისცენ. გარდა ამისა, 12 წლამდე ინფიცირებული ბავშვების ვაქცინირებულ მომვლელებს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოდან ე.წ. „მწვანე საშვის“ სისტემის მოქმედება ყველა შეკრებაზე გავრცელდება, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არავაქცინირებული ბავშვების დაშვება შეიზღუდება. ისრაელის მთავრობის განცხადებით, მცირეწლოვან ბავშვებს ასევე უნდა ჩაუტარდეს ტესტირება ღონისძიებების ჩატარების ადგილებში შესასვლელად. ეს რეგულაცია ასევე 20 აგვისტოდან ამოქმედდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა აიელეტ შეკედმა კი განაცხადა, რომ ერთადერთი გზა ისრაელისთვის, რომ თავიდან აიცილოს მეოთხე ლოკდაუნი, კვირაში მილიონი ადამიანის ვაქცინაციაა.

რატი ბრეგაძე: 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, 2030 წლისთვის იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას. მინისტრის ინფორმაციით, 2021 და 2022 წლებში საქართველოს მასშტაბით, ოთხი ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, 2023 წლამდე კი საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს კიდევ 10 სოფელს მოემსახურება. „ინტენსიურად განვავითარებთ თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებულ და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სახლის დამატებითი ფილიალები თბილისშიც აშენდება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და მომხმარებელთა ნაკადების განტვირთვას, აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა

ჩეხეთში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ათობით დაშავდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 08:00 საათზე ქალაქ მილავცეში მოხდა. ჩეხეთის რკინიგზის ცნობით, ერთმანეთს შეეჯახა ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი და საერთაშორისო ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ჩეხეთის ქალაქ პლზენს გერმანიის მიუნხენთან აკავშირებს. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა, დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში ოთხი ვერტმფრენით გადაიყვანეს. ჩეხეთის ტრასპორტის მინისტრი კარელ ჰავლიჩეკი სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ადამიანურ შეცდომას ასახელებს.

უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინაში დააკავეს პირი, რომელიც მთავრობის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად ჩაბარდა პოლიციას. ცნობისთვის, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში შევიდა და ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრდებოდა. აღნიშნული ინციდენტის გამო, უკრაინის დედაქალაქ კიევში პოლიციის სპეციალური ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა.

საბერძნეთში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზეც იქნება შესაძლებელი

საბერძნეთში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზეც იქნება შესაძლებელი. ეს საკითხი საქართველოს ელჩის დავით დონდუასა და საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე იოანის კეფალოიანისს შორის შეხვედრაზე განიხილეს. ამასთან, მხარეებმა ორი ქვეყნის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შეთანხმებისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხები განიხილეს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2021 წლის სექტემბერში, როდესაც ბერძნული მხარე დაამტკიცებს ახალ კანონს მართვის მოწმობებთან დაკავშირებით და დაიბეჭდება ახალი სახელმძღვანელო, ქართულ მხარეს მიეწოდება შესაბამისი სახელმძღვანელო სათარგმნელად, რომლის დახმარებითაც შემდგომში მსურველებს საშუალება ექნებათ, ქართულ ენაზე ჩააბარონ მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა. პარალელურად წარმოებს მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების ტექსტის განხილვა, რომლის შეთანხმება ახლო მომავალში არის ნავარაუდევი. შეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის კვოტის გაზრდის საკითხი, რაც ქართულ გადამზიდავ კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, მეტი სატვირთო გადაზიდვა განახორციელონ ორ ქვეყანას შორის. მიღწეულია შეთანხმება, რომ ახლო მომავალში გაიმართოს ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის მოლაპარაკებები, რომლის ფარგლებშიც მიღწეული იქნება შეთანხმება ზემოხსენებული კვოტის გაზრდასთან დაკავშირებით და ხელი მოეწერება აღნიშნულ შეთანხმებას.

ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს

ბელგია საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბელგია სხვა ქვეყნებისთვის წლის ბოლომდე სულ ვაქცინის ოთხი მილიონი დოზის გამოყოფას გეგმავს. პირველ ეტაპზე, AstraZeneca-ს ვაქცინის 168 000 დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 000-ზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო. ბელგია ასევე ვაქცინების აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს.

საბერძნეთში ხანძრის გამო საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მითითებებს აძლევს

„მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს“, - საბერძნეთში ხანძრის გამო საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს. „ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილოეთ ატიკაში ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს: აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილოეთი ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდებულია, დახუროთ კარი და ფანჯრები“. შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793. საბერძნეთის სახელმწიფო გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას: ატიკას მაცხოვრებლებო, თუ ხანძრის გამო სახლში ვერ მიდიხართ, დარეკეთ 1135-ზე. მოგაწვდით ინფორმაციას თუ რომელ სასტუმროში განთავსდეთ. სახელმწიფო სრულიად დაფარავს ხარჯებს. აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა რამდენიმე გარეუბანში ევაკუაცია გამოაცხადეს, რადგან ძლიერი ქარი და სიცხე კვლავ ართულებს სამაშველო ჯგუფების მუშაობას. მაღალმა ტემპერატურამ ქვეყანაში ხანძრის ასობით კერა შექმნა. ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობს დედაქალაქ ათენის გარეუბანში.

პრეზიდენტი: დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე

დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლება. „საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას - საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში, საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს. ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ტალახაძე რაფაელ ჩიმიშკიანის, კახი კახიაშვილის და გიორგი ასანიძის შემდეგ მეოთხე ძალოსანია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობა იზეიმა. დღეს ლაშა ტოკიო 2020-ის ფიცარნაგზე გამოვიდა და მეორე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მრავალგზის რეკორდსმენმა და პლანეტის უძლიერესმა ძალოსანმა თავისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ ატაცში 223 კილოგრამი, აკვრაში კი 265 კილოგრამი ასწია. შესაბამისად, ორჭიდში ლაშამ 488-კილოგრამიანი შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე ადგილზე ირანელი ალი დავუდია (200+241), მესამეზე კი სირიელი მან ასაადი (190+234). ცნობისთვის, 2015 წელს აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშამ ორჭიდის ჯამში 454 კგ. დაძლია და მეორე ადგილს დასჯერდა. მაშინ ჩემპიონი რუსი ალექსეი ლოვჩევი გახდა, თუმცა მოგვიანებით ის დოპინგის მოხმარებაში ამხილეს, ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონად ლაშა ტალახაძე აღიარა. 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული მსოფლიო რეკორდით – 473 კგ-ით მოიგო. ირანელი ჰუსეინ რეზაზადეს მიერ დამყარებული რეკორდი ახალგაზრდა ქართველმა 16 წლის შემდეგ ასევე ოლიმპიურ ფიცარნაგზე დაამხო და ერთი კგ-ით გააუმჯობესა. ლაშა ნინო სალუქვაძესთან ერთად წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდის მედროშეა. სწორედ მათ წარადგინეს ქვეყანა ტოკიო 2020-ის გახსნის ცერემონიაზე.

მოქალაქეებს სესხი გაუძვირდათ

140 000-ზე მეტ მომხმარებელს სესხი გაუძვირდა. პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140100 სესხია გაცემული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, - ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს, რომელმაც ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით დღეს რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა. „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდე გაიზარდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7825.4 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 6800 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7677.3 მილიონიდან 7825.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 140 100 ხელშეკრულებიდან 45 400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1005 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა პირველი ივლისის მდგომარეობთ 13.90% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე პირველი ივლისის მონაცემებით 60 300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.54%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2868.1 მილიონი ლარია. 30 400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ივნისთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3779 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1154.9 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.36%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი პირველი ივლისის მონაცემებით 2624 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.32%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი ივლისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 21.13%-ში გაასესხეს. ასევე გაცემულია 3300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 101.2 მილიონი ლარია. პირველი ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.3%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 21.72%. პირველი ივლისის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 20.49%-დან 21.72% -მდე. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 11.9% შეადგინა რაც ბოლო წლების რეკორდია და მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ეროვნული ბანკი კიდევ უფრო ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთს და 9.5%-დან 10%-მდე ზრდის. მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. თუმცა, სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. მეორე მხრივ, 6 თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 12.7 %-ია, რაც შიდა ერთობლივი მოთხოვნის საკმაოდ გააქტიურენაზე მიუთითებს, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. ასევე არსებული ფისკალური სტიმულიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციის მაჩვენებელთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მმართველი პარტიის და ოპოზიციის კომენტარები პრეზიდენტის განცხადებაზე

შარლ მიშელის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლის თაობაზე პრეზიდენტის განცხადებას „დაბალანსება აკლდა“, მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი უმრავლესობიდან, გიორგი ვოლსკი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, „როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო“. პრეზიდენტი: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე, წითელი ხაზების გავლება მე ვიცი ხელმოწერამდე. დოკუმენტის მიზნები ამოწურული არ არის თავისი შეფასება ვოლსკიმ იმით ახსნა, რომ შეთანხმებიდან გასვლა ერთია, რასაც სერიოზული საფუძველი და წინაპირობა აქვს და მეორეა, როცა შეთანხმებას საერთოდ არ უერთდები, რაზეც მისივე აზრით, პრეზიდენტს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა. „პრეზიდენტმა გაანალიზა ისე, როგორც ხედავს, გაანალიზა შედეგები. ცუდია შედეგი, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური სუბიექტები რესურსს ვერ ნახულობენ, რათა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე საერთო პოზიციები შეიმუშაონ, მაგრამ როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული. მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს. ამის არ დანახვა სწორი არ არის. პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე სიტუაცია უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, პრაქტიკულად არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია. მან ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია მიყვება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მმართველი გუნდი თვლის, რომ 19 აპრილის შეთანხმება ბოლომდე, ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობის გამო ვერ შესრულდა. „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებში, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ბევრი სწორი გზავნილი იყო; „ქართულმა ოცნებამ“ იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ” იმდენად დამაზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო ამ შეთანხმებიდან გასვლის სურვილის თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტმაც კი ვერ შეძლო ამის გამართლება. ცდილობდა, რომ რაღაც შუალედი დაეჭირა, მაგრამ ისინი ბევრ ნაწილში დაადანაშაულა და თქვა, რომ ასე ჩვენ დასავლეთ პარტნიორებში ნდობას ვერ მოვიპოვებთ. „ქართული ოცნება“ გაიქცა შეთანხმებიდან, რადგან მათ მხოლოდ 28% აქვთ და არ შეუძლიათ ეს 28% გახდეს 43%. სისუსტიდან გამომდინარე გაიქცნენ შეთანხმებიდან. საზოგადოებაში აზრი უკვე მომწიფებულია, რომ 43%-ის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, საერთაშორისო პარტნიორებიც შეგუებული არიან. არაფერი შეცვლილა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აღებულ ვალდებულებას თავი აარიდოს”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის და თავის დროზე პრეზიდენტს კარგი იქნებოდა ოპოზიციის მოსაზრებები გაეთვალისწინებინა და კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებდა, ვეტო დაედო, რადგან ის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა. პრეზიდენტი ცდილობს, საკუთარ თავზე ზეპარტიული ფუნქცია აიღოს და ეს ლოგიკურია, თუმცა მისი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს, განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. დეპუტატის დასკვნით, პრეზიდენტს მოვლენების შეფასებების გარკვეული გარემოებები მხედველობაში უნდა მიეღო. ა„რ მგონია, სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის განსაკუთრებით ის გარემოება, რაც ითქვა, თითქოს, ოპოზიცია პარლამენტში შემოვიდა, კონსტრუქციულად მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, რეალურად, ეს ასე არ არის. ზოგადად, მისი მხრიდან გულის დაწყვეტა გასაგებია, რადგან დოკუმენტის თავდაპირველი ფუნქცია ყველასგან მისალმებული იყო და კარგი ინიციატივა იყო ამ თვალსაზრისით, მაგრამ მოგვიანებით რა ფორმაც მიიღო, როგორი იყო ცალკეული პარტიების დამოკიდებულება, სრულიად განსხვავდებოდა იმ პათოსისგან, რასაც ეფუძნებოდა შეთანხმება და ბუნებრივია, ამას მხედველობაში მიღება სჭირდებოდა. მგონია, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესაძლებლობები ამოწურულია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, ამას სჯობდა, პრეზიდენტს თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, როცა „ქართული ოცნება“ უკვე შეთანხმებულ დოკუმენტს არღვევდა პარლამენტში მიღებული კანონპროექტებით. „მე ვგულისხმობ ამნისტიის შესახებ კანონს, მართლმსაჯულების რეფორმას - არცერთი განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ ამ პერიოდში არ მოგვისმენია. საბოლოო ჯამში მან გააკეთა ეს განცხადება მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდია ამ დღეებში წნეხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის გარდაუვალი პროცესი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც გადაუხვევს არჩეულ კურსს და დაკარგავს პარტნიორების ნდობას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ ადეკვატურად შეაფასა. „ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები. მან ადეკვატურად, შესაბამისად შეაფასა „ქართული ოცნების“ ეს რადიკალური ნაბიჯი. ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ნიშნავს სიტყვის ერთგულებას. რაც მთავარია, მან ხაზი გაუსვა, რომ მარტო დარჩენა და იზოლაციონიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა შესუსტდება და ამით ისარგებლებს მთავარი, ვინც ჩასაფრებულია იმისთვის, რომ დაიმორჩილოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური კი აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა“ საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ „უპასუხისმგებლო ზურაბიშვილიც“ კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. „ეს ნიშანდობლივია, მეტს ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, - აღნიშნა ბოკერიამ. საქართველოს პრეზიდენტმა დისტანცირება მოახდინა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებისგან, რომელიც უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება მმართველი გუნდისთვისაც და, სამწუხაროდ, ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, - განაცხადა ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს. „ეს აჩვენებს იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიკრიფოს ნებისყოფა და კიდევ ერთხელ, შესაძლოა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 3 აგვისტოს, პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, თავის ვრცელ განცხადებაში საქართველოს ერთ-ერთ გამოწვევად ევროპულ გზა დაასახელა. ამ კონტექსტში მან 19 აპრილის შეთანხმებაზე ისაუბრა. „ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. სიტყვა კი დაიწყო იმით, რომ „საქართველო დგას გზაჯვარედინზე, გზგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში“.

დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება

12 აგვისტოს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება. „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც მზადება უკვე დაიწყო. დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრ ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთ ლოკაციას წარმოადგენს გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ოთხი კოლოფი მონაწილეობს - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები. 12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება.

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, "ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს". მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსტეტის შექმნაზე რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ,,ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას“. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ციფრული უნივერსიტეტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა რატი ბრეგაძემ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულ სტუდენტებს ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს. მათ შეეძლებათ, დაესწრონ ონლაინ ლექციებს; ჰქონდეთ ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან.

ეროვნული არქივი ციფრულ არქივს ქმნის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ციფრული არქივის შექმნაზე მუშაობს, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, "თანამედროვე ტექონოლოგიების გამოყენებით, ეროვნულ არქივში დაცული მასალები უფრო მეტად დაცული და ფართოდ ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ჩვენი საზოგადოებისათვის. ამის უზრუნველსაყოფად, სრულად დასრულდება გაციფრულების პროცესი, რაც ჩვენს ფონდს კიდევ უფრო დაზღვეულს და ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომს გახდის“. მინისტრის ინფორმაციით, ელექტრონულ არქივში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცემული ციფრული დოკუმენტები შეინახება, რომელთა ერთობლიობაც სახელმწიფოს სამართლებრივი ისტორიაა. ეროვნული არქივი ასევე აქტიურად მუშაობს მატერიალურად შექმნილი დოკუმენტების გაციფრებასა და არქივირების პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე; ამჟამად ეროვნულ არქივში მატერიალური დოკუმენტების 8 მილიონამდე გვერდია გაციფრული.

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ატაცის ვარჯიშის შემდეგ პირველ ადგილზეა. ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე 215 კგ, მესამეზე კი 223 კგ ასწია. აღსანიშნავია, რომ ატაცში 223 კილოგრამის აწევით ლაშამ +109 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდები დაამყარა. მეორე ადგილზე 200 კილოგრამით ირანელი ალი დავუდია, მესამეზე კი 190 კილოგრამით სირიელი მან ასაადი. წინ არის შეჯიბრი აკვრაში, რის შედეგადაც +109 კგ წონით კატეგორიაში ორჭიდში დაფიქსირებული შედეგების საფუძველზე მედალოსნების ვინაობა გაირკვევა.