ძებნის რეზულტატი:
პრემიერი: სუს-ი კანონით დადგენილ მოსმენებს ახორციელებს
„ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფარულ მოსმენებზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სუს-ი და პოლიცია კანონით დადგენილ მოსმენებს ახორციელებენ და რაზე საუბრობს მედია, არ იცის. ცნობისათვის, „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ამავე თემაზე: სუს-ი გავრცელებულ დოკუმენტებზე: ეს დეზინფორმაციული კამპანია მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის ვახტანგ გომელაური ფარულ მოსმენებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ
ღარიბაშვილი IRI-ის კვლევაზე: მართულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ
NDI-ის და IRI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოს, უშუალოდ არიან მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ჩვენ არასდროს ვენდობოდით „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებს ადგილზე, აქვე მინდა დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვსემთ NDI-ის და IRI-ის, მაგრამ მათ მიერ ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს, ვინაიდან ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ საველე სამუშაოს, უშუალოდ არიან მართულნი და კონტროლირებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. შესაბამისად, არავითარ ნდობას არ იმსაუხურებს NDI-ის და IRI-ის დაკვეთილი კვლევები. ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე. შესაბამისად, ჩვენი ხალხი გადაწყვეტს, როგორ განვითარდეს შემდეგი წლები ქვეყანაში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობას, 88%-ს ყველაზე მეტად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსწონს, მეორე ადგილზე კი თბილისის მერი კახა კალაძეა. ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა 40%-ისთვის არის მოსაწონი, 54%-ს კი ის არ მოსწონს, 2%-ს მისი სახელი არ სმენია. ამავე თემაზე: IRI-ის კვლევით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა
სახელმწიფო მინისტრი: აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია 85 კვალიფიციური ბიზნეს-პროექტის განაცხადი
„აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი - 85 კვალიფიციური ბიზნეს-პროექტის განაცხადი, რაც ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ათწლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, შექმნილი რეალობისა და შესაძლებლობის ფარგლებში, შეიმუშავოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიები „ხაზგასასმელია, რომ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად რჩება სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეფექტიანი განხორციელების გაგრძელება, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გაყოფილ საზოგადოებებს შორის ვაჭრობის განვითარებაა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე. გამოწვევებით აღსავსე პანდემიური წლის მიუხედავად, ახლადამოქმედებული „მშვიდობის ფონდის“ ფარგლებში დაფინანსებული ბიზნეს-პროექტების განხორციელების დინამიკის გათვალისწინებით, ამ მოკლე პერიოდში, უკვე მეორე საგრანტო კონკურსი ჩატარდა - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიდან შემოსულია სამჯერ მეტი - 85 კვალიფიციური ბიზნეს-პროექტის განაცხადი, რაც ადასტურებს სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის მთავრობებსა და საელჩოებს ფონდის ფინანსური მხარდაჭერისთვის. გამომდინარე მზარდი ინტერესიდან მომავალ წლებში, ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ ვაჭრობის ხელშეწყობის პროცესი და უკვე უზრუნველვყოთ ოკუპირებულ რეგიონებში წარმოებული პროდუქციის საგარეო ბაზრებზე წვდომაც, საქართველოს უპირატესი საექსპორტო შესაძლებლობების გამოყენებით, მათ შორის, DCFTA-ს ფარგლებში. რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, დაიხვეწება ამ მიმართულებით ამოქმედებული მექანიზმები, გაუმჯობესდება ახალგაზრდების წვდომა განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის პროფესიულ და საზღვარგარეთ განათლებაზე. ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებელთათვის შემუშავებული და ხელმისაწვდომი, მათ შორის ნეიტრალური-სტატუსის სერვისების მიღების გასამარტივებლად, ვგეგმავთ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე. გაძლიერდება მთავრობის ძალისხმევა ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებელთათვის, როგორც ხარისხიანი ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებზე წვდომის გაუმჯობესების, ასევე ადგილზე, მოსახლეობის სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით“, - აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს
„მორიგი კოშმარი“, - ამ სიტყვებით აღწერს ბელარუსიელი აქტივისტის გარდაცვალების ფაქტს ევროპარლამენტარი ვილა ფონ კრამონი. ის წერს, რომ ბელარუსის ლიდერი ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს. „მორიგი კოშმარი. არავინ არის დაცული. ლუკაშენკო საკუთარ ხალხს კლავს“, - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისათვის, გაუჩინარებული ბელარუსიელი აქტივისტი კიევში გარდაცვლილი იპოვეს. ვიტალი შიშოვი კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამემამულეებს რეჟიმის დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოიძიებენ ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის მკვლელობას და თვითმკვლელობას.
ცესკოს ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას შეუდგა
ცესკოს ახალი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ის ექვსი თვით უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა. ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკოს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყარა კენჭი და ამ შემთხვევაში, მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკოს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა. საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდა, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი, კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება. ამავე თემაზე: ცესკოს ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს
ამერიკის საელჩო: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია
ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის მთავარი საყრდენია. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს ტექსტის ნათქვამი, რომელიც ელჩის შეხვედრას აღწერს. „დღეს ელჩი კელი დეგნანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა და მათთან მედიის თავისუფლება, ჟურნალისტების უსაფრთხოება და ძირითად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს წინსვლის გზები განიხილა. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს 19 აპრილის შეთანხმებაზე ყველა პარტიის ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში.
აკაკი ზოიძე: აცრა გადაგარჩენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხე გემუქრებათ
„აცრა გადაგვარჩენს, „დელტა“ შტამს მომატებული სიკვდილობა ახასიათებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, კლინიკებში ის ადამიანები აღმოჩნდნენ, ვისაც ეს სჭირდებათ, დაზღვევის მიზნით საავამდყოფოში განთავსებამ კი შეიძლება პრობლემები შექმნას. „აცრა გადაგარჩენთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი საფრთხე გემუქრებათ. დელტა „შტამს“ მომატებული სიკვდილობა ახასიათებს“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. საქართველოში დღეს კორონავირუსი 4 827 ადამიანს დაუდასტურდა. 3 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.
მაია ბუწაშვილი: ვაქცინის მისია გართულებებისგან დაცვა და სიკვდილისგან გადარჩენაა, ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ აცრის შემთხვევაშიც დაინფიცირდით
ზაფხულის სეზონთან ერთად, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა იზრდება და დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში COVID19-ით iინფიცირების 4 233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის პარალელურად დასვენების მსურველებმა, მზარდი სტატისტიკის პარალელურად უნდა დაწესდეს თუ არა დამატებითი რეგულაციები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime ექსკლუზიურად ინფექციონისტს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს მაია ბუწაშვილს ესაუბრა. ინფექციონისტი განმარტავს, რომ უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ დასასვენებელ სივრცეებს და უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ აგარაკებსა და სოფლებს, სადაც ხალხმრავლობა არ არის. მისი თქმით, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ასევე ოქროს წესად რჩება ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბუწაშვილის განცხადებით, ვაქცინირებულების პროცენტული რაოდენობა მცირეა და ილუზიაა იმის წარმოდგენა, რომ ახლა ვაქცინირებულების რაოდენობა გავლენას იქონიებს ამ სეზონზე პანდემიაზე. ,,კოვიდთან დაკავშირებით, პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად წავიდეთ ხალხმრავალ ადგილასა და კურორტებზე. ვისაც შესაძლებლობა აქვს ვთქვათ, იზოლირებული აგარაკისა ან სოფლისა, არჩევანი უნდა გააკეთონ ამის სასარგებლოდ, ვიდრე ხალხმრავალი კურორტების, იმიტომ, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების აღმავლობა ძალიან სწრაფია და ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. მეორე საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეში კოვიდრეგულაცია აღარ არსებობს პირბადის ტარებისა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და თუნდაც რამდენიმე მაინც, თავისი ინიციატივით უნდა გამოიყენოს პირბადე. ჰიგიენა და ხელის დაბანა ოქროს სტანდარტებად რჩება. თუ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, დისტანციის დაცვა ჩვევაში უნდა ჰქონდეთ, რომ მანძილი დაიცვან სხვა ადამიანებისგან. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი რეკომენდაციაა. თუ ვაქცინაციაზე ვილაპარაკებთ, ახლა აცრა, ამ სეზონზე, სამწუხაროდ, ინფექციის პრევენციისთვის ამ კონკრეტულ თითოეულ ადამიანს ვერ მოუსწრებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შემოდგომაც, სავარაუდოდ, მძიმე გვექნება და მოსამზადებლად ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში (რამდენი ადამიანიც შესაძლებელია ცხადია) ეს პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად პატარა პროცენტია აცრილების, რომ ამ სეზონზე იმის ილუზია, რომ იმდენი ადამიანი აიცრება, ეს პანდემიას რაიმე სიკეთეს შეატყობს, სამწუხაროდ, ესე არ იქნება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მართალია, ჩვენ უკვე დავრწმუნდით პანდემიის მიმდინარეობისას, რომ ზედაპირებით ნაკლებად გადამდებია კოვიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმები მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარტო კოვიდი არ არის ჩვენს გარშემო და ბევრი მაგალითად, დიარეული დაავადებების აფეთქებები გვაქვს ხოლმე კურორტებზე", - განაცხადა ბუწაშვილმა. Europetime-თან საუბრისას ინფექციონისტი ამბობს, რომ მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვების დაწესება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება. მისი თქმით ის არ ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, თუმცა მხარს უჭერს, რომ მოქმედი რეგულაციების აღსრულება ხდებოდეს. ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და მას ადამიანები აღარ იცავენ. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულების ნაწილი ქუჩაში გადაადგილდება და ამაზე დამატებითი მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს. ,,მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვები უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს მოსახლეობას და ამიტომ ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეს ვარ, რომელიც ნაკლებად ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, მაგრამ რაც არის იმის აღსრულება უნდა ხდებოდეს, ეს ფაქტია, იმიტომ, რომ ფაქტიურად რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ. ასევე, თუ ჯარიმებს ვაწესებთ, ეს ჯარიმები უნდა გადავახდევინოთ, იმიტომ, რომ ჯარიმების ჩამოწერა ცუდი პრეცედენტია, რადგან ადამიანებში დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს, არადა გამოდის, რომ ჯარიმები პრინციპში აუცილებელია, რადგან რთულია თვითკონტროლი მოვთხოვოთ ადამიანს, ამიტომ აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გადაცემის პრევენეცია გავაკეთოთ. კიდევ ერთი, კოვიდინფიცირებულები აშკარად ვიცით, რომ მოძრაობენ ქუჩაში. აღარაფერს ვამბობ კონტაქტებზე და ამაზეც უფრო მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა. მაია ბუწაშვილმა Europetime-თან საზღვარზე PCR ტესტირების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზღვარზევე ადამიანების შემოწმების მოდელის დანერგვა საკმაოდ რთულია და დროს მოითხოვს. ინფექციონისტი მიიჩნევს, რომ უნდა გამკაცრდეს ქვეყანაში შემოსულთა PCR ტესტირება. „სამწუხაროდ, რაღაც ესეთი მოდელის შექმნა, რომ საზღვარზევე შევამოწმოთ ადამიანები ძალიან რთულია, რადგან გამოდის, რომ ისინი დიდხანს უნდა დავაყოვნოთ პასუხამდე და ეს დიდ დისკომფორტს შეუქმნის მათ, ამიტომ, იძულებულები ვართ, მათ მიერ შემოტანილი PCR ტესტის პასუხი გავითვალისწინოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ შემოსვლის შემდეგ, PCR ტესტირება კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან შემოსულებისათვის, სადაც ბოლომდე არ ვენდობით მათი ტესტის პასუხებს, მაგალითად საიდუმლო არ არის, რომ რუსეთიდან შემოსულებს შეუძლიათ იქ გაყალბებული ცნობები იშოვნონ და შემოვიდნენ, ამიტომ შემოსვლის შემდეგ ტესტირებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლი უნდა იყოს", - განაცხადა ბუწაშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინებთან შედარებით Pfizer-ის ეფექტურობა მაღალია, ეს ვაქცინები COVID19-ის გართულებებისა და ლეტალური შედეგისგან იცავს ადამიანებს. ინფექციონისტი ამბობს, რომ ვაქცინებში გადამწყვეტი მნიშვნელობის ის არის, რომ ადამიანები არ დაიღუპონ, ამისგან კი ადამიანებს ყველა ვაქცინა იცავს. ,,მართალია, ეფექტურობის პროცენტი ვრცელდება და გასაგებია, რატომ ელოდებოდნენ ადამიანები Pfizer-ს იმიტომ, რომ ვხედავთ სტატისტიკას, რომ ეფექტურობა მაღალია ჩინურ ვაქცინებთან შედარებით, მაგრამ მთავარი გასათვალისწინებელი ის არის, რომ რისიც ჩვენ გვეშინია და რისგანაც გვინდა, რომ ვაქცინამ დაგვიცვას - ეს არის გართულებები და სიკვდილი, ასეა თუ ისეა, მცირე სხვაობებით ყველა ვაქცინა ამ მიმართულებით მუშაობს და ბევრი ქვეყანა უკვე, მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია, ჩვენ ვხედავთ, რომ ამცირებს გართულებებს და სიკვდილს. კითხვის ნიშნები რჩება ინფიცირების პროცენტებთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობის ის არის, რომ ადამიანები არ დაიღუპონ, ამისგან ყველა ვაქცინა ასე თუ ისე იცავს, ამიტომ, როდესაც ასეთი წყვეტაა ამ pfizer-ის ვაქცინაზე და ადამიანები ამის გამო ელოდებიან და მერე აღარაფერზე არ იცრებიან, ამას ნამდვილად ჯობია, რომ რაზეც ხელმისაწვდომობა არსებობს ის გამოიყენონ", - ამბობს ინფექციონისტი. მაია ბუწაშვილის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს Pfizer-ის ვაქცინით აცრა სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ ლოდინში ადამიანები დიდ დროს კარგავენ, რადგან ვაქცინის მთავარ მისიას - ლეტალობისგან და გართულებებისგან დაცვას სხვა ხელმისაწვდომი ვაქცინებიც ასრულებენ. „კიდევ ვიმეორებ, პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანის სურვილს, რომ უკეთესი ვაქცინით აიცრას, ეს გასაგებია და საერთოდ, არ ვცდილობ , რომ მათ შეურაცხყოფა მივაყენო - რატომ უცდიან სხვა ვაქცინას, მაგრამ ამ ლოდინში კარგავენ დიდ დროს და ვხედავთ, ვაქცინირებულებთან შედარებით, არავაქცინირებულებში რამხელაა სიკვდილობის მაჩვენებელი. ასევე ნუ ინერვიულებენ იმაზე, რომ ვთქვათ, მისი მეზობელი ან ახლობელი აიცრა და მაინც დაემართა კოვიდი. კიდევ ვიმეორებ, რომ ვაქცინის მისია არის უფრო ის, რომ ადამიანები გადარჩნენ და არ დაემართოთ გართულებები და არ დასრულდეს ლეტალურად ის, რომ ვიღაცებს ისევ ემართებათ კოვიდი, ეს არაუშავს, მთავარია, კიდევ ვიმეორებ, რომ არ იყოს გართულებები“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
NATO: მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით რეგიონში
მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით რეგიონში და მოუწოდებენ თეირანს, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით NATO განცხადებას ავრცელებს. „ჩვენ ვუერთდებით მოკავშირეებს და მტკიცედ ვგმობთ ბოლოდროინდელ თავდასხმას ომანის მახლობლად. ვუსამძიმრებთ რუმინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს იმ ზარალისათვის, რაც მათ განიცადეს. ნავიგაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია NATO-ს ყველა მოკავშირისთვის და უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. გაერთიანებულმა სამეფომ, შეერთებულმა შტატებმა და რუმინეთმა დაასკვნეს, რომ ირანი პასუხისმგებელია ამ ინციდენტზე. მოკავშირეები კვლავ შეშფოთებულნი არიან ირანის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებებით რეგიონში და მოუწოდებენ თეირანს, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები“, - აღნიშნულია NATO-ს განცხადებაში. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ისინი რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანელ კოლეგებს ესაუბრა უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობაზე. „ირანი არ არის მხოლოდ ისრაელის პრობლემა, ის ტერორიზმის, დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის ექსპორტიორია, რაც ჩვენ ყველას გვაყენებს ზიანს", - განაცხადა მინისტრმა. აშშ-მა განაცხადა, რომ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. მისი ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე დრონით იერიში განხორციელდა.
სახალხო დამცველი პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანია ვაქცინაციის მხარდასაჭერადაც გამოიყენონ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს, აგიტაციის გზით, აცრების მხარდამჭერი კამპანიის წარმოებაც შეუძლიათ - საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიმართავს პოლიტიკოსებს, პროცესში თავიანთი აქტივისტები და ოფისებიც ჩართონ. პარტიებს თავიანთი აქტივისტების და ოფისების მეშვეობით შეუძლიათ არამარტო ინფორმაცია გაავრცელონ, არამედ, დაარეგისტრირონ კიდეც მოქალაქეები ბაზრებში, მარკეტებში და სხვა საჯარო სივრცეებში. „თვითმმართველობის არჩევნების დროს პოლიტიკური პარტიები ჩადიან თითქმის ყველა სოფელში, ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი და ვფიქრობ, რომ აცრების მხარდამჭერი კამპანიის საწარმოებლად და ინფორმაციის მოსახლეობამდე მისატანად საარჩევნო კამპანიის გამოყენება ყველაზე ეფექტური გზა იქნება“, - წერს სახალხო დამცველი Facebook გვერდზე. ის მიიჩნევს, რომ ამის პარალელურად საჭიროა სწორი რეგულაციები და სამედიცინო პერსონალის, პედაგოგებისა და სერვისების მიწოდებაში ჩართული მოქალაქეების აცრა. ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა სახელმწიფო თუ არასაჯარო დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა წაახალისონ თავიანთი დასაქმებული პირების აცრა ან დაეხმარონ მათ რეგისტრაციაში. „ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების ყოველდღიური ბრიფინგები, სადაც ისინი მოუწოდებენ და დაარწმუნებენ მოსახლეობას აცრების აუცილებლობასა და სარგებლიანობაში (შესაბამისი სტატისტიკების მითითებით)“, - წერს სახალხო დამცველი. საქართველოში დღეს კორონავირუსი 4 827 ადამიანს დაუდასტურდა. 3 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი.
თურქეთში მეშვიდე დღეა, ხანძარი მძვინვარებს
თურქეთში მეშვიდე დღეა, ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. 84 მილიონიანი ქვეყანა საშინელ სტიქიას ებრძვის, რადგან ეს არის ყველაზე დამანგრეველი ხანძარი, რომელიც ანადგურებს ტყეებს და მდიდარ ადგილს თურქეთის ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის სანაპიროებზე. AFP–მა მარმარისში გადაიღო ფერმერები, რომლებსაც ყვირილით გამოჰყავდათ ცხოველები ცეცხლმოკიდებული ფარდულებიდან. „ცეცხლმა საცხოვრებელ კომპლექსებამდე მიაღწია,” - განაცხადა ქალაქ მილასის მერმა. თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც. თურქეთში სტიქიის კერებად რჩება ანტალიის, მუღლას და ისპარტას პროვინციები. მეხანძრეები ცეცხლის 142 კერას ებრძვიან.
თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შეხვედრა გამართა
2 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შეხვედრა გაიმართა. საპატრიარქოს ცნობით, განიხილეს შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. „მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებით. დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი. გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში. თავის მხრივ, კულტურის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მხრიდან მიმოხილული იყო 1835 წელს აგებული, ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა და სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, ვინაიდან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში იყოს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას. შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10 000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად იდენტიფიცირებულია და განხილულ იქნება ორი ვარიანტი: ა) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი, უკანა კორპუსი, რომელიც, ე.წ. სემინარიის შენობისგან დამოუკიდებელია, მყარია და ის 1980-იან წლებშია აშენებული. ბ) სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის შენობის სიმყარე ასევე ეჭვს არ იწვევს. პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც, მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული. მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს“, - აცხადებენ კულტურის სამინისტროში. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად. მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ ოქროს ფონდის დაზიანებული ზოგიერთი ექსპონატის რომელიმე სივრცეში გადატანამდე, UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შესაბამისად, პროფესიონალების მიერ მათი დროებითი გამაგრება უნდა განხორციელდეს და ოქროს ფონდის აღწერის პროცესი დასრულდეს. კულტურის მინისტრმა მეუფე ვახტანგს ასევე აცნობა, რომ მუზეუმის შენობის ევაკუაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ხელოვნების მუზეუმის დაზიანებული შენობის აღდგენის პროცესი. ამ მიზნით, უკვე გადადგმულია არაერთი ნაბიჯი. დღეს გავრცელდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის წერილი, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს ანჩისხატის ეკლესიაში დაბურნებას სთხოვს. მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს დაადასტურა, რომ წერილი ადმინისტრაციაში შევიდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, წერილში ნათქვამია, რომ საპატრიარქო დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა ანჩისხატის გადმოცემის საკითხს ხელისუფლების წინაშე - „მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისთვის სათანადო პირობები შექმნილიყო“. ამის შემდეგ საპატრიარქო განმარტავს, რომ სპეციალურად შექმნილმა ჯგუფმა გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ხატის კიოტი შექმნეს. „მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისთვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლადიდებელ ეკლესიაში, ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად“, - წერია წერილში. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ
პრეზიდენტი: ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე, წითელი ხაზების გავლება მე ვიცი ხელმოწერამდე. დოკუმენტის მიზნები ამოწურული არ არის
საქართველო დღეს გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით,, ქვეყანა მწვავე გამოწვევების წინაშეა, ვირუსის გავრცელების სტატისტიკა უნდა გვაშფოთებდეს. ანტივაქსერების ქცევა კი საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას და მის მომავალს. პრეზიდენტის განცხადებით, ნამდვილი პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა არც ძალადობაა და არც კუნთების თამაში. პატრიტომის გზა ვაქცინაციაზე გადის. მეორე გამოწვევა სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ გზას დაუკავშირა. ამ კონტექსტში მან 19 აპრილის შეთანხმებაზე ისაუბრა. „ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე - რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ. ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ! მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს! გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია“, - განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა გუშინ ოპოზიცისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. მოლაპარაკებების თემა 19 აპრილის შეთანხმება იყო. პირველი, ვისაც „ქართული ოცნების" მხრიდან 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი იყო, ამით დაიწყო შარლ მიშელმა პოლიტიკურ აქტირობთან მორიგი კონსულტაციები.
პრეზიდენტი: გვაღიზიანებს უცხოეთისგან კრიტიკა, იმისთვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, ნაკისრ ვალდებულებებს უნდა ვასრულებდეთ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი ბრიფინგი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ დღეს პატრიოტიზმის გზა ვაქცინაციაზე გადის. "მეორე გამოწვევად პრეზიდენტმა ევროპული გზა გამოყო. "გზას, რომელსაც ამ ქვეყანაში ჩამოსვლის დღიდან ვაიგივებდი და ვაიგივებ საქართველოს ერთადერთ ჭეშმარიტ გზასთან! ამ გაიგივებაში ჩემი წინაპრები იყვნენ ილია და ნიკო ნიკოლაძე, სულხან-საბა და ექვთიმე, არა იმიტომ, რომ უცხოეთის დაკრულზე ცეკვავდნენ, არა იმიტომ, რომ საკუთარ მეობას არ იცავდნენ ან იდენტობის დაცვა ჩვენზე ნაკლებად ენაღვლებოდათ... არამედ მათ კარგად ესმოდათ, რომ ევროპას, როგორც ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების მოდელს და როგორც მოკავშირეს, ალტერნატივა არ გააჩნია. მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, თითქოს ევროპა თავისუფლება, სოლიდარობა, ქრისტიანობა კი არა, არამედ გარყვნილობის გზაა, სწორედ ერთადერთი პერსპექტივისაგან ჩვენს დაშორებას ემსახურება... და კარგად გვესმის, ეს ვის ინტერესებშია. აქაც, როგორც პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ სახეს და სახელს, რამეთუ ვერავინ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. ეს ყველას ეხება! ჩვენ მოვითხოვთ უცხოეთისაგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა თუ გახშირებული შენიშვნები. იმისათვის, რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თავისი განვლილი გზით საქართველო ამას იმსახურებს, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენს სიტყვას პატივს. ე.ი. ნაკისრ ვალდებულებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვებისა და შენარჩუნების წინაპირობა. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად არ უნდა ვეწეოდეთ აქტიურ სადისკრედიტაციო კამპანიას. სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ იმისათვის, რომ ქვეყნის სახე შელახონ ან თუნდაც მოითხოვონ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა. დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ. ამიტომ მიმაჩნია, და ვუთხარი კიდეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, კავკასიასა და ზოგადად ევროკავშირის ახლო სამეზობლოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ! მე პირადად ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ კიდევაც იმით, რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა. თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის „ანულირებაზე“. თუმცა დღეს პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელ ხაზებს ხელმოწერამდე ავლებენ! მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს!გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს, თუ როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი. ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა: პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან გადაინაცვლა პარლამენტში, მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი (დიდი იმედი მაქვს, რომ ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა). ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის ყოველგვარი რესურსი და ხელის არ მოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია! ამდენად, არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ხსნის დოკუმენტის ანულირებას. დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისაკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენებ შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები.
პრეზიდენტი: ვერავინ უნდა მიაყენოს ზიანი ევროპულ გზას შიგნით ან გარეთ. ამისთვის ვიქნები აქ
ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენებ შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები - ამის შესახებ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფონგზე განაცხადა. "წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიქნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას. ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენებ შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები", - განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-მ საქართველოსთვის „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტომ კონგრესს დღეს აცნობა. სააგენტოს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა. „თავდაცვის უშიშროების თანამშრომლობის სააგენტომ გადასცა საჭირო სერტიფიკატი, რომელიც კონგრესს აცნობებდა ამ შესაძლო გაყიდვის შესახებ. საქართველოს მთავრობამ მოითხოვა 82 Javelin FGM-148 რაკეტის ყიდვა და 46 ჯაველინის სარდლობის გაშვების ერთეული (CLU). აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან.საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში.
ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებს. „ის უნდა გადადგეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა. ჟურნალისტების კითხვას, უნდა გაათავისუფლონ თუ არა ენდრიუ კუომო თანამდებობიდან, თუ ის უარს იტყვის გადადგომაზე, ჯო ბაიდენმა უპასუხა: ,,მე მესმის, რომ შტატის კანონმდებელმა იმპიჩმენტის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ", - ამბობს თეთრი სახლის ლიდერი. ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა. ენდრიუ კუომო ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. კუომოს თქმით, ფაქტები "ბევრად განსხვავებულია იმისგან", რაც წარმოჩენილია ანგარიშში. "მინდა, რომ პირდაპირ ჩემგან იცოდეთ, რომ მე არასდროს არავის შევხებივარ შეუფერებლად ან გამიკეთებია შეუფერებელი სექსუალური შეთავაზება". – თქვა კუომომ.
ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლს თავს დაესხნენ
BBC-ის ინფორმაციით, ქაბულში შეიარაღებული პირები ავღანეთის თავდაცვის მინისტრის სახლს თავს დაესხნენ. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს ბისმილა ხან მოჰამადი სახლში არ იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მანქანა ააფეთქეს, შემდეგ კი მინისტრის სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ქვეყნის უშიშროების ძალებმა მინისტრის ოჯახის წევრების ევაკუაცია განახორციელეს და ოთხი თავდამსხმელები მოკლეს. ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი ფიქრობენ, რომ თავდასხმას „თალიბანის“ ოპერაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდა. ინციდენტიდან რამდენიმე საათში ქაბულის ქუჩებში მოსახლეობა გავიდა და „თალიბანის“ თავდასხმები გააპროტესტა.
საგანგებო სიტუაციების სამსახური: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, იზრდება ხანძრების რისკი
გაცნობებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნავენ უწყებაში
მზექალა შანიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ცნობილი ენათმეცნიერი და ფილოლოგი მზექალა შანიძე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ინფორაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 95 წლის აკადემიკოსი მიმართავს თითოეულ მოქალაქეს და მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. „კაცობრიობამ მედიცინის გზით არაერთი პანდემია დაამარცხა. მიმაჩნია, რომ აცრა არის ერთადერთი გამოსავალი, თავი დავიცვათ პანდემიისგან.კოვიდი ჩვენთვის, როგორც მცირერიცხოვანი ერისათვის, ძალიან საშიშია. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, - ამბობს შანიძე.