ძებნის რეზულტატი:
რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის მესამე დღეს, ორი ქართველი – რამაზ ზოიძე (67კგ) და ლაშა გობაძე (87კგ) ასპარეზობდნენ. რამაზ ზოიძე მეორე დაპირისპირებაში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელთან, ალ ობაიდთან 23 წამში ოთხქულიანი და ორქულიანი გდებებით დაწინაურდა, პირველი პერიოდი 6:0 მოუგო. საბოლოო ჯამში კი მეტოქე ანგარიშით 10:0 დაამარცხა და რამაზ ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ რამაზ ზოიძე პირველ შეხვედრაში კუბელ, მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს, ისმაელ ბორერო მოლინას შეხვდა და მოწინააღმდეგე სენსაციურად, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
კოსოვო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარდაცვლილ შვილს მადლობას მედლით უხდის
კოსოვოს პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გარდაცვლილი შვილი, კოსოვოს მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობაში გაწეული სამსახურისთვის მედლით დააჯილდოვა. „ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არსებობის უფლებისთვის შეერთებულმა შტატებმა და ამერიკელმა ხალხმა გააკეთა, მსოფლიოში ახლა არსებულ ნებისმიერ პარტნიორულ ურთიერთობას აღემატება“, - განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა ვჟოსა ოსმანიმ ცერემონიაზე. ცნობისთვის, ბო ბაიდენი კოსოვოში 1998-99 წლების ომის შემდეგ მუშაობდა. უმცროსი ბაიდენი ადგილობროვო პროკურორებისა და მოსამართლეების გადამზადების პროცესში მონაწილეობდა. დელავერის ყოფილი გენერალური პროკურორი, პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟი 2015 წელს, 46 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.
აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, სულ მცირე, ერთი დოზით აიცრა
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტს აქვს გაკეთებული, – შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, სრულად ვაქცინირებულია აშშ-ის სრული მოსახლეობის 49,7 პროცენტი. როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოცხადებული თავდაპირველი გეგმით, ზრდასრული მოქალაქეების 70 პროცენტი ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით აცრილი 4 ივლისისთვის უნდა ყოფილიყო. 2 აგვისტოს მონაცემებით, აშშ-ში სულ გამოყენებულია ვაქცინის 346 მილიონზე მეტი დოზა. აშშ-ში იმუნიზაციის პროცესი „ფაიზერის“, მოდერნასა“ და „ ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დიპლომატების შესახებ რუსეთის ელჩის განცხადება არაზუსტია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არაზუსტს უწოდებს რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებას, რომ აშშ-მა რუსულ მხარეს 24 რუსი დიპლომატის სია გადასცა, რომლებმაც 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ აშშ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, რუს დიპლომატებს შეუძლიათ, შეიტანონ განაცხადი ვიზების გახანგრძლივებაზე. „მის მიერ სიტუაციის შეფასება არაზუსტია, ის არასწორია. ეს არის რუსებისთვის ვიზის ვადის სამწლიანი ლიმიტი, არაფერი ახალი. როდესაც ვიზას ვადა ეწურება, როგორც მოსალოდნელია, ამ პირებმა ქვეყანა უნდა დატოვონ ან შეიტანონ განაცხადა გახანგრძლივებაზე“, – განმარტა ნედ პრაისმა. რუსეთის ელჩმა გამოცემა „ნეიშენალ ინტერესტთან“ ინტერვიუში ვაშინგტონი რუსი დიპლომატების მუშაობის შეზღუდვაში დაადანაშაულა. როგორც მან განაცხადა, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს გადასცა 24 რუსი დიპლომატისგან შემდგარი სია, რომლებმაც ქვეყანა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ, მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა
საქართველოში კორონავირუსი 4 827 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 827 ადამიანს დაუდასტურდა, 1 895 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 258 კვლევა ანტიგენის ტესტით და 28 674 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის განმავლობაში - 8.08 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც: 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 029, აჭარაში - 691, იმერეთში - 872. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 , მათ შორის, თბილისში - 556, აჭარაში - 114, იმერეთში -282. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში - 183, აჭარაში - 14, იმერეთში - 17. 2 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 022 - თბილისში, 820- აჭარაში. 25 623 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 990 მოქალაქე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 246 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 233 , აჭარაში - 4 362, იმერეთში - 2 892.
გაუჩინარებული ბელარუსიელი აქტივისტი კიევში გარდაცვლილი იპოვეს
დაკარგული ბელარუსიელი აქტივისტი კიევში, პარკში, ჩამომხრჩვალი იპოვეს. იტყობინება Reuters-ი. აქტივისტი ორშაბათს გაუჩინარდა. ვიტალი შიშოვი კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამემამულეებს დევნისგან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოიძიებენ ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის მკვლელობას და თვითმკვლელობას.
სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო კომპონენტი დასრულდა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების Agile Spirit 2021-ის სამეთაურო-საშტაბო ნაწილის დახურვის ცერემონია გაიმართა. Agile Spirit 2021-ის ფარგლებში საველე წვრთნები კი, 6 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება და სხვადასხვა საწვრთნელ რაიონში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის მიმდინარეობას სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და პოლკოვნიკი კრის მარშალი ადგილზე დააკვირდნენ. მათ განხორციელებული აქტივობების შესახებ სპეციალურად გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში წარმოდგენილ 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრნენ. მოგვიანებით კი, სწავლების ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა სწავლების სამეთაურო-საშტაბო კომპონენტში ჩართულ პირად შემადგენლობას მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობა და პარტნიორობა ხაზგასმით აღნიშნეს. დასასრულს, წვრთნებში ჩართული სამხედრო მოსამსახურეები Agile Spirit 2021-ის სამახსოვრო დაფებითა და კოინებით დააჯილდოვეს. სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიზნად ისახავდა ბრიგადის დონის ქვედანაყოფში გაერთიანებული ძალების კოორდინაციასა და ტაქტიკურ საბრძოლო ძალად ჩამოყალიბებას, თავდაცვით და სტაბილურობის ოპერაციებს, საცეცხლე მხარდაჭერას, სიტუაციური მოქმედებების კონტროლს, ასევე მართვასა და კონტროლს ინტეგრირებული სტაბილურობის ოპერაციებში. სამეთაურო-საშტაბო კომპონენტის სწავლებაში Agile Spirit 2021-ში მონაწილე 15-ვე ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩართული. მე-10 საიუბილეო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება.
„დელტა“ შტამის დაფიქსირების გამო უჰანი კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას იწყებს
12 მილიონიან ვუჰანში კორონავირუსზე გაფართოებულ ტესტირებას ჩაატარებს და ყველა მოქალაქეს შეამოწმებს. ამის შესახებ Reuters-ი ოფიციალური წარმომადგენლების დაყრდნობით იუწყება. ეს გადაწყვეტილება „დელტა“ შტამის ახალი შემთხვევების დაფიქსირებას მოჰყვა. მიზანი ასიმპტომური პაციენტების და დადებითი შედეგის დროული გამოვლენაა. ადგილზე, საიდანაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, გასული წლის მაისის შემდეგ აღარ განუცხადებია ახალი შემთვევების დაფიქსირების შესახებ, ახლა კი იუწყებიან, რომ „დელტა“ ვარიანტი სულ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები ახლომდებარე პროვინციებში ინფექციის გავრცელებას უკავშირდება. ვარაუდობენ, რომ ვირუსი რუსეთიდან ჩასულებს დაუფიქსირდათ. თუმცა ჯერ უცნობია, არის თუ არა პროვინციებში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა „დელტა“ ვარიანტი, რადგან ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩინეთში, უჰანში ეპიდაფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. კონგრესმენების ანგარიში: მტკიცებულებათა უმეტესობა ადასტურებს, რომ კორონავირუსმა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა
ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველ მძლეოსანს დოპინგი აღმოუჩინეს
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრაიმანს სისხლში დოპინგი აღმოუჩინეს. 36 წლის ბენიკი ბირთვის მტყორცნელია. მან საქართველოს სახელით 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზეც იასპარეზა. ინფორმაციას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიც ადასტურებს და აცხადებს, რომ აბრამიანი მოხსნილია ოლიმპიური თამაშებიდან. ,,დადგენილი წესის შესაბამისად, აბრამიანი მოხსნილია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან.მის შემდგომ სპორტულ კარიერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოგვიანებით განიხილავენ შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები.აქვე გაცნობებთ, რომ ტოკიოში გამომგზავრებამდე უკლებლივ ყველა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა, მათ შორის ბენიკ აბრამიანმა გაიარა დოპინგ-კონტროლი", - აღნიშნულია განცხადებაში. ტოკიოს ლაბორატორიაში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ 31 ივლისს ჩატარებული კვლევის შედეგად აბრამიანის ორგანიზმში სამი აკრძალული სტეროიდი აღმოჩნდა – მეტანდიენონი, დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონი და ტამოქსიფენი.
ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ავღანელი გენერალი ყველას აფრთხილებს, რომ თუ „თალიბანი“ გაიმარჯვებს სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამას „დამანგრეველი შედეგები“ მოჰყვება გლობალური უსაფრთხოებისათვის. ამის შესახებ BBC წერს. გენერალი სამი სადათი „თალიბანის“ წინააღმდეგ სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში ბრძოლას ხელმძღვანელობს. თალიბანმა ქალაქის ცენტრი დაიკავა. მისი თქმით, „თალიბანს“ აძლიერებენ სხვა ისლამისტური დაჯგუფებების მებრძოლები და აღნიშნა, რომ მათი მიღწევები საფრთხეს უქმნის ავღანეთს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძალადობის გაზრდის გამო, აშშ მიიღებს ათასობით ავღანელ ლტოლვილს, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ის ძალებთან. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია „თალიბანის“ „შემაშფოთებელი დანაშაულების“ შესახებ. მისივე თქმით, მოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო აღიარებას არ მიიღებს და სანქციების მოხსნას არ მიაღწევს, თუ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით შეეცდება. BBC იტყობინება, რომ გავრცელებული ვიდეოები აშკარად მიუთითებს შურისძიების გზით ჩადენილ მკვლელობებზე. ცნობისათვის, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე Europetime-თან აცხადებს, რომ იდეალური მზადყოფნისგან შორსაა ის მდგომარეობა, რაც დღეს ავღანეთშია, მაგრამ ოდესღაც ქვეყანამ საკუთას უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს. „ამდენი წლის განმავლობაში, მეკავშირეებმა, ვგულისხმობ როგორც NATO-ს, ასევე ალიანსის პარტნიორ სახელმწიფოებს, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადეს როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური რესურსი იმისთვის, რომ ავღანეთს საკუთარი უსაფრთხოება თავად ემართა. როდესაც ISAF-ის მისია დასრულდა და აქტიური მხარდაჭერის მისიაში გადავიდა, ამის არსი ზუსტად ის იყო, რომ საკუთარი უსაფრთხოება თავად ავღანურმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ. ამისთვის საკმაოდ აქტიური წვრთნებიც ჩატარდა და დიდი რესურსიც დაიხარჯა. რამდენად სწორად გამოიყენებს ამას ავღანეთი, ეს სერიოზული გამოწვევაა მისი სახელმწიფოებრიობისა და მომავლისთვის, ისევე როგორც, ჩვენთვის, ყველასთვის, რადგან ნამდვილად არავის ინტერესშია, რომ ავღანეთი კვლავაც გადაიქცეს ტერორიზმის ბუდედ. ასე რომ, ეს გამოწვევა ნამდვილად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მეკავშირეები კვლავაც სერიოზულ დახმარებას გაუწევენ ავღანეთს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს დადგა ის ეტაპი, როდესაც ქვეყანამ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა აიღოს“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან. ამავე თემაზე: „თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს ექსკლუზივი: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება „თალიბანი“ აშშ-ის არმიის ბოლო ოთხვარსკვლავიანი გენერალი ავღანეთში, ქაბულიდან გააცილეს გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ექსკლუზივი: თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა
თამარ გაბუნია: ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო, მოქალაქეებმა პირბადე უნდა ატარონ ყველგან, სადაც შესაძლებელია. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს, თუ მოქალაქემ თავად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სანქციები, უბრალოდ, ფორმალობაა. სტანდარტი ერთია; სანქცირებას ყველა თანაბრად ექვემდებარება. შრომის ინსპექცირების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამშრომლები ამაზე ერთად მუშაობენ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 827 ადამიანს დაუდასტურდა, 1 895 გამოჯანმრთელდა, ხოლო 34 ინფიცირებული გარდაიცვალა.
ამირან გამყრელიძე: წელს კოვიდით გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. “გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა სრულად და 99.7% სამწუხაროდ არის აუცრელი. მეორეს მხრივ გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში და სრულად აცრილების შემთხვევაშიც, დაახლოებით თხუტმეტჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15 ჯერ იცავს. 1000 აცრილ ადამიანში შეიძლებდა კოვიდით დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდ დაღუპვის ალბათობა არის 15”, – განაცხადა გამყრელიძემ. 3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 428 670 პირს დაუდასტურდა კოვიდი, მათ შორის გარდაიცვალა 5 910 ადამიანი.
თუ კორონავირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს
თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. „ძირითადი გზავნილები, რომელიც დღეს ინტენსიურად განვიხილეთ და რომელთაც საბჭო დათანხმდა, არის შემდეგი - უნდა გამკაცრდეს დახურულ შენობებში პირბადის ტარების აღსრულება; ასევე, დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება გარე სივრცეებში 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში. თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ის, რაც დაწესებულია. ყველანაირი ტიპის თავშეყრების - ქორწილების, ქელეხების, წვეულებების, ფესტივალების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და, ეს დავალებები უკვე მიეცათ შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კოვიდვაქცინაციისთვის რეგისტრირებული 19 000 ჯავშნიდან 3 000 ადამიანი ასაცრელად არ გამოცხადდა
გუშინ 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული. „აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა. ამიტომ ახლა ჩვენ, ჩვენს აიტი სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ ამას, გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე, რომ რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე. ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ მაგალითად Sinopharm-ზე და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს Pfize-ზე. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი Pfize-ზე, ძირითადად რეგიონებში, AstraZeneca-ზე - 17 791, Sinopharm-ზე“ – 79 523, Sinovacზე - 73 749“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დახურულ შენობებში პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება. „ძირითადი გზავნილები დღეს, რაც ინტენსიურად განვიხილეთ და რასაც დათანხმდა საბჭო, გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარების დახურულ შენობებში. განსაკუთრებით, ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და რეკომენდაცია, ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში და ამავე დროს, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცათ დავალებები შესაბამის ორგანოებს – აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ. ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით, „პისიარ“ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ და თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ყველა ინდიკატორით, ინციდენტობის ინფიკატორით, ეს გახლავთ დადებითობის მაჩვენებელი, ეს გახლავთ სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე, არის ყველა იმის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში მაქსიმალურად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ადგილები გაუქმებულია Sinopharm-ის ვაქცინებზე. იმნაძის განცხადებით, ამის მიზეზი შეიძლება საქართველოში Pfizer-ის შემოტანა გახდა და ადამიანებმა Sinopharm-ის ნაცვლად Pfizer-ით აცრა მოინდომეს, თუმცა ეჭვებს ბადებს ის, რომ ძალიან ბევრი ჯავშანია გაუქმებული Pfizer-ზეც. “რაც სისტემიდან მარტივად ამოღებადია ის ამოვიღეთ. საკვირველად მეტი ადგილია გაუქმებული აცრებზე. ერთი იმდენი “სინოფარმზეც” გაუქმდა. მესმის ეს შეიძლება იყოს იმით გამოწვეული, რომ ვიღაცას მერე “ფაიზერი” უფრო მოეწონა, Sinopharm-ზე გააუქმა და Pfize-ზე გადაეწერა. კი ბატონო… მაგრამ Pfizer-ზე ერთი იმდენი რომ არის გაუქმებული, რა თქმა უნდა, ჩვენში ეს უკვე ადრე გამოთქმულ ეჭვებს აჩენს, ხომ არ ხდება ხელოვნურად სისტემის გადატვირთვა და სისტემაში ხელოვნურად ადგილის დაკავება”, – განაცხადა იმნაძემ.
ზაზა წერეთელი: ბევრი ახალგაზრდა თვლის, რომ თუ დააცემინებს, ეს ჩვეულებრივი გაციებაა, თუმცა „დელტას“ ჩვეულებრივი გაციების მსგავსი სიმპტომი აქვს
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე საუბრობს. Europetime-თან ინტერვიუში ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ სიმპტომატიკა არის ჩვეულებრივი გაციების მსგავსი. შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდა თვლიდა, რომ თუ დააცემინებდა, ჩვეულებრივ გაცივდნენ და აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ამან გამოიწვია სწრაფად გავრცელება. „უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი, რაც პრობლემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. „დელტა“ შტამი 100-ზე მეტ ქვეყანაში გახდა დომინანტური. როდესაც მაისში, „დელტა“ შტამზე დაიწყო ლაპარაკი, დადგინდა, რომ ეს შტამი ძალიან სწრფად ვრცელდება. როდესაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში უნდა ეფიქრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. სწორედ ამ დროს მოხსნა საქართველომ თითქმის ყველა შეზღუდვა, გახსნა საზღვრები, რამაც ხელი შეუწყო იმ ქვეყნებიდან ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, სადაც დელტა „შტამი“ იყო დომინანტური. ამას დაემატა ის, რომ მოქალაქეები რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც ტურისტული ეპიცენტრია, თითქმის აღარ ატარებდნენ პირბადეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გამოცდილებით, „დელტა“ შტამი ასეთი ვერაგია, საქართველომ სამწუხაროდ, არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა. საქართველოში კორონავირუსი დღეს 4 827 ადამიანს დაუდასტურდა.
თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში განთავსებულ ექსპონატების გატანას ორ ახლომდებარე სივრცეში განიხილავენ, შემდეგ კი განახლებულ მუზეუმში დააბრუნებენ. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, შენობის მდგომარეობა არის მძიმე და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, თუმცა შეთანხმება შედგა იმაზე, რომ მუზეუმისთვის 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებები ეტაპობრივად გამოიყოფა. „ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ძალიან დიდი შრომა. შენობის მდგომარეობა, რომელსაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში არავინ შეხებია და სამწუხაროდ, მზრუნველობის ქვეშ ნაკლებად იყო, არის მძიმე მდგომარეობაში და დიდი ფინანსური დანახარჯი იქნება საჭირო, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ უკვე 2022 წლიდან შესაბამის ასიგნებებს ეტაპობრივად გამოვყოფთ. დანიშნულია შენობის აღდგენის კონსტრუქციულ ნაწილში პროექტის ხელმძღვანელი ეს გახლავთ ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში მომუშავე ძალიან ღვაწლმოსილი და გამოცდილი ადამიანი, კონსტრუქტორი ბატონი გიგლა ჭანუყვაძე. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ამას ვერ გაწვდება და ჩვენ ველოდებით, რომ მან მისი შეხედულებისამებრ პროფესიონალების გუნდი დააკომპლექტოს. შემდეგ უკვე მოვიწვევთ ამავე ჯგუფში სამუშაოდ როგორც არქიტექტორ-რესტავრატორებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებს და დავიწყებთ პროცესს, იმისთვის, რომ განახლების და აღდგენის კონსტრუქციული და რა მხოლოდ პროექტი იყოს მზად და როგორც თანხებთან დაკავშრებით მოგახსენეთ, მომავალი წლის ასიგნებებიდან ეს რომ იყო საქართველოს ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ვიცე-პრემიერის თქმით, 5 აგვისტომდე კონკრეტული სივრცე დასახელდება, თუ სად მოთავსდება დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. „რაც შეეხება ექსპონატებს, ჩვენ სამოქმედო გეგმაში ვთქვით, რომ 5 აგვისტოსთვის უნდა ვთქვათ, სად შეიძლება მანამ, ვიდრე 1835 წელს ზუბალაშვილების მიერ აგებული ეს შენობა განახლდება, გამაგრდება, ეს იქნება ძალიან დიდი ტექნიკური სირთულე, მაგრამ პროექტი გაკეთდება და ეს ითხოვს დროს, ამასობაში სად უნდა მოთავსდეს დროებით საცავში ასეულობით ათასი ექსპონატი. ჩვენ ვთქვით, რომ 5 აგვისტომდე სივრცეების იდენტიფიცირებას მოვახდენდით. მე ვვარაუდობ, რომ დღის ბოლომდე თუ არა ხვალ, ყოველ შემთხვევაში, 5 აგვისტომდე კონკრეტულ სივრცეს ჩვენ ვიტყვით, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ექსპონატები შორს ვერ გადაადგილდება, განსაკუთრებით ოქროს ფონდში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ზოგიერთი ექსპონატი ფიზიკურად ვერ აიტანს შორს გადაადგილებას. ამიტომ, ის ორი სივრცე, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე დღეს ხვალ გვაქვს ვადა და მოგახსენებთ, არ იქნება თვითონ კონკრეტული მუზეუმისგან შორს მდებარე სივრცეები, სადაც დროებითი საცავები მოეწყობა, ვიდრე თვითონ მუზეუმი იქნება აღდგენილი და განახლებული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანი: ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტირდეს ვაქცინაციის პროცესი სოფლად, თუ პატარა ქალაქებში
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის უმძიმესი; მე მინდა ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მე მინდა, ჩემი მხრიდან, ყველას მივმართო და მოვუწოდო პირბადის ტარებისკენ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორმე შევძლოთ და ერთმანეთი დავიცვათ, დავიცვათ საკუთარი თავი და უნებლიედ არ შევუწყოთ ხელი ჩვენივე, ან სხვისი სიცოცხლის დროზე ადრე დასრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს სხვადასხვა სტრუქტურა, მათ შორის სოფლად, თუ პატარა ქალაქებში, ყველა გარემოში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი, რომელიც უფრო აქტიური გახდა ბოლო დღეებში, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემისა და ყველა უწყების მონაწილეობით, გახდეს კიდევ აქტიური“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ გაგუა გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს. ნიკოლოზ გაგუა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის მიმართულებას უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ნიკოლოზ გაგუა, ეკატერინე მიქაბაძესთან და ეკატერინე გალდავასთან ერთად, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები პარლამენტმა გასულ კვირას აირჩია. საბჭოს წევრთა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატურები პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა წარუდგინა. ნიკოლოზ გაგუა ბოლო წლების განმავლობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები. საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭო ნიშნავს.
პაატა იმნაძე: ეს ხალხი ქორწილებს ვერ ეშვება, მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა
მოვითხოვეთ მკაცრი შეზღუდვების აღდგენა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ერთ-ერთი, რა შეზღუდვაც მოვითხოვეთ, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა იყო, მოვითხოვეთ ასევე რესტორნებში დაშვება იმ ადამიანების, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, ან ნეგატიური ტესტები აქვთ. ასევე ვისაუბრეთ ქორწილებზე, ვერ ეშვება ეს ხალხი ქორწილებს, ამიტომ იყო წინადადება, რომ იყოს 50-კაციანი ქორწილები, ოღონდ თუ ყველა აცრილი იქნება, ან ყველა გატესტილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. 3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის დაფიქსირებიდან დღემდე კი ქვეყანაში 428 670 პირს დაუდასტურდა კოვიდი, მათ შორის გარდაიცვალა 5 910 ადამიანი.
ივანე ჩხაიძე: დადგა დრო, ვიფიქროთ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ნიღბის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ასევე ღია სივრცეებში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაც. ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტს არაპროგნოზირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების შექმნა შეუძლია და აღნიშნული შეზღუდვების გარეშე, ინფიცირების შემთხვევების მატება გაგრძელდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არსებული შეზღუდვების მონიტორინგიც: „ალბათ დრო დადგა, ვიფიქროთ არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული. ამის უკან უნდა იდგეს ძალიან მკაცრი მონიტორინგი და ძალიან მკაცრი კონტროლი. ინფექციის გავრცელების სწრაფი შეწყვეტის შესაძლებლობა არის მხოლოდ ნიღბის სავალდებულო ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. ძალიან ბევრი ქვეყანა დაუბრუნდა ამ რეკომენდაციას, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელმაც მოხსნა ეს ვალდებულება, ისევ უბრუნდება“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. „პირველ რიგში უნდა იყოს აუცილებლად მკაცრად გაკონტროლებული ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში. აუცილებლად უნდა იყოს, მაქსიმალურად სიმკაცრით აკრძალული ნებისმიერი თავშეყრა. წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი. არა აქვს მნიშვნელობა. სარესტორნო სივრცეში, დახურულ სივრცეში კვების პროცესი არის ყველაზე იოლი გადაცემის გზა კორონავირუსის "დელტა" ვარიანტისთვის. ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში უნდა იყოს სასწრაფოდ და კატეგორიულად აკრძალული“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.