ძებნის რეზულტატი:

მიმდინარეობს მუშაობა, შექმნან პოლივაქცინა, რომელიც ყველა შტამზე იმოქმედებს - ინტერვიუ ზაზა წერეთელთან

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, შეზღუდვების შემოღების მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიიჩნევს, რომ ჯარიმების ჩამოწერა, მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვაზე უარყოფითად იმოქმედებს. იქედან გამომდინარე, რომ `ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების არსებულ ტემპს ვერ ეწევა“, თვლის, რომ „შეზღუდვების დაწესება მაინც აუცილებელია“. კითხვაზე, როდის დასრულდება პანდემია, პასუხობს, რომ კიდევ ორი წელი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ სპეციალისტები იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა, „დელტა“ შტამის გენოტიპი კი უკვე იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, Europetime ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ, ზაზა წერეთელთან ინტერვიუს გთავაზობთ. ზაზა წერეთელი: „დელტა“ შტამი 100-ზე მეტ ქვეყანაში გახდა დომინანტური. როდესაც მაისში, „დელტა“ შტამზე დაიწყო ლაპარაკი, დადგინდა, რომ ეს შტამი ძალიან სწრფად ვრცელდება. როდესაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში უნდა ეფიქრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. სწორედ ამ დროს მოხსნა საქართველომ თითქმის ყველა შეზღუდვა, გახსნა საზღვრები, რამაც ხელი შეუწყო იმ ქვეყნებიდან ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, სადაც დელტა „შტამი“ იყო დომინანტური. ამას დაემატა ის, რომ მოქალაქეები რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც ტურისტული ეპიცენტრია, თითქმის აღარ ატარებდნენ პირბადეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გამოცდილებით, „დელტა“ შტამი ასეთი ვერაგია, საქართველომ სამწუხაროდ, არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ. _მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდიც სწორედ ამ შტამის გავრცელებას დაემთხვა, თუმცა ტემპი არც ისე მაღალია, როგორც ვარაუდობდნენ... ვაქცინაციის ტემპზე ლაპარაკი დადებითად შეუძლებელია, რადგან ძალიან მცირე მოცვაა. საქართველომ ძალიან სუსტი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ვაქცინაცია და ორჭოფობენ. აღსანიშნავია, რომ „დელტა“ შტამმა მოიკიდა ფეხი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, სადაც აცრილთა რაოდენობა მაღალი იყო. ჩვენს ქვეყანაში კი, როდესაც „დელტა“ შტამი გავრცელდა, სულ სამი პროცენტი იყო აცრილი. წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნებს გაუჭირდათ, სადაც 60%-იანი მოცვა იყო. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნა იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და ამიტომაც გვაქვს შემთხვევების ზრდა. ადრე, ქვეყნების მთავრობები ამბობდნენ, რომ ვაქცინით მოსახლეობის 60%-მდე უნდა აცრან, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე უნდა ავიდეს. ასე თუ გაგრძელდა საქართველოში, 60%-ის აცრაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შემთხვევების ალბათ კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ეს ტემპი ვერ ეწევა „დელტა“ შტამის გავრცელებას. ამიტომ, შემოდგომა შეიძლება, ძალიან რთული იყოს საქართველოსთვის. „დელტა“ შტამი ძალიან ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თუ შემთხვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს. _ცნობილია, რომ ერთი დოზით აცრის შემთხვევაში „დელტა“ შტამისგან დაცვა 30%-ს აღწევს. ეს ყველა ვაქცინის შემთხვევაში ასეა თუ არის გამონაკლისები? კვლევები ჩატარებულია Moderna-ზე, Pfizer-სა და Aztrazeneca-ზე და ეფექტიანობა ერთი დოზით აცრისას 30-დან 33%-მდეა. ეს შედეგები არ არის ცნობილი ჩინურ ვაქცინებზე. ასევე არაფერი ვიცით რუსულ ვაქცინაზე. ახლა უკვე ისრაელშიც გამოჩნდა შემთხვევები Pfizer-ით ორჯერადად აცრილებში და ეფექტიანობა იმისა, რომ საერთოდ არ დაგემართოთ ვირუსი, 88-დან 65%-მდე ჩამოვიდა. თუმცა 90%-ით იცავს ეს სამივე ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და დამძიმებისგან. ამერიკელებმა ჩაატარეს კვლევა, რომ იმდენად ძლიერი შტამია „დელტა“, აცრილ ადამიანშიც რომ შეიჭრება, ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა მაინც ძალიან დიდია. არააცრილ ადამიანში კი ვირუსული დატვირთვა ათასჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო „ალფა“ (ბრიტანული) შტამის დროს. სწორედ ამიტომ დაიკლო ვაქცინების ეფექტურობის დონემ, თუმცა ვირუსს უმკლავდებიან და ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. რადგანაც აცრილებსაც შეიძლება დაემართოს და უსიმპტომოები იყვნენ, ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ აცრილმა პირბადე ისევ უნდა ატაროს, რადგან არააცრილი ადამიანი შეიძლება ძალიან მარტივად დაასნებოვნოს. ორნახევარჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია არააცრილებში „ალფასთან“ შედარებით. 5-ჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია იმ ვირუსთან შედარებით, რომელიც ვუჰანიდან წამოვიდა. _ასეთ ვითარებაში მესამე დოზით აცრის ვარაუდებს და უკვე არსებულ პრაქტიკას როგორ უყურებთ? მიმდინარეობს მსჯელობა, იქნება თუ არა საჭირო მესამე დოზა. Pfizer-ი ამბობს, რომ ამის მომხრეა. ზოგის ვარაუდით, ეს ფარმაცევტული კომპანიის ინტერესია, რადგან დიდი შემოსავალი მიიღეს. ამიტომ, ეპიდემიოლოგები, მეცნიერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ ჯერ თავი უნდა შევიკავოთ და გავიდეს გარკვეულ პერიოდი, დავაკვირდეთ. ისრაელმა გადაწყვიტა მესამე დოზით აცრის დაწყება, რადგან ნახა, რომ ორჯერადად აცრილები დაინფიცირდნენ, თუმცა ისრაელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულების და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების აცრას დაიწყებს. ისრაელის შედეგი გახდება ალბათ სხვა ქვეყნებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. _რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, „დელტა“ შტამის მიმართ ეფექტიანობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? ინფორმაციის ნაკლებობაა პრობლემა. თუ Moderna-ს, Pfizer-ის და Aztrazeneca-ს შემთხვევაში მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება, თუ როგორ მუშაობს ეს ვაქცინები, ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით ცოტა რამ ქვეყნდება. შესაბამისად, მათ ეფექტიანობაზე მსჯელობა ძალინ რთულია. ცხადია, ჩინელები ამბობენ, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია, თუმცა პროცენტებში როგორ გამოიხატება „დელტა“ შტამისადმი ეფექტიანობა, რთული სათქმელია, მით უმეტეს, ჩინური ვაქცინები დამზადებულია ვუჰანის ვაქცინის სტილზე და იმდენად შეიცვალა ეს შტამი მას შემდეგ, რომ ეფექტიანობაზე საუბარი რთულია. გარკვეულმა ქვეყნებმა, ბაჰრეინმა, ჩილემ და ემირატებმა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, გადაწყვიტეს, რომ Pfizer-ის მესამე დოზა დაემატებინათ. ერთი უნდა ითქვას, რომ ვაქცინების უმეტესობა ჰოსპიტალიზაციას და ლეტალობას ამცირებს. _სწრაფი გავრცელება ხომ არ უკავშირდება იმას, რომ გარკვეულწილად, ამ შტამის დიაგნოსტიკა შედარებით გართულდა? სიმპტომატიკა არის ჩვეულებრივი გაციების მსგავსი. შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდა თვლიდა, რომ თუ დააცემინებდა, ჩვეულებრივ გაცივდნენ და აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ამან გამოიწვია სწრაფად გავრცელება. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ანადგურებენ „დელტას“ ისე, რომ ფილტვებამდე არ მიაღწიოს, თუმცა რჩება ცხვირ-ხახაში და სამწუხაროდ, ჩვენს ვაქცინებს არ აქვთ ის მექანიზმი, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსს მოერიოს. ამიტომ შეუძლია აცრილ ადამიანს, გაავრცელოს ვირუსი და ამიტომ არის აუცილებელი პირბადე. _აქედან გამომდინარე, ხომ არ ხედავთ საჭიროებას, „დელტა“ შტამის წინააღმდეგ შეიქმნას ვაქცინა? ლეტალობა არ შეცვლილა. უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი, რაც პრობლემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. თუმცა აკვირდებიან და როგორც ამბობენ, თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა. Moderna-მ, Pfizer-მა „დელტა“ შტამის გენოტიპი იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება, თუმცა შტამები ხომ არ ქრება, შეიძლება, ახალი გამოჩნდეს. ვიდრე არიან აუცრელი ადამიანები, ვირუსს აქვს საშუალება, რომ გამრავლდეს. იმდენად წინ წავიდა მეცნიერება, (ამერიკელ და გერმანელ მეცნიერებში) რომ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, შექმნან პოლივაქცინა, რომელიც ყველა შტამზე იმოქმედებს.

იაკობ ქაჯაიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალში და ოქროს მედლისთვის სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და 0:5 დამარცხდა. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე უკვე ერთი ოქროს , ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

ვახტანგ გომელაური ფარულ მოსმენებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

კარგი იქნება, რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. ალბათ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინსიტრმა, ვახტანგ გომელაურმა „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა, რომლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. მინისტრის თქმით, თუ გამოსაძიებელი იქნება, შესაბამისი სტრუქტურები აუცილებლად გამოიძიებენ. „ჩემი აზრით ამ განცხადებაზე დეტალებში ჩასვლა ჩემი მხრიდან ზედმეტია. კარგი იქნება რომ მომისმინონ, იქ კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ. ალბათ, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ, თუ გამოსაძიებელი იქნება. მე არანაირი შეგრძნება არ მაქვს, რომ მისმენენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ბელარუსმა სპორტსმენმა პოლონეთში თავშესაფარი მოითხოვა

ბელარუსმა ათლეტმა, კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელიც ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და იძულებით სცადა მისი ბელარუსში დაბრუნება, პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. ამის შესახებ ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ოპეკინმა, ისაუბრა. როგორც ცნობილია, პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.

ვახტანგ გომელაური: მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას. ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 25 სასაზღვრო სექტორი.სასაზღვრო ოპერაციების ელექტრონული დაკვირვების სისტემა მოეწყო 9 სექტორის დასაცავ მონაკვეთზე. აშენდა და აღიჭურვა გემთსარემონტო სახელოსნო ფოთში, რამაც შესაძლებელი გახადა ხომალდების სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება.აშენდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC). უწყებათშორისი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს. აშენდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ბაზირების სადგური - მცირე ზომის ნავმისადგომი. სრულიად განახლდა სანაპირო დაცვის რადიო-საკომუნიკაციო სისტემები. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადაეცა „აილენდის" კლასის 2 სადარაჯო ამერიკული ხომალდი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ორი ჯგუფი და ორი მცურავი საშუალება ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩაერთო. 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. კერძოდ: სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომლითაც მომხმარებელი სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამის დანაყოფს ანონიმურადაც აცნობებს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი დანაყოფი ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პასუხობდეს ამოცანებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად ვდგავართ", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებით. „შემუშავებულია განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის, ანალიტიკური ქსელი უნდა დაინერგოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პერიოდში დაიხვეწება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა. საპოლიციო რესურსების სწორად და ეფექტიანად გადანაწილების, ოპერატიული რეაგირების მონიტორინგისა და შემადგენლობის მუშაობის შეფასების მიზნით მუშავდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვასა და ანალიტიკური მონაცემების ფიქსაციასაც გულისხმობს. დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა. მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა. ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 2025-2030 წლებისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე იგეგმება, სხვადასხვა სახის ჭკვიანი კამერის განთავსება, რომლებიც დაფიქსირებული არაორდინარული ქცევის, აგრეთვე, ხმის დეტექციის მიხედვით გასროლის იდენტიფიცირებისას შეტყობინებებს გადასცემს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს. 2022-2027 წლების შუალედში გაგრძელდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ან მოძრაობის ამოცნობა-იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც იძლევა ფოტოსურათის, მათ შორის ჯგუფური ფოტოს, ფოტოების ფრაგმენტების აღდგენის მიხედვით ცალკეული პირის ამოცნობის შესაძლებლობას. განვითარდება ვიდეოამომცნობი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ვიდეოფაილებში ასახული პირების იდენტიფიცირება. 2021-2027 წლებში, სტატისტიკური მონაცემების გენერირების, სხვადასხვა დეტალისა და გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავების, სიზუსტისა და პროცედურის გამარტივების მიზნით, განხორციელდება სტატისტიკური მოდულის დახვეწა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო

„მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით 112-ში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა. „მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112";დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი - ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ "112"-ს."112"-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება "112"-ის მომსახურების დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა.ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს.ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება "112"-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მან ასევე ისაუბრა „ხელშესახებ ცვლილებებსა და რეფორმებზე, რომლებიც მისი თქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით გატარდა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარების და სტანდარტების ამაღლების კუთხით. „საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მოხდა როგორც ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური მიმართულებით გაუმჯობესება, ასევე, ადამიანური რესურსების გადამზადება. არ არსებობდა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზის მიმართულებები, რაც 2013 წლიდან ამოქმედდა. უმნიშვნელოვანესია გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და აღიჭურვა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განთავსებულია 20 სხვადასხვა მიმართულების სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია; წარმატებით განხორციელდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო ISO სტანდარტის მიხედვით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი გახდა ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის სრული წევრი; სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და სტანდარტების ამაღლების კუთხით, კერძოდ: ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის გზით განხორციელდება დნმ-ის, ქიმიური, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ასევე, ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის შესაძლებლობების განვითარება. გაფართოვდება ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების სტანდარტის აკრედიტაციის სფერო. შემუშავდება ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის და საშიში ქიმიური ნივთიერებების ლაბორატორიის შექმნის სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს. „ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობა სხვა ქალებზეც განხორციელებულა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინებებიც შევიდა. შს მინისტრის თქმით, უწყებაში ორი შეტყობინება შევიდა, თუმცა ეს ფიზიკური ძალადობა არ იყო. „ორი შეტყობინება იყო, რომელზეც ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა - „შეგვეშინდა, ჩვენსკენ მოძრაობდა და გავიქეცითო“. მოვიყვანეთ, დავკითხეთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ი გავრცელებულ დოკუმენტებზე: ეს დეზინფორმაციული კამპანია მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის

„სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის“, - ამის შესახებ სუსი განცხადებას ავრცელებს მედიაში გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. „გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ. აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია. სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება“. ცნობისათვის, „მთავარი არხის“ გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ოპერატიული დოკუმენტები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შედეგის ანგარიშები. ამავე თემაზე: ვახტანგ გომელაური ფარულ მოსმენებზე: კარგი იქნება, რომ მომისმინონ, კარგ რაღაცებს ვლაპარაკობ

რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას

ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტი დღეს ოპოზიციისა და მმრათველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ მმართველი პარტიის ლიდერები მიიღო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, საუბრის მთავარი განსახილველი საკითხი 19 აპრილის შეთანხმება იყო. პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეთანხმება ანულირებულია და უფრო მეტიც, ასეთი ტიპის შეთანხმებას მმართველი პარტია ხელს არასოდეს მოაწერს. „რაც შეეხება ამ შეთანხმებას, მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ შეთანხმებას აღარ დავუბრუნდებით. არათუ ამ შეთანხმებას არ დავუბრუნდებით, გამორიცხულია, რომ მომავალში კიდევ ერთ მსგავსი ტიპის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, როგორი ხელოვნური კრიზისიც არ უნდა შექმნას რადიკალურმა ოპოზიციამ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი გულისხმობს თუნდაც დროებით, მაგრამ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ქვეყანას უნდა გავუფრთხილდეთ და არცერთ შემთხვევაში აღარ უნდა დავუშვათ ის, რომ ქვეყანა თუნდაც დროებით გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორებს კარგად ესმით, რომ 19 აპრილის შეთანხმების ვალდებულებების შესრულება, ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში და რომ ამ ვალდებულებების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან უარის თქმა უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის. „ამიტომ, აქ ჩვენი საუბრის მთავარი თემა იყო, არის თუ არა კიდევ სივრცე იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაბამისად გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება მათი მხრიდან მცდელობას, რომ გააგრძელონ პოზიციონირება, რომ ამ შეთანხმებას არ აქვს შესაბამისი სავალდებულო ძალა მათთვის, მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ძალიან ნათლად ამბობს, რომ ამ შეთანხმებით არსებული ვალდებულებების შესრულების მოლოდინია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან და მათ შესრულებაზე უარის თქმა, პირდაპირ მიაყენებს დარტყმას „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. ჩემი აზრით, დღეს რაც უფრო მეტი პოზიცია დაფიქსირდება შეთანხმების მხარდამჭერი და რაც უფრო მეტი ადამიანი იტყვის თუ რა შედეგები მოჰყვება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პირველ რიგში, თავად „ქართული ოცნებებისთვის“, მაგრამ ასევე ქვეყნისთვის, მით უკეთესი იქნება თვით პროცესისთვი,“- განაცხადა სამადაშვილმა. პარტია ,,ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მათ პრეზიდენტს პარტიის პოზიცია გააცნეს. „ჩვენ მას გავაცანით „ლელოს" პოზიცია. ვუთხარით, რომ ეს ხელშეკრულება არსებობს მანამ, სანამ მისი წევრები და გარანტორები ამ ხელშეკრულების ნაწილია, მათ შორის პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ის პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამგვარი შეთანხმებები ასე არ ირღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ბრძოლას გავაგრძელებებთ ხელშეკრულების შესრულებისთვის ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ერთად, რასაც ჰქვია ქვეყანაში სასამართლო სისტემის მთლიანი რეფორმა, 43%-იანი ბარიერი და ა.შ. ასე, რომ ყველა მეთოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველოში დადგეს რიგგარეშე არჩევნები და ქვეყანა გადავიდეს კოალიციურ მმართველობაზე", - განაცხადა ხაზარაძემ. „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით მისი პარტიის პოზიცია დააფიქსირა. „ქალბატონ პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი „გირჩის“ დამოკიდებულება, თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის და გვგონია, რომ ქალბატონი სალომესთვის საინტერესო იყო ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ გვქონდა კრიზისი და ფაქტობრივად, მიშელის შეთანხმება, რომელიც არის, თავისი შინაარსით, ეს ჩვენი კონსტიტუციური ჩარჩოა, ვინდაიდან არ გვყავდა არცერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა კი შეასრულეს ეს როლი. დღეს, ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ანუ ის 10% დაგვაიგნორა და ამავე დროს, არ გაითვალისწინა ის, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, არამედ კონტრაქტი მქონდა შუამავლებთან, ანუ ევროკავშირთან და ამერიკასთან. მე ამას ასე ვუყურებ და ეს მოვუყევი ქალბატონ სალომეს. მკითხა, როგორია ჩვენი დამოკიდებულება არჩევნებთან მიმართებით და ვუთხარი, რომ არჩევნებთან სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. ბუნებრივია, სხვანაირი დამოკიდებულება გვაქვს, მაგრამ როგორც მე შევამჩნიე, თვითონ პრეზიდენტი, ამ საუბრებით, რაც ჩემთან ჰქონდა და ალბათ, სხვებთანაც ექნება, თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაზე და ჩემთვის პოზიცია არ უთქვამს“, - აცხადებს მეგრელიშვილი. პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები. როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სალომე ზურაბიშვილი მკაფიო და კრიტიკულ პოზიციას დააფიქსირებს მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ვაშაძემ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრების გამართვა ილუზიის შექმნაა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არცერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ. ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში. ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში. ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, 28 ივლისს პარტია ,,ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმებამ ,,თავი ამოწურა". აღნიშნულთან დაკავშირებით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა პარაკლისი. მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაც (მუჯირი) მიულოცა. „თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ მუდამ გრძნობთ ილია წინასწარმეტყველის სულიერ ძალას, მის მფარველობას და ყოველთვის ცდილობთ, თქვენი მფარველი წმინდანის მსგავსად შთაგვაგონოთ, რომ ეკლესიური ცხოვრება და ადამიანთა სულების აღშენება მხოლოდ მოწყალებით, სიყვარულითა და მოთმინებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ სათნოებათა წყალობით, რომლებიც თქვენ უხვად გაგაჩნიათ, არაერთხელ გადაგირჩენიათ მძიმე განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენთაგანი.საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქობის თუ რა მძიმე ჯვარი გარგუნათ უფალმა. ამ ჯვარს თქვენ უკვე ორმოცდა ოთხი წელია, მოწამეობრივი მსახურებით, უფლისადმი მორჩილებითა და თქვენი სამწყსოსადმი დიდი სიყვარულით ატარებთ. კერპთა დამამხობელისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი ილია თეზბიტელის მსგავსად, თქვენი ლოცვითა და ბრძნული მამამთავრობით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთს აშორებდა. უმძიმესი იყო მემკვიდრეობა, რომელიც თქვენ დაგხვდათ საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში, მაგრამ სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინების, ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნებისა და სულიერი აღმავლობის პროცესი. მიუხედავად იმჟამინდელი ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობისა, თქვენი მზრუნველობის და დიდი ძალისხმევის შედეგად გამრავლდა და აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა ეკლესია-მონასტრები, აშენდა საკათედრო ტაძრები, საეპარქიო სახლები. თქვენი დიდი ღვაწლის შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე, სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში. საბჭოთა ათეისტურ ხანაში რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები. თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“. დღეისათვის თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ გვაქვს 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, 3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა,13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი. წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი.ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებზე, შვილგარდაცვლილ დედებსა თუ სოციალურ მსახურებაზე, გაჭირვებულთა, უსახლკაროთა და უპატრონო ბავშვთა დახმარებაზე, ახალგაზრდებსა და დემოგრაფიულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს რიგით 64-ე ნათლობაზე თქვენს ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა და მთლიანობაში უკვე 43 000 გახდა. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდაოთხი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. თქვენი მუდმივი საზრუნავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ძალისხმევა, რომელსაც თქვენ მიმართავთ დროებით დაკარგული და დაპყრობილი ტერიტორიების დასაბნრუნებლად, გვწამს, საბოლოოდ, დიდი სიხარულით დაგვირგვინდება. თქვენი აღსაყდრებიდან დაწყებული ჩვენი სამშობლო და ეკლესია არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ თქვენმა სიბრძნემ და მამობრივი ზრუნვით გამსჭვალულმა სიყვარულმა დაგვაძლევინა ეს სირთულეები. თქვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. თანამედროვე ეპოქამ ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალი პრობლემები და გამოწვევები მოიტანა. დღეს, როდესაც ვხედავთ დიდ ზეწოლასა და მცდელობას, რომ ახალი სახის კერპთმსახურება დაინერგოს, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის სარჩულით ხორციელ ცოდვებს, ცილისწამებას, სიწმინდის შეურაცხყოფას და ა.შ. ნორმალურ მოვლენებად აცხადებენ, როდესაც ანტიეკლესიური ძალების მიერ ხდება მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების დევნა, გაყალბება და ცრუ სწავლებებით ჩანაცვლება, გვახსენდება თქვენი სიტყვები: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ... ორი ძალა - სულიერი და ეროვნული - გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ. ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც...„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ თქვენი ანგელოზის დღე.მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისათვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა დიდი სულიერი შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მრევლისათვის.გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი“, - მიმართა მეუფე შიომ პატრიარქს.

პატრიარქი: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს

წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა პარაკლისი. მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს. შეკრებილებს პატიარქმაც მიმართა: „ბედნიერი ვარ დღეს, რომ აქ ბრძანდებით. წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. ღმერთი არის სიყვარული. ერთი ლექსია სიყვარულზე, სადაც ნათქვამია, – „დაცარიელდა სიყვარულის ტაძარი“. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“. ამავე თემაზე: მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების მეორე დოზასთან კომბინირება კარგ დაცვას უზრუნველყოფს

AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების მეორე დოზასთან კომბინირება კარგ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნულს დანიის შრატის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს. აღსანიშნავია, რომ უამრავი ქვეყანა ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში მეორე დოზისთვის სხვა ვაქცინის გამოყენებას განიხილავს, განსაკუთრებით დანიაში მას შემდეგ, რაც იშვიათი გვერდითი მოვლენის გამო, ჯანდაცვის ორგანოებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეწყვიტეს. 144 000-ზე მეტმა დანიელმა, ძირითადად ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებმა და ხანდაზმულებმა, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, თუმცა შემდგომში ისინი Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინებით აცრეს. „კვლევამ აჩვენა, რომ კომბინირებული ვაქცინაციის პროგრამიდან თოთხმეტი დღის შემდეგ, SARS-CoV-2-ით ინფიცირების რისკი 88%-ით მცირდება არავაქცინირებულ პირებთან შედარებით“, - ნათქვამია კვლევაში. ეს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს. კვლევა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდს მოიცავს.

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის რესაპუბლიკის მუღლასა და ანტალიის რეგიონები, ბოლო პერიოდში გავრცელებული ტყის ხანძრების გამო, გამოცხადებულია სტიქიური უბედურების ზონებად. შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ რეგიონებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს მითითებულ ნომრებზე: ანკარაში საქართველოს საელჩო: +90 312 491 80 30; +90 312 491 80 34; +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

IRI-ის კვლევით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა. კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

პარლამენტმა დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია მიიღო

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 91 მომხრე ხმით არც ერთის წინააღმდეგ დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციის პროექტის ინიციატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დოკუმენტი პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ერთობლივად მომზადდა. რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია. ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა. რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.

აშშ ხორვატიასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

აშშ ხორვატიასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. პროცესი უკვე დაწყებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა. „დღეს ხორვატია ვიზების გაუქმების პროგრამაში გასაწევრიანებლად წარვადგინე. ეს ნაბიჯი უვიზო მიმოსვლისკენ ხორვატიის უზარმაზარ პროგრესს ადასტურებს, რაც პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისათვის მკაცრი სტანდარტების დაკმაყოფილებაში გამოიხატება. ჩვენ აშშ-ხორვატიის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ველით“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 2 ოქტომბერი დაასახელა

არჩევნების შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებით, პრეზიდენტმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების თარიღად 2021 წლის 2 ოქტომბერი დაასახელა.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატები საზოგადოებას თბილისის მერმა, კახა კალაძე წარუდგინა. კანდიდატების სია ასეთია: ვაკე - გიორგი ტყემალაძე მთაწმინდა - ზურაბ აბაშიძე (ყაზახეთში ყოფილი ელჩი) საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე კრწანისი - ლევან ჯაფარიძე ისანი - კახა ლაბუჩიძე სამგორი - რევაზ სოხაძე ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე დიდუბე - გივი ჩხარტიშვილი ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე გლდანი - კონსტანტინე ზარნაძე

აშშ-მა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 24 რუს დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 3 სექტემბრამდე მისცა ვადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაშინგტონში რუსეთის ელცის ანატოლი ანტონოვის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს გადასცა 24 რუსი დიპლომატისგან შემდგარი სია, რომლებმაც ქვეყანა 3 სექტემბრამდე უნდა დატოვონ, მათი ვიზების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. „ასეთი სიტუაცია არავისთვის არის სარგებლის მომტანი. აუცილებელია გადაწყვეტილებები პარიტეტის საფუძველზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის გაკეთების ყველაზე მარტივი და სწრაფი გზა არის ყველა იმ ზომისა და კონტრზომის გაუქმება, რომლებიც დიპლომატების საქმიანობას აფერხებს“, – განაცხადა ანტონოვმა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სთან დაწყებული დიალოგი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაგრძელდება.