ძებნის რეზულტატი:

კვლევა: სრულად ვაქცინირებულებში COVID-19-ის დადასტურების შანსი სამჯერ ნაკლებია

სრულად აცრილ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულ პირებს. აღნიშნულს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს. კვლევის შედეგები ინგლისში 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით თითქმის 100 000 ადამიანის ნაცხის ტესტებს ეფუძნება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ადამიანების მხოლოდ 0.63% დაინფიცირდა, ანუ 158 ადამიანიდან ერთი. PCR-ტესტის შედეგების კვლევის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სრულად აცრილმა ადამიანებმა ვირუსი სხვებს გადასცენ, რადგან მათში ვირუსული დატვირთვა საშუალოდ მცირეა. „ეს დასკვნები ჩვენს წინა მონაცემებს ადასტურებს, რომელიც ცხადყოფს, რომ ვაქცინის ორივე დოზა ინფიცირებისგან კარგ დაცვას უზრუნველყოფს. ამასთან, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ინფიცირების რისკი, რადგან არცერთი ვაქცინა არ არის 100%-ით ეფექტური და ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი სრულად ვაქცინირებული ადამიანი მაინც შეიძლება დაავადდეს ვირუსით“, - აღნიშნა კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა პოლ ელიოტმა.

თამარ გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღიურად ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია. ამის შესახებ მან ჟურნლიასტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით 7 000-მდე საწოლია მობილიზებული. "4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში, ვაქცინა 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

4 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 542 639-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 171 908 ადამიანი. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 19 173-მა ადამიანმა გაიკეთა. მაია ბუწაშვილი: ვაქცინის მისია გართულელებისგან დაცვა და სიკვდილისგან გადარჩნენაა, ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ აცრის შემთხვევაშიც დაინფიცირდით

სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურა დათუნაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში დღეს სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურა დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ხორვატი ივან ჰუკლეკი ანგარიშით 6:1 დაამარცხა. დათუნაშვილმა გუშინ პირველი შეხვედრა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, უკრაინელ ბელენიუკთან წააგო და ვინაიდან მისმა მოწინააღმდეგემ ფინალში გასვლა მოახერხა, დათუნაშვილს შანსი მიეცა რეპეშაჟიდან გაეგრძელებინა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა. სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა დღეს დილით ეს შანსი კარგად გამოიყენა და ფინალურ ბლოკში იჭიდავა. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ასევე ვიხილეთ ქართველი რამაზ ზოიძეც (67კგ), რომელიც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის გერმანელ მეტოქესთან დამარცხდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ვნობით, ნიკო თათულაშვილს განათლება მიღებული აქვს ესექსის, ლუნდის, ცენტრალური ევროპის, ბერნის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორების აპარატში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა დროს იკავებდა საერთაშორისო ურთიერთობების, პროექტების მართვისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის უფროსისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. ასევე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულ ქსელში იყო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე.

კვლევა: Sinovac-ის ვაქცინა ვირუსის სიმპტომურ შემთხვევებს 58.5%-ით ამცირებს

ჩილეში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური Sinovac-ის ვაქცინა დაავადების სიმპტომური შემთხვევების პრევენციისთვის 58.5%-ით ეფექტურია. ამის შესახებ ნათქვამია ჩილეს ჯანდაცვის ორგანოების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კვლევის მიხედვით, ვაქცინა 86%-ით ეფექტურია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და 89.7%-ით ამცირებს ინტენსიური თერაპიის საჭიროებას აცრილ პაციენტებში. ამასთანავე, პრეპარატი 86%-ით ამცირებს გარდაცვალების რისკებს. განაცხადა ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რაფაელ არაოსმა პრესკონფერენციაზე. როგორც Reuters-ი წერს, მსგავსი კვლევა ჩილეში მიმდინარე წლის აპრილშიც ჩატარდა. მაშინ, კვლევის ავტორები აცხადებდნენ, რომ Sinovac-ის ვაქცინა დაავადების სიმპტომატური შემთხვევების პრევენციას 67%-ით ახდენდა.

ინფექციონისტი: რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ

ინფექციონისტის მაია ბუწაშვილის განცხადებით, დღეს რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და მას ადამიანები აღარ იცავენ. ამის შესახებ მან Europetime-ს განუცხადა. როგორც ინფექციონისტი ამბობს, კოვიდინფიცირებულების მატების მიუხედავად, მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვების დაწესება უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება. ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი რეგულაციების აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი. Europetime-თან საუბრისას ინფექციონისტი ასევე აღნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულების ნაწილი ქუჩაში გადაადგილდება და ამაზე დამატებითი მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს ,,მკაცრი ლოკდაუნი და მძიმე შეზღუდვები უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და ეს ძალიან სერიოზულ დარტყმას აყენებს მოსახლეობას და ამიტომ ალბათ, მე ყოველ შემთხვევაში, იმ მხარეს ვარ, რომელიც ნაკლებად ემხრობა სერიოზულ შეზღუდვებს, მაგრამ რაც არის იმის აღსრულება უნდა ხდებოდეს, ეს ფაქტია, იმიტომ, რომ ფაქტობრივად რეგულაციები ფორმალურობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ. ასევე, თუ ჯარიმებს ვაწესებთ, ეს ჯარიმები უნდა გადავახდევინოთ, იმიტომ, რომ ჯარიმების ჩამოწერა ცუდი პრეცედენტია, რადგან ადამიანებში დაუსჯელობის შეგრძნებას იწვევს, არადა გამოდის, რომ ჯარიმები პრინციპში აუცილებელია, რადგან რთულია თვითკონტროლი მოვთხოვოთ ადამიანებს, ამიტომ აღსრულება უნდა იყოს ადექვატური და შესაბამისი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ გადაცემის პრევენეცია გავაკეთოთ. კიდევ ერთი, კოვიდინფიცირებულები აშკარად ვიცით, რომ მოძრაობენ ქუჩაში. აღარაფერს ვამბობ კონტაქტებზე და ამაზეც უფრო მკაცრი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს", - განაცხადა ინფექციონისტმა", - განაცხადა ბუწაშვილმა. მაია ბუწაშვილი: ვაქცინის მისია გართულებებისგან დაცვა და სიკვდილისგან გადარჩენაა, ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ აცრის შემთხვევაშიც დაინფიცირდით

ევროკავშირი ევროპის ქვეყნებს ტყის ხანძრებთან ბრძოლაში დაეხმარება

ევროკავშირი იტალიას, საბერძნეთს, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ტყის ხანძრების ჩაქრობაში დაეხმარება, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვისპირა და დასავლეთ ბალკანეთის სხვადასხვა რეგიონები მოიცვა. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იტალიის დაზარალებული ტერიტორიების დასახმარებლად საფრანგეთიდან ორი სახანძრო თვითმფრინავი დღეს გაიგზავნება. კვიპროსს ხანძრების ჩაქრობაში საბერძნეთი დაეხმარება და ორ სახანძრო თვითმფრინავს გაუგზავნის, ალბანეთში ვერტმფრენებს ჩეხეთი და ნიდერლანდები გაგზავნის. გარდა ამისა, სლოვენია აგზავნის 45 მაშველთა გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიაში. "ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, რათა უზრუნველვყოთ დახმარება იმ დროს, როდესაც ხანძარი მთელ ევროპაში მძვინვარებს. მადლობას ვუხდი კვიპროსს, ჩეხეთს, საფრანგეთს, სლოვენიასა და ნიდერლანდებს, რომ სწრაფად მოახდინეს მეხანძრეების, ვერტმფრენების და მეხანძრეების გუნდის მობილიზება იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც მძიმედ დაზარალდა", - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

თუშეთის გზაზე მანქანა ხევში გადავარდა - გარდაიცვალა ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე, ე.წ. ბოთლის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 1 კი დაშავდა. დაშავებული გერმანელი ტურისტი ქალია და ის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ადგილობრივია. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ საზაფხულო კურორტებზე დასვენების მსურველებმა - ინფექციონისტის რჩევები

ინფექციონისტი და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი Europetime-თან განმარტავს, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის პარალელურად დასვენების მსურველებმა. ბუწაშვილის განცხადებით, უნდა მოვერიდოთ ხალხმრავალ დასასვენებელ სივრცეებს და უპირატესობა მივანიჭოთ ისეთ აგარაკებსა და სოფლებს, სადაც ხალხმრავლობა არ არის. მისი თქმით, აუცილებელია დისტანციის დაცვა, ასევე ოქროს წესად რჩება ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა. ბუწაშვილის განცხადებით, ვაქცინირებულების პროცენტული რაოდენობა მცირეა და ილუზიაა იმის წარმოდგენა, რომ ახლა ვაქცინირებულების რაოდენობა გავლენას იქონიებს ამ სეზონზე პანდემიაზე. ,,კოვიდთან დაკავშირებით, პირველ რიგში მთავარი არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლებად წავიდეთ ხალხმრავალ ადგილასა და კურორტებზე. ვისაც შესაძლებლობა აქვს ვთქვათ, იზოლირებული აგარაკისა ან სოფლისა, არჩევანი უნდა გააკეთონ ამის სასარგებლოდ, ვიდრე ხალხმრავალი კურორტების, იმიტომ, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების აღმავლობა ძალიან სწრაფია და ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია იქ, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. მეორე საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ გარე სივრცეში კოვიდრეგულაცია აღარ არსებობს პირბადის ტარებისა, თუ ადამიანი ხედავს, რომ ბევრი ადამიანი ერთად იყრის თავს და თუნდაც რამდენიმე მაინც, თავისი ინიციატივით უნდა გამოიყენოს პირბადე. ჰიგიენა და ხელის დაბანა ოქროს სტანდარტებად რჩება. თუ რამდენიმე ადამიანი იკრიბება, დისტანციის დაცვა ჩვევაში უნდა ჰქონდეთ, რომ მანძილი დაიცვან სხვა ადამიანებისგან. ალბათ ეს ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი რეკომენდაციაა. თუ ვაქცინაციაზე ვილაპარაკებთ, ახლა აცრა, ამ სეზონზე, სამწუხაროდ, ინფექციის პრევენციისთვის ამ კონკრეტულ თითოეულ ადამიანს ვერ მოუსწრებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ შემოდგომაც, სავარაუდოდ, მძიმე გვექნება და მოსამზადებლად ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში (რამდენი ადამიანიც შესაძლებელია ცხადია) ეს პროცესი პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმდენად პატარა პროცენტია აცრილების, რომ ამ სეზონზე იმის ილუზია, რომ იმდენი ადამიანი აიცრება, ეს პანდემიას რაიმე სიკეთეს შეატყობს, სამწუხაროდ, ესე არ იქნება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მართალია, ჩვენ უკვე დავრწმუნდით პანდემიის მიმდინარეობისას, რომ ზედაპირებით ნაკლებად გადამდებია კოვიდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმები მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მარტო კოვიდი არ არის ჩვენს გარშემო და ბევრი მაგალითად, დიარეული დაავადებების აფეთქებები გვაქვს ხოლმე კურორტებზე", - განაცხადა ბუწაშვილმა. მაია ბუწაშვილი: ვაქცინის მისია გართულებებისგან დაცვა და სიკვდილისგან გადარჩენაა, ამიტომ, ნუ ინერვიულებთ, თუ აცრის შემთხვევაშიც დაინფიცირდით ინფექციონისტი: რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 3 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა კი საპასუხო ცეცხლი გახსნა

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლეს. სამი რაკეტიდან ორი ისრაელის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ მიწაზე ჩამოვარდა, მესამე კი საზღვარზე დაეცა. ინფორმაციას Timeofisrael-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გამოცემა წერს, საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საარტილერიო ცეცხლი სამჯერ გახსნა. ისრაელმა გაეროს სამშვიდობოების შუამავლობით ლიბანი გააფრთხილეს, რომ თუკი საზღვარზე სიტუაცია არ დაწყნარდება, მათი საპასუხო ქმედებები უფრო უხეში იქნება. ისრაელის მედიის ცნობით, არმიაში ვარაუდობენ, რომ რაკეტები არა ლიბანურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, არამედ პატარა პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისროლეს. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 20 ივლისს მოხდა, როდესაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 2 რაკეტა ისროლეს.

ბანგლადეშში, მეხის დაცემის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში, მეხის დაცემის შედეგად საქორწილო წვეულების სულ მცირე 17 სტუმარი დაიღუპა. გავრცელებული ინფრმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა მდინარე პადმას სანაპიროზე მოხდა, სადაც ნავს, რომელსაც ქორწილის ათობით სტუმარი გადაჰყავდა, მეხი დაეცა. დაღუპულთა შორის 5 ქალი და 12 კაცია. მათივე თქმით, შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. კატასტროფების მართვისა და დახმარების სამინისტროს მონაცემებით, ბანგლადეშში, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის ივნისამდე, მეხის დაცემის შედეგად სულ მცირე 201 ადამიანი დაიღუპა, 2020 წელს კი დაიღუპა 247 ადამიანი.

პაატა იმნაძე: საქართველოში 80% უკვე დელტა შტამია, მათ შორის არის დელტა პლუსიც

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ცირკულირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან 80% ვირუსის დელტა შტამია, მათ შორის კი არის დელტა პლუსის შემთხვევებიც. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. "დელტა პლუსი, რაც ლაბორატორიულად დადასტურდა, 10-ზე მეტია. თბილისში და ბათუმში თითქმის ყველა შემთხვევა დელტაა, ხოლო საქართველოზე თუ გადავიანგარიშებთ, სადღაც 80%-მდე არის დელტა ყველგან. მათ შორის დელტა პლუსი", - განაცხადა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, დელტასა და დელტა პლუს შტამებს შორის დიდი განსხვავება არ არის. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო არის პიკში, თუმცა, წინა პიკებისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით ეს უფრო დიდხანს, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევრამდე გასტანს. მისივე თქმით, ამჟამად არ იგეგმება ისეთი შეზღუდვების დაწესება, როგორიც წინა პიკების პერიოდში იყო, რადგან არსებობს ვაქცინაც და შესაძლოა ვაქცინირებული პირებს მეტი თავისუფლება ჰქონდეთ, ვიდრე არავაქცინირებულებს. "ახლა ცოტა სხვა ტიპის შეზღუდვებზე იქნება ლაპარაკი. დღეს, განსხვავებით წინა პერიოდებისგან, როდესაც შეზღუდვების და პირბადის გარდა სხვა არაფერი იყო, დღეს არის პირბადე და აცრა. აქედან გამომდიანარე, ვინც ნაკლებად საფრთხის შემცველია, იმათ ჰქონდეთ მეტი თავისუფლება და ვინც მეტად საფრთხის შემცველია თავის თავისთვის და სხვისთვის, ის უფრო მეტად უნდა იყოს შეზრუდული. ამიტომ შეიძლება იყოს შეზღუდვები, ვთქვათ, გარკვეულ ადგილებში, სადაც მაღალი რისკია, მაგალითად, რესტორნებში, დახურული სივრცეებში შევა ის, ვინც ორჯერადად არის აცრილი, ან აუცრელმა გაიკეთოს თავისი ხარჯით PCR ან სწრაფი ტესტი და ისე შევიდეს იქ. ლაპარაკია ასეთი ტიპის შეზრუდვებზე", - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 4 233 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო 24 საათში, ვაქცინა 19 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა

ტიტანიკის მუზეუმში აისბერგის რეკვიზიტი ჩამოიშალა, არიან დაშავებულები

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარე ტიტანიკის მუზეუმში აისბერგის რეკვიზიტი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში ტიტანიკის ატრაქციონის მფლობელებმა თქვეს: "ჩვენი აისბერგის კედელი ჩამოინგრა და დაშავდა სამი სტუმარი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ჩვენ არ ვიცით მათი დაზიანებების მოცულობა. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც დაზარალდა". ინციდენტის შედეგად მუზეუმი დაიხურა, თუმცა სამშაბათს აისბერგის გარეშე გაიხსნა. მუზეუმის განცხადებით, დაზიანებული არეალი ჩაკეტეს, აისბერგის ახალი რეკვიზიტის მშენებლობას კი, სულ მცირე, ოთხი კვირა დასჭირდება. როგორც გამოცემა წერს, რეკვიზიტი 4.6 მეტრი სიმაღლის და 8.5 მეტრი სიგანის იყო და რეალური ყინულისაგან იყო დამზადებული. ყინულის მასას წყლის ფილტრაციის სისტემის მეშვეობით ინარჩუნებდნენ.

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, უშიშროების სამსახურს დათანხმდა მისი სატელეფონო საუბრები მოესმინათ

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, მან უშიშროების სამსახურს მისი სატელეფონო საუბრების ჩაწერაზე თანხმობა თავად მისცა. ამის შესახებ მან "TV პირველს" განუცხადა. "დამიკავშირდა უშიშროების სამსახური და მითხრეს, რომ აპირებდნენ ჩემ ჩაწერას, სულ რომ ისმინებოდეს ჩემი ტელეფონი. მე ვუთხარი, რომ თანახმა ვარ", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. როგორც მიტროპოლიტის საუბრიდან ჩანს, მას უშიშროების სამსახურთან კომუნიკაცია, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ჰქონდა. "მე ეს ჩემი საუბრები, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები წინ არ უნდა დამხვდეს არასოდეს, იმიტომ, რომ ჩემზე კიდევ ბევრი ადამიანის ბედ-იღბალია დამოკიდებული. მე ეს პირობა მომცეს და მეც დავთანხმდი. ამის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არავინ აღარ დამკავშირებია, მე ჩავთვალე, რომ ეს შეთანხმება მაინც ძალაშია", - ამბობს მიტროპოლიტი. ცნობისთვის, "მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ 1-ელ აგვისტოს გადაცემა "მთავარ აქცენტებში" გაასაჯაროვა მასალები, რომლებიც, მისი თქმით, ასახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის - სუსის - მიერ პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების და ჟურნალისტების უკანონო მოსმენებსა და თვალთვალს. ნიკა გვარამიამ ეთერში გაამხილა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის ვინაობა და გაამჟღავნა ფარულ ჩანაწერებში მონაწილე სხვა პირების ინიციალები.

მედია: პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. "მიღებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება, რომელიც შეთანხმდა აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებულ ფედერალურ სტრუქტურებთან, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში. განკარგულების თანახმად, "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე“. ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს. ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები, რომლებმაც სამხედრო სამსახური ერთ-ერთ მხარეს უკვე გაიარეს, ხელშეკრულების მიხედვით, მეორე მხარის გაწვევისგან თავისუფლდებიან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე დაავალა ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას რუსეთის ფედერაციის სახელით.

ევროკომისიის პრეზიდენტი აშშ-ს მოუწოდებს, ევროკავშირიდან ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, ევროპიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა გაუუქმოს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელეებს. "ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ორივე მიმართულებით თანაზომიერი წესები იყოს გამოყენებული. ჩვენ ეს პრობლემა რაც შეიძლება მალე უნდა გადავჭრათ და კვირების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან კონტაქტში ვიმყოფებით", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა. ფონ დერ ლეინმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ერთმანეთს "ძალიან ჰგავდა". სააგენტო AFP-ის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის 59.3%-ს აქვს მიღებული, აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 57.8%-ია. მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე ახალი შემთხვევების რაოდენობა იმატებს როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. რაც შეეხება შეზღუდვებს, აშშ-ში შესვლის უფლება არ აქვთ იმ პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში ან გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ. აკრძალვა არ ვრცელდება აშშ-ის მოქალაქეებზე, მუდმივ რეზიდენტებსა და მათ ნათესავებზე. ევროკავშირმა კი ივნისის დასაწყისიდან ბლოკის 27-ვე ქვეყანას მოუწოდა, რომ აშშ-დან ჩასულ მგზავრებს თავიანთ ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მისცენ.

ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით მოსახლეობის ვაქცინაციაზე მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადონ. ამის შესახებ ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. "მე მესმის ყველა მთავრობის შეშფოთება, დაიცვას თავისი მოსახლეობა "დელტა" ვარიანტისგან, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც უკვე გამოყენეს ვაქცინების გლობალური მარაგის უმეტესი ნაწილი, გამოიყენონ კიდევ უფრო მეტი", - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა. მისივე თქმით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. "ბუსტერ" დოზით აცრას იწყებენ. როგორც Reuters-ი წერს, მაისის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში ყოველ 100 ადამიანზე ვაქცინის დაახლოებით 50 დოზა მიიღეს და ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის გაორმაგდა. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი, ვაქცინის ნაკლებობის გამო, ყოველ 100 ადამიანზე გამოყენებულია ვაქცინის 1,5 დოზა. "ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა უნდა მიემართოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ", - განაცხადა გებრეიესუსმა.

საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ ოქროს ფონდი ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდება

საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებით, საპატრიარქოსა და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საეკლესიო საგანძური - ოქროს ფონდი, შენობის რეაბილიტირების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმში უნდა დაბრუნდეს. "პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს ეკლესია სცნო სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმი, საცავები) მყოფი საეკლესიო საგანძურის მესაკუთრედ და დაადგინა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად უნდა ზრუნავდნენ საეკლესიო საგანძურის სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ 4 წელია დავინტერესდით ხელოვნების მუზეუმის შენობის მდგრადობით და მოვიძიეთ წლების მანძილზე ამ მიმართულებით გაკეთებული დასკვნები. აღმოჩნდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ლ.სამხარაძის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს (2018 წ. 22 თებერვალი, 2019 წლის 7 ოქტომბერი და 26 დეკემბერი), შ.პ.ს "სენსონის" (2017 წ. აგვისტო, 2018 წ. 1 მარტი) შ.პ.ს "თბილი სახლის" (2019 წ. 10 ოქტომბერი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს (2018 წ. 16 მარტი) მიერ რვაჯერ შემოწმდა ამ შენობის მდგრადობა და რვაჯერვე დაიდო დასკვნა, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებს მეტად სერიოზულ და სასწრაფო სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას. ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცულ საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. "შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე თქმით, განათლების მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით დაკომპლექტებული სახმრივი კომისია არასრული სამი თვე მუშაობდა, ექსპონანტთა თითქმის 1/3 აღწერა და შემდეგ, კორონავირუსის შეჩერების მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო მუშაობა შეაჩერა. ამასთან განცხადების თანახმად, ოქროს ფონდი, შეთანხმების მიხედვით, დაბრუნდება რეაბილიტაციის შემდეგ აღდგენილ ხელოვნების მუზეუმში. "მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია. და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც, – საეკლესიო საგანძური, – დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში. თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, ვიდრე ამ ძეგლს აღვადგენთ

ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ მეოთხე ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ რიგით მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით საზღვრის მართვის ტექნიკურ რესურსებს ზრდის, მათ შორის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის (SAFE) ფარგლებში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წევრი ქვეყნები ადასტურებენ საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხში კარგ თანამშრომლობას. "ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს საქართველოს ხელისუფლებასთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხზე კარგი თანამშრომლობა. კარგად დამკვიდრებული რეადმისიის მართვის სისტემა განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა პანდემიის დროს", - აღნიშნულია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს ქართველების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2019 წელთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია. ამასთან, 2020 წელს, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფი საქართველოს 10 360 მოქალაქე აღმოჩნდა, რაც 2019 წელს დაფიქსირებულ შემთხვევებზე 13 %-ით ნაკლებია. 2020 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მიღების მიზნით განაცხადი საქართველოს 8 860 მოქალაქემ შეიტანა, რაც 2019 წელთან შედარებით 60%-ით ნაკლებია. "2020 წლის განმავლობაში ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი საქართველოს 2 065 მოქალაქეს ეთქვა, რაც 2019 წელთან შედარებით 53%-ით ნაკლებია",- აღნიშნულია დოკუმენტში. "საქართველო განაგრძობდა თანამშრომლობას ევროპოლთან და ევროიუსტთან და რამდენიმე წევრ ქვეყანასთან ერთობლივ საქმიანობას ეწეოდა", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებაც არის საუბარი, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც. "სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებული შესწორებები ძალაში 2020 წელს შევიდა და მოიცავდა დისციპლინარულ დარღვევებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირების რეგულაციებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმას. სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება შეყოვნდა 2020 წლის ივლისის საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით. 2020 წლის 30 სექტემბერს და 2021 წლის პირველ აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით. ევროკავშირის რეკომენდაციების შემდეგ, საქართველომ მოითხოვა ვენეციის კომისიის ფაქტობრივი შეფასება. 2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშვნის ძველი სისტემით, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს", - ნათქვამია დოკუმენტში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, შემდგომი ძალისხმევაა საჭირო წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის მინიჭების უსაფუძვლო აპლიკაციების საკითხის გადასაჭრელად, ისევე როგორც ფულის გათეთრების, კორუფციისა და ორგანიზებულ დანაშაულის პრევენციისა და ბრძოლის წინააღმდეგ სფეროებში. დოკუმენტში საქართველოსთვის რეკომენდაციებია მოცემული. "კერძოდ კი, აღნიშნული სფეროები საჭიროებენ შემდგომ განხილვას: -აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის მოგვარება; სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება შესაბამისი მიგრანტების პროფილებზე, მათ შორის მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებაში, დაყოვნებული და თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადებზე; - გააუმჯობესეთ ანტიკორუფიცული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა, რათა უკეთ მართოთ მაღალ თანამდებობის პირებში კორუფციის შემთხვევები, უზრუნველყავით, რომ ყველა ასეთი საქმე გამოძიებული იყოს. - დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ექნება სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით. - უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში.