ძებნის რეზულტატი:

საგარეო უწყება: რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. შეთანხმების დამტკიცება ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა

რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან "ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ" ე.წ. შეთანხმების პროექტის დამტკიცება წარმოადგენს მოსკოვის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და დე-ფაქტო ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსმიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში დაიწყო საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია, 2008 წელს კი სწორედ აღნიშნული არალეგიტიმური პროცესით უშედეგოდ შეეცადა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლებას. "საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების უკანონო პასპორტიზაციის პროცესის დაგმობაში და აღნიშნულს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშ შელახვად მიიჩნევს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობიათვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ. სხდომის დასრულების შემდგომ სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის (საბჭოს მომავალი წევრის რანგში) წარმომადგენლებმა. ერთობლივ განცხადებაში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა და დაგმეს საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი, რუსეთის მიერ კონტროლის განხორციელებისა და უკანონო სამხედრო ყოფნის ფაქტები; ასევე, რუსეთის მიერ, საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. განცხადებაში რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. „ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი” – ნათქვამია განცხადებაში. განცხადებაში მხარეები იხსენებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილებას, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველებისათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გამოძიების ჩატარების განუხორციელებლობაზე. განცხადებაში მხარეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მოწოდებას აკეთებენ, უზრუნველყოფილ იქნას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმებისთვის ადგილზე დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომა. განცხადებაში ხაზგასმულია, გადაუდებელი საჭიროების მქონე ყველა სამოქალაქო პირისთვის შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისათვის საჭირო პირობების შექნის აუცილებლობა. განცხადებაში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გამოხატავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs), როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე საპასუხო მნიშვნელოვანი ფორმატების მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ გალში, შემდგომი შეფერხებისა თუ წინაპირობების გარეშე, შეხვედრების განახლების აუცილებლობას. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი“, – აღნიშნულია განცხადებაში.​ გაეროში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანდრე ლიპანდმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. „კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და კონტროლის განხორციელებას საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი და რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნული ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი“, – განაცხადა გაერო-ში ესტონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ. უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებით, აუცილებელია, შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის. „ჩვენ ასევე შეგახსენებთ ყველა სამოქალაქო პირისთვის, ვისაც ამის საჭიროება აქვს, შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის გადაუდებელ საჭიროებას. ამასთან, აუცილებელია, შეიქმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატებს რუსეთ-საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გალში შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხებისა თუ წინაპირობების გარეშე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Reuters-ი:  აშშ ქვეყანაში მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებს შეუშვებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიმუშავებს გეგმას, რომელის მიხედვითაც შეერთებული შტატების თითქმის ყველა უცხოელი ვიზიტორი სრულად უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლი მზად არ არის, დაუყოვნებლივ გააუქმოს მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვები COVID-19-ის შემთხვევების ზრდის გამო, განსაკუთრებით კი უფრო გადამდები "დელტა" შტამის გამო. ოფიციალური წყაროს ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფები მუშაობენ "ახალი სისტემის შესაქმნელდ, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება მოგზაურების დაშვება". ამასთანავე, თეთრი სახლი ეტაპობრივ მიდგომაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც, უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან, სრულად ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ. ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 93% „დელტა“ შტამზე მოდის.

ჯო ბაიდენმა პოლონეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე მარკ ბჟეზინსკი წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე მარკ ბჟეზინსკი წარადგინა. როგორც ცნობილია, მარკ ბჟეზინსკი პოლონეთში დაბადებული ამერიკელი პოლიტოლოგისა და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბზეჟინსკის ვაჟია. მარკ ბზეჟინსკი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს, 2011-2015 წლებში, შვედეთში მსახურობდა ელჩად. ასევე ხელმძღვანელობდა თეთრი სახლის კომიტეტს არქტიკის მიმართულებით. ის ასევე იყო ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი. გავრცელებული ინფრომაციით, ბაიდენმა უკვე შეარჩია ელჩების კანდიდატურები აფრიკული ქვეყნებისთვის. კერძოდ, ტოგოში, ბენინსა და მალავიში. ახლად შერჩეული დიპლომატები სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დიდმა ბრიტანეთმა საქართველო "წითელ სიაში" შეიყვანა

კორონავირუსის გავრცელების გამო, დიდმა ბრიტანეთმა საქართველო "წითელ სიაში" შეიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გამგზავრების მსურველებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ. საქართველო "ამჟამად ყვითელ სიაშია. წითელ სიაში გადავა 8 აგვისტოს დილის 04:00 საათიდან. თუ ამის შემდეგ ჩახვალთ ინგლისში, თქვენ უნდა დაიცვათ წითელი სიის წესები", - ნათქვამია ინფორმაციაში. "წითელი სიის" ქვეყნიდან ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლას მხოლოდ ბრიტანეთის ან ირლანდიის მოქალაქეები ასევე, დიდ ბრიტანეთში ბინადრობის უფლების მქონე პირები შეძლებენ. ქვეყანაში შესვლის შემდეგ, მათ საკარანტინო სასტუმროში 10-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. გარდა ამისა, მათ კორონავირუსზე ორი ტესტის გაკეთება მოუწევთ. ეს ეხებათ ორჯერ ვაქცინირებულ პირებსაც. ტესტის გაკეთება არ მოუწევთ 10-წლამდე ბავშვებს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 3 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 670 ადამიანი დაინფიცირდა, 2 626 გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 436 573 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 393 453, გარდაიცვალა 5 986 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 184 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 701 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 4 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.76%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.85% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.67%. ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან 1 652 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 37 108, საიდანაც: 6 219 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 996, აჭარაში - 762, იმერეთში - 917. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი: 1 258, მათ შორის, თბილისში - 569, აჭარაში - 124, იმერეთში -295. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 269, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 17, იმერეთში - 18. 2 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 009 - თბილისში, 820- აჭარაში. 28 446 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 44, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 998 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 622 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 334, პირი, აჭარაში - 4 433, იმერეთში - 3 139.

ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტია

5 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 564 691-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას .დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 845-მა ადამიანმა გაიკეთა.

ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს

ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული პროკურორი მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია. მარიანა ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. მის გათავისუფლებას ადასტურებს ადვოკატიც. პროკურორი ე.წ. უდოთი გათავისუფლდა. "მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფლება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება.კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი. კანონით გათვალისწინებულია ეს კრიტერიუმები, მაგალითად, სასჯელაღსრულებაში ქცევა, შენიშვნა და საყვედური არ უნდა ქონდეს, არ უნდა არღვევდეს შინაგანაწესს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ მოხდეს რაიმე პოზიციის შეჯერებას დაზარალებულ მხარესთან", - აცხადებს ჩოლოიანის ადვოკატი. ლუკა სირაძის ძმა "TV პირველთან" ამბობს, რომ ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. "საერთოდ არ ველოდებოდით რომ მარიანა ჩოლოიანს ვინმე გარეთ გამოუშვებდა, პირიქით ჩვენ ველოდებოდით რომ მას ბრალი დაუმძმდებოდა", - ამბობს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა. მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორი წევრი - გენო პეტრიაშვილი (125 კგ) და ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდნენ. გენომ პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოწინააღმდეგე ქამალ აბდელმოტალები 11:0 დაამარცახა, მეოთხედფინალში კი ჩინელ დენგს 5:2 აჯობა. გენოს მეტოქე ნახევარფინალში ირანელი ზარე იქნება. ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება. ავთანდილ კენჭაძე პირველ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონსა და ოლიმპიურ მედალოსან, იტალიის წარმომადგენელ ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. თუ ჩამიზო ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

იმუნიზაციის ცენტრებში განათლების სისტემის თანამშრომლებისთვის დამატებით ამცრელი კაბინეტები ამოქმედდა

სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლები და აკადემიური პერსონალი მასობრივი ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით ამოქმედდა ამცრელი კაბინეტი, სადაც საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები, პროფესიული მასწავლებლები, პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები, ადმინისტრაციული პერსონალი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების თანამშრომლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეძლებენ სასურველი ვაქცინით აცრას. მსურველები არჩევანს გააკეთებენ Pfizer-ის, სSinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაესწრნენ. „მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერით სპეციალურად მასწავლებლებისთვის და განათლების სისტემაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლისთვის იმუნიზაციის ყველა ცენტრში ამოქმედდა ამცრელი კაბინეტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, მოვიდნენ ამ სივრცეებში და რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ სასურველი ვაქცინა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესი, რათა მოვემზადოთ ახალი სასწავლო წლისთვის“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. „საგანმანათლებლო სისტემის პერსონალის ვაქცინაცია მიმდინარეობს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაუკავშირდება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმუშავებს მათთან ერთად, რათა ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია ასაცრელი პირების რაოდენობის შეახებ, მზად დავხვდებით იმგვარად, რომ არ დასჭირდეთ წინასწარი რეგისტრაცია და მათთვის მოსახერხებელ დროს ჩაიტარონ ვაქცინაცია სასურველი ვაქცინით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. "განათლების სფეროს წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი. სახელმწიფომ ასევე დაუშვა 16 წელს გადაცილებულ პირთა ვაქცინაციაც, მხოლოდ მშობლის ნებართვით. შეგახსენებთ, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

SNGP-ის ჯგუფის ბრიტანელი ექსპერტი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების J-5-ის დეპარტამენტის უფროსმა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, საქართველოში მოვლენილ ბრიტანელ ექსპერტთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა კაპიტანი ლორენს ჰოლი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით ,,გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატეტები უსურვა. "NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დავით გაგუამ კი, კაპიტანს სასაჩუქრე დაფა და სამადლობელო წერილი გადასცა. SNGP-ის ჯგუფის ექსპერტი NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში 6 თვის განმავლობაში მუშაობდა და წვრთნების დაგეგმვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ღონისძიებას SNGP-ის ჯგუფის და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

23 წლის გოგოს ცოლად მოყვანის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ ცოლად შერთვის მიზნით მოტაცების საქმეზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 2 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, თ.ნ.-მ ცოლად შერთვის მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ზ.ს.-სთან, შ.შ.-სთან და გ.თ.-სთან ერთად ა.რ.კ.-ს აღუკვეთა თავისუფლება. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებულებმა ა.რ.კ. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და ქალაქ კასპში, ზ.ს.-ს სახლში წაიყვანეს, სადაც დაზარალებული მისი ნების საწინააღმდეგოდ დაახლოებით 7 საათის განმავლობაში, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე იმყოფებოდა. „სამართალდამცველებმა თ.ნ., ზ.ს., შ.შ. და გ.თ. 3 აგვისტოს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს შეხვდა და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:2 დაამარცხა. გენო პირველ შეხვედრაში ეგვიპტელ ქამალ აბდელმოტალებს დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად ანგარიშით 11:0 დაამარცხა.

თამარ გაბუნია: ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა. "ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერა დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, სხვა დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 3 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ამირან გამყრელიძე: თუნდაც 5 ადამიანი თუ სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე, ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერ არ არის

"ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები რა თქმა უნდა ძალიან მაღალია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი - ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადე ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. "გეუბნებით, მაინც და მაინც ქაღალდზე დაწერილი და ბეჭედდარტყმული უნდა იყოს?! გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ ან კუს ტბაზე, ნუ გექნებათ იქ, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის და მეორე - გავაინტენსიფიციროთ, ავედით ხომ 20 000-ზე. არ არის საკმარისი 20 000, გეუბნებით. გვინდა 25 000, კიდევ უკეთესი იქნება დღეში 30 000.", - განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძის თქმით, აგვისტო, სექტემბერ, ოქტომბრის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების შემთხვევაში ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია. ამ მიზნის მისაღწევად კი მიმდინარე სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად 25 000-დან 30 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას. "საუკეთესო იქნება, თუ ავედით 31 000, 32 000, ან 33 000 აცრამდე, მაგრამ კარგი იქნება, თუ საშუალოდ ავალთ 25 000 - 26 000 აცრამდე დღის განმავლობაში. ეს მიღწევადია, ამიტომაც ვამბობთ, რომ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ამ თვალსაზრისით არის კრიტიკული და თუ ჩვენ გავაკეთებთ და მივაღწევთ ამას, რომ დღეში გვექნება 25-დან 30 000-მდე აცრა ამ 3 თვის განმავლობაში, ეპიდემიას შევაჩერებთ სერიოზულად და დავაგდებთ სერიოზულად ეპიდემიის განვითარების ტემპს", - განაცხადა გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 3 600-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ვაქცინირებულთა დღიური მაჩვენებელი 20 000-ზე მეტია

ირაკლი ღარიბაშვილი: იმ ფონზე, როცა ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა

როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა. „ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა. ჩვენ ეკონომიკას არ შევაჩერებთ, ეს არის მცდარი გზა. ვაქცინაცია პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს ტემპის მატება ვაქცინაციის მიმართულებით. გუშინ გვქონდა 20 000 აცრა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი აცრა ყოველდღიურად, იმისთვის, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ჩვენი ამოცანა მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში სამი მილონი აცრის ჩატარებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ქვეყანაში, არ გავაჩეროთ, არ დავკეტოთ ქვეყანა ხელმეორედ და ის მძიმე შედეგები არ გამოვიწვიოთ ხელმეორედ, რაც იყო გასულ წელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩაკეტვით ვირუსი ვერ დამარცხდება და ვირუსის გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა. პრემიერმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, შეიძლება დროებით მოხდეს შეყოვნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, სოციალური მედიით, ტელევიზიით. ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და მეცნიერებას, რომელმაც შექმნა ეს უნიკალური საშუალება და გამოსავალი, როგორიც არის ვაქცინა. მთლიანობაში, ქვეყანაში ძალიან პოზიტიური დინამიკაა. ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები გვესწრებიან და ვიცი, რომ მათი განწყობაც არის ასეთივე პოზიტიური. შემთხვევითი არ რის ის დინამიკა, რაც ჩვენ ქვეყანაში გვაქვს. ამას სჭირდება შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. მთავარი გამოწვევა იქნება საგარეო ვალის შემცირებ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ზოგადად, ამ პროცესის მართვა, რასაც ჩვენ ძალიან ეფექტიანად მოვახერხებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 600-მდე იძულებით გადაადგილებულისთვის წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა ააშენა

ამერიკის მთავრობამ სოფელ ფრეზეთში, 600-მდე იძულებით გადაადგილებული პირისთვის წყლის მომარაგებისა და შენახვის ახალი სისტემა ააშენა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა კარდენმა მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის გახსნაში, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა განახორციელა. "ამიერიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს წყლის მომარაგების ახალი, ელექტრონული სისტემა და 100,000 ლიტრის ტევადობის ავტომატური საქაჩით აღჭურვილი წყლის ავზების სისტემა ექნება. წყლის მიწოდების სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრეზეთის მოსახლეობის ძირითადი სერვისების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტი აშშ-საქართველოს მრავალმხრივი პარტნიორობის ერთ-ერთი მაგალითია", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული აბიტურიენტების სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით სახელმწიფო დააფინანსებს. "მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს. აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო", - ნათქვამია სამინსიტროს განცხადებაში.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Sinopharm-ით 3-17 წლის ბავშვებს აცრიან

Reuters-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკური კვლევები წარმატებული აღმოჩნდა. სააგენტო წერს, რომ კვლევაში 900 ბავშვი მონაწილეობდა, მათ შორის სამეფო ოჯახის პატარა წევრები. ყველა მათგანი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა. აღსანიშნავია, რომ საამიროებში უკვე დაშვებულია Pfizer-ის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 78,95%-ია აცრილი, 70,57% კი ორივე დოზით.

უხუცესთა ანსამბლ ,,ბერმუხას" წევრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ხულოს მუნიციპალიტეტის ანსამბლ "ბერმუხას“ წევრები Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩაერთნენ და თორმეტივე ქორეოგრაფი Pfizer-ის პირველი დოზით აიცრა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ,,ბერმუხას" ყველაზე უხუცესი წევრი 98 წლის მუხამედ ირემაძეა, ხოლო ყველაზე უმცროსი 69 წლის თემურ აბულაძე. ანსამბლის წევრებს ვაქცინაცია ევექსის ჰოსპიტლების - "ხულოს სამედიცინო ცენტრში" ჩატარდა. პროცესს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ ბერიძე დაესწრნენ. ,,გაფართოვდა იმუნიზაციის პროცესი, მაღალმთიან აჭარაში უკვე დაწყებულია Pfizer-ით ვაქცინაცია, ასევე მიმდინარეობს ,,სინოფარმითა“ და Sinovac-ით. მაგალითად ხულოში ყოველდღიური ჯავშნის რაოდენობა 100-მდეა. დღეს ჩვენ დავესწარით ანსამბლ ,,ბერმუხას“ წევრების ვაქცინაციის პროცესს. აიცრა პირველი უხუცესი მაღალმთიან აჭარაში, რომელიც 98 წლისაა. რა თქმა უნდა, პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა.რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია უფრო ინტენსიური ხასიათის გავხადოთ. დაახლოებით 3 000-მდე აცრა ადმინისტრირდება ყოველდღიურად ჩვენს რეგიონში, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, როგორც ხულოში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში, კერძოდ ქედასა და შუახევში ამბულატორიების დამატებას. ვაქცინაციის ტემპი ყოველდღიურად უნდა იყოს მზარდი“,- აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. აჭარაში ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. ამ ეტაპისათვის რეგიონში 64 286 დოზა ვაქცინააადმინისტრირებული.