ძებნის რეზულტატი:
3443 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი - 18 ნოემბრის სტატისტიკა
18 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 89 395. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 71 468-მდე. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების 37 შემთხვევა, მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30. 3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 - აჭარაში, 1 151 - თბილისში, ხოლო 313 - იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში - 32. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 16 053 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში - 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387.
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შეხვედრა დასრულდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. მაიკ პომპეო რამდენიმე წუთში უკვე საქართველოს საპატრიარქოში მივა, სადაც ილია მეორესთან გამართავს შეხვედრას. ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი. მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.
მსოფლიოს ვუგზავნით გზავნილს, რომ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არჩევნების გაყალბებას არ შეეგუება - უგულავა
მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს, რომ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას. ეს არის მთავარი გზავნილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი თქმით, ფილარმონიიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები არჩევნების გაყალბებას მდუმარე აქციის საშუალებით აპროტესტებენ. "ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და რომ საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, გამოვლენ, დადგებიან აქ სიმბოლურ სტიკერზე და გააპროტესტებენ. დღეს პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი მსვლებობით დავასრულოთ. გზავნილი მაიკ პომპეოსადმი რამდენიმეა: შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ და მადლობა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია და ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, შეუვალია და არ ექვემდებარება გადახედვას. მეორე ტურიც ასევე სიყალბეა და მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში“, - განაცხადა უგულავამ.
პომპეომ გახარიასთან საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა - საელჩო
სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. მისივე ცნობით, სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე. ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ამჟამად კი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.
ამ რეგიონში აშშ-ის გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა - პრემიერი
"თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, - მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს. მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი დახმარება პანდემიასთან გამკლავების პროცესში და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე. სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა აშშ-ის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. გიორგი გახარიას შეფასებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ორი ქვეყნის მზაობას, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. მაღალი დონის შეხვედრას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატით გაიმართა, აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გენშტაბის ხელმძღვანელის თანაშემწე რიკი ვადელი და სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი მერი კისსელი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი დაესწრნენ.
მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ - პომპეო პრემიერს
"ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის", - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე განაცხადა. პომპეომ საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკლ პომპეომ.
აშშ-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მიიღოს ვაქცინა - ზალკალიანი
კოვიდ პანდემიის საკითხზე აშშ-სთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც საუბარი გაიმართა, იყო კოვიდ 19 და ის ფასდაუდებელი დახმარება, რომელიც აშშ-მ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის კუთხით აღმოუჩინა როგორც ფინანსური, ასევე ლუგარის ლაბორატორიის ჩართვის თვალსაზრისით. „საუბარია ახლა ვაქცინაზე, რომლის ერთ-ერთი მწარმოებელი ამერიკული კომპანიები არიან. მომავალში ამ მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ეს ჩვენ ამ უსერიოზულეს პრობლემასთან გამკლავებაში დაგვეხმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.
პატრიარქთან, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს - საელჩო
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა - პრეზიდენტი
საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ და მყარ საყრდენად ამ რეგიონში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პომპეოს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ აშშ ჩვენს გვერდით დგას. „ეს შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს, როცა რეგიონში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში მას მერე, რაც იმყოფებოდა საფრანგეთში და ისრაელამდე და ეს ქვეყნები არიან ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მას მადლობა გადავუხადე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება, არის ნიშანი იმის, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა და ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები - ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავის პოზიცია, თავის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში და ამისთვის მადლობელი ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი დასრულდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და საქართველოში აშში-ის ელჩმა კელი დეგნანმა გააცილეს. პომპეო საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკაიანთან, ასევე ის შეხვდა საქართველოს კათოლიკოს - პატრიაქს ილია მეორესა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სახელმწიფო მდივანს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო ვიზიტის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს შემდეგ ისრაელს ეწვევა.
ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა - ზალკალიანი
"ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, აშშ–ის სურვილია, აქ იყოს სტაბილურობა", – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აშშ–ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „არ ყოფილა მისი [პომპეო] მხრიდან პირდაპირი ჩარევა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც მოუწოდებს ყველას, საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა, არც არის ეს მათი სურვილი. მათი სურვილია, საქართველოში სიტუაცია იყოს სტაბილური, რადგან მხოლოდ განვითარების პირობებში შეუძლია ქვეყანას, გაუჩნდეს ის შესაძლებლობები, რომ გაუმკლავდეს გამოწვევებს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
პომპეოსთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული
პომპეოსთან შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად საფრთხეა არაფორმალური მმართველობა დემოკრატიული განვითარებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ევგენიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან ისაუბრა იმ თემების შესახებ, რასაც შეხვედრაზე პომპეო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეეხნენ. „მოგეხსენებათ, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანი, მართლაც ისტორიული ვიზიტი გახლავთ. პირველ რიგში, მადლობელი ვარ ამერიკის მთავრობისა და ამერიკელი ხალხის იმისთვის, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი მუდმივად დგანან საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ყურადღება გავამახვილეთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პირველ რიგში ეს არის პრობლემები კანონის უზენაესობის, სასამართლო ხელისუფლების და დემოკრატიული მმართველობიდან უკუსვლის მიმართულებით. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, არაფორმალური მმართველობა რამდენად საფრთხეა დემოკრატიული განვითარებისთვის - მოგეხსენებათ, საქართველოს უმთავრესი, ასე ვთქვათ, კოზირი დანარჩენ მსოფლიოში გახლავთ ის, რომ საქართველო ყოველთვის იყო დემოკრატიულ განვითარების გზაზე, ამიტომაც გამოირჩეოდა ყოველთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამიტომაც იღებდა მუდმივად დახმარებებსა და მხარდაჭერას აშშ-სგან და ევროპისგან. ამიტომ ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას და ა.შ. ყველა ეს საკითხი იქნა განხილული", -აღნიშნა ევგენიძემ. მისი თქმით, შეხვედრაზე ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაც. „რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტის ჩაშლაზეც იყო ყურადღება გამახვილებული, რადგან ანაკლიის პორტის მშენებლობა და საინვესტიციო გარემოს გაუარესება ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შემოვიდეს ქვეყანაში ახალი ინვესტიციები და შევძლოთ სიღარიბის დაძლევა", - განაცხადა ნინო ევგენიძემ.
ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა ჩაინიშნა
ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს შეხვდება. შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ დღეს გაიმართება. როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს, შეხვედრა გაუთვალისწინებლად ჩაინიშნა, რასაც მიესალმება. „მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, - აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია, 18 ნოემბერს კი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. პემპეომ საქართველო უკვე დატოვა, თუმცა ქვეყანაში რჩება მისი მოადგილე, რომელიც შეხვედრებს განაგრძნობს.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 56 016 137 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 39 028 474 და დაიღუპა 1 345 070 ადამიანი. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 11.6 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8.9 მილიონი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 5.9 ინფიცირებულით. ამასთან, ეპიდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების მილიონზე მეტი შემთხვევა აღნიშნული ქვეყნების გარდა დადასტურებულია: საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, გაერთიანებულ სამეფოში, არგენტინაში, იტალიაში, კოლუმბიასა და მექსიკაში.
მხარს ვუჭერთ ოპოზიის ბრძოლას პარლამენტის შიგნით, არა ბოიკოტს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ: "ევროკავშირის ელჩთან ერთად ყველა პარტიასთან შეხვედრებს ვუმასპინძლეთ, მათ შორის რამდენიმე შეხვედრას, რომელშიც ყველა პარტია ერთად მონაწილეობდა, რათა გვენახა შესაძლებელი იყო თუ არა მოლაპარაკების გზით გამოსავლის მოძებნა ჩიხიდან, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნიდან ცვლილებებისთვის და არა კვლავ ბოიკოტს. მათი ასე ვთქვათ რეფლექსია ქუჩაში გასვლა და ბოიკოტი. ჩვენ მოვუწოდებთ მათ იბრძოლონ ცვლილებებისთვის შიგნიდან. თქვენ აგირჩიეს მხარდამჭერებმა იმისთვის, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოიტანოთ ცვლილებები". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლება საარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრეს: "საქართველო 20 წელია მუშაობს დემოკრატიის განვითარებაზე და აშშ მათ ამაში ეხმარება, თუმცა ისინი კვლავ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში არიან და ჩემი აზრით, სწორედ ეს დავინახეთ ამ არჩევნებზე. მათ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდათ ხარვეზიანი არჩევნები და მსგავსი ტიპის დარღვევები ვნახეთ ამ არჩევნებზეც: ხმების მოსყიდვა, ამომრჩელების დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და საჯარო მოხელეების მიყვანა ხმის მისაცემად. რაც იყო განსხვავებული ამ წელს იყო კორონავირუსი. ამჯერად არ ყოფილა ჩვეული დიდი მცირე ვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები. იყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი და გარკვეული რაოდენობით მცირე ვადიანი დამკვირვებლები ეუთოდან, მაგრამ ბევრი არა. და ასევე, რა თქმა უნდა, აშშ-ს და სხვა საელჩოების მისიებმა გაგზავნეს არაოფიციალური, არაფორმალური ჯგუფები. ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები ზოგიერთი ფორმის უფრო აგრესიული ტაქტიკა, რაც წინა არჩევნებზე გვხვდებოდა, პატივს სცემდნენ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მათ ასევე დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. საელჩოს განცხადებაში ეს ჩანს. ჩვენ მოვუწოდებთ ოპოზიციას გაასაჩივროს დარღვევები კანონიერი გზებით, რომლებიც საქართველომ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნა. სამწუხაროდ, მათ და საქართველოში კიდევ ბევრს არ აქვს სასამართლო სისტემის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნდობა. ეს ის ინსტიტუტებია, რომლებიც ჩამოყალიბების ეტაპზეა და მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართეს, არ ჰქონიათ რწმენა, რომ საჭირო განხილვას მიიღებდნენ. ამიტომ, არჩევნების მეორე დღიდან ისინი ხელახალ არჩევნებს ითხოვდნენ. ის, რამაც ჩვენი ყოყმანი გამოიწვია, შედეგებია, გამოთვლები არ იყო ძალიან აცდენილი. ოფიციალური შედეგები ზოგიერთ შემთხვევაში ახლოს იყო ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ ჩატარებულ პარალელურ დათვლებთან. ამიტომ მაშინათვე ცხადი არ იყო ეს იყო მასშტაბური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები. რამდენად უარესი იყო წინა არჩევნები, რომელთა შემდეგ ხელახალი არჩევნები არ მოუთხოვიათ? კიდევ ერთხელ - ჩვენ ყველას მოვუწოდებთ გამოიყენონ კანონიერი საშუალებები, რომლებიც წლების განმავლობაში შექმენით ამ ბრალდებების განსახილველად - გადათვლების და მსგავსი საკითხების, რაც ისე გამჭვირვალედ არ მოხდა, როგორც საჭირო იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც გაზარდა ეჭვი შედეგების სანდოობის მიმართ". სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ცვლილებების მიღწევის მაგალითად მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოჰყავთ: "ეს მოხდა გასულ ზაფხულს, როდესაც მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რამაც მეტად პოპორციული საარჩევნო სისტემა მოიტანა. და ამ საარჩევნო სისტემამ, ახალმა სისტემამ, იმუშავა. საქართველოს ახლა უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი ჰყავს, ვიდრე ოდესმე. მასში 9 პარტია შევიდა, რომლებიც საკმაოდ განსხვავებულ პერსპექტივებს და ხედვას წარმოადგენენ, ცვლილების შედეგად არის მეტი ქალი. ზოგიერთი პრობლემა, რომელიც ამ არჩევნებზე ვნახეთ, უნდა ყოფილიყო საარჩევნო რეფორმაში ასახული. ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტს აწყობდა, ამიტომ საარჩევნო რეფორმა ისეთი მძლავრი არ იყო, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო პროცესის მონაწილეები რომ ყოფილიყვნენ პარლამენტის შიგნით. ამიტომ, იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტისკენ მოუწოდებენ უკვე ნანახი ფილმის ყურებაა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მრავალმნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რათა შემდეგი არჩევნები უკეთესი იყოს და ჩვენ ვეღარ ვნახავთ იმავე დარღვევების განმეორებას. ეს იყო სახელმწიფო მდივნის სამოქალაქო სექტორთან სასამართლო რეფორმაზე შეხვედრის მიზეზი, რადგან, იქ რომ იყოს ნამდვილად დამუკიდებელი სასამართლო, საარჩევნო დარღვევების ბრალდებები, რაც გაკეთდა, გადაიჭრებოდა სასამართლოში და ხალხს ექნებოდა განაჩენის ნდობა", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
"შერატონში" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს. ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე იმსჯელებს არა მხოლოდ ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე, არამედ ქვეყანაში შექმნილ შიდა პოლიტიკურ კრიზისზე. ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. „გარდა ტრადიციული საკითხებისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და ნატო-ში გაწევრიანება, ბუნებრივია, განხილვის მთავარი თემა იქნება შიდა პოლიტიკური კრიზისი. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. ქვეყანაში არის კრიზისი, ნდობის დეფიციტი და ყველა ნორმალურ დემოკრატიაში, კრიზისისა და ნდობის დეფიციტის გადასალახად იმართება ახალი არჩევნები ხალხის მანდატის მისაღებად. გავაცნობთ ჩვენს სტუმარს ჩვენს პოზიციას, მოვისმენთ მათ არგუმენტებს და ვფიქრობთ, ნამდვილად მოვახერხებთ, რომ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული მუშაობა. პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება. ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში, პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების გადასაწყვეტი. ამიტომ, ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის პარალმენტში შესვლა, რადგან პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარალმენტში შესვლა და თუნდაც წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში. თუმცა, რაც მოხდა, შეუძლებელი გახადა ამ გზის გავლა. ჩვენი ერთ-ერთი არგუმენტი იქნება სწორედ ის, თუ რამხელა დარღვევები იყო. დღეს შეუძლებელია დარღვევების გადასინჯვა, რისკენაც ასევე მოგვიწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტი. შეუძლებელია მარტივი მიზეზის გამო, რადგან თამარ ჟვანიამ 6 დღის წინსწრებით მიიღო კომისიის შემაჯამებელი ოქმი. სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელზე და ყველა საჩივრის განხილვაზე. ცესკომ უარი თქვა დაახლოებით 800 უბნის შედეგების გადასინჯვაზე. ხელისუფლებამ ცესკო-სა და სასამართლოს ხელით დაკეტა ყველა კარი, რომ ეს შედეგები სამართლებრივად გადასინჯულიყო. თუ ჩვენ გვინდა ქვეყანაში სტაბილურობა, გამოსავალი არის ახალი არჩევნები გაზაფხულზე“, - განაცხადა ბაქრაძემ.
მამუკა ხაზარაძე ჰოჯესის განცხადებაზე: აუცილებელია ამერიკის სამხედრო ბაზების დაუყოვნებლივი განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე
პარტია „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელის გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას სრულად იზიარებს. მისი შეფასებით, ყველაზე მიზანშეწონილი, აუცილებელი, თამამი და სასურველი ნაბიჯი იქნება ამერიკის სამხედრო ბაზების სასწრაფო განლაგება საქართველოში, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისათვის, ხოლო ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი. „სრულიად ვიზიარებ გენერალ ჰოჯესის ამ მოსაზრებას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იქნებოდა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე გამოცემა experti.ge-სთან. მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტსაც აფასებს და ზახს უსვამს, რომ ანაკლიის პროექტის გაცოცხლება და განხორციელება, სასიცოცხლოდ მინიშვნელოვანია. „ოცდაათი წელიწადია, საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოკავშირე, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკამ ამ ათწლეულების მანძილზე, ჩვენს ქვეყანას უდიდესი ფინანსური, საინვესტიციო და ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა. ამასთან, უმთავრეს მიმართულებად სწორედ დემოკრატიის განვითარება მიიჩნეოდა. სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორობა შესუსტდა ოფიციალური თბილისის მხრიდან, მაგრამ ვაშინგტონის პოზიციები კვლავინდებურად მტკიცეა, რომ საქართველოს დაეხმაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში, რის შესახებაც, თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს განაცხადა მაიკ პომპეომ. ფაქტია, რომ რამდენიმე დღის წინ, ვითარება რეგიონში რადიკალურად შეიცვალა მთიანი ყარაბაღის გარშემო განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების შედეგად. გაიზარდა რუსი სამხედროების რიცხვი რეგიონში, ამით დიდწილად დაირღვა ძალთა ბალანსი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და წინაპირობა სახელმწიფო მდივნის ვიზიტისა. მეორე მიზანი კი უდავოდ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს „ვერმიტაცების“ ამოცანაა. „ევროპათაიმთან“ ინტერვიუში ჰოჯესმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ, საქართველოში, ინფრასტრუქტურასა და როტაციულ ძალებს გაზრდიდა.
ოპოზიციის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან დასრულდა - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება
"შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს", - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა. „შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ გაგრძელება ბრძოლის, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს. ის, რაც შეიძლება მუშაობდეს, რომელიმე განვითარებული ქვეყანაში, მაგალითად, სასამართლო, საქართველოში უბრალოდ არ არსებობს და ინსტიტუტების გამოყენებით ბრძოლა უშინაარსოა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ?! ასე ავუხსენით... ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც ერთიანი იყო. პარლამენტში კი ამ რეალობაში არც ერთი პარტია არ შევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ. პარტია "ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რათა შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს. "გავაცანით ჩვენი პოზიცია თუ რატომ მივიჩნევთ ამ არჩევნებს გაყალბებულად, მოვისმინეთ ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს აშშ ხელი შეუწყოს ამ კრიზისის განმუხტვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აშშ დარჩეს აქტიურად ჩართული ამ პროცესში, რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, რომელიც სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, არც წინა დიალოგის და არც ამ შეხვედრის დეტალებს. ჩვენი პოზიცია არის იგივე, რომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ კონსტრუქციულად და გაგრძელდეს დიალოგის რეჟიმში ჩვენი ურთიერთობა ხელისუფლებასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას, რომელიც უნდა ჩატარდეს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, რომელიც გამორიცხავს იმ მანიპულაციებს და გაყალბებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
რუსული ოკუპაციის საპასუხოდ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ვადასტურებ - პომპეო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ პრემიერ–მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას რუსულ ოკუპაციასთან ერთად, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "მოხარული ვარ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის გამო, სადაც სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ საქართველოში. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, რუსული ოკუპაციის საპასუხოდ", - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია, 18 ნოემბერს კი შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობო სექტორთან. ვიზიტის დასრულების შემდეგ, მისი მოადგილე, რომელიც საქართველოში დარჩა, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა.
BBC: Pfizer-ის BioNTech-ის ვაქცინამ ხანდაზმულებში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა
BBC-ს ინფორმაციით, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინა 94%-ით ეფექტურია 65 წელს გადაცილებულებში. ამის საფუძველს იძლევა შედეგები, რომლებიც 41,000 ადამიანის ტესტირების შემდეგად მიიღეს. გასულ კვირას კომპანიამ გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომლის თანახმადაც ვაქცინა 90%-ით წარმატებულია. მანამდე Moderna-მ დაანონსა საკუთარი პრეპარატი, რომელიც ასევე მაღალშედეგიანი აღმოჩნდა, 95%-თ. Pfizer და BioNTech-ს განცხადებით კომპანია აპირებს მიიღოს ნებართვა აშშ-ში, რათა გადაუდებელ და კრიტიკულ შემთხვევებში გამოიყენონ მათი პრეპარატი. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, რადგან კომპანიას ტესტირება ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა ისინი აცხადებენ რომ არ არსებობს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშები. თუმცა მოხალისეების 2%-ში შეინიშნებოდა მსუბუქი თავის ტკივილი და დაღლილობა. პრეპარატის ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში,თურქეთში, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში, რის შედეგადაც მონაცემები შეგროვდება ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის დასადგენად.