ძებნის რეზულტატი:

იაპონიაში კოვიდთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს რობოტი აკონტროლებს და წესების დამრღვევებს შენიშვნებს აძლევს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, სახელმწიფომ სოციალური დისტანციის კონტროლისთვის ულტრათანამედროვე ხელსაწყოების გამოყენება დაიწყო. რობოტი სახელად რობოვი (Robovie) დღეიდან მოსახლეობას გააკონტროლებს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. რობოვი კიოტოს ტელეკომუნიკაციების საკვლევ ინსტიტუტში შექმნეს, მისი განთავსება კი ქალაქის ფეხბურთის გუნდის ოფიციალურ მაღაზიაში გადაწყდა. კამერითა და 3D ლაზერული სხივით აღჭურვილი რობოტი თითოეულ გამვლელს დააკვირდება და შენიშვნას მისცემს მათ ვინც, სოციალურ დისტანციას არღვებს ან ნიღაბს არ ატარებს სწორად. რობოვის სატესტო რეჟიმში მუშაობს და თვის ბოლომდე გააკონტროლებს პრევენციული ზომების დაცვის ხარისხს. 120,000 დადასტურებული შემთხვევა და 2,000 გარდაცვლილი, იაპონიის მთავრობის სხვადასხვა მიდგომა ბევრ ქვეყანაზე ეფექტურად უმკლავდება მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას. ქვეყნის მიღწევების მიუხედავად, მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს სიფხიზლისკენ და იმედოვნებს, რომ ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში.

სოლომონის კუნძულები Facebook-ის აკრძალვას გეგმავს

Independent-ი წერს, რომ მთავრობა სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა პანდემიის პერიოდში ტაივანის მხარდაჭერის გამო. Solomon Times-ის თანახმად, კომუნიკაციების მინისტრმა Facebook-ი დაადანაშაულა მისი კოლეგების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო. სოლომონის კუნძულების მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოაქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას სოციალური მედიის გიგანტის აკრძალვის შესახებ. სოლომონის კუნძულებმა გასული წლის სექტემბერში, ტაივანის (კუნძული კონტინენტური ჩინეთის მახლობლად) აღიარება შეწყვიტა და ოფიციალურად პეკინის მთავრობა აღიარა. ტაივანი დეფაქტო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც არ აღიარებენ ჩინეთი და მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა.

ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაშია. მას კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს. ის სახლში მკურნალობს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 3 117 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 16 219-ს შეადგენს.

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია - კარლ ჰარცელი

გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებაა საჭირო. ”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” - აცხადებს კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, "კანონიერი ქურდის" ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს.

იან კელი: მაიკ პომპეო თბილისში მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა

ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისში ვიზიტისას მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ამის შესახებ იან კელი Twitter-ზე წერს. „პომპეო საქართველოშია, მორიგი ქვეყანა სადავო არჩევნების შედეგების პირობებში. ის მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ეს შეცდომაა“, - წერს ამერიკის ყოფილი ელჩი. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. მაიკ პომპეოს ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან არ არის დაგეგმილი, თუმცა ამერიკელი მაღალჩინოსნისთვის საკუთარი მოთხოვნების გაცნობას ოპოზიცია მდუმარე აქციით და ტრანსფარანტებით გეგმავს.

ვაქცინები კოვიდის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიო ტესტავს: „ევროპათაიმის“ სტატია New York Times-ის მიხედვით

„ბრძოლა Covid-19-ის ვაქცინის პერველობისთვის“, - ამის შესახებ სტატიას New York Times-ი აქვეყნებს, რომლის თარგმანს Europetime გთავაზობთ. ვაქცინებს, როგორც წესი, მრავალწლიანი გამოკვლევა და ტესტირება სჭირდება, მაგრამ მეცნიერები იბრძვიან იმისთვის, რომ მომავალ წელს გვქონდეს უსაფრთხო და კლინიკურად გამოცდილი ვაქცინა. ამ ეტაპზე 54 ვაქცინაა კლინიკური ცდების ეტაპზე, ხოლო დაახლოებით 87 პრეკლინიკურ ტესტირებას გადის და ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე მოწმდება. ვაქცინის შემუშავება იანვარში დაიწყო, პირველი ტესტირება კი ადამიანებზე - მარტში. ამ დროისთვის 12-მა მიაღწია ტესტირების საბოლოო ეტაპს. ბუნებრივია რამდენიმე ვერ მიაღწევს შედეგს, ზოგის ტესტირების პასუხი უბრალოდ ბუნდოვანი იქნება და ამიტომაც, ზოგს არ გამოიყენებენ. ვაქცინას შეუძლია ინფექციის პრევენცია, თუმცა მას არ შეუძლია უშუალოდ ინფექციისგან განკურნება. მოწინავე პოზიციაზეა ამერიკული კომპანიის, Moderna-ს ვაქცინა, რომელიც მესამე ფაზაშია და მის კლინიკურად დამტკიცებამდე რამდენიმე თვე გვაშორებს. Moderna-პრეპარატი ჯერჯერობით ყველაზე ეფექტურია და 94,5%-ს შეადგენს მისი შედეგი ვირუსთან ბრძოლაში. Pfizer-ი და BioNTech-ი მეორე პოზიციას იკავებენ. ისინი მეორე და მესამე ფაზებში არიან, დააანონსეს, რომ მათი პრეპარატი, ამ ეტაპზე, 90%-ით ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში. ივლისში ინდოელმა ვაქცინის მწარმოებელმა Zydus Cadila-მ დაიწყო დნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინის ტესტირება, მათ 6 აგვისტოს დაიწყეს მეორე ეტაპის ტესტირება და მალევე გეგმავენ მომდევნო ფაზაზე გადასვლას. ჩინურმა სამედიცინო გიგანტმა CanSino Biologics-მა შეიმუშავა ვაქცინა, უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში, ისინი მაისის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებზე ცდიან პრეპარატს, მათივე განცხადებით, შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. ვაქცინა 25 ივნისს, ერთი წლით, როგორც „სპეციალურად საჭირო პრეპარატი“ დაამტკიცეს. 11 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა დაამტკიცა ვაქცინა, რომელსაც Sputnik V ეწოდა, მაშინ როდესაც მე – 3 ფაზის კვლევებიც არ იყო დაწყებული. ვაქცინის ექსპერტებმა ეს ნაბიჯი სარისკოდ შეაფასეს და მოგვიანებით რუსეთმაც უარყო განცხადება და თქვა, რომ შემდეგი ეტაპი დამოკიდებული იქნება მე -3 ფაზის საცდელ დადებით შედეგებზე. სხვა ქვეყნებთან ერთად ჩრდ. კორეაც აქტიურადაა ვაქცინის ძიებაში ჩართული. კერძოდ კი, 18 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიურმა სახელმწიფო კომისიამ გამოაცხადა, რომ მათ დაიწყეს კლინიკური გამოკვლევები ვაქცინაზე კორონავირუსის ცილების ნაწილის საფუძველზე. ძნელია დამოუკიდებლად დაადგინო, რამდენად შეესაბამება სიმართლეს „იზოლირებული დიქტატურის განაცხადი“. კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინა ცხოველებზე გამოსცადეს,თუმცა მონაცემები არაა საკმარისი სიმართლის დასდგენად. უფრო მეტიც, მასში ნათქვამია, რომ ვაქცინის ეფექტურობისთვის სხვა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ტესტირება, რადგან „ჩრდილოეთ კორეაში Covid-19 არ არსებობს“.

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ჟანგბადის გენერატორებს შეიძენს

მთავრობა დაჩქარებული წესით 3.2 მილიონი ლარის ღირებულების სამედიცინო ჟანგბადის გენერატორებს ყიდულობს. ტენდერი გამარტივებული წესით გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 16 ნოემბერს გამოცემული დადგენილებიდან გახდა ცნობილი. "ინფექციის [COVID - 19]შემთხვევების სწრაფი ზრდის პარალელურად, იზრდება COVID-19-ის მართვისთვის მობილიზებული საწოლფონდის რაოდენობა. დღეისათვის უკვე მობილიზებულია 6000 საწოლზე მეტი და თვის ბოლომდე კიდევ იგეგმება 2400 საწოლის დამატება. აღსანიშნავია, რომ COVID–19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში აქტიურად გამოიყენება სამედიცინო ჟანგბადი". – წერია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში. ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში სექტემბრის პირველი ნახევრიდან გართულდა. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 45 პაციენტი. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ამ დროის განმავლობაში 85 952 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა. სულ 16 219 აქტიური შემთხვევაა.

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 13 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 788 473 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 42 461 პაციენტი გარდაიცვალა.

დარწმუნებულები ვართ, მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს - დავით ბაქრაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი იქნება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პომპეოსთან შეხვედრებზე იმსჯელებენ მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან ვაჭრობის განვითარებაზე. „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, რომელიც გამოიხატება მათ შორის საქართველოს მხარდამჭერი აქტით, ასევე აპროპრეაციების აქტით და ველოდებით რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია. კოვიდ-19-ის და მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან როგორც საქართველოსთან, ასევე რეგიონთან საქართველოს გავლით იქნება მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად. მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პატრიარქთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ისეთივე შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც დღეს არის უმაღლეს ნიშნულზე“, - განაცხადა ბაქრაძემ. ცნობისთვის, ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს. დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

ბაქრაძე ჰოჯესზე: საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება

საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ელოდებიან. კითხვაზე შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა "ევროპათაიმთან" ისაუბრა, ბაქრაძე პასუხობს, რომ საქართველოს აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება. "ჩვენ აშშ-თან 2016 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, მემორანდუმი გავაფორმეთ, 2017 წელს გაფორმდა საქართველოს თავდაცვითი გაძლიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და რომლის ფარგლებშიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება. საქართველოს როლი რეგიონში, უსაფთხოებისა და სტაბილურობის მიმართულებით მტკიცდება, საქართველოს თავსებადობა ალიანსთან მტკიცდება. ეს არის მიმართულებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. გენერალმა ჰოჯესმა, ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა.

ზალკალიანი ჰოჯესზე: აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია

ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეეხება თუ არა შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხს, რაზეც ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ისაუბრა. „ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის. სხვაგვარად ჩვენ იმ უსაფრთხოების გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს, ვერ გავუმკლავდებით. ამიტომ, რაც გულისხმობს ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებას მუდმივად ვსაუბრობთ, დღესაც ვისაუბრებთ და ეს საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება სტრატეგიული ურთიერთობის თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ. დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება მუდმივი პროცესია“, - განაცხადა მინისტრმა. გენერალმა ჰოჯესმა ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ აშშ ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს საქარტველოში გაზრდიდა. მისივე თქმით, ამერიკელების დახმარებით, საქართველოს გაძლიერებაზე საუბრები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია და ის, ხვალ, 18 ნოემბერს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

დავით ზალკალიანი: ვიმედოვნებ, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს Twitter-ის გვერდზე ეხმაურება. „მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს“, - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია.

აშშ-ის საელჩო მაიკ პომპეოს ვიზიტს განცხადებით ეხმაურება

ამერიკის საელჩო სახელმწიფო მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე. „სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებებისას დაზარალებული მოსახლეობის დასახმერებლად აშშ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

„შეერთებული შტატები მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული საგანგებო ვითარების საპასუხოდ ახალ დახმარებას აცხადებს“, - სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებას ამერიკის საელჩო მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის დროს ავრცელებს. „შეერთებული შტატები მიესალმება საომარი მოქმედებების შეწყვეტას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეერთებული შტატები მოუწოდებდა ძალადობის დასრულებისკენ და გმობდა სამხედრო ესკალაციას, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიზიარებთ დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახების მწუხარებას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს. ბოლოდროინდელი ბრძოლის დასასრული მხოლოდ პირველი ნაბიჯია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად, შეთანხმების საფუძველზე გადაჭრისთვის. მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში. შეერთებული შტატები, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, კვლავ სრულად ჩართული რჩება ამ ძალისხმევაში. ჩვენი დიპლომატიური ჩართულობის პარალელურად, შეერთებული შტატები $5 მილიონ დოლარს ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოყოფს, რათა მხარი დავუჭიროთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოს საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ხალხის დასახმარებლად. ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3.9 მილიონი დოლარის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს. ახალი დახმარება, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოყო, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ძალისხმევას კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს მიაწოდოს საკვები, თავშესაფარი, სამედიცინო თუ სხვა გადაუდებელი დახმარება. აშშ-ის მთავრობის ჰუმანიტარული ექსპერტები აგრძელებენ ამ კრიზისის გავლენის შეფასებას. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი არსებული პარტნიორების წვლილს და მოვუწოდებთ სხვა მთავრობებს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას ახალი და მზარდი მხარდაჭერით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მაიკ პომპეო: მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში

„მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში““, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდიფანი Twitter-ზე წერს. „აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ვალდებულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში“, - წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ. 10-დღიანი ტურნე 7 ქვეყანას მოიცავს. ის თურქეთიდან ჩამოვიდა, სადაც მსოფლიო პატრიარქს შეხვდა, ქვეყნის ლიდერებთან კი მოლაპარაკებები არ გაუმართვს. თბილისი ევროპაში მაიკ პომპეოს ბოლო გაჩერებაა. საქართველოს დედაქალაქის დატოვების შემდეგ კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში გაემგზავრება. სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. გაიმართება შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება. ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას. ამით დასრულდება ამერიკელი დიპლომატების შეხვედრები თბილისში, რის შემდეგაც ის საქართველოს დატოვებს. რაიმე სახის განცხადება, ან პრესკონფერენცია პროტოკოლით გათვალისწინებული არ არის.

საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდინფექციის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა (2,036,755) დაფიქსირდა. ამის შესახებ Reuters წერს. საფრანგეთმა ლოკდაუნი 30 ოქტომბერს გამოაცხადა. საფრანგეთი მსოფლიოში შემთხვევათა ყველაზე მეტი რაოდენობით მეოთხეა, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ. მიუხედავად ყოველდღიური შემთხვევების შემცირებისა, ჰოსპიტალიზებული ადამიანების რიცხვმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და საფრანგეთს ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობით მესამე ადგილი უჭირავს, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის შემდეგ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლოკდაუნის დასასრულად პირველი დეკემბერი დაასახელა, თუმცა ეს ვადა შესაძლოა გახანგრძლივდეს, თუ შემთხვევათა რაოდენობა არ იკლებს. საფრანგეთში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 1,217 ადამიანი ემსხვერპლა, დაფიქსირდა 45,422 შემთხვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებაში დახმარებას განაგრძობს

აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი, საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად განცხადებას ავრცელებს.უწყება აღნიშნავს, რომ აშშ საქართველოს მიმართ დაფიქსირებული მხარდაჭერის ერთგული რჩება. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამყარებაში დახმარებისადმი ერთგული რჩება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მაიკ პომპეოს ვიზიტი დღეს დაიწყო. ოფიციალურ შეხვედრებს კი ის ხვალ გამართავს.

მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, სახელმწიფო მდივანი შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან მართავს. ამასთან, მთავრობის მეთაურთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შედგება. ცნობისთვის, მაიკ პომპეო თბილისს 17 ნოემბერს ეწვია და ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს მართავს. აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ მედიასთან კომენტარის გაკეთება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

საელჩო: პომპეომ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ერთგულება დაადასტურა

აშშ–ის საელჩოს განცხადებით, "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა. "სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა", – ნათქვამია საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის გასაძევებლად, აშშ-ის შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი - უოლკერი

აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ უოლკერი საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ავტორი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში მკაფიო ორპარტიული სტრატეგიული ხედვა უნდა შექმნას, რომელსაც შემდგომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააგრძელებს, რათა საქართველო რეგიონის ქვაკუთხედად ჩამოყალიბდეს. ხედვის გასამყარებლად უოლკერი რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შესახებ საუბრობს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამდგომლობით მიღწეულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, რაც უოლკერის მოსაზრებით, ამერიკისა და ევროპის მეტ ჩართულობას მოითხოვს საქართველოს დასახმარებლად. "ეს ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ პირველად რუსეთს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული: სომხეთში ნებაყოფლობით, აზერბაიჯანში სამშვიდობოების სტატუსით, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ძალების სახით. მცოცავი იმპერიის მსგავსი ნაბიჯები დამატებით წნეხს ქმნის საქართველოსთვის, ყველაზე წარმატებული დემოკრატიისა და ყველაზე პროდასავლური საზოგადოებისთვის რეგიონში", - წერს უოლკერი. უოლკერი აღნიშნავს, რომ მზარდი გეოპოლიტიკური წნეხი საქართველოში არჩევნების შედეგად შექმნილ პოლიტიკურ დაძაბულობას დაემთხვა. "გაერთიანებულმა ოპოზიციამ არ მიიღო არჩევნების შედეგები, საარჩევნო დარღვევების უხვი მაგალითების მოხმობით, რომელიც კვლავ გამოსაძიებელია. ამას გარდა, თითქოსდა ერთიანი ოპოზიცია სინამდვილეში დაყოფილია ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საკითხის გარშემო, რომლის პარტიამაც არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. აქ კი პომპეოს როლი განსაკუთრებით საჩოთიროა. მას მოუწევს კანონის უზენაესობის ორივე მხარეს დაცვა, რაც ნიშნავს, რომ გაყალბების ყველა ბრალდება უნდა გამოიძიონ და სპეციალური ზომები გაატარონ იქ, სადაც აუცილებელი იქნება. ამავდროულად, მან ხაზი უნდა გაუსვას, რომ დემოკრატია მოითხოვს ხელისუფლებასაც და მძლავრ ოპოზიციასაც. საარჩევნო შედეგების გამოძიებისა და დადასტურების შემდეგ გამარჯვებულმა მხარეებმა უნდა შექმნან ხელისუფლება, დამარცხებულებმა კი უნდა დაიკავონ თავიანთი ადგილი პარლამენტში, როგორც ოპოზიციამ. ყველა მხარემ დემოკრატიული პროცესის გაგრძელებას უნდა უერთგულოს. ზომები კი დემოკრატიული და სამართლებრივი გზით უნდა გატარდეს", - წერს უოლკერი. უოლკერი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსაც განიხილავს. მისი შეფასებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში მოწინავე ადგილების დაკავების მიუხედავად, ინვესტორები უფრთხიან საქართველოში გრძელვადიანი საქმიანობების წამოწყებას. გეოგრაფიული მდებარეობისა და ბაზრის სიმცირის გარდა, უოლკერის აზრით, ამის მიზეზი მართლმსაჯულებისა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ არსებული აღქმებია, რაც პოლიტიკურ ზეწოლას შეიძლება დაექვემდებაროს. სხვა გავლენიან ანალიტიკოსთა მსგავსად, საინვესტიციო გარემოს შეფასების საილუსტრაციოდ უოლკერს ანაკლიის პორტისა და ციფრული დერეფნების პროექტების ჩაშლა მოჰყავს, რაც მისი თქმით, ინვესტორებისთვის სახიფათოდ აღიქმება. "არჩევნების შემდგომ პერიოდში ახლებური მიდგომით ამ პროექტების (ისევე როგორც სხვა მსგავსი პროექტების) აღდგენა სავსებით შესაძლებელია, კერძო-საჯარო თანამშრომლობის გზით. საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოაბრუნოს. მომცრო, შორსმყოფი ბაზრის ნაცვლად, საქართველომ საკუთარი თავი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთადერთ კორიდორად უნდა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყანამ, რომელიც ცენტრალურ აზიას, ჩინეთს და ევროპას რუსეთისა და ირანისგან დამოუკიდებლად აკავშირებს. თავისთავად საქართველო შესაძლოა ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისთვის საინტერესო არ იყოს, თუმცა საქართველოს, როგორც ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლურ, კანონის უზენაესობის პრინციპის პატივისმცემელ და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე ღია ქვეყანას, შეუძლია გახდეს ფინანსურად, ლოჯისტიკურად და ციფრული დერეფნების თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობის ქვეყანა", - წერს უოლკერი. ავტორის აზრით, პომპეოს, შიდა პოლიტიკური შერიგებისა და აშშ-ის ჩართულობის კავლავ განმტკიცების გარდა, აქვს შესაძლებლობა, აშშ-ს დაუსახოს ხედვა საქართველოს, როგორც რეგიონის საკვანძო ეკონომიკური მოთამაშის შესახებ. "მას შეუძლია დაადასტუროს აშშ-ის განზრახვა, განათავსოს ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონული ოფისი თბილისში, შესთავაზოს საქართველოს დახმარება ინვესტორებთან მიმდინარე დავებში და განამტკიცოს ხედვა, რომელსაც აშშ-ის შემდეგი ადმინისტრაცია გააგრძელებს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის გასაძევებლად, აშშ-ის შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაძლიერებას შეუწყოს ხელი", - წერს უოლკერი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს ხვდება.