ძებნის რეზულტატი:
Air baltic-მა თბილისიდან ფრენები დეკემბრის თვეშიც გააუქმა
ავიაკომპანია Air Baltic-მა თბილისი-რიგის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები დეკემბრის თვეშიც გააუქმა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ამის გარდა, Georgian Airways-ი აღარ შეასრულებს 3, 10, 17, 31 დეკემბერს თბილისი-ვენა-თბილისის რეისებს, 4, 9, 11 დეკემბერს თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისებს და 4, 11 დეკემბერს თბილისი-პარიზი-თბილისის ფრენებს. ნოემბრიდან მთავრობამ რეგულარული ფრენების შეზღუდვა ჯამში 14 მიმართულებაზე მოხსნა, ხოლო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ ქალაქებში რეგულარული ფრენის უფლება მისცა. თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ევროპის ყველა ქვეყანამ საქართველოს შეზღუდვები დაუწესა, რის გამოც არაერთი ფრენა გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ფრენის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1000-ს გადააჭარბა. ფრენების დამატების გარდა, სავალდებულო კარანტინის PCR ტესტის სანაცვლოდ მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ, როცა ქვეყანაში ინფიცირების ერთეული ახალი შემთხვევები იყო, საქართველოს ყველა მოქალაქეს 14-დღიანი კარანტინი უნდა გაევლო. ასევე, სავალდებულო კარანტინი ეხებოდა ყველას, გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/მუდმივი რეზიდენტების გარდა. ამ უკანასკნელებს კი, კარანტინი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოუწევდათ, თუ ამ ხუთი ქვეყნიდან საქართველოში პირდაპირი რეისით შემოვიდოდნენ. ნოემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები PCR ტესტის წარდგენის სანაცვლოდ 8-დღიან თვითიზოლაციაში გადადიან.
ჩინეთი NATO-სთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
ჩინეთი მზადაა NATO-სთან დიალოგისთვის და ალიანსს სწორი მსოფლმხედველობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. "ჩინეთი იმედოვნებს, რომ NATO მათ მიმართ შექმნილ დამოკიდებულებას შეცვლის, ქვეყანა დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.
ახალშობილთა მშობლებს 25-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემათ
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ. ვაუჩერის ღირებულება 25 ლარია და მისი გამოყენება ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი. მშობლები ვაუჩერებს 15 დეკემბრიდან მიიღებენ. უწყების ცნობით, ამ გზით პროექტი "კეთილი იყოს შენი მობრძანება", რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება. სამინისტროში ამბობენ, რომ მშობლებს ფასდაკლების ბარათებსაც გადასცემენ: "სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომელიც პირველად იღებს ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტულ ბრენდებს 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ", - აცხადებენ სამინისტროში. მათივე თქმით, "მნიშვნელოვნად უმჯობესდება" სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტიც. "სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ", - ამბობენ უწყებაში. სამინსიტროს ცნობით, პროექტი 2016 წლიდან მოქმედებს და ამიერიდან ის წლიურად 50 000 ადამიანს შეეხება.
არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს
არიზონამ და ვისკონსინმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპა 2016 წელს აღნიშნული ორივე შტატი მოიგო, თუმცა 2020 წლის არჩვენების შედეგები გაპროტესტებამაც ვერ შეცვალა. არიზონას შტატში ბაიდენმა ტრამპი 10 000-ზე მეტი ხმით დაამარცხა, ხოლო ვისკონსინში მან 20 000-ით მეტი ხმა მიიღო. გამოცემისვე ცნობით, ტრამპის კამპანიამ უკვე გადაიხადა 3 მილიონი დოლარი ვისკონსინის, მილოუკისა და დეინის ოლქებში ხმების გადათვლისთვის, თუმცა საბოლოო შედეგით მაინც დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოცემა წერს, რომ ბაიდენი, დიდი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით 302 ხმას მიიღებს, ტრამპი კი 232-ს.
კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი გაზი ძვირდება
არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება ძვირდება. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ინარჩუნებს ბუნებრივი გაზის ყველაზე დაბალ ტარიფს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის. კომპანია შექმნის პირველივე დღიდან, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საკუთარი რესურსებით აბალანსებს ვალუტის კურსის ცვლილებით, ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილ სხვაობას. ასევე ყველაზე მთავარი - მილიონობით ლარის ზარალი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს - მაგალითად, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია-განახლება, რომელიც 60 წელია არ შეცვლილა და მწყობრიდანაა გამოსული. ქსელის განახლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი აბონენტების, დედაქალაქის მოსახლეობის მეტი უსაფრთხოებისთვის. დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.10 (ერთი ლარი და 10 თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკის მიერ. ასევე, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ტარიფი არ გაუძვირდებათ პურის საწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.
შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება
შოტლანდია მომავალი კვირიდან ვაქცინაციისთვის ემზადება. Edinburg News-ი შოტლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერზე, ჯინ ფრიმანზე დაყრდნობით წერს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მზად არის ვაქცინაციის დაწყებისთვის, როგორც კი რომელიმე პრეპარატი ნებართვას მიიღებს. მისივე ცნობით, დიდი ალბათობით პირველი - Pfizer/BioNTech-ს ვაქცინა იქნება, რომელსაც 7 დეკემბერს, მოსახლეობის ასაცრელად დაუშვებენ. შოტლანდიის მთავრობის თანახმად, ეროვნული ჯანდაცვის სერვისის (NHS) თანამშრომლები ვაქცინის მიწოდებაზე ტრენინგს, ამ კვირიდან გაივლიან. შოტლანიდა Pfizer-ის 320 000 დოზას დეკემბერში მიიღებს. პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის პერსონალი აიცრება. დიდმა ბრიტანეთმა 40 მილიონი დოზა Pfizer-ის ვაქცინა, შვიდი მილიონი Moderna-სა და 100 მილიონი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძინა.
ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან - ცესკოს სპიკერი გადადგომას ადასტურებს
ცესკოს პრესსპიკერი გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ აღნიშნული მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. როგორც ანა მიქელაძე აცხადებს, მისი თითოეული ნაბიჯი, თანხვედრი უნდა იყოს ღირებულებებთან. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. მადლობა მინდა გადავუხადო თანამშრომლობისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას, პარტნიორს, ჟურნალისტს, ადამიანებს, რომლებთანაც მაკავშირებს მრავალი წლის საქმიანი თუ მეგობრული ურთიერთობა", - აცხადებს ანა მიქელაძე.
იაპონიაში Family Mart-ის ერთ-ერთ უდიდეს ქსელში შქმერულის ლანჩ-ბოქსები გაიყიდება
დღეიდან იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი ქსელის, Family Mart-ის 16 ათასამდე მაღაზიაში ქართული კერძის - "შქმერულის" მზა ულუფები, ე.წ. ლანჩ-ბოქსები გაიყიდება, - ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. "აღსანიშნავია, რომ შეფუთვაზე დატანილია ქართული დროშა და წარწერა, რომელიც მყიდველს ამცნობს ამ კერძის ქართული წარმოშობის შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ "შქმერულის" სწრაფი მომზადების პაკეტები იგივე მაღაზიათა ქსელში ოქტომბრიდან იყიდება.
2021 წელს საჯარო სექტორის ხელფასები 60 მლნ-ით 1.6 მილიარდამდე იზრდება
2021 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები მთლიანი სახელფასო ანაზღაურების სახით 1.61 მილიარდ ლარს მიიღებენ, რაც 2020 წელთან შედარებით 60 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ბიუჯეტი ხარჯების შეკვეცის პოლიტიკას არ ითვალისწინებს. მთლიანობაში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით მთავრობის ასიგნებები 18.4 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც ბიუჯეტის რეკორდული მოცულობაა. მთავრობის ხარჯბი 2020 წელთან შედარბით ჯამში 2.46 მილიარი ლარით იზრდება. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს. 2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის დაგეგმილი, ეს ეკონომიკური ზრდის პირველად პროგნოზთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, შესაბამისად, ზრდის შემცირების გამო, საგადასახადო შემოსავლბის გეგმაც პირველად პროექტთან შედარებით შემცირებულია. საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3.6 მილიარდი ლარით; • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 951.0 მლნ ლარით; • დღგ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5.4 მილიარდი ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 347.3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი 1 მილიარდი; • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1.58 მილიარდი ლარის ოდენობით; • იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 77.0 მლნ ლარით. მომდევნო წელს ყველაზე მეტი თანხით კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო დაფინანსება არის დაგეგმილი - უწყების ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით იზრდება და ის 5.56 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის ზრდას განაპირობებს როგორც პენსიის ინდექსაციის ახალი კანონი, რომლითაც პირველი იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება, ასევე, ქვეყანაში დაწესებული "ლოქდაუნის" გამო, ბიუჯეტი სოციალურად დაუცველთათვის 6 თვით 100-ლარიან დახმარებებსაც დააფინანსებს.
ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 3 დეკემბერს შეაჯამებს
3 დეკემბერს ცესკო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმს გამოსცემს. სხდომა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 17:00 საათისთვის დაინიშნა. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა უნდა ჩატარდეს. პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს. არსებული ინფორმაციით, სახელისუფლო პარტიაში პარლამენტის პირველი სხდომის გამართვის სავარაუდო თარიღად 11 დეკემბერი იხილება.
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 64 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 64 194 674 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 44 441 249 ადამიანი, 1 486 829 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 266 596 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.
ქუთაისში მისო ინტელექსპრესი გაქურდეს - წაღებულია ოქრო და ფული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა პირმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრა, კომპანია მისო ინტელექსპრესის ფილიალის საცავის ოთახში შევიდა, ლითონის საცავის კარი გაჭრა და ფული და ოქროს ნივთები წაიღო. უწყების ცნობით, ერთი პირი ხელვაჩაურში, მეორე კი ქუთაისში დააკავეს. მათი ინფორმაციით, ერთერთი პირის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად მოპარული ოქროს ნივთებისა და თანხის ნაწილი ამოიღეს, მეორესგან კი - 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, ასევე, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები. გამოძიება ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. მეორეს მიმართ კი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალში პოლონელ კოლეგასთან ერთად ჩაერთვება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავიდან მონაწილეობს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო სამეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში, რომელიც 1 დეკემბერს დაიწყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, მინისტერიალი ონლაინ-კონფერენციის ფორმატით ტარდება. დღეს, 2 დეკემბერს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დავით ზალკალიანი ონლაინ-შეხვედრაში პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან ერთად ჩაერთვება. მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, გაწევრიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები, მათ შორის „არსებითი პაკეტის“ განახლების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველო-ნატოს თანამშრომლობა.
კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ჯო ბაიდენმა სახაზინო მდივანი წარადგინა
კრიზისთან ბრძოლისთვის, მასზე უკეთ არავინაა მომზადებული - ასე წარადგინა აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის სახაზინო მდივანი და ეკონომიკურ მრჩეველთა გუნდი. ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილი თავმჯდომარე ჯანეტ იელენი სახაზინო მდივნის პოზიციაზეა შერჩეული. „მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯანეტ იელენი წარვადგინო. მასზე კარგად კრიზისთან ბრძოლისთვის არავინაა მომზადებული“, - განაცხადა ბაიდენმა. იელენის მოადგილედ კი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, ბარაკ ობამას ფონდის ხელმძღვანელი უოლი ადეიემო წარადგინეს. ბაიდენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ პრინსტონის უნივერსიტეტის ეკონომისტი სესილია როუსი დაასახელა.
4033 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი - 2 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999, იმერეთში-1 241. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47. 3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-465, აჭარაში-1 004, ხოლო იმერეთში-31. სულ 6 ოქტომბრიდან - 1-ლი დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 203 პირი, აჭარაში-11 505, იმერეთში-4 996“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საახალწლო სოფლისთვის განკუთვნილი თანხა, მოსახლეობას მოხმარდება - კალაძე
საახალწლო სოფლისთვის განკუთვნილი თანხა, მოსახლეობას მოხმარდება - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ წელს საახალწლო სოფელი, ვირუსის გავრცელების დიდი რისკის გამო არ გაკეთდება. "შეზღუდვები, რომლებიც არის დაწესებული და, ზოგადად, იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წელს საახალწლო სოფელი ვერ გაკეთდება. იმიტომ, რომ ეს, ფაქტობრივად, ქმნის მიზიდულობის ცენტრს და ძალიან დიდი საფრთხე იყო იმისი, რომ ბევრი ადამიანი მივიდოდა ბავშვებით, ბებიებით, ბაბუებით. რა თქმა უნდა, გაჭირდებოდა კონტროლი და უხერხული იქნებოდა, მოსული ადამიანისთვის გეთქვა, რომ აი, თქვენ არ შეხვიდეთ, იმიტომ, რომ ბევრი ხალხია. თუმცა, ასევე მინდა ერთი რაღაც ვთქვა, რომ ჩვენ, დაახლოებით, 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხები, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართულიიქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში და ამისთვის პლატფორმა შექმნილი გვაქვს", - განაცხადა თბილისის მერმა.
გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
გაერთიანებულმა სამეფომ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის მომავალი კვირიდან გამოყენების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „დღეს მთავრობამ მიიღო მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების დამოუკიდებელი მარეგულირებელი სააგენტოს (MHRA) რეკომენდაცია Pfizer-BioNTech– ის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დამტკიცების შესახებ”, - ნათქვამია გაერთიანებულმა სამეფოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომი მომავალი კვირიდან გახდება. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე მიმდინარე კვლევის წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაქცინა კოვიდ 19-ით დაინფიცირებისგან ვაქცინირებული ადამიანების 90%-ზე მეტს იცავს. ვაქცინა ექვს ქვეყანაში 43 500 ადამიანზე გამოსცადეს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა.
აშშ-ში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირება იგეგმება
აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში თვითიზოლაციის ვადის 10 დღემდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ჩატარებულ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი თვითიზოლაციის პერიოდი, შესაძლოა, 7 დღეს არ აღემატებოდეს. აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამჟამინდელი რეკომენდაციით, ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში მოქალაქეებმა 14-დღიან თვითიზოლაციას უნდა მიმართონ.
შსს-მ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1028 ფაქტი გამოავლინა. შსს-ს ინფორმაციით, იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევისთვის 83 პირი, პირბადის ტარების წესის დარღვევაზე კი 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამასთან, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1028 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად(იზოლაციის ან კარანტინის წესის დარღვევა) 83 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 945 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობა ინტენსიურ ტესტირებას იწყებს
მთავრობა ინტენსიურ ტესტირებას იწყებს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემბერდია სიჭინავამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პირველ თებერვლამდე, მხოლოდ მთავრობა 20 000-მდე ტესტს ჩაატარებს. პროცესში ასევე ჩაერთვებიან კერძო კლინიკებიც. „სახელმწიფო დღეში გააკეთებს, დაახლოებით 20 ათას ტესტს, ხოლო ამას დაემატება კიდევ კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში გადასვლას დაუყოვნებლივ, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუმროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, 2 თვის განმვლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობა და ტესტირების გაფართოება შემთხვევების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირებულების იზოლირების მიზნით,“ - განაცხადა სიჭინავამ.