ძებნის რეზულტატი:
აშშ-ის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა - რობერტ რედფილდი
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო შეერთებულ შტატებს რთული ზამთარი ელოდება. „რეალობა ის არის, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ყველაზე რთული თვეები იქნება ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში,“ - აღნიშნა რობერტ რედფილდმა. რედფილდის თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა, საავადმყოფოების 90% კორონავირუსის ”ცხელ ზონად” არის გამოცხადებული და ვირუსის გავრცელების ტრაექტორია ბევრად უფრო ციცაბოა, ვიდრე ნებისმიერი წინა ტალღის დროს. CNN-სა და New York Times-ის მონაცემების თანახმად, აშშ-ში გუშინ კორონავირუსის ფატალური შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა. CNN-ის ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღის განმავლობაში ვირუსს 2 670 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, New York Times-ი კი იუწყება, რომ 2 დეკემბერს კოვიდ 19-სგან 2 760-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. მედიის ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში იყო. ჟისკარ დესტენს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ნოემბერში მისი ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო. ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთს 1974-1981 წლებში მართავდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ურთიერთთანხმობის საფუძველზე განქორწინების დაშვება, არჩევნებში მონაწილეობის დასაშვები ასაკის 21-დან 18-მდე შემცირება და აბორტის ლეგალიზება. ვალერი ჟისკარ დესტენს ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ. მას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ჰელმუტ შმიდტთან და მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ვალუტას - „ევროს“. საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 244 635 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
პუტინმა რუსეთში ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის დაწყების განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომავალი კვირიდან დაწყების განკარგულება გასცა. მისი თქმით, „სპუტნიკ V“-ით პირველ რიგში მასწავლებლები და ექიმები უნდა აიცრან. "მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მომავალ კვირას ფართომასშტაბიან ვაქცინაციას დაიწყებთ. მოდით, უკვე დავიწყოთ მუშაობა. მესმის, რომ ძალიან ფრთხილ ენას იყენებთ და ჩვენს მიერ სიფრთხილის გამოჩენა აბსოლუტურად გამართლებულია, მაგრამ ვიცი, რომ ინდუსტრია და (ჯანმრთელობის) ქსელი ზოგადად მზად არიან. მოდით, გადავდგათ პირველი ნაბიჯი,” - მიმართა პუტინმა ვიცე პრემიერ ტატიანა გოლიკოვას მინისტრთა კაბინეტთან ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს. მისი თქმით, რუსეთი უახლოეს დღეებში ვაქცინის 2 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს. რუსეთის მთავრობა ირწმუნება, რომ „სპუტნიკ V“-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა შედეგმა პრეპარატის 92%-იანი ეფექტურობა აჩვენა.
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება - ბაიდენი
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება - ამის შესახებ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2008 წელს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი აცხადებს, ტექსტი, რომლითაც ბაიდენი საქართველოში სიტყვთ გამოვიდა, მის სახელმწიფო მდივანთან, ტონი ბლინკენთან ერთად დაწერა, რომელსაც ტეფტის თქმით, საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა. „ტონი ბლინკენის როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა,“ - ამბობს ჯონ ტეფტი. აღსანიშნავია, რომ ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა. „მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.
ვლადიმირ ვაისი - საქართველოდან გამარჯვებული ვერა, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედი
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ გამოცემა sport.sk-თან საქართველოს ნაკრების დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, განურჩევლად იმისა, თუ როგორ დასრულდა ეს - წარმატებით თუ არა. მიზნის მისაღწევად, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა - ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. თითქმის ხუთი წელი ვიმუშავე საქართველოს ნაკრებთან - ეს დიდი დროა როგორც სამწვრთნელო კარიერაში, ასევე ცხოვრებაში. მე და ჩემმა თანაშემწეებმა საქართველოს ნაკრები გამარჯვებულმა ვერ დავტოვეთ, მაგრამ სუფთა სინდისით წამოვედით და ვფიქრობ, რომ ჩვენი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება”, - განუცხადა ვაისმა გამოცემას. მან ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების მარცხი გარკვეულწილად COVID-19-მაც განაპირობა. „სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული პერიოდია და სპორტში ამას ყველა ხვდება. მაყურებლის გარეშე თამაშის დროს ემოციები იკარგება. ეს თავად გამოვცადე. გადამწყვეტ მატჩში მაყურებლის გარეშე მოგვიწია თამაში და მათ გარეშე ვერაფერი შევძელით. გულშემატკივარი ძალიან საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე და, ალბათ, ყველაზე მეტად - ეროვნული ნაკრების დონეზე. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მჯერა, რომ რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა მოიძებნება, კორონავირუსს დავამარცხებთ და სტადიონებზე ხალხი დაბრუნდება”, - აცხადებს სლოვაკი სპეციალისტი. ვაისი საქართველოში ჩამოსვლამდე წვრთნიდა „სლოვან ბრატისლავას“, „პეტრჟალკას არტმედიას“, ხოლო ოთხი წლის განმავლობაში - სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა. 2012-2015 წლებში ავარჯშებდა ყაზახეთის ალმატის „კაირატს“. ახლა ის საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს. „როდესაც ხუთი წელი მუშაობ ნაკრების მწვრთნელად, ყველაფერზე დასაფიქრებლად საკმარისი დრო გაქვს, რადგან წლის განმავლობაში რამდენიმე მატჩია. მე ისევ სლოვაკეთში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ ოჯახთან ერთად პრაქტიკულად სახლში ვიყავი და მხოლოდ მატჩებზე და საწვრთნელ შეკრებებზე დავდიოდი. საკლუბო დონეზე დაბრუნება მსურს, მაგრამ ვნახოთ რა შემოთავაზებები იქნება, რადგან მილიონი მწვრთნელია, მაგრამ ამდენი კარგი კლუბი არაა. მსურს ვიპოვო გზა, რომელიც სხვა სიმაღლეზე ამიყვანს და სიხარულს მომიტანს”, - აღნიშინა სლოვაკმა სპეციალისტმა. ვაისი საქართველოს ნაკრებში 2016 წლის თებერვლიდან 2020 წლის ნოემბრამდე მუშაობდა. სლოვაკი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც თბილისში ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.
შსს-მ რუსეთის მოქალაქისგან 2 მილიონამდე ლარის ღირებულების "ჰეროინი" ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
4 260 ახალი შემთხვევა და 45 გარდაცვლილი - 3 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 147 636-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 947 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 124 568-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 387 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43.3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283-თბილისში, 1 997-აჭარაში, 332-იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-478, აჭარაში-970, ხოლო იმერეთში-31. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 769 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 675 პირი, აჭარაში-11 775, იმერეთში-5 080“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
2021 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზანი პანდემიასთან ბრძოლაა - პრემიერი
2021 წლის ბიუჯეტი დაბალანსებულია და მისი ძირითადი მიზანი პანდემიასთან ბრძოლაა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. „მოგეხსენებათ, პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ. ის ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი. "ჩვენ გამოვაცხადეთ მოსახლეობის და ბიზნესის სოციალურ-მიზნობრივი მხარდაჭერის მეოთხე ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობაა მილიარდ 420 მლნ, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 180 მლნ, ხოლო დანარჩენი მილიარდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტში. ამ ციფრების ძირითადი მიმართულებაა პირველ რიგში ჯანდაცვის მხარდაჭერა, მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარი, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია, ვაქცინაციის მომზადება, მისი შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი", - აღნიშნა მან.
მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის განხილვაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა - პრემიერი
მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის განხილვაში ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობა. იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიების ამ ბიუჯეტის ირგვლივ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე იზრუნებს
შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და შესყიდვაზე იზრუნებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოსატანად და ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე იმ ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტიანი ვაქცინაციის დასაწყებად“, - განაცხადა პრემიერმა. ამასთან, პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში დადგენილი წესების მაქსიმალური სიმკაცრით აღსრულება დაავალა. „რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას. თუმცა, ის მოთხოვნები, რომლებსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ როგორც გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას. მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომლებიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების, ექიმების მხრიდან, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულდეს მაქსიმალური სიმკაცრით“, - აღნიშნა მან.
რომელი პროდუქტი რამდენით გაძვირდა - საქსტატი
ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, ხოლო პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა, - აღნიშნულ ინფორმაციას “საქსტატი” აქვეყნებს. როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფლაციის მაჩვენებლებშია აღნიშნული, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. უფრო დეტალურად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი), თევზეული (9.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი). ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც 0.71 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (12.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ჯგუფში - ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, დაფიქსირდა ფასების 10.2 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.7 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (10.4 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (10.1 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (7.4 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (6.2 პროცენტი). ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 5.2 პროცენტით. შესაბამისად, წლიურ ინდექსში ჯგუფის წვლილმა -0.64 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.7 პროცენტი).
პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905 მოქალაქე დააჯარიმეს
სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის კიდევ 905, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევისთვის 105 მოქალაქე დააჯარიმეს, მათ შორის ისინიც, ვინც კომენდანტის საათის დროს ქუჩაში იყო. "შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვანდაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებაკანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოსსაზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობისმოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონმაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულრეგულაციებს" - აცხადებს შსს. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა 2 000 ლარით.
ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები, სათანადოდ კვლავ არ არის გათვალისწინებული - ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მორიგ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები, სათანადოდ კვლავ არ არის გათვალისწინებული. ომბუდსმენის ცნობით, საქართველოში ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა სხვადასხვა შეზღუდვებმა, კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმმა ნეგატიური გავლენა მოახდინა შშმ პირებზე და მათ ოჯახებზე. ერთ-ერთ პრობლემად გამოიკვეთა ახალი კორონავირუსის შესახებ, მათთვის მისაწვდომი ფორმებითა და საშუალებებით ინფორმირება. შეჩერებულია შშმ პირებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება. ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი სწავლების ყველა საფეხურზე; გამოწვევას წარმოადგენს როგორც მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა. "სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა და ფსიქიატრიულ სტაციონარულ კლინიკებში ჯეროვნად არ არის დაცული ინფექციის გავრცელებისა და კონტროლის წესები, ეფექტურად არ სრულდება COVID-19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლები". – ვკითხულობთ განცხადებაში. ომბუდსმენი აღნიშნავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის ქმედითი და არ პასუხობს შშმ პირთა ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს. ამასთან, კორონავირუსის გამო არსებული გამოწვევების გარდა, ქვეყანაში კვლავ არ არის შექმნილი შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის ეროვნული მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. "საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებული პრობლემების დროული მოგვარება მნიშვნელოვანია შშმ პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისთვის და მათი ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფისთვის. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, დაიწყოს მუშაობა COVID-19 შემდგომ პერიოდში ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაზე. ამ პროცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახებისა და კანონიერი წარმომადგენლების, შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართულობას და თანაბარ მონაწილეობას". – ნათქვამია განცხადებაში.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას - ზალკალიანი
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორ მან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეფასებისას აღნიშნა, შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს. “ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო არის მიწვეული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ამას მიანიშნებს ასევე ის განხილული თემები, რომელიც გუშინ განვიხილეთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, გუშინ იქნა მიღებული ნატო - საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. 2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატო-ს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზრისით. გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ნატო-ში ინტეგრაციის გზა მოიცავს როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით არსებულ რეფორმებს და ეს იყო კიდევ ერთი აღირება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, 1 400 000 000 ლარს აჭარბებს - თურნავა
ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, 1 400 000 000 ლარს აჭარბებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, 2021 წლის ბიუჯეტის შეფასებისას განაცხადა. "მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება. ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე. შევარბილოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც პანდემიას ჩვენზე ჰქონდა და კიდევ ექნება. განსაზღვრულია, რომ ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, რაც 2020-2021-ში ჯამურად განხორციელდება, მილიარდ ოთხას მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1200- ლარიანი დახმარებების გაგრძელება, ვინც დროებით შემოსავლის გარეშე რჩება, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის კომუნიალური გადასახადების სუბსიდირება. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ჩვენი ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ პენსიის გაზრდა. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება აღარაა აქტუალური. მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული პროგრამები. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯები რჩება", - განაცხადა ნათია თურნავამ.
სად არის შესაძლებელი ტესტის გაკეთება გაფართოებული ტესტირების ფარგლებში
გაფართოებული ტესტირების პროგრამა დღეიდან დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროგრამის ფარგლებში, სიმპტომებიან პირებს შეუძლიათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანის მასშტაბით ტესტირება დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება. „მოგახსენებთ ტესტირების გაფართოებული პროგრამის შესახებ,რომელიც დღეიდან დაიწყო. ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულება, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და ის დაწესებულებები, რომლებიც რეგისტრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრში ლაბორატორიული ტესტირების პროგრამის ფარგლებში, დღეიდან შეძლებენ ანტიგენით გაფართოებული ტესტირების დაწყებას სიმპტომური პირებისთვის, ვინც მოვლენ იქ ოჯახის ექიმის მიმართვით, შესაძლოა, თვითდინებით მისული პირების გამოკვლევაც, რაც მოგვცემს საშუალებას სწრაფად გამოვავლინოთ ყველა ინფიცირებული შემთხვევა და ვურჩიოთ მას დარჩეს სახლში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შეფერხდეს ინფექციის გავრცელება. ეს არის ძალიან კრიტიკული ინტერვენცია შეზღუდვების პერიოდში და ეს ინტერვენცია გაგრძელდება აქტიურად პირველ თებერვლამდე, რათა ეტაპობრივად მოხდეს გავრცელების კლება. ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაა, სადაც ასეთი სახის ტესტირება შესრულდება. რა თქმა უნდა, დღეს მთავარი აქცენტი იქნება კვლავაც დიდ ქალაქებზე - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, სადაც უფრო აქტიური არის გავრცელებაც და მოსახლეობასაც შეუძლია სიმპტომების შემთხვევაში მიმართოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას და იქ ჩაიტაროს ანტიგენზე ტესტი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, ანტიგენის ტესტები, რომელიც ქვეყანაში და ამ პროგრამის ფარგლებში გამოიყენება, არის მაღალი ხარისხის , ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული 2 ტესტიდან ერთ-ერთია, ამდენად ხარისხი და სარწმუნოობა ამ ტესტის არის ძალიან მაღალი და ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რიგებს, დაყოვნების პერიოდს და მოსახლეობასაც და ექიმებს საშუალებას მისცემს სწრაფად დაიწყონ მკურნალობა,“- განაცხადა გაბუნიამ.
13-მა ქვეყანამ ნატოს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა
13-მა ქვეყანამ ნატოს ღია კარის პოლიტიკა შეინარჩუნებისა და საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. შესაბამისი წერილი, რომელიც ლიეტუვის ინიციატივით მომზადდა, მან ნატოს მოკავშირეებს წარუდგინა. წერილში, ნატოს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს ფოკუსი ღია კარის პოლიტიკაზე. ლინკევიჩუსის თქმით, ნატომ უნდა განაგრძოს საქართველოს და უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა. როგორც ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე ლინას ლინკევიჩუსმა ლიეტუვის გარდა, ჩეხეთის, ლატვიისა და სლოვაკეთის სახელით ისაუბრა. მან მოკავშირეთა ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონში ნატოს პარტნიორებთან - საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროებაზე. „ჩვენ მტკიცედ ვართ მოწადინებული, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე. ასევე გვაქვს სურვილი, წავახალისოთ გამოსავლის გზების ძიება, რომლითაც პარტნიორების გაძლიერებას შევძლებთ“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.
როგორ უნდა მიიღონ დახმარება თვითდასაქმებულებმა - შემოსავლების სამსახური
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, როგორ უნდა მიიღონ დახმარება იმ თვითდასაქმებულებმა,რომლებსაც შეზღუდვების გამო საქმიანობა შეუჩერდათ. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. „დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაიწყო 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვთ საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება. სარეგისტრაციო განაცხადები უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიქტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან https://eservices.rs.ge . პირველადი განაცხადების წარდგენა განხორციელდება 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთხელ, დეტალურად განვმარტავთ, რომ შემოსავალების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე, ინფორმაციას, ასევე, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. შეგახსენებთ, რომ არარეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები, არიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც ფაქტობრივად ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული იმ პირის ობიექტზე, რომელსაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეუჩერდა საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე, 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ობამა, ბუში და კლინტონი Covid-19-ის ვაქცინას ტელეკამერების წინ გაიკეთებენ
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი გეგმავენ ახალი კორონავირუსის ვაქცინა საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. მიზანი ვაქცინისადმი სანდოობის გაზრდა და მისი უსაფრთხოების და ეფექტიანობის ჩვენებაა. ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტების ამ კამპანიის შესახებ CNN ავრცელებს. მათ თქვეს, რომ თუ აშშ-ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი იტყვის, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, მზად არიან ის საჯაროდ, ტელეკამერების წინ გაიკეთონ. "შესაძლოა ეს პროცესი გადავიღოთ, მხოლოდ ხალხისათვის იმის საჩვენებლად, რომ მეცნიერებას ვენდობი, რასაც არ ვენდობი - ესაა კორონავირუსით დაავადება". - თქვა ობამამ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჯერ-ჯერობით აშშ-ს გამოყენებისათვის კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ დაუმტკიცებია. განიხილება რამდენიმე კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის დამტკიცება, თუმცა ამისათვის მათ შემოწმება წარმატებით უნდა გაიარონ. ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება დიდ ბრიტანეთში, სადაც უკვე დაამტკიცეს Pfizer-BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა. მოსალოდნელია, რომ ამავე ვაქცინის გამოყენება აშშ-ში რამდენიმე კვირაში დაიწყება. აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. პანდემიის დაწყებიდან ვირუსი სულ 14 314 265 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 8 462 434, გარდაიცვალა - 279 867. ეპიდემიოლოგები ამერიკის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და მათ შეზღუდვების დაცვისაკენ მოუწოდებენ.
ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს
ირანი ურანის გამდიდრებას გეგმავს - „ბიბისის" ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. იმ შემთხვევაში თუ, უახლოეს ორ თვეში ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციები არ შემსუბუქდება, დოკუმენტი მთავრობას ავალდებულებს, განაახლოს ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრება, რაც ბევრად აღემატება 2015 წლის ბირთვული ხელშეკრულებით შეთანხმებულ 3.67 პროცენტს. კანონპროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი ჰასან როუჰანი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის დამტკიცებას წინ უძღვოდა ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობა, რომელსაც 27 ნოემბერს თეირანის გარეუბანში დაესხნენ თავს.