ძებნის რეზულტატი:

მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე PCR კვლევის ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, 8-დღიან თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში. „მოქალაქეებს არ მოუწევთ საკარანტინო სასტუმროებში განთავსება. ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განათავსებს“, - განაცხადა სიჭინავამ. მისივე თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინაციის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს. „შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის შეუფერხებელი უზრუნველყოფის კუთხით, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და მოსამზადებელი სამუშაობის ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სიჭინავამ.

ჯანდაცვის მინისტრი შეზღუდვების გადახედვას გამორიცხავს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში არსებული ეპიდვითარების გამო დაწესებული ახალი შეზღუდვების გადახედვას გამორიცხავს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება თუ რატომ არის დღესდღეობით ასე მნიშვნელოვანი, რომ მივმართოთ კონკრეტულად ამ შეზღუდვებს. რაც შეეხება შეღავათებს, ამაზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს და მათ უკვე განუმარტეს თუ რა შეღავათების საშუალება არსებობს. თუ დამატებითი კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდიც და ჯანდაცვის სამინისტროც შეხვდება მათ და გასცემს მათ კითხვებს პასუხს. შეზღუდვების გადახედვა ვერ მოხდება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით ესაჭიროება" – განაცხადა ტიკარაძემ.

გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა აფხაზეთში გაიგზავნა

საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთში გაგზავნა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე მიაწოდა. გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ. “ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა გრიპის ვაქცინის დოზა გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65 წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია აიცრას. სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არც ერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აზერბაიჯანში 10 ნოემბერი „გამარჯვების დღედ“ გამოცხადდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბრძანებას, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გამარჯვების დღის დაწესების შესახებ, ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბრძანების თანახმად, „გამარჯვების დღეს“ აზერბაიჯანში ყოველი წლის 10 ნოემბერს აღნიშნავენ. შეგახსენებთ, 10 ნოემბერს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

DFRLab - გამოვლენილია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც "ქართული მარში" და PosTv იყენებდნენ

ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRlab) ცნობით, გამოვლენილია ყალბი ანგარიშების ქსელი, რომელსაც "ქართული მარში" და PosTv იყენებდნენ. კვლევის ფარგლებში DFRlab-მა 30 facebook ჯგუფი, 30 გვერდი და 10 ანგარიში გამოავლინა. ლაბორატორიის კვლევით გამოვლინდა აშკარა კავშირი იმ ანგარიშებს, ადმინისტრატორებს, ჯგუფებსა და გვერდებს შორის, რომლებიც ტელეკომპანია PosTv-ისა და "ქართული მარშის" პოლიტიკური დღის წესრიგის გავრცელებით იყვნენ დაკავებული. DFRlab–ს ცნობით, მათი უმრავლესობა შეთანხმებულად, ხშირ შემთხვევაში კი, ერთი და იგივე წყაროდან იმართებოდა. ქსელში შემავალი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები იდენტური მეთოდებით ცდილობდნენ მომხმარებლებისთვის მოტყუებით პოლიტიკური კონტენტის მიწოდებას და მათ გავრცელებას. ფეისბუქგვერდები კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ფეისბუქგვერდები, რომელთა ჯამური აუდიტორია დაახლოებით 98 000 ფბ მომხმარებელი იყო. ეს გვერდები დაკავშირებული იყო ფოტოგრაფ და ვიდეობლოგერ George Toreli - სთან. გამოვლენილი ფეისბუქგვერდები, იდენტობის შეფარვის მიზნით მოგზაურობის, მარკეტინგის, ფოტოგრაფიის, ფილმების და გართობის საკითხებით დაინტერესებას იჩემებდნენ. სინამდვილეში კი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები. მაგალითისთვის, ფეისბუქგვერდები George Toreli; Tyachi და Torel News კოორდინირებულად ავრცელებდნენ PosTv-ის გართობის და "ქართული მარშის" პოლიტიკურ ვიდეოებს. მოცემული გვერდები PosTv-სა და "ქართული მარშის" კონტენტს ერთი და იგივე დროის ინტერვალით აზიარებდნენ, რაც კოორდინირებულ ქმედებაზე მიუთითებს ისევე, როგორც ამ გვერდების ცენტრალურ მართვაზე. კიდევ ერთი გვერდი - "მარში ტვ" (March Tv) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 1 სექტემბერს შეიქმნა. გვერდი პირდაპირ იყო დაკავშირებული "ქართულ მარშთან" და მასალებსაც პირდაპირ "ქართული მარშიც" ოფიციალური გვერდიდან აზიარებდა. ეს გვერდი ორ საჯარო ფბ ჯგუფს უწევდა ადმინისტრირებას: "საგიჟეთი, ღამურები, შერეკილები" და "ყიდვა-გაყიდვა საქართველოში". მარში ტვ-ის შექმნის შემდეგ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რამდენიმე ფბ გვერდი, რომლებიც ტანსაცმლის, გართობის და სხვადასხვა სფეროს დასახელებებს ირჩევდნენ, სინემდვილეში კი "ქართული მარშის" კონტენტს ავრცელებდნენ. მაგალითისთვის ფბ გვერდი "The best shoe fabric" რეალური იდენტობის დასაფარად ფეხსაცმლების გასაყიდ გვერდად შეიქმნა, სინამდვილეში კი გვერდის შესახებ ინფორმაციაში ინტერნეტ ტელევიზიაა მითითებული, გვერდის მისამართი (ID) კი "მარში ტვ"-ზეა გაფორმებული. ფეისბუქანგარიშები ქსელი ასევე რამდენიმე ფბ ანგარიშსაც (account) მოიცავდა. ისინი ასევე კოორდინირებულად ავრცელებდნენ "ქართული მარშისა" და PosTv-ის მასალებს. რამდენიმე მათგანს არაავთენტიკურობის დამადასტურებელი მკაფიო მახასიათებლებიც ჰქონდათ - ანგარიშებზე პროფილის ფოტოდ ინტერნეტიდან აღებული ფოტოები ეყენათ, 2 მათგანს კი სამუშაო ადგილად "ქართული მარშის" საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახური ჰქონდათ მითითებული. ფეისბუქჯგუფები DFRlab-ის მიერ გამოვლენილი ქსელი 30-მდე ფბ ჯგუფსაც მოიცავდა, მათი ნაწილი დახურული ჯგუფია. ჯგუფების წევრთა საერთო რაოდენობა 40 000-ს აჭარბებს. ყალბი გვერდების მსგავსად, ჯგუფებსაც შეცდომაში შემყვანი სხვადასხვა სფეროსთან ასოცირებული, აპოლიტიკური სახელები დაერქვა, თუმცა, სინამდვილეში, ჯგუფებში PosTv-ისა და "ქართული მარშის" კონტენტი აქტიურად და კოორდინირებულად ვრცელდებოდა. ქსელს ერთმანეთთან, მათ შორის, საერთო ადმინისტრატორებიც აკავშირებენ. მაგალითისთვის: ფბ გვერდი "The best Shoes Fabric" (მარში ტვ) რამდენიმე ასეთი ჯგუფის ადმინისტრატორია (საგიჟეთი ღამურები შერეკილები და ყიდვა გაყიდვა საქართველოში). კიდევ ერთი საერთო ადმინისტრატორი მსგავსი ჯგუფებისა PosTv-ის გასართობი გადაცემების წამყვანი ნინო ადამაშვილია (Nino Adamashvili), რომელიც, მათ შორის, "ქართულ მარშთან" დაკავშირებული ჯგუფების თანაადმინისტრატორია. ქსელში შემავალ ჯგუფებში ადამაშვილი "ქართული მარშისა" და PosTv-ის კონტენტს კოორდინირებულად ავრცელებდა. ადამაშვილი ასევე ორ სხვა ჯგუფს ადმინისტრირებს - "საქართველო - GEORGIA" და "ქართული სიმღერები". პირველი ჯგუფი თავდაპირველად "Stop COVID-19 Georgia"-ის სახელით შეიქმნა, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯგუფის სახელი "საქართველო - GEORGIA"- ად გადაკეთდა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, შეცდომაში შემყვანი სახელის მიუხედავად, თითქოს ჯგუფი ქართული სიმღერების პოპულარიზაციისთვის შეიქმნა, ადამაშვილი ჯგუფში PosTv-ის კონტენს ავრცელებდა, სხვა მასალებთან ერთად. "საბოლოო ჯამში, ქსელში შემავალ გვერდებში, ანგარიშებსა და ჯგუფებში შეიმჩნევა თანამშრომლობისა და არაავთენტიკური ქცევის დამადასტურებელი რამდენიმე ასპექტი. საერთო სტრატეგია მიმნდობი და დაუეჭვებელი მომხმარებლების შეტყუება უნდა ყოფილიყო, აპოლიტიკური დასახელებების წყალობით, შემდგომ კი მათთვის PosTv-ისა და ქართული მარშის დღის წესრიგის გასატარებლად, შესაბამისი მასალების მიწოდება", - წერს DFRlab. ლაბორატორიამ დაახლოებით ერთი თვის წინ "პატრიოტთა ალიანსთან" დაკავშირებული ყალბი ანგარიშებისა და ვებგვერდების ქსელიც გამოავლინა, რომელიც ასევე იყო დაკავშირებული პროსამთავრობო მედია PosTv-სთან.

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა

პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო "ოცნება" 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

იტალია 2021 წლის დასაწყისიდან კოვიდ 19-ზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას იწყებს

იტალია მომავალი წლის დასაწყისიდან საკუთარი მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის უფასო ვაქცინაციის პროგრამას იწყებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანზამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის დროს პრიორიტეტი ჯანდაცვის მუშაკებსა და ხანდაზმულებს მიეცემათ. რობერტო სპერანზამ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას სხვადასხვა კომპანიისგან ვაქცინების 202 მილიონი დოზის შეძენის შესაძლებლობა აქვს. იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყების დროიდან დღემდე ინფიცირების 1 600 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 56 000-ს აჭარბებს.

საქალაქო სასამართლომ სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის 100-მდე საქმის განხილვა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, განხილვა გადაიდო - ამის შესახებ განცხადებას სასამართლო ავრცელებს. “საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2020 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა რეკომენდაციები, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. მითითებული რეკომენდაციის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით, ასევე - პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. გარდა ამისა, რეკომენდაციების მე-2 პუნქტის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება მიეცა - საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ დისტანციურად გასამართი პროცესების რაოდენობა საქმეებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება; ასევე გაიზრდება თითოეულ საქმეში დისტანციურად ჩართული პირების რაოდენობაც. ამ ვითარებამ დღის წესრიგში დააყენა პროცესების დისტანციურად, შეუფერხებელი წარმართვისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადამზადების საკითხი, რაც მოითხოვს გარკვეულ რესურსებსა და დროს, განსაკუთრებით საქართველოს ყველაზე დიდი სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის, რომელშიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს 117 მოსამართლე. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამივე კატეგორიის - სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ასამდე საქმეზე (აღნიშნული რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს), არსებული რეკომენდაციების შესაბამისად, გადაიდო მათი განხილვა. ეს არის აუცილებელი ღონისძიება, რათა არ მოხდეს სხვადასხვა მოსამართლესთან ერთდროულად მრავალ საქმეზე დანიშნული დისტაციური პროცესებით ტექნიკურ-სისტემური კოლაფსი და თბილისის საქალაქო სასამართლომ უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის სრულყოფილად შესრულება, მართლმსაჯულების ეფექტიანად, მათ შორის - ტექნიკური თვალსაზრისით დაუბრკოლებლად განხორციელება ყველა კატეგორიის საქმეზე”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაელ შუმახერის ვაჟი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს

მიხაელ შუმახერის ვაჟი მიკ შუმახერი მომდევნო სეზონში „ფორმულა 1“-ში იასპარეზებს. 21 წლის ავტომრბოლელმა „ჰაასთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. წლევანდელ სეზონში უმცროსი-შუმახერი ფორმულა 2-ში გამოდის და საერთო ჩათვლასაც ლიდერობს, „ჰაასში“ კი მისი მეწყვილე, 2021 წელს, რუსი პილოტი ნიკიტა მაზეპინი იქნება. კონტრაქტის გაფორმების მიკ შუმახერმა აღნიშნა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზადაა და შეეცდება „ფორმულა 1“-შიც ისევე დამაჯერებლად გამოვიდეს, როგორც „ფორმულა 2“-ში.

კრიმინალური ორგანიზაციები ვაქცინის მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ - ინტერპოლი

”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას გეგმავენ", - ამის შესახებ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ შტოკმა განაცხადა. ორგანიზაციის განმარტებით, მათ 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, მოემზადონ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად, რომლების სამიზნეც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გახდება. ”მაშინ როცა მთავრობები ვაქცინაციების დასაწყებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები გეგმავენ მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და მის შეფერხებას. კრიმინალური ქსელები ასევე გეგმავენ ადამიანების ნდობით ისარგებლონ და ფეიკ ვებგვერდებისა და ყალბი სამკურნალო საშუალებების გამოყენებით შეცდომაში შეიყვანონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი,“- აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ შტოკი.

მეთიუ ბრაიზა: მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა

მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. მეთიუ ბრაიზამ ინტერვიუს დროს, თეთრ სახლში მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. „2007 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებს), წინადადების სახით, სომხეთს და აზერბაიჯანს ძირითადი პრინციპები წარუდგინეს. ასეთი წინადადებები ეუთოს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, მადრიდში იყო წარმოდგენილი, რომელსაც „მადრიდის პრინციპების“ სახელწოდებით ვიცნობთ. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ამ პრინციპებს, არაოფიციალურად დაეთანხმნენ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი დეტალი ისევ შეთანხმებას საჭიროებდა. საბოლოოდ, ეს დეტალები არასდროს შეთანხმებულა. აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება. ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა დაკავებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა „დროებით იურიდიულ სტატუსს“ და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. თუმცა, რაც შეეხება უკვე 10 ნოემბრის ხელშეკრულებას, რომელზეც ალიევი და ფაშინიანი მორიგდნენ, მეთიუ ბრაიზას თქმით, არსებითად „მადრიდის პრინციპებია“, რომელსაც გარკვეული დეტალები აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაემატა. „მანამდე და ომის დროს, სომხეთი „მადრიდის პრინციპებს“ არ დათანხმდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა მოიგო ომი და ამგვარად, თავის სასარგებლოდ მოიპოვა ბერკეტები ასეთი პრინციპების მოდიფიცირებისთვის“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.

ტრამპმა მისი შვილებისა და ადვოკატის მიერ ჯერ არჩადენილი დანაშაულის შეწყალების საკითხი მრჩევლებთან განიხილა

დონალდ ტრამპმა შვილების, სიძის და პირადი ადვოკატის რუდი ჯულიანისთვის პოტენციური შეწყალების საკითხი განიხილა. ამის შესახებ NYT-ი წერს. ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ადვოკატის და მისი შვილების შეწყალება „აუცილებელია“, რადგან ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა „ანგარიშსწორება დაიწყოს“ მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ. ექსპერტების თქმით, თუ ტრამპს სურს, დაიცვას საკუთარი გარემოცვა სისხლის სამართლებრივი დევნისგან, მან უნდა განმარტოს, რომელი დანაშაულისთვის არის გიულიანი შესაწყალებელი. უცნობია, კონკრეტულად რისგან უნდა დაიცვას პრეზიდენტის შეწყალებამ ერიკ და ივანკა ტრამპები, თუმცა მანჰეტენის ოლქის ადვოკატმა გამოძიება ჩაატარა The Trump Organization-ში, რის შედეგადაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შვილებს გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებიან. ასევე უცნობია, კონკრეტულად რატომ განიხილა ტრამპმა პირადი ადვოკატის, ჯულიანის შესაძლო შეწყალების საკითხი. ტრამპი და მისი გარემოცვაც, დღემდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, მის ადვოკატთან ერთად კვლავ იბრძვის შედეგების შესაცვლელად, ამ საქმეში დასახმარებლად კი ჯულიანიმ 20,000 დოლარი მოითხოვა ყოველდღიური ჰონორარის სახით.

ბელგია ვაქცინაციას 5 იანვრიდან დაიწყებს

ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ალექსადრ დე კროო-ს თქმით, ბელგია ვაქცინაციის დაწყებას იანვრიდან აპირებს, თუ ევროკავშირი პრეპარატს დაამტკიცებს. ამის შესახებ Brussel Times-ი წერს. მიუხედავად ქვეყნის მზაობისა, ბელგიამ ჯერ ვერ დაადგინა, რა სტრატეგიას მიჰყვება, როდესაც მოსახლეობის ვაქცინაციას დაიწყებს. ამასთან ერთად, 11 მილიონი მოსახლის აცრა მთავრობისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. ქვეყნის პრემიერის განცხადებით, კონკრეტული ჯგუფების აცრა დაიწყება, ხოლო ვაქცინაცია კონკრეტულ დროს დასრულდება. „ვაქცინაციის სტრატეგიაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ ფედერალური მთავრობა, არამედ ფედერაციული სუბიექტებიც, რომლებსაც საველე და პრევენციულ კამპანიის მონიტორინგი ევალებათ“, - აღნიშნა პრეიერმა.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება ხვალიდან იწყება

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. მათივე ინფორმაციით, რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები ან/და დამქირავებლები/ობიექტის მფლობელები. ,,შემოსავლების სამსახური მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს და კომპანიას პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას და მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში, მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა პირი საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 3 სამუშაო, დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას, ხოლო აღნიშნული უწყების მიერ, ასევე 3 სამუშაო დღის ვადაში განხორციელდება კომპენსაციების ჩარიცხვის პროცესი. ამასთან, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი“, - ნათქვმია ინფორმაციაში.

იაპონია რუსეთის მიერ კურილიის კუნძულებზე სარაკეტო სისტემის განლაგებას აპროტესტებს

იაპონიამ საყვედური გამოთქვა რუსეთის მიერ კურილიის ერთ-ერთ კუნძულზე საჰაერო, სარაკეტო სისტემების განთავსებაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი S-300V4 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, კუნძულ იტურუპზე საბრძოლო მოვალეობას ასრულებს. იაპონიის მთავრობამ კურილიის კუნძულებზე, რასაც ტოკიო ჩრდილოეთის ტერიტორიებს უწოდებს, რუსული შეიარაღების განთავსება მიუღებლად შეაფასა. "ეს არ შეესაბამება იაპონიის პოზიციას ჩრდილოეთის ტერიტორიებზე და ეს მიუღებელია". – რუსული სამთავრობო მედია იაპონიის მთავრობის განცხადებას ციტირებს. შეერთებული შტატები ელის, რომ ახალი პრემიერმინისტრის, იოშიჰიდე სუგას მთავრობაში მოსვლის შემდეგ რუსეთი გააძლიერებს სამხედრო მოქმედებებს იაპონიასთან ახლოს. ამის შესახებ იაპონიაში აშშ-ს ძალების მეთაურმა, კევინ შნაიდერმა პირველ დეკემბერს განაცხადა. 2019 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, კუნძულის მცხოვრებთა 96% ტერიტორიის იაპონიისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს კუნძულებზე კონტროლი დაამყარა. სადაო კუნძულებს რუსეთი სახალინის ოლქის სამხრეთ კურილიის რეგიონის შემადგენელ ნაწილად განიხილავს. კუნძულებს იაპონია ჩრდილოეთ ტერიტორიებს ან სამხრეთ ჩიშიმას უწოდებს და ჰოკაიდოს პრეფექტურის ნაწილად თვლის.

NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ NATO-ს მისიებში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას. რუსეთი განაგრძობს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და შავ ზღვაში ყოფნის ზრდას. საქართველო და უკრაინა ნატოს ღირებული პარტნიორები არიან. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სახდეპი: NATO-ს მინისტერიალის მონაწილეებმა უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს

სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მონაწილეობაზე NATO-ს მინისტერიალში, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. „მოკავშირეთა ლიდერებს გულწრფელი საუბარი ჰქონდათ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. სხვა დისკუსიები შეეხო რუსეთს, შეიარაღების კონტროლს, რეგიონალურ უსაფრთხოებას, NATO 2030-ს. ასევე - წინსვლის ასახვის პროცესს და NATO-სა და აზია-წყნარი ოკეანეის პარტნიორებს შორის საერთო კავშირებისა და ღირებულებების განმტკიცებას“, - ნათქვამია განცხადებაში. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

NATO საქართველოსთან პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებს

NATO საქართველოსთან პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გაიმართა. NATO-ს ყველა მოკავშირე მზადაა, საქართველოს პრაქტიკული დახმარება გაუწიოს. მისი თქმით, ყველა მოკავშირემ განაცხადა, რომ მზად არიან იპოვონ გზები, რათა უფრო მეტი პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართვლოს. „NATO-ს სამომავლო სტრატეგიის ნაწილია ასევე იმ გზების გამონახვა, თუ როგორ შეუძლია NATO-ს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება. ეს არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი დაამტკიცეს.

ანგელა მერკელი: პანდემია ევროპას ეკონომიკურად უკან დახევს, აზიას კი უპირატესობას მიანიჭებს

„პანდემია ევროპას ეკონომიკურად უკან დახევს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. მისი თქმით, უფრო ნაკლები ადამიანი აპროტესტებს აზიაში ჩაკეტვებს და მეტი ემორჩილება სამთავრობო რეგულაციებს. მერკელის განცხადებით, მას არ სურს „ქვეყნის მართვა ჩინეთის მსგავსად“, თუმცა თვლის რომ ტექნოლოგიური უპირატესობის მოსაპოვებლად მათ უფრო დიდი ძალისხმევა გაიღეს, აზიასთან შედარებით. გერმანიაში, გასულ თვეში, პოლიციამ პროტესტანტები წყლის ჭავლით დაშალა, ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალ რეგულაციებს აპროტესტებდნენ.პანდემიის დასწისში, გერმანიის ნაბიჯებს საკმაოდ დადებითად აფასებდნენ, თუმცა რეგულაციების შემსუბუქებამ მეორე ტალღას ვერ გაუძლო, შედეგად კი ქვეყანაში ინფიცირებულების მკვეთრი ზრდა შეინიშნება. გერმანია, ამ ეტაპზე განიხილავს როგორც Pfizer-BioNTech-ის, ასევე Modena-ს ვაქცინას. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია ვაქცინაციას მინიმუმ იანვრაში დაიწყებს.

ინგლისში საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრები დაუშვეს

ცხრა თვის განმავლობაში პირველად, ინგლისის საფეხბურთო ლიგას გულშემატკივრები უბრუნდებიან. იუწყება BBC. Carlisle United-მა 13 მარტის შემდეგ გულშემატკივრებთან ერთად მატჩი პირველად ჩაატარა. შეხვედრას 1000 გულშემატკივარი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე დასწრების უფლება, მხოლოდ ადგილობრივ გულშემატკივრებს მისცეს. ბრიტანეთი მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ მესამე მწკრივის არეალში მყოფი გულშემატკივრები დაუშვეს მატჩზე.