ძებნის რეზულტატი:

გამყრელიძემ ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა

საქართველოში ვაქცინაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე, მარტი-აპრილისთვის დაიწყება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება COVAX პლატფორმასთან 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 700 ათასი ადამიანისთვის ვაქცინა სრულიად უფასო იქნება. „პანდემიის დამთავრების ერთ-ერთი მთავარი იარაღი, პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, არის ვაქცინაცია. მსოფლიო მედიცინამ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა, შექმნილი რამდენიმე ათეული ვაქცინა, დაახლოებით 4-5 ვაქცინა საბოლოო ეტაპზეა. ერთ-ერთმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში უკვე მიიღო დასტური კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ქვეყანაში, ძირითადად დიდ ქვეყნებში, დეკემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია. ეს ძალიან დიდი გარღვევაა და დიდი იმედი იმისა, რომ მასობრივი ვაქცინაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება პანდემიის დასრულება. 2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის ვაქცინაცია, რათა დასრულდეს კორონავირუსის პანდემია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ ჩვენც ვაქცინაცია. ამისთვის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც დავამყარეთ თანამშრომლობა COVAX პლატფორმასთან. ეს არის სპეციალურად შექმნილი პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ (Gavi) საფუძველზე და მისი დანიშნულებაა, 170-მდე ქვეყანას მიაწოდოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, როდესაც მათ დაამტკიცებენ​ ჯანმო, „ევროპის წამლის სააგენტო“ და „აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტო“. COVAX-თან გაფორმებული გვაქვს კონტრაქტი 1,4 მილიონი დოზა ვაქცინის მიღებაზე. რომელი ვაქცინა იქნება ეს, გერმანული, ამერიკული, ბრიტანული თუ რომელიმე სხვა, ჯერ არ ვიცით. უკვე გადავრიცხეთ პირველი შენატანი, დაახლოებით 4 მლნ დოლარი, სულ კი 17 მილიონ დოლარამდე გვექნება გადასახდელი. მოსახლეობისთვის, დაახლოებით 700 ათასი ადამიანისთვის ეს სრულიად უფასო იქნება, ვინაიდან კოვიდის ვაქცინა ორჯერადად კეთდება, 4 კვირის დროგამოშვებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტი-აპრილისთვის დაიწყება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში საშუალოდ დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება, ყოველდღიური მაჩვენებელი კი ორივე მეთოდს ეყრდნობა. „უკვე ერთი თვეა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ე.წ. PCR ტექნოლოგიისა (ოქროს სტანდარტისა) გარდა, ვიყენებთ ახალი გენერაციის, ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში გვაძლევენ საკმაოდ კარგ შედეგს, ინფიცირებულია თუ არა ის. აქედან გამომდინარე, ახალი მიმართულება, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში და მთლიანად, მსოფლიოში მეტი აქცენტი კეთდება და მეტად ფართოვდება ლაბორატორიული კვლევები და სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება. თვითონ, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში მოსახლეობის, ჯერ კიდევ აპრილ-მაისიდან, მაგრამ ასეთი ფართო, მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ. დღეს ქვეყანაში საშუალოდ ტარდება დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ის ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ქვეყნებში წესდება შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ ტესტების რაოდენობა მთლიანობაში 20000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები", - აღნიშნა მან,

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსზე გამარტივებული ტესტირებით ისარგებლონ

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს კორონავირუსზე გამარტივებული ტესტირებით ისარგებლონ. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, თავის პოლიკლინიკას, ან სხვა სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართოს. "ტესტირებისთვის ბარიერები მაქსიმალურად მსუბუქდება როგორც მოქალაქისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებისთვის - საჭირო აღარ იქნება ოჯახის ექიმის გადამისამართება", - აღნიშნა მან. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში საშუალოდ დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი ტარდება, ყოველდღიური მაჩვენებელი კი ორივე მეთოდს ეყრდნობა. „უკვე ერთი თვეა, ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ე.წ. PCR ტექნოლოგიისა (ოქროს სტანდარტისა) გარდა, ვიყენებთ ახალი გენერაციის, ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 15-20 წუთში სიმპტომებიან პაციენტებში გვაძლევენ საკმაოდ კარგ შედეგს, ინფიცირებულია თუ არა ის. აქედან გამომდინარე, ახალი მიმართულება, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში და მთლიანად, მსოფლიოში მეტი აქცენტი კეთდება და მეტად ფართოვდება ლაბორატორიული კვლევები და სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება. თვითონ, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენებოდა გარკვეულ ჯგუფებში მოსახლეობის, ჯერ კიდევ აპრილ-მაისიდან, მაგრამ ასეთი ფართო, მასშტაბური გამოყენება ერთი თვის წინ დავიწყეთ. დღეს ქვეყანაში საშუალოდ ტარდება დაახლოებით, 10-დან 12 ათასამდე PCR ტესტი და დაახლოებით, 3 500-მდე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი და ის ყოველდღიური მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად ვაქვეყნებთ, ორივე მეთოდს ეყრდნობა. გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე იყო მსჯელობა ანტიგენზე დამყარებული ტესტების გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ქვეყნებში წესდება შეზღუდვები. ჩვენი მიზანია, რომ ტესტების რაოდენობა მთლიანობაში 20000-მდე ავიდეს. ამ მიდგომის ძირითადი მიზანია, შედარებით სწრაფად გამოვავლინოთ ინფიცირებულები", - აღნიშნა მან,

შვილის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის მამა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ გარყვნილ ქმედებებს სჩადიოდა და აღნიშნულს კამერით იღებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია ინფორმაციაში.

მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის - ელისაშვილი

მზად ვართ მესამე რაუნდისთვის და ელჩებთან შეხვედრისთვის - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები საერთო პოზიციაზე შეჯერდნენ. „ცხარე დისკუსია გვქონდა. რამდენიმე საათი გაგრძელდა. აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ საერთო პოზიცია შევაჯერეთ და მზად ვართ მესამე რაუნდისთვისა და ელჩებთან შეხვედრისთვის”, - განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმის ენით არ საუბრობს და ბოიკოტთან ერთად შეთავაზებაც აქვს. „ულტიმატუმი არ არის. ერთი მხრივ გვაქვს ბოიკოტი, მეორე მხრივ შეთავაზება. ულტიმატუმით არ ვსაუბრობთ. გვაქვს შეთავაზება, ასევე „ქართული ოცნებისთვის” კრიზისის დაძლევის ხედვა გვაქვს გაგზავნილი. ბოიკოტი, მართალია, გვაქვს და ფეხს არ ვუცვლით ამ ბოიკოტს განსაკუთრებით ჩვენი პარტია, მაგრამ მზად ვართ შევხვდეთ”,- განაცხადა ელისაშვილმა.

კლინიკების ასოციაცია პრემიერს ჯანდაცვაში სასწრაფო საკადრო ცვლილებებისკენ მოუწოდებს

კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროში დაუყოვნებლივ, საკადრო ცვლილებები განახორციელოს. როგორც ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისეთი ხარვეზები დაგროვდა, რომელმაც სისტემის გამართული ფუნქციონირების საქმეში, უარყოფითი ზეგავლენა იქონია. "აღნიშნული ხარვეზებიდან აღსანიშნავია ნაჩქარევი და არასრულფასოვანი დადგენილებები, როგორიცაა: მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება (რომლის შედეგად შეფერხდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების მუშაობა, მათ შორის - ინტერვენციული კარდიოლოგია); მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება (რომლის შედეგად დიდ ქალაქებში მრავალმა პოლიკლინიკამ და ამბულატორიამ ფუნქციონირება შეაჩერა. 13 000 ბენეფიციარის არ ყოლის გამო საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან მათი გამოთიშვის გამო მრავალი მათგანი საერთოდ დაიხურა, ეს მაშინ, როდესაც თითოეულ უბანში მათი ფუნქციონირება სასიცოცხლო მნიშვნელობის გახლავთ); მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება (რომლის შედეგად სტუდენტებს და რეზიდენტებს საკვალიფიკაციო გამოცდებში ევალებოდათ გაუაზრებელად დაწესებული თანხის გადახდა); სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მიღებული კაბალური გადაწყვეტილებები (რომლის თანახმად პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს 2013-2016 წლებში საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში რეგისტრირებულ ბენეფიციართა პირადობის მოწმობის ქსერო-ასლების სრულად არ ქონის გამო ასიათასობით ჯარიმა დააკისრა, რის შედეგად პოლიკლინიკები და ამბულატორიები იძულებული გახდნენ ფუნქციონირება შეეწყვიტათ); პანდემიასთან ბრძოლის საქმეში აღმოჩენილი უხეში დარღვევები (ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში დაავადების პრევენციის და პროფილაქტიკის მიზნით გატარებული დაგვიანებული და არაეფექტური ღონისძიებები); პანდემიის II ფაზისთვის ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა და არასათანადოდ მომზადება (რამაც მდგომარეობა კატასტროფულ ნიშნულამდე მიიყვანა)", - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს კლინიკების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აკადემიური და პროფესიული ნიშნით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში, საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

„ტიკარაძე, მონა! ბიძინა ივანიშვილის მონა“ - მსგავსი შეძახილებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც შეკრებილები მინისტრთან შეხვედრასა და მის გადადგომას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, თუ მინისტრი მოსახლეობას არ შეხვდება, ისინი ადგილზე კარვებს გაშლიან. მათი შეფასებით, საავადმყოფოში პაციენტების გადაყვანა ნაცნობობით ხდება, რადგან „ჯანდაცვის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მონაა“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 19 წლის თეკლა თორდია და 24 წლის ნინო გულიკაშვილი ქვეყნის „ცუდი ჯადაცვის სისტემის მსხვერპლია“.

აფხაზური მხარე ენგურს რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის

აფხაზური მხარის ცნობით, ენგურის გამშვები პუნქტი 3-დან 10 დეკემბრამდე ისევ ცალმხრივ რეჟიმში, სამკურნალოდ გასული აფხაზეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად გაიხსნება. მათივე ცნობით, აფხაზეთში შემსვლელ ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს ე.წ. კოვიდუარყოფითი ცნობა, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულების მიერ არაუმეტეს 72 საათით ადრე არის გაცემული. დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოქალაქეების აფხაზეთში დასაბრუნებლად ენგურის გამშვები პუნქტი რამდენიმე თვეში ერთხელ იხსნება. აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი კორონავირუსის პანდემიის საბაბით, საქართველოში ვირუსის პირველივე შემთხვევის დადასტურების შემდეგ ჩაკეტა. ჰუმანიტარული კორიდორით ენგურის გამშვებ პუქნტზე მხოლოდ 22-24 ივნისს 907-მა აფხაზეთში მცხოვრებმა ისარგებლა.

გვწამს, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ ეუთო-ს პრინციპების დაცვითაა შესაძლებელი - ბორელი

გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში გაჭიანურებული კონფლიქტების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდებიან, რომ ისინი ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად გადაჭრან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა ეუთო-ს მინისტერიალის საბჭოს 27-ე შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ეხება არა მხოლოდ მთიან ყარაბაღს, არამედ საქართველოსა და მოლდოვასაც. მისი თქმით, ეუთო-ს სივრცის სტაბილურობა ევროკავშირისთვის პრიორიტეტია და მზად არის, მოახდინოს ყველა ინსტრუმენტის და პოლიტიკის მობილიზება აღნიშნული მიზნის მისაღწევად. „ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში ვქმნით სამომავლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყოვლისმომცველ მიდგომას უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზომებს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება და ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში როტაციულ ძალებს  გაზრდის

ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს მინისტერიალის შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ მას იმედი აქვს, ნატოში საქართველოს გაწევრიანება დაჩქარდება, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ საქართველოში როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას გაზრდის. ასევე აღნიშნავს, რომ ვერ წარმოუდგენია ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე. _ბატონო გენერალო, უკვე დასრულდა ნატოს მინისტერიალი და როგორც ცნობილი გახდა, არსებითი პაკეტის ახალი ვერსია დამტკიცდა საქართველოსთვის - ანუ მხარდაჭერა იზრდება. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ასევე ითქვა, რომ მოკავშირეები შეეცდებიან უფრო პრაქტიკული გზები იპოვონ საქართველოს დასახმარებლად. ხომ არ იქნებოდა ზუსტად ეს უფრო პრაქტიკული გზა, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს ნატოში დაუყოვნებელი გაწევრიანება? ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონში კონკურენციის ძირითად ნაწილს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ხელს შეუწყობდა ამის გაკეთებას. კრემლს არ სჭირდება რაიმე პროვოკაცია, ის აკეთებს იმას, რაც სურს და შემდეგ ცდილობს სხვები დაადანაშაულოს, ამიტომაც გვაქვს უწყვეტი ყალბი ნარატივი. რეალურად, ჯობს იყო ძლიერი და საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, კრემლი პატივს სცემს მხოლოდ ძალას. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში არაერთხელ განაცხადეთ, რომ დროა, დასავლეთი უფრო გააქტიურდეს საქართველოსთან და ზოგადად, რეგიონთან მიმართებით. ყარაბაღის მოვლენებმა მით უფრო ცხადად დაგვანახა ამის საჭიროება, თქვენი აზრით, თუ მართლა დადგება დღის წესრიგში საქართველოსთვის Map-ის მინიჭების საკითხი, ეს ხომ არ იქნება დასავლეთის ერთგვარი, ე,წ ,,გამოფხიზლება’’? დასავლეთისთვის ე.წ. „გამოფხიზლება“ იქნებოდა, თუკი საქართველო გადადგამდა ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო საერთაშორისო კერძო ინვესტიციებისთვის. გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან ბიზნეს ინვესტიციების მიღების შემთხვევაში ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ საქართველოს უსაფრთხოებას, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლებ სასურველია კრემლისთვის. _თქვენ აღნიშნეთ, რომ აშშ-სთვის თურქეთი უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, თუ მხედველობაში ვიქონიებთ, ყარაბაღის ზავის შემდგომ, რეგიონში ძალთა ბალანსის საკითხსაც და იმასაც, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხომ არ არის დროული კიდევ უფრო ინტესიური გახდეს დასავლეთის თანამშრომლობა თურქეთთან? დიახ, რა თქმა უნდა. სურვილიც კი არ მაქვს წარმოვიდგინო ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ჩვენს ერებს შორის, ისევე როგორც თურქეთსა და ევროპას შორის. _თქვენი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში? დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებაში და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. _თქვენი აზრით, წამოიწევს თუ არა ანაკლიის პროექტის საკითხი, მით უფრო, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის უსაფრთხოების თემას განიხილავენ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი შეუშალა, ან ყოველ შემთხვევაში ხელი არ შეუწყო მის განვითარებას. საქართველოს მთავრობას რომ რეალურად ჰქონდეს ამ პორტის განვითარების სურვილი, ის ახლა მშენებლობის პროცესში იქნებოდა. ვფიქრობ, კრემლის გავლენა აქ მეტისმეტად იგრძნობა. _პომპეოს ვიზიტი რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, ეს ვიზიტი, უფრო შეიცავდა თუ არა ერთგვარ გზავნილს, რომ ამერიკა აქ არის და რეგიონიდან არსად წასულა? ჩვენ გვყავს შესანიშნავი დიპლომატები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს საელჩოში თბილისში და მათ სჭირდებათ სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა. ამიტომაც მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო რეგულარულად უნდა ხდებოდეს. _ახალი კონფიგურაცია და ძალთა ბალანსი გაურკვეველს ხდის ყარაბაღში მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორის ბედს, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს. რა როლი შეუძლია შეიძლება ითამაშოს აქ თურქეთმა? იმედი მაქვს, თურქეთი გამონახავს გზას, რათა უზრუნველყოს, რომ „რუსი სამშვიდობოები“ დიდხანს არ დარჩნენ მთიან ყარაბაღში. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ვისურვებდი, რომ თურქეთმა გახსნას საზღვარი სომხეთთან, როგორც კეთილი ნების ნიშანი, უზრუნველყოს ეკონომიკური დახმარება და ხელი შეუწყოს თავისი როლის დემონსტრირებას სომეხი მოქალაქეების დაცვაში. სომხეთმა სერიოზულად უნდა გადახედოს მის დამოკიდებულებას კრემლზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კრემლი არ აპირებდა ხელი შეეშალა მთიან ყარაბაღში სომხური ძალების განადგურებისთვის - მათ არ ჰქონდათ სათანადო სამხედრო მომზადება. მიუხედავად ამისა, სომხეთი ნებას რთავს რუსულ ჯარებს იქ განლაგდეს. ვფიქრობ, სომხეთს სჭირდება ბევრად უფრო საიმედო მეგობარი, შესაძლოა თუნდაც აშშ-ს, თურქეთის და საქართველოს სახით.

ცესკო-მ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა

ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსკიპერის მოვალეობის შემსრულებლის ნათია იოსელიანის განცხადებით, შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. „ცესკო-მ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. შემაჯამაბელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 511853. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მილიონ 992 891-მა ამომრჩეველმა მიიღო. შემაჯამებელ ოქმში დეტალურად არის ასახული ინფორმაცია სარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტების და მანდატების შესახებ. შეჯამების თაობაზე დოკუმენტაციას ცესკო საქართველოს პარლამენტს გადასცემს. საკანონმდებლო ორგანო კი, თავის მხრივ არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, გამართავს პარლამენტის პირველ სხდომას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციუილი სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემთ არჩეული 30 პარლამენტის წევრისგან. გვინდა განვაცხდოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ურთულესი გამოწვევის- პანდემიის პირობებში შეძლო არჩევნების ორგანიზება ამომრჩევლისთვის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოში. არჩევნების დღეს დაცული იყო ყველა პირობა იმისთვის, რომ საარჩევნო უბანზე მოქალაქეებს თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, დაეფიქსირებიან მათი არჩევანი. აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ უზრუნველყო სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების კენჭისყრაში მონაწილეობა“, - განაცხადა იოსელიანმა.

თუ ვინმეს გაციების სიმპტომი აქვს, შემთხვევების 90% კორონავირუსია - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებების დაახლოებით 90% კორონავირუსია. ამის შესახებ მან tv პირველი ეთერში სეზონურ დაავადებებზე საუბრისას განაცხადა. „ახლა პრაქტიკულად ყველა გაციებით მიმდინარე, გრიპისმაგვარი დაავადებების სადღაც 90% არის კორონავირუსი და ერთი-ორი შემთხვევა გამოერევა სხვა ვირუსების“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ. პაატა იმნაძემ გრიპის ვირუსის გავრცელების დაგვიანების 2 მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ახლა სწორედ ის სეზონია, როდესაც გრიპისმაგვარი დაავდებების გავრცელება ხდება. „ჯერ გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა. ამას ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს. სხვადასხვა შეფასებით, მოქალაქეების 55-60% ნიღაბს სწორად ხმარობს. ამასთან დღევანდელი მონაცემებით, სახელმწიფო უფასო პროგრამით გრიპის ვირუსზე დაახლოებით 170 000-მდე ადამიანი, ხოლო კერძო სექტორში 50 000 ადამიანი უნდა იყოს აცრილი. ამდენი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში გრიპზე არასდროს აცრილა. ამ ყველაფერმა გამოიწვია, რომ გრიპი ჯერ არ არის, თუმცა, გრიპისმაგვარი ვირუსები ძალიან ცოტა, მაგრამ ცირკულირებს, ანუ ძირითადად თუ ვინმეს გაციების სიმპტომი აქვს ეს კორონავირუსია“, - განმარტა იმნაძემ.

მთიანი ყარაბაღი უნდა იყოს შემახსენებელი იმის, თუ რატომ სჭირდება კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება - ენ ლინდე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ენ ლინდეს განცხადებით, მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა იყოს შემახსენებელი იმის, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება. ამის შესახებ მან ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იმედოვნებს, რომ მთიან ყარაბაღში პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. „იმის გათვალისწინებით, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, იმედი გვაქვს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი შესაძლებელს გახდის საკითხის მდგრად პოლიტიკურ გადაწყვეტას, რაც მომავალში მსგავსი ზიანის აცილებას უზრუნველყოფს. მთიან ყარაბაღში განვითარებული ტრაგიკული მოვლენა უნდა გახდეს იმის შემახსენებელი, თუ რატომ სჭირდება გაჭიანურებულ კონფლიქტებს საქართველოსა და მოლდოვაში უწყვეტი ყურადღება“, - განაცხადა ენ ლინდემ. შეგახსენებთ, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომა ორგანიზაციის მოქმედმა თავმჯდომარემ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ტირანადან დღეს გახსნა. ვირტუალური მინისტერიალი ორ დღეს გაგრძელდება.

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტისთვის სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა

მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ათასობით მომხრე პარლამენტის ახალი გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად ახალ პრეზიდენტს სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლი აღარ უნდა ჰქონდეს. ამ გადაწყვეტილებას მაია სანდუ ძალაუფლების უზურპაციის და მისი პრეზიდენტობის შეფერხების მცდელობად აფასებს. სანდუ მსოფლიო ბანკში ეკონომისტად მუშაობდა და ევროკავშირთან ახლო კავშირებს უჭერს მხარს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონი დაამარცხა, თუმცა პარალამენტში უმრავლესობა, ისევ სოციალისტური პარტიის წევრებს და დოდონთან ასოცირებულ კანონმდებლებს აქვთ. აღმოსავლეთ ევროპის 3,5-მილიონიან ქვეყნას, სადაც გავლენებისთვის რუსეთი და დასავლეთი გავლენებისთვის იბრძვიან, არასტაბილურობამ და კორუფციულმა სკანდალებმა (მათ შორის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის დაკარგვა) ზიანი მიაყნა. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც პირველ ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.

ნამიბიაში არჩევნებში ადოლფ ჰიტლერმა გაიმარჯვა

ადოლფ ჰიტლერ უუნონა, გასულ კვირას, ყოფილ გერმანულ კოლონიაში მრჩევლის პოზიციაზე აირჩიეს. იუწყება BBC. ნამიბიელ ადოლფ უუნონას თქმით, მას ნაცისტურ იდეოლოგიასთან არაფერი აქვს საერთო. მისი თქმით, ეს სახელი მამამ დაარქვა, რომელმაც „ალბათ არ იცოდა, თუ ვინ იყო ადოლფ ჰიტლერი“. უუნონამ განაცხადა, რომ მას ყველა იცნობს, როგორც ადოლფი და არ აპირებს არც სახელის გადარქმევას და არც მსოფლიო ბატონობას. ნამიბია გერმანიის ყოფილი კოლონიაა, ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1990 წელს მიიღო, თუმცა აქ საკმაოდ მრავლად გვხვდება ქალაქები, რომელებსაც გერმანული სახელწოდებები აქვთ.

საქართველო ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს

უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი საქართველოში, ბათუმის სტადიონზე გაიმართება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

ბენ ჰოჯესი: მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კრემლთან მიმართებით მტკიცე იქნება

„ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში“, - ეს თემა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. „დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებით და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მოსკოვი შავი ზღვის რეგიონში NATO-ს სამხედრო აქტიურობით შეშფოთებულია

ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს სამხედრო აქტიურობით შეშფოთებულია. “ბულგარეთსა და რუმინეთში ინფრასტრუქტურის მოდერნიზება ხორციელდება და მათ ტერიტორიებზე თავდასხმითი იარაღის განთავსება ხდება. სამხედრო წვრთნების სცენარი კი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმასაც მოიცავს. ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ იძულებულნი ვართ გავითვალისწინოთ ალიანსის მზარდი სამხედრო საქმიანობა. შავი ზღვის რეგიონს სანაპირო ქვეყნების ძალების საშუალებით მშვიდობის შენარჩუნების საკუთარი გამოცდილება აქვს. ახალი აქტორის გამოჩენა, რომელიც საუკეთესო განზრახვით არ არის მოსული, არყევს რეგიონალურ სტაბილურობას. ნატო უკრაინასა და საქართველოს თავის საქმიანობისკენ ექაჩება და ერთობლივი წვრთნებისა და მანევრების დროს რუსეთის წინააღმდეგ წვრთნის, - აღნიშნა მან.

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 65 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 65 528 133 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 45 371 073 ადამიანი, 1 511 726 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში 18 645 334 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს- რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.

იტალია, შობის დღეებში, რეგიონებს შორის მიმოსვლას კრძალავს

იტალიის მთავრობამ შობის დღეებში რეგიონებს შორის მიმოსვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას 20 დეკემბრიდან 6 იანვრამდე პერიოდში საკუთარი საცხოვრებელი რეგიონების დატოვებას უკრძალავს. გამონაკლისი შეეხება მხოლოდ სამუშაო, სამედიცნო ან სხვა გადაუდებელი მიზეზის გამო მგზავრობას. ახალ შეზღუდვასთან ერთად ძალაში უკვე დაწესებული ე.წ. „კომენდანტის საათი“ და სხვა შეზღუდვებიც დარჩება. შეგახსენებთ, იტალიაში ხუთშაბათს კორონავირუსით 993 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის ვირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამასთან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის კიდევ 23 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1.6 მილიონს აჭარბებს, ვირუსს კი დღემდე 58 038 ადამიანი ემსხვერპლა.

ბაიდენი, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს სპეციალური თხოვნით მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, ინაუგურაციის დღეს ამერიკელებს პირბადეების 100 დღით ტარება სთხოვოს, რაც, მისი აზრით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ინაუგურაციის პირველ დღეს საზოგადოებას ვთხოვ, 100 დღის განმავლობაში პირბადე ატარონ. მხოლოდ 100 დღით და არა სამუდამოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვან შემცირებას დავინახავთ. ვაქცინაცია და პირბადის ტარება მნიშვნელოვნად შეამცირებს რიცხვებს," - აღნიშნა ბაიდენმა. მისივე თქმით, გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში, ისევე როგორც სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება. ასევე, მზადაა, ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტაროს იმისთვის, რო საზოგადოებაში მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარება შეამციროს. „ადამიანებმა ვაქცინის მიმართ ნდობა დაკარგეს. მნიშვნელოვანია, რას გააკეთებენ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი," - აღნიშნა ბაიდენმა. არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე სთხოვა ინფექციური დაავადებების წამყვან ექსპერტს, ენტონი ფაუჩის, რომ ახალ ადმინისტრაციაში მუშაობა გააგრძელოს და კოვიდ 19-ის წინააღდეგ ბრძოლის გუნდის მთავარი სამედიცინო მრჩევლის თანამდებობა დაიკავოს. ცნობისათვის, აშშ-ში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 14 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა კი 275 000-ს აჭარბებს.