ძებნის რეზულტატი:

„რემდესივირი“ საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლში ბრუნდება

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის პროტოკოლი იცვლება. მედიკოსები ისევ გამოიყენებენ პრეპარატ „რემდესივირს“, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მოხმარებიდან ამოიღო, თუმცა მოგვიანებით თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. აღნიშნული, დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მთავრობა პრეპარატის შემქმენელებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ემზადება. მედიკამენტი, დოკუმენტის ხელმოწერიდან 2 კვირაში გახდება ხელმისაწვდომი. „ჩვენ გავაკეთებთ ახალ პროტოკოლს თუ როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის. შესაბამისად, ის გახდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ პრეპარატით იმკურნალა.

ივანე მაჭავარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ტესტირების შედეგად კოვიდ-19 დაუდასტურდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად, იგი თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან, დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. ტესტირების შედეგად, კოვიდ-19 დაუდასტურდა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძესაც, რომელიც ასევე სახლში გადის მკურნალობას.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო. შვეიცარიის ეროვნული გუნდი ქართველმა კალათბურთელებმა ანგარიშით 91:84 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თადეუს მაკფადენი გამოირჩეოდა. მან 24 ქულა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს, სერბებთან გამართავენ. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფინეთი 28 ნოემბერს დაამარცხა.

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშისას ფეხი მოიტეხა

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარჯვენა ფეხი მოიტეხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თავის ძაღლ მაიორთან თამაშის დროს ფეხი დაუცდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს. ჯო ბაიდენს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. დონალდ ტრამპმა მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

Moderna-ს ვაქცინის კიდევ ერთი წარმატება

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna 30 000 ადამიანზე ჩატარებული ცდის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. განცხადებიდან ირკვევა, რომ ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ COVID-19-ის სიმპტომები ინფიცირების შემდეგ მხოლოდ 11 პირს გამოუვლინდა, პლაცებოს ჯგუფიდან კი - 185 ადამიანს. Moderna-ს 94,1-პროცენტიან ეფექტიანობაზე მიუთითებს, რაც გაცილებით მაღალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაზეც რამდენიმე კვირის წინ ვაქცინების მრავალი ექსპერტი საუბრობდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინამ 100-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა დაავადების სიმწვავის წინააღმდეგ. ვაქცინირებულ მოხალისეთა შორის მწვავე შემთხვევა არ აღმოჩნდა, მაგრამ 30 ასეთი მოხალისე დაფიქსირდა პლაცებოს ჯგუფში. კომპანიამ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში (FDA) განაცხადი უკვე შეავსო, აშშ-ში ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მისაღებად. ასეთივე გეგმა აქვს მას ევროპის მედიცინის სააგენტოს შემთხვევაშიც.

იტალიამ Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა

იტალიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანია Apple 10 მილიონი ევროთი დააჯარიმა, რადგან მიიჩნევს, რომ კომპანიამ მომხმარებლები iPhone-ების წყალგაუმტარობის შესახებ ინფორმირებისას შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც სმარტფონები 1-დან 4 მეტრამდე სიღრმეზე წყალგაუმტარია 30 წუთის განმავლობაში. მარეგულირებელი კი აცხადებს, რომ რეალურად ამის გაკეთება სმარტფონს გარკვეულ ლაბორატორიულ პირობებში შეუძლია. ხოლო ჩვეულებრივ - წყალს ტელეფონის განადგურება გაცილებით სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე 30 წუთის განმავლობაში. ამასთან, იტალიის ანტიმონოპოლიური სამსახურის განმარტებით, მომხმარებლებს Apple წყალში მოხვედრის შედეგად გაფუჭებული ტელეფონების საგარანტიო მომსახურებას არ უზრუნველყოფს.

„ეს მისასალმებელია“: ჯანმოს ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია ახალ პრეცედენტზე საუბრით დაიწყო

„გასულ კვირას, პირველად სექტემბრიდან, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, რაც საჭირო ზომების დაწესების შედეგად გახდა შესაძლებელი“, - ამ სიტყვებით დაიწყო ტრადიციული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. „ეს მისასალმებელი ამბავია“, - აღნიშნა გებრეისუსმა და დაამატა, რომ ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება, ვინაიდან ზოგიერთ რეგიონში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. „დასვენების დღეები ახლოვდება და სადღესასწაულო პერიოდში ყველას გვინდა იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც გვიყვარს, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, ვისი სიცოცხლე შეიძლება ჩავაგდოთ საფრთხის ქვეშ. Covid19-ის პანდემია დღესასწაულის აღნიშვნაში ცვლილებებს შეიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზეიმი არ შეგვიძლია. აღნიშვნა ჯერ კიდევ შეგვიძლია - ეს დამოკიდებულია ეროვნულ გაიდლაინებზე. პირველი შეკითხვა, რომელიც თქვენ თავს უნდა დაუსვათ ასეთია: ნამდვილად გჭირდებათ თუ არა მოგზაურობა? ბევრი ადამიანი ამ პერიოდს სახლში ატარებს, თავს არიდებს შეკრებებს და ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბება. თუ თქვენ შეხვდებით სხვა ადამიანებს, ეს სახლის გარეთ გააკეთეთ, დაიცავით ფიზიკური დისტანცია და ატარეთ პირბადე. მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით, თუ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. თუ მგზავრობა საციცოცხლოდ აუცილებელია, ჯანმოს ხელმძღვანელს რისკის შესამცირებლად ასეთი რჩევა აქვს: დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე. ასევე - მატარებლებში, თვითმფრინავებსა და ავტობუსებში; ატარეთ სანიტაიზერი, ან ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით. თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. პანდემია დასრულდება და ჩვენ ამაში წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

ჯანმოს ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ პანდემიას დავამარცხებთ

„ბევრი ადამიანისთვის კორონავირუსის პანდემია შიშის წყაროა, თუმცა ეს ასევე შეიძლება იქცეს იმედის წყაროდ“, - ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ Covid19“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ იმედს იძლევა ვაქცინის შესახებ გავრცელებული ცნობები. „დარწმუნებული ვარ, რომ ამ პანდემიას დავამარცხებთ არსებული რესურსების და ასევე ვაქცინების გამოყენებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამის იმედი გვქონდეს - არამხოლოდ იმედი, სოლიდარულიც ვიყოთ, რათა ერთად ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა ტედროს გებრეისუსმა.

აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლისა და ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ, რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა. „სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა მოაწერეს, პირველ დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.

პანდემიის გამო, ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა - გაერო

კორონავირუსის პანდემიის გამო, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროებათ, მსოფლიოს მასშტაბით 40 %-ით გაიზარდა, - ამის შესახებ გაეროში აცხადებენ. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ასეთი ადამიანების დასახმარებლად დაახლოებით 35 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. „ყველა, ვისაც მომავალ წელს ჰუმანიტარული დახმარება დასჭირდება ერთ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეს, ეს მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ქვეყანა იქნებოდა", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარული უწყების ხელმძღვანელმა, მარკ ლოუკოკმა. მისივე თქმით, პანდემიამ, განსაკუთრებით ყველაზე არამყარი და დაუცველი ქვეყნები დააზარალა. გაერომ ჰუმანიტარული რეაგირების გეგმა შეიმუშავა, რომელიც 2021 წლისთვის 56 ქვეყნაში 160 მილიონამდე ადამიანის დახმარებას ითვალისწინებს. ორგანიზაციის შეფასებით, მომავალ წელს ყველაზე დაუცველი ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შიმშილის, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე იდგებიან, მთელს მსოფლიოში, საერთო ჯამში, დაახლოებით 235 მილიონი იქნება, საიდანაც გაერო დაახლოებით 160 მილიონი ადამიანის დახმარებას შეძლებს. „ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მივაღწიოთ გაჭირვებულთა დაახლოებით ორ მესამედამდე, რადგან სხვები, მაგალითად, წითელი ჯვარი, შეეცდება დარჩენილი ხარვეზი შეავსოს”, - აღნიშნა ლოუკოკმა. მისივე თქმით, იმ პრობლემებს შორის, რის მოგვარებასაც გაერო ცდილობს, მთავარია შიმშილის აღმოფხვრა იემენში, ავღანეთში, ჩრდილო - აღმოსავლეთ ნიგერიაში, სამხრეთ სუდანში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბურკინა ფასოში.

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანის დაინფიცირება დაადასტურა. მათი ინფორმაციით, გუდაუთის ჰოსპიტალში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5970 შემთხვევა, მათგან 3845 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

პოლონეთში სამუშაო ვიზას, წლიურად, საქართველოს 10,000-მდე მოქალაქე ითხოვს - ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით. ამის შესახებ დიპლომატმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმთ, როგორც სასწავლებლად, ისე სამუშაოდ, ქართველებისთვის პოლონეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. „აქ საუბარი არ არის მხოლოდ რესტორნებში მიმტანებად დასაქმებულებსა და დამლაგებლებზე, ძალიან ბევრი მაღალი დონის პოზიციაა, რომლებზეც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებულები. პოლონეთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, რომელსაც სჭირდება ბევრი მუშახელი, ასე რომ, ჩვენ ღია ვართ არა მარტო უკრაინელებისა და ბელარუსებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც“, - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში.

მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად, ქუთაისის მერია, 100 000-მდე ლარს დახარჯავს

მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად ქუთაისის მერია თითქმის 100 000 ლარს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე გამოცხადდა. წინადადების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია. "ქუთაისის მერიის მოთხოვნით, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, ბრინჯაოს ქანდაკებებზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით."მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობა. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ესკიზით". - ნათქვამია დოკუმენტაციაში. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა, ხოლო გარანტია 3 წელი უნდა იყოს. მზეჭაბუკი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული დიდების მემორიალის ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს.

3759 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი - პირველი დეკემბრის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 139 343-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 595 შემთხვევა, აჭარაში-623, იმერეთში-392, ქვემო ქართლში-139, შიდა ქართლში-127, გურიაში-152, სამეგრელო-ზემო სვანეთში-237, კახეთში-253, მცხეთა-მთიანეთში-126, სამცხე-ჯავახეთში-72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-43. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 744, აჭარაში-997, იმერეთში-1 256. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში-452, აჭარაში-152, იმერეთში-236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში-185, აჭარაში-56, იმერეთში-44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 243-თბილისში, 1 920-აჭარაში, 266-იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-456, აჭარაში-1 039, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 442 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 787 პირი, აჭარაში-11 362, იმერეთში-5 080“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

პირველი იანვრიდან პენსია გაიზრდება

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის პირველი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის შემოღებით. „კანონის პროექტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით. პენსიის ინდექსაციის ზრდის ეფექტი 2021 წლისათვის შეადგენს 210 მლნ ლარს, ასევე, გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერების საპენსიო გასაცემლების 30 ლარით ზრდის წლიური ეფექტი და დემოგრაფიის გათვალისწინებით საპენსიო ასაკის მოსახლეობის ზრდის ეფექტი", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიტკოინი ისტორიულ ნიშნულზეა

მსოფლიოს უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის ღირებულება 19,857 დოლარი გახდა. ორშაბათს ბიტკოინმა 8.7 %-თ მოიმატა, რის შედეგადაც, მსოფლიოს უდიდესი ციფრული აქტივის ღირებულებამ 19,857 დოლარი შეადგინა. კრიპტოსამყაროს ყველაზე ცნობილი ვალუტისთვის ამგვარი მატება ახალი არაა, მაგალითისთვის 2017 წელს მისი ღირებულება 19,511 დოლარი იყო, თუმცა ვალუტამ წლის ბოლოს ღირებულების 70% დაკარგა. ბიტკოინი, მატების მიუხედავად, ძალზე არამდგრადი რჩება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ციფრული ვალუტის საშუალო დღიური ფასი 2,7%-თ იცვლება.

საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 27 704 100 000 ლარს შეადგენს

საქართველოს მთავრობის ვალი 2020 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, 27 704 100 000 ლარს შეადგენს, - გარდა ეროვნული ბანკის მიერ აღებული ვალდებულებებისა - 27 688.3 მლნ ლარი და საბიუჯეტო ორგანიზაციების სესხის სახით არსებულ ნაშთს -15.8 მლნ ლარი. ამასთან, მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი, 21 781.1 მლნ ლარი, მთლიანი მთავრობის ვალის 79%-ია. 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართულ მასალებში ნათქვამია, რომ აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან, პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მთავრობის ინფორმაციით, საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან - პორტფელის საშუალო შეწონილი საკონტრაქტო ვადიანობა შეადგენს 21.0 წელს, საშუალო შეწონილი ვადიანობა დაფარვამდე შეადგენს დაახლოებით 8.7 წელს, ხოლო მთავრობის საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1.42%-ს. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისებას 1 450 915.0 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ბიუჯეტის მხარდამჭერი რესურსის სახით 2 171 000.0 ათასი ლარის მობილიზებას: ა) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (IV) ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) საქართველოში ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი-PBL IV) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 000.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) სექტორული განვითარების პროგრამა, თანამედროვე უნარები უკეთესი სამუშაო ადგილებისთვის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 162 000.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) წყალმომრაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 271 000.00 ათასი ლარის ოდენობით; ე) მაკროფინანსური დახმარების (MFA) IV პროგრამის ფარგლებში ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ვ) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 663 000.00 ათასი ლარის ოდენობით; ზ) COVID-19 პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 000.0 ათასი ლარის ოდენობით; თ) სსე-ს კორპორატიზაციისა და ენერგობაზრის რეფორმების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები - 331 000.00 ათასი ლარის ოდენობით.

2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით. ფინანსთა სამინიტროს ცნობით, გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, წაღებულია თანხა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა. ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელები თავდაპირველად დაცვის თანამშრომლების მიმართულებით ისროდნენ, შემდეგ კი სროლა უმისამართოდ განაგრძეს. იმ შესასვლელთან, საიდანაც ჰოსპიტალში თავდამსხმელები შევიდნენ, გადაუდებელი დახმარების განყოფილება მდებარეობს, იქვე არიან მოთავსებულები კოვიდ პაციენტები, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. თავდამსხმელებმა წაიღეს 3000 ლარი. ექიმ ნინო კილაძის თქმით, თავდამსხმელები დაცვას გაეცნენ, როგორც პაციენტები. "სთხოვეს კარის გაღება. დაცვამ კარები რომ არ გააღო, მოხდა 3 გასროლა. შედეგად არავინ დაშავებულა. ეს 2 ადამიანი, სავარაუდოდ, იყო ფეხით. წაიღეს 3000 ლარი. ძალიან მარტივად შესაძლებელია, ტყვია მოხვედროდა ჩვენს თანამშრომელს, ისევე, როგორც ბრმა ტყვია შესულიყო განყოფილებაში, სადაც პაციენტები წვანან". - ამბობს ექიმი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს-მ რეგულაციების დარღვევისთვის კიდევ 948 პირი დააჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 984 შემთხვევა გამოავლინეს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლით 79 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან, 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, დაჯარიმდა 905 ფიზიკური პირი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. მათ შორის, გახანგრძლივდა გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი), დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები და გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.