ძებნის რეზულტატი:

დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. წაქცეულია ხეები - ძლიერი ქარი თბილისში

ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები. მათივე ცნობით, თბილისის გამგეობებისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები.

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

15 ნოემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ევროკავშირის საბჭოს ცნობით, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პარტიორობის განვითარების და მოსახლეობამდე სარგებლის მიტანის გზებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მმართველობისა და ინვესტიციების საკითხს, ასევე პარტნიორობის მდგრადობის გაძლიერებას, აღდგენასა და რეფორმებს. ცნობისთვის, ბრიუსელში 15 დეკემბერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება. ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის გრანტის გაცემასა და რეგიონის სტრატეგიული პროექტებისთვის 17 მილიარდ ევრომდე კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. გეგმა საქართველოსთვის 3.9 მილიარდი ევროს საინვესტიციო რესურსების მობილიზებას ითვალისწინებს, რომლიდანაც 1.175 მილიარდი ევრო გრანტის სახით გაიცემა.

„ნაციონალური მოძრაობა“: საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც სააკაშვილი იქნება გადაყვანილი

„ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა დაგეგმილია სხვადასხვა ლოკაციაზე, თუმცა მესამე პრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია. ჩვენი უმთავრესი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა და მისი ადამიანური ღირსების დაცვა, რომელიც გარდაუვალი საფრთხის წინაშეა არსებულ ვითარებაში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი კვიპროსის  მთავარეპისკოპოსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისათვის კვიპროსის მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კვიპროსში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი, მთავარეპისკოპოს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს შეხვდა და ქართველი ხალხის, ქართული დიასპორისა და საქართველოს საპატრიარქოს სახელით მადლობა გადაუხადა საჩუქრად მიწის ნაკვეთის გადმოცემისათვის, რომელზეც ქართული მონასტერი აშენდება. ,,ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც მისმა უწმინდესობამ, ქრიზოსტომოს II-მ შეხვედრისას აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება. „მინდა, თქვენთან შეხვედრით კურთხევა გადავცე ჩვენს მოძმე ქართველებს და ქართულ ეკლესიას“-, - განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს

ევროკავშირი ბელარუსს საზღვრებზე „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ ადანაშაულებს. DW ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. „მნიშვნელოვანია, ლუკაშენკომ გააცნობიეროს, რომ [რეჟიმის] ქცევის გამო ფასის გადახვდა მოჰყვება“, - განაცხადა 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება ბელარუსის ავტორიტარული რეჟიმის მიერ მეზობლების დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა ბელარუსში სანქციები შეიძლება 30 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესოს. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სასანქციო სიაში ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი და ავიაკომპანია „ბელავია“ შეიძლება, მოხვდნენ. „ბრიუსელი და ვაშინგტონი აპირებენ ახალი, აშშ-ევროკავშირის ვაჭრობისა და ტექნოლოგიების საბჭოს ამუშავებას, რათა შეთანხმდნენ კონკრეტულ გზებზე ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები ასევე განიხილავენ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ახალ მიზნებს, კლიმატის ცვლილების შედეგების შეზღუდვისთვის. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და დასავლეთ ბალკანეთში მზარდი დაძაბულობა ასევე დღის წესრიგშია. ბოლო კვირების განმავლობაში, ბოსნიაში პოტენციური ახალი კონფლიქტის შიში გაიზარდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ეთნიკური სერბების ლიდერი რამდენიმე სეპარატისტული ხასიათის მუქარით გამოვიდა“, - წერს DW. ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს,  აქციაზე დაკავებულების ადგილსამყოფელზე ინფორმაცია ოჯახის წევრებსა და ადვოკატს დაუყოვნებლივ მიაწოდონ

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული პირის ოჯახის წევრსა თუ ადვოკატს დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ და მისცეს ადვოკატებს დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შეუფერხებელი შეხვედრის შესაძლებლობა. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამომავლოდაც, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და მოახდინოს დაკავებულების შესახებ შესაბამისი პირების სწრაფი ინფორმირება. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, დღეს, საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით, 46 პირის დაკავების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა დღის განმავლობაში მოინახულა 23 დაკავებული პირი. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უსაფუძვლობაზე, თუმცა არაფერი უთქვამთ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის/ძალის გადამეტების ფაქტებზე. დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც უკვე ინფორმირებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის აპარატში ამ დრომდე არ წყდება ოჯახის წევრებისა თუ ადვოკატების ზარები, რომლებიც ეძებენ დაკავებულ პირებს. რიგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველის აპარატიც ვერ ახერხებს ინფორმაციის დროულად მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სამწუხაროდ, კვლავ გააგრძელა ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ან საერთოდ არ ატყობინებენ დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატები ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დროულ მონახულებას, მათთან გასაუბრებას და დაცვის სტრატეგიის შეთანხმებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადვოკატებისთვის ცნობილია დაკავებულთა ადგილსამყოფელი, მათ საათების განმავლობაში ექმნებათ დაბრკოლება დაკავებულებთან შეხვედრის პროცესში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. შსს: თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა

საპატრიარქო: პოლიტიკური მოტივებით შიმშილობის გაიგივება მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა

საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) შესახებ განცხადება გაავრცელა. მისი მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხეში მან ორჯერ მოინახულა და ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. „თადაპირველად, მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა, ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი (მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს. საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე. ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებით გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებითაც უნდა გამოთქმულიყო. ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქოს შეფასებით, 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით. „მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა. პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ ის შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს. საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მით უმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა. ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა. საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს. არ შეიძლება, ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომლებიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული - მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა პოლარიზების ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია... კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კარგად გააცნობიერონ არსებული ვითარება და თავი შეიკავონ უხეში და დამამცირებელი ურთიერთმიმართვებისაგან. პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა ისახავდეს მიზნად სხვათა შეურაცხყოფას, არამედ,- სიმართლის ობიექტურად წარმოჩენას. ამ რთულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ღმერთმა შეაძლებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობასა და შერიგებას. P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო: თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად უნდა იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს

„რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა, ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი (მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს“, - ეს არის ამონარიდი საპატრიარქოს განცხადებიდან, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) მიერ გაკეთებულ კომენტარებს მიეძღვნა. საპატრიარქო თვლის, რომ ორივე შემთხვევაში მისგან გაკეთებულმა კომენტარმა ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია. „თადაპირველად, მან განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად საყოველთაო შერიგება მიაჩნია, რისი მაგალითიც ქვეყანას პირველმა პირებმა უნდა უჩვენონ, ამასთან, ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ შენდობა და ვაპატიოთ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, სურვილი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებისა და საყოველთაო შერიგებისა ეკლესიისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო და არის, მაგრამ მისი განხორცილებისთვის საგანგებო შრომაა გასაწევი და სათანადო, შეთანხმებული ნაბიჯებია გადასადგმელი (მით უფრო ჩვენს რეალობაში). ასევე აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს დაზარალებულთა პოზიცია და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველამ ღირსეულად იტვირთოს, რათა სამართლიანობის განცდა აღდგეს. საეკლესიო სწავლებითაც შერიგება (როგორც ადამიანებს, ისე ღმერთსა და ადამიანს შორის) შეუძლებელია ცოდვათა აღიარების, სათანადო სინანულისა და შესაბამისი ეპიტიმიების აღსრულების გარეშე. ხოლო რადგან უპირობო ან გარკვეული პირობით შერიგებაზე და, განსაკუთრებით, ციხიდან გათავისუფლებაზე საუბარი ძირითადად მესამე პრეზიდენტთან მიმართებით გაჟღერდა, მიუხედავად მაღალი სამოქალაქო ინტერესისა, ობიექტურობიდან გამომიდინარე, ამის სურვილი მაშინ სხვა პატიმრებთან მიმართებითაც უნდა გამოთქმულიყო. ეს დამოკიდებულება რომ არ იკითხებოდა მიტროპოლიტის განცხადებაში, სწორედ ამან შექმნა საზოგადოებაში უარყოფითი განწყობა“, - აღნიშნულია განცხადებაში. საპატრიარქოს შეფასებით, 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით. „მან ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა 40 დღე მშრალად იმარხულა, რითაც დიდი მსხვერპლი გაიღო ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის, რომ სიძულვილის ენა დავივიწყოთ. ამ ღვაწლით კი ყველაფერი შეინანა. პრეზიდენტისა და მისი მომხრეებისაგან კი ყველა ინფორმირებულია, რომ ის შიმშილობს პროტესტის ნიშნად, უსამართლოდ მიიჩნევს მის დაკავებას და თავს დამნაშავედ არ სცნობს. საეკლესიო მარხვა არის სინანულის აქტი, რომელიც აღესრულება ცოდვათა მონანიებისა და შენდობის სასოებით ... და საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მით უმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა. ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა. საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს. არ შეიძლება, ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ, იმ შეცდომებზე, რომლებიც მასმედიისაგან და საერო პირთაგან არის დაშვებული - მხოლოდ ერთმანეთის დადანაშაულება და ლანძღვა საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. მოქალაქეთა პოლარიზების ხელშეწყობა და მისი გაღრმავება ქვეყნის წინაშე მძიმე დანაშაულია... კიდევ ერთხელ მივმართავთ სასულიერო პირებს, მრევლს და მათ, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, კარგად გააცნობიერონ არსებული ვითარება და თავი შეიკავონ უხეში და დამამცირებელი ურთიერთმიმართვებისაგან. პოზიციის დაფიქსირება ყოველთვის შეიძლება, ოღონდ ეს არ უნდა ისახავდეს მიზნად სხვათა შეურაცხყოფას, არამედ, სიმართლის ობიექტურად წარმოჩენას. ამ რთულ ვითარებაში თითოეულ ჩვენგანს ღმერთმა შეაძლებინოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც რეალურად ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობასა და შერიგებას. P.S. განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი, რა თქმა უნდა, სწორია. ამ მიზნით, პატიმართან შესვლა კი, ზოგადად, კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება; მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრი: სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანაზე და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრაგაძის განცხადებაშია ნათქვამი. მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. „საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე”, - აღნიშნავს რატი ბრეგაძე.

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა

"მივიღეთ გადაწყვეტილება სტრასბურგიდან, რომ სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე - ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა", - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "სააკაშვილის საქმე აყვანილია პრიორიტეტზე და მხარეებს მოგვეცა გარკვეული ვადა სარჩელის შესატანად. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, მოწოდებით ის აღიარებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მითოლოგიური განცხადებები და კლოუნადა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შიმშილობს, ამოწურულია. სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ასევე დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშრებით გლდანის #18 დაწესებულებაში. ამასთან, სტრასტბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა ციხეში და ზოგადადაც. ასევე შეახსენა, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მისი ადეკვატური რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი. ასევე დაგვევალა ჩვენ, რომ ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 24 ნოემბერს კიდევ ერთხელ ეს ინფორმაციები შეჯერდეს და კვლავ იმსჯელებს სასამართლო იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება. სასამართლო ასევე ახსენებს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად“, - განაცხადცა ნიკა გვარამიამ.

ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია გააფორმეს

აშშ-ში ვიზიტით მყოფი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ახალ ქარტიას მოაწერეს ხელი. დმიტრო კულებას თქმით, ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობას ახალ სიცოცხლეს შესძენს. "დღეს ვაშინგტონში შევხვდი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რათა ახალი სიცოცხლე შევძინოთ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას ახალ ქარტიაზე ხელმოწერით. მყარ საფუძველს ვუქმნით ჩვენს საერთო მომავალს, რასაც მე ოპტიმისტურად ვუყურებ. ვიცავთ რა ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აშშ უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა დმიტრო კულებამ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ახალი ქარტია უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და კანონის უზენაესობის საფუძველს ქმნის. "მივესალმები შესაძლებლობას, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მომავალ ქარტიას ჩავუყაროთ საფუძველი, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და კანონის უზენაესობის გასაუმჯობესებლად. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ცნობისთვის, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას ასახავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC) ახალი ქარტიით, აშშ და უკრაინამიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ კოორდინირებულ თანამშრომლობას. „სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის (SPC)ახალი ქარტიით, შეერთებული შტატები და უკრაინა მიზნად ისახავენ, განაგრძონ SPC-ის გამოყენება ჩვენი თანამშრომლობის კოორდინაციისთვის, რომელიც ორმხრივი პრიორიტეტების წინსვლას მოემსახურება და რომლებიც ჩამოყალიბებულია აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პირველი სექტემბრის ერთობლივ განცხადებაში. განახლებული ქარტია ასახავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების ფაზას იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად. ახალი ქარტია, სხვა საკითხებთან ერთად ეხება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიისგან მომდინარეობს “, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მუშაობა 2008 წელს დაიწყო. ვაშინგტონის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი შეერთებული შტატებისა და უკრაინის თანამშრომლობაში, რომელიც საერთო პრიორიტეტების მთელ სპექტრს მოიცავს. აშშ აცხადებს, რომ ცამეტი წლის შემდეგ, აშშ-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობა გაძლიერდა და მომწიფდა, რის შედეგადაც საჭირო გახდა ქარტიის განახლება და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლა 21-ე საუკუნის გამოწვევების გადასაჭრელად.

მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 252 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 252 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, COVID19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 228 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID19-ით ყველაზე მეტი - 47.6 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა.

აზიის განვითარების ბანკი: 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება

"აზიის განვითარების ბანკის 101 მლნ ევროს სესხი საქართველოში შემოსავლის გაზრდას და რეგიონულ განვითარებას დაეხმარება", - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) დღეს დამტკიცებული 101 მილიონი ევროს (დაახლოებით 119.9 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის სესხი საქართველოში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და უკვე არსებულის რეაბილიტაციას, ასევე ურბანულ ცენტრებში სერვისების გაუმჯობესებას ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გაზრდას მოხმარდება. “საქართველომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროგრესი აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა ეკონომიკური ზრდა არათანაბრად იყო განაწილებული და მასზე მძიმე ზეგავლენა იქონია კოვიდ-19-ის პანდემიამ,“ - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი საქართველოს პანდემიის გავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს ქალაქების უფრო მდგრად, მრავალმხრივ და კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგ განვითარებას. "ADB-ის ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროექტი (Livable Cities Investment Project for Balanced Development) წინასწარი გათვლებით თბილისსა და რეგიონებში 1.5 მილიონ ადამიანს მოუტანს სარგებელს. პროექტით გათვალისწინებული რესურსები მოხმარდება ქალაქების ცენტრების, საზოგადოებრივი ადგილებისა და პარკების რეაბილიტაციას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას უკეთესი მობილობისთვის. პროექტის ფარგლებში აშენდება ბიბლიოთეკები, ელექტრონული სწავლების ცენტრები, საბავშვო ბაღები, სპორტული კომპლექსები და სხვა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებები. პროექტი განხორციელდება ADB-ის მიერ შემუშავებული „ინკლუზიური ქალაქების გზამკვლევის“ მიხედვით საყოველთაო წვდომის უზრუნველსაყოფად და ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად ხანდაზმულებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ქალებისა და ბავშვებისთვის. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული ობიექტების, ქალაქების ისტორიული ცენტრებისა და სხვა ტურისტული ადგილების რეაბილიტაციას. ასევე განახლდება ტრანსპორტის სისტემები, მათ შორის თბილისის მეტრო, გაუმჯობესებული წვდომისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა"- ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც ADB-ის ურბანული განვითარების მთავარი სპეციალისტი რამოლა ნაიკ სინგრუ ამბობს, ევროპასა და აზიას შორის მდებარე, მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მქონე საქართველოს ხელსაყრელი პოზიცია აქვს კოვიდ-19-ის შემდგომ გლობალური ტურიზმის მიმართულებად იქცეს. "ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს იქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად და გააძლიეროს ტურისტული შესაძლებლობები ადგილობრივი თემებისთვის. პროექტი ასევე გააძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის სასწავლო პროგრამების გზით. საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი"- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ვაშაძე: თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირობას დაარღვევს, მე მივალ და დავშლი აქციას

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ კლინიკაში, ამ შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აიღოს ვალდებულება, რომ აქციები მაინცდამაინც აღნიშნულ საავადმყოფოსთან არ გაიმართება. მისივე თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირობას დაარღვევს, მაშინ აქციებს თავად დაშლის. "თუ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ნორმალურ კლინიკაში, ამ შემთხვევაში, "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღოს ვალდებულება, რომ არ გაიმართება აქციები მაინცდამაინც ამ საავადმყოფოსთან. დაარღვევენ პირობას? მე მივალ და მე დავშლი, მე ვეტყვი იქ აქციაზე მონაწილეებს, რომ წაეთრიეთ აქედანთქო. თუ საჭირო გახდა და თუ კაცი კვდება ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, მზად ვარ მეთქი, კი ბატონო, არ არის პრობლემა, არ გამიჭირდება, მე, საერთოდ, ძალიან ვუფრთხილდები ჩემს პირობას და მზად ვარ, რომ მეც ვიკისრო ეს პასუხისმგებლობა. ხომ არ უნდა დავკარგოთ ყველაფერი? კიდევ ერთხელ ვამბობ, ბედნიერებას არ მოუტანს ამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალება, უბედურებას მოუტანს, ღმერთმა დაიფაროს, ეს უნდა გავიაზროთ ყველამ", - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გუშინ, განცხადება გაავრცელა. როგორც პარტია აცხადებს, ექსპრეზიდენტის ნებისმიერ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ადგილზე, ან მის სიახლოვეს საპროტესტო აქცია არ იქნება, რათა თავიდან იყოს აცილებული ყველა სახის შესაძლო პროვოკაცია.

ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

"ისრაელმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში СOVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა", - ამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს. გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელში ბავშვებს უახლოეს მომავალში ექნებათ საშუალება, კომპანია PFIZER-ის ვაქცინით აიცრან. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც სამთავრობო კოლეგიის 75 სამედიცინო ექსპერტიდან 73-მა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაუჭირა მხარი. სპეციალიზებული ვაქცინების პირველი ტვირთი ისრაელში მომავალ კვირაში ჩავა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა 6.2 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს მიღებული.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4744 ადამიანი. გუშინ საქართველოში 49 334 ტესტი ჩატარდა.

გლდანის დაწესებულებაში ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის და ექსპერტიზის პროცედურა

სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გვიან ღამით დასრულდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობას სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი იძიებს. დაახლოებით 8-საათიანი პროცედურის შემდეგ, გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზაც და დაილუქა ტანსაცმელი, რომელიც გლდანის დაწესებულებაში შესვლისას ეცვა. გამომძიებლის თანახმად, ექსპრეზიდენტს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნება, თუმცა, საბოლოო დასკვნას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს. მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვისას სააკაშვილისგან მიღებული ინფორმაციის შინაარსზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ილაპარაკებს. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, მედიას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. „მიხეილ სააკაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ამასთან, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები, რომელთა ფოტოგრაფირებაც მოხდა და ასევე, მოხდა ფიქსაცია ამ დაზიანებების. რაც ახლა ვიზუალურად ჩანს, მას დაზიანება აქვს ქვედა კიდურებზე. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ შეიძლება ვიზუალურად შეუმჩნეველი დაზიანებები ჰქონდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც“, - განაცხადა თუთბერიძემ. მისივე ინფორმაციით, დახეულია ტანსაცმელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეცვა რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას. ადვოკატის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე პროცედურას არ ესწრებოდა და გამოკითხვაში სხვა გამომძიებელი მონაწილეობდა.

კარლ ჰარცელი: მხედველობაში ვიღებთ, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავ შეშფოთებულია სააკაშვილის მდგომარეობისა და ჯანმრთელობის უეცარი და შეუქცევადი გაუარესების რისკების გამო. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში შეურაცხმყოფელ გარემოში მოხვდა და ევროკავშირი ამ ფაქტს "მხედველობაში მიიღებს". "ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აღვნიშნავთ, რომ სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციები ჯერ სრულად არ შესრულებულა და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ რეკომენდაციების სრულად შესრულება უზრუნველყოს. რაც შეეხება მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მხედველობაში ვიღებთ, რომ ბატონი სააკაშვილი გლდანის ციხეში მოხვდა შეურაცხმყოფელ გარემოში, სადაც ემუქრებოდნენ და ის ამტკიცებს, რომ მისი გადაყვანა მოხდა მოტყუებით და ძალადობრივად. ასევე აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ბატონი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი ვიდეოები და პირადი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები. ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება".- ამბობს ჰარცელი IPN-ის ცნობით. მისივე თქმით, მხედველობაში მიიღებენ იმ ვითარებასაც, რომ სააკაშვილს არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესზე პირადად დასწრების უფლება. "შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალი ედება, რიგ მინიმალურ უფლებებს შორის, უფლება აქვს თავი დაიცვას პირადად ან მის მიერ არჩეული სამართლებრივი დახმარების საშუალებით".- ამბობს ჰარცელი და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უზურნველყონ სააკაშვილის დასწრება პროცესებზე. ჰარცელი ამბობს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას.

იტალია კოვიდინფიცირებულ მძიმე პაციენტებს რუმინეთიდან იღებს

Covid19-ის გამო საგანგებო მდგომარეობის ფონზე, ევროპა რუმინეთის საერთაშორისო დახმარების მოთხოვნას პასუხობს. ევროპული სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით. რუმინეთის ჯანდაცვის სისტემაზე ძლიერმა ზეწოლამ ქვეყანა აიძულა, მძიმე პაციენტების გადაყვანა უცხოეთის სამკურნალო დაწესებულებებში მოითხოვოს. სპეციალური ოპერაცია სამოქალაქო დაცვის ეროვნული სამსახურის, CROSS-ის მეშვეობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ხორციელდება. ინტენსიური თერაპიის საჭიროების მქონე ოთხ პაციენტიდან ორს პიემონტის რეგიონის ჯანდაცვის სამსახური, ორს კი ლაციოს რეგიონის ჯანდაცვის სამსახური დაეხმარება. მსგავსი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, გერმანიამაც მიიღო. რუმინეთიდან უკვე გადაიყვანეს პაციენტები უნგრეთში, პოლონეთსა და ავსტრიაშიც, რადგან ჯანდაცვის სისტემა ეპიდემიის მეოთხე ტალღის დროს პაციენტების ძალიან დიდ რაოდენობას ვერ უმკლავდება. რუმინეთი ევროკავშირის ქვეყნებში მეორეა ბულგარეთის შემდეგ (25.3%), სადაც მხოლოდ 37.2%-ია სრულად აცრილი. ბულგარეთში გარდაცვლილთა 93,87%, აუცრელი იყო. ევროპის ქვეყნებში ვაქცინირებულთა სტატისტიკა ასეთია

ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერი წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა

"ინდოეთსა და შრი-ლანკაში ძლიერმა წვიმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შრი-ლანკაში წვიმას და მისგან გამოწვეულ მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ ხუთი მოქალაქე. 16 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის ტამილნადუს შტატში. დაიტბორა შტატის დედაქალაქი ჩენაი, სადაც ათასობით ადამიანის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. შტატში, სტიქიის გამო, ბევრი სკოლა და კოლეჯი დროებით დაიკეტა, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.