ძებნის რეზულტატი:

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, COVID19-ის 3.1 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 703 ადამიანი", - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული. ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 1%-ით გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით შემცირდა. გასული კვირის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა გარდა ევროპის რეგიონისა, სადაც, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, დაინფიცირების შემთხვევების 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა კი 10 %-ით გაიზარდა.

ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლომ დაწესებულებიდან პატიმრის გადაყვანა გუშინ მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია პენიტენციური დაწესებულების პოზიცია. პენიტენციური სამსახურის თანხმობის შემთხვევაში, რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დასწრებას პირველად შეძლებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ

რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები შესაძლოა, ერთმანეთს მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, წლის ბოლოს ლიდერები ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამართავენ შეხვედრას, ახალი წლის დასაწყისში კი, პირისპირ შეხვედრას გამართავენ. „დეტალები ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში ინფორმაციას გახმაურებას არ ჩქარობენ“, – აღნიშნავენ მედიაში. ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის პირველი შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ხომალდ ”Mount Whitney”-ზე ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდზე - "USS Mount Whitney" (LCC 20) ოფიციალური მიღება გაიმართა. ბათუმში აღნიშნულ ხომალდზე გამართულ მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ მაიორი ნიკოლოზ შარაძე დაესწრო. სტუმრებს მე-6 ფლოტის უფროსმა, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ეუჯინ ბლექმა, ხომალდ "Mount Whitney"-ის მეთაურმა. დანიელ პროჩაზკამ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უმასპინძლეს. ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას ასევე ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე. „გემის ეკიპაჟმა სტუმრებისთვის საინფორმაციო ტური გამართა, რომელზეც ხომალდის მეთაურისგან "Mount Whitney"-ის ამოცანების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოისმინეს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ. ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან პარტნიორს - საქართველოს შორის, ასევე, ადასტურებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და მიზნად ისახავს საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას, აშშ-ის რეგიონული პარტნიორების სტაბილურობის უზრუნველყოფას, მზადყოფნისა და საზღვაო შესაძლებლობების გაზრდას. ხომალდები - USS Mount Whitney და USS Porter საზღვაო ოპერაციებს ამერიკის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში ახორციელებენ. მე-6 ფლოტი, რომელიც ბაზირებულია ნეაპოლში, ერთობლივი და საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს ახორციელებს. ოპერაციები ტარდება მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი შეუწყონ ევროპასა და აფრიკაში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა

უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არავაქცინირებულ 405 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა. შესაბამისი განცხადება ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ისინი არავაქცინირებული არიან და სხვა ადამიანებს უქმნიან საფრთხეს“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, იგორ კლიმენკომ. მისი თქმით, დღეს უკრაინის ეროვნულ პოლიციაში 2 500 ადამიანია ინფიცირებული.

საქართველოში COVID19-ის ინფიცირების 5751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 766 818-ს. "რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის - 9.95% ხოლო 7 დღის - 10.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 647 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 700 568-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 662 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 049, ქვემო ქართლი - 474, შიდა ქართლი - 550, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377, კახეთი - 548, მცხეთა-მთიანეთი - 140, სამცხე-ჯავახეთი - 210, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც: 6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პაციენტი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29. 1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში. 47 480 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.

სუს-თან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე და მურმან დუმბაძე ადგილიდან გაიყვანეს. პოლიცია ადგილიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის გაყვანასაც ცდილობდა, თუმცა ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის დაწყებამდე ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას და მის გათავისუფლებას ითხოვენ. სამინისტროს შენობის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი და ბლოკირებული აქვთ შენობასთან მისასვლელი კიბე.

სუს-ის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. ამ დროისთის ავტომობილებს სრულფასოვნად გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კი დაპირისპირება გრძელდება. ამ დროისთვის სამართალდამცველებს, დაახლოებით, 6 პირი ჰყავთ დაკავებული.

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება. "პროტესტი ყველგან მივა, ყველგან გაიშლება, მთელი თბილისის მასშტაბით. ხედავთ, პოლიციის რამხელა მობილიზებაა, როგორ ეშინიათ. განსაკუთრებით ჯანდაცვის სამინისტროა მნიშვნელოვანი. შიგნითაც არ აქვთ თანხმობა და კოორდინაცია", - განაცხადა დეკანოიძემ.

უკრაინას სააკაშვილის გამო საქართველოში გაგზავნილი ნოტის დადებითად განხილვის იმედი აქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნილი ნოტა დადებითად იქნება განხილული. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა საქართველოს ელჩთან, გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას, საქართველოს ელჩმა მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია გლდანის პენიტენციურ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გარემოებების შესახებ. თავის მხრივ, მიკოლა ტოჩიცკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების უფლებების და ინტერესების დაცვა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებიც, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების გრაფიკი და უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის "ასოცირებული ტრიოს" შემდგომი ერთობლივი მოქმედებები 15 დეკემბერს დაგეგმილი, ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისთვის მოსამზადებლად. ასევე ნახეთუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი8 ნოემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა გაუგზავნა და განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანით გლდანის მე-18 პენიტენციურ, სამკურნალო დაწესებულებაში და იმით, რომ უკრაინული მხარე ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარს მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის ყველა შესაძლებლობა.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას.

შსს: თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 46 პირი დააკავა

თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 46 პირი დააკავა. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. „შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება. როგორც წინა დღეებში, ასევე დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ სამართალდამცველთა საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“- აცხადებენ შსს-ში.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე იმართება

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები. პროცესს წინ უძღვის პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, „შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში“. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით, 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდადებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში. თავის მხრივ, ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, რომ მზად არიან, არ შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში, თუ ის გადაჰყავთ სასამართლო პროცესზე და არ დააბრკოლებდნენ ამ პროცესს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკია

პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანს. ამის შესახებ ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. „მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ელგუჯა ცომაიას ადვოკატი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ზურაბ და შალვა წოწორიების, გიორგი ნარიმანიძის უფლებადამცველიც დაკავებულების გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, თანხის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს ანდო. ამავე საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა და წინასასამართლო სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება. ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეკრებილების მოთხოვნაა: "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს". ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

დედოფლისწყაროს მერი: პირველად დედოფლისწყაროს ისტორიაში, მთელ მუნიციპალიტეტს 24 საათიანი წყალი ექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, დედოფლისწყაროს მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა, რომ „მიმდინარეობს მსხვილი პროექტები, რომლებიც მოსახლეობის ყოველდღიურობას გააუმჯობესებს“. „პირველ რიგში, აღსანიშნავია, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც მომავალ წელს დასრულდება და პირველად, დედოფლისწყაროს ისტორიაში, მთელ მუნიციპალიტეტს ექნება 24 საათიანი წყალი. გარდა ამისა, მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის სამუშა, იქნება ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საბავშვო ბაღებში მდგომარეობის გამოსწორება, თუ სხვა იმ საჭიროებებისა და პრობლემების აღმოფხვრა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მერმა. თავის მხრივ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება. „ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ და სწორედ ამ გეგმებზე ვისაუბრეთ. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროექტებსაც, რომლებზეც იყო საუბარი, მაგალითად რუსთავში ვაპირებთ მედიათეკის მშენებლობას, ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. აუცილებელია, რომ მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე ორიენტირებული, უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გახდეს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, გარდაბნის მერი დარწმუნებულია, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა პრობლემას გაუმკლავდებიან. „გარდაბნის რაიონში მრავალი პროექტი ხორცილდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია გარდაბნის რაიონის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მესამე ეტაპზეა. ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა და ველოდებით გამარჯვებულ კომპანიას. სამუშაოების შესრულების შემდეგ 5 სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. პროექტის განხორციელების ვადა 18 თვეა“, - განაცხადა დავით კარგარეთელმა. ლაგოდეხის მერის თქმით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგანმანათლებლო ობიექტების მოწესრიგება. „სწორედ ეს არის ჩვენი სამომავლო 4 წლიანი გეგმა. კონკრეტულად, ლაგოდეხში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, ასევე ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. ეს არის ის მესიჯები, რაც მივიღეთ. ადამიანი არის ჩვენი პრიორიტეტი და მოქალაქე არის ჩვენი საზრუნავი“, - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა. ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის ხელმძღვანელმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში შეხვედრებს განაგრძობს

კვიპროსის პრეზიდენტთან გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კვიპროსის მხარდაჭერისა და ამ მიმართულებით მისი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, ასევე, საქართველო-კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის კულტურული ღონისძიებებით აღნიშვნის ინიციატივა და გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნების ერთად დგომის მნიშვნელობა. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ, რომელიც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გრძელდება გატაცებები, ბორდერიზაცია და ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ანიტა დემეტრიოუსს და მას წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. თავის მხრივ, ანიტა დემეტრიოუსმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ კვიპროსის მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ კვიპროსი მზადაა ამ მიმართულებით საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში ასევე შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარების უზარმაზარ პოტენციალს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია სამშობლოსთან მჭიდრო კავშირების შენარჩუნება.

ელენე ხოშტარია: ანალიზებში რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გუშინ, პირველი გადასხმა გაიკეთა. დროას ლიდერი აცხადებს, რომ ვინაიდან შეიცვალა კონტექსტი, მისი პროტესტის ფორმის გახანგრძლივების მოტივით, ექიმების რჩევით, სამედიცინო ჩარევებს დათანხმება, თუმცა არა მდგომარეობის გაუმჯობესების, არამედ ლეტალური შედეგის პრევენციის მიზნით. ხოშტარია აცხადებს, რომ თავს კარგად გრძნობს. "ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ აუცილებელი იყო გადასხმა, მე გუშინ მივიღე პირველი გადასხმა, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, არ გავიკეთებ არც ერთ გადასხმას, რომელიც უბრალოდ გააუმჯობესებს ჩემს მდგომარეობას, გავიკეთებ მხოლოდ იმ სამედიცინო ჩარევას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ახლა ჩემი შიმშილობის რეჟიმი არის ასეთი და იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე, რამდენი ხანიც არ უნდა იყოს საჭირო, შევძლო შიმშილობა, ვიბრძოლო და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. დროას ლიდერი მე-8 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. ის პარლამენტის შენობაშია.