ძებნის რეზულტატი:

ნიკა მელია დაკავებებზე: ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს

"ესაა ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთს და ბელარუსს", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ოპოზიციის აქციებზე 40-ზე მეტი მოქალაქის დაკავებას. მელიას შეფასებით, ხელისუფლება შეშინებულია და ძალის იმედადაა დარჩენილი. "დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს! კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მაგრად ეშიანით თავისუფლების იდეის და მზად არიან თავის კორუმპირებული ხელისუფლების დასაცავად სრულიად მშვიდობიან აქციებს დაერიონ! აქციების დაწყებამდე 46 ადამიანი დააკავეს- მაგრამ საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლი ასობით ათასია. ვაგრძელებთ! მშვიდობიანად, უწყვეტად და მტკიცედ", - წერს მელია. აქციების დასრულების შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოქალაქეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას. აღსანიშნავია, თუმცა, აქციის მონაწილეებს პიკეტირება არ უცდიათ.

გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა

7 ნოემბრის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, სასამართლომ კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ „პირველმა არხმა“ სიგნალი აწიოს და ყველა მსურველ ტელევიზიას მიეცეს ამ სიგნალის გაშვების შესაძლებლობა. სასამართლომ იმსჯელა და უარი თქვა. სასამართლომ გვითხრა, რომ პროცესი არ უნდა იყოს საჯარო. აქ სასამართლომ გვითხრა, რომ მას ფეხზე ჰკიდია", - განაცხადა უგულავამ. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო. ადგილზე არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჟურნალისტებს დასწრების უფლება არ დართეს. პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს. სხდომას დაესწრებიან საელჩოს წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

ანდრიუს კუბილიუსი: სააკაშვილის პატიმრობა ყველასთვის ცუდია, მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ყველაზე მეტად - ქართველი ხალხის ევროპული ოცნებისთვის

Europetime-თან, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე კომენტარი ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა უნდა დაუშვას. ამასთან, ანდრიუს კუბილიუსი ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს, რაც მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მძიმედ მოქმედებს. „ბატონი სააკაშვილის ყოფნა საპატიმროში, ყველასთვის ცუდია, მათ შორის მმართველი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ყველაზე მეტად - ქართველი ხალხის ევროპული ოცნებისთვის. მე ვიტყოდი, რომ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც ეს ოცნება და ამ გზაზე მიღწეული პროგრესი, ეროვნული პოლიტიკური განხეთქილების შედეგად ნადგურდება. საქართველოს მეგობრებისთვის, რომლებიც ბევრი გყავთ ევროპასა და აშშ-ში, ამის ყურება მტკივნეულია. ჯერ კიდევ არის გამოსავალი, რომლის გზაც დიალოგსა და დისკუსიაზე გადის. მთავრობამ უნდა გააცნობიეროს ხალხის მიერ მათთვის მიცემული პროევროპული მანდატი. ოპოზიციამ ასევე ღრმად უნდა გადახედოს თავის პოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიას. ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის მიზანი უნდა იყოს, საქართველოს შენარჩუნება ევროპულ გზაზე, რადგან ეს წარმატებული, აყვავებული, სტაბილური საქართველოს განვითარების ერთადერთი გზაა. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. უკანასკნელი მოვლენების შემდეგ, ახლა ქართველი ხალხის ევროპული მომავლის საკითხი დგება“, - განუცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-ს. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მის გარეშე იმართება პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკია

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დისტანციურად მოხდეს

"მიხეილ სააკაშვილის ჩართვა პროცესებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ან დისტანციურად მოხდეს", - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. პროკურორმა განმარტა, თუ რაიმე მიზეზით ვერ ხდება პატიმრის ბადრაგირება, შესაძლებელია, სასამართლო პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე. „მიხეილ სააკაშვილის ბადრაგირება ვერ მოხდა, ვინაიდან ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს პროცესში მონაწილეობის საშუალება, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს – თუ ობიექტური გარემოების გამო, ვერ ხდება ბადრაგირება, შესაძლებელია, პროცესი ბრალდებულის უშუალო მონაწილეობით ჩატარდეს დაკავების ადგილზე, მზაობას გამოვთქვამთ მივიღოთ მონაწილეობა. დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობასაც განვიხილავთ“, - განაცხადა პროკურორმა. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მათთვის ბრალდების მხარის შუამდგომლობა მიუღებელია. მისივე თქმით, სააკაშვილის ადვოკატები სასამართლო პროცესზე ბრალდებულის უშუალო დასწრებას მოითხოვენ.

ამერიკის საელჩო: გულწრფელად თანავუგრძნობთ ქართველ ხალხს, რომელიც განსაკუთრებულად სცემს პატივს გელა ჩარკვიანს

ამერიკის საელჩო გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ძალიან დაგვამწუხრა გუშინ ყველასათვის საყვარელი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ამბავმა. შეერთებული შტატების საელჩო გულწრფელად თანაუგრძნობს ოჯახსა და ქართველ ხალხს, რომელმაც განსაკუთრებული პატივი და თაყვანისცემა გამოხატა ბატონი ჩარკვიანის მიმართ“, - აღნიშნულია საელჩოს ტექსტში. ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები: მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ვითხოვთ

7 ნოემბრის საქმეზე, ერთ-ერთი ბრალდებულის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოსამართლეთა კოლეგიის: ნინო ელიეშვილის, მაია ქოქიაშვილისა და ლია ორკოდაშვილი აცილებას ითხოვენ. ამასთან, ადვოკატები სხდომაზე ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, მათ შორის ონლაინ ჩართვის ფორმით ითხოვდნენ. „მაზე მეტად ღირსება რამ უნდა შეგილახოთ? ღირსებას ბრალდებულის ცარიელი სკამი გილახავთ. ამ შემადგენლობით სასამართლოს მე ვფიქრობ არ აქვს სამართლებრივი და მორალური უფლება განაგრძოს ამ საქმის განხილვა. ამ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილება ნიშნავს იმის დადასტურებას, რომ სასამართლოს ეს შემადგენლობა მზადაა რატი ბრეგაძის და ბრალდების ყველა პოზიციას ხელი მოაწეროს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ. ცნობისთვის, ამ წუთებში 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ სასამართლო დარბაზი დატოვეს

"ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ განაცხადა. ადვოკატების პროტესტი მოჰყვა მოსამართლის უარს იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის სხვა ადვოკატები - ნიკა გვარამია და დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლო სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. „მე ვერ ვხედავ აზრს გაგრძელების, დაგემშვიდობებით. ოღონდ არ ჩათვალოთ, რომ სააკაშვილის დაცვაზე ვამბობთ უარს, ვიდრე არ გაირკვევა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის საკითხი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წარიმართოს მისი იურიდიული მხარდაჭერა, მე აზრს ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბასილაიამ. მოსამართლის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა უკვე დაწყებულია, ადვოკატები დარბაზში ვეღარ შევლენ.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა, სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს. 7 ნოემბრის საქმე იყო ერთადერთი, რომელზეც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს, რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს, რომლებიც ამ საქმეზე ბრალდებულები არიან, მოსამართლის თქმით, ახალი გარემოება არ ყოფილა წარმოდგენილი, რომ პატიმრობა გაუქმებულიყო, რის გამოც, პატიმრობა უცვლელი დარჩა. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ეს ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, სანდრო გირგვლიანის საქმეზე კი - 3 წლით.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს ჩაინიშნა. "გადაწიეს პროცესი, ვინიცობაა და მიხეილ სააკაშვილს ძლიერი ორგანიზმი აღმოაჩნდესო, იქნებ მომდევნო კვირაშიც შეძლოს, რომ გამოცხადდესო და ჩანიშნეს 29-ში, როდესაც მისი მდგომარეობა იქნება უკიდურესად მძიმე, უკვე კრიტიკული, ანარადა ქართველი ხალხი ამ დროისთვის გაიმარჯვებს და მაშინ უკვე ეს მოსამართლეები ტაშფანდურით შეგვეგებებიან".- ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ისინი სააკაშვილის სხვა ადვოკატების, დიმიტრი საძაგლიშვილისა და ნიკა გვარამიას სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, რაზეც სასამართლომ უარი განუცხადა.

პრემიერთან მერების დღევანდელ შეხვედრას წალენჯიხის მერი არ დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თვითმმართველი ქალაქების და თემების ახლად არჩეულ მერებს და სახელმწიფო რწმუნებულს მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობდა. შეხვედრაზე წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავაც მიიწვიეს, მაგრამ არ მივიდა. აღნიშნულის მიზეზს ის სოციალურ ქსელში განმარტავს. „ვადასტურებ, რომ მივიღე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა ღონისძიებაზე. წალენჯიხის მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით ამირჩია წალენჯიხის მერად, რითაც დამისახა მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად სწრაფი და ეფექტიანი გზების ძიება. ამ გზაზე, რასაკვირველია, სრული დატვირთვით მზად ვარ თანამშრომლობისთვის საქართველოს ხელისუფლებასთან. აქვე მოვუწოდებ საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობასთან ერთად მხარდაჭერილი იქნეს ის ხედვები და პროექტები, რითაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა წარსდგება თავისი კომპეტენციის განხორციელების პერიოდში. ამასთან, ვაცხადებ, რომ მე არ (ვერ) დავესწრები დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას და გიზიარებთ არდასწრების საფუძველს: სოლიდარობა ჩემს კოლეგებს, რომლებიც კენჭს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და რომელთანაც არჩევნების საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტებით ჩატარებისას, სულ სხვა შედეგი დადგებოდა! სწორედ დარღვევების მასშტაბურობა აისახა საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მკაცრ შეფასებებში! საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოჩენილი ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომის გამო. საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი შესაბამის კლინიკაში. არ ვთვლი, რომ მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისია. ჩემს თავში ჩემი მოქალაქეების სოლიდარობის განწყობებია. მიმაჩნია, რომ სწორედ არჩევნებია ის გზა, რომლითაც შესაძლებელია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში, სამართლიანი არჩევნები, წინასწარ დათქმული თანხმობა შედეგების აღიარებაზე და მომავალ ურთიერთობებზე,როგორც ხელისუფლების მოსალოდნელი ცვალებადობის პოლიტიკური კულტურის და დინამიკის შენარჩუნება! დღეს კი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შეიქმნას სხვადასხვა დონეზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელი, რომლის განზოგადება სამომავლოდაც შესაძლებელია. ამასთან, ვიმეორებ - მზად ვარ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის ჩემი მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის სასარგებლოდ“, - წერს გიორგი ხარჩილავა, რომელიც ერთადერთი ოპოზიციონერი გამარჯვებული მერია 2 ოქტომბრის არჩევნებში.

ანდრიუს კუბილიუსი: შესაძლოა, დადგეს დრო, ქართველებს დასჭირდეთ არჩევანის გაკეთება: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა პროექტ „სასაზღვრო ზონას“ მიერ ორგანიზებულ ვებინარზე დისკუსიისას საქართველოს საკითხი განიხილა ვებინარზე - „საქართველოს შიდა გამოწვევები: გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე და დასავლურ ინტეგრაციაზე“ გამოვლისას ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან აზიანებს საკუთარ საერთაშორისო პოზიციას და ასევე აღქმას დასავლურ საზოგადოებაში, როგორც ქვეყნის, რომელსაც ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება. „ვცდილობდი, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის გარკვევით მეთქვა, რა შეცდომებს უშვებენ ისინი ოპოზიციასთან უხეში ენით საუბრით, ევროკავშირის ლიდერებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობით, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების შემთხვევაში მოიქცნენ, ასევე - ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე უარის თქმით და ამ დახმარებასთან დაკავშირებული პირობების არშესრულებით. ეს ყველაფერი ქმნის არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს ცუდ იმიჯს. ეს ძალიან აზიანებს ქართველი ხალხის სურვილს, მიუახლოვდნენ ევროინტეგრაციას. ეს არის ის, რაზედაც ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ. არ გამიკვირდება, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც ქართველებს დასჭირდებათ არჩევანის გაკეთება: ან „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ან ევროკავშირში ნამდვილი ინტეგრაცია, ვინაიდან, შესაძლოა, ამის კომბინირება ძალიან რთული გახდეს. ეს არის ის რისკი, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ“, - აღნიშნა ანდრიუს კუბილიუსმა.

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის ცნობით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს დღეს გამოკითხავენ. გამოკითხვას სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაესწრება. დღესვე დანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზა, უნდა მოხდეს სხეულის გარეგანი დათვალიერება. ექსპერტიზას, სააკაშვილის მოწვევით მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე დაესწრება. გიორგი მიქელაძის განმარტებით, სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის კუთვნილი სამოსის ნივთმტკიცების სახით ამოღება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ამის შესახებ სააკაშვილი გამოკითხვის ოქმში დააფიქსირებს პოზიციას. „ტანისამოსის ამოღება უნდა განხორციელდეს, თუ ის დააფიქსირებს აღნიშნულის თაობაზე გამოკითხვის ოქმში. თუ განაცხადებს იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ ამ ტანსაცმელთან მიმართებით, აუცილებლად განხორციელდება მისი ამოღება ნივთმტკიცების სახით. რაც შეეხება მისი დათვალიერების ოქმს, ის გამოთხოვილია გამოძიების დაწყების დღესვე - ჯერ არ მიგვიღია“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ. „დღეს განხორციელდება გამოკითხვა, შეთანხმებული ვართ პენიტენციურ დაწესებულებასთან და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია, ისეთი ფორმით გამოკითხვა, რაც არ შექმნის იმ დისკომფორტს, რაც გუშინ იყო გამოწვეული. ამ პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და გამომძიებელი ჩაატარებს გამოკითხვას. ასევე, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში დაესწრება მიხეილ სააკაშვილის სურვილით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცეს შესაბამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 9 ნოემბერს საქართველოში კოვიდვაქცინით ყველაზე მეტი ადამიანი აიცრა

10 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 018 336 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 057 086 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.2 %. სრულად ვაქცინირებულია 957 399 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%. 9 ნოემბერს 6 976 ადამიანი აიცრა. 8 ნოემბერს აიცრა 5 254 ადამიანი. 7 ნოემბერს - 1 204. 6 ნოემბერს - 3 453 ადამიანი. 5 ნოემბერს - 4 942. 4 ნოემბერს - 4 063 ადამიანი. 3 ნოემბერს - 3 469 ადამიანი. ვაქცინაციის მარათონი საქართველოში 15 ოქტომბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც სექტემბრის შუა რიცხვებში აცრების რაოდენობამ მკვეთრად იკლო, როცა მანამდე დღეში თითქმის 30 000 ადამიანი იკეთებდა ვაქცინას. პირველი დეკემბრიდან საქართველოში ე.წ. მწვანე საშვის კონცეფცია ამოქმედდება. ცნობისთვის, დღეიდან 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს კი „ბუსტერ“ დოზის გაკეთება უკვე დღეიდან შეუძლიათ. Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით აცრილებს „ბუსტერ“ დოზისთვის შეუძლიათ გამოიყენონ Sinopharm-ის და Sinovac-ის ან Pfizer-ის ვაქცინა. Astrazeneca-თი ვაქცინირებულებს კი, 6 თვის შემდეგ „ბუსტერ“ დოზის გაკეთება Pfizer-ის ვაქცინით შეუძლიათ. რაც შეეხებათ Pfizer-ის დოზით ვაქცინირებულებს, მათთვის კვლავ Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული. 60 წელს გადაცილებულები, რომლებიც აცრილები არიან Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინით, „ბუსტერ“ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამერიკის ელჩს შეხვდნენ

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე და აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გიორგი ჩარკვიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდნენ. აშშ-ს ელჩი რეგიონული სამსახურის საქმიანობას გაეცნო; განსაკუთრებით დაინტერესდა ბავშვთა შრომასა და ქალთა მობილობასთან დაკავშირებით აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევით. შეხვედრაზე ისაუბრეს ვაქცინაციის კამპანიაში სახალხო დამცველის ჩართულობაზე, მათ შორის, აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მზაობის და ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში დახმარებაზე. „ეს დახმარება განსაკუთრებით შესამჩნევი და საჭიროა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც მოსახლეობას, ასაკის, ტექნიკური აღჭურვილობის, ინფორმაციისა თუ შესაბამისი უნარ-ჩვევების უქონლობის გამო, რეგისტრაციაზე ხელი არ მიუწვდება. განიხილეს ასევე, აჭარაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები, უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა, სიძულვილის ენა, მისი გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის შესაძლებლობები. ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მიერ წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების დღეს განხორციელებული მონიტორინგის მექანიზმზე და გამოვლენილ ტენდენციებზე“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში. „სახალხო დამცველის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში; ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პროფესიონალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და ისინი ნამდვილად ქებას იმსახურებენ“, - განაცხადა შეხვედრის აშშ-ის ელჩმა მედიასთან.

კელი დეგნანი: ამერიკული ხომალდების ვიზიტი რეგიონისადმი ჩვენი ერთგულების ნიშანია

აშშ-ის საზღვაო ხომალდებმა „მაუნთ უიტნი“ და „პორტერი“ ბათუმის პორტი დატოვეს. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო ხომალდი - USS Mount Whitney (LCC 20) და საზღვაო ხომალდი - USS Porter (DDG 78) 8 ნოემბერს შემოვიდნენ. „ეს ვიზიტი იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, აღგვენიშნა საქართველოს შესანიშნავი პარტნიორობა NATO-სთან წარსული წარმატებების ხაზგასმითა და ნათელი მომავლის მოლოდინით, რომელიც დაფუძნებულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის მტკიცე კავშირებზე“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. ამერიკის საელჩოს განცხადებით, ვიზიტი ხაზს უსვამს მნიშვნელოვან ურთიერთობას NATO-ს მოკავშირეებსა და შავი ზღვის რეგიონის ძალზედ მნიშვნელოვან პარტნიორ საქართველოს შორის. საქართველო მტკიცე და ერთგული პარტნიორია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. USS Mount Whitney ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით. „ეს არის კონკრეტული მაგალითი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა, რომელიც საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა წლების განმავლობაში დაამყარეს. ეს არ არის მხოლოდ თავსებადობისა და ერთობლივი კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა, ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეგიონისადმი ჩვენი ერთგულების და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის ნიშანი. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა არის ჩვენი პარტნიორობის მთავარი საყრდენი და ვფიქრობ, ეს არის ალბათ საუკეთესო მაგალითი, რამდენად ზრუნავს შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე“, - განუცხადა ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

გიორგი ვოლსკი რუსეთში შვეიცარიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სიკერი გიორგი ვოლსკი რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ელჩს გააცნო რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ამავე ინფორმაციით, „განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. მხარეებმა განიხილეს ასევე სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც 2010 წელს იყო მიღებული და ყურადღება გაამახვილეს პროცესზე, რომელიც ამ სტრატეგიის შეფასებას და შემდგომ ახალი სტრატეგიის შემუშავებას უნდა მოჰყვეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის და შემდგომ, საბოლოო მოგვარების თვალსაზრისით“. „ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და იმ პროცესების შესაძლო განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის ატმოსფეროს შექმნას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიაზე. საუბარი ასევე შეეხო იმ ხელშემშლელ ფაქტორებს, რომელსაც ქმნის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არსებობს კარგი პროექტები და იდეები, რომელიც მხარეებს გააჩნიათ. ვისაუბრეთ არასამთავრობო ორგანიზაციების როლზე ნდობის აღდგენის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიული ალასანია: ნუ დაუშვებთ იმას, რომ ადამიანი ასე, თვალწინ მოგვიკლან

პატიმრობაში მყოფი, მოშიმშილე ექსრპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს. „მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი. ძალიან გთხოვთ. ვიცი, ყველაფერი კეთდება. ყველა ადამიანი აკეთებს შესაძლებელსა და შეუძლებელს, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტია საჭირო. გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე. ძალიან გთხოვთ“. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა. ამავე თემაზე: 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გაუქმდა

მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაშია

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება. მან მედიასთან განაცხადა, რომ სასამართლოს ეს შეზღუდვა არ გაუუქმებია. „ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. ეს შეზღუდვა ძალაშია და ის სასამართლოს არ გაუუქმებია“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა დღეს გაუქმდა, რის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ისარგებლებს.

პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას

მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, ის სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებს, რადგან მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკალაურმა განაცხადა. „7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისიძების გამოყენების საფუძველი იყო, მათ შორის ის გარემოება, რომ ბრალდებული თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და იყო ძებნაში, ვინაიდან, ის დაკავებულია და მოთავსებულია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ ეტაპზე აღარ იყო საჭიროება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებისა. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებს სასჯელის მოხდას შესაბამის დაწესებულებაში, მას მისჯილი აქვს 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ს.გირგვლიანის და ვ.გელაშვილის საქმეებზე სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ”, - აცხადებს პროკურორი. მისი თქმით, 7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს გამართულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ბრალდებული გიორგი უგულავა გამოცხადდა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორც გიორგი უგულავამ, ისე ყველა სხვა ბრალდებულმა პირებმა 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი. გიგი უგულავა მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, გიგი უგულავას მიზანი არ ყოფილა მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობა, მისი მიზანი იყო პოლიტიკური სანახაობის მოწყობა. როგორც საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას ითხოვდნენ, სასამართლომ კი, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

გიორგი ვოლსკი: ქვეყნის კურსი უცვლელია. ამ მიმართულებით დიდია მიღწევები

ჯერჯერობით სააკაშვილისთვის საფრთხის შემცველი არის მხოლოდ მისი მოქმედება, გინდ იმ მაცივარში ჯდომიდან და გინდ შიმშილობიდან, დიეტიდან თუ მარხვიდან გამომდინარე, - ამ განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს გართულებებია შედეგი შიმშილობის და ის ყურადღების მიქცევის მთავარი რესურსია, რაც დღეს „ნაცმოძრაობას“ ხელში შერჩა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ამასთან, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე კომენტირებისას, მან ურჩია ევროპარლამენტარს, ღრმად გაანალიზოს მდგომარეობა და განცხადება ამის შემდეგ გააკეთოს. „კუბილიუსის მოსაზრების საწინააღმდეგო მოსაზრებაც არსებობს. ქვეყნის კურსი არის უცვლელი და ამ მიმართულებით დიდია მიღწევები. საქართველო არ არის ადგილი, რომლის აბუჩად აგდება შეიძლება ისე, რომ არ აფასებ საფრთხეებს. აკეთებს როყიო განცხადებას, რომელიც ითვალისწინებს სახალხო პარტიის პოზიციას, რომლის ნაწილსაც „ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. რაც შეეხება Amnisty international-ის შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მას ასე გამოეხმაურა. „განა არ მომხდარა „ტელეიმედის“ დესპოტური, სადისტური მეთოდებით აღება, ადამიანების ცემა - ტყეპა, მოკვდინება, განა არ იყო გირგვლიანის ქეისი და განა სტრასბურგმა არ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით? ასე რომ, Amnisty international-ს თუკი ასეთი პოზიცია აქვს, მას უპირისპირდება სხვა პოზიცია, რომელიც არის რეალობა, რომელიც შექმნა კონკრეტულმა ადამიანმა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.