ძებნის რეზულტატი:
თამარ გაბუნია: გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გლდანის საპატიმრო დაწესებულების სამედიცინო კლინიკაში სრული პირობები არსებობს, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს. როგორც გაბუნია განმარტავს, ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელია და კლინიკა სათანადოდ აღჭურვილია, ხოლო სამედიცინო კუთხით საჭიროებების შეცვლის შემთხვევაში, დამატებითი რესურსის მობილიზება იქნება საჭირო. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სრულად მართავს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი. რაც შეეხება გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს, მისი შეფასება რეგულირების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში მოხდა ახალი აღჭურვილობის მობილიზება ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება", - განაცხადა გაბუნიამ.
ანა ფოტიგა: ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი
ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებულ ვებინარზე ისაუბრა. „მე უკვე წლებია, საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოსავლის ძიება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. მე ვუსმენდი მის გამოსვლას, როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა. მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ - ფაქტობრივად, მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოს იმედი მაქვს. შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულია მისი ბევრი, ევროპელი მეგობარი. ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ არის სწორი. ეს მაწუხებს. გთხოვთ, დარჩით მტკიცედ. გთხოვთ, გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია, გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, - განაცხადა ანა ფოტიგამ. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას.
მიხეილ სააკაშვილთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი შევიდა
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა. როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე. გამომძიებლის თქმივე, ის ყოფილ პრეზიდენტთან დამატებითი ინფორმაციის მოძიების და გამოკვლევის მიზნით შედის. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამძიებო დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწრების დაარქივების თაობაზე, რათა შემდეგში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, მისი გამოთხოვა განხორციელდეს“, - განაცხადა მიქელაძემ.
სალომე ჯაშის დოკუმენტურმა ფილმმა „მოთვინიერება“ „ევროპულ ოსკარად“ წოდებული EFA-ს ნომინაცია მიიღო
„მოთვინიერება“ - ასე ჰქვია სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს, რომელმაც European Film Awards(EFA)-ის ნომინაცია მიიღო. ქართული სურათი საუკეთესო ევროპული დოკუმენტური ფილმის წოდებისთვის იბრძოლებს. იმავე კატეგორიაში მოხვდა სერგეი ლოზნიცას ბოლო ნამუშევარი „ბაბი იარი“. ქართველი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი მილიარდერისა და ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის საყვარელ საქმიანობას ეძღვნება. ფილმში მოთხრობილია ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესი. დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა 31 იანვარს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 2021 წელს კი ბერლინის ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, ფორუმის მონაწილე გახდა. ქართველი დოკუმენტალისტს, გადაღებული აქვს ფილმები „ლიდერი ყოველთვის მართალია“, „მათი ვერტმფრენი“, „ბახმარო“, „ცურვა“... EFA ოსკარის ევროპული ანალოგია, რომელიც პირველად 1988 წელს გაიმართა. სხვადასხვა წლებში პრესტიჟული ჯილდო მიხაილ ჰანეკეს, რომან პოლანსკის, იორგოს ლანთიმოსის და პედრო ალმოდოვარის ნამუშევრებს გადაეცა. 2021 წლის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა, საუკეთესო ფილმად დანიელი რეჟისორის თომას ვინტერბერგის თრობა დასახელდა.
აშშ-ის ელჩი: მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში
აშშ-ის ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა უზრუნველყონ. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. „ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ყველაზე პრიორიტეტულია, „აშშ ყურადღებით აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც კონსილიუმმა, სამედიცინო გუნდმა შეაფასა, მას სჭირდება გადაუდებელი ყურადღება და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყონ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში. ასევე მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, დაეთანხმოს თავისი ექიმების რეკომენდაციებს და დაემორჩილოს მას. ცხადია, ეს არია ძალიან ემოციური და მგრძნობიარე სიტუაციაა. ამ შემთხვევაში პრიოტიტეტია, პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ, ჩვენი მტკიცე მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ მოხდეს მისი დაკმაყოფილება საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ იზრუნონ პატიმრების მდგომარეობასა და მათ დაცვაზე რაიმე სახის ზეწოლისგან თუ ძალადობისგან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყონ მისი მკურნალობა სრულად აღჭურვულ სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნინო ლომჯარიას მიმართ ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხებოდა. „სახალხო დამცველის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სხვა არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად ქვეყნის განვითარებაში. ისინი იცავენ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, კარგ მმართველობას. მათ აქვთ კარგი ზედამხედველობითიბ ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ. დღეს გვქონდა შეხვედრა სახალხო დამცველის ადგილობრივ წარმომადგენელთან და ჩვენ ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის მათ საქმიანობაზე. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ნებისმიერ ქვეყანაში და საქართველოში ის დაკომპლექტებულია პროფესიონალი და თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანებით. ვფიქრობ, კრიტიკის ნაცვლად ისინი ქებას იმსახურებენ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“.
ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები სპორტის უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდის ის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები, ასევე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მოიპოვებენ პირველ ადგილს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ. აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში პირველი მოსმენით განიხილეს. ამასთან, საკითხის მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონის მოთხოვნა ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ადგილი მოიპოვეს და ოქროს მედალოსნები გახდნენ. ასევე, სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მასში დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განხილვის პროცესს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დაესწრნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა კოლეგებს ინიციატივა შესთავაზა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ კანონპროექტიდან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდება. „მსჯელობის გაგრძელება შეგვიძლია. ამ ეტაპზე დავტოვოთ მხოლოდ ოლიმპიური და პარაოლიმპიური პრიზიორები, მათ შორის 2020 ტოკიოს ოლიმპიური პრიზიორებიც და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებზე მომავალში ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. კომიტეტის წევრებმა, კენჭისყრით, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.
კელი დეგნანი: პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყნის და ხალხის ინტერესები წინა პლანზე უნდა დააყენონ
აშშ-ის ელჩი აცხადებს,რომ ერთობლივი მუშაობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, ეს პოლიტიკურმა პარტიებმა წინა პლანზე უნდა დააყენონ და ითანამშრომლონ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამის შესახებ ელჩმა პოლარიზებულ გარემოზე შეკითხვის საპასუხოდ მედიას განუცხადა. „ყველას როლია, განიმუხტოს შექმნილი პოლარიზებული ვითარება, რათა ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი საქმიანობა და ამაში შეიტანოს წვლილი - იქნება ეს მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია. ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა გარკვეულ საკითხებზე, მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს სააარჩევნო რეფორმის განხორციელება, რომელმაც გარკვეულწილად ცოტათი მაინც გააუმჯობესა საარჩევნო გარემო. შესაბამისად, ერთობლივი მუშაობა ქვეყნის და ხალხის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია და ეს წინა პლანზე უნდა დააყენონ, ითანამშრომლონ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მარინა კალიურანდი: მინდა, მხარეებს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. შეწყვიტეთ პოლარიზაცია
ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებულ ვებინარზე გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ საქართველოში ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა, ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, მათ უნდა სჯეროდეთ, რომ ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის მხარეს არიან, რაც, ევროპარლამენტარის განმარტებით, ასევე ნიშნავს იმას, რომ ისინი ასევე იქნებიან ოპოზიციის ხმა, თუ ეს საჭირო გახდება. „მე მქონდა შანსი ვყოფილიყავი ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო მისიაში ევროპარლამენტიდან და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპარლამენტი არჩევნების ორივე ტურში იღებდა მონაწილეობას, ამან აჩვენა ძალიან ღრმა დაინტერესება, ასევე პასუხისმგებლობა და ჩართულობა ევროკავშირისა და ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ. დიახ, არჩევნები საქართველოში მთლიანობაში შეფასებულ იქნა როგორც კონკრეტული და კარგად ორგანიზებული, მაგრამ ისმის კითხვა: არის ეს საკმარისი საქართველოსთვის? არის ეს საკმარისი ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები? და უნდა იყოს თუ არა შემდეგი არჩევნები ჩატარებული უკეთესი ფორმით, ვიდრე ეს უბრალოდ კონკურენტული და კარგად ორგანიზებულია?! არჩევნები დასრულებულია და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია და უკანასკნელი წლის განმავლობაში არსებული პოლიტიკური არეულობა უნდა იყოს დაძლეული. ახლა დროა, რომ ქართველი პოლიტიკოსები დაუბრუნდნენ ნორმალურ სამუშაო რუტინას. საქართველოს სჭირდება მუშა პარლამენტი, საქართველოს სჭირდება პარლამენტი, სადაც პლენარული სესიები არ იქნება ბოიკოტირებული, სადაც სამუშაოს გარკვეული ნაწილი არ იქნება ბოიკოტირებული; სადაც ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი, იქნება ძლიერი და აქტიური. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ, ევროპარლამენტარები, თვალს ვადევნებთ დისკუსიებსა და მოვლენების განვითარებას საქართველოს პარლამენტში. თუ ოპოზიცია გრძნობს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი ხმა, ან ისინი არ არიან საკმარისად ძლიერები, გვენდეთ, ჩვენ აქ ვართ, საქართველოს დემოკრატიის მხარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ აქტიურად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება პარლამენტში და ჩვენ, ასევე, ვიქნებით ოპოზიციის ხმა თუ ეს საჭირო გახდება. მაგრამ მე მინდა, მოვუწოდო მხარეებს თანამშრომლობისკენ საქართველოს პარლამენტში და ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებისკენ. იმდენი საკითხია, რომელთა გადაწყვეტაც საქართველოს სჭირდება, დაწყებული კოვიდპანდემიიდან, ეკონომიკური გაჯანსაღება, დემოკრატიული რეფორმები. თქვენ უნდა დაიწყოთ ამ საკითხებზე მუშაობა და უბრალოდ უნდა შეწყვიტოთ პოლარიზაცია და ბრალდებები“, - განაცხადა კალიურანდმა.
მარინა კალიურანდი: ჩვენ არ შეგვიძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. გასაღები თბილისშია
ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია - დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. `ორი რამ, რაც თბილისში სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში სტუმრობის დროს, ადამიანებისგან მოვისმინე, არის ის, თუ როგორ უნდათ მათ, იყვნენ ევროპის ნაწილნი და დაუახლოვდნენ მას. ევროკავშირისკენ მისწრაფება ქართველ ხალხში ძალიან მტკიცეა. ეს უნდა იყოს მანტრა, პოლიტიკური სურვილი ქართველი პოლიტიკოსების. მეორე, რაც მოვისმინე, ეს იყო კოალიციის შექმნის სურვილი. მე არ მინდა, ჩავერიო საქართველოს შიდა საქმეებში, მე არ მაქვს ძალაუფლება, შესაძლებლობები, მაგრამ პოლიტიკოსებისგან მოვისმინე თანამშრომლობის და კოალიციის შექმნის საჭიროების შესახებ. მე ეს მოვისმინე ბევრი პოლიტიკოსისგან, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული სხვა პოლიტიკოსებით. რაც შეეხება ევროკავშირის ჩართულობას, მისი ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესში იყო მაქსიმალურად ღრმა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პერსონალური ჩართულობა, რადგან როგორც წესი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამას არ აკეთებს. მაგრამ ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. როდესაც არის კითხვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, მას შეუძლია შუამავლობა, ევროკავშირს შეუძლია საუკეთესო გაკვეთილების გაზიარება, ევროკავშირს შეუძლია დახმარება, მაგრამ მას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოშია, ამიტომ მინდა გავიმეორო, დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ. ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, დავიწყოთ ჟან მონეს დიალოგით, ჩვენ გვექნება ამაზე განხილვები მომავალ კვირებში. თუ ეს დიალოგი დაიწყება, ის თავს მოუყრის საკითხებს, ეს არის ფასილიტაცია, მედიაცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ევროკავშირი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს და ამას განვაგრძობთ, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ქართველი პოლიტიკოსების ხელშია. ასე რომ, დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ერთად გადაჭრან რეალური პრობლემები და აჩვენონ, რომ ისინი არიან ერთიანი ევროკავშირისკენ სწრაფვასა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. მე ასევე ველოდები ასოცირების კომიტეტის შეხვედრას ჩემს ქართველ კოლეგებთან, ვშიშობ, ეს წელს არ მოხდება, მაგრამ ეს იქნება შანსი, განვიხილოთ მთავარი საკითხები. და ჩემი საბოლოო კომენტარი - ევროპარლამენტის წევრები არიან თავისუფლები თქვან ის, რაც მათ სურთ და რაც მათ სწორად მიაჩნიათ და ყოველთვის არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას. ის რაც მოხდა ზაფხულში, უნიკალურია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა ერთიდაიგივე პოზიცია და მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს. შეერთებოდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მას მოუწოდა, რომ არ მოეხდინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პროვოცირება. დიახ, ჩვენ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ერთი რაღაც არის რაც გვაერთიანებს, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი ერის ინტერესი“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა.
პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კონკრეტული გეგმისა და დეტალების შესახებ განცხადებას აქციაზე პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია გააკეთებს. "გუშინ ნიკა მელიამ დააანონსა ეს აქცია და ასევე ნიკა მელია გააკეთებს განცხადებას კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით. აქციები იქნება უწყვეტი, მათ შორის არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და პლუს ამას დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე. უფრო კონკრეტულად ამის შესახებ განაცხადებას გააკეთებს ნიკა მელია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე თბილისში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
"ლელო" გენერალურ პროკურორს მიმართავს
პარტია „ლელო" მიმართავს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე, რომლიც მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობა“ „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარს განიხილავს. „ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან" დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებულნი არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა. ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს“, - ნათქვამია მიმართვაში.
ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა რუსეთის ციხეში შიმშილობა დაიწყო
.ამერიკის ყოფილმა საზღვაო ქვეითმა, ტრევორ რიდმა, რომელიც რუსეთში ცხრაწლიან პატიმრობას იხდის, შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი უცხოურ მედიასთან ავრცელებს. როგორც პატიმრის ადვოკატი აცხადებს, რუსულ ციხეში მისი უფლებები რამდენჯერმე დაირღვა. ამასთან, როგორც ოჯახი ამბობს, რიდის დაკავება თავიდანვე კანონის საწინააღმდეგოდ მოხდა. ცნობისთვის, ამერიკის მოქალაქე ტრევორ რიდი 2019 წელს ნასვამ მდგომარეობაში რუსეთის დედაქალაქში პოლიციელებზე თავდასხმისთვის გაასამართლეს.
პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია "თავისუფლება მიშას" დასრულდა. აქციის ლიდერების განცხადებით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე თბილისში, საპროტესტო აქციები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ "ბრძოლა იქნება დამღლელი". მისივე განცხადებით, ხვალ დილიდან, 11:00 საათზე, სამ ადგილას ერთდროულად გაიმართება აქცია: იუსტიციის სამინისტროსთან, ე.წ.მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. „ღამისთევა და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო. დილიდან ჩვენ უნდა გამოვაცალოთ ენერგია რეჟიმს და არა ღამისთევით რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდი არის ბრძოლის გაშლა სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის“, - განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, ოპოზიციამ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დღესაც გამართა. მათ მოთხოვნებშია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში, მისი გათავისუფლება და ახალი არჩევნები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლი: მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის გიორგი მიქელაძის განცხადებით, დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ვერ მოხდა, ვინაიდან, კოვიდრეგულაციების გამო, სააკაშვილსა და ადვოკატებს, გამომძიებლებს შორის ბარიერი იყო. როგორც გამომძიებელი აცხადებს, ახლა უკვე კონსულტაცია მიმდინარეობს პენიტენციურ დაწესებულებასთან და ადვოკატებთან, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს სააკაშვილის გამოკითხვა. „მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, გამოკითხვა წარმოებს ბარიერს მიღმა სპეციალური ტელეფონის მეშვეობით, როგორც ეს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განგვიცხადეს და რა ფაქტობრივი მოცემულობაც ჩვენ ადგილზე დაგვხვდა როგორც აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი ადვოკატებისთვის მიუღებელია ამ ფორმით გამოკითხვის ჩატარება. ჩვენ ვმუშაობთ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე, რის შესახებაც დამატებით გეცნობებათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. გამოძიება მზად იყო ამ ფორმითაც ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა, რა თქმა უნდა, პირადად შეხვედრა და გამოკითხვა მეტად კომფორტულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ ფორმითაც მზად იყო გამოძიება ჩაეტარებინა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა“, - განაცხადა მიქელაძემ.
Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა
"საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალადობრივად გადაყვანეს ციხის საავადმყოფოში. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International-ი ტვიტერზე ავრცელებს. "ექსპრეზიდენტი სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაყვანილ იქნა ციხის საავადმყოფოში; არის ცნობები, რომ მას დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი სივრცე და ადეკვატური სამედიცინო დახმარების [მიღების უფლება]. ესაა არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის მოქალაქე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას. „უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე კოლეგა უწყებების მხრიდან, რაც პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება. შესაბამისად, ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული აღარ წარმოშობს დამატებით შეკითხვებს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით”, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო - უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.
აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა. ყოველდღიურ ბრიფინგზე ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. „ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან და მას შემდეგაც განვითარებულ პროცესს ახლოდან ვაკვირდებით, მათ შორის ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის წუხილებს სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ. ამ განცხადების ფონზე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილდეს. ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, მთავრობის პასუხისმგებლობაა, პატიმრები დაიცვან ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ზეწოლისგან, აღმოუჩინონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კერძო ინფორმაციის დაცვა, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად", - განაცხადა ნედ პრაისმა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა. ექსპრეზიდენტი გლდანში, N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა
პრეზიდენტი: რეგიონში არცერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, ან ფორმატი არ უნდა არსებობდეს, სადაც არ იქნება ჩართული ევროკავშირი
საქართველოს და კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, დღეს პრესისათვის პრესკონფერენცია გამართეს და მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ფორმატში საქართველოსათვის კვიპროსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია „ჩვენ ორ ქვეყანას აქვს საერთო ისტორია, რელიგია და ძალიან ბევრი გამოწვევა. პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე სურათია, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს და შეიძლება ერთი მეორესთან ვპოულობთ რაღაც ახალ ძალას. მე მინდა, პირველ რიგში, გითხრათ, თუ რამდენად ვაფასებ პირადად მე, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს საპატრიარქო იმას, რომ კვიპროსმა გადმოგვცა მიწა იმისთვის, რათა იმ ადგილას, სადაც მე-10 საუკუნეში ქართული მონასტერი, სასულიერო კერა არსებობდა, ახალი მონასტერი აშენდეს. ეს ძალიან სიმბოლური ნაბიჯია, რამეთუ ჩვენ უფრო მიჩვეული ვართ იმას, რომ გვართმევენ ტერიტორიებს, ვიდრე იმას, რომ გვჩუქნიან ტერიტორიებს და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გითხრათ და ვისურვო, რომ ეს იყოს სწორედ ახალი ეპოქის სიმბოლო და ჩვენ მომავალ წლებში ვნახოთ ბევრად მეტი დაბრუნებული ტერიტორიები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, საქართველო აფასებს კვიპროსის მუდმივ მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზის მიმართ. „ეს ალბათ ისაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ განსაცდელში ვიცოდეთ ის ქვეყნები, რომლებიც ამ გზაზე მხარს გვიჭერენ და გვიმყარებენ. საქართველო, თავის მხრივ, მხარს უჭერს კვიპროსის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლით და ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მთავარი რეზოლუციებით. ეს არის ჩვენი მსოფლიოს საერთო სამართალი, რომელსაც ყველა უნდა ვექვემდებარებოდეთ. მომავალ წელს საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება და ალბათ, ეს კარგი მომენტია, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ - ახალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და დავიწყოთ ახალი ფურცლით ეს ურთიერთობები, რომლებიც შეგვიძლია ბევრი მიმართულებით გავაძლიეროთ. ჩვენი შეხვედრისას განვიხილეთ ის, რაც საქართველოსთვის ყველაზე მძიმე ხვედრია - ეს არის ოკუპაცია - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% და მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რასაც ხაზი გავუსვი თქვენთან პირადად და გაფართოებული შეხვედრისას - პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა და დაამძიმა ის ჰუმანიტარული სურათი, რაც ისედაც ტრაგიკულია ჩვენს შემთხვევაში. ამასთან ერთად, გრძელდება ის, რაც ყველაზე მძიმეა ჩვენთვის - ის რუსული პოლიტიკა, გრძელდება გატაცებები, გრძელდება ბორდერიზაცია, გრძელდება მილიტარიზაცია და გრძელდება ქართული ენის, კულტურისა და ქართული ძეგლების წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლა. ეს არის ის საკითხი, რომელიც ჩვენთვის, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი ღონისძიებების ცენტრშია. ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს პარტნიორებზე, მათ ურთიერთობებზე, ევროკავშირის, ამერიკის, (მაგრამ არამხოლოდ) ყველა ჩვენს მეგობარ პარტნიორზე, იმისთვის, რომ საქართველოს ეს უმძიმესი პრობლემა უწყვეტად წარადგინონ საერთაშორისო ფორმატებში - ეს არის ჟენევის ფორმატი, მაგრამ არამხოლოდ, ეს შეიძლება იყოს ორმხრივი ფორმატები და ჩვენ ჩვენი მეგობრების ძალიან მადლიერი ვართ, როცა ისინი, თუნდაც ორმხრივ ფორმატში წარადგენენ ჩვენს ტკივილს და ჩვენს მოთხოვნებს. მე მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენთვის ევროკავშირის ფორმატში კვიპროსის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ კვიპროსი ეს არის პატარა ქვეყანა და არ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლების ევროკავშირის ბედს და ამინდს წყვეტენ, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან სიმბოლურიცაა, რადგან კვიპროსმა ის გზა გაიარა, რომელზეც ჩვენ დღეს ვდგავართ, 2004 წელს მიაღწია შედეგს და მან იცის, როგორ უნდა გაიაროს ეს გზა, რამდენადაა ეს დამოკიდებული შიგნით, არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერაზე და ჩვენ ვიცით, რამდენად თანმიმდევრულად ვღებულობთ კვიპროსისგან ამ მხარდაჭერას. ეს დღეს, ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რამეთუ ჩვენ ველოდებით ევროკავშირის უმაღლესი საბჭოს ჩატარებას, შემდეგ, დეკემბერში, ჩვენი პარტნიორობის სამიტს და იქ უნდა გადაწყდეს ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობების შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი, რამეთუ ჩვენ ველოდებით არამხოლოდ პოლიტიკურ გზავნილებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ იქნება, არამედ ჩვენ ველოდებით სამოქმედო გზას, რომ დავინახოთ საით მივდივართ, ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს - ეს იქნება სექტორული ინტეგრაციას, თუ ინფრასტრუქტურული კუთხით, სადაც უკვე ნათელია, რომ შემდეგი დიდი პროექტები დამოკიდებული იქნება ევროკავშირის ჩართულობაზე და ჩვენთვის, კავკასიის რეგიონში, (რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეზობლო რეგიონი ხდება ევროკავშირისთვის), ჩვენთვის ერთი პრინციპია გარდაუვალი, რომ არცერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, ან ფორმატი, არ უნდა არსებობდეს ამ რეგიონში, რომელშიც არ იქნება ჩართული ევროკავშირი. ჩვენთვის მისი ჩართულობა ის აუცილებელი პირობაა ამ რეგიონში, რომელიც ღია უნდა იყოს ყველასათვის და ყველას თანამშრომლობა ხორციელდებოდეს, მაგრამ ჩვენთვის ევროკავშირი მათ შორისაა, რომელიც აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ახალ, დიდ პროექტებში და ახალ ფორმატებში. ამდენად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იქნება ის სასინჯი ქვა, სადაც ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, დავინახავთ რა იქნება ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების შემდეგი ეტაპები იმ მიმდინარე გზაზე, რომელიც 2024 წლამდე მიგვიყვანს, როცა ჩვენ კანდიდატურის განაცხადს განვახორციელებთ. ამ დროს ძალიან მნიშვენელოვანია გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობების საყრდენი. პოლიტიკური ურთიერთობები აყვანილია ახალ დონეზე, ჩვენ ვართ ამის მაჩვენებლები, მაგრამ ასევე, უნდა ახალ დონეზე უნდა იყოს აყვანილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. ჩვენ გავიარეთ რაღაც გეგმები: მაგალითად, მომავალ წელს, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელს აღვნიშნავთ, ჩვენ ვისარგებლოთ ამით და ორივე მხრივ გავმართოთ კულტურული დღეები, თუმცა, ბევრად მეტიც შეგვიძლია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ის, რაც ხმელთაშუა ზღვაში ახალი აღმოჩენილია, ეს იქნება გაზის კუთხით და სატრანსპორტო ახალი გზები, რომელიც იჭრება, ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერ ამ ახალ წამოწყებებში ვიყოთ ინფორმირებული, ყოველ შემთხვევაში და სადაც შესაძლებელია დაკავშირებული. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საზღვაო კუთხით დიდია კვიპროსის გამოცდილება, რაც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს და ჩვენ გვინდა, რომ ამ კუთხითაც ვისარგებლოთ თქვენი დიდი ხნის გამოცდილებით. ტურიზმი ის დარგია, რაზეც ჩვენი ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული და რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და კონკურენციის მიუხედავად, აქაც შეგვიძლია მოვნახოთ ის გზები, რითაც ორივე ქვეყანაში ტურისტულ ნაკადს გავაძლიერებთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კვიპროსის პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ვისაუბრეთ
კვიპროსისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილს ნიკოს ანასტასიადისმა უმასპინძლა. მისი განცხადებით, კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. „ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, რაც საშუალებას მაძლევს დაგიბრუნოთ ის გულითადი მასპინძლობა თქვენც და თქვენს დელეგაციასაც, როგორიც მე გამიწიეთ 2019 წლის აპრილში. ეს ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ვიზიტად, რადგან ეს იყო კვიპროსის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს ჩვენს საერთო მცდელობაში გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები. ასევე, ისტორიულია თქვენი ვიზიტი, რამეთუ ის წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს კვიპროსზე. კვიპროს-საქართველოს ძალიან დიდხნიანი და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, როგორც ისტორიულ, ასევე რელიგიურ და კულტურულ სფეროებში. დამახასიათებელია, რომ ქართული საზოგადოება ერთ-ერთი უძველესი მართმადიდებლური საზოგადოებაა ჩვენს კუნძულზე, რასაც მოწმობს მე-10 საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც ქართული კულტურის ძლიერ ცენტრს წარმოადგენს. ჩვენ ძალიან დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ ქართული საზოგადოების მოღვაწეობას კუნძულზე, რომელიც დაახლოებით, 2000 ადამიანს წარმოადგენს, სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოს საპატრიარქოს საჩუქრად გადაეცა ამ მონასტრის გარშემო მიწის ის ნაკვეთი, რათა აქ აღიმართოს სამონასტრო კომპლექსი, რომ ქართველებმა რელიგიური მსახურება შეძლონ. ქალბატონ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ გავცვალეთ ჩვენი შეხედულებები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, იმ ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების შესახებ, რომელთა თაობაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ეს არის შეთანხმებები საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ცირკულარული მიგრაცია, ასევე, აკადემიური ხარისხების გაცვლა და ცნობა და ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ასევე, უმნიშვნელოვანესია სწორედ ის ბიზნეს შეთანხმებები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა საუბარი - ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, ბიზნეს და საინვესტიციო შეთანხმებებზე. დღეს ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, რაც საერთო ინტერესებს წარმოადგენს. ქალბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე კვიპროსის რესპუბლიკის მხარდაჭერა, რომელიც თბილისისა და ბრუსელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობას შეეხება“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.