ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი: სახალხო დამცველი არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ ვენდეთ ნინო ლომჯარიას
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ არის მიუკერძოებელი და პოლიტიკისგან თავისუფალი. ვიცე-პრემიერმა ამით ნინო ლომჯარიასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება შეაფასა. „თუ მან მართლაც ასე თქვა, მხოლოდ შემიძლია, დავეთანხმო და ჩემს თავს უფლება მივცე, არ წავიდე უფრო შორს, არ გავამხილო, თუ ვინ სთხოვა „ქართულ ოცნებას“, ქალბატონი ნინო ყოფილიყო იქ, სადაც ბრძანდება. რა თქმა უნდა, ის პოლიტიზებულია. მე ვარ ადამიანი, ვინც მას ბევრჯერ ვაკრიტიკებდი. სამწუხაროდ, ჩვენს სახალხო დამცველს აქვს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც უნდა ჰქონდეს, ანუ ნეიტრალიტეტი, მიუკერძოებლობა და თავისუფლება პოლიტიკისგან. ის არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. გასაგებია, კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ მას ვენდეთ, მე მაშინ პარლამენტში არ გახლდით, მაგრამ ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო. მან პრინციპში ის ნდობა, რომელიც გულისხმობდა დეპოლიტიზებულად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად საქმიანობის განხორციელებას, ხანდახან შეძლო და ხანდახან ვერ შეძლო. ეს რა თქმა უნდა, სამწუხაროა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. ამავე თემაზე: კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს
დიმიტრი საძაგლიშვილი ვიდეოკადრებზე: ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა
"ამ კადრების გავრცელებით, ხელისუფლების მიზანი იყო სააკაშვილის ღირსების შელახვა", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა #18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მიხეილ სააკაშვილმა მიმართოს შიმშილობაზე უფრო რთულ პროტესტის ფორმას. „ის არის ძალიან კმაყოფილი იმ გადაწყვეტილებით, რაც ადამიანთა უფლებების ევროპულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. რაც შეეხება სასამართლოს მოწოდებას, რეალურად ამ გადაწყვეტილების სულისკვეთება იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნას დაცული, ამისთვის სახელმწიფოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება და სააკაშვილის მიმართ იყო მოწოდება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სახელმწიფო გვიმტკიცებს, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის მათი მიზანიც, თუმცა, დღეს ვნახეთ რა გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ", - განაცხადა ადვოკატმა.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოში რომ გაუარესებულიყო, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას?
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანის გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. რატი ბრეგაძემ არგადაყვანის ერთ-ერთ მიზეზად უსაფრთხოების ფაქტორი დაასახელა. იუსტიციის მინისტრის თქმით, საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ ცდილობდა სასამართლო პროცესისათვის ხელის შეშლას სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი. როგორც მინისტრმა განაცხადა, მსჯავრდებულ სააკაშვილის დასწრებას პროცესზე შესაძლოა, კიდევ უფრო დაეძაბა ვითარება: „ბუნებრივია, ჩვენ მსგავსი ტიპის ქმედებებს ხელს ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევუწყობთ“. „დიახ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პატიმარი სააკაშვილი უარს ამბობს მკურნალობის არსებითი ნაწილის გაგრძელებაზე და შესაძლებელი იყო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, და ეს რომ სასამართლოში მომხდარიყო, ვინ აიღებდა ამაზე პასუხიმგებლობას?“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები: პოლიციამ 10 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების უფლებები დაარღვია
10 ნოემბერს, თბილისში გამართული აქციების მონაწილეების დაკავების დროს, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენებული მასობრივი დაკავების პრაქტიკა არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს. ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ. მათი შეფასებით, პრობლემურია დაკავებული პირების ხანგრძლივი ვადით დაყოვნება პოლიციის ავტომობილებში, მათი დაკავების იზოლატორებში დაგვიანებით გადაყვანა და ამ პროცესში დაკავებულების ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა. „როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის წინ იმართებოდა საპროტესტო აქციები. შეკრებების პროცესში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, საერთო ჯამში, 46 მოქალაქე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით. უპირველეს ყოვლისა, შეკრებებისა და მანიფესტაციების მართვის პროცესში კრიტიკული მნიშვნელობა აქვს საპოლიციო ძალის პროპორციულ და თანაზომიერ გამოყენებას. ისეთ შემთხვევაშიც კი, თუკი აქციის ცალკეული მონაწილეები გაცდებიან მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, პოლიციამ ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ იძულების ღონისძიებები მიემართებოდეს კონკრეტულ სამართალდამრღვევებს და გამოყენებულმა ძალამ მთლიანად შეკრების ჩატარების შესაძლებლობაზე არ იქონიოს არსებითი გავლენა. ამავდროულად, ამ პროცესში ცალსახად პრეზუმფცია უნდა მოქმედებდეს შეკრებისა და გამოხატვის უფლებების სასარგებლოდ. როგორც მოვლენების თვითმხილველების განმარტებებიდან და მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრისგან მოშორებით, რა დროსაც არ იკვეთებოდა კონკრეტული პირების მიერ კანონდარღვევის რაიმე ნიშნები. აგრეთვე, დაკავების პროცესში პოლიცია არ იძლეოდა განმარტებებს გამოყენებული საპოლიციო ძალის საფუძვლების თაობაზე. საყურადღებოა ისიც, რომ დაკავებული მოქალაქეების ადვოკატებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ ეძლეოდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ პოლიციის განყოფილებებში დაკავებულების მოსანახულებლად და მათთვის სამართლებრივი კონსულტაციების გასაწევად. ხოლო დაკავებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლება ზოგიერთ შემთხვევაში 10 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ამ პროცესში მათ უწევდათ პოლიციის ავტომობილებში ან განყოფილებების ეზოში ლოდინი. 10 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებში იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები. ამავდროულად, განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის დაკავების შემდგომ მოქალაქეების ადვოკატზე წვდომის შეზღუდვა, რადგან სამართლებრივ კონსულტაციას/დახმარებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორედ დაკავების საწყის პერიოდში აქვს, რადგან არსებობს პოლიციის მხრიდან იძულების გზით ადმინისტრაციული წესით დაკავებულისგან ინფორმაციის მიღების რისკები. კრიტიკულად უნდა შეფასდეს ისიც, რომ დაკავებულებს არ ეძლეოდათ საკუთარი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრების ინფორმირების შესაძლებლობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგანგაშოა ისიც, რომ შსს ბოროტად იყენებს კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია 24 საათიანი დაკავების ვადა ერთჯერადად გაახანგრძლივოს 24 საათით და შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი პატიმრობაში ჯამში 48 საათით ამყოფოს. 10 ნოემბერს დაკავებულთა 24 საათიანი პატიმრობის ვადა უკვე გასულია, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არც ერთი მათგანის პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა და ისინი კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან, რისი უფლებაც შსს-ს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ, თუკი წერილობით დაასაბუთებს მტკიცებულებების მოპოვების მიზნით თითოეული მათგანის შემთხვევაში პატიმრობის ვადის გახანგრძლივების საჭიროებას. შექმნილ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მაღალია საზოგადოებრივი გახლეჩვის და დაპირისპირების საფრთხეები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიციის მოქმედებები იყოს თანაზომიერი, კანონის შესაბამისი და არ მიემართებოდეს ვითარების კიდევ უფრო დამძიმებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმოწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით სარგებლობა, ხოლო პოლიციამ უარი თქვას იძულების ღონისძიებების არაპროპოპორციულ გამოყენებაზე; უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულთა გონივრულ ვადაში შესახლება დროებითი მოთავსების იზოლატორში; უზრუნველყოფილი იყოს დაკავებულების ადვოკატების და ოჯახის წევრების ინფორმირება მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ; დაკავებულებს მიეცეთ ადვოკატზე დროულად წვდომისა და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობა. არ გამოიყენოს პატიმრობის გახანგრძლივებული, 48 საათიანი ვადა შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროების გარეშე“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, განცხადებას ხელს აწერს ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „უფლებები საქართველო“ (RG) და „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF).ნნნ
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც დღეს მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პარიზის მშვიდობის ფორუმის ოფიციალურ ცერემონიას გახსნის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 53 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანნესსონი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი. საქართველოს პრეზიდენტი დღესვე სიტყვით გამოვა პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე ,,საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ (Preserving International Cooperation in the Age of Unpeace). პანელის მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთვება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან და ევროპული საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან მარკ ლეონარდისთან ერთად და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ასევე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის სახელით პარიზის მშვიდობის ფორუმში მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას.
იუსტიციის მინისტრი: სწორედ ჩვენ ვიყავით ის ხალხი, ვინც პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროა კადრები, სადაც „ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი“ მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოხდა უშუალოდ №18 დაწესებულების კართან და იქ მას ვერავინ დაინახავდა. შესაბამისად, ის პატიმართა კორპუსთან არავის გაუტარებია. რატი ბრეგაძემ ასევე, აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გაუწია მათ წინააღმდეგობა: „ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მათ საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აგებული მთელი კამპანია. ეს, რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. აქვე ვიტყვი ერთსაც - თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. მინისტრის თქმით, შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა 179 ვიზიტორი, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება ექიმების მხრიდან. შემოსახლებიდან ზუსტად ორ დღეში არასამუშაო საათებში დაუმზადდა საბანკო ბარათი. „მას აქვს ტელევიზორი, და როდესაც ამოეწურა თანხა და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
საგარეო: დავით ზალკანიანმა, რუსეთში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას, საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი მწვავედ გააპროტესტა
საქართვლოლოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რუსეთის ფედერაციაში ქრისტინა მარტი ლანგთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობის საკითხები. დავით ზალკალიანმა გამოხატა მადლიერება შვეიცარიის მხარის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისათვის. დეტალურად იყო განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა, ასევე რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები აღნიშნულ რეგიონებში. მან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი გალისა და ახალგორის რაიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან დასვა ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. მან ყურადღება გაამახვილა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის შეწყვეტის, საოკუპაციო ხაზზე გადასასვლელების გახსნისა და ტავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა შვეიცარიის კონფედერაციას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული და დინამიური ურთიერთობები. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ აგრეთვე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში საშუამავლო ფუნქციების შესრულებისათვის. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის ელჩთან შეხვედრისას მწვავედ დასვა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხზე ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას საქართველოს სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტი. დავით ზალკალიანმა შვეიცარელ მედიატორებთან მწვავედ გააპროტესტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებულ პროვოკაციულ ნაბიჯზე, როგორც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის ნათელ გამოხატულებაზე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული. მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და თავადვე ემიჯნება ღირებულებებსა და წესებზე დაფუძნებულ ცივილიზებულ სამყაროს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარელ დიპლომატებს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ისინი იჩენენ ქ.მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციისათვის კონკრეტული საკითხების, მათ შორის საკონსულო სამსახურის გამართული ფუნქციონირების საკითხში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 2009 წლიდან, შვეიცარია წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში, სადაც ფუნქციონირებს შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.
ნინო ლომჯარია ვიდეოკადრებზე: ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება
"სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით კადრების გავრცელებით, ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადა. ომბუდსმენი მოითხოვს, იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა. „იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია. ხაზგასასმელია, რომ ვიდეოჩანაწერები სრულად და უწყვეტად არ ასახავს რელევანტურ ეპიზოდს, ხოლო კომპილაციაში მოხვედრილ რამდენიმე ეპიზოდში პატიმარი ნახევრად შიშველ, დამამცირებელ მდგომარეობაშია აღბეჭდილი. გარდა ამისა, ვიდეოჩანაწერების ანალიზით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა მოტყუებით და მისი ნების საწინააღმდეგოდ, რასაც სახალხო დამცველი 2021 წლის 8 ნოემბერსვე აცხადებდა. იუსტიციის მინისტრის ცნობით, ვიდეოჩანაწერების ნაკრების გავრცელება მიზნად ისახავდა ადვოკატის განცხადებების უარყოფას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს. სახელმწიფო ინსპექტორის ცნობით (https://bit.ly/3c3j7og), გამოძიების მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები პენიტენციურ სამსახურს ამ დრომდე არ მიუწოდებია. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყდა აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროება და არა მისი სრული სახით მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აბსტრაქტულ ლეგიტიმურ მიზანზე მითითებით და სრულიად არაპროპორციული და შეურაცხმყოფელი ფორმით პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებით ირღვევა მისი პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ადვოკატის პოზიციის გასაბათილებლად, გამოძიებისთვის აღნიშნული ვიდეომასალების სრულად მიწოდებასთან ერთად, შესაძლებელია შერჩეულიყო უფლების ნაკლებად მზღუდავი სხვა საშუალება. სახალხო დამცველი მოითხოვს- იუსტიციის მინისტრმა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატივი სცენ პატიმართა უფლებებს და შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემთა, პატივისა და ღირსების დარღვევა“,-აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა გარკვეულ პირობას აყენებს. როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა, სააკაშვილი ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, მაგრამ აყენებს დათქმას, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუკი შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესისთვის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. „მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა, რომლის გარეშეც შიმშილობა არ შეწყდება", - განაცხადა სააკაშვილმა. რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. მიხეილ სააკაშვილის მოწოდება საზოგადოებას ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. "აქვე, მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, - აღნიშნავს გვარამია. რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
მამუკა მდინარაძე: ტყუილს დაესვა წერტილი. როგორ უნდა მოექცე პატიმარს, თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?
რატომ გაავრცელა იუსტიციის სამინსიტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრები და მოსწონს თუ არა, როგორ ექცევიან პატიმარს. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს დღეს ეს შეკითხვა დაუსვეს. დეპუტატი პასუხობს, რომ „ტყუილს დაესვა წერტილი“ იმ ვერსიაზე, რაზეც ოპოზიცია საუბრობდა სააკაშვილისადმი არაადამიანურ მოპყრობასთან მიმართებით. მამუკა მდინარაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, რიტორიკულ კითხვას სვამს: როგორ უნდა მოექცე პატიმარს, თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?! „როგორ ექცევა სისტემა პატიმარს და, როგორც ვერ წარმოედგინა იმ კონკრეტულ პატიმარს. აბა როგორ უნდა მოექცე პატიმარს? თუ არ მიჰყვება, როგორ უნდა შეიყვანო?“, - უპასუხა მდინარაძემ „ტვპირველს“. ცნობისთვის, გლდანის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა კადრები, სადაც „ნათლად ჩანს, რომ რეანიმობილი გაჩერებულია უშუალოდ №18 დაწესებულებასთან და არა 30 მეტრის მოშორებით, როგორც ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი“ მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანა მოხდა უშუალოდ №18 დაწესებულების კართან და იქ მას ვერავინ დაინახავდა. შესაბამისად, ის პატიმართა კორპუსთან არავის გაუტარებია. რატი ბრეგაძემ ასევე, აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი არ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას და გაუწია მათ წინააღმდეგობა: „ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანიმობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი სააკაშვილი №18 დაწესებულებაში და ნათლად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს არის გაჩერებული პირდაპირ დაწესებულების კარებთან, სადაც მათ საერთოდ ვერავინ დაინახავდა. მსგავსი ტიპის წვრილმან სიცრუეზე არის აგებული მთელი კამპანია. ეს, რაც შეეხება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც თითქოსდა ჩვენ ვახორციელებთ ამ პატიმრის მიმართ. სწორედ ჩვენ ვიყავით, ხაზგასმით ვამბობ, ის ხალხი, რომელიც ზრუნავდა პატიმრის ჯანმრთელობაზე, ზრუნავს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც იზრუნებს. ჩვენი ინტერესი არის ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა. აქვე ვიტყვი ერთსაც - თავად პატიმარი არ დაემორჩილა ჩვენი თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას, როდესაც ის უნდა გადასულიყო რეანიმობილიდან და შესახლებულიყო ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრის თქმით, შემოსახლებიდან დღემდე ბატონ მიხეილ სააკაშვილის ჰყავდა 179 ვიზიტორი, ის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეს იმყოფება ექიმების მხრიდან. შემოსახლებიდან ზუსტად ორ დღეში არასამუშაო საათებში დაუმზადდა საბანკო ბარათი. „მას აქვს ტელევიზორი, და როდესაც ამოეწურა თანხა და უნდოდა მაცივარი, ადმინისტრაციამ, კეთილი ნების საფუძველზე, მისი ეს თხოვნაც შეასრულა“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტაზე სააკაშვილის მოწოდებას უპასუხა
ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას არ შეწყვეტს. მისი თქმით, დღეს არსებული ვითარების განსამუხტავად, გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია. „მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მიხეილს, ჩემს მიმართ მომართული სიტყვებისთვის. მესმის და ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი, რომ ნებისმიერი ადამიანის შიმშილი, ეს არის მძიმე სანახავი, არასასიამოვნო პროცესი. ამასთან, მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით, გადაწყვეტილება მივიღე კონკრეტული მოთხოვნით, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქართული საზოგადოება გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. აწყობს პირდაპირ ღია პროვოკაციებს და ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ არ წამოვეგოთ ამას, რადგან ეს არის ის, რასაც ვებრძვით. არანაირ ძალადობრივ დაპირისპირებაში არ უნდა გავყვეთ „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, ესეც ჩემი აზრით, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, რომ ის ემორჩილება სტრასბურგის გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს შანსი გამოიყენა, გადადგა ნაბიჯი და მან ჩამოაყალიბა ძალიან მკაფიო პოზიცია, ის წყვეტს შიმშილობას ძალიან ლეგიტიმური და კონკრეტული მოთხოვნების დათქმით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. თავად სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვიტოს. ამავე თემაზე: საქართველოს მესამე პრეზიდენტი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ კადრებზე მიუთითებს, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ გავრცელდა მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. „ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა. ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით. იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ძლიერი დემოკრატია ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევი მტრებს
Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში განვითარებული პროცესები შეაფასა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. _როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ექსპრეზიდენტი ერთ თვეზე მეტია, შიმშილობს. მრავალფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანის მოწოდებების მიუხედავად, ის ჯერ არ გადაუყვანიათ სამოქალაქო კლინიკაში. ამ მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობს ოპოზიციონერი ლიდერიც. რა შეფასებას აძლევთ თქვენ როგორც ევროპარლამენტარი ამ პროცესს? ვფიქრობ, ყველა საზოგადოებაში, პირველ რიგში, ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიენიჭოს პრიროტეტი და სწორედ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. მესმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას მტკიცე პოზიცია აქვს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, ამ საქმის სენსიტიურობის გათვალისწინებით, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს როგორც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ისე ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას უსაფრთხოება ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გზით. ძლიერი დემოკრატია ასევე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ექცევი მტრებს. _რა რესურსები არსებობს ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისული ვითარების გადაჭრისთვის? ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ სააკაშვილი საჭირო სამედიცინო მომსახურებით, თუმცა მსგავს საქმეებში ევროკავშირის მხრიდან შემდგომი ჩართვის პრეცედენტი არ არსებობს. _ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 10 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც სააკაშვილი მზად არის, შეწყვიტოს შიმშილობა, თუ შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში სწორედ ამ გარემოებაზეა მითითება. როგორ ფიქრობთ, რა როლს შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ამ პროცესში. ასევე წაიკითხეთ: რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილების გამო და კიდევ უფრო მიხარია, რომ ბატონი სააკაშვილი მზადაა, ასეთ პირობებში შიმშილობა შეწყვიტოს. ველოდები „ქართული ოცნების“ რეაქციას ამასთან დაკავშირებით და ასევე გადაწყვეტილებას, გადაიყვანენ თუ არა მას საავადმყოფოში.
ლუკაშენკო ევროკავშირს ემუქრება
ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ამის შესახებ France24 ლუკაშენკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ევროპას ვათბობთ და კიდევ გვემუქრებიან. ბუნებრივი აირი რომ გადავუკეტოთ? ამიტომაც პოლონეთს, ლიეტუვასა და სხვა უგუნურებს ვურჩევდი, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე რაიმეს იტყვიან“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ. 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამავე თემაზე: ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა
უკრაინა ბელარუსთან საზღვრის დასაცავად დამატებით ძალებს განათავსებს
უკრაინა ბელარუსთან საზღვრის დასაცავად დამატებით ძალებს განათავსებს. ამის შესახებ Reuters-ი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. კერძოდ, ადგილზე იქნება მობილიზებული დამატებით 8 500 სამხედრო და პოლიციელი, 15 ვერტმფრენი. „მიგრანტებთან დაკავშირებული პოტენციური კრიზისის დასაძლევად, ჩვენ შსს-ს ყველა სტრუქტურას ჩავრთავთ“, - განაცახადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ. ამავე თემაზე: ბელარუსის საზღვართან მიგრანტების მსვლელობის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა
ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა
აშშ უკრაინის მახლობლად რუსეთის აქტივობებით შეშფოთებულია. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა, უკრაინასთან მიმართებით კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა არ დაუშვას. „რუსეთის განზრახვებზე მკაფიო ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ვიცით მისი თამაშის წესები. შემაშფოთებელია, რომ რუსეთმა შეიძლება, სერიოზული შეცდომა დაუშვას და შეეცადოს, გაიმეოროს ის, რაც 2014 წელს გააკეთა, როდესაც საზღვრის გასწვრივ ძალები განათავსა და უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეიჭრა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ აშშ ერთგულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის. უფრო ადრე, პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალების გადაადგილება მოცულობით უჩვეულოა და პენტაგონი ამ შემაშფოთებელ გადაადგილებას აკვირდება. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს, შეერთებულ შტატებთან მუშაობას თავისი თავდაცვის გასაძლიერებლად და „არ აპირებს ვინმეზე თავდასხმას“. ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ქარტია გააფორმეს
იუსტიციის მინისტრს სურს, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შიმშილობა ყოველგვარი დათქმების გარეშე შეწყვიტოს
იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უპასუხა. რატი ბრეგაძის თქმით, მოხარული იქნება, თუკი მსჯავრდებული სააკაშვილი, ევროპული სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ - ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატი ბრეგაძის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში მსჯავრდებული სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს. „ევროპულმა სასამართლომ მოუწოდა ბატონ სააკაშვილს, შეეწყვიტა შიმშილობა. ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ის დათანხმდება... ოღონდ – ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია, ვინმეს, ამიხსნას?“ „თუკი ადამიანი ასრულებს შიმშილობას, ეს ძალიან კარგია... ჩვენი სულისკვეთება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან არის აბსოლუტურად ერთიანი. ჩვენც, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება სტაბილური და ის დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს. იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი, ის გადაყვანილი იქნება უკან – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, სადაც აქამდე იხდიდა სასჯელს“, - განაცხადა მინისტრმა. რას გულისხმობს სტრასგბურგის სასამართლოს გადაწვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშილთან დაკავშირებით
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა მოგებით დაასრულა. შვედეთის ნაკრებთან მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. შვედეთთან მატჩში გუნდს ზურაბ ხიზანიშვილმა უხელმძღვანელა - მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს, ორი ყვითელი ბარათის გამო, დისკვალიფიკაცია ჰქონდა.
პატრიარქი: გელა ჩარკვიანი მუდამ ხალისიანი იყო, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა
გელა ჩარკვიანი მუდამ ხალისიანი იყო, სინამდვილეში, დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა“, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. ის თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა. პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. . . ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები“. გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. გელა ჩარკვიანის კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან დაიწყო, სადაც 1976-დან 1994 წლამდე საავტორო გადაცემა მიჰყავდა. 1984-დან 1992 წლამდე იყო საქართველოს კულტურულ ურთერთობათა ვიცე-პრეზიდენტი. 1980-იანი წლებში და 1990-იანი წლების დასაწყისში გელა ჩარკვიანმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. ჩარკვიანი ამერიკელ მთხრობელსა და მეზღაპრე ლორელი კულის, მისი თბილისში, 1989 წლის ნოემბერში ვიზიტისას ქართული ზღაპრების შეგროვებაში დაეხმარა. მოგვიანებით, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართველ მსახიობთა ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ატლანტაში, სადაც ამერიკაში მცხოვრებ ქართველებისთვის მოეწყო ტრადიციული, ქართული ღონისძიება – თბილისობა. 1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013). გელა ჩარკვიანის ინტერესის სფეროთა მრავალრიცხოვნობის მიუხედავად, მას მუსიკა ყველაზე მეტად იტაცებდა. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD გამოიცა 2001 წელს, ხოლო ჩარკვიანის ადრეული ნამუშევრები - 2006 წელს. ჩარკვიანმა შექსპირის „მეფე ლირი” თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნა. ამ პიესის მიხედვით თბილისში, რუსთაველის თეატრში 1980-იანებსა და 1990-იანებში სპექტაკლები დაიდგა.