ძებნის რეზულტატი:

რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე: პენიტენციური სამსახური უპირობოდ ვერავის გაუღებს საკნის კარს

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სასჯელისგან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება, უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია. მისი თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია. „ან, თუ მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში. რაც შეეხება სასამართლო პროცესებზე დასწრების საკითხს, რატი ბრეგაძემ ორ მთავარ ფაქტორზე მიუთითა. მისი თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკი როგორც კი გამოირიცხება, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში. „დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე - ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი: იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად. ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი

"ბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვების COVID19-ზე ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო მონაცემებით, ისრაელის 9,4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1,2 მილიონს ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში COVID19-თ ინფიცირების 1,3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ღია წერილს ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ღია წერილს ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციამდე“ საქართველო სიბნელეში იყო. „ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, „ვარდების რევოლუცია“ თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა „ერი სხვა ერთა შორის“, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა. ამერიკის პრეზიდენტი საგანგებოდ ჩამოვიდა და გვიწოდა „მსოფლიო დემოკრატიის შუქურა“. მითხრა, რომ ეს ვიზიტი იყო მის ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი მოგზაურობა. ქართველები ვართ განსაკუთრებული ერი! არ ვიმსახურებთ არც სიღატაკეს და არც სიბნელეს! ჩვენ არ ვართ ზარმაცები, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ, არამედ იმ 9 წელიწადში ყველაზე სწრაფად ვმუშაობდით და ვვითარდებოდით. მე რომ არ მჯეროდეს ჩემი ერის გამბედაობის და დიდბუნებოვნების, სიცოცხლეს არ გავრისკავდი და არ ჩამოვიდოდი ახლა. დიახ, მე ჩემი სიცოცხლე თქვენს ხელში ჩავდე იმიტომ, რომ მე მჯერა თქვენი და თქვენც უნდა ირწმუნოთ საკუთარი ძალების. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა ის ხალხი, ვინც უმაღლესში ქრთამის გარეშე ჩააბარა, ვინც სახელმწიფოს დაფინანსებით უცხოეთში ისწავლა, ვინც უსაფრთხო სკოლაში გაიზარდა და არაძველბიჭურ გარემოში გადიოდა გარეთ. „ვარდების რევოლუციის“ თაობაა თავისუფალი, ლაღი გოგო-ბიჭები, რომელთათვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა. როდესაც საქართველოს ჰიმნის პირველი რედაქცია მომაწოდეს, საკუთარი ხელით დავამატე სიტყვები,(რომელიც ამოღებულ იქნა)- "თავისუფლება დღეს ჩვენი" ... ეს ჩემი ცხოვრების დევიზია და ეს სიტყვები როგორც არასდროს, ისე აქტუალურია დღეს ჩვენთვის. „ვარდების რევოლუციამ“ საქართველო რეგიონის სუპერვარსკვლავად აქცია და მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროდ იქცა. ის იყო შთაგონება უკრაინის, ყირგიზეთის, ლიბანის, არაბული სამყაროს რევოლუციებისთვის. ჩვენს რეფორმებზე საუბრობდა მთელი მსოფლიო, რის გამოც საქართველო მტრის განსაკუთრებულ სიძულვილს იმსახურებდა. ჩვენი ქვეყანა დაიბრუნებს ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დღეს, თქვენს წინაშე, 18 წლის შემდეგ, ხელახლა ვდებ ამ ფიცს! ყველანი უნდა გავერთიანდეთ მიუხედავად წარსულისა, მომავლის გამო! ქართველები დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას და დავანახებთ ყველას, რომ არც ზარმაცები ვართ და არც გამყიდველები. არც უმნიშვნელოები ვართ და არც მონობისთვის დაბადებულები!თავისუფლება დღეს ჩვენი! წმინდა გიორგი შეგვეწიოს ჩვენს გარდაუვალ გამარჯვებაში!“,-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

"ქართული ოცნების" წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ

"შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, "ქართული ოცნების" წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ, ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. „ყველა თემას შევეხებით, რაც ადგილობრივ პოლიტიკას და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, საუბრის ერთ-ერთი თემა ალბათ, სააკაშვილიც იქნება, თუმცა, ჩვენთვის მთავარია მივიტანოთ ის გზავნილები, რომელიც ქვეყნის სამომავლო განვითარებას უკავშირდება. ქვეყნისთვის და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დღის წესრიგი შეიცვალოს, ამოვიდეთ პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ეს თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, ასევე ყველასთვის, ვისაც საქართველოზე გული შესტკივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარდა იმ დეტალებისა, რომელიც სააკაშვილის პატიმრობას უკავშირდება, პირველ რიგში, საუბარი სწორედ ამ დღის წესრიგის ცვლილების საჭიროებაზე გვექნება“, -განაცხადა კობახიძემ.

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში წირვა ჩატარდება. 23 ნოემბერს, ასევე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის დღესასწაულია, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბერს აკურთხეს. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღვთიმსახურება 10:00 საათზე დაიწყო. რელიგიური სწავლების თანახმად, წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.

აშშ-ის პრეზიდენტი 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, 79 წლის ბაიდენის რეიტინგი ბოლო თვეებში შემცირდა, რის გამოც ზოგიერთი დემოკრატი ვარაუდობს, რომ მან შესაძლოა, მორიგი ოთხწლიანი ვადით აღარ იყაროს კენჭი. ამასთან, დემოკრატული პარტიის წევრები შეშფოთებულები არიან, მიმდინარე თვის დასაწყისში ვირჯინიის შტატში არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვებისა და ნიუ ჯერსიში დემოკრატების მცირე უპირატესობის გამო.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5085 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 62 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 162 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 278 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 819 182-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.89%, ბოლო 14 დღის - 9.11% ხოლო 7 დღის - 8.97%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 428 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 759 657-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 615 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 815 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 997, ქვემო ქართლი - 330, შიდა ქართლი - 497, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 427, კახეთი - 358, მცხეთა-მთიანეთი - 139, სამცხე-ჯავახეთი - 152, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 46. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 884 საიდანაც: 6 588 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 618, აჭარაში - 515, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 698 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 673, აჭარაში - 128, იმერეთში - 506. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 377 პაციენტი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 43, იმერეთში - 36. 1 103 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 713 - თბილისში, 212 - აჭარაში. 40 193 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49, ხოლო აჭარაში - 9. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44 925 ადამიანი.

ჰუბერტ ქნირში მის მიმართ გერმანულ გამოცემაში გამოთქმულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

"ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე, ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. "ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისათვის და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით", - განაცხადა ელჩმა. ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემამ Bild-ი საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით ვრცელი და კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში "ქართული ოცნების" მიმართ ელჩის კეთილგანწყობასა და ბიძინა ივანიშვილთან მისი ცოლის კავშირებზეა საუბარი.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი საზეიმო წირვას აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საზეიმო წირვას აღავლენს. როგორც არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა აღნიშნა, საზეიმო წირვა-ლოცვა ყველა ეკლესიასა თუ მონასტერში აღევლინება. "გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, წმინდა გიორგი გამორჩეული წმინდანია ყველა ქართველისთვის. უამრავ ადამიანს ჰქვია გიორგი და ვულოცავ. დღევანდელ დღეს არის დღე, როდესაც წმინდა გიორგი ბორბალზე აწამეს და სასწაულებრივად გადარჩა და უფლის სასწაულით უვნებელი გამოვიდა. ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში აღევლინება საზეიმო წირვა-ლოცვა. მისი უწმინდესობა აღავლენს საზეიმო წირვას სამების საკათედრო ტაძარში. წირვის ბოლოს იქნება მისი ქადაგება. აღსანიშნავია, რომ 17 წლის წინ სწორედ ამ დღეს ეკურთხა სამების საკათედრო ტაძარი. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ", - აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.

პირველი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

პირველი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (34%), ხოლო ღირებულება – 6.8 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (5,808 ტონა), გერმანიაში (2,420 ტონა), ესპანეთში (424 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (262 ტონა), საფრანგეთში (224 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა), უნგრეთში (22 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთში (828 ტონა), ჩინეთში (755 ტონა), უკრაინაში (256 ტონა), რუსეთში ( 274 ტონა), ალჟირში (193 ტონა), ბელარუსში (186 ტონა), ერაყში (168 ტონა), საუდის არაბეთში (158 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), კანადაში (75 ტონა), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (59 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), თურქეთში (22), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველ დეკემბრამდე ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

ექვსი თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პირველ დეკემბრამდე უფასოდ შეეძლება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათივე ინფორმაციით, ოთხკომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. „აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციაში. როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ხათუნა ზახაშვილმა განუცხადა, პირველი დეკემბრიდან გრიპის ვაქცინის უფასოდ გაკეთება ისევ მხოლოდ რისკჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონისთვის სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოიტანა. ვაქცინები ასევე შეისყიდა კერძო სექტორმა.

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთით, ანდრა პრადეშის და კარნატაკას შტატებში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. დატბორილია საგზაო მაგისტრალები, ხოლო ზოგიერთი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, რის გამოც მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდება ვერ ხერხდება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, 30 კი, დაკარგულად ითვლება. დაზარალებულ შტატებში ინდოეთის სამაშველო სამსახურის 16 ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც დაახლოებით 58 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი წვიმა არაბეთის ზღვაში ჩამოყალიბებულმა ციკლონმა გამოიწვია. ციკლონი ამჯერად ტამილ ნადუს შტატისკენ გადაადგილდება.

მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო კონსილიუმის წევრები მივიდნენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ შევიდნენ. სახელმწიფო კონსილიუმის წევრის ექიმ ელენე გიორგაძის ინფორმაციით, დღეიდან სააკაშვილის რეაბილიტაცია ახალ ეტაპზე გადადის და ეს არის დაკვირვების ეტაპი. კონსილიუმის წევრები დღეს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, განახორციელებენ ჩატარებული კვლევების მონიტორინგს და რეაბილიტაციის შემდგომ გეგმაზე მიიღებენ დამატებით გადაწყვეტილებას.

პატრიარქი: საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა

"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა მრევლს წმინდა გიორგის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ. წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მფარველობის ქვეშ. წმინდა გიორგი იყო განსაცდელში, წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორის. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს როლსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენს წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება ეს არის მონანიება ცოდვისა. „ჰე, უფალო მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა“. ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას ჩვენ თვითონ, ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები? ღმერთი არის სიყვარული, სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარული ანიჭებს სიცოცხლეს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ და ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან. გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა. ყველას გილოცავთ გიორგობას. გიორგობა ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული“, - ბრძანა ილია მეორემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: სტრასბურგის სასამართლოდან წერილი 19 ნოემბერს მივიღეთ

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ოფიციალური წერილი სამინისტრომ 19 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მიიღო, რაც იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. „სტრასბურგის სასამართლოდან აღნიშნული წერილი მივიღეთ 19 ნოემბერს, საღამოს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით სააკაშვილს (რომელიც არ ასრულებდა სტრასბურგის სასამართლოს დაჟინებულ მოწოდებას) გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა“, – განაცხადა ძამაშვილმა. ბექა ძამაშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში სტრასბურგის სასამართლომ მომჩივანს შიმშილობის „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა“, ხოლო საქართველოს მიუთითა, რომ მკურნალობის პროცესში გაეთვალისწინებინა ექიმთა ჯგუფის მიერ 17 ნოემბერს გამოცემული მოსაზრება. „სასამართლომ, აგრეთვე, დააზუსტა, რომ ორივე მხარის მიმართ დაკისრებული ღონისძიებები იყო ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უპირობო, რითაც მიანიშნა მომჩივანი, რომ შიმშილობის შეწყვეტისთვის რაიმე წინაპირობის დაწესება დაუშვებელი იყო“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი განმარტავს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია. „მას შემდეგ, რაც პატიმარი გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში და წარმატებით მიმდინარეობს მისი შიმშილობის შემდგომი პერიოდის მკურნალობა, ევროპული სასამართლოს მიერ ორივე მხარის მიმართ გაკეთებული მითითებები შესრულებულია. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს უკვე ორჯერ გაუგზავნა შუალედური ინფორმაცია და საბოლოო ინფორმაცია გაიგზავნება დათქმულ ვადაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრის წერილით, ძალაში დარჩა მოწოდება, სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასევე უზრუნველყოფილიყო მისი მკურნალობა 17 ნოემბრის სამედიცინო შეფასების გათვალისწინებით. აღნიშნული წერილი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა.

„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. „გაზპრომის“ ინფორმაციით, გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, მოლდოვის ენერგომომარაგება შესაძლოა, ორ დღეში შეწყდეს. „გადახდის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი. დღეს „გაზპრომმა“, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოლდოვის მხარეს აცნობა, რომ მოლდოვაში გაზის მიწოდება 48 საათში შეწყდება. „გაზპრომი“ უკიდურესად იმედგაცრუებულია მოლდოვის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო“, – განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა. ​მოლდოვამ და „გაზპრომმა“ რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ კონტრაქტს ხელი ოქტომბრის ბოლოს მოაწერეს. რუსული კომპანიის პრესსპიკერმა კუპრიანოვმა განაცხადა, რომ „გაზპრომი“ ხელშეკრულების ხელმოწერას იმ პირობით დათანხმდა, რომ მოლდოვა ინვოისებს სრულად და დროულად გადაიხდიდა. გართულებები წარმოიშვა ოქტომბერში გაზპრომის მიერ ფასის ზრდის შემდეგ, როდესაც კონტრაქტი ერთი თვით გაგრძელდა, გადაწყვეტილება მოლდოვის მთავრობამ „გაუმართლებლად და არარეალურად“ მიიჩნია.

დუნია მიატოვიჩი: საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია

"საქართველოს პარლამენტის წევრების საჯარო თავდასხმა სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიუღებელია", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებაშია აღნიშნული. მიატოვიჩი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს საკითხი სტრასბურგში, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას განიხილა. მისი შეფასებით, ქართველმა პოლიტიკოსებმა პატივი უნდა სცენ სახალხო დამცველის მანდატს. „ვაქებ სახალხო დამცველს და მის აპარატს იმ ძალისხმევისთვის, დაიცვან ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტები ყველა პირის მიმართ, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ხორციელდება. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სახალხო დამცველმა, მისმა ოფისმა და მასთან დაკავშირებულმა ექსპერტებმა შეძლონ, იმუშაონ ისეთ ატმოსფეროში, რომელიც მათთვის ხელსაყრელია თავიანთი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტურად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მაგრამ ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის ევროპის საბჭოსთვის, ძალზე მნიშვნელოვანია, დაეყრდნოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის შეფასებას, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად და ეფექტურად შეასრულოს თავისი სამუშაო საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობით. მოუთმენლად ველი, რომ განვიხილავ ამ და ადამიანის უფლებათა სხვა საკითხებს საქართველოში მომავალი წლის თებერვალში ჩემი ვიზიტის დროს“, - აღნიშნულია განცხადებაში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არცერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“. თემაზე კომენტირებისას ამერიკის ელჩმა მაშინ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს. მორიგი განცხადება ირაკლი კობახიძემ 18 ნოემბერს გააკეთა: „წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს“. ამერიკის ელჩი: ზოგადად, საზოგადოებაში ზუსტი ინფორმაციის ნაკლებობაა და სახალხო დამცველი სწორედ ამას ავსებს კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს Amnesty International-ი საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია სახალხო დამცველი საერთაშორისო საზოგადოებას „ქართული ოცნების“ ლიდერის „მუქარის შემცველ განცხადებებზე“ რეაგირებას სთხოვს

თბილისში "საქართველოს ბანკის" გაძარცვა სცადეს

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე ძარცვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია ძარცვის მუხლით.

სახალხო დამცველი: ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე

"საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ზედამხედველობის მიზნით ჩავერთვებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ომბუდსმენის კონსილიუმი ე.წ. მეორე მოსაზრებას წარუდგენს. “გუშინ მივიღეთ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნის წერილი, რომ ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ე.წ. მეორე მოსაზრების წარდგენის გზით, რასაც ჩვენ ვუპასუხეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მართვაზე, თუმცა, ჩვენ პროცესში ჩავერთვებით პროცესის ზედამხედველობის მიზნით. ასევე, სახელმწიფოს მიერ წარდგენილ კონსილიუმს ჩვენი კონსილიუმი წარუდგენს ე.წ. მეორე მოსაზრებას, რაც სამედიცინო სივრცეში მოსაზრების გაზიარების და რეკომენდაციების წარდგენის მხრივ აპრობირებული გზაა“, - განაცხადა ლომჯარიამ.