ძებნის რეზულტატი:
დავით სერგეენკო: დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები
"დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები", – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკო იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო პროცესი წარმატებით განხორციელდება და კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება საჭირო არ გახდება. "დაავადების გამო სასჯელის გადავადება კანონმდებლობაში არსებობს, მაგრამ გაწერილია კონკრეტული კრიტერიუმები და იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და საჭირო არ გახდება კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება. მკურნალ ექიმს მისი პაციენტისთვის უკეთესი ყოველთვის ენდომება, სხვა ექიმებს ეს არ დაუდასტურებიათ, არ მგონია, აქ რაიმე პოლიტიკური თემა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა: „მიხეილ სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ ხომ შეიძლება, პატიმრობა გადავადდეს, იქნებ, გავათავისუფლოთ და იმკურნალოს ნორმალურად კლინიკაში“.
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის და უკრაინის პრემიერებს შეხვდება
"ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა. „ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა და დადასტურება ამის თაობაზე. ეს იქნება მოსამზადებელი ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც უკვე 15 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება და რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. „ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც, ქალბატონ პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. ამას გარდა, 1-2 დეკემბერს, ნატოს მინისტერიალზე მიიწვიეს საქართველო და ჩვენს ქვეყანას იქ წარმოადგენს ბატონი დავით ზალკალიანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება
ვიცე-პრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამის შემუშავებაზე სპეციალისტებთან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ჯანდაცვის სამინიტრო იმუშავებენ. „უნდა მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლება, შრომისუნარიანი ადამიანების გააქტიურება და ასეთი 200-250 ათასი ადამიანი გვყავს. ეს მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის განსავითარებლადაც. ჩვენ ვნახეთ, რომ დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო ადგილზე, როგორციაა კერძო სექტორი, სოფლის მეეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა. ამ ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით. ეს უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას. სადაც ყოველთვის არის სამუშაო ძალის დეფიციტი. მთავარი პირობა არის ის, რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არ უნდა გაუარესდეს. მათი შემოსავალი მინიმუმ, უნდა გაიზარდოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი რამ გასაკეთებელი ამ ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორის. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 - ათასიანი ადამიანების არმია, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ,“- განაცხადა დავითაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შეთავაზონ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები 375 მილიონი ლარით გაიზრდება
"საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება დღეს გავაგზავნით. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა. როგორც ხუციშვილი განმარტავს, დაფინანსდება კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯები. „დღეს გაიგზავნება საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის ცვლილება. ძირითადი ნაწილი იქნება ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯების გაზრდა დაახლოებით 375 მილიონი ლარის ოდენობით, რომლის უდიდესი ნაწილი მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ და კორონავირუსის მკურნალობისთვის გაწეული ხარჯების დაფინანსებას. მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება საშემოსავლო ნაწილის ბიუჯეტის ზრდა, რომელიც სრულად დაბალანსდება საგადასახადო შემოსავლების ზრდით და სხვადასხვა ტიპის ეკონომიებით. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საბიუჯეტო დეფიციტი არ იზრდება, პირიქით, მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდება წლის ბოლოს. ხოლო ის ხარჯები, რომელიც გასაწევი იქნება უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით, ეს სრულად იქნება დაფინანსებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.
„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომლებიც სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობას კრძალავს
„თალიბანმა“ გამოსცა ახალი წესები, რომელიც სატელევიზიო სერიალებში ქალების მონაწილეობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, გარდა სატელევიზიო სერიალებში მონაწილეობის აკრძალვისა, ქალ ჟურნალისტებსა და სატელევიზიო წამყვანებს ეთერის დროს თავსაბურავის ტარება მოეთხოვებათ. „თალიბანმა“ სატელევიზიო სივრცისთვის სულ რვა ახალი წესი გამოსცა. მათ შორის არის ისეთი ფილმების აკრძალვა, რომლებიც ისლამურ კანონებს და ავღანეთის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, აიკრძალა ისეთი კომედიური და გასართობი გადაცემების ჩვენება, რომელიც ავღანელებისთვის შეურაცხმყოფელი იქნება. ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, „თალიბანის“ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან გამოცემული წესების უმეტესობა არაპრაქტიკულია და სატელევიზიო კომპანიები დახურვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ცოტა ხნის წინ, „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ გოგონებს სკოლაში სიარული აუკრძალა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რითაც მედიის თქმით, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდა, რომელიც საკუთარი მოსახლეობის ნახევარს განათლების მიღების საშუალებას არ აძლევს.
საქართველოში 24 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
საქართველოში 24 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინოფრმაციით, 24 ნოემბერს მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მაღალმთაში თოვლი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში). იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს. 27 ნოემბერს კი გამოიდარებს და შედარებით დათბება. ამასთან, 25-26 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს. “თბილისში 25 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 24 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 27 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 173 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.100 პროცენტით, მაქსიმალური 9.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.154 პროცენტით განისაზღვრა. ცენტრალური ბანკის ცნობით, კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
გიორგი ვაშაძის თქმით, სააკააშვილის საქმეში უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩაერთონ
„ვფიქრობ, ყველაზე რეალისტური და ობიექტური იქნებოდა, თუ სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლებას და საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ უცხოელი მოსამართლეების ჩართულობით მოკლე ვადაში დაორგანიზდეს სასამართლო მექანიზმი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების შესაძლებლობა ექნება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს. ვაშაძის თქმით, ქვეყანამ ამ მიმართულებით ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მუდმივად მოჯადოებულ წრეში არ იყოს. "ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს სასჯელის გადავადება, საზღვარგარეთ მკურნალობა თუ ა.შ. ამას პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, მზად ვართ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა", - განაცხადა ვაშაძემ. პოლიტიკოსი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ უცხოელი მოსამართლეების მოწვევის შემთხვევაში ქართულ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, საფუძველი ეცლება. "სასამართლო რეფორმის სტრატეგიაში, რომელიც ოპოზიციას აქვს, უცხოელი მოსამართლეების საკითხიც გვაქვს მოხსენიებული. ეს არის დროებითი მექანიზმი იმისთვის, რომ სანამ არ ექნება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას ნდობა საზოგადოების მხრიდან, მანამდე იყოს გამოყენებული ეს მექანიზმი, არა მარტო პრეზიდენტების, სხვა, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და აქტუალურ საქმეებთან და ბიზნესდავებთან მიმართებაში. საქართველოში, სამწუხაროდ, მართლმსაჯულება „კლანურია“, მას ნდობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან და ვერცერთი გადაწყვეტილება ვერ მოიტანს სტაბილურობას ქვეყანაში. ვფიქრობ, ასეთი დიდი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ არ ვიყოთ ჩაკეტილი მოჯადოებულ წრეში", - განაცხადა ვაშაძემ.
ალექსანდრე ლუკაშენკო: უნდა ვაჩვენოთ პოლონელებს, რომ არ ვართ ბარბაროსები და არ გვინდა დაპირისპირება
ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, ბელარუსს არ სურს პოლონეთთან კონფრონტაცია, თუმცა მოუწოდებს ევროკავშირს, 2 000 მიგრანტი შეიფაროს. “ბელარუსს პოლონეთთან დაპირისპირება არ სურს, მაგრამ მას სურს პასუხი ევროკავშირისგან იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ბლოკი 2000 მიგრანტს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პოლონელებს, რომ არ ვართ ბარბაროსები, რომ არ გვინდა დაპირისპირება. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან გვესმის, რომ თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალია და ეს იქნება კატასტროფა. ეს მშვენივრად გვესმის. არ გვინდა რაიმე სახის გამწვავება“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
გიორგი გახარიას პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან. „მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს. მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს. აქვე, კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც „ოცნებამ“ უკვე დაიწყო თვითმმართველობებში - ეს არის ოცნების მცდელობა ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები. როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს ხმა მიეცათ ჩვენი პარტიისთვის, ეს პირდაპირ მიანიშნებდა იმას, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს სწორედაც ახალი საკრებულოების და არა ერთპიროვნულად „ოცნების“ მიერ. კიდევ ერთხელ მივმართავთ ოცნებას, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე. ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები“,- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
დემოკრატიის სამიტში, რომელსაც ჯო ბაიდენი გამართავს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ინიცირებულ ონლაინ-სამიტში „დემოკრატიისთვის“, საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც ეს მანამდე იყო ცნობილი. 5 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა მედიასაშუალებებს აცნობა, რომ სამიტზე მიწვეულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ის სამიტს დაესწრება. დღეს, 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური მიწვევა აქვს საქართველოს პრეზიდენტსაც და სამიტში მონაწილეობას ის მიიღებს. „რამდენიმე კვირის წინ, გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება ათ დეკემბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ჯო ბაიდენი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. ფორუმი ქვეყნებში დემოკრატიის სტიმულირების მიზნით და ამავე დემოკრატიებში ერთიანი ქმედებებით, დიდი გამოწვევების გადასალახად იმართება. ჯო ბაიდენის მიერ დაგეგმილ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის ასევე არიან უკრაინა მოლდოვა და პოლონეთი. აღსანიშნავია, რომ მიწვეულთა შორის, Politico-ს ვერსიით, ჯერჯერობით არ არის თურქეთი, რასაც წინ უძღოდა ამ ქვეყნის უთანხმოება დასავლეთის რიგ ქვეყნებთან.
ჩეხეთში, არავაქცინირებულებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა
Reuters-ის ცნობით, დღეიდან ჩეხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ. დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ან ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს შეეძლებათ. გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა და საავადმყოფოების გადავსების გამო, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობასაც განიხილავს. შეზღუდვების გამკაცრების გამო, საღამოს პრაღაში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ამასთან, ჩეხეთთან ერთად, არავაქცნირებული მოქალქეებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა სლოვაკეთშიც.
რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუმენ რადევმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის თანახმად, რადევს ხმა მისცა ამომრჩეველთა 68&-მა ხოლო მის მეტოქეს, სოფიის უნივერსიტეტის რექტორს ანასტას გერჯიკოვს - 32%-მა. როგორც სოციოლოგიურმა ინსტიტუტმა, Gallup International-მა განაცხადა, რადევს ხმა მისცეს "სოციალისტური პარტიის", ასევე პარტიის, „არის ასეთი ხალხი“ და კოალიციის, „ვაგრძელებთ გარდაქმნებს“, მიმდევრებმა. ამავე მონაცემებით, გერჯიკოვს მხარი დაუჭირეს პარტიამ „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მოძრაობამ „სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის". უცხოური მედია წერს, რომ არჩევნები სამთავრობო სტრუქტურებში კორუფციის გამო, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ჩატარდა. მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს
სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინეს
სუდანის სამხედრო ძალებმა პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი თანამდებობაზე აღადგინა. ამასთან, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პირობა დადეს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აღდგენის მიუხედავად, ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ჰამდოკი სუდანის პრემიერ-მინისტრი პირველად 2019 წელს ომარ ალ-ბაშირის რეჟიმის დასრულების შემდეგ გახდა. სამხედრო ლიდერებთან გაფორმებულ შეთანხმებას პროდემოკრატიული ჯგუფები ეწინაღმდეგებიან, რომლებიც ბაშირის რეჯიმის დასრულების შემდეგ ქვეყანაში სრულად სამოქალაქო ხელისუფლებას ითხოვდნენ. ოქტომბერში მომხდარ სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. გადატრიალების შემდეგ აბდალა ჰამდოკი შინაპატიმრობაში იყო. სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა სუდანის არმიამ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის რამდენიმე წევრი დააკავა
ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა
"მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, მისი გათავისუფლების საკითხიც დღის წესრიგში დგას. „მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა სასამართლოებზე მიმართოს ხალხს. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. ეს პოლიტიკური დღის წესრიგში დგას და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე გეგმებზე და ვისაუბრეთ ჩვენს შიდა წრეზე, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვისაც და მისთვისაც“, - განაცხადა ხერხეულიძემ.
ენტონი ბლინკენი: საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ძალიან ვაფასებთ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის. „შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, NATO-ს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების“ მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი“, - ნათქვამია წერილიში. ამასთან, სახელმწიფო მდივანი მადლიერებას გამოხატავს ავღანეთიდან 2500-ზე მეტი პირის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის. „გიერთდებით თქვენ და ქართველ ხალხს და პატივს მივაგებ იმ 32 ქართველს, რომელთაც თავი გასწირეს და 300-ზე მეტ იმ ადამიანს, რომელნიც დაიჭრნენ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის დროს. აშშ ძალიან აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის“, - წერს ენტონი ბლინკენი.
ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვის თხოვნით მიმართა
ჯანდაცვის მინისტრმა სახალხო დამცველს სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში ექსპერტთა ჯგუფის ჩართვის თხოვნით მიმართა. შესაბამის განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს. „სახალხო დამცველს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიმართა და მიხეილ სააკაშვილის კლინიკური მართვის პროცესში კონსულტაციის გაწევისა და ალტერნატიული აზრის მოსმენის მიზნით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჩართვა სთხოვა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფი აგრძელებს საქმიანობას უცვლელად, თავდაპირველი შემადგენლობითა და მანდატით. მულტიპროფილურ ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციას წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ექსპერტიზა და სახალხო დამცველისთვის დასკვნების/მოსაზრებების წარდგენა. უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მართვა სახალხო დამცველისა და მის მიერ მოწვეულ ექსპერტთა მანდატს არ მიეკუთვნება. თუმცა, სახალხო დამცველი გაითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის თხოვნას და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და რეკომენდაციებს პერიოდულად, სრულფასოვნად გაუზიარებს სამინისტროს ე.წ. მეორე აზრის წარდგენის მიზნით. სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში უახლოეს მომავალში განხორციელდება. აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმი შალვა პაპუაშვილი „ალტინფოს“ გაუქმებაზე საუბარს ფარისევლობად მიიჩნევს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „იმ ქვეყანაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის 10 - ზე მეტი ლიდერი არის სისხლის სამართლის საქმეზე გასამართლებული და 30- მდე მაღალჩინოსანი, უმეტესობა ძალადობასთან დაკავშირებით, პარტიის ფორმალური თავმჯდომარე მელია და არაფორმალური თავმჯდომარე სააკაშვილი გასამართლებულები არიან სისხლის სამართლის წესით, საუბარი იმაზე, რომ რომელიღაც პარტია დარეგისტრირდება თუ არა, ფარისევლობაა“. „ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ადამიანებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ სხვადახვა ფორმატში. ისმოდა საკითხი, უნდა აიკრძალოს თუ არ უნდა აიკრძალოს, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და ამ კანონმდებლობის მიხედვით მიიღებს იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებას. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა „ალტინფოსთან“ დაკავშირებულმა თემამ ის ფარისევლობა, რაც ჩვენს პოლიტიკაში თუ სამოქალაქო საზოგადოებაშია გაბატონებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: სახალხო დამცველის მოადგილე „ალტ-ინფოზე“: კონსტიტუციის მიხედვით, მისი აკრძალვა შესაძლებელია. ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს პარტია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. „მე კი ვიპოვი 29 ჩემს კოლეგას, რომელთან ერთადაც საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოვითხოვ ამ პარტიის გაუქმებას“, - წერდა ანა ნაცვლიშვილი მისივე Facebook-ზე.
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება
აშშ-ის სადაზვერვო სამსახური ევროპელ მოკავშირეებს უზიარებს მის მიერ მოპოვებულ ცნობებს, მათ შორის, რუკებსაც, რომლის თანახმად, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი, ფართომასშტაბიანი ოპერაციის სცენარს განიხილავს. Bloomberg--ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია NATO-ს რამდენიმე წევრ ქვეყანას გასულ კვირას გადასცეს. მისივე ცნობით, მოსალოდნელი სცენარის თანახმად, შეტევა, რომელშიც 100 საბატალიონე ტაქტიკური ჯგუფი (საერთო რაოდენობა 100 000) ჩაერთვება, ერთდროულად დაიწყება ოკუპირებული ყირიმიდან, რუსეთის საზღვრის გავლით და ბელარუსის ტერიტორიიდან. წყაროს ცნობით, ძალთა ნაწილმა უკვე დაიკავა საკუთარი პოზიციები. ცნობისთვის, დღესვე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სააგენტომ უკრაინის გარშემო მიმდინარე დაძაბულობა, საქართველოში 2008 წელს ომის დაწყებას შეადარა. ამ სათაურით სტატიას Reuters-ი ავრცელებს. სტატიაში მიმოხილულია უკრაინის დაზვერვის ცნობები, რომლის თანახმად, რუსეთი, 2022 წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. Military Times-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის ნიშნები უკვე ჩანს. საუბარია მოსალოდნელ საარტილერიო და საავიაციო დარტყმებზე, რომლებსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე, ოდესასა და მარიუპოლზე. „ჩვენ ვხედავდით მსგავს სიტუაციას საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე“, - ნათქვამია საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში. Reuters-ი წერს, რომ მოსკოვი დიდი ხანია, ეწინააღმდეგება NATO-ში უკრაინის გაწევრიანებას. სააგენტოს აქვე მოჰყავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარი. „ჩვენ ვხედავთ რუსული პროპაგანდის ზრდას, მათ შორის ცრუ ბრალდებებს უკრაინის მხრიდან დონბასში სამხედრო თავდასხმის დაგეგმვის შესახებ“, - განაცხადა კულებამ. მანამდე კრემლის სპიკერმა პეშკოვმა დაადანაშაულა უკრაინა პროვოკაციაში. ამავე თემაზე: უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრას გეგმავს ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილა
ჰუბერტ ქნირში: თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, ქვეყანა ბევრს მოიგებს
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა. დიპლომატის შეფასებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, პოლიტიკურმა აქტორებმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგეს. „უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი პროცესები განვითარდა. ჩიხური ვითარების ზღვარზე, პოლიტიკოსებმა პრაგმატული ნაბიჯები გადადგეს და პასუხისმგებლიანად იმოქმედეს. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის პროტესტი არაძალადობრივი იყო, როგორც ეს მანამდე გამოცხადდა. მჯერა, რომ არსებული ტენდენციიდან გამომდინარე, არავინ არაფერს კარგავს, და თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ქვეყანა ბევრს მოიგებს“, - განუცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს.