ძებნის რეზულტატი:

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: NATO-ს  ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით

NATO-ს ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებების შეასრულების საჭიროებაზე მიუთითებს. მისი Twitter პოსტი NATO-ს საგარეო მინისტერიალს ეძღვნება. „შესანიშნავია ჩვენი ახლო პარტნიორების, უკრაინისა და საქართველოს NATO-ს მინისტერიალზე ხილვა. ორივე პარტნიორის პრაქტიკული მხარდაჭერა ძალიან საჭიროა. ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებები. ღია კარი ღია უნდა იყოს საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“, - აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter გვერდზე. იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას დავით ზალკალიანი: NATO-ს საგარეო მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ხაზს უსვამს მტკიცე პარტნიორობას და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე

ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის ამ ტემპით, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას 5 თვე დასჭირდება, რაც ძალიან ბევრია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმისთვის, რომ მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, დამატებით 700 000-მა ადამიანმა უნდა გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, თუ აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვა 5 თვეში იქნება შესაძლებელი. „ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში. 5 თვე ძალიან ბევრია. ყველაზე მთავარი ამოცანა და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტემპის გაზრდა. მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს მნიშვნელოვნად განსხვავდება 15 ნოემბრამდე არსებული ციფრებისგან. მაშინ 2-3 ათასი იყო, ახლა საშუალოდ 11 ათასი გახდა. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი", - აღნიშნავს ჩხაიძე. ამავე თემაზე: საქართველოს წლის ბოლომდე აქამდე დაანონსებულზე, მოსახლეობის 60%-ზე მეტის აცრა სურს

დმიტრო კულება: NATO-ს მოვუწოდებთ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები მოამზადოს და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობა გააძლიეროს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს მოუწოდა, რუსეთის წინააღდმდეგ ეკონომიკური სანქცოები მოამზადოს, რათა შეაჩეროს ათიათასობით რუსული ჯარის შესაძლო შეჭრა, რომლებიც კონცენტრირებული არიან მის საზღვრებთან. დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ თხოვნით მიმართავს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს ლატვიაში, მინისტერიალის მეორე დღეს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთის ჯარის თავმოყრას და თავიდან აიცილონ კრიზისის გაუარესება მოსკოვთან ურთიერთობაში. „მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შეუერთდნენ უკრაინას შემაკავებელი პაკეტის შედგენაში”, - განუცხადა კულებამ ჟურნალისტებს რიგაში. „ეს უნდა მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მომზადებას, იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, აირჩიოს ყველაზე ცუდი სცენარი“, - განაცხადა კულებამ და დაამატა, რომ NATO-მ ასევე უნდა გააძლიეროს სამხედრო და თავდაცვის თანამშრომლობა უკრაინასთან. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება

შს სამინისტრომ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამავე დღეს, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული – ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, სიმაღლიდან გადაგდების მიზნით, ფიზიკურად დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე. კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პირველ დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო, რომელიც 2017 წლიდან მიმდინარეობდა, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. „სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს" ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი. სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში bm.ge-ს ცნობით.

ქვემო ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ქვემო ქართლში ახალ სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი დოხტურიშვილი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შოთა რეხვიაშვილი შეცვალა, რომელიც რეგიონს სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ახალი გუბერნატორი საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა პირველ დეკემბერს რეგიონის მერებს წარუდგინა. "ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ ქვემო ქართლში ახალი გამოწვევების და იმ გამოწვევების გამო, რომელიც არსებობს მნიშვნელოვან სახელმწიფო სტრუქტურაში, სადაც ყოფილი გუბერნატორი სამუშაოდ გადადის", - თქვა ბარნაბიშვილმა. გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ მიმდინარე წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე ის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შოთა რეხვიაშვილი 2018 წლიდან დღემდე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას იკავებდა. 2014-2018 წლებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2012-2013 წლებში მას საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი ეკავა. 1993 წლიდან 2012 წლამდე შოთა რეხვიაშვილი დასაქმებული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

ედუარდ სააკაშვილი: მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ფორმაშია და აქვს სურვილი, დაესწროს სასამართლო პროცესს

"მიხეილ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად ფორმაშია და აქვს სურვილი, დაესწროს სასამართლო პროცესს", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე პოლიტიკაზე არ უსაუბრია. „სისუტე შეიმჩნევა, თუმცა ფსიქოლოგიურად არის ფორმაში და აქვს სურვილი, რომ დაესწროს სასამართლო პროცესს და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო და ზოგადად ახლო მომავალს იმედიანად ვუყურებ“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

ბექა ფერაძე: დასაქმებულების 80%-ის აცრის შემთხვევაში, ობიექტს "მწვანე სერტიფიკატს" მივანიჭებთ

"დასაქმებულების 80%-ის აცრის შემთხვევაში, ობიექტს "მწვანე სერტიფიკატს" მივანიჭებთ", - ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე განიხილება, რომ “მწვანე სტატუსი” მიენიჭოს ბიზნესსუბიექტს, რომელთაც დასაქმებულების 80%-მდე აცრილი ეყოლება. ბექა ფერაძემ ასევე თქვა, რომ "მწვანე სერტიფიკატების" მინიჭების საკითხებზე დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. “მწვანე სერტიფიკატს" მივანიჭებთ ისეთ ობიექტებს, რომლებსაც თანამშრომლები ეყოლებათ ვაქცინირებული. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვიზიტორის მიმართ იყოს ეს მოთხოვნა, არამედ ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თავად აირჩიოს ისეთი ობიექტი, რომელიც ასევე მწვანე და უსაფრთხოა. “მწვანე სტატუსის” მინიჭება მოხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. ამაზე საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით. ეს მარტივი რეგისტრაციით გაკეთდება. თუ ვხედავთ, რომ დასაქმებული ადამიანების 80% აცრილია, მივანიჭებთ მწვანე, უსაფრთხო, სერტიფიკატს და მარკეტინგულადაც დავეხმარებით. ამ ეტაპზე ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს", - აცხადებს ფერაძე.

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით.საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ძლიერი შტორმის გამო ბათუმში, ახალი ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი სილით დაიფარა

უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა, ბათუმის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა."აკვაპარკი"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. ამასთან, ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის თანამშრომლები, რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა და ბათუმის ბულვარის მობილური ჯგუფები.სანაპირო ზოლზე გაწმენდითი სამუშაოები ამინდის შესაბამისად გაგრძელდება.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ რიგაში, NATO-სს მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს საგარეო სამქეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის აქტიურ თანამშრომლობას დიპლომატიური სამსახურის პროფესიული განვითარების მიმართულებით, ასევე ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ექსპერტთა გაცვლას და კვლევების მიმართულებით დიპლომატიური სასწავლო ინსტიტუტების აქტიურ თანამშრომლობას. მემორანდუმის ხელმოწერის ფარგლებში გაიმართა მინისტრების შეხვედრა, კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. დადებითად შეფასდა რიგის NATO-ს მინისტერიალზე პარტნიორების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების მიმართ და ამ კონტექსტში, NATO-ს მხრიდან ღია კარის პოლიტიკის ერთგულების და საქართველოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული მექანზიმების განვითარების თვალსაზრისით. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგს და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ სასჯელი გამკაცრდა

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ. ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში - 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, ცვლილებები განხორციელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიზანს პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პოლიციას მიეცემა შესაძლებლობა, პირის იდენტიფიცირება ადგილზევე მოახდინოს და მისი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო შენახვას და მათ დაცვას უკანონო გამოყენებისაგან.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომს ვერ შევაჩერებთ

უკრაინას სჭირდება პირდაპირი მოლაპარაკებები მოსკოვთან, რათა დაასრულოს ომი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ დონბასის რეგიონში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ სიტყვით მიმართა პარლამენტს მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოუწოდა NATO-ს, მოამზადოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა კიევთან. „სიმართლე უნდა ვთქვათ, რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე ომის შეჩერებას ვერ შევძლებთ და დღეს ეს უკვე ყველამ, ყველა გარე პარტნიორმა აღიარა“, - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობიილია, ზელენსკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცდილობდა, ეწარმოებინა მოლაპარაკებები პრეზიდენტსა და რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შორის, მაგრამ მისი მოთხოვნები უგულვებელყოფილი იყო. კრემლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი პუტინი არ არის წინააღმდეგი ზელენსკისთან მოლაპარაკებების იდეის, თუმცა მოსკოვს სურს შეხვედრისთვის მომზადებული სათანადო დღის წესრიგი. „მე არ მეშინია მათთან პირდაპირი საუბრის, ჩვენ არ გვეშინია პირდაპირი დიალოგის, ჩვენ ვიცით, რომელი ევროპული ქვეყნები უჭერს მხარს უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთმა 2014 წელს მოახდინა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ ძალებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე: უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს" პოზიციები, მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის" გადასახდელი ტარიფი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან" დაკავშირებულ დავაზე კომენტირებისას განაცხადა. ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები. „სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მინისტრის თქმით, მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, უსაფუძვლოა. „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები, რათა ნაკლებად ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებულები“, - აღნიშნა თურნავამ. ცნობისთვის, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება.

ბესიკ თამლიანს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლის განცხადებით, ვლინდებოდა ძალადობრივი მოქმედების ფაქტი, რაც გათვალისწინებული ძალადობის ნიშნებზე მიანიშნებდა. მისივე თქმით, არსებობდა გარკვეული საფრთხეები და მომეტებულად, ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. თავის მხრივ, ბესიკ თამლიანმა აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და შიმშილობას იწყებს. „იძულებული გამხადეთ შიმშილობა გამომეცხადებინა, 55 დღეში თუ იქნება პროცესი, 55-ვე დღე ვიშიმშილებ”, - აღნიშნა ბესიკ თამლიანმა. ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.

ევროკომისიამ ევროკავშირს მოუწოდა, სამოგზაურო შეზღუდვები ყოველდღიურად განიხილოს

ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო შეზღუდვები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გადაიხედოს, რათა დაიცვას თავისი მოქალაქეები კორონავირუსის ახალი ვარიანტისგან, განაცხადა პირველ დეკემბერს ევროკომისიამ. „ჩვენ სერიოზული ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. „ერთი მხრივ, მეოთხე ტალღის ფონზე ვართ... მეორე მხრივ, ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს არის ახალი ვარიანტი, „ომიკრონი". ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა დაამატა, რომ ევროკავშირის 27 წევრს ესაჭიროება ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება, ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 66% ახლა ვაქცინირებულია. ხუთიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები ვაქცინაციას 13 დეკემბრიდან შეძლებენ. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ სამხრეთ აფრიკიდან მოგზაურობაზე აკრძალვა დააწესა. კომისიამ ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრებს, ყოველდღიურად განიხილონ სამოგზაურო შეზღუდვები და მზად იყვნენ, გააძლიერონ კონტროლი, მათ შორის მიიღონ გადამწყვეტი ზონა, თუ „ომიკრონის“ ვარიანტი ახალ კლასტერებს გამოიწვევს.

შეძლებს თუ არა გასართობი ბიზნესი საახალწლოდ ღონისძიებების ჩატარებას

შეძლებს თუ არა გასართობი ბიზნესი საახალწლოდ ღონისძიებების ჩატარებას, ამასთან დაკავშირებით, მსჯელობა მიმდინარეობს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება. მთავარი მიზანია, რომ რაც შეიძლება მალე დავძლიოთ პანდემია, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ეკონომიკა ბოლომდე და ქვეყანას ნორმალური განვითარების საშუალება მივცეთ. შესაბამისად, ახალი წლისთვისაც გარკვეული მზადება და კომუნიკაცია ბიზნესთან არის, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლი და მეორე მხრივ, მივცეთ საშუალება, მათ შორის, გასართობ ბიზნესს, რომ საახალწლოდ გარკვეული ღონისძიებები ჩაატაროს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

როგორ გამოვიყენოთ Georgia e-Health-ისა და CovidPass Georgia-ს აპლიკაციები

რას ნიშნავს მწვანე სტატუსი, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ეს საკითხი კიდევ ერთხელ განმარტა. კერძოდ, მწვანე სტატუსი აქვს ადამიანს: როდესაც სრულად არის ვაქცინირებული; როდესაც გატესტილია და გატესტვის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ორი ვარიანტი - 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი და ასევე, როდესაც კოვიდგადატანილია რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს Georgia e-Health-სა და CovidPass Georgia-ს აპლიკაციის გამოყენება. „რაც შეეხება 2 აპლიკაციას. ეს ორი აპლიკაცია არის სხვადასხვა დანიშნულების. პირობითად რომ წარმოვიდგინოთ - პასპორტი, რომლითაც ჩვენ საზღვარგარეთ დავდივართ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება აპლიკაცია, რომელსაც ჰქვია Georgia e-Health და პირობითად, პირადობის მოწმობა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ დროს ქვეყნის შიგნით და ამ აპლიკაციას ჰქვია CovidPass Georgia. CovidPass Georgia გაცილებით უფრო მარტივია გამოსაყენებლად და იქ რეგისტრაციას და მონაცემების გამოტანას ძალიან მცირე ძალისხმევა სჭირდება. აქ მთავარი არის ის, რომ სკანირება უნდა მოხდეს CovidPass Georgia-ს აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია, დაასკანეროს ნებისმიერი სახის მატარებელი, რომელზედაც არის დატანილი QR კოდი. ეს იქნება ცნობა, რომელიც გაცემულია ამცრელი დაწესებულების მიერ, ტესტის პასუხი, რომელზეც ასევე არის QR კოდი დატანილი, CovidPass Georgia ასკანერებს Georgia e-Health-ის მიერ გენერირებულ QR კოდსაც, ის ასევე ასკანერებს იუსტიციის სახლში გაცემულ კოვიდ ბარათებს, ამიტომ, ამით მაქსიმალურად გვინდა შევუქმნათ მოსახლეობას კომფორტი და შევუწყოთ ხელი ბიზნესს, რომ მათ, რაც შეიძლება ნაკლები პროცედურები დასჭირდეთ, რათა მწვანე პასპორტმა და ამ კონცეფციამ იმუშაოს“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ. ამავე თემაზე საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა

ჩავუშოღლუს ინფორმაციით, ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს გამართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო მოლაპარაკებებს სავარაუდოდ, 3 დეკემბერს გამართავს, რომლის დროსაც შესაძლოა, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბროს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რიგაში განაცხადა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. „ჩვენ კონტაქტში ვართ ორივე მხარესთან [რუსეთთან და უკრაინასთან] და დეესკალაციის მომხრე ვართ. ცოტა ხნის წინ მე მქონდა მოლაპარაკებები [რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ] ლავროვთან და [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ] კულებასთან“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ. თურქეთს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ვერ მოაგვარებს პრობლემას და არ დაეხმარება უკრაინას. „გვჯერა, რომ სანქციები პრობლემას ვერ მოაგვარებს, წარსულში ამის მაგალითი არსებობს. ჩვენ ვნახეთ, როგორ დაწესდა სანქციები მთელ რიგ ქვეყნებზე, ჩვენ თვითონაც გავხდით სანქციების სამიზნე, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტს. მაგალითად, თუ სანქციების ნაცვლად თავშეკავებას ვირჩევთ, ეს უნდა იყოს მიზანმიმართული, მაგრამ ჩვენ, თურქეთს გვჯერა სწორი ბალანსის თავშეკავებასა და დიალოგს შორის. ასე რომ, უკრაინის და სხვა ქვეყნების დახმარება, მხოლოდ სანქციების დაწესებით შეუძლებელია“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ერდოღანმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, შუამავლის როლი იკისროს უკრაინასა და რუსეთს შორის.

იენს სტოლტენბერგი: რეფორმები საკვანძოა იმისთვის, რომ საქართველო და უკრაინა უფრო გაძლიერდნენ

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში მიმდინარე მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოების, ავღანეთის და დასავლეთ ბალკანეთის საკითხები განიხილეს. NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი „ურყევი“ რჩება, განაცხადა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს რიგაში მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრის დასასრულს. უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება, რასაც რუსეთისთვის სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება“. „ჩვენ ახლახან დავასრულეთ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პირველ სესიაზე შემოგვიერთდნენ საქართველო და უკრაინა. განვიხილეთ რეგიონში უსაფრთხოების გარემო. რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს მისი მეზობლების წინააღმდეგ. ამის მაგალითია უკრაინის გარშემო ჯარის თავმოყრა. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირი დაუჯდება და ამას სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. საქართველო და უკრაინა NATO-ს დიდი ხნის და ახლო პარტნიორები არიან. მათ წვლილი შეიტანეს ჩვენს მისიებსა და ოპერაციებში. ეს ქვეყნები მიისწრაფვიან წევრობისკენ. მინისტრებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენი მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ რეფორმების წინსვლის მნიშვნელობა, რომ გაძლიერდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია. კორუფციასთან ბრძოლა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორების ტრანსფორმაცია - ეს რეფორმები საკვანძოა იმისთვის, რომ საქართველოც და უკრაინაც უფრო ძლიერები და მედეგები გახდნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რიგაში NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იყო, მოკავშირეებმა ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმინეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათი ხედვები და იმსჯელეს როგორც რეგიონიულ, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობდა რიგაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართა კოლეგა მინისტრებს. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას