ძებნის რეზულტატი:
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4459 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 65 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 321 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 187 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 134 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 459 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 850 102-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.65%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 957 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 792 158. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 119 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა - 186, იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი - 128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 545 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 610, აჭარაში - 520, იმერეთში - 1 388. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 649, აჭარაში - 122, იმერეთში - 505. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 370 პაციენტი, მათგან თბილისში - 207, აჭარაში - 39, იმერეთში - 33. 1 125 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 249 - აჭარაში. 38 129 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 760 ადამიანი.
გერმანიამ საქართველოს 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის შესახებ, რომელიც მოხმარდება კოვიდ-პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას. აღნიშნული გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. "ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
დღეიდან გაზის ტარიფი იზრდება
დღეიდან გაზის ტარიფი იზრდება. ცვლილება "ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ" სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც ძალაში სწორედ დღეიდან შევა. ცნობილია, რომ გაზი 5 კომპანიის მომხმარებლებისთვის გაძვირდება. ამასთან, შპს "დიდი დიღმის" მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება. დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება. შპს "თელავგაზის" მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1 თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება. შპს "საჩხერგაზის" მომხმარებლებისთვის ტარიფი 0.635 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება. კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის ემსახურება. შპს "დი-ვი-ეს"-ისთვის ტარიფი 0.500 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრის ფასი 51.789 თეთრი იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალას ემსახურება. შპს "ყამარი მ"-სთვისაც ტარიფი 1 თეთრით გაიზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 51 თეთრი იქნება. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს. კორექტირებული ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება.
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან
ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი ნიცან ჰოროვიცი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველი გაჩნდა, რადგან პირველადი კვლევებით, ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული პირები „ომიკრონისგან“ დაცული არიან. „მომდევნო დღეებში ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება „ომიკრონთან“ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, მაგრამ ოპტიმიზმისთვის სივრცე უკვე არსებობს, რადგან პირველადი დაკვირვებით, ორჯერ ვაქცინირებული პირები ვირუსის ახალი ვარიანტისგან დაცული არიან“, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი რისკისგან თავის დაცვის მიზნით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. შეგახსენებთ ვირუსის ახალი სახეობა „ომიკრონი“ რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკიდან გავრცელდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს, რომელიც 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. როგორც თამლიანის ადვოკატი თეონა ქურიძე აცხადებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს. „დუმილის უფლებას იყენებს ბატონი ბესიკი, მას ოფიციალურად ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით. ეს მუხლი წარმოადგენს ზეწოლით, ძალადობით ან მუქარით ხელშეშლას სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დამცავის მიმართ, ხელშეშლას მის საქმიანობაზე. მუხლის კვალიფიკაციას რაც შეეხება, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა იყო მობრძანებული შეამოწმეს, აღწერეს დაზიანებები, ასევე იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი იქედან გამომდინარე, რომ განცხადებებია ინსპექციაში შესული, რომ გადამეტება იყო პოლიციის მხრიდან, გამოიკითხა ის, მისცა ჩვენება და გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა თეონა ქურიძემ. ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს.
სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა მილიონს გადასცდა
"დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა", - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %. ამასთან, სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი, მოზრდილი მოსახლეობის 35.1%, ხოლო 30 ნოემბერს აიცრა 11 999 მოქალაქე.
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას უარყოფითად აფასებენ
ხელმომწერი ორგანიზაციები “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შეჩერებისა და საარჩევნო ბარიერის შემცირებაზე შესაძლო უარის შესახებ, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესისთვის დამაზიანებლად მიიჩნევენ. 19 აპრილს, შარლ მიშელის მედიაციით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებდა ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, მათ შორის მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით გამართვას და შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბუნებრივი ან, მაქსიმუმ, 2%-იანი ბარიერის შემოღებას. “ქართული ოცნება” შეთანხმების დატოვების შემდეგ აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას აგრძელებს. შესაბამისი ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების მიუხედავად, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება ეჭვქვეშ დააყენა, მისი თქმით, მიღების შემთხვევაშიც, ეს ოპოზიციისთვის საჩუქარი იქნება. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მმართველის პარტიის მიერ, საერთაშორისო, ადგილობრივი პარტნიორებისა და საზოგადოების წინაშე დადებული პირობა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის დონის გაუმჯობესებას ემსახურება, აუცილებლად უნდა შესრულდეს, რადგან ეს მმართველი ძალის უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. სრულად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედება და საარჩევნო ბარიერის შემცირება არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ ქვეყნის ინტერესებშია და ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების ადეკვატურად ასახვასა და პლურალიზმის განმტკიცებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, ერთხმად, ოპოზიციური საპარლემენტო პარტიების მხარდაჭერითაცაა მიღებული, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პარტიების შეთანხმებისა და თანამშრომლობის იშვიათ და მისასალმებელ მაგალითს წარმოადგენს. რეფორმის გაგრძელებაზე უარი, ამ მხრივაც დააზიანებს ისედაც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ეჭვქვეშ დააყენებს მმართველი პარტიის სანდოობას. ხელმომწერი ორგანიზაციები სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) ლიბერალური აკადემია საზოგადოება და ბანკები ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) საქართველოს ატლანტიკური საბჭო (ACG) დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD) საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი(რონდელის ფონდი) – GFSIS სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მედიის განვითარების ფონდი (MDF) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
თამარ გაბუნია: ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს
"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ. 6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას
„მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რიგაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე. იენს სტოლტენბერგის თქმით, „ივნისში, ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“. „საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ NATO-ს ოპერაციებსა და მისიებში და ისწრაფვიან ალიანსში გაწევრიანებისკენ. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, რიგაში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რიგაში დაგეგმილ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულებში კოვიდვაქცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. მისივე თქმით, ბუსტერდოზების შემთხვევაში, მაჩვენებელი მაღალი არაა. „კარგია, რომ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ - 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედისმომცემია. 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაცია გააქტიურებულია. როგორც ჩანს, ძალიან დადებითი შედეგი მოჰყვა ფინანსური წახალისების სქემას, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. მაგალითად, თუ 7 ნოემბერს, 60 წლის ზემოთ ასაკის 156 პირი აიცრა, 8 ნოემბერს, უკვე 1000-ს გაადაჭარბა მაჩვენებელმა. დღეს, 3-4 ათასი იცრება ყოველდღე, რაც ძალიან კარგია. „მწვანე საშვი“ და ფინანსური წახალისება - ესაა მაჩვენებლის მატების ორი მიზეზი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 999-მა ადამიანმა გაიკეთა.
თამარ გაბუნია: ხვალ კონკრეტული რეკომენდაციები გვექნება
"დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე გვექნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას დაწესებული 6-თვიდან 5-თვემდე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, 18 წლიდან ზემოთ ყველა პირს დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე. „ვაქცინაციის საბჭოზე განხილულ იქნა „მწვანე საშვის“ ამოქმედების საკითხი, ასევე იქნა განხილული ახალ ვარიაციასთან - ე.წ. ომიკრონის შტამთან დაკავშირებული ცვლილებები, საერთაშორისო გამოცდილება და ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამა, მათ შორის, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების საკითხი იმისთვის, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს", - განაცხადა გაბუნიამ.
დავით ზალკალიანი: NATO-ს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობასა და პროგრესს ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგაში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით აღნიშნა. დავით ზალკალიანის განცხადებით, მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით. მისი თქმით, მინისტერიალზე მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და განიხილეს ის 2030 წლის განახლებული სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც ამავე სამიტზე დაამტკიცებენ. „დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია საქართველოსა და უკრაინის მიპატიჟება მადრიდის სამიტზე. ასევე, თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე ჩართულნი ვართ NATO-ს ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი მონაწილეობა უაღრესად აქტუალურია მომავალი წლის მადრიდის სამიტზე და ახალი სტრატეგია იქნება მნიშვნელოვანი ხაზგასმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის განგრძობადობის და ამ თვალსაზრისითაც დღევანდელი საუბრები იყო ძალიან შედეგიანი,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დღევანდელ მინისტერიალზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც, ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობას და პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იყო წარმოდგენილი ნატოს შეფასების დოკუმენტი ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც, საქართველოს აქვს უაღრესად პოზიტიური შეფასებები NATO-ში ინტეგრაციის კუთხით. მისივე შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტის მიღება ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზაზეა NATO-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც, ჩვენ გვაქვს, არის წარმატებით შესრულებული. ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალის ფარგლებში, განხილულ იქნა ის წინადადებები, რომელთაც საქართველო წარადგენს ნატოელი პარტნიორების წინაშე, ხედვები, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანების უახლოეს სამოქმედო გეგმას და იმ ნაბიჯებს, რომელიც, უნდა იყოს გადადგმული საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, საუბარი შეეხო იმ შემხვედრ ნაბიჯებსაც, რომელთა მოლოდინიც აქვს საქართველოს NATO-ელი პარტნიორების მხრიდან. „იყო უაღრესად პოზიტიური შეფასებები და ბუნებრივია დღევანდელი განხილვა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ NATO-ს 2022 წლის მადრიდის სამიტი იქნება შედეგიანი ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, და იმ პროგრესის ასახვის კუთხით, რა პროგრესიც აქვს ქვეყანას NATO-ში ინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ზალკალიანმა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტერიალის ფარგლებში NATO-ს გენერალური მდივნის და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ასპირანტი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერა. აღინიშნა, რომ საქართველო არის NATO-ს უახლოესი პარტნიორი და ხაზი გაესვა მის წვლილს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მათ შორის NATO-ს უახლოეს ოპერაციებსა და მისიებში. მინისტერიალზე კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ NATO ერთგულია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების და გამოხატავს მზაობას, განაგრძოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის იყო შავი ზღვის უსაფრთხოება, ამ კონტექსტში ალიანსის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათი ინტეგრაციული მექანიზმების გაძლიერება და შემდგომი მხარდაჭერა. რიგის მინისტერიალზე მიღებული იქნა სპეციალური ანგარიში ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით, სადაც ასახულია როგორც ასპირანტი ქვეყნების მხრიდან NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე ალიანსის მხრიდან გაწევრიანების გზაზე ასპირანტების დახმარების კონკრეტული მექანიზმები და ახალი მიმართულებები. „აღნიშნულ მინისტერიალს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ალიანსის 2022 წლის სამიტის წინ, სადაც უნდა მოხდეს NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცება. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეჟღერებინა ის მოლოდინები, რაც არსებობს 2022 წლის სამიტთან დაკავშირებით. საქართველო აქტიურად არის ჩართული NATO-ს 2030 სტრატეგიული ხედვის შემუშავების პროცესში, რათა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები სრულფასოვნად იყოს ასახული ამ სტრატეგიაში, რომელიც NATO-ს მომდევნო 10 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის მოსამზადებელ პერიოდში ქართულმა მხარემ შეიმუშავა და ალიანსს გადასცა საკუთარი ხედვები ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის გზაზე როგორც პრაქტიკული ასვე პოლიტიკური მხარდაჭერის გაძლიერების თვალსაზრისით, რაც მათ შორის გულისხმობს რეფორმების განხორციელებას, ასევე ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ქვეყნის მედეგობის განმტკიცებას. მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა მიუთითებს ალიანსის მხრიდან რეგიონის უსაფრთხოების მაღალ პრიორიტეტულობაზე და ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა NATO-ს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან. განვაგრძობთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ საეჭვო შემთხვევა გამოვლინდეს. გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია დადგინდეს, მუშაობს თუ არა „ომიკრონის“ შტამზე ის ვაქცინები, რომლებიც აქამდე შეიქმნა. „ჩვენთან მიმდინარეობს დაკვირვება სხვადასხვა შტამებზე, ერთი არის პისიარტესტები, გვაქვს უკვე სპეციფიკური ტესტები. შემდეგი არის სეკვენირება. ჯერ „ომიკრონი“ არ გამოჩენილა. კონტაქტი გვაქვს ჩვენს ორ ძირითად პარტნიორთან, ესენია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი ლაბორატორიული სამსახური და ბუნდესვერის ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტი, რომლებიც ვფიქრობ, მალე მოგვაწვდიან პისიარტესტებს. ჩვენს ლაბორატორიებს გუშინაც დაეგზავნათ პროტოკოლი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეჭვი მიიტანონ „ომიკრონზე“, რათა ეს ნიმუშები გამოგზავნონ ლუგარში, ჩატარდეს სეკვენირება და დადგინდეს არის თუ არა „ომიკრონი“. ამის საშუალება დღეს არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: 12-15 წლის ასაკის მოსახლეობიდან, მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 027, ხოლო 16-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 11 215
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 12-15 წლის ასაკის მოსახლეობიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 2 027, ხოლო 16-17 წლის ასაკის 11 215 მოქალაქე. ამასთან, როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელება უფრო მეტად იყოს ახალგაზრდებში. „განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის მოსახლეობის აცრაზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, 10% - 50-დან 60 წლამდე მოსახლეობაში, 5% კი მოდის დაბლა ასაკზე, მაგრამ დაბლა ასაკი გამავრცელებელია. 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია დავიწყეთ. დღევანდელი მდგომარეობით ამ ასაკის 2 027-ია აცრილი, ხოლო სრულად 122. 16-17 წლის მოზარდებში შედარებით მეტია - აცრილია 11 215 მოზარდი, მაგრამ ეს არასაკმარისია. ამ მხრივ განსაკუთრებით „ომიკრონის“ ცირკულაციასთან დაკავშირებით საშიშროებაა, რომ ახალგაზრდა ადამიანებში მეტი გავრცელება იყოს. ახალგაზრდა ასაკი აზიანებს ხანდაზმულებს და ხანდაზმულებში გამოსავალი რთულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს 50-60 წელს გადაცილებულების ვაქცინაციას
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე, რადგან სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ ასაკის პირებში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთადერთ პოზიტივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტესტირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, დადებითობის პროცენტი 8-9%-ს შორის მერყეობს და მაღლა არ მიდის. „რეპროდუქციის ინდექსი, ჯერჯერობით, 1-ის ქვემოთ რჩება, თუმცა, საყურადღებოა, რომ წინა კვირის შესაბამის დღეებთან მიმართებით ოდნავ მატებაა. ჩვენ ვართ მაღალ ციფრებზე, რაც საყურადღებოა და ზამთრის რესპირაციული სეზონის პირობებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან მალე, ალბათ, გრიპის ვირუსი გამოჩნდება. ამ მდგომარეობას ჩვენ "თვინდემიას" ვეძახით. თუ ჩვენ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაცია ვერ მოვახერხეთ, სამწუხაროდ, ეს ძალიან ცუდი და ტრაგიკული შემთხვევები კიდევ გვექნება. მივმართავ საზოგადოებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება იყოს 50-60 წლის ზემოთ მოსახლეობის აცრებზე. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წლის ზემოთ, შემდეგ 10% მოდის 50-დან 60 წლამდე ასაკის პირებში და 5% არის უფრო ახალგაზრდა ასაკში. ეს დაბალი ასაკი უფრო მეტად არის გამავრცელებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი საქართველოში მისიას ასრულებს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი საქართველოში მისიას ასრულებს. წარმომადგენლობის ცნობით, ოთხწლიანი მისიის განმავლობაში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში (NLO) ორიენტირებული იყო ინსტიტუციების მშენებლობაზე, საქართველოს მედეგობის გაძლიერებასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის მხარდაჭერაზე. მიუხედავად გამოწვევებისა, ამ წლების განმავლობაში NLO ხელს უწყობდა საქართველოს ძალისხმევას, რომლეც მიმართულია ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებისკენ. „დადგა დრო მოვემზადო გამგზავრებისთვის და დავემშვიდობო საქართველოს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის პოზიციაზე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემი მისია საქართველოში დასასრულს მიუახლოვდა. ამ დასამახსოვრებელი წლების განმავლობაში ვიხილე საქართველოსა და NATO-ს შორის პარტნიორობის ზრდა და განვითარება როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსობრივი კუთხით“, - ამბობს როსარია პუგლისი საქართველოსთან გამოსამშვიდობებელ სტატიაში, რომელიც Civil.ge-ზე განთავსდა. Europetime-მა როსარია პუგლისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ივნისში ჩაწერა. სრულად ინტერვიუ შეგიძლიათ, ამ ბმულზე წაიკითხოთ.
პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია
საქართველოს პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია. კერძოდ, პარლამენტმა დღეს კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ძიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი). პარლამენტმა ეს ნაბიჯი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე გადადგა. ამერიკის და ევროკავშირის საელჩოები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, პრიორიტეტი მიანიჭებინა მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და 2022 წლის გაზაფხულამდე დაასრულოს რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასება. ამავე თემაზე: აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს ევროკავშირის საელჩო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენებს არ ესწრება
გიგი უგულავას სასამართლომ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. პოლიტიკოსი 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა. დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. მათივე განცხადებით, უგულავამ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. თავის მხრივ, უგულავას თქმით, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ცნობისთვის, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. „სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, დიდი ხანია ტანდემში ერთიან რეჟიმს წარმოადგენენ. ნოტარიალურ კანტორად არიან გადაქცეულები. 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში“,- განაცხადა გიგი უგულავამ.
თენგიზ ცერცვაძე: საკოორდინაციო საბჭოს ძალიან სერიოზული შეცდომაა, რომ ყველა კოვიდ გადატანილს თანაბრად აძლევს „მწვანე ბარათს“
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ დღეიდან „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება ეპიდვითარებაში გარდამტეხ ცვლილებას შეიტანს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდ გადატანილ პაციენტებს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად ექნებათ. „რომ გითხრათ, ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს, ეს ასე არ არის. აღსრულების მექანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის არასაკმარისია, ისევე, როგორც არასაკმარისი იყო პირბადის ტარებაზე. ამიტომ, არ მგონია, ამან ძალიან სერიოზული გარდატეხა შეიტანოს, მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც იქნება, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი შემთხვევების ზრდის შემცირებას და იქნება დამატებითი, ერთ-ერთი სტიმული იმისთვის, რომ მოსახლეობის უფრო მეტმა ნაწილმა ჩაიტაროს აცრა", - განაცხადა ცერცვაძემ.
ივანე ჩხაიძე: კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა უნდა გადაიხედოს და ვადა 6 თვემდე შემცირდეს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, კოვიდგად გატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა გადაიხედოს და ვადა 6 თვემდე შემცირდეს. როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, საქართველოს 6-თვიანი პერიოდი სჭირდება. "იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს ექნება რეკომენდაცია, რომ გადაიხედოს კორონავირუსის გადატანის შემდგომ უვადო „მწვანე პასპორტის“ იდეა და ეს იყოს შემცირებული 6 თვემდე. ვთვლით, რომ 6-თვიანი პერიოდია ის, რაც ახლა სჭირდება საქართველოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა. ამავე თემაზე: კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გასაჩივრდა ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია