ძებნის რეზულტატი:

ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტები ირაკლი ღარიბაშვილს: მოახლოებული სამიტი საერთო ფასეულობების დემონსტრირების დროული შესაძლებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მიიწვიეს, რომელიც ბრიუსელში, 15 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ მიწვევაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი სამიტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის იქნება მორიგი შესაძლებლობა საერთო ღირებულებების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირებისთვის. „გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე, რომელიც თავად აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის განმტკიცებას ისახავს მიზნად მიმდინარე გლობალური გამოწვევების პირობებში. 2019 წელს აღვნიშნეთ პარტნიორობის ათი წლის იუბილე. მას შემდეგ განვიცადეთ ახალი კორონავირუსის პანდემია, რომელიც გრძელვადიანი ეფექტის მოხდენის რისკის წინაშე ამყოფებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობასა და ეკონომიკას. პანდემიამ არც იმის შესაძლებლობა მოგვცა, რომ გასულ წელს შევხვედროდით. აღმოსავლეთ პარტნიორობის წლევანდელი სამიტი ჩვენი საერთო ფასეულობების, ერთობისა და სოლიდარობის დემონსტრირების დროულ შესაძლებლობას იძლევა, თან შეგვეძლება ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის სტრატეგიული ხედვის შემუშავება მაშინ, როდესაც აუცილებელი რეფორმების გზაზე დაწინაურებას ვცდილობთ, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე ვრეაგირებთ და წინ მიგვყავს ჩვენი პარტნიორობა. ახლადშემოთავაზებული დღის წესრიგი, სახელწოდებით „რეფორმები, აღდგენა და გამძლეობა“ გამყარებულია ამბიციური, რეგიონული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით. ეს გახლავთ შორსმიმავალი გზამკვლევი მდგრადი, პოსტ-პანდემიური აღდგენის ხელშესაწყობად, რაც გამძლეობის უნარის გამომუშავებასა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამ საკითხების განსახილველად გთავაზობთ შეხვედრას ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერთა, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურთა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობათა მეთაურების დონეზე. მოუთმენლად ველით თქვენს მიღებას ბრიუსელში და ჩვენს მნიშვნელოვან დისკუსიებს“, - აღნიშნულია ოფიციალურ მიწვევაში.

განათლების მინისტრი: მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს

მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ რაც არ უნდა კარგი იყოს ონლაინ სწავლება, ის ვერასდროს ჩაანაცვლებს სასწავლო პროცესს, რომელიც საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს. „ყველა სკოლაში ინტერნეტის ამა თუ იმ ფორმით ხელმისაწვდომობა არის. თუმცა კარგად ვიცი, რომ ოჯახებში ინტერნეტზე წვდომა ან გაჯეტი ყველას არ აქვს. შესაბამისად, როდესაც პანდემია მძვინვარებდა და სისტემა დისტანციურზე გადავიყვანეთ, იმის გამო, რომ ვიცოდით, ყველას არ ჰქონდა წვდომა ონლაინზე, ერთ კვირაში შევქმენით „ტელესკოლის“ პროექტი. ბრიტანეთშიც აღმოჩნდა, რომ ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და ეს იყო მთავარი მიზეზი, რისთვისაც BBC-მ დაიწყო „ტელესკოლის“ პროექტი. ჩვენთან შეიქმნა საგანმანათლებლო არხი, რომელსაც საერთაშორისო აღიარება აქვს, ასე გადავწყვიტეთ პრობლემა და იმუშავა. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ დავბრუნდით ბუნებრივ გარემოში და ონლაინ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის მთავარ პრინციპზე. მისი თქმით, უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული - ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც. მინისტრის თქმით, პროექტი დასრულებულია და ახლა ხდება ფორმულის შეჯერება, თუ როგორ მოხდეს დაფინანსების განაწილება. „დაფინანსების ახალი მოდელის მთავარი კონცეფცია არის საბაზო დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებს ექნება საბაზო დაფინანსება, რაც გარანტიას იძლევა, რომ უნივერსიტეტებს ექნებათ ფინანსები, რომელიც მოხმარდება როგორც აკადემიური პროცესის, ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროცესის განვითარებას. მთავარი პრინციპი შემდეგია - უნივერსიტეტების ფინანსური კეთილდღეობა სტუდენტების რაოდენობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ამან გამოიწვია მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის აკადემიური კუთხითაც. მოხდა ნიშნების ინფლაცია, ანუ გამოცდა აღარ გამოცდობს. რატომ? - იმიტომ, რომ ფაკულტეტი არ არის დაინტერესებული, სტუდენტი გამოცდაზე ჩაიჭრას, დაკარგოს სტუდენტი, რადგან ფაკულტეტის და უნივერსიტეტის კეთილდღეობა მიბმულია მხოლოდ სტუდენტების რაოდენობაზე. ეს არასწორი მიდგომაა. საბაზო დაფინანსება გარანტიაა იმ ფინანსური მინიმუმის, რომელიც საჭიროა უნივერსიტეტის ფუნქციონირებისთვის. ეს დაფუძნებული იქნება თვლად ინდიკატორებზე. შემდეგი ეტაპია დაფინანსების ფორმულის კონკრეტიკის გათვალისწინება. შეხვედრები გაიმართება რექტორთა ჯგუფებთან. შემდეგ ამას გავიტანთ რექტორთა საბჭოზე. პროცესში ჩართული იქნება პარლამენტი. გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, რომ იმ კონკრეტულ ფორმულაზე შევჯერდეთ, რასაც გამოვიყენებთ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც კომპეტენციის ზღვარი ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსის გზით ჩანაცვლდებიან. „ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. ეს გამოცდა იყო მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი, სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი სკოლებში“, - აღნიშნა ჩხენკელმა. ცნობისთვის, 2021 წელს 6 878 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან, საკუთარ საგანში მინიმალური ზღვარი 2 886-მა ვერ გადალახა. უნარებში - 2 365-მა. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, შემოდგომის სემესტრის შემდეგ ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან. მასწავლებელთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას აქციებით აპროტესტებს.

კახა კალაძე „ინტერ რაოს“ სარჩელზე: ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

„ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო. მე ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი ვთქვი კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, „საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი“. „რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. „კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, 23 ნოემბერს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-სთვის 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა. მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად განისაზღვრა და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. ამავე თემაზე: ნათია თურნავა Inter Rao-ზე: უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო

პუტინი გარანტიებს ითხოვს, რომ NATO აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდება

მოსკოვი „აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგით“ ითხოვს „კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც გამორიცხავს NATO-ს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით“, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასთან იარაღის ისეთი სისტემების განთავსებას, რომლებიც მოსკოვში მუქარის შემცველად მიაჩნიათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა და აღნიშნა, მოსკოვს დასჭირდება არა მხოლოდ სიტყვიერი გარანტიები, არამედ "სამართლებრივი გარანტიები". „დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ნაკისრი ზეპირი ვალდებულებები, იგნორირება მოახდინეს რუსეთის შეშფოთების და ამას კვლავ განაგრძობენ. ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს არ ვითხოვთ. გვესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს როგორც რუსეთის, ისე ყველა ჩრდილოატლანტიკური სახელმწიფოების ინტერესებს. წყნარი, სტაბილური ვითარება ყველასთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასეთი ვითარება სჭირდება ყველას, გამონაკლისის გარეშე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" დაფიქსირდა

აშშ-ში კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" გამოვლინდა. პირველი შემთხვევა კალიფორნიაში დადასტურდა. ამის შესახებ AP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. მეცნიერები ამ შტამს, რომლის წყაროდ თავდაპირველად სამხრეთ აფრიკა დასახელდა, ჯერ კიდევ იკვლევენ. მედიაში ცნობები უკვე გავრცელდა, რომ "ომიკრონი" ევროპაში, კერძოდ, ნიდერლანდებში დაფიქსირდა, ვიდრე ამის შესახებ სამხრეთ აფრიკა გაავრცელებდა ინფორმაციას. საპასუხოდ, როგ ქვეყნებთან ერთად, ბაიდენის ადმინისტრაციამაც დააწესა შეზღუდვები სამხრეთ აფრიკიდან ფრენებზე. ეს ზომა ძალაში 29 ნოემბრიდან შევიდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს, რათა კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონს" ებრძოლოს. ამის შესახებ BBC იუწყება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი უაღრესად გადამდები ახალი ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში. "როგორ შეგვიძლია, წავახალისოთ და პოტენციურად ვიფიქროთ ევროკავშირში სავალდებულო ვაქცინაციაზე. ამას დისკუსია სჭირდება. ამას საერთო მიდგომა სჭირდება, მაგრამ ეს არის დისკუსია, რომელიც, ვფიქრობ, უნდა წარიმართოს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, რიგ ქვეყნებში "ომიკრონის" დაფიქსირების გამო, ევროკავშირმა სამხრეთ აფრიკის ქვეყნებიდან მოგზაურობაზე შეზღუდვა დააწესა. ანალიგიურ ზომას მიმართა აშშ-მაც. დღეს შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევა დადასტურდა. პირველი ინფიცირებული კალიფორნიაში აღირიცხა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან უკვე წამოიყვანეს. ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს. „ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის“,- აცხადებს შოთა თუთბერიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესია ჩანიშნული, მისი მხარდამჭერები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცველები განლაგებული არიან როგორც სასამართლო შენობის წინა, ისე გვერდითა შესასვლელთან. რაც შეეხება მედიის წარმომადგენლებს, მათ დღესაც არ აქვთ შესაძლებლობა შევიდნენ სასამართლო შენობის ეზოში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომის მიმდინარეობას მხოლოდ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გააშუქებს.

საქართველოში COVID19-თ ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

საქართველოში COVID19-თ ინფიცირების 3731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4295 ადამიანი. გუშინ საქართველოში 50 626 ტესტი ჩატარდა.

ადვოკატი: ჩვენი უპირველესი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის სხდომების საჯაროობა

"ჩვენი უპირველესი ამოცანა არის სხდომების საჯაროობა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს", - ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა თანხების გაფლანგვის საქმე, რომელიც საქალაქო სასამართლოში დღეს განიხილება. ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარის უპირველესი ამოცანა სასამართლოში მიმდინარე საქმეების საჯაროობა, რის გამოც ისინი ყველა პროცესზე დააყენებენ პირდაპირ ეთერში ტრანსლირების შუამდგომლობას. „ჩვენი უპირველესი ამოცანა არის ამ სხდომების საჯაროობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ რა სამარცხვინო ბრალდებები აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და ერთ-ერთი გამორჩეული საქმე არის სწორედ „პიჯაკების საქმე“. სწორედ ამიტომ, ცხადია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სხდომა გადაიცემოდეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიების მეშვეობით. მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილმა ასევე, მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დაესწრონ პროცესზე, გაშუქების ფუნქციის გარეშეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ექნება შესაძლებლობა წარსდგეს სიტყვით სასამართლო სხდომაზე და ჩვენ მოვისმენთ მის განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ზოგად შეფასებებს", - განაცხადა ადვოკატმა.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრება. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ბრალდებულის სახით პირველად ესწრება. ცნობისთვის, საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა პროკურორების გიორგი მუჯირისა და არჩილ ტყეშელაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა მას შემდეგ გააჟღერა, რაც სხდომაზე პროკურორის განცხადების ჩანაწერი ჩართო. რაც შეეხება თავად პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებას, რომელიც გვარამიამ სხდომაზე ჩართო, პროკურორი ამბობს, რომ „2011 წლის 26 მაისს, როდესაც რუსთაველის გამზირზე, პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და ჯანმრთელობის დაზიანება უამრავმა ადამიანმა მიიღო, მესამე დღეს სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში და იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს“. ნიკა გვარამიას შეფასებით, პროკურორის განცხადება პოლიტიკური შინაარსისაა. მოსამართლემ პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, პროკურორის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტი დაცული იყო. „დაყენებულია საკითხი ერთ-ერთი პროკურორის საქმიდან ჩამოცილების თაობაზე, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მისი გამოსვლის გამო, რაც დაცვის მხარის ვერსიით, შეფასდა მიკერძოებად და პოლიტიკური მიკერძოებულობის საყვედურით მოითხოვს დაცვის მხარე ერთ-ერთი პროკურორის საქმესთან ჩამოშორებას. ჯერ უნდა იცოდეს საზოგადოებამ რა არის მიკერძოება, რა არის პოლიტიკური მიკერძოება და კონკრეტულად ეს სიტყვები ჯდება თუ არა ამ ფარგლებში. მიკერძოება ეს არის გადახრა პირის სასარგებლოდ ან საზიანოდ, რაც სამართალში ორივე შემთხვევაში დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ეს გახლავთ ისეთი შემთხვევა, როდესაც პროკურორი სისხლის სამართლებრივ დევნასა და ბრალდებას აფუძნებს არამხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე, არამედ უპირატესად პოლიტიკურ მოტივაციაზე, ნიშანზე, სარჩულსა და საფუძველზე. შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი მხრივ წარიმართოს საერთოდ პოლიტიკური ნიშნით, რაც კლასიკური გაგებით პოლიტიკური დევნაა, ამავდორულად, შეიძლება არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი დევნისა და ბრალდებისა, თუმცა, პროცესში პროკურორმა გამოიჩინოს იმგვარი მიკერძოება, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არათანაბარზომიერ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნის ადრესატებს. როდესაც პროკურორი ახორციელებს სისხლის სამართლებრივ დევნას და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ბრალდების კომპონენტი მოიცავს მათ შორის გაკიცხვის ელემენტსაც, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მორალურ კატეგორიას. სიუჟეტში რა თარიღებიც იყო ნახსენები და დაკავშირებული იყო იმასთან, ამ თარიღების შემდეგ შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ეს მომსახურება საზღვარგარეთ მიეღო. ეს გარკვეულწილად შესაძლებელია, სცილდებოდეს სამართლებრივ ფარგლებს იმ თვალსაზრისით, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს აღარ ეხება, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადადის და ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ამ თარიღების შემდეგ პრეზიდენტს უნდა მიეცა თუ არა თავისთვის ამის უფლება, რომ ასეთი მომსახურება მიეღო. ეს მხოლოდ და მხოლოდ მორალურ სფეროში გადასული საკითხია და პოლიტიკური მიკერძოება გამოვლენილი ნამდვილად არ არის. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ამ შემთხვევაში დაცულია", - განაცხადა კოჭლამაზაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმჟამინდელი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტის სასახლის ერთ-ერთი კორპუსის 410-ე ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის სასახლის ბ კორპუსის 410-ე ბრიფინგების ოთახს მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა. აღნიშნულ ინიციატივას დღეს მხარი პარლამენტის ბიუროს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს. ინიციატივის ავტორი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანია. „კოლეგებო რა თქმა უნდა მაქვს და მქონდა თქვენი იმედი, რომ მხარს დაუჭერდით აღნიშნულ საკითხს მარო მაყაშვილის სახელის მინიჭება სასახლის ერთ-ერთი დარბაზისთვის კიდევ უფრო ხაზს უსვამს ქალების როლს საქართველოს ისტორიაში.ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღწევაში და დიდი მადლობა განსაკუთრებით ოპოზიციონერ დეპუტატებს , რომლებმაც აღნიშნულ საკითხს მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა წილოსანმა. სხდომის წამყავნის, გია ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივა გაჟღერდა. „ღირსეული ქალი ჩვენი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე. ვფიქრობ, სიმბოლოც არის და კარგია. მე არც ვიცოდი, რომ ამ ოთახს სახელი აქამდე არ ჰქონდა, სათათბირო ოთახები ყველა პრაქტიკულად უკვე სახელობითია, ეროვნული გმირების სახელს ატარებს და მისასალმებელია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დელეგატების ხმათა უმრავლესობით, ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევას მხარი დაუჭირა. პირველ დეკემბერს 24-ე სესიაზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას კიდევ ოთხი წლით, 2022-2025 წლებში უხელმძღვანელებს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მეორე ვადით 2021 წლის იანვარში წარადგინა. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ესპანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს.

დავით ზალკალიანი: მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის

რიგაში გამართულ NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა სახელმწიფო მდივან ბლინკენს NATO-ს მინისტერიალზე აშშ-ის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის, იმისათვის, რომ ხაზი გაესვა საქართველოს საკითხს მაღალი დონის დღის წესრიგში და ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი წვლილი გლობალური უსაფრთხოებაში კონტექსტში, მათ შორის ავღანეთში განვითარებული მოვლენების დროს. მადლიერნი ვართ აშშ-ის მიერ თავისი სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გამოჩენილი ძალისხმევისთვის“, - ნათქვამია ზალკალიანის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში. ლატვიის დედაქალაქ რიგაში (30 ნოემბერი-პირბელი დეკემბერი) NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას NATO-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ. მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის, განაგრძოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

ეუთოს მინისტერიალი: ზალკალიანი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლსა და სამშვიდობო ინიციატივებზე ისაუბრებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სტოკჰოლმში იმყოფება, სადაც 2-3 დეკემბერს, ეუთოს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაში მონაწილეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობი, მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვა მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ეუთოს ფუძემდებლური პრინციპების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, ასევე ხაზს გაუსვამს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ამ მხრივ არსებულ სამშვიდობო ინიციატივებს. მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები კოლეგებთან, მათ შორის ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ანნ ლინდესთან, ასევე ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელთან, ტერეზა რიბეიროსთან. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა. მინისტერიალის ფარგლებში მიღებული იქნება ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა. „ბინძურო მატყუარავ, ბინძურო მატყუარავ“, – მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ პროკურორს. პროცესზე ხმაური 26 მაისის თემამ გამოიწვია. ადვოკატების განცხადებით, პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებულია და მათთვის გაუგებარია, რატომ ახსენა მუჯირმა ინტერვიუში 26 მაისის საქმე, სადაც ის ამ საქმეში დაზარალებულ მოქალაქეებზე საუბრობდა.

ენტონი ბლინკენი სტოქჰოლმში ეუთოს მინისტერიალზე ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტოკჰოლმში ჩავიდა. ბლინკენი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინისტრთა საბჭოს შეხვედრას დაესწრება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მინისტრები განიხილავენ ევროპა-ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებას და უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას ეუთოს პრინციპების დაცვით. მდივანი შეხვდება შვედეთის ოფიციალურ პირებს და განიხილავს აშშ-შვედეთის ურთიერთობის მნიშვნელობას და ერთობლივ სამუშაოს საერთო მიზნების მისაღწევად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მინისტერიალის ფარგლებში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი NATO-სა და ეუთოს მინისტერიალებზე საქართველოსა და უკრაინის საკითხზე საუბარს გეგმავს „შეხვედრა იმ დროს იმართება, როდესაც დასავლეთის სამხედრო ალიანსსა და რუსეთს შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო. ლავროვთან შეხვედრამდე ბლინკენი სამიტის ფარგლებში ცალკე შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-ის ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მანამდე რიგას ეწვია, სადაც პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს, პრემიერ-მინისტრს კრისიანის კარინსს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედგარს რინკევიჩს შეხვდა. შეხვედრების მიზანი ლატვიასა და შეერთებულ შტატებს შორის ძლიერი პარტნიორობის დადასტურება იყო. რიგაში ყოფნისას მდივანმა გამართა ორმხრივი შეხვედრები მოკავშირე კოლეგებთან და დაესწრო NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რათა მოკავშირეებთან განეხილა ალიანსისა და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოების საკითხები. ამასთან, რიგაში, ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა კვლავ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულება ალიანსისა და მე-5 მუხლისადმი. მდივანმა და გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილეს კონსულტაციების გაგრძელებისა და ალიანსის ერთიანობის მნიშვნელობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავება, შეიარაღების კონტროლი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთობლივ ძალისხმევაზე იმსჯელეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ ეთიოპიის კრიზისი და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად ერთობლივი ძალისხმევის საკითხი განიხილეს. „მათ ასევე განიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანში, ასევე ავღანეთში. დისკუსია დაეფუძნა, გასულ თვეს, რომში ორმხრივ თანამშრომლობასა და სხვა პრიორიტეტებზე, მათ შორის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ერდოღანის საუბარს“, - აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი. ენტონი ბლინკენი სტოქჰოლმში ეუთოს მინისტერიალზე ჩავიდა

მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ, მოვისმინო ყველა პრეტენზია, სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი

"მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში, პირადი პატიმარი ვარ რუსული სისტემის, და როდესაც ითხოვთ მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს, გთხოვთ გაიგეთ, რა მდგომარეობაში ვარ. სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, საზოგადოებასთან ღია დისკუსია უნდა და საქართველოში სწორედ ამის გამო დაბრუნდა. "მეგობრებო, ვინც ჩემ ბოდიშს, ან არაგულწრფელად, ან არასაკმარისად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება დაშვებული შეცდომების საკმარისია და ვისაც მიაჩნია, რომ ეს საერთოდ არაა საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, ყველაფერი, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია. ბევრი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვახტე მეტი ბოდიშის განცდა წინა ჩემ გამოსვლაში და მეტი სინანული. ნუ ახლა ვინც სინანულს მოუწოდებენ, უფრო სწორად ამას აკეთებენ უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, გასაგებია, მათთვის ეს ისეთივე სინანულია, როგორც სტალინი აწყობდა ღია პროცესებს, ყველა აღიარებდა თავის ბრალს, მერე ყველას ხვრეტდნენ, თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე. იმ ხალხის მიმართ, მე არანაირი სასინანული არ მაქვს. რაც შეეხება დანარჩენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, მთლიანად საზოგადოებაზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამავე თემაზე: საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურორს ბინძური მატყუარა უწოდა