ძებნის რეზულტატი:

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ავიაციამ ალვანიდან თუშეთის მიმართულებით რეგულარული რეისები განაახლა. ვერტმფრენმა განახლებული სამოქალაქო რეისით სოფელ ომალოში პირველი მგზავრები უკვე გადაიყვანა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი საავტომობილო გზის ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად, ომალოსა და მიმდებარე სოფლებში რეგულარულად იფრენს და მესაზღვრეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურება. ვერტმფრენის რეისები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით სრულდება. რეისების დანიშვნის შედეგად, თუშეთში, ზამთრის პერიოდში მოსახლეების რაოდენობა გაიზარდა. მათ, ასევე, შესაძლებლობა აქვთ საავტომობილო გზის გახსნამდე განაახლონ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამ გაგვახსენა მარკესის ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა"

"სააკაშვილის გამოსვლამ გაგვახსენა მარკესის ნაწარმოები "პატრიარქის შემოდგომა", - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომელიც მან სასამართლოს სხდომათა დარბაზში გააკეთა. როგორც კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საზოგადოებას ახსოვს სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულთა სია. "გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა", - განაცხადა კობახიძემ.

სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებაზე არსებული სანქციები იზრდება

სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებაზე არსებული სანქციები იზრდება. ამასთან, ახალი სანქციებიც განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები უკვე პარლამენტშია, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კერძოდ, მოქმედი ადმინისტრაციული კოდექსით, სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დაზიანებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 40 ლარის ოდენობით. პროექტით ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ასევე კანონის მოქმედი რედაქციით, დაცული ტერიტორიების საზღვრებში მდელოების, მინდვრების, ველების, სათიბი ან საძოვარი სავარგულების დაზიანება და ძოვების წესების დარღვევის ან უკანონო ძოვებისთვის გათვალისწინებულია 40 ლარი - წვრილფეხა პირიტყვზე და 80 ლარი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე. მომზადებული პროექტით, გათვალისწინებულია 100 ლარი 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 500 ლარი 20-დან 100 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე, 1000 ლარი 100 და მეტ სულ ჩლიქოსან პირუტყვზე. მსგავსი პრინციპით იზრდება საჯარიმო სანქციები ზემოაღნიშნული დარღვევების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ჩადენისთვის. კერძოდ, ნაცვლად 60 ლარისა (წვრილფეხა პირუტყვზე) და 130 ლარისა (მსხვილფეხა პირუტყვზე), დგინდება 20 სულამდე ჩლიქოსან პირუტყვზე - 150 ლარი, 20-დან 100-მდე ჩლიქოსან პირუტყვზე - 700 ლარი და 100 და მეტ ჩლიქოსან პირუტყვზე - 1200 ლარი. ქმედების განმეორების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დგინდება შესაბამისი ჯარიმების ორმაგი ოდენობით.

აზერბაიჯანში სამხედრო შვეულმფრენი ჩამოვარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყების ცნობით, შვეულმფრენი მანევრების დროს ხიზის რაიონში მდინარე ქარაჰიბათის აეროდრომის მახლობლად ჩამოვარდა. უწყების წინასწარ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, მაგრამ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. სამხედრო შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზებს აზერბაიჯანის სასაზღვრო უწყება და გენერალური პროკურატურა ერთობლივად იძიებენ.

პირველი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, პირველი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 2 982 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - მთავარი საექსპორტო ქვეყანა, უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციაა, სადაც 2 977 ტონა ვაშლი გავიდა. რუსეთის გარდა, ქართული ვაშლი ექსპორტზე გავიდა მხოლოდ სომხეთში (5 ტონა). 2021 წლის 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებულმა ვაშლის ღირებულებამ 1.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელს ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა თითქმის განახევრებულია წინა წლის ანალოგიური დროის მონაკვეთში ექსპორტირებული ვაშლის მოცულობასთან - 2020 წლის 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 5 562 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს ვაშლი, რუსეთის ფედრაციისა და სომხეთის გარდა, გადიოდა ასევე ყაზახეთში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში. საქსტატის მონაცმებით, რუსეთში ექსპორტზე, 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაკვეთში, მოდის 14,2%.

ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს

"ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან, იგივე ეხება პროპორციულზე გადასვლასაც ანუ ცვლილებები რიგგარეშე არჩევნებზე არ გავრცელდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ პოზიციას გაიზიარებს მთელი უმრავლესობა. ამასთან, მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებენ, ეს იქნება მათი კეთილი ნება და „პატარა საჩუქარი ოპოზიციისთვის“. ამასთან, როგორც ის დასძენს, რომ ცვლილებების მიღება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევაზე. „ამ ეტაპზე საერთოდ არ გრძელდება კანონპროექტის განხილვა. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების მიღების არ არსებობს, ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5 %-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5 %-იანი ბარიერით. რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად, ვემზადები დღევანდელი შეხვედრისთვის ევროკავშირის ლიდერებთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში. წინ ნაყოფიერი დღის წესრიგი გველის“, - აღნიშნავს დენის შმიგალი. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება. დაგეგმილია ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრების ფორმატში შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან.

საბერძნეთში კოვიდვაქცინით აცრა 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება

Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საბერძნეთში, 60 წელს გადაცილებულებისთვის სავალდებულო იქნება. იუწყება BBC. პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ახალი წესი ძალაში მომავალი წლის 16 იანვრიდან შევა. მისი თქმით, ხელისუფლება დააკისრებს 100 ევროს ოდენობის ჯარიმას იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ბრძანებას არ დაემორჩილებიან. მიმდინარე თვის დასაწყისში, არავაქცინირებულ ადამიანებს შიდა სივრცეებში, მათ შორის რესტორნებში, კინოთეატრებში, მუზეუმებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა აეკრძალათ, მაშინაც კი, თუ მათ უარყოფითი პასუხი აქვთ კოროვირუსზე. ბოლო კვირებში საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდა იგრძნობა. დღიურმა მაჩვენებელმა უმაღლეს დონეს, 6,721-ს მიაღწია. ქვეყნის 11 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 63%-ია სრულად ვაქცინირებული, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

BBC: კორონავირუსის ახალი შტამი ნიდერლანდებში უფრო ადრე გამოვლინდა, ვიდრე სამხრეთ აფრიკა „ომიკრონზე“ ინფორმაციას გაავრცელებდა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ ნიდერლანდებში იმაზე ადრე იყო დაფიქსირებული, ვიდრე დღემდე ეგონათ. BBC წერს, რომ ახალი შტამი (ორი შემთხვევა) ქვეყანაში 19-დან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლინდა, კერძოდ იქამდე, ვიდრე ამ ვარიანტის შესახებ პირველად, სამხრეთ აფრიკა გამოაცხადებდა. გაურკვეველია, იმყოფებოდნენ თუ არა ეს ადამიანები სამხრეთ აფრიკაში. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 28 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკიდან შესრულებული ორი რეისის შემდეგ, ეს ვარიანტი ნიდერლანდებში პირველად გავრცელდა. ადრეული მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ Omicron-ს რეინფიცირების მაღალი რისკი აქბს, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ დაახლოებით სამი კვირა დასჭირდება, ვიდრე ცნობილი გახდება, თუ როგორ აისახება ძლიერ მუტაციური ვარიანტი ვაქცინების ეფექტურობაზე. ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა

ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობიდან გავიდა და რესპუბლიკა გახდა

ბარბადოსი დედოფალ ელისაბედის მმართველობის ქვეშ აღარ იქნება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა. დედაქალაქ ბრიჯთაუნში გამართულ ცერემონიაზე, სანდრა მეისონმა პრეზიდენტის პოსტზე ფიცი დადო. სანდრა მეისონს 2018 წლიდან დიდი ბრიტანეთის დედოფლის ხელისუფლების წარმომადგენლის, გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. ის არჩევნების გზით, პრეზიდენტად გასულ თვეს აირჩიეს. ღონისძიებას, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის 55 წლის იუბილეს დაემთხვა, უელსის პრინცი და ბარბადოსელი მომღერალი რიანა დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას, პრინცმა ჩარლზმა აღიარა, რომ კარიბის კუნძულმა „მონობის შემზარავი სისასტიკე“ გამოსცადა. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ კონსტიტუციური სტატუსის ცვლილების მიუხედავად, ბრიტანეთსა და ბარბადოსს შორის კავშირები არ გაწყდება. BBC წერს, რომ თავად დედოფალმა ქვეყანას ბედნიერება, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა და აღნიშნა, რომ ამ ერს განსაკუთრებული ადგილი" უკავია მის გულში. ბარბადოსის ახალი ერა დაასრულებს ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან გავლენას, რომელიც 200 წელზე მეტს ითვლის. ბარბადოსი პირველად ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ 1627 წელს გადავიდა. შაქრის პლანტაციებს აქ აფრიკიდან ჩაყვანილი მონები ამუშავებდნენ. კუნძულზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დამოუკიდებლობა 1966 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან შსს სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მიერ განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო" - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემხებლობაში მყოფ პირთა დაკითხვა და სხვა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო, 2021 წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თურქეთში, ისტორიაში პირველად, ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა

ქვეყნის ისტორიაში პირველად, თურქეთი ელექტროენერგიის მიღების მეორე უდიდესი წყარო ქარის სადგურები გახდა. ამის შესახებ Anadolu იუწყება. ქარის სადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის წილმა 28 ნოემბრის მონაცემებით, 22.6% შეადგინა. მიღებული ელექტროენერგიის დღიური ჯამური მოცულობა კი 791,794 მეგავატ-საათია, საიდანაც 178, 964 მეგავატ-საათი ქარის ელექტროსადგურებზე მოდის.

ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორის შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ახალი შტამი - ომიკრონი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, პანდემიის პირობებში, ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზე. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს. „განვიხილეთ, ახალ, მუტირებულ ვარიანტთან მიმართებით თუ რა ხედვა აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ამ შტამთან მიმართებით, მნიშვნელოვანი რჩება გადაცემის სისწრაფე, ვირულენტობა, რაც აისახება თვითონ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე და თუ რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე აქვს მას განსაკუთრებული გავლენა, საინტერესოა აღნიშნული შტამთან მიმართებით ვაქცინაციის ეფექტურობაც. მან აღნიშნა, რომ ორ კვირაში ექნებათ გაცილებით უკეთესი ხედვა, თუ როგორი არის აღნიშნული შტამის ზუსტი მიმდინარეობა, თუმცა აქვე დასძინა, რომ ის ხუთი ეფექტური ხელსაწყო, რომელიც დღესდღეობით გაგვაჩნია კვლავ ძალაში რჩება და ეს არის ვაქცინაცია, ბუსტერის გამოყენება, ასევე რა თქმა უნდა პირბადე და სოციალური დისტანცირება. მნიშვნელოვანია, რომ სკოლები დარჩეს ღია და ბავშვებს მიეცეთ განათლების მიღების საშუალება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ მკურნალობის პროტოკოლებთან მიმართებით გვქონდეს უახლესი სტანდარტები, რაზეც საქართველო მუდმივად მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, დეკემბრის დასაწყისში, მსოფლიოს წამყვან ექიმებთან ექნება შეხვედრა, რის შემდეგაც ახალი მკურნალობის გაიდლაინები შემუშავდება. „ბატონ კლუგეს, 6 დეკემბერს აქვს მსოფლიოს წამყვან 53 ექიმთან შეხვედრა, რის შედეგადაც დაიდება ახალი მკურნალობის გაიდლაინები, რასაც საქართველო რა თქმა უნდა გაიზიარებს და შესაბამისად, შეიტანს მკურნალობის გაიდლაინებში, რომელიც ეროვნული სტანდარტით ხორციელდება საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავი ავარიდოთ ლოკდაუნს, ეს არის ყველაზე ბოლო ღონისძიება. ჯანმოს რეგიონულმა დირექტორმა მოიწონა ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს გააჩნია, რაც შეეხება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის წახალისებას, ვინაიდან მისი აზრითაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაცია ამ სეგმენტში იყოს სულ მცირე 90%-მდე, ვინაიდან სწორედ ეს გახლავთ იმ წარმატების საწყისი, რითიც ჩვენ შევძლებთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის, რეანიმაციაში პაციენტების განთავსების შემცირებას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ლეტალობის მაჩვენებლებზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ექიმების გადაღლილობა და განვახორციელოთ ამაზე კონტროლი. ამ პირობებში ექიმები არიან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჰანს კლუგე გამოეხმაურა საქართველოში მიმდინარე რეფორმას, რაც გულისხმობს ციფრული ჯანდაცვის დანერგვას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ რეფორმას და მზად არიან უფრო აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები შარლ მიშელს შეხვდნენ

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდნენ. მოლაპარაკებების დასრულების შესახებ, სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გვერდი იუწყება. თავის მხრივ, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს, დენის შმიგალს და ნატალია გავრილიცას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.ს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ბათუმში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრას პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით და აღნიშნა, რომ ეს იყო ძლიერი ნაბიჯი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული პარტნიორების ლიდერთა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, რომელიც ასოცირებულ ქვეყნებში მონაცვლეობით გაიმართება. შეხვედრისას განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა. სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ერთობლივი პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე, ასევე ისაუბრეს იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ამბიციურ გეგმაზე, რომელიც 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ისევე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა. საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირთან სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, ასევე, წვდომა ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან და სექტორული კუთხით თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, რაც ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში. „ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ასოცირების ტრიოს ფორმატში ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. საერთო ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობას ვუხდი”, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. ამავე თემაზე: ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერ-მინისტრები ევროკავშირთან ურთიერთობების გააქტიურებას და ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმას გეგმავენ

რა საკითხები განიხილეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერებმა ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა მთავარი ღირებულებებია, რომლებსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება. ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ აღნიშნეს, რომ ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრების ვიზიტის მიზანია, კიდევ ერთხელ დაადასტურონ მზადყოფნა სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის, ასევე შეაჯამონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირთან მეტი სექტორული ინტეგრაციისთვის. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება, დემოკრატიის კონსოლიდაცია, კანონის უზენაესობის გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვა ის მთავარი ღირებულებებია, რომლებსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი ეფუძნება. აღინიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც უპრეცედენტო შესაძლებლობებს უხსნის ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე, რასაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალი ევროკავშირთან დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სექტორული ინტეგრაცია, რაც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკის ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებთან დაახლოებას გულისხმობს, განსაკუთრებით გარემოს დაცვისა და კლიმატის, ციფრული ტრანსფორმაციის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორში. ასოცირებულმა ტრიომ ევროკომისიის პრეზიდენტს მიმართა წინადადებით, ევროკომისრების მონაწილეობით, სექტორულ უწყებებს შორის მინისტრების დონეზე რეგულარული შეხვედრების ორგანიზებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას, ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც მნიშვნელოვანია, აისახოს ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტები. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს რწმენა, რომ სამიტი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე ეტაპობრივი წვდომისა და ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე

რატომ ვერ ჩაიტანეს ქართული ღვინო გერმანიაში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე, ამასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განმარტებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს კი, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, ჩააბარა გადამზიდ კომპანიას. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო, საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, "ქოინის" (Сoyne Airways) ავიახაზებით. სააგანტოს განცხადებითმ გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა. 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა, გერმანულმა მხარემ, დამატებით, საჭიროდ ჩათვალა ტვირთის შემოწმება, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის. „ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილი იყო წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო. გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში. დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძული, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა, რუსეთის კანონიერი ტერიტორიაა, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters-ი RIA-ზე დაყრდნობით. „ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა, მაგრამ არ ცნო ნახევარკუნძული რუსულად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს ტერიტორია დაიპყრო. ანექსიას დასავლეთის მიერ დაგმობა და სანქციები მოჰყვა. მსოფლიოში ქვეყნების დიდი უმრავლესობა აგრძელებს ყირიმის უკრაინის ტერიტორიად აღიარებას. კიევს მისი დაბრუნება სურს“, - წერს ბრიტანული სააგენტო. 2021 წლის 9 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს, როცა „უკანასკნელი რუსი ოლიგარქი“ დაიწყებს იქ ტვირთის მიწოდებას.

შარლ მიშელი: საქართველოში უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად, სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით

ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოში ჩვენ უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ, ფუნდამენტური ღირებულებების გათვალისწინებით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ საკვანძო სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სხვაგანაც. ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა უნდა გაუმკლავდეს ჩვენი დროის უნიკალურ გამოწვევებს - ყველაზე მეტად კლიმატის ცვლილებას. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს - მათ შორის უფრო ღრმა სექტორული და რეგიონული თანამშრომლობის გზით. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რათა შეიქმნას მეტი თანამშრომლობა პარტნიორებს შორის - სამი ასოცირებული პარტნიორის ჩათვლით, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

დენის შმიგალი: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ასოცირებულ სახელმწიფოებს აუცილებელ და სტრატეგიულ მუხტს შემატებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ერთად ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. დენის შმიგალის თქმით, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში შარლ მიშელის ჩართულობას აფასებენ. „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინში, ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შევხვდით. ვაფასებთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის განვითარების საქმეში მის ჩართულობას და ველით, რომ ხსენებული სამიტი ასოცირებულ სახელმწიფოებს აუცილებელ და სტრატეგიულ მუხტს შემატებს“,- წერს დენის შმიგალი Twitter-ზე.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრემიერებთან შეხვედრის შემდეგ: თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შევხვდი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებათა სრული პოტენციალი და ჩვენი თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაძლიეროთ. მოუთმენლად ველი მოახლოებულ სამიტს, რომელიც ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობას”, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.