ძებნის რეზულტატი:
შარლ მიშელი ასოცირებული ტრიოს პრემიერებთან შეხვედრის შემდეგ: რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ შეხვედრას აფასებს. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. „ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია. რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მივესალმები ჩვენს დისკუსიებს ირაკლი ღარიბაშვილთან, დენის შმიგალსა და ნატალია გავრილიცასთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოლოდინში რეფორმების შემდგომი გაღრმავების მიზნით“, - წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდნენ
ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრები, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლის შეხვდნენ. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერის როლი ასოცირებული ტრიოს ფორმატის ჩამოყალიბებაში, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გააგრძელებს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელების პროცესში, რაც ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანია. „შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ქვეყნების საერთო მისწრაფებებსა და გამოწვევებზე, ტერიტორიების ოკუპაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებზე. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის დეკლარაციაში ასოცირებული ტრიოს პრიორიტეტების ასახვის მნიშვნელობას, რათა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სამი სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებზე, თანამშრომლობის გაფართოებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაციის, კლიმატის ცვლილებების, რეგიონული უსაფრთხოების, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების მიმართულებით. პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან შეხვედრის დაწყებამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა, დენის შმიგალმა და ნატალია გავრილიცამ, ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
პროკურატურა: ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო
პროკურატურის ინფორმაციით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზეც გამოძიება დაიწყო. საუბარია 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვას. პროკურატურის მტკიცებით, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო. პროკურატურა მორიგ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს. უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ უკვე მიმართა ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. „სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სამართალწარმოების მონაწილეებს - პროკურორებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაც იმ მომენტში სასამართლოსა და სამართალწარმოების სხვა მონაწილეების ყურადღების მიღმა დარჩა. თუმცა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ტრანსლირებისას საჯარო სივრცეში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე, დღეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გარდა ამისა, ადვოკატ ნ. გვარამიას მხრიდან სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის გამო, ბრალდების მხარე, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ამ საქმის განხილვის მორიგ სხდომაზე, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და ადვოკატ ნიკა გვარამიას სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებას მოითხოვს. ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ეთიკის კომისიას, ნიკა გვარამიას ზემოაღნიშნული ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ბადრი ჯაფარიძე: ელემენტარული თავმოყვარეობა „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, ასე ურცხვად, კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას
„არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. „ყველას კარგად გვახსოვს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნების“ დემარშით გამოსვლის შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ დამატებითი შეთანხმება მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ მხარს დაუჭერდნენ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას დაბალი ბარიერით, თუკი ამოღებული იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი. ეს იყო მათი კიდევ ერთი პირობა, რომელსაც როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ, რომ დაარღვიონ. საოცრებაა, ეს თავმოყვარეობის თემაც არის. არსებობს ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საშუალებას არ უნდა აძლევდეს, რომ ასე ურცხვად, კვლავ შეეცადოს დამატებითი შეთანხმების დარღვევას, რომელიც კომპრომისად ჩაითვალა. ამაზე დამატებით შევთანხმდით და იქ იყო ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი, რასაც კეთილი ნების გამოვლენას უწოდებენ, ეს სინამდვილაში არის მათ მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც კიდევ ერთხელ აიღეს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან. რა ძალაა ეს, რომელსაც შეუძლია, თავისი აღებული ვალდებულებები ნებისმიერ დღეს გადახიოს?! რას ემსახურება ეს ყველაფერი?- ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ძალას, რომელსაც არ აღელვებს მის მიერ საჯაროდ აღებული ვალდებულებები და შეუძლია, ის გადახიოს, რა მნიშვნელობა აქვს მასთან თანამშრომლობას რაიმე საკითხზე, თუ მათ შეუძლიათ, ასე ცვალონ თავიანთი პირობა და აღებული სიტყვა. „ქართულ ოცნებას" მოვუწოდებ, საზოგადოების წინაშე თავს ნუ შეირცხვენენ და ის, რაზეც ვალდებულება აიღეს და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია, უნდა შეასრულონ. ის რომ, ეს გახადონ სავაჭრო საგანი და ეს იყოს ხრიკებისა და მანიპულაციების ობიექტი, არ გამოვა, რადგან ეს იქნება „ქართული ოცნების" მხრიდან ის ნაბიჯი, რომელიც დაამთავრებს საერთოდ ყველა ილუზიას, რომ ამ ძალასთან რაიმე საუბარს აზრი აქვს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ მედიასთან.
მოლდოვის პრემიერი: ასოცირებული ტრიოს ქვეყნები უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ყურადღებას ითხოვენ
„ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვა, საქართველო და უკრაინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები არიან. „ასოცირებული ტრიოს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს ვაჯამებთ. ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მოლდოვის, უკრაინის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ვიმყოფებით და ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ჩვენ გავიაზრეთ ყველა ის ქმედება, რაც უკვე განხორციელდა და ის ინიციატივები, რაც ჩვენს ქვეყნებში გვქონდა დანერგილი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ერთგულები ვართ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ უფრო დავახლოვდით, და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და დიალოგი უფრო გაღრმავდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ გარკვეულ ეტაპებზე გარკვეული ჩამორჩენები გვქონდა, მაგრამ ახლა ჩამორჩენების დრო აღარ არის. ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ“, - განაცხადა ნატალია გავრილიცამ. მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ითხოვენ. ჩვენ გვინდა უფრო სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგი და დარგობრივი ინტეგრაცია ვიქონიოთ ევროკავშირთან. იმედი გვაქვს, რომ მჭიდრო თანამშრომლობა იქნება იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომელსაც აქვს პოტენციალი, პოზიტიური ტრანსფორმაცია მოახდინოს მათ ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ახალი საჭიროებები გამძლეობის და მედეგობის კუთხით დაკმაყოფილდეს. აღმოსავლეთ სამეზობლო ბევრისთვის მოიტანს სარგებელს. ამ ფარგლებში უსაფრთხოების კუთხით და ჰიბრიდული საფრთხეების გამკლავების მიმართულებით მეტ ინტერესს და ყურადღებას ვითხოვთ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ყველა იმ მიზანსა და ორიენტირზე, რომელსაც შედეგი ექნება ჩვენმედეგობასა და გამძლეობაზე. გაძლიერდება ჩვენი ენერგოუსაფრთხოება, ინტეგრაცია ევროპის ენერგობაზარზე, გაძლიერდება სატრანსპორტო დაკავშირებადობა, სასამართლო სისტემა და ასე მოხდება შიდა მედეგობის გაზრდა და განვითარება. ეს მხოლოდ რამდენიმე საკითხია იმ საკითხებს შორის, რომელიც განვიხილეთ ევროპელ კოლეგებთან. ყველანი მზად არიან და გახსნილები არიან, რომ გააძლიერონ ჩვენი მტკიცე რწმენა. ყველანი მოუთმენლად ველით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს და დეკლარაციას, რომელშიც აღიარებული იქნება ჩვენი ამბიციები და ახალი, კონკრეტული წინადადებები“,- განაცხადა ნატალია გავრილიცამ.
დავიდ სასოლი: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. დევიდ მარია სასოლის თქმით, ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან. თქვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საზიარო მომავლის არსებით ნაწილს. ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან თქვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას“,- წერს დევიდ მარია სასოლი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე: თეორიულადაც არ უნდათ დაშვება, რომ ვადამდელი არჩევნები სამართლიანი თამაშის წესით ჩატარდეს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ თეორიულადაც არ უნდათ დაშვება იმისა, რომ ვადამდელი არჩევნები სამართლიანი თამაშის წესებით - სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს. „ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ის ბოლო პუნქტი, რომლის შესრულება ხელისუფლებას პოტენციურად შეეძლო, მაგრამ როგორც შეთანხმების სხვა პუნქტის იგნორირება მოახდინეს, ახლა ამ პუნქტის იგნორირებას ახდენენ. ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ ვადამდელი არჩევნებია, რომლითაც ხალხის ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის არჩევა მოხდება. შემდეგ, სწორედ ეს პარლამენტი დააკომპლექტებს მთავრობას, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, კოალუციური, პროდასავლური მთავრობა იქნება. მეორე მხრივ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება - სწორედ ეს ორი ნაბიჯი განმუხტავს კრიზისს და ქვეყანას განვითარების, წინ წასვლის შესაძლებლობას მისცემს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ივანიშვილისთვის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უდიდესს საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისივე შეფასებით, კობახიძის განცხადების მთავარი არსი ისაა, რომ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აღარ სურს.
დენის შმიგალი: ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება სტრატეგიული მუხტის მიმცემი
„ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში. მისი თქმით, ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად არიან, განახორციელონ ის პრიორიტეტები, რომლებიც გულისხმობს მდგრად განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით. „მეექვსე სამიტის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ კონკრეტული განზრახვა დავაფიქსირეთ. ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი სამი ქვეყნისთვის მოახდენს დარგობრივი თანამშრომლობის სტიმულირებას და გაძლიერებას. ასოცირების ტრიო მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირთან მწვანე და ციფრული გარდაქმნის სფეროში, დაკავშირებადობის, ენერგოუსაფრთხოების, სასამართლო სისტემის გაძლიერების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, რაც იქნება ჩვენი ერთობლივი დეკლარაციის ტექსტში ასახული, სამიტის შედეგად. ასოცირებული ქვეყნების გაერთიანება ტრიოს ფორმატში დაიბადა ევროპის პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ევროპის პარლამენტის მხარდაჭერის მიღებას მომავალშიც და ამბიციური მიზნების ფარგლებში დაკმაყოფილდება ჩვენი სურვილები. ევრონესტი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას დაეხმარება იმისათვის, რომ სამიტის ფარგლებში, 2021 წლის დღის წესრიგი განხორციელდეს და დაკმაყოფილდეს. მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ტრანსპორტის კუთხით გააფორმეს შეთანხმება, მიიღეს ვალდებულება ტრანსპორტის სფეროში გარკვეული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან სრულყოფილი პროგრამა, რომელიც სამივე ქვეყანას მოიცავს. ასოცირებული ტრიო უკვე ღრმად არის ინტეგრირებული ევროპის სატრანსპორტო ქსელში. ამავდროულად, სამივე ქვეყანა დაინტერესებულია, რომ მოლაპარაკებები აწარმოოს ევროკავშირთან ასოცირებული ტრიოს ფარგლებში, იმისათვის, რომ მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია და სახელმწიფოების გაძლიერება ამ მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან იმ ეტაპზეა, რომელიც აღარ გულისხმობს საგზაო ტრანსპორტირების შეთანხმების გადადებას შემდგომისთვის. ასოცირების ტრიოს ქვეყნები მზად ვართ, განვახორციელოთ ის პრიორიტეტები, რომელიც გულისხმობს მდგრად და გონივრულ განვითარებას და ახალი შემდგომი სტრატეგიების მიღებას დაკავშირებადობის კუთხით. სხვა მრავალ ფაქტორებს შორის ჩვენ ვისაუბრეთ საბაჟო სფეროში თანამშრომლობაზე. ჩვენ ვითანამშრომლეთ იმ დათქმების განხორციელების კუთხით, რომელიც გულისხმობს ალტერნატიულ წესებს მთელი ევროპის ტერიტორიის მასშტაბით. ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მზად ვართ, ევროკავშირთან მივაღწიოთ თანამშრომლობას მთელი რიგი საკითხების მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას ევროპაში. ამ კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებში არიან ხელმომწერები იმ ენერგო შეთანხმებისა, რომელიც არსებობს და ტრიოს პლატფორმა გულისხმობს მდგრადობას, მედეგობის გაუმჯობესებას, იმისათვის, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები და მიწოდების უზრუნველყოფა მოხდეს რეგიონულ დონეზე და საერთო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მწვანე ენერგიის ტრანზიციის მიმართულებით. ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა ახალი შესაძლებლობებით. ასოცირებული ტრიო ელის, რომ აღმოსავლეთ ევროპის სამიტი იქნება პოლიტიკური სტრატეგიული მუხტის მიმცემი და ჩვენი ორიენტირები გაძლიერდება და აისახება ჩვენი ინტერესები ამ პარტნიორობის ფარგლებში, იმისათვის, რომ წევრ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდეს“, - განაცხადა დენის შმიგალმა.
ბლინკენი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ „ახალ აგრესიას“, სერიოზული შედეგი მოჰყვება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანბი ენტონი ბლინკენი აფრთხილებს რუსეთს, რომ „ახალ აგრესიას“ უკრაინის მიმართ სერიოზული შედეგი ექნება. აშშ-ის პირველმა დიპლომატმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის ჯარების თავმოყრის გამო უკრაინის საზღვართან. „რუსეთის მხრიდან ნებისმიერი ესკალაცია დიდ შეშფოთებას გამოიწვევს შეერთებული შტატებისთვის... და ნებისმიერ ახალ აგრესიას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“, - განაცხადა ბლინკენმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიგაში, სადაც NATO-ს მინისტერიალზე იმყოფება. განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება და NATO-ს პოტენციალის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.
კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გასაჩივრდა
ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭება სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის ადვოკატებმა სარჩელი 29 ნოემბერს შეიტანეს. ისინი ითხოვენ, რომ სასამართლომ დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინონ სამეცნიერო არგუმენტაცია მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. საქართველოში კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი უვადოდ ენიჭებათ, რასაც სპეციალისტები გაუმართლებლად მიიჩნევენ. პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. ამავე თემაზე: ივანე ჩხაიძე: წარმოუდგენელია უვადო „მწვანე სტატუსზე” საუბარი, კორონავირუსი არ არის წითელა, გადაიტანო და მთელი ცხოვრება თავისუფალი იყო ბიძინა კულუმბეგოვი: უვადო კოვიდპასპორტის პრეცედენტი ვერცერთ ქვეყანაში ვნახე ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან გაძლიერებულ თანამშრომლობას გაუხსნის გზას
„დეკემბერში დაგეგმიი სამიტი გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან. „ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ. გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივები გავაცანით ჩვენს ევროპელ კოლეგებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაკავშირებადობა, მათ შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ განზომილებებში, სავაჭრო და ეკონომიკური ინტეგრაცია, ეკოლოგია და კლიმატის ცვლილებები, რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება, მათ შორის კიბერთავდასხმებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებები. ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნების გარდა, ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევებიც აერთიანებს და გვინდა, რომ ამ სტრატეგიულ პოლიტიკის დოკუმენტში ძალიან მნიშვნელოვანი ორი სვეტი აღვნიშნოთ - დიფერენციაცია და ინკლუზიურობა. მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომელიც გზას გაუხსნის გაძლიერებულ თანამშრომლობას, როგორც პარტნიორებს შორის, ასევე ევროკავშირთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთანქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ღარიბაშვილის თქმით, ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის. „მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს. ამ კონტექსტში მოხდება უკვე მიღწეული შედეგების გააზრება და ევროკავშირის სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა მეტად სიღრმისეული დარგობრივი ინტეგრაციისთვის. საერთო ისტორიის გარდა, სამივე ქვეყანას გვაერთიანებს ევროპული მისწრაფებები და ჩვენი ერების მტკიცე არჩევანი, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ლატვიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთის შესაკავებლად ლატვიას აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა სჭირდება
ლატვიას სჭირდება აშშ-ის მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა რუსეთის შეკავებისთვის და სურს, გააძლიეროს თავისი თავდაცვა ამერიკული Patriot-ის სარაკეტო სისტემით, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა. „ჩვენ გვჭირდება დამატებითი საერთაშორისო დახმარება. ჩვენ ვისურვებდით, გვქონოდა შეერთებული შტატების (სამხედრო) მუდმივი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. საზღვაო და საჰაერო თავდაცვა ნიშნავს ძირითადად ისეთ სისტემებზე გადასვლას, როგორიცაა Patriot-ი“, - განუცხადა პაბრიკსმა Reuters-ს. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგი: ისტორიაში პირველად, ბალტიის რეგიონში საბრძოლო მზადყოფნა გვაქვს
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან პირველ დეკემბერს დაგეგმილი შეხვედრა ალიანსის ორი ახლო პარტნიორისადმი სოლიდარობის დემონსტრირებაა. იენს სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან რუსეთის აქტივობას შეეხო. „ჩვენ ვინარჩუნებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი უკრაინის მიმართ. ჩვენ მივესალმებით უკრაინის გააზრებულ პასუხს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებზე. ვხედავთ უფრო მეტ საფრთხეს, მეტ გამოწვევას, არასტაბილურ ვითარებას უკრაინის გარშემო. რუსეთმა ადრე გამოიყენა ძალა ევროპელი მეზობლების: საქართველოს, უკრაინის წინააღმდეგ და მათ ასევე ჰყავდათ შეიარაღებული ძალები მოლდოვაში. უნდა გვესმოდეს, რომ NATO-ს სამი მოკავშირე შავი ზღვის სანაპირო სახელმწიფოა. NATO-ს ორი ახლო პარტნიორი, უკრაინა და საქართველო, ზღვისპირა სახელმწიფოები არიან. ასე რომ, რა თქმა უნდა, ამ რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოუთმენლად ველი უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, რათა გავცვალოთ მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს იქნება ამ რეგიონში ჩვენი ორი ახლო პარტნიორისადმი სოლიდარობის დემონსტრირება“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, რიგაში მიმდინარე NATO-ს მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები იქნება, მოკავშირეები ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან მოისმენენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მათ ხედვებს და იმსჯელებენ როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ამ ქვეყნების წვლილზე. მინისტერიალის ფარგლებში, მონაწილეები ასევე განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის მიერ ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დელეგაციასთან ერთად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რიგაში დაგეგმილ NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. მინისტერიალის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს კოლეგა მინისტრებს, ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის ორმხრივი შეხვედრები წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება
რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირი დაუჯდება, რასაც სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მინისტრები მკაფიო იყვნენ შეფასებაში, რომ NATO-ს გადაწყვეტილების შესახებ არ უნდა არსებობდეს გაუგებრობა ან არასწორი გათვლა. „ჩვენ ერთად ვდგავართ ყველა მოკავშირის დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის აქტიურ შეფასებას და უზრუნველვყოფთ, ყველა საჭირო გეგმას. ამავდროულად, ვინარჩუნებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორი უკრაინის მიმართ. NATO-ს მიდგომა რუსეთის მიმართ უცვლელი რჩება.ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ თავდაცვის და შეკავების პოლიტიკას რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, რუსეთმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა NATO-სთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. და ხელახლა ჩაერთოს NATO-რუსეთის საბჭოში, მშვიდობისა და უსაფრთხოების სასარგებლლოდ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა
საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: · არის სრულად ვაქცინირებული; · გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; · ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; · ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი; პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ სერვისების შეუფერხებლად მიღება-მიწოდების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია ორი სპეციალური აპლიკაცია - CovidPass Georgia და Georgia e-Health. CovidPass Georgia აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისე უცხოელ ვიზიტორს. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლისა და ღონისძიებებზე დასწრების მიზნით. საზღვარგარეთ ვაქცინირებული (უცხოელი ვიზიტორი ან საქართველოს მოქალაქე), საზღვარზე შემოსვლისას წარადგენს ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობას ან PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს. საზღვრის კვეთის შემდეგ, მას შეეძლება, დარეგისტრირდეს CovidPass Georgia აპლიკაციაში. აპლიკაცია Georgia e-Health გამოიყენება, საერთაშორისო მგზავრობისთვის და უზრუნველყოფს შეუფერხებლად შესვლას ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატის სისტემაში ჩართულ 51 ქვეყანაში. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები. მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო. ობიექტზე არამწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზის შემდეგ ნომრებს- 1505, 144, 1522 და ასევე, ეწვიეთ ვებგვერდს - https://www.provax.ge/
ზაზა სარალიძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები შეიწყალოს. "ტვპირველის" ეთერში ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო სასამართლო სხდომაზეც თქვა, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები ციხიდან გამოუშვან. "მე დღეს ის ბიჭები მეცოდებიან. ბოლო სასამართლოზე დავაფიქსირე და დღეს ღიად ვიტყვი - პირდაპირ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, გამოუშვას სულ ყველა. ყველა იმ ბავშვს ვპატიობ ყველაფერს. იმიტომ ვპატიობ, რომ კანონი მეუბნება, 15 წლის მერე მაინც უნდა აპატიო. რატომ? - დღესვე ვაპატიებ, რატომ ვიტანჯო 15 წელი?! განა მე ის ბავშვები არ მეცოდებიან ან მშობლები?! ბოლო სასამართლოზე ვთქვი, ვინც სიმართლეს იტყვის, გამოუშვან სულ ყველა, გამოუშვან კალანდიაც, არ მიუსაჯონ. მკვლელები აღარ არიან ჩემთვის მნიშვნელოვანი, სიმართლე ითქვა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
რესტორნებს შეზღუდვები დღეიდან ეხსნებათ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნებს სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვა ეხსნებათ. გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ 24 ნოემბერს განაცხადა. „რესტორნებს, რომელთაც 1-ელი დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ „მწვანე პასპორტებით“, მოეხსნებათ საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე,“- განაცხადა მან. ამათან, საქართველოში „მწვანე პასპორტი“ დღეიდან ამოქმედდა.
აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში სროლა იყო, დაიღუპა 3 მოსწავლე
"აშშ-ში, მიჩიგანის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 ადამიანი", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დაღუპულები 16, 17 და 14 წლის მოსწავლეები არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთი კი პედაგოგია. 15 წლის მოსწავლე, რომელმაც ცეცხლი გახსნა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა იყო სროლის მოტივი.
ჯანმო: ხანდაზმულმა და არავაქცინირებულმა ადამიანებმა მოგზაურობა უნდა გადადონ
"პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ახალი ვირუსის „ომიკრონის“ გავრცელება ხდება", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმო ავრცელებს. „პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული, ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ და დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები ან თანმხლები დაავადებების მქონე პირები (მაგ. გულის დაავადება, კიბო და დიაბეტი) უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მგზავრობა იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ხდება“, - ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.
პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადები წესდება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკ-ის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები. გადახდის სპეციალური ვადებით სარგებლობისათვის პენსიონერებმა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულმა პირებმა საკუთარი გარემოებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს, ქ. თბილისში – „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ („თელმიკო“), ხოლო რეგიონებში – „ეპ ჯორჯია მიწოდებას“. ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირების კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადის პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით მრიცხველების წაკითხვა განხორციელდება ერთიანი სისტემით, ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში. შესაბამისად, 2022 წლიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარს მომხმარებლები თვის დასაწყისში მიიღებენ, სადაც ასახული იქნება წინა თვის ელექტროენერგიის ხარჯი (არაუმეტეს 30 დღისა). თბილისში მრიცხველის წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში, მიმდინარე წლის დეკემბერში შპს „თელმიკოს“ აბონენტთა ნაწილი, რომლისთვისაც ახალ მეთოდზე გადასვლით იცვლება მრიცხველის წაკითხვისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის ვადა, ორ ქვითარს მიიღებს. პირველ ქვითარს ასეთი მომხმარებლები დეკემბერში მიიღებენ არსებული ე.წ. ბლოკური წაკითხვის (მრიცხველების წაკითხვა სხვადასხვა პერიოდში) მიხედვით, რომელზეც ასახული იქნება 30 დღის განმავლობაში (ნოემბერი-დეკემბრის დასაწყისი) მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. მეორე ქვითარს მიიღებენ დეკემბრის ბოლოს – ერთიანი წაკითხვის სისტემით (მრიცხველების წაკითხვა თვის ბოლო ოთხ დღეში), რომელშიც აისახება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში, რომელშიც იქნება ასახული დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის ფაქტობრივი მონაცემები. (დარიცხვა განხორციელდება არაუმეტეს 30 დღეზე). სემეკ-ის ცნობით, ცვლილების გამო ადგილი არ ექნება ზედმეტობით დარიცხვებს და მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.