ძებნის რეზულტატი:
როდის აიცრება ეკატერინე ტიკარაძე კოვიდვაქცინის მეორე დოზით - მინისტრის განმარტება
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, როდის აიცრება კოვიდვაქინის მეორე დოზით. მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ იმ პერიოდისთვის, როდესაც ის Astrazeneca-ს ვაქცინით აიცრა, ამ ტიპის ვაქცინით აცრა მისი ასაკისა და სქესისთვის დასაშვები იყო, თუმცა მეორე დოზით აცრამდე კორონავირუსით დაინფიცირდა, ვაქცინების დადგენილებაში კი გარკვეული ცვლილებები შევიდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის მეორე დოზას წლის ბოლომდე გაიკეთებს, თუმცა რომელი ვაქცინა იქნება ეს, კონსულტაციების საფუძველზე გაირკვევა. „ამაზე არის ძალიან ბევრი კითხვა საზოგადოებაში და ახსნა არის ძალიან მარტივი. მე პირველი დოზა გავიკეთე Astrazeneca-ს ვაქცინით, რომელიც იმ პერიოდისთვის იყო მიღებული ჩემი ასაკის მოქალაქეებისთვის და ასევე სქესისთვის, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩათვლილი, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, თუმცა შემდეგ იყო სხვადასხვა მოსაზრება და იმ პერიოდში, ვიდრე მე მეორე ვაქცინა მეკუთვნოდა, უკვე ვიყავი ინფიცირებული. მერე გამოვიდა ახალი დადგენილება, რითაც უკვე გარკვეულ რისკებს შეიცავდა და ამან, რა თქმა უნდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც მცირედი გავლენა მოახდინა, რის შემდეგაც უკვე კონსულტაციები ჩაითვალა საჭიროდ, უკვე რომელი ვაქცინით უნდა გავაგრძელო აცრა. დღეს უკვე ცნობილია, რომ დასაშვებია, ადამიანებმა, რომლებიც არ არიან სხვა ტიპის ვაქცინით აცრილები, მიიღონ დამატებითი დოზა Pfizer-ის ვაქცინის. ეს იყო საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც, რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე გახდებოდა საჯარო, შეიძლება ,გარკვეული კამათის ან დისკუსიის საგანი გამხდარიყო, იყო ეს სიმართლე თუ ტყუილი. ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული პასუხები ამასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებით, ასევე, რომ არ დამენერგა პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე უფრო ცხადი ხდება, რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მივიღებ ვაქცინის ჩემს კუთვნილ დოზას“, - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. ცნობისთვის, ბოლოს მინისტრს ოქტომბერში ჰკითხეს, როდის აპირებდა მეორე დოზით ვაქცინაციას. ეკატერინე ტიკარაძე 2021 წლის მარტში აიცრა Astrazeneca-ს ვაქცინით. ივნისში მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამავე თემაზე: ეკატერინე ტიკარაძე მის მეორე დოზით აცრაზე: შეგატყობინებთ. ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი
გენერალი მარკ მილი: აშშ თვალყურს ადევნებს საკმარის შემაშფოთებელ ინდიკატორებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ
„შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საკმარის ინდიკატორებსა და გაფრთხილებებს უკრაინის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების შესახებ, რაც „ღრმა შეშფოთებას" იწვევს. რუსული რიტორიკა სულ უფრო მძაფრი ჩანს“, - განაცხადა აშშ-ის გენშტაბის ხელმძღვანელმა მარკ მილიმ Reuters-ის ცნობით. გენერალმა უარი თქვა სპეკულირებაზე, თუ რა ვარიანტები შეიძლება განიხილოს შეერთებულმა შტატებმა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. მაგრამ ხაზი გაუსვა უკრაინის სუვერენიტეტის მნიშვნელობას ვაშინგტონისთვის და NATO-ს ალიანსისთვის. „საქმე ეხება აშშ-ისა და NATO-ს წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, თუ რუსეთი ღია სამხედრო აგრესიას მიმართავს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც 1991 წლიდან დამოუკიდებულია“, - აღნიშნა გენერალმა. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს
ავსტრიის ახალი კანცლერობის კანდიდატი დასახელდა
ავსტრიის სახალხო პარტიის (ÖVP) ხელმძღვანელობამ პარტიის ახალ ლიდერად შინაგან საქმეთა მინისტრი კარლ ნეჰამერი დაასახელა მას შემდეგ, რაც სებასტიან კურცმა ყველა პოლიტიკური პოსტი დატოვა. მომავალი ფედერალური კანცლერის პოსტსაც კარლ ნეჰამერი დაიკავებს. იუწყება France 24. პარტიაში შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც კურცმა, რომელიც ჩართული იყო კორუფციულ სკანდალში, პარტიის ლიდერის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ალექსანდრე შალენბერგმა, რომელმაც ოქტომბერში კანცლერის თანამდებობა დაიკავა, განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, რადგან კანცლერისა და პარტიის ხელმძღვანელის პოსტები ერთიდაიგივე პირმა უნდა დაიკავოს. შალენბერგი ნეჰამერის მთავრობაში სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძობს მუშაობას. რაც შეეხება ნეჰამერს, ის 2017 წელს გახდა დეპუტატი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი 2020 წლის იანვარში.
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უვადო „მწვანე პასპორტებს“ მხარს არ უჭერს
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, საჭიროების მიხედვით, გარკვეული რეგულაციები შეიცვლება. „ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს „მწვანე პასპორტები", თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებით რეგულაციები შეიცვლება. განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენენ. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, „მწვანე პასპორტის“ უვადობას არ ვემხრობი," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. ამავე თემაზე: ჯანდაცვის მინისტრი უვადო "მწვანე პასპორტებზე": საქართველო ყველაფერში განსაკუთრებულია
ჯანდაცვის მინისტრი: პირველად, სამედიცინო მოტოციკლეტები ალბათ ბათუმში გამოჩნდება
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის უწყებაში განსახორციელებელ იმ ცვლილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ზაფხულის სეზონზე, საქართველოში სამედიცინო მოტოციკლეტები გამოჩნდება. მისი თქმით, ეს პრინციპი სწრაფ და ეფექტურ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს და პირველად სამედიცინო მოტოციკლეტები ბათუმში გამოჩნდება: "პირველად სამედიცინო მოტოციკლეტებს, ალბათ ბათუმში ვნახავთ. ვინაიდან, ჩვენი გადაწყვეტილებით, ეს მოტოციკლეტები საჭიროა ტურისტულ ქალაქებში. იქ გადაადგილებაც უფრო რთულია სასწრაფოსთვის, ასევე არის ელექტრონული ბაზა და ზედამხედველობა, რომელიც ასევე დაინერგა სასწრაფოში. მათი ერთობლივი მუშაობით, ჩვენ მოვახდენთ ზარების იმგვარად გაფილტვრას, რომ შევძლებთ სწორად განვსაზღვროთ, თუ რომელ გამოძახებაზე, რომელი ტიპის ექიმი ან პარამედიკოსია გასაგზავნი. ეს იგეგმება ზაფხულის სეზონისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2-ის ეთერში.
ჯანდაცვის მინისტრი: ეტაპობრივად, არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ მივიდეთ სავალდებულო ვაქცინაციამდე
ჯანდაცვის მინისტრს ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებებს ეფექტიანად მიიჩნევს, ამის მაგალითად კი, 60 წელს გადაცილებულებში აცრის მაჩვენებლის მატება მოჰყავს. მინისტრის ცნობით, ამ პერიოდში ოთხჯერ გაიზარდა ვაქცინაციის ტემპი და შეიძლება ითქვას, რომ დღეს მივუახლოვდით აგვისტოს მაჩვენებელს, როცა ვაქცინაციის მაღალი ტემპი გვქონდა. 7 დღის საშუალო მონაცემი გვაქვს 13-დან - 14 ათასამდე. მათ შორის ძალიან მაღალია 60 წელს გადაცილებულების ვაქცინაცია. „მნიშვნელოვანი იყო ეს ღონისძიებაა დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ ვაქცინაცია და ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ჩვენ გავიარეთ მე-4 ტალღა და ახლა ვარკვევთ არის თუ არა მე-5 ტალღა თუ კვლავ მე-4 ტალღის პიკში ვართ, ის ლეტალობები, რომლებიც გვქონდა, მოვახერხებდით და ამ ადამიანების მაღალ რიცხვს გადავარჩენდით”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრი ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციას საჭიროდ არ თვლის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამის აუცილებლობაც დადგეს. „თქვენ იცით ალბათ ჩვენი მიდგომა, რომელიც არის ლოიალური, მაგრამ ალბათ მძიმე ფსიქოემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ, ვიცით თუ როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქოემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, ყველა ფაქტორი იყოს გათვალისწინებული. აქ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ მე, რომ ჩვენ მივიდეთ, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციამდე, თუმცა ჯერ არსებობს ის რესურსი, რითაც ჩვენ შეგვიძლია სწორი კომუნიკაციის საფუძველზე მოქალაქეები წავახალისოთ და მივიყვანოთ ამცრელ პუნქტებში”,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას
პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა ,რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ამასთან, მედია იტყობინება, რომ პრეზიდენტებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარებული მოვლენები, ასევე ლიბისათან, სირიასთან და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სემეკი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში თბილისში „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) აბონენტების ნაწილი ორ ქვითარს მიიღებს. ამასთან, როგორც სემეკში განმარტავენ, ცვლილების გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება. „თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის ყველა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღებს პირველ ქვითარს, რომელშიც ასახული იქნება ნოემბერსა და დეკემბერის დასაწყისში, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. გადახდის ვადა განსაზღვრული იქნება დეკემბრის შუა რიცხვების ჩათვლით. მომხმარებელთა ნაწილი მეორე ქვითარს მიიღებს დეკემბრის ბოლოს, რომელშიც ასახული იქნება დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი. ამასთანავე, საახალწლო დღეებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დეკემბერის მეორე ქვითარს მიიღებს 2022 წლის იანვრის დასაწყისში. პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები, ასევე პირები, რომლებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას, სარგებლობენ სოციალური პაკეტით ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, ისარგებლებენ დარიცხული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით. ყველა სხვა საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელიც არ მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის დარიცხვიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. „თელმიკოს“ მიერ დარიცხვები განხორციელებული იქნება „თელასისა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ (თბილისის არეალი) მიერ მიწოდებული მრიცხველის ჩვენებების შესაბამისად“, – აცხადებენ მარეგულირებელ კომისიაში. ამათან, სემეკი აღნიშნავს, რომ 30 დღეზე ნაკლებ პერიოდში მრიცხველის წაკითხვის შემთხვევაში, დარიცხვა უნდა განხორციელდეს მრიცხველიდან აღებული ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად და არა პირობითი დარიცხვით (საშუალოდ ყოველდღიურად მოხმარებული ენერგიის 30-ზე გამრავლების შედეგად იმის დაშვებით, რომ აბონენტი ყოველდღიურად, საშუალოდ, ერთსა და იმავე ოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს). სემეკ-ის განცხადებითვე, დაუშვებელია ნოემბრისა და დეკემბრის მოხმარების ერთიანად დაანგარიშება, 30 დღეზე მეტ პერიოდზე, „რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს მომხმარებელზე შემდგომი საფეხურის ტარიფით საფასურის დარიცხვა“. „მარეგულირებელი კომისია მოუწოდებს მოქალაქეებს, სიახლის შესახებ ნებისმიერი კითხვის შეთხვევაში, ასევე დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მომართონ სემეკს, ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლცენტრის ნომერზე – 16 216“, – აცხადებენ სემეკ-ში.
მსოფლიოში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 265 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, ვირუსს დღემდე მსოფლიოში 5.25 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.8 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.6 მილიონზე მეტი შემთხვევით.
განათლების სამინისტრო: დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი შემცირდა
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. „ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3950 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 482 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 510 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 972 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 861 883-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%, ბოლო 14 დღის - 8.66% ხოლო 7 დღის - 8.33%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 014 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 801 864. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 298 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარა - 152, იმერეთი - 686, ქვემო ქართლი - 222, შიდა ქართლი - 343, გურია - 108, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 208, მცხეთა-მთიანეთი - 126, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695 საიდანაც: 6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 562, იმერეთში - 1 353. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 592, აჭარაში - 103, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 ადამიანი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 42, იმერეთში - 35. 1 155 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 692 - თბილისში, 267 - აჭარაში. 40 012 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 3 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 193 ადამიანი.
ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 889 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 889 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 224 629 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 191 211 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.9%. სრულად ვაქცინირებულია 1 014 258 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.5%.
ენერგოომბუდსმენი: CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა
"CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მიმდინარე კვირას 4 ადამიანი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის 2 უცხოეთის მოქალაქე იყო, ერთი კი მცირეწლოვანი. „CO-ს გაჟონვით, მიმდინარე კვირას უცხოეთის 2 მოქალაქე, ასევე მცირეწლოვანი და დედა გარდაიცვალა. არ ყოფილა აფეთქება ან მასშტაბური შემთხვევა, არამედ, მოხდა გაჟონვა, რაც იმას გულისხმობს, რომ შიდა ქსელზე დარღვევები არსებობდა. ფართში განთავსებული იყო სასიკვდილო შედეგის მქონე დანადგარი. ქსელი იმ დონეზე იყო მოწყობილი, რომ გარდაუვალი იქნებოდა ასეთი შედეგის დადგომა. მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ“, - აღნიშნავს ვარდიაშვილი.
შსს-მ ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი ხუთი პირი ბათუმში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან:1977 წელს დაბადებული ო.გ., რომელსაც სხეულის დაზიანება და სექსუალური ძალადობა ედება ბრალად. იგი სამართალდამცველების მიერ 2021 წლიდან იძებნებოდა. 1983 წელს დაბადებული ფ.დ., რომელიც ბრალდებულია სხეულის დაზიანების, იარაღის ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის. იგი წითელი ცირკულარით 2020 წლიდან იყო ძებნილი. 1985 წელს დაბადებული ა.ე., რომელსაც თურქეთის ინტერპოლი ჯგუფურად ჩადენილი შეიარაღებული ძარცვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის 2021 წლიდან ეძებდა. 1988 წელს დაბადებული თ.ა., რომელიც თურქი სამართალდამცველების მიერ შეიარაღებული ძარცვასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წითელი ცირკულარით, 2019 წლიდან იძებნებოდა. 1971 წელს დაბადებული ბ.ი., რომელიც პროსტიტუციაში ჩართვის, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისა და პროსტიტუციის წახალისებისათვის წითელი ცირკულარით 2017 წლიდან იყო ძებნილი. „ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ზეღდულეთის მოსახლეობა კვლავ ითხოვს 2011 წელს გაყიდული სოფლის საძოვარი ფართობების სოფლისთვის დაბრუნებას. ამ მოთხოვნით ზეღდულეთელებმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამე აქცია გამართეს. ამ წუთებში გადაკეტილია გორი-ბერშუეთის გზის ზეღდულეთის მონაკვეთი. ამასთან, ზეღდულეთში იმყოფებოდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გორის საკრებულოში ზეღდულეთის თემის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ბერიანიძის ინფორმაციით, ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი გზების მოძებნას, რომ არ მოხდეს მიწის ამჟამინდელი მფლობელის, რომელიც კეთილსინდისიერი შემძენია, უფლებების დარღვევა და ასევე გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესებიც.
ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი დაახლოებით, სამჯერ მეტია
„ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა ჯერ არ ჩანს, მაგრამ ალბათ, გამოჩნდება, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება დაახლოებით, სამჯერ მეტია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, მოსახლეობამ სხვადასხვა მიზეზით ისევ დაიწყო დიდი შეკრებები და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. „ისევ დაიწყო სხვადასხვა მიზეზით დიდი შეკრებები და რა თქმა უნდა, წამოვა ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევებიც. ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 000 ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30%, თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“, – აღნიშნა გამყრელიძემ. მისივე თქმით, სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას და ვერ ანსხვავებს, კონკრეტულად რომელი შტამია. „ვერც ერთი სწრაფი ტესტი ვერ ანსხვავებს „ომიკრონია“, „დელტაა“, „ბეტაა“, „ალფაა“ თუ სხვა. სწრაფი ტესტი ადგენს, ადამიანი ინფიცირებულია, თუ არ არის ინფიცირებული. თუ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული, სწრაფი ტესტი, რა თქმა უნდა, დაიჭერს და აჩვენებს, რომ ინფიცირებულია, მაგრამ ვერ აჩვენებს, რომ „ომიკრონით“ არის ინფიცირებული. სწრაფი ტესტის შემდეგ, საჭიროა „პისიარი“, რომელიც არის სხვადასხვა მუტაციაზე, საბოლოო სიტყვა აქვს გენუმის სეკვენირებას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა. „ვთხოვ ყველას, აიცრან. ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გუშინ გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურდა. „ზამთარი მოვიდა და ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა. გუშინ გრიპის ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება. ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით პოზიცია უნდა გადაიხედოს. „ჩვენი პოზიცია იცით, ადრეც გაჟღერდა. ახლა ახალი რეალობაა „ომიკრონთან“ დაკავშირებით და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს, რომ უვადო არ შეიძლება, იყოს პასპორტი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 14:01 საათზე მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო და მისი სიმძლავრე 3.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ლიზა იასკო: ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, სინამდვილეში ცუდადაა
"მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული", – ამის შესახებ უკაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს დასვენება სჭირდება. „მიკვირს, როდესაც ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამ სამ დღეში ვნახე, რომ ის სინამდვილეში ცუდად არის, სახე და სხეული შესიებული აქვს, აქვს კანთან დაკავშირებული პრობლემები, გამონაყარი, რომელიც ნერვულ ფონზეა გამოწვეული. ექიმი არ ვარ და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სახეზე, რომ ყველაფერი რიგზე არაა. აქვს მხედველობის პრობლემები, ძალიან დაეცა ჰემოგლობინის დონე, თავს სუსტად გრძნობს და ყოველდღიური ურთიერთობისას ვხვდები, რომ მას ესაჭიროება დასვენება", - განაცხადა ლიზა იასკომ.
მესამე პრეზიდენტი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას მიმართავს. „მინდა, მივმართო ყველა ექიმს და ექთანს, საერთოდ მთლიანად მედპერსონალს. დიდი მადლობა თქვენი კოვიდთან ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის, პროფესიონალიზმისთვის, ადამიანობისთვის, გამოჩენილი წესიერებისთვის. განსაკუთრებით მინდა, მადლობა გადავუხადო, სამივე სამედიცინო კონსილიუმის წევრებს, პრინციპულობისთვის და ზეწოლის გაძლებისთვის. ვამაყობ, რომ ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ახალი კლინიკების შექმნაში. ჩემი შემდეგი გეგმა იყო უმცროსი მედპერსონალისთვის ხელფასის გაორმაგება და მთელი პერსონალის გადამზადება, რათა ჩვენს ექიმებს შეძლებოდათ, ასევე, სამედიცინო ტურიზმის მიღება და ხელფასების მკვეთრი ზრდა ამის ხარჯზე. დღეს ბევრ ექიმს და ექთანს, რამდენიმე ადგილას ერთდროულად უხდება მუშაობა. წელზე ფეხს იდგამენ, ოღონდ ოჯახები როგორმე არჩინონ. ახლა კოვიდთან დაკავშირებული 50% დანამატი მაინც აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების ხარჯზე და ესეც რომ დასრულდება, საერთოდ რა ეშველებათ თუ ფუნდამენტალურად არ შეიცვალა სიტუაცია, მე არ ვიცი... თუნდაც აქ, გორის ჰოსპიტალი, ჩემი გულისთვის მთლიანად დახურეს, ოღონდ თბილისში მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადავეყვანე - რის შედეგადაც, პაციენტების რაოდენობა და მედპერსონალის ნაწილის ხელფასი შემცირდა. მე მინდა, მათ ამ მთავრობის ნაცვლად მოვუხადო ბოდიში. იმედია, ეს გაუგებრობა მალე დასრულდება!“ - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.