ძებნის რეზულტატი:

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე მეორე ვადით აირჩიეს

თბილისის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. „ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომლებმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. გიორგი ტყემალაძე თბილისის წინა მოწვევის საკრებულოსაც ხელმძღვანელობდა. საკრებულოს სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე უხუცესი წევრი ნიკოლოზ კახეთელიძე უძღვებოდა. საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობას „ქართული ოცნება“ წარმოადგენს 29 დეპუტატით, 21 დეპუტატი კი ოპოზიციური პარტიებიდან არის. მათ შორის, 13 დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ოთხი - პარტია „საქართველოსთვის“, ორი -„ლელოდან“, ერთი კი, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“.

2 დეკემბერს 11 699 ადამიანი აიცრა

3 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 211 839 აცრა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 183 932 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.7%. სრულად ვაქცინირებულია 1 009 992 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.24% ამასთან, 2 დეკემბერს აიცრა 11 699 ადამიანი.

თავდაცვის მინისტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამსთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-სთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს NATO-სთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.

დავით ზალკალიანმა სერბ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლა სელაკოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სერბეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მათი გაღრმავების მიმართულებებს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ხალხის ტრადიციულად მეგობრულ კავშირებს, გაცვალეს ინფორმაცია ეკონომიკური მდგომარეობის და სავაჭრო კავშირების გაღრმავების პოტენციალის შესახებ. დადებითი შეფასება მიეცა თბილისში მიმდინარე თვეს სერბეთსა და საქართველოს შორის გამართულ პოლიტიკურ კონსულტაციებს. გამოიხატა მზაობა უახლოეს პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესახებ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებას.

ქობულეთში, 30 წლამდე კაცი ცივი იარაღით მოკლეს

ქობულეთში, 30 წლამდე კაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დადგენილია და საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი და საქართველო მჭიდრო პარტნიორები არიან. აქ ვართ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი და უსაფრთხოება

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაზე ჰკითხეს. ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებას არ იცნობს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები არიან. „საქართველოში ვმუშაობთ, როგორც ძალიან მჭიდრო პარტნიორები. ჩვენ ვართ აქ, რათა დავიცვათ სუვერენიტეტი, საზღვრებისადმი და უსაფრთხოებისამდი პატივისცემა საქართველოში. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პირდაპირი ჩართულობით, რათა დავრწმუნდეთ, რომ კონფლიქტის დარეგულირება სწორი გზით მიმდინარეობს. როგორც იცით, ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, იმ როლის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, როგორც ევროკავშირის პარტნიორს საერთაშორისო მისიებში. რაც შეეხება უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებაზე არჩევანს, მიგვაჩნია, რომ ეს თავად ქვეყნების არჩევანია და თითოეულმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს მას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს. ამავე თემაზე: ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის €50 მილიონს გამოუყოფს სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი

"ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი, რომელიც გასულ წელს 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს 52 მილიონ ლარამდე გაიზრდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივით შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვუერთდებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღეს. საერთაშორისო დღეა, რომელიც გაეროს მიერ არის დაწესებული. ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლა გულისხმობს მისი თითოეული მოქალაქის სრულფასოვან მონაწილეობას განვითარების პროცესებში. ყველა ადამიანშია შესაძლებლობები, რომელთა რეალიზება, როგორც მათ ღირსეულ ცხოვრებას, ასევე – საზოგადოების ძლიერებას განაპირობებს. მეცნიერებაში, ხელოვნებაში, სპორტში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მოღვაწე მრავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიღწევები ამის ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კონსტიტუციით დადგენილია, რომ „სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის". ამდენად, ყველასთვის თანასწორ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ უკვე გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. 2014 წელს მოვახდინეთ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიკაცია. ამით, ერთი მხრივ, ვაღიარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო მეორე მხრივ, ვიკისრეთ შესაბამისი ვალდებულებები, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამ ვალდებულებებისა და პრინციპების ეროვნულ კანონმდებლობაში უკეთ ასახვის მიზნით, გასულ წელს ჩვენმა პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები. აღსანიშნავია, რომ მთავრობის კოორდინირებით, სამინისტროებმა, სახელმწიფო უწყებებმა და 64-ვე მუნიციპალიტეტმა დაამტკიცა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2021 წლის წლიური სამოქმედო გეგმები, რაც სწორედ ახალი კანონით დადგენილი ვალდებულებაა. ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ძლიერდება სოციალური დაცვის პროგრამები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია მოქალაქეებისათვის. „ყოველწლიურად იზრდება სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი. გასულ წელს ბიუჯეტი 37.4 მილიონ ლარს, წელს კი - 40 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომდევნო წელს ბიუჯეტი გაიზრდება 52 მილიონ ლარამდე. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება სოციალური მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სხვადასხვა სერვისების და ახალი მომსახურებების დაფინანსება. ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომელიც წელს შეიქმნა ჩვენი გადაწყვეტილებით. კომიტეტი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. იგი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კომიტეტის რეკომენდაციების, ასევე, ეროვნული ვალდებულებების კოორდინაციას და შესრულებას. ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა და მისი პირველი, დღევანდელი სხდომა. კომიტეტს პირადად ჩემი და მთავრობის სახელით სრულ თანადგომას ვუცხადებ და ვპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ამ საკითხის ხელშეწყობას და განვითარებას ქვეყანაში. დღევანდელ კომიტეტს ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც აქ მობრძანდა“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების კონვენციის განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით - გაეროს განვითარების პროგრამის და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ხელშეწყობით შედგა.ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი მონაწილეობდნენ.

სუს-მა მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც მოქალაქეებზე ვაქცინაციის დამადასტურებელ ყალბ დოკუმენტაციას გასცემდნენ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე #4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ამავე ცენტრის ექიმი დააკავეს. ამის შეასხებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, დაამზადეს მოქალაქის კოვიდსაწინააღმდეგო „პფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი და უკანონოდ დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რის შედეგადაც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი იმუნიზაცია, აღირიცხა აცრილად. შესაბამისად, მიენიჭა სახელმწიფოს მიერ კოვიდრეგულაციის ფარგლებში დადგენილი შეღავათები. გარდა ხსენებული ეპიზოდისა, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქმედება არ ატარებდა ერთჯერად ხასიათს და ბრალდებულები სისტემატურად ახორციელებდნენ არავაქცინირებული პირების ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე რეგისტრაციას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით. ამასთან, ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული პირების იდენტიფიცირება და პარალელურ რეჟიმში ტარდება ინვენტარიზაცია #4 სამედიცინო დაწესებულებისთვის გადაცემული ვაქცინის ხარჯვის კანონიერების დასადგენად. „ქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდებთ მოსახლეობას, თუკი ანალოგიური ხერხით დარეგისტრირებულნი არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და კანონით დადგენილი წესით არ აქვთ გავლილი ვაქცინაცია, ნებაყოფლობით გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში და გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აცხადებენ უწყებაში.

ევროკავშირის ელჩი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს აშკარად ეწინააღმდეგება

ეროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება საერთაშორისო რეკომენდაციებს, არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „თქვენ ალბათ იხილეთ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის გუშინდელი განცხადება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ მოსამართლეების ბოლო დანიშვნა ეწინააღმდეგება ამბიციური სასამართლო რეფორმის ჩატარების დაპირებებს. უნდა ვთქვა, რომ ეს დანიშვნები აშკარად განხორციელდა ევროპის საბჭოს, ეუთოს კომისიის, ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან ევროკავშირი და აშშ, რეკომენდაციებისა და რჩევების საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მარტივად გასაგებია, რა პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე. ჩვენ შევეცადეთ, ჩავრთულიყავით პირდაპირ დიალოგში, რათა ხელი შეგვეწყო პროცესში საერთო შეთანხმებისკენ წინსვლისთვის. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა. ცხადია, რომ ეს არ უწყობს ხელს ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში ნდობის გაძლიერებას და საქართველოს წინსვლას ევროპულ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ამავე თემაზე: ევროკავშირი უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე: ევროკავშირის დახმარება საკვანძო რეფორმების წინსვლაზე იქნება დამოკიდებული, სასამართლო რეფორმის ჩათვლით პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია ელჩს ჟურნალისტებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზეც ჰკითხეს, „მოხარული ვარ, რომ კვლავ ფიზიკურად ესწრებოდა პროცესს სასამართლოში საქართველოს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესზე დაკვირვებას ისევე, რათა დავრწმუნდეთ და დავინახოთ, რომ მის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: 2%-იან ბარიერს ფართო კონსენსუსის შედეგად მხარი დაუჭირა 126-მა დეპუტატმა, ეს იყო უნიკალური შემთხვევა, მნიშვნელოვანია, ეს იმპულსი არ დაიკარგოს

ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელის შეფასებით, შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის და სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი შეხედულება ძალიან ნათელია. შესაძლოა, იყოს განხილვები იმასთან დაკავშირებით, რა არის ქართული დემოკრატიისთვის სრულყოფილი საარჩევნო ბარიერი, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, მაგრამ აქ საკვანძო საკითხია, რომ ჩვენ ამაზე გასული წლის შემოდგომაზე გვქონდა დისკუსიები, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე მედიაციისა და ფასილიტაციის ძალისხმევა, ამის კულმინაცია კი 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება იყო. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო ცვლილებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით. როგორც მახსოვს, 2%-იან ბარიერს მხარი 126-მა დეპუტატმა დაუჭირა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის

კახა კალაძე მესამე პრეზიდენტზე: კიდევ ბევრ რაღაცაზე მოუწევს პასუხისგება

ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. "ყველაფერი ცუდის, რაც 2012 წლამდე, ავადსახსენებელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, ამის მთავარი შემოქმედი და შემქმნელი იყო მიხეილ სააკაშვილი, თავის თანამოაზრებთან ერთად. მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს და ეცადოს თავის არიდებას კორუფციაზე, კრიმინალზე, ხალხის გაუბედურებაზე, ოჯახების გამწარებაზე, ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, რომელიც ფეხქვეშ იყო გათელილი, ბიზნესის ტერორზე, რომელიც ყოველდღიურად ხდებოდა - ეს ხომ კონკრეტული ფაქტები იყო? ამას ხომ ვერავინ ვერ გაექცევა? ამით ცხოვრობდნენ ადამიანები და ეს იყო ყოველდღიური საშინელება, რომელიც ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს. აი, ამის მთავარი შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი და რაც უფრო მეტს ვალაპარაკებთ ამ ადამიანს უფრო საინტერესოა. ძალიან კარგად იცით რისთვის იხდის სასჯელს და მოუწევს კიდევ ბევრ რაღაცაზე პასუხისგება, - განაცხადა კახა კალაძემ.

დავით ზალკალიანმა შვედ მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოების საკითხი და ამ კუთხით ეუთოს თავმჯდომარის როლი განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ან ლინდესთან. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და მისი ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით, ასევე ეუთოს მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ამ მიმართულებით. შეხვედრებზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგიც. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.

კელი დეგნანი: მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში

„როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი“, - ამით ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებულ დისკუსიაზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. კითხვა ეხებოდა ელჩის კომენტარზე მმართველი პარტიის ლიდერის რეაქციას. „პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას, გამოცდილებას, ასევე, ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას, ვისაც შევხვედრივარ და მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ბევრი განათლებული იურისტი და კონსტიტუციონალისტი ჰყავს. მეც მაქვს განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას, კონსტიტუციის შექმნის პროცესში, დავხმარებივარ და გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციის შედარებითი ანალიზი. როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და მაგალითზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი. ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე, იქნებოდა სასარგებლო და ეს დადასტურდა 2020 წლის არჩევნებით, როდესაც პარლამენტში 9 პარტია შევიდა. ეს შეფასდა დადებით შედეგად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდეგ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ 2%-იანი ბარიერი და სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება. ეს არის ის, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე, რამაც პარლამენტში უნდა შექმნას მეტი მრავალფეროვნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის ირაკლი კობახიძე: მე ვარ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი

რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩეს

რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ისე დაასრულა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. ვერ ჩამოყალიბდა ფრაქციებიც და სხდომა ჩაიშალა, იმის გამო, რომ კვორუმი არ შედგა. საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წამოაყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ გახარიას პარტიას, თუ მათთან გამართავენ კონსულტაციებს. ამის შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს. ხელახალი კენჭისყრის დაწყებამდე კი, სხდომათა დარბაზი პარტია საქართველოსთვის წევრებმაც დატოვეს. საკრებულომ მეორე სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს. ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავთ, გადამწყვეტ ხმებს კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს. ქვეყნის საკრებულოებში მანდატები ათამდე პარტიამ მოიპოვა. მერის არჩევნებში 64-დან, მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს

ამერიკის ელჩი სერგეი ლავროვს: ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან

„თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე ჰკითხეს. ამერიკის ელჩის თქმით, „NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“. ასევე წაიკითხეთ: სერგეი ლავროვი: ისინი, ვინც NATO-ს ბუქარესტის სამიტის თეზისებს იმეორებენ, ცეცხლს ეთამაშებიან „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და NAT0-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ეს არის მკაფიო გზავნილი ბოლო 13 წლის განმავლობაში და უცნაურია, რატომ მიიჩნევს რუსეთი ამას საფრთხედ, როდესაც თავად მოაწერა ხელი სტამბოლის კონვენციას, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს თავისი სუვერენული უფლება, აირჩიოს, რომელი ალიანსის თუ ორგანიზაციის წევრი გახდება. შესაბამისად, საქართველოსაც და უკრაინასაც აქვთ სუვერენული უფლება, გადაწყვიტონ, რომელი სამხედრო თუ სხვა ორგანიზაციის წევრობა სურთ. განსაკუთრებით, თუ გადავხედავთ რუსეთის ბოლო ქმედებებს და მისი სამხედრო ძალების კონცეტრაციას უკრაინის საზღვრებთან, ნათლად ჩანს, რომ საფრთხე ჩრდილოეთიდან მოდის და არა უკრაინიდან, ან საქართველოდან. NATO მუშაობს იმისთვის, რომ მოიტანოს მეტი სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს გადაწყვეტილება, გახდეს NAT0-ს წევრი, ნამდვილად არ წარმოადგენს საფრთხეს“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ლატვიის დედაქალაქ რიგაში (30 ნოემბერი-პირბელი დეკემბერი) NATO-ს ორდღიანი მინისტერიალი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას NATO-ს ასპირანტი ქვეყნების, საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, დავით ზალკალიანი და დმიტრო კულება ესწრებოდნენ. მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია და მზად არის, განაგრძოს საქართველოს და უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. NATO-ს ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან.

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა

საქართველოს მეგობართა ჯგუფმა შვედეთში მიმდინარე ეუთოს 28-ე მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ განცხადებაში ხაზგასმულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებაა გამოხატული რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო. ამასთან, განცხადებაში მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. „განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ყოფნის გამო. ასევე დაგმობილია რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენა, ოკუპირებული ტერიტორიების მონაკვეთებზე და საქართველოს სოფელ აიბღას ნაწილის კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში მიერთება. მეგობარი ქვეყნები შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის გამო და ასევე საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გამო, რაც დე-ფაქტო ანექსიად არის შეფასებული. განცხადებაში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილებაზე და საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მათ შორის, მისცეს იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება. ამასთან, განცხადებაში შეშფოთებაა გამოხატული ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი წვდომა საქართველოს ამ რეგიონებში. განცხადების ავტორები გმობენ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მონტაჟს და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვას. გამოხატავენ შეშფოთებას დაკავებების გამო და მოითხოვენ ირაკლი ბებუასა და სხვა თვითნებურად დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. განცხადებაში დაგმობილია საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები და ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, აღმოფხვრას ნებისმიერი დაბრკოლება, დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად. ამ კონტექსტში მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება. განცხადებაში მხარდაჭერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID), როგორც მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს გადაუჭრელი კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული გამოწვევების მოსაგვარებლად და ხაზგასმულია პროგრესის აუცილებლობა მოლაპარაკებათა ძირითად საკითხებზე. მეგობარი ქვეყნები ასევე მხარს უჭერენ ერგნეთში და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და მათ როლს, კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. განცხადებაში დადასტურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ ურყევი მხარდაჭერა და ხაზგასმულია მისიის მანდატის საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს გავრცელების აუცილებლობა. მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავების დაწყებას. ასევე გამოხატულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მიმართ. ხელმომწერნი მოუწოდებენ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ გადაწყვეტილება აღდგეს საქართველოში ეუთოს მისია, რაც მნიშვნელოვნად განამტკიცებს ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ასევე ნდობის განმტკიცების პროცესში. საქართველოს მეგობართა ჯგუფი პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით და მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და მას მერე ყოველ წელს იღებს განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ეუთოში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით, რუსეთის ვეტოს უფლების მიუხედავად. 2021 წელს, მეგობართა ქვეყნების ჯგუფი 17-მდე გაიზარდა და მას სლოვაკეთი და ისლანდია დაემატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თეა წულუკიანი: 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, გამოძიება დაიწყება. „ღიად ვაცხადებ, რომ იმ დიდმა გაერთიანებამ, ვითარცა „საბჭოთა კავშირმა“ არ გაამართლა, არ გაამართლა ეროვნული მუზეუმის მიერ ყველა სხვა მუზეუმის შესრუტვის პოლიტიკამ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. ჩვენ ამ მუზეუმებს უნდა მივანიჭოთ იმ ხარისხის ავტონომია, როგორც არის სპორტის მუზეუმი, როგორიც არის საქართველოში ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა მუზეუმები. ფოტომასალაც მაქვს ურწმუნოებისთვის წამოღებული, თუ ასეთები ამ დარბაზში არსებობენ, გაჩვენებთ, როგორ იმართებოდა ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთიდაიგივე ხელმძღვანელების მიერ ეს გაერთიანება, რომელიც რეალურად არის ზოგ შემთხვევაში ლამაზი ფასადი. ამას არც ევროპულ სტანდარტთან აქვს კავშირი და არც რაიმე სხვა ტიპის სამუზეუმო სტანდარტთან. ჩვენ დღე-დღეზე ველოდებით სახელმწიფო აუდიტის დასკვნას. ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე ხნის წინ დასრულდა შემოწმება და რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ რეკომენდაციებით, რათა გავაუმჯობესოთ და დავნერგოთ კარგი მმართველობა ეროვნულ მუზეუმში. ფონდები მოსაწესრიგებელია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომელიც ძვირადღირებული ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია. შესაბამისად, აქ გამოძიება იქნება დასაწყები, როგორც კი ინვენტარიზაციის პროცესი დასრულდება. ჩეხეთის საელჩო იყო პირველი მერცხალი, რომელმაც ეს ექსპონატები დააბრუნა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. დანარჩენ საელჩოებს მეც და ჩემი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვმუშაობთ, რომ ეს ექსპონატები ეროვნულ გალერეაში და ხელოვნების მუზეუმში დაბრუნდეს. იქნება სხვა დანაკლისებიც, ამის შესახებ ინფორმაციები არსებობს. ინვენტარიზაციის საბოლოო შედეგები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიდება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მინისტრმა მუზეუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღდგება. „ამჟამად მიმდინარეობს კონსტრუქციული პროექტის შემუშავება კონსტრუქტორების მიერ, რათა დავინახოთ რა ფორმით არის ამ კოლაფსის პირობებში მყოფი შენობის გადარჩენა შესაძლებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა წულუკიანმა. თავის გამოსვლაში წულუკიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებული 93 სპორტული ფედერაციიდან, რომლებსაც სამართლებრივად სხვადასხვა ფორმა აქვთ, 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია, ჯამურად, ბიუჯეტიდან 98 მილიონ 600 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ რაგბს და კალათბურთს. „ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში, არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას, თუ გნებავთ თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და პირველ რიგში, მე, რომ რაგბი და კალათბურთი არის, რა თქმა უნდა, ის სპორტის სახეობები, რომლითაც ვამაყობთ, რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სახეობებსაც სამინისტრომ მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ვაქციეთ ერთ-ერთ პრიორიტეტად, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, რა პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, სპორტის უნივერსიტეტი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ის უნდა აღდგეს. მინისტრის განცხადებით, ახლიდან მოხდება ახალგაზრდობის სააგენტოს როლის განსაზღვრა და ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება. თავის გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის პრემია „ლიტერაზე”. „ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არც ერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, მომავალ წელს მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი ჩატარდება. თეა წულუკიანმა თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება. „ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განაცხადებით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2021 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის ინიციატივით მიღებული კანონის საფუძველზე ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ანგარიში 2021 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდს მოიცვას.

ლიზა იასკო: თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება

"თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზეც გააკეთა კომენტარი. „ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

თეა წულუკიანი: გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი

"გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომლის ველოსიპედსაც სძვრება ბორბალი და გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი, ასეთია რეალობა", – ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სამინისტროს მიერ აღიარებულია 93 სპორტული ფედერაცია, მათ სხვადასხვა ფორმა აქვთ სამართლებრივად, და ამ 93 ორგანიზაციიდან 65 სპორტული ფედერაცია, კავშირი და ასოციაცია ჯამურად საქართველოს ბიუჯეტიდან იღებს 98 მილიონ 600 ათას ლარს. აქედან ყველაზე მეტი დაფინანსება გაწერილია რაგბის კავშირისთვის, რომლის ბიუჯეტი წილობრივადაც სამინისტროდან მიღებული გახლავთ – 27 მილიონ 500 ათასი ლარი. „მეორე ადგილზე გახლავთ კალათბურთი, რომელიც სამინისტროდან იღებდა 13 მილიონ 580 ათას ლარს. ეს არის ის ორი უმნიშვნელოვანესი სახეობა ქართულ სპორტში, რომელიც ყველაზე მეტი დაფინანსებით არის ჩვენი მხრიდან აღჭურვილი. ეს ინფორმაციისთვის, ანალიზის მხრივ კი, მინდა მოგახსენოთ, რომ ფედერაციები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. არათანაბარ მდგომარეობაში ვგულისხმობ უთანასწორობას დაფინანსების მხრივ, ყურადღების ხარისხის მხრივ სამინისტროდან და ასევე, სრულ უთანასწორობას. თუ გნებავთ, თვალშისაცემ უთანასწორობას ინფრასტრუქტურის მხრივ, ასევე – აღჭურვილობის მხრივ. არავინ უარყოფს და უპირველესად, მე, რომ რაგბი და კალათბურთი, რა თქმა უნდა, სპორტის ის სახეობებია, რომლითაც ვამაყობთ. რაგბი ჩვენი თამაშია და ასევე, კალათბურთიც ჩვენი თამაშია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრომ სხვა სახეობებსაც მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება. ჩემი დანიშვნის შემდეგ, ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტად დავისახეთ, რომ სპორტის სახეობები იმისდა მიხედვით, თუ როგორი პოტენციალი აქვთ, იყვნენ თანასწორ მდგომარეობაში. ეს არ არის მარტივად მისაღწევი საქმე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, უნდა განვავითაროთ ის, რითაც უკვე ვამაყობთ და მე, როგორც ერთი ქართველი, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ დავესწარი რაგბის მატჩს და ჩვენმა ნაკრებმა გვასახელა ძალიან ძლიერ საფრანგეთის გუნდთან. ეს თამაში იყო არა მხოლოდ საინტერესო, არამედ საამაყოც. ასევე ვიამაყეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა და ჩვენმა მსოფლიო დონის სპორტსმენებმა უკრაინასთან მატჩი მოიგეს თბილისში. ეს უნდა გაგრძელდეს – სპორტის ამგვარი სახეობებისთვის ხელშეწყობა. ეს ორი სახეობა მე პირობითად გამოვყავი მაგალითისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, მაღალი მიღწევები, რომლებიც სპორტის არაერთი სახეობას აქვს, დრო არ მეყოფა ჩამოვთვალო, მაგრამ მინდა ვაჩვენო კონტრასტი ამის ფონზე და ამის საპირისპიროდ – ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომლებსაც არ გააჩნიათ ნავი და ნიჩაბი, ჩვენ გვყავს ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედებსაც სძვრება ბორბალი, გვყავს მორბენლები, რომლებსაც არა აქვთ სარბენი ბილიკები, გვყავს ცხენოსანთა ფედერაცია, რომელსაც არ გააჩნია ცხენი. ასეთია რეალობა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: კარგი იქნება, თუ ფედერაციები ქალი მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სპორტული ფედერაციები პირველი ქალი მინისტრის პირობებში, საქმიანი ურთიერთობებისას მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა ბადრი ჯაფარიძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილის საკითხს ეხებოდა: ზურაბ დათუნაშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, იმის გამო, რომ ის საკუთარ ქვეყანაში დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, იძულებული გახდა, წასულიყო და ახლა სერბეთის სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ჰქონდა თუ არა მინისტრს რაიმე მცდელობა, დაკავშირებოდა ამ სპორტსმენს? გაერკვია, რატომ მოხდა, რომ ის იძულებული გახდა, წასულიყო ჩვენი ქვეყნიდან? რამე თუ გააკეთა იმისათვის, რომ ის დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში? ასევე, ის სპორტსმენები, რომლებიც გამოდიან სხვა ქვეყნის სახელით და მოუპოვებენ მედლებს და ასახელებენ ამ ქვეყნებს. მინისტრმა რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით?“, - მიმართა ჯაფარიძემ მინისტრს. „მე ვიცი, რომ ამ სპორტსმენს ჰქონდა შესაბამის ფედერაციასთან პრობლემა, რომელიც თუ სწორად ვიცი, მუშტი-კრივთან იყო დაკავშირებული და წყენის საფუძველზე მან, ბატონმა ზურამ, დატოვა ქვეყანა და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს ბატონი ზურაბ დათუნაშვილი. ეს სამწუხაროა და აქ ჩართვის სახით ვიტყვი, რომ კარგი იქნება, თუ ფედერაციები პირველი ქალი სპორტის მინისტრის პირობებში მუშტებზე ყურებას შეწყვეტენ საქმიანი ურთიერთობისას“, - ამბობს თეა წულუკიანი. ამასთან, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში არის მიწვეული, ასე მიმართა: ზურაბ დათუნაშვილი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, იმის გამო, რომ ის საკუთარ ქვეყანაში დაამცირეს და შეურაცხყოფა მიაყენეს, იძულებული გახდა წასულიყო და ახლა სერბეთის სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მინისტრმა რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით?! ცნობისთვის, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი წევრი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა, პროფესიულ კარიერას სერბეთში 2020 წლიდან აგრძელებს.