ძებნის რეზულტატი:

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

ნდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ვულკანი „სემერუ“ მოქმედებას აგრძელებს და 6 დეკემბრის დილას კიდევ ორჯერ ამოიფრქვა. იავას პროვინციაში ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შეფერხდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული, რომელთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება. მოსახლეობამ სახლებში დაბრუნება დაიწყო, ინდონეზიის ხელისუფლება კი მათ მოუწოდებს, რომ ვულკანური მთიდან დისტანცია დაიცვან. ამასთან, ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსულმა ლავამ სახლები და ხიდები დააზიანა.

იან კელი ირაკლი კობახიძეს: შეწყვიტეთ კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვა

„შეწყვიტეთ ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის რეპუტაციის შელახვა და მისი კვალიფიკაციის ეჭქვეშ დაყენება. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ Twitter-ზე დაწერა, რითაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძეს განცხადებას გამოეხმაურა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ბარიერზე საუბრისას განაცხადა, რომ ის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტია, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის. ირაკლი კობახიძის განცხადებას, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მასაც აქვს განათლება და გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1778 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 63 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 855 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 234 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 855 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 445 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 410 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 867 071-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.88%, ბოლო 14 დღის - 8.56% ხოლო 7 დღის - 8.13%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 234 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 809 830-მდე. ბოლო 24 საათში COVID19-ით გარდაცვალების 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 407 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 924 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 130, შიდა ქართლი - 83, გურია - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 66, მცხეთა-მთიანეთი - 36, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 808 საიდანაც: 6 455 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 611 პირი, მათ შორის, თბილისში - 615, აჭარაში - 104, იმერეთში - 497. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 362 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 39, იმერეთში - 32. 1 121 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 682 - თბილისში, 257 - აჭარაში. 37 232 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 35, ხოლო აჭარაში - 1. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 5 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 509 ადამიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება

"მომავალ წელს საჯარო სექტორში ხელფასი დაახლოებით 10 პროცენტით გაიზრდება და ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებშიც გაიზრდება. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „პანდემიის მიუხედავად, არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში“. „არ მცირდება კაპიტალური დანახარჯები 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში. დაგეგმილი გვაქვს 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით, რაც ჯამში მშპ-ს 9,1 პროცენტს შეადგენს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენი დაპირება იყო, მომდევნო წელს ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას დაახლოებით 10%-ის ოდენობით და ეს იქნება მზარდი, ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, არამედ მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება,

2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარის ოდენობით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „მომავალ წელს პენსიის მოცულობა იზრდება. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა ასაკის პირთათვის პენსია შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ

"ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი გაგვეზარდა მილიარდ 310 მილიონი ლარით", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება. „მინდა, ჩვენს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნო ჩვენი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართულია როგორც მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის, ისე ეკონომიკის განვითარებისკენ. მანამდე შეგახსენებთ, რომ წელს გვქონდა ძალიან მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი გაგვეზარდა მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო მთელი ჩვენი საგარეო ვალი, შემცირდება 51,1%-მდე. ამას გარდა, მთლიანი ბიუჯეტი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 28,8 მილიარდი ლარი. ჩვენ 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. როგორც ვთქვით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ასევე მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ. ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2 % და 2022 წელს მთავრობის ვალი 51, 1 % იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბუნებრივი კატასტროფების შესახებ კანონის მიხედვით, აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსხვავებული აზრის წაქეზებისა და COVID19-ის წესების დარღვევისთვის. ამასთან, მედიის ინფორმაციით, მიანმარის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ ბრალს 11 საქმეზე წაუყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროს. მიანმარის სამხედრო ხუნტამ თებერვლის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 303 ადამიანი დაიღუპა.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული. „მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში ვერ მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის ათივე რაიონის გამგებლობის კანდიდატები წარადგინა. მათგან ექვსი აქამდე მოქმედი გამგებელია, ხოლო ოთხი ამ პირველად დაიკავებს. კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონის გამგებლობის კანდიდატი გაიოზ ვასაძე იქნება, მთაწმინდის რაიონის – დავით კირკიტაძე, კრწანისის – ბექა მიქაუტაძე, ვაკის – დავით კვინიკაძე, გლდანის – ლევან ნაროუშვილი, ხოლო სამგორის – კახა სამხარაძე. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის პოზიციაზე დედაქალაქის მერმა საკრებულოს დავით უთმელიძის კანდიდატურა შესთავაზა, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს წევრი იყო. ასევე საკრებულოს ყოფილი წევრია ვლადიმერ ძნელაძე, რომელიც კახა კალაძემ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა. რაც შეეხება ისნისა და ნაძალადევის რაიონებს, აქ დედაქალაქის მერმა არჩევანი გამგეობებში აქამდე დასაქმებულ კადრებზე გააკეთა. ისანში მან ნიკოლოზ ელისაშვილი წარადგინა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, გამგეობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ხოლო ნაძალადევის გამგებლად საკრებულოს ირაკლი ანდღულაძე შესთავაზა, რომელიც აქამდე გამგებლის მოადგილე იყო. თბილისის მთავრობას საკრებულო ხვალ დაამტკიცებს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი: ქვეყანაში COVID19-ის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტის, დევი ტაბიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში „ომიკრონი“ გავრცელდება „შტორმი გვექნება და ვირუსი ძალიან სწრაფად გადაგვივლის“. დევი ტებიძე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში COVID19-ის ახალი შტამი 3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. „ახლა გვექნება შტორმი. ძალიან სწრაფად გადაგვივლის. ეს არის სწრაფად გავრცელებადი ვირუსი. ჯერ ერთადერთი სასიხარულო არის ის, რომ ამ ყველაფერს გარდაცვალება არ მოჰყოლია. ჯერ არ არის დაფიქსირებული ასეთი ფაქტი. „ომიკრონი“ 40-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ჩვენთან „ომიკრონი“ არ არის დაფიქსირებული, მაგრამ, სავარაუდოდ, მაქსიმუმ 2-3 კვირის შემდეგ გამოჩნდება. მთავარია, რომ მის იდენტიფიცირებას ალბათ, „პისიარ“ ტესტი მოახერხებს. სწრაფ ტესტებზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის", - განაცხადა ტაბიძემ.

ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება

"ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტთან. „ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, ბატონ ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, - აღნიშნა პრემიერმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან სერიოზულ საფრთხედ აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს მის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ახალ აგრესიას მოსკოვისთვის სერიოზული შედეგები ექნება. ამასთან, ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების ეფექტური საშუალებაა დიპლომატიური მუშაობა და მინსკის შეთანხმების შესრულება. ამ საკითხებზე სახელმწიფო მდივანმა ილაპარაკა შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, SVT-სთან ინტერვიუში, რომელიც ბლინკენმა ტელეარხს მისცა სტოკჰოლმში, ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან გასულ კვირაში გამართული შეხვედრის შემდეგ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი იყო პირდაპირი და სერიოზული.

ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 2 674 ადამიანი აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით 2 674 ადამიანი აიცრა. მათივე ცნობით, 6 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 238 070 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 198 176 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.2%. სრულად ვაქცინირებულია 1 018 984 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7%.

მამუკა ხაზარაძე: 2007 წელს უნდოდათ, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად

"2007 წელს ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაგვიშალეს, ამოცანა იყო, რომ გაგვეყიდა ბანკი, მაგრამ არა სახელმწიფო რეკეტის ხაზით, არამედ შელამაზებულად", -ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა. საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით იკითხება. „არ მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ხელისუფლების, თუმცა საფუძველი „ეროვნულ ბანკს“ ჰქონდა. ვაღიარებ, რადგან იმდენად სწრაფად ვიზრდებოდით, რომ კაპიტალის ადეკვატურობა დაირღვა და უნდა ითქვას, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ მეორე დღეს ეუბნებიან, შენ აჩერებ ოპერირებას. ყოველთვის არსებობს გონივრული ვადა და ყოველთვის გეუბნებიან, რომ შენ გაქვს ექვსი თვე, ექვს თვეში მოაგვარო კაპიტალის ადეკვატურობის მომენტი. საქართველოში საბანკო სისტემა არის მსოფლიო დონის გამართული სისტემა, რადგან ბოლო 30 წლის განმავლობაში მისი რეგულირება, მისი კონტროლი, საერთაშორისო აუდიტორების დონეზე, არის ძალიან მაღალ დონეზე აყვანილი. მე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც ყველაზე მსხვილი აქციონერები, 80 პროცენტის მფლობელი, 10 პროცენტი ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, და 10 პროცენტი გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკს. ესენი არიან პირველი მერცხლები, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში განახორციელეს ინვესტიცია. ჩვენი კაპიტალი 2007 წელს იყო 100 მილიონი დოლარი. ეს გახდა პრობლემა, იმდენად სწრაფად მიდიოდა ფულის მოზიდვა უცხოეთიდან. მე და ბადრი ჯაფარიძეს ექვსი მილიარდი გვაქვს შემოტანილი ამ ქვეყანაში და აღარ ვლაპარაკობ, რამდენი სამუშაო ადგილი და ასე შემდეგ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მისივე თქმით, 2007 წელს „თიბისი ბანკს“ ერთ-ერთ მსხვილ ბანკთან ხელშეკრულება ჩაუშალეს. „იყო მინიშნებები, ბანკი უნდა გაყიდოთ, სხვას გადააბაროთ. პოლიტიკურ ნაწილს შევეშვები. რთული იყო იმ პერიოდში. ერთის მხრივ, რაღაცები კეთდებოდა, მეორეს მხრივ, ყველასთვის ნათელია, რომ რაღაცების კეთება რთული იყო. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ინვესტორის ძებნა, რადგან არ გვქონდა თანხა, რომ ასი მილიონით გაგვეზარდა. ჩვენ დავიწყეთ მსოფლიოში მოგზაურობა. ამ დროს ბანკი გაჩერებულია, ვერ იზრდება და დრო არის ჩვენს საწინააღმდეგოდ. ყველანაირმა თხოვნამ, რომ იქნებ მოგვცეთ ვადა, შედეგი არ გამოიღო", - განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა

ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. თამაზ ტყემალაძე 1949 წლის 29 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას, ტელერადიოკომიტეტში იყო რადიოგადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურისა და ხელოვნების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, ტელევიზიასა და რადიოში მიჰყავდა საავტორო გადაცემები. იგი მრავალი ათეული წელი გახლდათ საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი, არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. თამაზ ტყემალაძე 2019 წელს ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის, დაჯილდოვდა ღირსების მედლით.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს საერთაშორისო პროექტების მასთან შეთანხმებას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, რომ მასთან წინასწარ შეთანხმდეს ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „რესპუბლიკის პრეზიდენტის“ 2006 და 2019 წლების განკარგულებებით, „საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სფეროში“ და სავალდებულოა, რომ მასთან შეთანხმდეს „აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეალიზაციისთვის დაგეგმილი პროგრამები“.

ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ახალგორის საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი, კლინიკაში ჩატარებული არაგეგმური შემოწმების საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მთავარი ექიმის უფლებამოსილებას მონიკა ჯიოევა შეასრულებს. ამის თაობაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა სოსლან ნანიევმა განუცხადა სააგენტო „რეს“-ს. გაათავისუფლეს ასევე კლინიკის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც თანამდებობებს ითავსებდნენ შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე და ადგილზე არ დახვდნენ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს.

მამუკა ხაზარაძე: მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია

"მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ბიზნესში ადამიანის მკვლელობის ტოლფასია", - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. „სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?! მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ადვოკატი: ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის დასუსტება

"ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ იქნება, იმის საფუძველი, რომ ადვოკატებმა მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს და მოითხოვონ გამოძიების დაწყება, დაცვის მხარე ამას გააკეთებს. „დაცვის მხარეს შესაძლებლობა, რომ პროფესიულად და სრულად გამოეკვლია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა და შეეფასებინა დანიშნულება, არ ჰქონია. ადვოკატები, ბუნებრივია, რომ არ ვართ პროფესიონალი ექიმები, ხოლო პირადი ექიმი, რომელიც ითხოვდა ფსიქიატრის ჩართვას კონსილიუმში, დარჩა ყურადღების მიღმა. ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, კომბინაციაში, ბუნებრივია, როცა „ემპათიის“ ხელმძღვანელისგან ვისმენთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მედიკამენტი ეძლეოდა მიხეილ სააკაშვილს ისე, რომ შესაძლოა, ეს საჭირო არ ყოფილიყო. ბუნებრივია, ძლიერდება ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სცადა მიხეილ სააკაშვილის გარკვეულწილად დასუსტება ან მისი უნარების შეზღუდვა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვერ შეძლებოდა სასამართლოში მისვლა, ყველაზე კარგ შემთხვევაში. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უფრო შორს მიმავალი გეგმებიც არსებობდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილი: სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ

"სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ. ეს ყველაფერი კეთდება ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და ყურადღების გადასატანად", - ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც სააკაშვილი აცხადებს, უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. „ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის გზავნილში.