ძებნის რეზულტატი:

კახა კალაძე: პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი დარჩება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ჯვარი, ჯერჯერობით, დარჩება, სანამ მერია ახალ პროექტს არ განახორიცელებს. კალაძის თქმით, პროექტი საპატრიარქოსთან ერთად დაიგეგმება. "ველოდებით პროექტს, გვქონდა საუბარი საქართველოს საპატრიარქოსთან, რომ ამ მიმართულებით გარკვეული პროექტი განვახორციელოთ. მათ შორის, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდასაყოფად. ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად, გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება". – თქვა კალაძემ. ჯვარი რუსთაველის გამზირზე თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს აღმართეს.

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი: თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ

ბათუმის მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და „ლელოს" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნერიმან ცინცაძის განცხადებით, მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა იმის გამო შეწყდა, რომ კვორუმი არ შედგა. ამასთანავე, დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ საკრებულოს ზედიზედ რამდენიმე სხდომა ვერ გაიმართება, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება. „დღეს მქონდა განცდა ცოტა წინ წაწევის. იძულებული გავხდით სხდომა დაგვეხურა, რადგან კვორუმი არ შედგა. თუ ასე გაგრძელდა ორი, სამი სხდომა, ალბათ, ვადამდელ არჩევნებამდე მივალთ. ჩემთვის არის მისაღები ყველა საკითხი განხილული იყოს და კომპრომისამდე მივიდეს. არ შედგა კვორუმი და სხდომა დაიხურა", - განაცხადა ნერიმან ცინცაძემ.

თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრს: თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი, აფეთქებულია

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას მიმართა. „მე ვარ ის ადამიანი, ჩარეცხილებს რომ არ უწოდებდა ხალხს და ბაგრატის ტაძრის რესტავრაციას ვაპროტესტებდი სწორად, მე მინდოდა კონსერვაცია-რესტავრაცია, რაც სწორი იქნებოდა, მაგრამ დღეს ბაგრატი ჩახჩახებს, ლამაზია და დგას, სამაგიეროდ, თქვენი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს არ არსებობს საყდრისი - აფეთქებულია! და ჩვენ ვართ თარიღი და თარიღია გელათი. როგორც დღევანდელი პრეზიდენტი იტყოდა, ჯარი თურმე არ გვყავს, დიახ, ჩვენ ვართ დაგლეჯილი, ოკუპირებული ქვეყანა და ჩვენ ვართ თარიღი. თქვენ ანადგურებთ თარიღებს! საყდრისი აღარ არსებობს! ჩემი თხოვნა, გინდაც მოთხოვნა, ვინაიდან საზოგადოება აღარ გენდობათ და ალბათ, ანგარიშვალდებულიც ხართ, ოქროს ფონდის შესახებ დაწვრილებით მოგვაწოდოთ ხოლმე ინფორმაცია არამხოლოდ კულტურის კომიტეტს, ვინაიდან ვხედავთ, რომ ისინი როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში არიან, არადა, პირიქით უნდა იყოს, უმაღლეს ორგანოს უნდა ექვემდებარებოდეს კულტურის მინისტრი, თორემ თქვენს დღევანდელ გამოსვლას ცოტა სხვაგვარად გააპროტესტებდნენ. ამიტომ მოგვაწოდეთ ხოლმე ზუსტი ანგარიში სად, როგორ განთავსდება და რა პირობებში, რა ელის საქართველოს თარიღს, ანუ ოქროს ფონდს, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევს“, - მიმართა წულუკიანს ჩარკვიანმა.

ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანს: რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით?

„რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ? - ასე მიმართა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ის რეალობა, რომელიც თქვენ აღწერეთ, ნიშნავს იმას, რომ საკმაოდ მძიმე სურათი დაგხვდათ იმ დარგებში, რომელიც ახლა თქვენს კომპეტენციას განეკუთვნება. ცოტა უცნაური ხომ არ არის, რომ ის ადამიანი, რომელიც თქვენამდე ხელმძღვანელობდა ამ დარგებს, დღესაც არის მინისტრი და არანაკლებ მნიშვნელოვანი დარგი აბარია, კერძოდ, განათლების. თქვენ და თქვენს თანაგუნდელებს რაიმე უხერხულობას ხომ არ გიქმნით, რომ ადამიანი, რომელმაც ამდენი პრობლემა დატოვა დარგში და ზოგადად, მეცხრე წელია ხელისუფლებაში ხართ და ეს დარგები და სამინისტროც თქვენს დაქვემდებარებაში იყო, ასეთ მდგომარეობაში დაგხვდათ 9 წლის შემდეგ? რამე უხერხულობას ხომ არ გრძნობთ შემთხვევით? რაც შეეხება გელათის არხსენებას, კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, სათანადოდ მნიშვნელოვნად არ მიიჩნევთ გელათის თემას, რომ თქვენს მოხსენებაში მოხვედრილიყო, თუ პასუხები არ გაქვთ იმ ბევრ კითხვაზე, რომელიც ექსპერტულ საზოგადოებაში არსებობს გელათთან დაკავშირებით. არაერთხელ მოგმართეთ დეპუტატის კითხვით გელათთან, ეროვნულ მუზეუმთან და ოქროს ფონდთან დაკავშირებით. კანონს არღვევთ და დეპუტატის კითხვას არ პასუხობთ, თუ არ გაქვთ პასუხები ამ კითხვებზე? რატომ არის გელათის რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებით არის სახეზე დღეს, გაუმჭვირვალე პროცესი? რატომ ადევს გელათს ბოქლომი? რატომ არის ასევე გაუმჭვირვალე პროცესი ოქროს ფონდთან და მუზეუმთან დაკავშირებით? სად დევს გეგმები და რატომ არ არის ეს გეგმები საჯარო? რატომ არ არის შესაძლებელი ამ გეგმებზე იმსჯელოს პროფესიულმა საზოგადოებამ? კარგია, რომ პლენარულ სხდომებზე ვხედავთ მინისტრებს, მაგრამ რატომ არ მოდიხართ კომიტეტებზე? ჩვენმა ფრაქციამ რამდენჯერმე ითხოვა თქვენი მოსვლა კომიტეტზე. ასევე კონკრეტული პასუხი მაინტერესებს, კომიტეტი არ, ვერ გიბარებთ, თუ თქვენ არ მოდიხართ საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც პროფესიულ საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა კითხვები დაგისვათ? გელათთან დაკავშირებით ორი სამინისტროს დასკვნა არსებობს, ორივე თქვენი სამინისტროს შეკვეთილი, ერთი იტალიელების, მეორე - ინგლისელების. კონკრეტულად მიპასუხეთ, დღეს შემსრულებელი კომპანია გელათში რომელ დასკვნას ეყრდნობა?“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა თეა წულუკიანს. თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში შესაძლოა, სახურავის მოხსნა გახდეს საჭირო. იტალიელი ექსპერტების დასკვნის გამოქვეყნებამდე ვარაუდობს, რომ ეს საჭირო იქნება. მისივე თქმით, თუ მისი ვარაუდი გამართლდა, ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნება, რადგანაც ექსპერტები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახურავის სრულად მოხსნა გახდება საჭირო, კედლის მხატვრობა, რომელიც ისედაც დაზიანებულია, გადარჩება. „ვშიშობ, თუმცა ამას დარწმუნებით ვერ განვაცხადებ, რომ ის კრამიტის სახურავი, რომელიც ძირითად ტაძარზეა მოწყობილი, ე.წ. დუღაბითურთ იქნება მოსახსნელი. მეკითხებით, რა არის მომავალი წლის ყველაზე დიდი გამოწევა სამინისტროსთვის და ჩემთვის ეს არის სახურავი, რომელიც მოსახსნელი თუ იქნება, და 90%-ით ალბათ ასეც იქნება, ეს არის უმძიმესი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ტექნიკურად. აქ დგება ის ერთი პრობლემა, რომელიც არის დილემა, რასაც იტალიელი ექსპერტები მუდმივად ჩვენთან ერთად სვამენ - შეგვიძლია თუ არა ჩვენ, რომ დავიწყოთ სახურავის მოხსნა, თუ ეს გახდა საჭირო, ისე, რომ უკვე დაზიანებული კედლის მხატვრობამ ეს აიტანოს. იმიტომ, რომ ვიბრაციამ შეიძლება, ეს დააზიანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მიხეილ სარჯველაძე თეა წულუკიანს: თქვენ იმსახურებთ მადლიერებას ნაკეთები საქმეებისთვის

„თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმინეს. „მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც თქვენ დღეს აქ მოისმინეთ. ეს არის მიუღებელი ადამიანურად და ეს არის ფსკერზე ქვემოთ, აბსოლუტურად დაუშვებელი ადამიანურობის, ჰუმანიზმის, ქართველობის, პარლამენტარიზმის, ნებისმიერი კრიტერიუმით რაც არ უნდა ვთქვათ. ამ ფონზე, მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა თუნდაც იმისთვის, რომ ოპოზიციიდან გამოთქმულ არც ერთ კრიტიკულ სიტყვას თქვენ არ იმსახურებთ. თქვენ იმსახურებთ მადლიერებას, იმ ნაკეთები საქმეებისთვის, რომელიც რეალურად წარმოაჩენს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევის ძალიან დიდ პერსპექტივებს, რომელიც იშლება ყოველდღიურად ამ საქმიანობის შედეგად. მე ყოველთვის მექნება იმედი, რომ იქ, სადაც თქვენ ბრძანდებით, თქვენი გუნდია, რეალურად შესაძლებელია რომ საქართველო წარმოჩნდეს კაცობრიობაში როგორც ლიდერი“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს: სიძულვილის ენა კულტურის ახალი სტანდარტია, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს?

„ეს კულტურის კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში, - მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თეა წულუკიანს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „ქალბატონო თეა, თქვენი გამოსვლა ისევ და ისევ სავსე იყო სიძულვილის ენით, იმით, რომ გაუგებარი ეპითეტებით მოიხსენიებთ კულტურის სფეროს ამა თუ იმ წარმომადგენელს. ანუ ეს არის კულტურის ახალი სტანდარტი, რომელსაც კულტურის მინისტრი გვთავაზობს? ასე აპირებთ კულტურის სფეროში მოღვაწეობის თუ მუშაობის გაგრძელებას? ანუ კულტურის სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც თქვენს აზრს სრულად არ გაიზიარებენ, მათ აზრს არ მოისმენთ და იქნებით მხოლოდ მათი მინისტრი, ვინც ტაშს დაგიკრავთ ყველაფერზე? ეს კულტურის მინისტრობა კი არა უკულტურობის მინისტრობაა, რაც თქვენ დღეს აქ წარმოაჩინეთ. მართლა საოცრებაა, რომ თქვენ წარმოადგენთ დღეს კულტურის სფეროს საქართველოში თქვენი დამოკიდებულებით, თუნდაც ჟურნალისტებთან, თუნდაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ადამიანებთან იმ სიძულვილის ენით, რაზეც თქვენს გამოსვლაში ისაუბრეთ. არავის არაფერი დაამახსოვრდება, რაზეც ისაუბრეთ, გარდა იმ ეპითეტებისა, რითაც მოიხსენიეთ თქვენი ჯგუფები, ადამიანები, თუ ცალკეული პირები. მართლა მაინტერესებს, ასე აპირებთ კულტურის სფეროს გაძღოლას? ეს არის ახალი სტანდარტი საქართველოში?“, - მიმართა გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს. საპასუხოდ, მინისტრმა ვაშაძე იუსტიციის სახლის უხარისხოდ აშენებაში დაადანაშაულა. „2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე. ბატონმა დავით აღმაშენებელმა ეს იუსტიციის სახლი ისე ააშენა, რომ იმ პეტალებში, რომელიც სახურავია, შიგნით აქვს ჰაერი, ჩატოვეს არმატურები. ქარის პირობებში ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, რომ სახურავი ჩამოვარდა. ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. „ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც არის დავით აღმაშენებელი, თქვა, თქვენ ხართ უკულტურობის მინისტრი, მწერლების მაკონტროლებელი, შეურაცხყოფები მოდის და შემდეგ არის კითხვა, რას აპირებთ მწერალთა კავშირთან დაკავშირებითო. მინდა, მას შევახსენო და ასევე სალომე სამადაშვილს, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით, რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რა გაცინებთ ქალბატონო სალომე, თქვენ არ გახსოვთ ალბათ, ბრიუსელში იყავით მაშინ და ესპრესოს ჭიქით ხელში ალბათ აკვირდებოდით დიპლომატის მშვიდი სახით, რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და გამიხარდა, რომ გაგაცინეთ“, - მიმართა კულტურის მინისტრმა დეპუტატებს.

თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია შეიქმნა

თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. „ქართული ოცნება“ საკრებულოში ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში 29 წევრია. ფრაქციის თავმჯდომარედ 28 ხმით ოთარ გრიგოლია აირჩიეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. კიდევ ერთი ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრისგიორგი გახარიას პარტიის წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს. ამასთან, თბილისის საკრებულოში, მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს. უწყების ცნობით, საკრებულოში სულ 11 კომისიაა, რომლებსაც უხელმძღვანელებენ: იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია - ლევან ჟორჟოლიანი. ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისია - ირაკლი ხელაძე. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია - ზურაბ ჩიკვილაძე. განათლებისა და კულტურის კომისია - კახა ლაბუჩიძე. გარემოს დაცვის კომისია - ნიკოლოზ კახეთელიძე. ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისია - ლევან არველაძე. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - ნინო ვარდოსანიძე. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - გიორგი ჩაკვეტაძე. ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია - რევაზ სოხაძე. სარევიზიო კომისია - ლევან ჯაფარიძე. სატრანსპორტო საკითხთა კომისია - შალვა ოგბაიძე. „ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ფრაქციები დაარეგისტრირეს და თავმჯდომარეები აირჩიეს. თბილისის საკრებულოში 3 ფრაქცია დაკომპლექტდა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომლის შემადგენლობაში 29 წევრი იქნება. ფრაქციის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობას“ ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს. ფრაქცია 13 წევრისგან შედგება. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს. ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს. ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს ასევე, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაციისა და საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცეს. ახლადარჩეულმა საკრებულომ, დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს კომისიების შემადგენლობა ცნობად მიიღო.“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე სამადაშვილი თეა წულუკიანს: ეს ქვეყანა და მისი ათასწლიანი კულტურის მემკვიდრეობა უკეთესს იმსახურებს კულტურის მინისტრისგან

პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანს მოუსმინეს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს მიმართა. „ქალბატონო თეა, თქვენ დღეს მე მკითხეთ ,რატომ გადმოვინაცვლე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, აქ ამ რიგებში. ჩემი გადაწყვეტილება დიდწილად განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს პოლიტიკაში ჩვენ გაგვენეიტრილებინა ის, რაც დღეს მოვისმინეთ თქვენს გამოსვლაში - სიძულვილი, წარსულზე საუბარი და არცერთი სიტყვა ამ ქვეყნის მომავალზე, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. ვიდრე დაიწყებთ ადამიანების ბიოგრაფიებზე საუბარს, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო. დღეს თქვენს რიგებში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც იმ საოცარი სისხლიანი 9 წლიანი რეჟიმის პირობებში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა იმ ხელისუფლებასთან და დღეს აქ ოპოზიციის მხარეს, აქ მგონი მარტო მე ვარ, რომელსაც არასდროს უთანამშრომლია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან. კითხეთ საკუთარ თავს - რატომ მოხდა ასე? რატომ ხართ იქ, სადაც ხართ? რატომ აღმოჩნდით დღეს ასეთ მდგომარეობაში ქვეყნის კულტურის მინისტრი, რომ 9 წელიწადია, მართავთ ამ ქვეყანას და როდესაც გთხოვთ, დაასახელოთ ერთი მიღწევა მაინც, თქვენ ჩემთვის სათქმელი არაფერიც არ გაქვთ. თქვენი სიძულვილის წყაროც სწორედ აქედან მოდის, იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის და ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, პოლიტიკაში პოზიტიური მემკვიდრეობა შექმნან, მათ სიძულვილი არ სჭირდებათ. ძალიან დიდი მორალური განსხვავებაა, ქალბატონო თეა, თქვენსა და ჩემს შორის. მე პოლიტიკური განსხვავებები შეიძლება მქონდეს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არ ვითანამშრომლებ და სამსახურში არ ჩავუდგები იმ რეჟიმს, რომელიც ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს დილეგში აგდებს. მომავალში აქ რომ დაბრუნდებით, შეეცადეთ რამე გვესაუბროთ თქვენს მიღწევებზე სიძულვილის ენის საუბრის ნაცვლად. ეს ქვეყანა და მისი ათასწლიანი კულტურის მემკვიდრეობა უკეთესს იმსახურებს კულტურის მინისტრისგან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. თეა წულუკიანი დღეს პარლამენტში თაკო ჩარკვიანს და სალომე სამადაშვილს დაუპირისპირდა. კულტურის მინისტრმა თაკო ჩარკვიანის ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუდან ერთ-ერთი ნაწილი ჩართო ტელეფონში, რომელშიც დეპუტატი წულუკიანს აკრიტიკებს. საპასუხოდ ის შოუს მოწყობაში დაადანაშაულეს, რაზეც კულტურის მინისტრმა უპასუხა, რომ ის „შოუს მინისტრიც“ არის.

რატი იონათამიშვილი: თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ რუსეთთან საქმის მოგებით არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის

„პარადოქსია, როცა პროევროპელი პოლიტიკოსი თეა წულუკიანს მიღწევებზე ეკითხება, იმ ადამიანს, რომელიც იყო იმ სამინისტროს ხელმძღვანელი ზუსტად მაშინ, როცა საქართველომ ორჯერ მოუგო სტრასბურგის სასამართლოში დავა რუსეთს“, - განაცხადა დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი თქმით, თეა წულუკიანის იუსტიციის სამინისტროში მუშაობა სწორედ რუსეთთან საქმის მოგებით არის მნიშვნელოვანი თითოეული ქართველისთვის. „ეს არის ის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გავექცევით. ამით თქვენც უნდა ამაყობდეთ, რადგან ამ პროცესში მარტო ჩვენთვის ან რომელიმე მოქალაქისთვის არა, საქართველოსთვის მოიგო თეა წულუკიანმა ჩვენთან ერთად“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ელისო ბოლქვაძე: მჯერა, რთული დიპლომატიური დიალოგი ერებს შორის მშვიდობის გასამყარებლად, ხელოვნების ენით გახდება შესაძლებელი

„დღეს, საქართველოში, კულტურის პოლიტიკა განხილულია როგორც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო თავისი მდიდარი, შთამბეჭდავი ისტორიით და მისწრაფებებით გამორჩეული და უძველესი ერია, რომელიც მსოფლიომ კიდევ უფრო კარგად უნდა გაიცნოს და დააფასოს. სწორედ კულტურა განსაზღვრავს ერის მნიშვნელოვან ღირებულებებს. განათლება და კულტურა არის ის მიმართულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების მთავარი ქვაკუთხედია“, - ამის შესახებ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხად, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, კულტურის მინისტრს მოუსმინეს. მისი თქმით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელობისას, თეა წულუკიანის მიერ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარების მიზნით. ასევე, მის მიერ პრიორიტეტულ საკითხად იქნა მიჩნეული ოქროს ფონდისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის გადარჩენა. „მჯერა ქალბატონი თეას აქტიური მონაწილეობით მოხერხდება უდიდესი მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენა. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას მხარი დავუჭიროთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რათა ქვეყანას გააჩნდეს კულტურის პოლიტიკის ერთიანი ხედვა, რომელიც მიმართული იქნება არსებული გამოწვევების დაძლევასა და ქვეყანაში შემოქმედებითი პროცესის ჰარმონიზაციისა და განვითარებისკენ“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს თაღლითობისა და მექრთამეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, მეირამ ჟანგუტინოვს თაღლითობისა და მექრთამეობისთვის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის თანახმად, ყოფილმა მოსამართლემ ქვეყნის სამხრეთში მდებარე, თურქესტანის ოლქის რაიონული მოსამართლისგან, მისი სხვა სამუშაოზე გადაყვანის სანაცვლოდ ქრთამი აიღო. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, ჟანგუტინოვის დაპატიმრების სანქცია აპრილში გაიცა, მაგრამ ის ჯერ კიდევ თებერვალში დააკავეს. მოსამართლის დაკავების შემდეგ გამოცხადდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ამოეწურა. სასამართლომ პატიმრობის იგივე ვადა მიუსაჯა მოსამართლეს, რომელმაც ჟანგუტინოვს ქრთამი მისცა. ორივე მსჯავრდებულს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავება უვადოდ აეკრძალათ.

თეა წულუკიანი: „ლიტერას“, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს

კულტურის მინისტრმა დღეს მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას ლიტერატურულ პრემიებზე, მათ შორის პრემია „ლიტერაზეც“ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც „ლიტერა” დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო გამოცემული არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. „ჩვენ გვქონდა ლიტერატურული პრემია სახელად „ლიტერა”. ღიად გეუბნებით, რომ ამ პრემიას, რომელიც გახდა კეზერაშვილის პრემია, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს. ჩვენ დავაფუძნებთ ახალ ლიტერატურულ პრემიას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანმა მწერლებსა და პოეტებს სამინისტროსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. „მე არ ვერევი, ეს არ არის ჩემი ფუნქცია და არც არასდროს ჩავერევი მწერლებს შორის დისკუსიაში, მაგრამ ყველა მწერალს და პოეტს მინდა მოვუწოდო, რომ ითანამშრომლონ სამინისტროსთან. სამინისტრო თქვენი პარტნიორია, სამინისტრო არის ინსტრუმენტი, რომ თქვენ გქონდეთ უფრო მეტი ხელშეწყობა“, - განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანი: მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი შეხედულებისამებრ თავად დანიშნოს

კულტურის მინისტრმა დღეს მინისტრის საათის ფორმატში საუბრისას თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის პროცესზეც გააკეთა განცხადება და განაცხადა, რომ 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს ვადა პირველ იანვარს ეწურება. „ეს ვადა გადიოდა შემოდგომაზე, მაგრამ გახანგრძლივდა რამდენიმე თვით. ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან გამოვაცხადებთ კონკურსებს და დაიწყება სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი. მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი: არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა. ეს იყო შეცდომა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ კოჰაბიტაციას შეცდომა უწოდა. წულუკიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განაცხადა, რომ დანდობა არ უნდა ყოფილიყო. „როდესაც ჩვენ ამ თუ სხვა მოწვევის პარლამენტში და შემადგენლობებში ვთქვით, რომ არ ღირს პოლემიკა და პასუხის გაცემა, იქ დავმარცხდით. როდესაც ჩვენ ვთქვით 2013 წელს, რომ ესენიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდით, შევეცადოთ მათთან ერთად ვმართოთ ქვეყანა, მაშინ იყო ეს ყველაზე დიდი შეცდომა. ის კაცი, რომელიც დღეს გალიაში ზის, მაშინვე უნდა ჩამჯდარიყო იმ გალიაში, საიდანაც ახლა საკუთარი ცოლის დაპატიმრებას ითხოვს. ეს არის მეგობრებო ჩვენი შეცდომები, როდესაც ჩვენ დავუჯერეთ რჩევებს და აქ ვერ დავწვრილმანდები, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს გავიხსენებ, ვინ რა რჩევა როდის მოგვცა იმისთვის, რომ თანაგვეცხოვრა, იმისთვის რომ დაგვენდო. ეს იყო შეცდომა. მისაყვედურეთ, რამდენიც გინდათ გულახდილობისთვის. იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანას ამით დავაკარგვინეთ ბევრი დრო, დავხარჯეთ ჯანმრთელობა და ნერვები. არ უნდა ყოფილიყო არავითარი დანდობა და კანონით, სამართლიანად ყველას უნდა გასცემოდა ის პასუხი, რასაც იმსახურებდა”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტალიის საგარეო უწყება ქვეყნის ყველა ინსტიტუციას ურჩევს, არ ეკონტაქტონ თვითმარქვია წარმომადგენლებს: არ ვაღიარებთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანლიო დი სტეფანოს განცხადებით, იტალია ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას და არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას. „მოვუწოდებთ იტალიის ყველა ინსტიტუციას - ეროვნულს, რეგიონულს და ადგილობრივს, შეინარჩუნონ თანმიმდევრულობა მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციებთან და თავი აარიდონ თვითმარქვია წარმომადგენლებთან კონტაქტს, რაც მხოლოდ გაუგებრობას იწვევს. კონფლიქტი საქართველოში კვლავ იწვევს სამოქალაქო პირთა შორის მსხვერპლს და ტანჯვას და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას საქართველოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანლიო დი სტეფანომ თავის ქართველ კოლეგასთან, ხათუნა თოთლაძესთან დღეს რომში გამართული შეხვედრისას. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხათუნა თოთლაძემ და მანლიო დი სტეფანომ განიხილეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრი; პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების სფეროში თანამშრომლობის თემები; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებულ კავშირებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ საერთო პროექტებზე. შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტუალური ასპექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ოკუპაციის თემაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. „ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ შესანიშნავ ორმხრივ ურთიერთობებზე და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ისევე, როგორც მრავალმხრივ ფორმატში და ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით დაგეგმილ აქტივობებზე“, - აღნიშნა დი სტეფანომ.

ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ინიციატივათა ახალ პაკეტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამზადებს ახალ ინიციატივას, რათა შეაჩეროს რუსეთის გეგმები უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ახალ პაკეტს განიხილავს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის „ძალიან გაურთულებს“ რუსეთს უკრაინაში ნებისმიერი შეჭრის გეგმის განხორციელებას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ამავე თემაზე: ბლინკენი ლავროვს: თუ უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, მოსკოვს ეს ძვირი დაუჯდება

ინტერპოლმა რუსეთს ჩეჩენ ოპოზიციონერზე ძებნის გამოცხადებაზე უარი უთხრა

ინტერპოლმა რუსეთს უარი უთხრა, ძებნა გამოეცხადებინა ჩეჩენ ოპოზიციონერ ბლოგერზე. ტუმსო აბდურახმანოვი თავის ვიდეობლოგებში ადამიანის სისტემატურად საუბრობს უფლებების დარღვევასა და სხვა სამართალდარღვევებზე ჩეჩნეთის რეგიონში. ამის შესახებ აბდურახმანოვმა თავის იუთუბ არხზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ინტერპოლმა კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია მასზე ძებნის გამოცხადება. მედიის ცნობით, ბლოგერი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩეჩნეთის რეგიონი და რუსეთი და ამჟამად შვედეთში ცხოვრობს. რუსეთში აბდურახმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდების გამო აღიძრა.

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთობლივი განცხადებით საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს. ლიდერები განსაკუთრებული შეშფოთებას გამოთქვამენ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მუდმივი გაუარესებით, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების გამო, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგია. ამასთან, განცხადების ავტორები გამოხატავენ სოლიდარობას მიგრანტთა კრიზისის გამო, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა და ორკესტრირებულია მინსკის მიერ. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ჰიბრიდული შეტევა წარმოადგენს პირდაპირ საფრთხეს მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. „საერთაშორისო თანამეგობრობას მოვუწოდებთ, გააძლიეროს სანქციები რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო და კრემლს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიტუაციის დეესკალაციისკენ უკრაინის საზღვრებიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანით“, - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის შესაძლო თავდასხმისგან უკრაინის დასაცავად ახალ პაკეტს განიხილავს

პრეზიდენტმა სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ პედაგოგები ღირსების მედლით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მუსიკისა და სამუსიკო-საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების მედლით დაჯილდოვა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის “ნიჭიერთა ათწლედის” პედაგოგები ვერა სვანიძე და დარეჯან ცინცაძე. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები პირადად გადასცა პედაგოგებს და ქართველი ხალხის სახელით, თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა მათ. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეთა კონცერტი გაიმართა. ,,ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ, ორბელიანების სასახლეში კიდევ ერთხელ მოგვეცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ახალგაზრდული კონცერტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის მომავალი თაობა, ვისთვისაც არსებობს ეს სასახლე და თქვენ პედაგოგები კი, იღწვით, იმისათვის რომ მათ ამ ქვეყნისა და კულტურის მომავალი კიდევ უფრო დაამშვენონ და გააძლიერონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შემდეგ, დედა-შვილი გარდაიცვალა. „2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.