ძებნის რეზულტატი:

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობაზე ახალი დეტალები ვრცელდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ დღეს დაჭრილ არასრულწლოვანს კლინიკაში შეყვანისას გული გაჩერებული ჰქონდა, ექიმებმა რეანიმატოლოგიური დახმარება გულის ასამუშავებლად ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოკლული მოზარდის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმაური გაიგო, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა. „ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყო, ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი, სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, იქ მირბოდა. ერთი ყვიროდა - სისხლისგან დაიცალაო. ჩხუბი აქ არ მომხდარა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სხვაგან მოხდა და აქ ჩამოირბინეს. არცერთი ნაცნობი არ იყო, ამ უბნის ბავშვები არ იყვნენ. სასწრაფო და პოლიცია მალე მოვიდა, მაგრამ ვიდრე სასრწაფო მოვიდოდა, მეზობელმა მანქანაში ჩაისვა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანა“, - განაცხადა მაკა კობრავამ. წინასწარი ინფორმაციით, სანზონაში, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ცნობით, დაკავებულია ორი პირი. ორივე არასრულწლოვანია. "2005 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული პირი დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3410 ადამიანი დაინფიცირდა, 46 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3410 ადამიანი დაინფიცირდა, 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4732 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, მათ შორის 20 679 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 035 PCR ტესტით. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 865 293-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 806 596-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 344 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%, ბოლო 14 დღის - 8.63% ხოლო 7 დღის - 8.33%. 3 410 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 389 შემთხვევა, აჭარა - 157, იმერეთი - 776, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 210, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 245, კახეთი - 182, მცხეთა-მთიანეთი - 66, სამცხე-ჯავახეთი - 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 46 327, საიდანაც 6 458 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 554, აჭარაში - 551, იმერეთში - 1 309. ამ ეტაპზე 1 583 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 590, აჭარაში - 103, იმერეთში - 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 41, იმერეთში - 34. 1 242 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 807 - თბილისში, 245 - აჭარაში. 38 627 კოვიდინფიცირებული სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 36 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 080 ადამიანი.

სახალხო დამცველის აპარატი, აშშ-ში ნინო ლომჯარიას ვიზიტის დეტალებს ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტი დაეხმარება ადამიანის უფლებების სტანდარტების უკეთ უზრუნველყოფას საქართველოში. ამის შესახებ ომბუდსმენის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ში ნინო ლომჯარიას ვიზიტს ასახავს. "არაერთი მიმართულებით გახდა შესაძლებელი პროგრესის მიღწევა ამერიკელი პარტნიორების დახმარებით და იმედს ვიტოვებთ, რომ სამომავლოდაც მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა მიმართულებით პროგრესის მიღწევა. სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეებთან - ერიკა ოლსონთან და კარა მაკდონალდთან. ასევე შეხვედრა გაიმართა იუსტიციის დეპარტამენტთან. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრები გაიმართა კონგრესმენ დევიდ პრაისთან, სენატორების - შაჰინის, ბენჟამინ კარდინის, ჯონსონის, მენენდესის და რიშის აპარატის თანამშრომლებთან და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან. ცალკე შეხვედრა გაიმართა ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებთან. სახალხო დამცველი შეხვდა ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევროკავშირის ბიუროს ხელმძღვანელ პირებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი სამომავლო პროექტის საკითხი განიხილეს. საქართველოს სახალხო დამცველმა შეხვედრები გამართა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქართველოს საკითხებზე მუშაობენ, მათ შორის აღსანიშნავია ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოქმედ პრეზიდენტთან ნიკოლე როუსველთან გამართული შეხვედრა. ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციაში - ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის, რომლის დირექტორ დეიმონ ვილსონთან განიხილეს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემები და გამოწვევები. დემოკრატიის და მედიის საკითხების გარშემო იმსჯელეს ფრიდომ ჰაუსის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორის მოადგილესთან - სოფია ორლოსკისთან. საარჩევნო საკითხები იყო მთავარი განსახილველი საკითხი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის პროგრამის დირექტორთან. საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეები ეკატერინე სხილაძე და გიორგი ბურჯანაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბენ ჰოჯესი: კლასიკური რუსული „ომი“ არის ეს - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესი საუბრობს ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის თავმოყრაზე და განიხილავს თეორიებს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები. ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მიგრანტების შეიარაღება პოლონეთთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ბელარუსის საზღვრის გასწვრივ არ არის შემთხვევითი და ის დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის აქტივობებთან უკრაინასა და მის გარშემო; კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დაზვერვითი ხასიათის, საბოტაჟის ან ყურადღების გადატანის მცდელობასთან დაკავშირებული ქმედებები, ან ყველა ზემოაღნიშნული. „სუვალკის დერეფანი, პოლონეთი-ლიეტუვის ტერიტორიის ეს ვიწრო ნაწილი, რომელიც ბელარუსსა და კალინინგრადს შორის მდებარეობს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ის არის სახმელეთო კავშირი ჩვენს ბალტიისპირელ მოკავშირეებს (ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი) და დანარჩენ NATO/ევროკავშირს შორის. თუ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის შეიარაღებული ძალები დაკეტავენ მას, მაშინ რეალური პრობლემა შეგვექმნება. არსებობს ამის შესაძლებლობა (არა გარდაუვალი), მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი მიგრანტებთან დაკავშირებული სიტუაცია ბელარუსის საზღვარზე (რომელიც მთლიანად ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შექმნილია) გადაიზრდება სერიოზულ პრობლემაში, რა დროსაც რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, გადაწყვიტოს, რომ უნდა ჩაერიოს „ჰუმანიტარული კრიზისის“ ან სხვა რაღაცის გამო და ამ პროცესში „დროებით“ დახურავს დერეფანს, თავისი ორი გზითა და ერთი რკინიგზით. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ჩემი აზრით, სავსებით შესაძლებელი. მთლიანობაში, სწორედ ეს არის კლასიკური რუსული „ომი“ - ყველანაირი ინსტრუმენტის, ბერკეტების, მუქარის, ენის, დეზინფორმაციის, მიგრანტების გამოყენებით“, - აღნიშნავს ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი. ბენ ჰოჯესის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე კინეტიკური კონფლიქტის გაფართოება არ არის გარდაუვალი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრემლი გადაწყვეტს მოქმედებას, არსებული კონფიგურაცია მას ამის საშუალებას მისცემს. ჩემი აზრით, უკრაინაში და მის გარშემო განვითარებულ მოვლენები არის ერთგვარი გაგრძელება, მომდევნო ფაზა იმისა, რაც მოხდა უკრაინაში და მის ირგვლივ ჯერ კიდევ გაზაფხულზე. მას შემდეგ, მიუხედავად თავდაცვის მინისტრ შოიგუს ცრუ განცხადებებისა, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის (RF) შეიარაღებული ძალები ნამდვილად არ დაბრუნებულან თავიანთ ყაზარმებში - რუსეთმა ადგილზე დატოვა ლოგისტიკის დიდი ნაწილი „ზაპად-21“ წვრთნების შემდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაჟღერდა უამრავი ძალიან მკვეთრი/უხეში გზავნილი პრეზიდენტ პუტინის მიერ, ასევე იყო კითხვები და ტრაბახი უკრაინის მომავლისა და მისი ლეგიტიმურობის შესახებ. თუ შევხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს - ჯარების გადაადგილებას/განლაგებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეწოლის და სამხედრო შესაძლებლობების სტაბილური ესკალაცია რეგიონში არც არასოდეს შეჩერებულა. რა თქმა უნდა, ამას საქართველოზეც აქვს გავლენა, თუ გათვალისწინებით ყირიმთან და აზოვის ზღვასთან მის სიახლოვეს. ჩვენ ვიცით, რომ რუსები მხოლოდ მაშინ ჩერდებიან, როცა მათ აჩერებენ. NATO-ს და ჩვენი პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხრიდან საჭირო იქნება მტკიცე გადაწყვეტილება, რათა კრემლს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენ არ მოვითმენთ ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის შემდგომ დარღვევას“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა Europetimet-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ამავე თემაზე: ბენ ჰოჯესთან ექსკლუზიური ინტერვიუ სრულად ცნობისთვის, გერმანული გამოცემა, Bild-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინისთვის ზღვაზე გასასვლელის ბლოკირებას და კიევის ალყაში მოქცევას გეგმავს. გამოცემის წყაროს ცნობით, შეტევა სამფაზიანი იქნება და თავდასხმა ერთდროულად დაიწყება ანექსირებული ყირიმიდან და ოკუპირებული დონბასიდან.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე წერილი გინდა თუ სიხარული? „მეგობარი ჭირში იცნობაო“ - ქართული ანდაზა გვეუბნება. არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც - ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც სიხარულს გაუზიარებ - ჭირში ყველას შეეცოდები ან თავს ვალდებულად ჩათვლის თანაგრძნობა გაგიწიოსო... თქვენ რომელს იზიარებთ, ვინ მიგაჩნიათ ნამდვილ მეგობრად, ვისაც პრობლემას გაუმხელთ თუ ვისაც სიხარულს გაუზიარებთ? რა მიგაჩნიათ უფრო პირადულად, დარდი თუ სიხარული? ჩემთვის ორივე პირადულია, თუმცა სიხარული უფრო მეტად. რა გაგიხარდათ ბოლოს და ვის მოუყევით? ოჯახის წევრების კარგად ყოფნა თუ ოჯახის წევრებთან ყოფნა ყველას რომ გვიხარია, მაგ სიხარულს არ ვგულისხმობ. არც იმ სიხარულს, პაემანზე გულის სწორი პირველად რომ დაპატიჟეთ - ამ სიხარულებს თავისი დრო და ადგილი აქვს ჩვენს ცხოვრებაში და მუდმივი მოტივატორი ვერ იქნება... არც იმ სიხარულს, დიდ განსაცდელს რომ გადაურჩით - ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია... არც იმ სიხარულს, შვილების გამოსაკვები თანხა რომ იშოვეთ - ეს პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა და არა სიხარული... არც იმ სიხარულს, ინსტაგრამზე დაფილტრულ ფოტოზე ბევრი სასურველი რეაქცია რომ აღმოაჩინეთ... არც იმ სიხარულს, ფასდაკლებების დღეს ჯვაროსანივით რომ დალაშქრეთ სავაჭრო მოლი... არც იმ სიხარულს, ალკოჰოლურმა თუ ნარკოტიკულმა თრობამ რომ მოგანიჭათ... არც იმ სიხარულს, სხვისი მარცხი რომ გაგიხარდათ... არც იმ სიხარულს, მლიქვნელებმა რომ მოგილაქუცეს ანდა პირიქით, თავად იმლიქვნელეთ და ვიღაცამ დაგიფასათ... არც იმ სიხარულს, თვალში წამწამი რომ ჩაგივარდათ და ვიღაცამ მოგაძახათ, წერილი თუ სიხარულიო... და მაინც, რა არის სიხარული? რა უნდა უხაროდეს მოკვდავ ადამიანს ამ წარმავალ წუთისოფელში? ხშირად ვაკვირდები ადამიანებს საჯარო თუ სოციალურ სივრცეში და მათ თვალებსა თუ მათ სიტყვებში იშვიათად დამინახავს ნამდვილი, გულწრფელი სიხარული... ყველანი ვამბობთ და ხშირად ვამბობთ, რომ ქართული საზოგადოება ნეგატივით იკვებება და სიძულვილის ენა კომუნიკაციის მთავარ ფორმად იქცა. ნეგატივის კარგი ნიმუშია მედია გვერდების კომენტარები და სოციალური ქსელები. თუმცა, მხოლოდ ინტერნეტ სივრცეს ნუ დავაბრალებთ, ყოველდღიურ ყოფით ურთიერთობებშიც იგივეს ვხედავთ - ადრენალინი მხოლოდ ჩხუბს, კამათს და შეურაცხყოფას მოაქვს... ალბათ მხოლოდ ვინმესთან დაპირისპირების პროცესში გვიმაღლდება თვითშეფასებაო, ალბათ ყველანი სტრესულ თუ პოსტ-სტრესულ მდგომარეობაში ვგრძნობთ თავსო - ფსიქოლოგები გვიხსნიან... გაჭირვების ბრალიაო - ექსპერტები გამართლებას უძებნიან... მტრებმა ერთმანეთს გადაგვკიდესო - პოლიტიკოსები განმარტავენ... რა დაბალი თვითშეფასებაო, „რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო“ და „განსაკუთრებული გენეტიკა გვაქვსო“ - ნაცისტები თუ ნარცისები ხომ კრიტიკას ვერ იტანენ... „ადამიანი ტანჯვისთვის იბადებაო“ - ზოგიერთები მაზოხისტობენ... იქნებ, უბრალოდ არავინ გვასწავლა, რა არის სიხარული და რაში ვეძიოთ სიხარული... იქნებ სხვისი სიხარულის გაზიარებაც არავინ გვასწავლა... „ბავშვივით სუფთაო“ - ასეთი გამოთქმა გვაქვს... ბავშვებს ნამდვილად აქვთ იმ პირველქმნილი სიხარულის უნარი, რასაც ასე აჩანაგებს შემდგომში გარემო და საზოგადოება - მათ უხარიათ ახლის აღმოჩენა და ყოველ დღე ცდილობენ რაღაც შეიმეცნონ... მათ ახარებთ ჩახუტება და გაღიმება... მათ ახარებთ თამაში ანუ ცხოვრება... მათ ახარებთ მწვანე ბალახი გაზაფხულზე და განათებული კოკა-კოლას მანქანა ზამთრის სუსხიან საღამოს... მათ უხარიათ სხვისი სიხარული და ახარებთ საკუთარი სიხარულის გამოხატვა... მათ არავინ აიძულებთ არჩევანი გააკეთონ წერილსა და სიხარულს, წესრიგსა და სიხარულს, სხვების სიხარულსა და საკუთარ სიხარულს შორის... *** ინდივიდუალისტური საზოგადოებები ინდივიდის ემოციას ანიჭებენ უპირატესობას და არა ჯგუფის ემოციას. ინდივიდუალიზმი სალანძღავ სიტყვად და გარყვნილებად მოიაზრება კოლექტივისტურ საზოგადოებებში. და მაინც, რომელი ვართ ბოლოს და ბოლოს? ალბათ კოლექტივისტური - ყველაფერი პირადი უნდა დათმო საზოგადოებრივი სიკეთეებისთვისო, გარშემომყოფებს პატივი უნდა სცე, მაშინაც კი თუ სინამდვილეში სხვანაირად ფიქრობო... მაგრამ არ ვართ კოლექტივისტური საზოგადოება - სინამდვილეში სულ არ გვადარდებს საზოგადოებრივი სიკეთეები და მისთვის იშვიათად ვწირავთ პირად კეთილდღეობას, არ გვაქვს დისციპლინა და მორჩილების უნარი... ალბათ ინდივიდუალისტური - ამბიციურები ვართ, ჯანყის მსურველი და წესების დამრღვევი... არ ვართ ინდივიდუალისტური საზოგადოება - ინდივიდს პატივს არ ვცემთ, სხვისი სიკეთე გვშურს, თავისუფლებას წესების დარღვევასთან ვაიგივებთ და მზად ვართ ადამიანი მოვკლათ განსხვავებული ჩაცმულობისთვის... ძალიანაც ნუ დავიღლით თავს ამბივალენტობის ფილოსოფიით - პასუხი ყოველდღიურობაშია, თეორიებსაც ხომ რეალობაზე დაკვირვებით ქმნიან ვიღაც მავანნი... რამდენმა ახალგაზრდამ თქვა უარი საკუთარ პირად ბედნიერებასა თუ პირად განვითარებაზე ოჯახური სიკეთეების სახელით - ალბათ ბევრმა... რამდენმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა იმ პროფესიის დაუფლება, რომელთან ზიარებაც სიხარულის წყაროდ ექცა - ალბათ ცოტამ... რამდენი ადამიანი მიენდო იღბალს და არა საკუთარ თავს და მათგან რამდენს გაუმართლა? - ბევრი მიენდო და ცოტას გაუმართლა... რამდენმა გაიხარა სხვისი ბედნიერებით - თითქმის არავინ... რამდენმა სცადა საკუთარი არჩევანი (თუ არჩევანის არარსებობა) სხვისთვისაც თავს მოეხვია წესად და კანონად - თითქმის ყველამ... და ამგვარ ცხოვრებას რამდენი შეხვდა სრული მორჩილებით და თვითგვემით - საბედნიეროდ, ძალიან ცოტა... რამდენი გაბოროტდა და ჩუმი თუ ცხადი აგრესია ცხოვრების ერთადერთ „სიხარულად “ ექცა? - სამწუხაროდ, უმეტესობა... *** ჩემთვის სიხარული ყველაზე პირადული გრძნობაა... იმ სიხარულზე მომიყევით, თავად რომ მოიპოვეთ საკუთარი თავის შემეცნების რომელიღაც შორეულ კუნჭულში... იმ სიხარულზე, ნეგატივი რომ დაგავიწყათ... იმ სიხარულზე, სხვების ტკივილზე რომ არ დააშენეთ... ინდივიდუალისტები ვართ უმეტესობა, სადღაც გულის შორეულ კუნჭულში და ეს აღმოჩენა გვაშინებს, ალბათ იმიტომ, რომ ასე გაგვზარდეს - საკუთარი სურვილების დათრგუნვა და სხვისი სურვილების გაკონტროლება გვასწავლეს საკუთარი სიხარულის მოპოვებისა და სხვისი სიხარულის გაზიარების ნაცვლად... ნუ დაიჯერებთ, რომ გარშემომყოფებს სიკეთეს მოუტანთ, თუ თავად დაკარგეთ გულწრფელი სიხარულის უნარი...

4 დეკემბერს 7 413 ადამიანი აიცრა

5 დეკემბერის მონაცემების, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 234 180 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 196 371 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 017 374 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6%. 4 დეკემბერს აიცრა 7 413 ადამიანი.

საქართველოში კოვიდვაქცინის მესამე დოზით 13 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზით აცრილია 13 130 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მათგან ყველაზე მეტი, 3 319 ადამიანი ვაქცინირებულია 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდან არის შესაძლებელი. 5 დეკემბერის მონაცემების, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 234 180 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 196 371 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.1%. სრულად ვაქცინირებულია 1 017 374 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.6%. 4 დეკემბერს აიცრა 7 413 ადამიანი.

თბილისში, მელიქიშვილზე ორსართულიანი სახლი დაიწვა

თბილისში, მელიქიშვილზე ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძარი ლიკვიდირებული. Europetime-ის ინფორმაციით, თბილისურ ეზოში 6 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ვარაუდობენ, რომ ხანძარი მოძველებულ ელექტროსადენებს გაუჩნდა. დაზარალებულები სასტუმროში გადაჰყავთ.

კელი დეგნანი: პარტიები შეთანხმდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე, ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია. ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სწორი ნაბიჯია. „პარტიები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საჭიროა ამ ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეთანხმდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო და ეს აისახა მარტის შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც, ბარიერი დაიწია. შესაბამისად, ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა დაბალი ბარიერით. შემდგომ კიდევ გაგრძელდა მოლაპარაკებები, დისკუსია. პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, რომ, ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს ამ ეტაპზე და ეს არის სწორი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ მეტი პარტია, მრავალფეროვანი აზრი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პასუხობს საქართველოს საუკეთესო ინტერესებს. ამას ადასტურებს ასევე ის ფაქტი, რომ პირველ მოსმენაზე ეს კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტში გავიდა. ქართველი პოლიტიკური ლიდერები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ეს ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: ირაკლი კობახიძე: თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ, პროპორციული სისტემა და 5%-იანი ბარიერი 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს დეგნანი: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია აზრთა მრავალფეროვნებას მოითხოვს. მხოლოდ ერთი პარტიის დომინირება უმრავლესობის ტირანიის რისკს ქმნის

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინის სამხედრო ატაშეს საპროტესტო ნოტა გადასცა

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ატაშე დაიბარა, რათა გააპროტესტოს უკრაინული თვითმფრინავების მიერ ბელარუსის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევა. ბელარუსმა უკრაინელ ოფიციალურ პირს საპროტესტო ნოტა გადასცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „სამხედრო ატაშეს ეცნობა, რომ უკრაინული მხარე თავს არიდებს დიალოგს დავების მოსაგვარებლად... რაც ძალიან შემაშფოთებელია“, - აცხადებენ სამინისტროში. ბელარუსსა და უკრაინას შორის ურთიერთობა გასული წლის შემდეგ გაუარესდა, როდესაც რუსეთმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარი დაუჭირა მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ხოლო ლუკაშენკო, თავის მხრივ, უფრო ხმამაღლა გამოთქვა მხარდაჭერა მოსკოვისთვის უკრაინის წინააღმდეგ. ბელარუსმა შაბათს განაცხადა, რომ უკრაინული სამხედრო ვერტმფრეი მანევრების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა. უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა ბრალდება უარყო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამერიკის ელჩი: მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, არავინ არ ჩქარობს, რომ შეივსოს ეს პოზიცია, მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, ელჩის თქმით, ეს რთული ასახსნელია. „როგორც ადრე აღვნიშნეთ, იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა დაჩქარებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს დაჩქარება და ასე არ ხდება. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 ვაკანტური პოზიციაა არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების განმავლობაში და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში, შესაბამისად, ეს რთული ასახსნელია. ასევე გასათვალისიწნებელია, რომ თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები დათანხმდნენ სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. მნიშვნელოვანია ინკლუზიური და სრული სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ამავე თემაზე: კელი დეგნანი მოსამართლეების დანიშვნაზე: მიუკერძოებელი სასამართლო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია აშშ იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს განაგრძობს პარალმენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

სერგეი ლავროვი: უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ნებით დაიცვას მინსკის შეთანხმებები, ამიტომ საჭიროა მისი იძულება

„უკრაინა არ აპირებს, საკუთარი ნებით დაიცვას მინსკის შეთანხმებები, ამიტომ საჭიროა მისი იძულება. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია „Russia 1“-ის ეთერში გააკეთა. „თუ უკრაინას საკუთარ თავთან, საკუთარ სინდისთან დავტოვებთ, რა თქმა უნდა, ის არაფერს გააკეთებს. ის უნდა აიძულო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ნორმანდიული ფორმატი, მაგრამ ბერლინი და პარიზი კვლავ უგულვებელყოფენ ვალდებულებებს. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი: ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და კანონის უზენაესობას

USAID-ი საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას მხარს უჭერს მრავალი პროგრამით, ჩვენ ასევე მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმას და კანონის უზენაესობას საქართველოში“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. როგორც პიტერ ვიბლერმა Europetime-ს განუცხადა, დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური ზრდა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. „მაგალითად, დღეს ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ახალგაზდა მეწარმეებს, მცირე ბიზნესის განვითარებას. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას აქ, საქართველოში. ეს აუცილებელი იმპულსია დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, USAID-ი საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ასევე მხარს უჭერს მრავალი პროგრამით, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, ადგილობრივი მმმართველობის მხარდაჭერის და სხვა გზით. ჩვენ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმას და კანონის უზენაესობას საქართველოში“, - განუცხადა პიტერ ვიბლერმა Europetime-ს. USAID-ის მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის შეფასებით, კანონის უზენაესობა საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიის და სოციალური განვითარების საფუძველია. ცნობისთვის, 5 დეკემბერს, თბილისში, დედაენის პარკში ბენეფიციარი მეწარმეების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაში 100 მეწარმე მონაწილეობდა. ქართველ მეწარმეებს USAID-ის მხარდაჭერით აქვთ შესაძლებლობა, შექმნან წარმატებული ბიზნესი და ახალი სამუშაო ადგილები. გამოფენას აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ. USAID-ი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება განხორციელდა. აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას. USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებთა ინტეგრაციას საზოგადოებაში.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, არ გამოიყენონ რესტორნების ადმინისტრაციის მიერ მოქალაქეების სწრაფი კოვიდტესტირების სერვისი

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ბიზნეს სუბიექტებს, არ დაუშვან სერვისი, რომლის თანხმად რესტორანში დაშვებამდე ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მოქალაქეების სწრაფ კოვიდტესტირებას, რის შემდგომაც მომხმარებელს შეუშვებენ. შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი დეკემბრიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების მიზნით მომხმარებელთათვის მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ ის ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს „მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება. შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას აქვს და მსგავსი ტესტირება არ შეიძლება ნებისმიერი პირის მიერ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს - 28%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობის მხრიდან კოვიდრეგულაციების უგულვებელყოფაზე მიუთითებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, თუმცა „პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს - 28%“. რაც შეეხება ვაქცინაციას განსაკუთრებით იმოქმედა ორმა მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, ორას ლარიანმა წახალისებამ 60 წელს გადაცილებულებისთვის და ასევე, თვითონ კონცეფციამ მწვანე პასპორტების შემოღებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამირან გამყრელიძის თქმით, ეს არ არის საკმარისი - „სამუშაო დღეებში არის 11-13 ათასი აცრა, თუმცა გვჭირდება 2-3 ჯერ მეტი ყოველდღიური აცრა, რომ წელში გავტეხოთ ეპიდემია“ NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, „მცირედი გაუმჯობესებული დინამიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ რთული რჩება და ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდვითარებას ახასიათებს, ქვეყნისთვის კვლავ მაღალია“. „გასაგებია, რომ დღესაც 3 410 შემთხვევა იყო, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი, მაგრამ კლების დინამიკა ძალიან დუნეა. ყოველ წუთს შეიძლება, იყოს გაუარესების ტენდენცია. ოდნავ შემცირებულია ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, თუმცა დღეში 46 გარდაცვალება ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის საკმაოდ ბევრია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მნიშვნელოვანია რეგულაციების დაცვა, რომელთაგან ყველაზე მთავარია პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია. „პირბადის ტარების მაჩვენებელი როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში როგორმე გავზარდოთ, პირბადის ტარების სამარცხვინო მაჩვენებელი გვაქვს - 28%, ეს ძალიან ცუდია. არადა, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი. აგვისტო-სექტემბრის დროს იყო შემცირებული ქორწილები, მაგრამ ახლა ისევ ბევრია ეს ყველაფერი. პირაბდე და თავყრილობების თავიდან არიდება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. რა თქმა უნდა, მთავარია აცრები. განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაზე მეტია, გაიზარდა ყოველდღიური აცრების რიცხვი. რაც შეეხება „ომიკრონს“, ჯერ დადასტურებული არ არის. „შემოვა საქართველოში ალბათ, ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც, მთავარია სიფრთხილე, პირბადე და აცრები. რა ინფორმაციაც გვაქვს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, ასევე, დაახლოებით სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების რისკი. ადამიანი თუ სხვა შტამით იყო ინფიცირებული, შეიძლება, „ომიკრონით“ მოხდეს რეინფიცირება. ამასთან, მოგეხსენებათ, დეკემბერია, ცივი სეზონია, უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა ცირკულაციაში. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ძალიან სერიოზული სიფრთხილე და სერიოზულად მოცვა გვმართებს რეკომენდეციების. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს. მოგეხსენებათ, 6 ათასზე მეტი პაციენტია სტაციონარში. ექიმები ზღვარზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ, 1 600-მდე მძიმე პაციენტია სტაციონარებში. 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ჯანდაცვის სექტორის ძალიან დიდი დატვირთვაა. დეკემბერში და იანვარში კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, ბევრი რესპირაციული სიმპტომი ტრიალებს და ცირკულირებს. პირბადე ყველანაირი რესპირაციული ვირუსისგან იცავს. შარშან პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი რომ გვქონდა, გრიპმა ძალიან არ შეგვაწუხა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის 35 000-მდე დოზაა, რისკ ჯგუფები მივიდნენ და აიცრან. გრიპის მიმართ ისინი იქნებიან დაცული. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა უნდა აიცრას. სიკვდილიანობის 85% ამ ასაკობრივ ჯგუფშია. აიცრან ეს ადამიანები და აიცრას ყველა, რათა ხანდაზმულებს ვირუსი არ მიუტანონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რა წერია მეცხრე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატი პროტესტს იწყებს

2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს პოლიტიკურ და სხვა წრეებში პროტესტი მოჰყვა. კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, სახელმძღვანელოში მითითებულ კონკრეტულმა ფაქტებმა გამოიწვია. კერძოდ, საუბარია 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებსა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაზე: „საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“. წიგნს გრიფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2020 წელს მიენიჭა. „დროას“ ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რომ 6 დეკემბრიდან, თანამოაზრეებთან ერთად გეგმავს პროტესტს სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შესახებ შეტანილი ინფორმაციის გამო: „მეგობრებო, ხვალიდან და შედეგის მიღწევამდე , ვიწყებთ სხვადასხვა ფორმის პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში „ბელადი ბიძინას“ დიდების შეტანის გამო“, - აცხადებს „დროას“ ლიდერი. სახელმძღვანელო ასევე მოიცავს ინფორმაციას 2008 წლის ომზე.

BBC: რომის პაპმა ევროპაში მიგრანტების მიმართ მოპყრობა დაგმო

რომის პაპმა საბერძნეთში, კუნძულ ლესბოსზე შეხვედრისას, მიგრანტების უგულვებელყოფას „ცივილიზაციის გემის ჩაძირვა“ უწოდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. „ევროპაში არიან ისეთები, რომლებიც დაჟინებით განიხილავენ პრობლემას, როგორც საკითხს, რომელიც მათ არ ეხებათ - ეს ტრაგიკულია. ისტორია გვასწავლის, რომ ვიწრო პირადი ინტერესები და ნაციონალიზმი სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მარტივია სხვებისადმი შიშის გაღვივებით“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ. „შორეულ მიზეზებზე კონცეტრირება უნდა მოხდეს და არა თავდასხმა ღარიბ ხალხზე, რომელიც აღმოჩნდება შედეგების წინაშე და გამოიყენება თუნდაც პოლიტიკური პროპაგანდისთვის“, - აღნიშნა რომის პაპმა. საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ, რომელიც თან ახლდა რომის პაპს, განაცხადა, რომ მიგრაციის საკითხი მთელი ევროპის პასუხისმგებლობაა და არამხოლოდ საბერძნეთის. ევროკავშირის მონაცემებით, წელს 8000-ზე მეტი ადამიანი ხმელეთით და ზღვით საბერძნეთში გადავიდა, შარშან, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15000 იყო. წინა წელს, დაახლოებით - 75000. ევროპაში შესული ადამიანების რაოდენობამ უმაღლეს ნიშნულს 2015 წელს მიაღწია, როდესაც სირიის სამოქალაქო ომისა და სხვა კრიზისებს მილიონზე მეტი ადამიანი გაექცა. მას შემდეგ, ამ რიცხვმა იკლო, რადგან მიგრანტების მარშრუტების გასწვრივ მდებარე ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს. წელს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, 1650 ადამიანი დაიკარგა ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთის მცდელობისას გასულ თვეს, ლა მანშის არხის გადაკვეთისას მიგრანტთა ნავის ჩაძირვისას 27 ადამიანი დაიღუპა, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ცდილობდნენ გადასვლას, იზრდება, 26000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა დიდ ბრიტანეთში წელს, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია. რამდენიმე ადამიანი ასევე დაიღუპა ცივი ტემპერატურის დროს, რომლებიც ბელარუსიდან პოლონეთში გადასვლას ცდილობდნენ. ბელარუსი უარყოფს ბრალდებებს, რომ კრიზისს ქმნის მის საზღვარზე, რაშიც მიგრანტებს იყენებს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესეს ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა მზარდი ნაკადის გამო, პოლონეთმა ადგილზე დამატებითი ჯარები განალაგა ექსკლუზივი: NATO: ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანურია. კრიზისზე პასუხისმგებლობა ბელარუსს ეკისრება

ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა

ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები კვლავ გამკაცრდა. კერძოდ: არსებულ რეგულაციებს 7 დეკემბრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) დაემატა ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR ტესტის, ან სწრაფი ტესტის (Lateral Flow Test) გაკეთება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, სრულად ვაქცინირებული პირების შემთხვევაში კვლავ სავალდებულოა: ინგლისში ჩამოსვლამდე PCR ტესტის დაჯავშნა და ფორმა ლოკატორის (Locator Form) შევსება; ინგლისში ჩამოსვლის შემდეგ არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის გაკეთება და უარყოფითი პასუხის მიღებამდე თვითიზოლაცია. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ჩამოსვლის დღე ითვლება 0 დღედ; არავაქცინირებული (ერთი ვაქცინის დოზა) პირებისთვის იგივე წესები მოქმედებს.

იტალიაში დღეიდან, COVID19-ის შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება.

იტალიაში დღეიდან, COVID19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, შეზღუდვები მკაცრდება. კერძოდ, დახურული ტიპის კვების ობიექტებში, კლუბებსა და კინოთეატრებში მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ შესვლის უფლება, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულები არიან. ამასთან, მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გეგმავენ, მოუწევთ წარადგინონ „მწვანე პასპორტები“ იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინირებულები ან გამოჯანმრთელებულები არიან, ან კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი აქვთ. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, იტალიაში მოსახლეობის 74.8 % სრულადაა ვაქცინირებული.