ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის მხარდასაჭერად €35 მილიონს გამოყოფს
ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის მხარდასაჭერად 35 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება. პროგრამას ევროკავშირი პოლონეთის მთავრობასა და პოლონეთის განვითარების ბანკთან ერთად იწყებს. პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე სომხეთი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 400 000 დოზას პორტუგალიიდან მიიღებს. აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა.
ევროკავშირი ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად €30 მილიონს გამოყოფს
ევროკომისია ბელარუსიელი ხალხისადმი მხარდაჭერის გასაძლიერებლად დამატებით 30 მილიონ ევროს მობილიზებას მოახდენს. პრესრელიზის თანახმად, ეს ახალი დაფინანსება მიემართება და გააფართოებს ევროკავშირის უკვე არსებულ მხარდაჭერას ახალგაზრდების, დამოუკიდებელი მედიის, ემიგრაციაში მყოფი მცირე და საშუალო საწარმოებისა და კულტურის წარმომადგენელთა მიმართ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსიელი ხალხის გვერდით დგას, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. „ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას ახალი 30 მილიონი ევროთი ახალგაზრდებისთვის, დამოუკიდებელი მედიისთვის, ემიგრაციაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და კულტურული აქტორებისთვის, რომელთა რეპრესიებს აგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმი. ჩვენ გვაქვს 3 მილიარდი ევროს ეკონომიკური და საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მზად არის დემოკრატიული ბელარუსისთვის (თუ ასეთი ტრანზიცია მოხდება). ბელარუსი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენთვის შთაგონების წყაროა“. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, მხარდაჭერის გაზრდის შესახებ განცხადება არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირი აგრძელებს ბელარუსიელი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. „ბელარუსიელ ხალხს კვლავ შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის მხარდაჭერისა და სოლიდარობის იმედი დემოკრატიული მომავლის მშენებლობისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ
"ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით თურქეთი და სომხეთი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ", - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. როგორც ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების ნაბიჯებთან დაკავშირებით თურქეთი აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედებს. „თუ სომხეთი ისწავლის გაკვეთილებს ბოლო მოვლენებიდან და უპირატესობას მშვიდობასა და სიმშვიდეს მიანიჭებს, შესაძლოა საელჩოც გაიხსნას. ამ საკითხსაც აზერბაიჯანთან ერთად გადავჭრით,“- აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ჯენ ფსაკი: თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს
"იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან დაკავშირებით სიტუაცია გამწვავდება, თეთრი სახლი აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დანაყოფების გაგზავნის საკითხს განიხილავს", – ამის შესახებ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აღმოსავლეთ ევროპაში, რა თქმა უნდა, არის NATO-ს პარტნიორი ქვეყნები, ე.წ. აღმოსავლეთის ფლანგის სახელმწიფოები, როგორც თქვენ მათ უწოდებთ. თუ გადავხედავთ 2014 წლის შემდეგ განვითარებულ სიტუაციას, NATO-ს პარტნიორი ქვეყნებიდან არაერთი ეძებდა მხარდაჭერას, სამხედრო ძალების გაზრდას და მათ დამატებით როტაციულ განლაგებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსახილველ მაგიდაზე დევს ეს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გადაწყვეტს“, – განაცხადა ფსაკიმ.
საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 255 კვლევა ტესტით, მათ შორის 37 264 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 991 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 988 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID9-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 894 801-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.49%, ბოლო 14 დღის - 7.64% ხოლო 7 დღის - 7.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 722 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 840 985. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 826 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 988 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 699 შემთხვევა, აჭარა - 239, იმერეთი - 658, ქვემო ქართლი - 215, შიდა ქართლი - 312, გურია - 158, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 301, კახეთი - 170, მცხეთა-მთიანეთი - 131, სამცხე-ჯავახეთი - 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 964 საიდანაც: 5 999 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 360, აჭარაში - 511, იმერეთში - 1 273. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 479 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 323 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 38, იმერეთში - 31. 1 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 736 - თბილისში, 265 - აჭარაში. 33 814 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 926 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის - სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, 15 დეკემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის მეთაური, ბელგიის სამეფოში დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ქართული მხარის მოლოდინია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის აღნიშვნა, როგორიცაა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე თანდათანობითი ინტეგრაცია, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგის დამტკიცება, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად იყო ჩართული. შედეგად, განისაზღვრა ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ახალი დღის წესრიგი მოიცავს კონკრეტული მიზნების მიღწევას, რაც ევროკავშირის ახალი რეგიონული საინვესტიციო გეგმის მეშვეობით განხორციელდება. საქართველოსთვის ეს ნიშნავს სატრანსპორტო, ენერგო და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერებას, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების გზით. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. მის ფარგლებში ხდება უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და პოლიტიკური საკითხების განხილვა და მხარეებს შორის შეთანხმება. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ეკატერინე ტიკარაძე: ჯერჯერობით, „ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, „ომიკრონი" საქართველოში არ დაფიქსირებულა. „რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი" საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას", - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა დაადასტურა.
ეკატერინე ტიკარაძე: ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მის შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ განიხილება ჯანდაცვის მინისტრად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუ მე მექნება ინფორმაცია, გავაკეთებ შესაბამის კომენტარს. ნებისმიერ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ კანდიდატი იქნება ღირსეული. მნიშვნელოვანია, რომ მისი მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები, ვინაიდან ჯანდაცვა პანდემიის პერიოდში მოითხოვს თანაბარი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრად არჩილ თალაკვაძისა და ნინა კობახიძის განხილვას, არჩილ თალაკვაძე ხშირად ესწრება ჯანდაცვის სხვადასხვა ღონისძიებებს, ვინაიდან მისი ბეგრაუნდი არის სწორედ ჯანდაცვასთან დაკავშირებული. ასევე, მას ჰქონდა გარკვეული გამოცდილება, როდესაც ის პენიტენციურ სამსახურში C ჰეპატიტის მიმართულებით მუშაობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. ვიცნობ ნინა კობახიძესაც, ის ერთ- ერთი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს“, - განაცხადა ტიკარაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.
ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 48 %-ით, რეისების რაოდენობა კი 65 %-ით აღდგა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. მათივე ინფორმაციით, ნოემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ნოემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 34,217 მგზავრს მოემსახურა. (2019 წელი 72,032 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ნოემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 65% აღდგა და მოემსახურა 163 რეისს. (2019 წელი – 250 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხი ავიაკომპანია 11 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. 15 დეკემბრიდან კი ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi იწყებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა Wizz Air-მა ევროპის გარეთ დააფუძნა. მისი ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.
საქართველოდან 11.2 მილიონი დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 22.8 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 49%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 53%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (15 447 ტონა), სომხეთში (4 225 ტონა), უკრაინაში (2 160 ტონა), მოლდოვაში (342 ტონა), ყაზახეთში (182 ტონა), სლოვენიაში (172 ტონა), ყირგიზეში (80 ტონა), ბელორუსში (80 ტონა) და სხვა ქვეყნებში (140 ტონა). ამასთან, მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით საქართველოდან 16.1 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 4.0 ათასი ტონით (33%), ხოლო ღირებულება 8.9 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (6,590 ტონა), გერმანიაში (3,124 ტონა), ესპანეთში (446 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (284 ტონა), საფრანგეთში (278 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის: სომხეთში (1,076 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (278 ტონა), რუსეთში (358 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (251 ტონა), ბელარუსში (208 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (95 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არგენტინაში (77 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (61 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (44), უზბეკეთში (44 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), ტუნისში (15 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური: "უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების“ 100 მომხრე დავაკავეთ
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის 37 რეგიონში ჩატარებული რეიდების დროს უკრაინული ნეონაცისტური დაჯგუფების ("М.К.У.) 106 მომხრე დააკავეს. ორი მათგანი, ეფ-ეს-ბეს თანახმად, ეჭვმიტანილია საგანმანათლებლო დაწესებულებებზე თავდასხმის მზადებაში. რუსეთის სპეცსამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ცნობით, დაჯგუფების დამფუძნებელია 2000 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. რუსეთის ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, იგი უკრაინის უშიშროების საფარქვეშ მოქმედებს. მანამდე რუსულენოვანი პროექტი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ უკვე წერდა "М.К.У.-ის დამაარსებელ ეგორ კრასნოვზე, მაგრამ მისი კავშირი რომელიმე სპეცსამსახურთან არ არის დადასტურებული, თავად იგი აცხადებს, რომ მოძრაობის სხვადასხვა უჯრედებს დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს. 2020 წლიდან კრასნოვი უკრაინის ერთ-ერთ საგამოძიებო იზოლატორ „დნეპროვსკი ცენტრალში“ იხდის სასჯელს. ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურში სიცრუე უწოდეს რუსეთის მტკიცებას, თითქოს ნეონაცისტური დაჯგუფება М.К.У. უკრაინის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედებდეს.
პიტერ სტანოს თქმით, საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად, მართლმსაჯულების მიმართულებით და გადალახოს პოლარიზაცია
ევროკავშირის სპიკერმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია სურს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. „საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფება აღიარებულია და ასახული ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ასოცირების ხელშეკრულება არის ყველაზე ამბიციური შეთანხმება, რაც კი ევროკავშირს გაფორმებული აქვს სახელმწიფოებთან, რომლებსაც გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ დაუწყიათ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემდეგ, რომლებიც უკვე მოლაპარაკებების პროცესში არიან, ევროკავშირს არ აქვს ისეთი ახლო ურთიერთობა არავისთან როგორც საქართველოსთან. დიახ, არის უკვე ევროპული მისწრაფების აღიარება, რადგან ჩვენ გვინდა საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება. ასოცირების ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ რა იქნება ახლა ნუ ვიმსჯელებთ. მოდით მთელი ენერგია, რესურსი და დრო მოვახმაროთ ასოცირების ხელშეკრულების სრულად იმპლემენტაციას. გავაგრძელოთ რეფორმები დემოკრატიის განსამტკიცებლად, მართლმსაჯულების მიმართულებით და გადავლახოთ პოლიტიკური პოლარიზაცია“, - განაცხადა პიტერ სტანომ „იმედთან“.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ამ დროისთვის დამატებით 12 000-მდე პირი აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში დამატებით 12 000-მდე ვაქცინაცია ჩატარდა. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. „იმ სოფლებში, სადაც იწარმოება ვაქცინაციის მარათონი, დაახლოებით 12 000-მდე დამატებითი აცრა არის გაკეთებული. ეს ნიშნავს, რომ მეტი ცნობიერება შევიდა სოფლებში, მაგრამ უფრო მეტი სტიმული აცრებს მისცა 200-ლარიანმა წახალისებამ, ასევე მეტად წაახალისა „მწვანე პასპორტებმა“. 90 000-მდე დამატებით ადამიანია 60 წლის ზემოთ აცრილი. ეთნიკურ უმცირესობებთან ვაქცინაციის პროცესი პრობლემად რჩება. გიდასტურებთ, აქ მეტი სამუშაოა, ენის ბარიერი და სხვა პრობლემები რჩება. ამ საკითხზე ვმუშაობთ მთელი გუნდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოფელ-სოფელ, მათ შორის იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები სახლობენ და იქ ახსნა-განმარტებითი მეტი მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრები რუსეთს უკრაინაში საქმიანობის გაფართოებით ემუქრებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, NATO-ს გაფართოება ემუქრება რუსეთს და არღვევს გარანტიებს, რომლებიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიცა. „ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი ხდება NATO-ს ქვეყნების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური სამხედრო „ექსპანსიის“ ფონზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, – აცხადებენ კრემლში.
ინდონეზიაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის სამხრეთ სულავესის პროვინციის სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის გამოც ხალხმა სახლები და შენობები დატოვა. ამის შესახებ BBC იუწყება. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქალაქ მაკასარში ხალხი მაღაზიებსა და შენობებს ტოვებს. დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
დავით სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით სერგეენკო ჯანდაცვის მომავალ მინისტრს ურჩევს, სირთულეების დროს პროფესიონალები დაიხმაროს და „ინიციატივიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინ იქნება ახალი მინისტრი არ იცის, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს. „ვვარაუდობ, ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები, რადგან თვის ბოლოს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს. ახალი ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ გვერდში დავუდგებით. ჩემი რჩევა, როგორც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ის იქნება, რომ როდესაც განსაცდელი ექნება (ბევრი ექნება ასეთი განსაცდელი და სირთულე) სამი კონვერტის მეთოდს კი ნუ გამოიყენებს, მობილიზდეს, გვერდში დაიყენოს პროფესიონალები და მიიღოს ინიციატივიანი გადაწყვეტილება“,- განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.
ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა
ქობულეთის საკრებულოს შენობაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები და შენობის დაცვის სამსახური არ აძლევს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბონდო თედორაძე აცხადებს, მას შეკითხვები აქვს დავით მჭედლიშვილთან, რომელიც „წინა ხელისუფლების დროს გამდიდრდა“. მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. გარდა ამისა, მათ აინტერესებდათ, მიმდინარეობს თუ არა ობიექტურად ენმ-ს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვალების თაობაზე გამოძიება.
ბიძინა კულუმბეგოვი: ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება
"მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება", - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ომიკრონის“ დაფიქსირების შემთხვევაში, შეიძლება ინფიცირების გამოვლენილი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის სრული კატასტროფა იქნება. „ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა - მილიონ ნახევარი ადამიანი, რომელთა იმუნური სისტემა „ომიკრონს“ მოუმზადებლად ხვდება, ვაქცინაც არ უნდათ და ვირუსი არც გადატანილი აქვთ, ამ ადამიანების 1%, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რადგან ვერ დარჩება საქართველოში ვერც ერთი ადამიანი „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი იმუნიტეტი? სიკვდილიანობა და დაზიანება მინიმალური იქნება. შევხვდებით იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ სამწუხაროდ, ათასი ინფიცირებულიდან 10 ადამიანი გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო რეალობა. გამოსავალი არსებობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და გადაწყვეტილება მიიღოს", - განაცხადა კულუმბეგოვმა. მისი განმარტებით, გამოვლენის შემთხვევაში, „ომიკრონი“ დომინანტური აუცილებლად გახდება, რადგან ვირუსის ამ ვარიანტს გავრცელების უპრეცედენტოდ მაღალი შესაძლებლობები აქვს. „დადასტურებულია, რომ „ომიკრონს“ შეუძლია უფრო სწრაფი გავრცელება, ის უფრო მაღალი რეპროდუქციული ინდექსის მქონე ვირუსია. ეს განაპიროებებს იმ რისკს, რომ დომინანტური გახდება“,- აცხადებს კულუმბეგოვი.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი: „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და მომდევნო 48 საათში ლონდონში დომინანტური გახდება
კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და მომდევნო 48 საათში ლონდონში დომინანტური გახდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა. იუწყება Reuters-ი. საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ახალი ვარიანტით ახლა ლონდონში 44%-ია ინფიცირებული და 48 საათის განმავლობაში დედაქალაქში დომინანტური შტამი იქნება. მას შემდეგ, რაც 27 ნოემბერს, ბრიტანეთში ომიკრონის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, პრემიერმა ბორის ჯონსონმა უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესა და გააფრთხილა მოსახლეობა, რომ „ბუსტერ“ დოზებით აცრა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამით გარდაცვალების ფაქტი 13 დეკემბერს დაფიქსირდა.
არჩილ თალაკვაძე ჯანდაცვის მინისტრად მის შესაძლო დანიშვნაზე: გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი
"გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს", - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას, რამდენად განიხილება ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა. მისი თქმით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „ჯანდაცვის ახალ მინისტრთან დაკავშირებით გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა. გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სწორედ ის წარადგენს ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მე ვთვლი, რომ პარლამენტარებმა წინ არ უნდა გავუსწროთ პროცესს, რომელიც გუნდში მიმდინარეობს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრი იქნება ღირსეული პროფესიონალი, რომელიც სათანადოდ უპასუხებს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე განცხადება 9 დეკემბერს გააკეთა, თუმცა ის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.