ძებნის რეზულტატი:
უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო
"უკრაინამ პენტაგონისგან ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა მიიღო", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლებას" დაუდასტურა. „ეს ტვირთი უკრაინას 23 ოქტომბერს გადაეცა. აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების ფარგლებში 2021 წელს 450 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერით შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის მიერ რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში. მანამდე პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინამ პენტაგონისგან მიიღო 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. "ჯაველინების“ უკანასკნელი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე გადაეცა.
პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ის მიმართულებით სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ დაიწყება
"Air Georgia პირველი კომერციული რეისების შესასრულებლად ემზადება, პირდაპირი ფრენა საქართველოდან აშშ-ს მიმართულებით 1 წელში დაიწყება", – ამის შესახებ Air Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა. „პროექტი მალე განხორციელდება, თვითმფრინავის შემოყვანა დღეების საკითხია. ფრენები შესრულდება ჰონგ-კონში, ჩინეთში, გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ევროპის მიმართულებით. რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენს კონტინენტზე ფრენის დაწყების შემდეგ, უნდა გავუგზავნოთ წინადადება შტატებს, ამაში ჩართულია ჩვენთან აშშ-ს საელჩოც. ოპტიმისტური გეგმით, ფრენები საქართველოდან შტატების მიმართულებით ერთ წელიწადში დაიწყება“, – განაცხადა Air Georgia-ს დამფუძნებელმა „ბიზნესპრესნიუსთან“. მისივე განმარტებით, უკვე განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია ამ დღეებში შედგება.
დეპუტატი დილარ ხაბულიანი "ლელოს" უერთდება
„ლელო“, რომელიც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, სამწევრიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, კვლავ ფრაქციად ფორმირდება. დეპუტატი დილარ ხაბულიანი "ლელოს" უერთდება. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღანელებს და მის შემადგენლობაში იქნებიან: ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი. ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება. ცნობისთვის, პარლამენტის წევრი დილარ ხაბულიანი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობის" სიით გახდა.
ეკატერინე ტიკარაძე: გავაკეთე უკვე კომენტარი, არანაირი ინტრიგა არ არსებობს
"გავაკეთე უკვე კომენტარი, მგონი საკმარისი იყო, არ არის საჭირო, რომ ვეძებოთ რაღაც ინტრიგა, რომელიც არ არსებობს", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხავს, რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მის შემცვლელს პრემიერი დაასახელებს. "ეს არის პრემიერის პრეროგატივა, რომ დაასახელოს და აირჩიოს მომდევნო მთავრობის წევრი", - განაცხადა ტიკარაძემ. რაც შეხება იმას, თუ რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან პროტესტი, ტიკარაძე ამბობს, რომ არანაირი პროტესტი არ ყოფილა და ამის საფუძველი არ არსებობს. ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს წლის ბოლოს დატოვებს.
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა მიკროავტობუსის მძღოლი. ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამის სავარაუდო შემთხვევებს სწავლობენ
საქართველოში „ომიკრონის“ შტამის სავარაუდო შემთხვევებს სწავლობენ, თუმცა, ჯერ ის ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის. ოფიციალური პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ექიმები ამბობენ, რომ საზღვრები შტამს ვერ შეაჩერებს და რეალურია, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დადასტურდეს. ახალი შტამი უკვე გამოავლინეს რუსეთსა და თურქეთში, ჯამში, მსოფლიოს 63 ქვეყანაში. „საეჭვო შემთხვევები რასაკვირველია უკვე არის, რომელთა გადამოწმებაც მიმდინარეობს ღრმა გამოკვლევებით, რომელიც დროს საჭიროებს. ჯერჯერობით ოფიციალურად საქართველოში აღებული სინჯებიდან, „ომიკრონის“ შტამი დადასტურებული არ არის“, - განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ. ცნობისთვის, თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა უკვე დაადასტურა.
ნათია თურნავა: წელიწადს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ
„გრძელდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომლის ერთ-ერთი ინდიკატორი საგარეო ვაჭრობაა. ნოემბრის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავაც ძალიან კარგი ტემპით იზრდება ექსპორტი, განსაკუთრებით - ქართული ნაწარმის ექსპორტი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის შეფასებისას. 2021 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 42.7%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 429.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. როგორც ნათია თურნავა აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა არამხოლოდ გასული წლის, არამედ პანდემიამდელ - 2019 წლის ნოემბერში დაფიქსირებულ მონაცემებს და მას 23.6%-ით აღემატება. „ეს მონაცემები არის იმის მაჩვენებელი და საწინდარი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, წელიწადს დავასრულებთ ისე, როგორც პროგნოზს ვაკეთებდით - ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
შვედეთის ნაპირებთან ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული
ბალტიის ზღვაში, შვედეთის ნაპირებთან, ორი სატვირთო გემი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადაბრუნდა და ტივტივებს. ინციდენტი მოხდა შვედეთის ქალაქ ისტადსა და დანიის კუნძულ ბორნჰოლმს შორის მდებარე აკვატორიაში. BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი გემი დანიას ეკუთვნის, მეორე ბრიტანეთის დროშით ცურავს. შეტაკების შედეგად ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. როგორც ჩანს, ისინი წყალში ჩაცვივდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანები იმყოფებიან გადაბრუნებულ გემში. სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობენ შვედეთისა და დანიის მაშველები. შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციამ ბრიტანეთის გემისგან მიიღო შეტაკების შესახებ სიგნალი. ეკიპაჟის წევრთა თქმით, მათ წყლიდან ყვირილის ხმები მოესმათ. გემიდან რეზინის ნავი ჩაუშვეს წყალზე, მაგრამ ვერავინ იპოვეს. დანიის გემი შვედეთიდან მიემართებოდა დანიის სამხრეთში მდებარე პორტში. ის ცარიელი იყო. შეტაკების შედეგად არ მომხდარა ზღვის დაბინძურება. გემზე მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ბრიტანული გემი ლიეტუვიდან შოტლანდიისკენ მიემართებოდა.
„დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას დაესწრო. „დელტაში“ წარმოებული ახალი სადაზვერვო მანქანა სრულად აკმაყოფილებს თავდაცვის ძალების მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. მანქანას მოასფალტებულ გზაზე 110 კილომეტრის განვითარების შესაძლებლობა აქვს და ტექნიკურად 60 სანტიმეტრიანი თხრილის, 40 სმ სიმაღლის ვერტიკალური საფეხურის და მოუმზადებლად 80 სმ სიღრმის წყლის დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. პროექტის მიხედვით, ახალ ჯავშანმანქანაზე, შესაძლებელია სხვადასხვა სადაზვერვო აღჭურვილობისა და დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულის დამონტაჟება. „დელტა“ სხვადასხვა დანიშნულებისა და შესაძლებლობების ჯავშანტექნიკას აწარმოებს, სადაზვერვო მანქანის აღნიშნული მოდელი კი, ცენტრში პირველად დამზადდა. სამომავლოდ იგეგმება სადაზვერვო ჯავშანტექნიკის სერიული წარმოება და ექსპორტზე გატანა. პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა „დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები, სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნები და ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი. ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-ებრაულ იარაღის საწარმო „დელტა სიეიეიშიც“ იმყოფებოდა, სადაც უახლესი აპარატურით იარაღის წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. ქართულ-ებრაულ საწარმოში უახლესი აპარატურითა და უმაღლესი ხარისხით ხდება იარაღის გალვანირება, ქრომირება და ანოდირება. აპარატურა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ახალი სადაზვერვო მანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე-გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილი, „დელტას“ ხელმძღვანელი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
საგარეო უწყება მოსკოვში 3+3 შეხვედრის დროს საქართველოს დროშის აღმართვაზე: რეაგირება მოვახდინეთ
„10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 რეგიონულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Facebook-ზე გავრცელებულ კომენტარში. „ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონულ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - აღნიშნულია კომენტარში. ასევე წაიკითხეთ: რუსეთის საგარეო უწყება 3+3 პლატფორმაზე: პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება შეგახსენებთ, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
პოლ გობლი: საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ორმხრივ კავშირებზე აშშ-სთან და სხვებთან, რათა წინ აღუდგეს რუსეთს
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი 3+3 ფორმატზე საქართველოს პოზიციას იწონებს. პოლ გობლის შეფასებით, მოსკოვს კავკასიიდან დასავლეთის გარიყვა სურს. „საქართველო სწორად მოქმედებს, რომ არ ერთვება ამ ფორმატში. მოსკოვს კავკასიიდან დასავლეთის გარიყვა სურს. თუმცა ალბათ, მიზანს ვერ მიაღწევს და საქართველოს პოზიცია რუსეთს ამოცანებს გაურთულებს“, - აღნიშნავს პოლ გობლი. რაც შეეხება GDPR-ის ახალი პროგრამიდან გადასვლას, პოლ გობლის შეფასებით, ეს დასავლეთთან საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების ნაწილია, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვაშინგტონმა მიანიშნა, რომ NATO-ს წევრობა უახლოეს მომავალში არ არის დაგეგმილი. „საქართველომ ყურადღება უნდა გაამახვილოს ორმხრივ კავშირებზე აშშ-სთან და სხვებთან, რათა წინ აღუდგეს რუსეთს“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო უწყება 3+3 პლატფორმაზე: პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება
მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნული აქცია მისთვის პიროვნულად მნიშვნელოვანია. „21 დეკემბერს, ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის, ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა. მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. „ნაციონალურ მოძრაობასა" და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია. მათთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ „ლიდერშიპის“ გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად. ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!“, -წერს სააკაშვილი.
ევროკავშირმა რუსულ სამხედრო კომპანიას და მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთში დაფუძნებული კერძო სამხედრო სუბიექტის ვაგნერის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები მიიღო. სანქცია შეეხება თავად „ვაგნერის“ ჯგუფს და მასთან დაკავშირებულ რვა ფიზიკურ პირს და სამ ორგანიზაციას. „ვაგნერის ჯგუფმა დაიქირავა, გაწვრთნა და გაგზავნა კერძო სამხედრო ოპერატიულ სამსახურებს კონფლიქტის ზონებში მთელ მსოფლიოში ძალადობის გასაძლიერებლად, ბუნებრივი რესურსების გაძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის კანონის დარღვევით. ევროკავშირის მიერ ჩამოთვლილი პირები მონაწილეობენ ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, მათ შორის წამებასა და მკვლელობებში, ან დესტაბილიზაციაში ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ისინი მოქმედებენ, მათ შორის ლიბიაში, სირიაში, უკრაინასა (დონბასი) და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჯგუფი ასევე ავრცელებს თავის მავნე გავლენას სხვაგან, განსაკუთრებით საჰელის რეგიონში. ამ მიზეზების გამო ჯგუფი წარმოადგენს საფრთხეს იმ ქვეყნებში მცხოვრები ხალხისთვის, ფართო რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის. დღევანდელი გადაწყვეტილების მიზანია ვაგნერ ჯგუფის დივერსიული საქმიანობის შეზღუდვა. ეს მიანიშნებს ევროკავშირის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, მხარი დაუჭიროს მის ინტერესებს და ღირებულებებს მის სამეზობლოში და მის ფარგლებს გარეთ, და მიიღოს ხელშესახები ზომები მათ წინააღმდეგ, რომლებიც ემუქრებიან საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და არღვევენ საერთაშორისო კანონს. დღეს დაწესებული შემაკავებელი ზომები შეთანხმდა ოთხი განსხვავებული სანქციების რეჟიმის მიხედვით: ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი და სანქციების რეჟიმები, რომლებიც დაკავშირებულია ლიბიასა და სირიაში არსებულ ვითარებასთან, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შემლახველ ქმედებებთან. ჩამოთვლილი ფიზიკური პირები და სუბიექტების აქტივები ახლა ევროკავშირში გაყინვას დაექვემდებარება. გარდა ამისა, ჩამოთვლილ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში გამგზავრება. უფრო მეტიც, ევროკავშირში მყოფ პირებსა და სუბიექტებს ეკრძალებათ ჩამოთვლილთათვის სახსრების პირდაპირ ან ირიბად მიწოდება“, - აღნიშნულია ევროკავშირის გადაწყვეტილებაში. ამავე თემაზე: POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს NATO-ს შტაბბინაში მიიღებს. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მოკლე განცხადებები მედიისთვის. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი 15 დეკემბერს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობამ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სხდომაზე ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისა და განახლების, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხი განიხილეს. სხდომის მონაწილეებმა, ასევე, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეფორმების მიმდინარეობაზეც იმსჯელეს. სხდომაზე, ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო და შესაბამისი, მიმდინარე პროცესები. „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, როგორც ფუძემდებლური დოკუმენტის საბოლოო ვერსიის პარლამენტისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნა 2022 წლის თებერვალში იგეგმება. ამასთან, 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლება საქართველოს მთავრობის მიერ, ისევე, როგორც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დამტკიცება. აღნიშნულთან ერთად, იგეგმება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში კანონპროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანია, რამდენადაც წარმოადგენს საბჭოს აპარატის პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს. რეფორმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ზოგადად სახელმწიფოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სერგო თურმანიძემ. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ: საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გიორგი მათიაშვილი. საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე მოწვეული იყო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბლიაძე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდება
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანს ცალ-ცალკე შეხვდება. 15 დეკემბერს კი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. უფრო ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა, რომლის დროსაც რეგიონში შექმნილი ვითარება და აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრიუსელში 15 დეკემბერს გაიმართება. აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის პროექტი, რომლის დეკლარირებული მიზანია კავშირების განვითარება აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 2021 წლის ივნისში ბელარუსმა, მინსკის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობა შეაჩერა.
ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, რეფორმები არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს
ევროკავშირის ოფიციალური პირის თქმით, რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულების მიმართულებით, არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ბრიუსელში ვიზიტით და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ჰქონდა შესაძლებლობა, ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირს მტკიცედ სჯერა, რომ ის რეფორმები, რომლებსაც მოიცავს მედიაციით მიღწეული აპრილის შეთანხმება, მათ შორის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, დეპოლარიზების და გენერალური პროკურორის კანდიდატურის გამჭვირვალე გზით შერჩევის კუთხით, კვლავ არსებითად მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს საშუალება მიეცეს, დაუბრუნდეს უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ ცხოვრებას“, - განაცხადა ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ, 29 ივლისს განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. თავად შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.
ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-სა და რუსეთის ლიდერების პირისპირ შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ნაკლებად სავარაუდოა", პრეზიდენტ ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართოს, რადგან რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესია, სავარაუდოდ, ამ შესაძლებლობას არ დაუშვებს. როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ბაიდენიც და პუტინიც შეთანხმდნენ მეტი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე 7 დეკემბერს გამართული ვიდეოზარის დროს. რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ბაიდენს უთხრა: „[ჩვენ] აუცილებლად ვნახავთ ერთმანეთს, ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს“. NCBC-ის ჟურნალისტის შეკითხვას ამ თემაზე, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა: „რისი დანახვა გვსურს რუსეთისგან - და ისევ არამხოლოდ ჩვენ, არამედ მოკავშირეებსა და პარტნიორებს ევროპაში - ჩვენ ვცდილობთ, დავინახოთ დეესკალაცია. ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, რომ რუსეთმა გაიყვანა ძალები საზღვრიდან. და ჩვენ ვცდილობთ დავინახოთ, რომ რუსეთი კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიასა და დიპლომატიურ დიალოგში ევროპელებთან, უკრაინასთან, რათა მოაგვაროს კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს არის ის, რისი დანახვაც გვსურს. დეესკალაციის არარსებობის შემთხვევაში, შეხვედრა ნაკლებად სავარაუდოა. როგორც იცით, ადრე ჟენევაში გაიმართა მათი შეხვედრა. არ არსებობს აკრძალვა ბატონ პუტინთან პირადად შეხვედრაზე. თუ ის კიდევ ერთხელ გაგზავნის ჯარს უკრაინაში, რთული წარმოსადგენია, რომ ეს კარგი კონტექსტი იქნებოდა შეხვედრისთვის“. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს. ამავე თემაზე ჯო ბაიდენი: ვლადიმერ პუტინს მკაფიოდ განვუცხადე, რომ თუ შეიჭრება უკრაინაში, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება
ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს: დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბორის ჯონსონმა გამოხატა გაერთიანებული სამეფოს ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების გაძლიერების გამო და ხაზი გაუსვა დიპლომატიური არხებით მუშაობის მნიშვნელობას დაძაბულობის დეესკალაციისა და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების გამოსავლენად. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერის ერთგულია და გააფრთხილა რუსეთის ლიდერი, რომ დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება იქნება სტრატეგიული შეცდომა, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. მან ასევე აღიარა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ დიალოგის მნიშვნელობა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია ყველა მხარემ პატივი სცეს მინსკის პროტოკოლის პირობებს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს.
ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა
ბულგარეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც კირილ პეტკოვი უხელმძღვანელებს. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ცვლილებების გასაგრძელებლად. ახალი მთავრობის პირველი ამოცანაა, გავაცნობიეროთ, რომ თუ გვინდა უკეთესი მომავალი ბულგარეთში, ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ“, - მიმართა დეპუტატებს პეტკოვმა. ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა კირილ პეტკოვმა პირობა დადო, რომ მომავალი მთავრობა კორუფციას „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოუცხადებს.