ძებნის რეზულტატი:

ბულგარეთში ახალი მთავრობის დამტკიცებას 13 დეკემბერს ელიან

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კირილ პეტკოვმა, რომლის ახალმა პარტიამ გასული თვის არჩევნებში გაიმარჯვა, იმედოვნებს, რომ ორშაბათს დაიკავებს თანამდებობას, როგორც ოთხპარტიული კოალიციის ხელმძღვანელი. საერთაშორისო მედია წერს, რომ ეს დაასრულებს ხანგრძლივ პოლიტიკურ ჩიხს ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში. „იმედი მაქვს, ორშაბათს, ეს მთავრობა რეალობად იქცევა და ასე დარჩება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, - განაცხადა კირილ პეტკოვმა მინისტრობის კანდიდატების წარდგენისას, რომელთა შორის ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალია საზღვარგარეთიდან ან ბიზნესწრეებიდან. ასევე წაიკითხეთ: Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა რუმენ რადევი ბულგარეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ახალი მთავრობა 13 დეკემბერს, რიგგარეშე სესიაზე უნდა დაამტკიცონ. კირილ პეტკოვმა პირობა დადო, რომ მომავალი მთავრობა კორუფციას „ნულოვან ტოლერანტობას“ გამოუცხადებს.

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს

ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს და ტრადიციულად დასკვნას/რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მედიას განუცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, ის სწორედ მათ დასკვნებს დაეყრდნობა, როდესაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ცენტრ „ემპათიას“ მხრიდან მოსალოდნელ „მძიმე დასკვნაზე“. სახალხო დამცველი ასევე აპირებს, შეაფასოს ყველა ის ვარაუდი და განცხადება, რომელიც „ფსიქოტროპული მედიკამენტების ზედოზირების“ შესახებ გაკეთდა. როგორც ცნობილი გახდა, სამედიცინო შემოწმების პროცესში ჩაერთო ფსიქიატრიც. კერძოდ, მარინა კურატაშვილმა, რომელიც ასევე სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ჯგუფში შედის, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დანიშნული მედიკამენტების მიზანშეწონილობას და შესაბამისობა უნდა დაადგინოს. უფრო ადრე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში შევიდნენ მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე შევიდნენ. სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა. ამასთან, აღნიშნა, რომ „ექსპრეზიდენტს დაძინება უჭირს“. ამავე თემაზე: სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტთა ჯფუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია

დიმიტრი პესკოვი: ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინს სიხარულის განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია

შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს სიხარულის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონია, ვინაიდან ამ წუთებში სიტუაცია ძალიან მძიმეა. ამის შესახებ ტელეარხ „Russia 1-ს“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. „პრეზიდენტი პუტინი თავის ფუნქციებს ასრულებს. მთლიანობაში, ვითარება უფრო სერიოზულია და სახელმწიფოს მეთაურის მუდმივ ყურადღებას მოითხოვს, რასაც ის ფაქტობრივად აკეთებს“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ონლაინსამიტი 7 დეკემბერს გაიმართა. მოლაპარაკებები ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. კრემლმა განაცხადა, რომ სამიტი იყო გულწრფელი და საქმიანი. უკრაინის საკითხი მთავარი იყო ორი ქვეყნის ლიდერს შორის ონლაინშეხვედრის დროს.

ამირან გამყრელიძე: კოვიდვაქცინის მესამე დოზა აუცილებელი იქნება, არ არის გამორიცხული მეოთხე დოზა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდვაქცინის მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. NCDC-ის დირექტორის თქმით, პირველი მტკიცებულებები Pfizerm-მა დადო, რომ სამჯერ აცრილებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ Pfizer-ს აქვს დამცველობითი უნარი. „ამიტომაც, მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულო გახადა. ასევე, შეამცირა პერიოდი მეორე დოზასა და ბუსტერს შორის, რაც ასევე გავაკეთეთ ჩვენც. არასრული ერთი თვის განმავლობაში 32 000-მდე ადამიანი აიცრა ბუსტერით. 85%-ში გამოიყენება Pfizer-ი. დანარჩენია Sinopharm-ი და Sinovac-ი. უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება და შემდგომ დაკვირვებისას არ არის გამორიცხული მეოთხე დოზის გამოყენებაც. ისრაელმა უკვე დაიწყო ამაზე ფიქრი და გამოყენებაც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო მედიასთან. ამავე თემაზე: ამირან გამყრელიძე: „ომიკრონით“ ინფიცირებულებში „დელტასთან“ შედარებით, ვირუსი ოდნავ მსუბუქად მიმდინარეობს

ახალი კალედონიის მცხოვრებლებმა საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას მხარი დაუჭირეს

ახალი კალედონიის მცხოვრებლებმა, მესამე რეფერენდუმის დროს, საფრანგეთის შემადგენლობაში დარჩენას უმრავლესობით დაუჭირეს მხარი. ფრანგული მედიის ცნობით, ბოიკოტს დამოუკიდებლობის მომხრე ჯგუფებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ დამოუკიდებლობის წინააღმდეგი 96,49% აღმოჩნდა, მომხრე - მხოლოდ 3,51%. მაგრამ აქტივობა მხოლოდ 43,90% -ს შეადგენდა, შედეგი კითხვებს აჩენს პროცესის ლეგიტიმურობისადმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახალი კალედონიისთვის „გარდამავალი პერიოდი“ დაიწყება მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა აბსოლიტურად უარყვეს დამოუკიდებლობა. მაკრონის თქმით „საფრანგეთი უფრო ლამაზია“ წყნარი ოკეანის კუნძულების ჩათვლით. ახალი კალედონია (ფრანგ. Nouvelle-Calédonie) - საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან - ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია - ნუმეა. ახალ კალედონიაზე საფრანგეთის ხელისუფლებას წარმოადგენს უმაღლესი კომისარი, რომელსაც ნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასრულებს ადგილობრივი მთავრობა 11 წევრის შემადგენლობით, რომელიც ინიშნება ტერიტორიის კონგრესის დეპუტატებისგან (ადგილობრივი პარლამენტი). კონგრესი შედგება 54 დეპუტატისაგან, რომლებსაც ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. ახალი კალედონიის მოსახლეობა ასევე ირჩევს საფრანგეთის პარლამენტის ორ დეპუტატს და საფრანგეთის ორ სენატორს.

რომის პაპის თქმით, უკრაინის გარშემო დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგით უნდა განიმუხტოს და არა იარაღით

რომის პაპი მიიჩნევს, რომ უკრაინის გარშემო დაძაბულობა სერიოზული საერთაშორისო დიალოგით უნდა განიმუხტოს და არა იარაღით. „დაე, უფლის შობამ მშვიდობა მოუტანოს უკრაინას“, - მიმართა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს შუადღის კურთხევისა და მიმართვისას. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ, კიევი უარყოფს. 11 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გადასცა გზავნილი, რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია არ მოხდება.

ირანის ენერგეტიკის მინისტრი: ირანი მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის მზად არის

ირანი მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლისთვის მზად არის. ირანს შეუძლია ელექტროენერგიის გაცვლა სომხეთთან, ავღანეთთან, თურქმენეთთან, ერაყთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, განაცხადა ირანის ენერგეტიკის მინისტრმა ალი აქბარ მეჰრაბიანმა, იტყობინება სააგენტო IRNA. ირანის ელექტრო ქსელის გაფართოება მეზობელ ქვეყნებთან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ელექტროენერგიის გაცვლისა და ექსპორტის განვითარების გეგმა, ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ირანის ენერგეტიკის მინისტრმა მაგალითად მოიყვანა ქვეყნის ელექტროქსელის რუსეთთან სინქრონიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნების ელექტრო ქსელებთან წყალქვეშა კაბელის მიერთება. მეზობელ ქვეყნებში ისლამური რესპუბლიკის მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მან F კლასის ტურბინის წარმოების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ირანი არის მსოფლიოში იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც აწარმოებს ელექტრო აღჭურვილობას, ტურბინებს, გენერატორებს და ა.შ. უმაღლეს ტექნოლოგიური დონეზე.

ნინო ლომჯარია ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ: პრობლემურად მეჩვენება, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი

„მრავალმხრივი პრობლემებია რომელსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება“, განაცხადა სახალხო დამცველმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, როდესაც ექიმების კონსილიუმთან ერთად ექსპრეზიდენტი მოინახულა. ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტის სამედიცინო შემოწმების შემდეგ დასკვნას გამოაქვეყნებს. „ძალიან დიდი აქცენტები კეთდება მხოლოდ ფსიქოტროპულ საკითხებზე, თუმცა არის მრავალმხრივი პრობლემები, რომლებსაც შეჯერება და ერთიანი სურათის დანახვა სჭირდება. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ საკითხზე მაინცადამაინც ამხელა ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ყველაფერი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ძალიან მალე ვეცდებით, რომ ჩვენი დასკვნა იყოს“, - უთხრა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს. სახალხო დამცველის თქმით, ყველა სპეციალისტმა თავისი მიმართულებით დეტალურად შეისწავლა პაციენტის საქმე. „ასევე, ჩატარდა მისის უშუალო გასინჯვა შესაბამისი სპეციალისტების მიერ. პარალელურად მკურნალ ექიმთან საუბარი მიმდინარეობდა. ყველას აქვს საკუთარი მიმართულებით ინფორმაცია, რომელსაც შეჯერება სჭირდება, იმიტომ, რომ ეს არ არის პაციენტი, რომელსაც ერთი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, ეს არის მრავალმხრივი გართულებები. ექიმებს ახლა სჭირდებათ, რომ ეს ინფორმაცია შეაჯერონ. ამის შემდეგ ბუნებრივია, გავრცელდება საჯაროდ დასკვნა, შეფასებით და რეკომენდაციებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. რაც შეეხება უფლებრივ მგდომარეობაზე დასმულ შეკითხვას, სახალხო დამცველის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი სეირნობის უფლებით ისარგებლებდა; სააკაშვილს, როგორც პაციენტს უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა სჭირდება და ეს საკითხი პრობლემაა. „რაც შეეხება უფლებრივ მდგომარეობას, როგორც თავად მიხეილ სააკაშვილმაც მითხრა, დისციპლინური სასჯელი გამოიხატა მხოლოდ საუბრის უფლების შეზღუდვაში, რაც მას ისედაც შეზღუდული ჰქონდა სხვადასხვა მიმდინარე საქმიდან გამომდინარე. დღეს ტელევიზორს უყურებს, თუმცა, რაც პრობლემურად მეჩვენება არის ის, რომ ღია სივრცე არ აქვს უზრუნველყოფილი, სადაც ის, როგორც პატიმარი ისარგებლებდა სეირნობის უფლებით. ასევე, როგორც ვიცი, როგორც პაციენტს, მას სჭირდება უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა და ეს პრობლემურად მეჩვენება. ეს საკითხებიც განხილული იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. საზღვარგარეთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო გადაყვანის საკითხზე საუბრისას, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ჯერ მისი მდგომარეობა ექიმების მიერ უნდა შეფასდეს და შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ. „ალბათ, ჯერ უნდა შეფასდეს ჯანმთელობის მდგომარეობა და ექიმები რეკომენდაციებსაც დაწერენ. მე ამ რეკომენდაციებში არ ვერევი, თუ იქნება ექიმების მხრიდან მსგავსი შეფასება, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი მხარს დაუჭერს ამ რეკომენდაციების განხორციელებას. ჯერ ექიმებმა უნდა ისაუბრონ და პოზიციები შეაჯერონ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. თავის მხრივ, ექიმი ფსიქიატრის მარინე კურატაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებით არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება. მარინე კურატაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ფსიქოთერაპიული დახმარებაც სჭირდება. „ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ თერაპიულ დოზირებას არ სცილდება.გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, - განაცხადა ექიმმა. ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგის, ოთარ თოიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპრეზიდენტი სპეციალურ რეაბილიტაციას საჭიროებს, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოიძიეს: „საუბარი იყო უცხოეთში გადაყვანაზე“, - აღნიშნა ნევროლოგმა. ამავე თემაზე ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, ექსპრეზიდენტს სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებს

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მიმართ აგრესიულ რიტორიკას გმობენ. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს დეესკალაციისკენ, დიპლომატიური არხების გატარებისკენ და სამხედრო აქტივობების გამჭვირვალობის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისკენ. ტექსტი კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოაქვეყნეს. „ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას ნორმანდიულ ფორმატში საფრანგეთისა და გერმანიის ძალისხმევისადმი, მინსკის შეთანხმებების სრული იმპლემენტაციისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად. საზღვრების შესაცვლელად ძალის ნებისმიერი გამოყენება მკაცრად აკრძალულია საერთაშორისო სამართლის მიხედვით. რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს თავისი მომავალი. ჩვენ მივესალმებით უკრაინის თავშეკავებულ პოზიციას. ჩვენ გავააქტიურებთ თანამშრომლობას ჩვენს საერთო და ყოვლისმომცველი რეაგირების მიზნით“, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. თუმცა, მოსკოვი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმებს და კიევს ადანაშაულებს პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავდასხმაში, რასაც თავის მხრივ კიევი უარყოფს.

თურქეთში „ომიკრონი“ დადასტურდა

თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა დაადასტურა. „ომიკრონი“ სტამბოლსა და დასავლეთ იზმირის პროვინციაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ და ჰოსპიტალიზებულები არ არიან. სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა 24 ნოემბერს განაცხადეს ახალი ვარიანტის აღმოჩენის შესახებ, რომელსაც რამდენიმე მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „ომიკრონის ვარიანტი“, რომელიც მან „შეშფოთების ვარიანტად“ გამოაცხადა, ჯერჯერობით აღმოჩენილია 57 ქვეყანაში, მას შემდეგ უფრო მეტი ქვეყანა ავლენს ახალი შტამით ინფიცირებულებს.

ხავიერ კოლომინა: NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგული რჩება

"რუსეთს სურს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო მომავალი განუსაზღვროს. NATO 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ერთგული რჩება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ განაცხადა. “რუსეთს სურს, რომ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა უკრაინა და საქართველო, განუსაზღვროს თუ რა არჩევანი უნდა გააკეთონ მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგაში აღნიშნეს, NATO ერთგული რჩება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ.” - განაცხადა ხავიერ კოლომინამ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.

ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის მიღებისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტს Pfizer-ისა და Moderna-ს ორი საწყისი დოზისგან გამოწვეული დაცვის თავიდან არიდება შეუძლია. „წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ როდესაც თქვენ იღებთ „ბუსტერს“, ის ზრდის დაცვას საკმარისად მაღალ დონეზე და კარგად მოქმედებს „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა ფაუჩიმ. ცნობისთვის, კომპანიებმა, Pfizer-მა და BioNTech-მა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის სამი დოზა „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია.

კენტუკის შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, 100-ს აჭარბებს

"კენტუკის შტატში ტორნადოების მსხვერპლთა რიცხვი, სავარაუდოდ, 100-ს აჭარბებს", – ამის შესახებ კენტუკის შტატის გუბერნატორმა, ენდი ბეშირმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, შტატში მაშველები ნანგრევებში გადარჩენილებს ეძებენ, პარალელურად მოსახლეობას წყლითა და გენერატორებით ამარაგებენ. სტიქიის შედეგებთან გამკლავებას ეროვნული გვარდიის წევრებიც ცდილობენ. კენტუკის შტატის გუბერნატორის თქმით, ტორნადომ 365 კილომეტრის მანძილზე ყველაფერი გაანადგურა. ათასობით ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, თუმცა ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. კენტუკის შტატის ხელმძღვანელობამ ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა, რომ შტატი ფედერალური კატასტროფის ზონად გამოაცხადოს.

სერგეი რიაბკოვი: NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება

NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას „მძიმე შედეგები“ მოჰყვება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. როგორც რიაბკოვმა აღნიშნა, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც NATO-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება. „ამიტომ NATO-ს შემდგომი გაფართოება არ უნდა მოხდეს. მცდელობა, წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს, ეს არის მცდელობები შეუფერებელი საშუალებებით. ჩვენ დავრჩებით ჩვენს პოზიციაზე. თუ ოპონენტები წინააღმდეგი იქნებიან, დაინახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გაძლიერდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება“, – აღნიშნა სერგეი რიაბკოვმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან“.

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 264 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 890 813-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 დეკემბრის ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.18%, ბოლო 14 დღის - 7.80% ხოლო 7 დღის - 7.45%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 588 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 837 263. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 777 პაციენტი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 97, იმერეთი - 216, ქვემო ქართლი - 71, შიდა ქართლი - 98, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 119, კახეთი - 65, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 40 747 საიდანაც: 6 138 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 402, აჭარაში - 523, იმერეთში - 1 314. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 610, აჭარაში - 124, იმერეთში - 456. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 327 პაციენტი, მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 37, იმერეთში - 31. 1 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 764 - თბილისში, 261 - აჭარაში. 33 426 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 12 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 043 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: „ომიკრონი“ სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება

"COVID19-ის ახლად აღმოჩენილი „ომიკრონ“ შტამი სავარაუდოდ „დელტა“ შტამზე სწრაფად ვრცელდება", – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, „ომიკრონ“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს. „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც „დელტას“ ცირკულაცია დაბალი იყო. მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „დელტას“ შტამი სხვა ქვეყნებში, სადაც „დელტას“ ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში“, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. ცნობისთვის, თურქეთმა კორონავირუსის ახალი „ომიკრონის“ ვარიანტის პირველი ექვსი შემთხვევა დაადასტურა.

ენტონი ბლინკენი: თუ საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანების პროცესს განაგრძობენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხის გადაწყვეტას მოაახლოებს

2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. „დაარსების დღიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი კარი ღია იქნება ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც წევრობა სურს და საამისოდ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 2008 წელს NATO-მ დაადასტურა, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის. თუ უკრაინა და საქართველო გაწევრიანების პროცესს განაგრძობენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს წინ წაწევს მათ ამ პროცესში“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა NBC News-თან ინტერვიუში. 11 დეკემბერს, რუსეთმა NATO-ს მოუწოდა, გააუქმოს 2008 წლის ვალდებულება უკრაინისა და საქართველოს წინაშე, რომ ისინი ალიანსის წევრები გახდებიან და არ განათავსოს შეიარაღება რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელმაც საფრთხე შეიძლება შეუქმნას მის უსაფრთხოებას. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO რუსეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დეზავუირებას არ აპირებს. 8 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7 დეკემბერს ჯო ბაიდენთან გამართული სამიტის დროს მხარეები შეთანხმდნენ, სპეციალური სტრუქტურა შექმნან უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების განსახილველად.

ევროპის საბჭო: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღების საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის იგეგმება სანქციების დაწესება რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ „ვაგნერის მებრძოლები“ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და უკრაინაში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში არიან ბრალდებული. ევროპელი დიპლომატების მოლაპარაკებები უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების მობილიზაციის ფონზე იმართება. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი აპირებს, კიდევ ერთხელ შეიჭრას უკრაინაში. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი მზადაა, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს მოსკოვის შესაჩერებლად. ამავე საკითხზე უქმე დღეებში ლივერპულში ისაუბრეს დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების დიპლომატებმაც და გააფრთხილეს რუსეთი რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვს სერიოზული სანქციები დაეკისრება.

ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევის დაფიქსირებისას, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება

მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც კერძო, ასევე საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში Covid-19-ის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ბაღის სრულად კარანტინში გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი. მათივე ცნობით, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები. „შემუშავდა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები, ამის გათვალისწინებით, თუ ბაღის სივრცეში კოვიდი დაფიქსირდა, ასეთ შემთხვევაში სრულად კარანტინში ბაღის გადაყვანა სავალდებულო აღარ იქნება. თუ ინფიცირებული არის ბავშვი, გადავა მთელი ჯგუფი კარანტინში და არა მთელი ბაღი. დაავადებულთა კონტაქტში მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი გადავა იზოლაციაში, დანარჩენები გააგრძელებ სააღმზრდელო საქმიანობას. თუ პედაგოგი დაინფიცირდა და მას სხვა პედაგოგებთან ჰქონდა მაღალი რისკის დაუცველი კონტაქტი, ასეთ შემთხვევაში გადაწყდება სრულად გადავიდეს თუ არა ბაღი კარანტინში, რადგან საქმე რამდენიმე პედაგოგს ეხება. თუ დამლაგებელი გახდა ავად, რატომ უნდა დაიკეტოს ბაღი? ჩატარდება ეპიდმოკვლევა, რა შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი პირი მაღალი რისკის მქონედ და რა შემთხვევაში დაბალი რისკის მქონედ. თუ დაბალი რისკის კონტაქტი ჰქონდა ბაღის სხვა პერსონალთან, არ მოუხსნია პირბადე, არავისთან შესულა, რატომ უნდა გავუშვათ მთელი ბაღი კარანტინში? ეს ახალი რეგულაციები ვრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებზე, როგორც კერძოზე, ასევე საჯაროზე,“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ციცო დილებაშვილმა. რაც შეეხება მაღალი და დაბალი რისკის მქონე კონტაქტების განსაზღვრებას, დოკუმენტის მიხედვით, მაღალი რისკის მქონე კონტაქტია, პირი, რომელსაც ჰქონდა პირბადის გარეშე შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით, 15 წუთზე მეტი დროით; ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევასთან; ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ის შემთხვევის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ:შეხველება); რომელიც დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე იმყოფებოდა (მაგ. საცხოვრისი, საკლასო ოთახი, სასადილო /შეხვედრების ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. ხოლო დაბალი რისკის მქონე კონტაქტია პირი, რომელსაც ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 2 მეტრზე ნაკლები, მაგრამ 1 მეტრზე მეტი დისტანციით 15 წუთზე ნაკლები დროით; იმყოფებოდა COVID-19 - ით ინფიცირებულთან დახურულ სივრცეში, სათანადოდ მორგებული პირბადით, 15 წუთზე ნაკლები დროით. „მაღალი რისკის კონტაქტები ექვემდებარებიან თვითიზოლაციის (ან კარანტინის) რეჟიმს; მაღალი რისკის სრულად ვაქცინირებული კონტაქტები არ ექვემდებარებიან თვითიზოლაციას/კარანტინს იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი იქნება ექსპოზიციიდან (ინფიცირებულთან კონტაქტიდან) მე-3 და მე-5 დღეს COVID-19-ის სწრაფი ტესტის ჩატარება, დაავადების სიმპტომებისა და პირბადის სათანადოდ გამოყენების მონიტორინგი. დაბალი რისკის კონტაქტებს ეძლევა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის გაგრძელების რეკომენდაცია ინფიცირებულთან კონტაქტის ბოლო დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში ჯანმრთელობის თვითმონიტორინგის დაცვით (სამედიცინო პერსონალის საჭიროების გარეშე); არ არის საჭირო ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტირება, თუ მათ იზოლაციის/კარანტინის პერიოდში COVID-19-ით ინფიცირების არცერთი ნიშანი არ გამოუვლინდება,“- ნათქვამია დოკუმენტში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოცემულ მომენტში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხადაჭერილი არ იქნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში ვერ იქნება სერტიფიცირებული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გავლით რუსეთს გერმანიასთან აკავშირებს. ამის მიზეზად ბერბოკმა გაზსადენის ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა. ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში, რუსულ გაზსადენთან დაკავშირებული ვითარების კომენტირებისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის ახალი მინისტრთა კაბინეტის შესახებ კოალიციური შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ გაზსადენის საკითხში იგი ევროპული ნორმებით იხელმძღვანელებს. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დაუზუსტებია, თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად გაზსადენის შეუსაბამობა. ცნობისთვის, გაზსადენის მშენებლობა დასრულებულია და მას ექსპლუატაციაში შესასვლელად სჭირდება შესატყვისი სერტიფიცირება, რითაც გერმანიის შესაბამისი უწყებაა დაკავებული. ნოემბერში გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი. აშშ, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა და უკრაინა მისი ექსპლუატაციას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ გაზსადენი მოსკოვის ხელში ევროპაზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. გერმანის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთს ეწვია