ძებნის რეზულტატი:
Isfed-მა პარალელური დათვის შედეგები დააზუსტა
„სამართლიანი არჩევნები“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაცია მონიტორინგის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად მიიჩნევს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. თუმცა სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმების პარალელური დათვლის (PVT) პირველადი, შიდა აუდიტი განახორციელა. შიდა აუდიტი PVT-ის სტანდარტული პროცედურაა და ოთხ ეტაპს მოიცავს: 1. დამკვირვებლების მიერ გამოგზავნილი მონაცემების აუდიტი; 2. საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შესწორების ოქმების გადამოწმება; 3. ცდომილების ხარისხის გამოთვლის სისწორის აუდიტი; 4. არჩევნების დღის პროცესთან დაკავშირებული მონაცემების გადამოწმება. შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა. თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე. ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში. „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას. აღნშნული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:
თალაკვაძე პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
"სამართლიანმა არჩევნებმა“ გააკეთა განცხადება და ყველამ ნახა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ხმების პარალელური დათვლის შედეგები ზუსტ თანხვედრაშია არჩევნების შედეგებთან", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. "ჩვენ გავხდით მომსწრე სამარცხვინო განცხადებების. უმანდატო პოლიტიკოსებმა, პრაქტიკულად მანდატებზე უარი ათქმევინეს დანარჩენ ოპოზიციონერ ლიდერებს. დასავლეთი მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას, ხოლო ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და არ უნდა პარლამენტში შესვლა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძეს თქმით, ქართული ოცნება „არ აპირებს სამართლიანი გამარჯვების დათმობას“ ხოლო ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და საჯაროდ ბოდიში მოიხადოს. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოპოზიციის გარეშე ჩატარდა. 5-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა მანდატებზე უარის დასაფიქსირებლად მემორანდუმს მოაწერა ხელი.
კახა კალაძე ISFED-ის პარალელურ დათვლას ეხმიანება
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს. „დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში. დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია. მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი! მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
ადმინისტრაცია: ტროლების მომრავლება მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ტროლების რაოდენობის მომატება შეინიშნებოდა და პრეზიდენტის მისამართით პირადი შეურაცხყოფებიც ისმოდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება დღეს პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ პირად შეურაცხყოფებს და მისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ტროლების რაოდენობის მომრავლებას, რაც მიგვანიშნებს, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე საზოგადოებას სწორი ხედვა შესთავაზა“, - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
იუსტიციის სამინისტრო - 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2021 წლის 21 იანვარს გამოცხადდება
იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას 2021 წლის 21 იანვარს გამოაცხადებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები: სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი); წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი); თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი); პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი); სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი); საკუთრების დაცვა (პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი); განათლების უფლება (პირველილი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი); მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი). რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია 2013 წლიდან. 2016 წლის 6-17 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით). საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით. ევროპული სასამართლოს დიდი პალატის წინაშე ბოლო ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ასევე მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ში ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება _ Pfizer-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცეს
აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება. Twitter-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა. „ნამდვილად კარგი სიახლე მაქვს: დღეს ჩვენმა ქვეყანამ სამედიცინო სასწაული ჩაიდინა. 9 თვეში ჩვენ უსაფრთხო ვაქცინის შექმნა შევძელით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. შეერთებულ შტატებში კოვიდინფიცირების 16,295,458 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 302 750. გამოჯანმრთელდა 9,507,419.
ეუთო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს განცხადებით ეხმაურება
ეუთო, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდს განცხადებით ეხმაურება. განცხადება, ეუთო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო, მონაწილეებმა, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვა, ვერ შეძლეს. „კოვიდ19-ის პანდემიის მიერ შექმნილი უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე, ეს იყო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პირველი და ერთადერთი რაუნდი, რომელიც 2020 წელს ჩატარდა. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდის მონაწილეებმა განიხილეს ჩორჩანა-წნელისში არსებული ვითარება, ბოლო დროს მომხდარი დაკავებები, დაკარგული ადამიანების საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საარსებო საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთი მხრივ ძალის გამოუყენებლობის დღის წესრიგის მთავარ საკითხს, ხოლო მეორე მხრივ, კოვიდ-19-ის გავლენას ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დადებითად აღინიშნა ამ გამოწვევების ერთობლივი მოგვარების მცდელობები. მონაწილეებმა ვერ შეძლეს დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობა, ზოგიერთი მონაწილის მიერ შეხვედრის დატოვების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობა შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი და სტაბილური. „ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენა წელს გამართული ორი შეხვედრით დადებითად შეფასდა. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რეგულარული შეხვედრების განახლების აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მონაწილეებს გაზარდონ ძალისხმევა ნდობის ასამაღლებლად და უზრუნველყონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი შეხვედრა ჟენევაში 2021 წლის 23-24 მარტს ჩატარდება.
რუსთავში Сovid 19-ით 60 წელს გადაცილებული დები გარდაიცვალნენ
რამდენიმე კვირიანი მკურნალობის შემდეგ, რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოში 60 წელს გადაცილებული დები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ექიმების განმარტებით, დებს განსაკუთრებული მძიმე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ვირუსმა სუნთქვის მწვავე უკმარისობა გამოიწვია. რამდენიმე კვირიანი მკურნალობის მიუხედავად, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და დების გადარჩენა შეუძლებელი გახდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით,რუსთავის თეატრის ტექნიკური რეჟისორი 63 წლის ნაილი და მისი და ნანა იაშაგაშვილი ნოემბრის თვეში დაინფიცირდნენ. სამედიცინო დაწესებულებაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით ერთსადაიმავე დღეს გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგ მაია რაზმაძის ცნობით, იაშაგაშვილები კოვიდ19-ით ერთმანეთისგან დაინფიცირდნენ. დღემდე რუსთავის საავადმყოფოშია მოთავსებულია ერთ-ერთი დის მეუღლე. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობს ერთ-ერთი დის მეუღლე.
რუსეთმა, ჟენევაში, ძალის გამოუყენებლობის თემა გაააქტიურა
ჟენევის დისკუსიებზე, მხარეებმა, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის იმ ფონზე, აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობა რეგიონში იზრდება. “პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში", - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია. „რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში,”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ მიიღო
უპრეცედენტო სარჩელი, რომელსაც 18 შტატის გენერალური პროკურორი და 106 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა მხარს, ტრამპის იურისტებმა ტეხასის შტატში შეიტანეს, თუმცა სასამართლომ ის არ მიიღო. სარჩელში ტრამპი და მისი მხარდამჭერები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ოთხ შტატში, პენსილვანიაში, ჯორჯიაში, მიჩიგანსა და უისკონსინში ითხოვდნენ. ოთხივე შტატში გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა. მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნულ შტატებში საარჩევნო პროცედურები კენჭისყრამდე განზრახ შეცვალეს, რათა დემოკრატ კანდიდატს უპირატესობა მიეღო და შესაბამისად, ამ შტატებში შედეგები უნდა გაუქმდეს. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ტეხასს აღნიშნული საქმის განსახილველად უფლებამოსილება არ გააჩნია. დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე არ უღიარებია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. სხდომაზე ჯო ბაიდენს გამარჯვებულად ფორმალურად დაამტკიცებენ. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20-21 იანვარს გაიმართება.
3907 ახალი შემთხვევა და 50 გარდაცვლილი - 12 დეკემბრის სტატისტიკა
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 907 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 843 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა-333, იმერეთი-599, ქვემო ქართლი-263, შიდა ქართლი-263, გურია-114, სამეგრელო - ზემო სვანეთი-299, კახეთი-243, მცხეთა-მთიანეთი-83, სამცხე-ჯავახეთი-94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-910, იმერეთში-1 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში-151, იმერეთში-267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-54, იმერეთში-59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 111-თბილისში, 1 506-აჭარაში, 307-იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 012 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-280, აჭარაში-145, ხოლო იმერეთში-28. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 243 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 098 პირი, აჭარაში-9 912, იმერეთში-5 828, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
შსს-მ რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 735 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 93 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 642 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში Covid-19-ით გარდაცვალების 50 შემთხვევა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღევანდელი მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1744 მიაღწია. ვებ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბოლო 24 საათში 3780 პაციენტი გამოჯანმრთელდა . გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 154 241 . სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6817 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1012, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3227. დადასტურებულმა ახალმა შემთხვევებმა დღეს 3907-ს მიაღწია. აქედან 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 187 006 ადამიანი დაინფიცირდა.
ირანში ჟურნალისტი რუჰოლა ზამი სიკვდილით დასაჯეს
The Guardian-ის ინფორმაციით, ირანმა სიკვდილით დასაჯა ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელსაც ხელისუფლება ქვეყანაში 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა. გამოცემა წერს, რომ 47 წლის რუჰოლა ზამი დღეს დილით ჩამოახრჩეს. ცნობისთვის, რუჰოლა ზამი 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციების დაწყების დროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.
უკრაინა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შეთანხმებას" გმობს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შეთანხმებას" გმობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კიევი არ აღიარებს ამ „პროგრამის“ მიღებას და და მსგავს ქმედებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მორიგ მცდელობად აფასებს. „რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად აფერხებს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები უარყოფითად აისახება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად უარესდება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2008-2020 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ყველაფერი, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ უნდა ვიცოდეთ
ბოლო პერიოდის განმავლობაში, პანდემია გარდამტეხ ფაზაში შევიდა - ვირუსის მეორე ტალღის პარალელურად, მსოფლიო მედიცინამ მოკლე დროში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და სამი იმედის მომცემი ვაქცინა შექმნა. Moderna-სა და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინებმა 95%-მდე ეფექტიანობა აჩვენეს და შედეგად, კორონავირუსის დამარცხებისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინეს. მათ კვალდაკვალ მისდევს ოქსფორდის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის ეფექტიანობა 70%-ია. როდის დაიწყება ვაქცინაცია დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის შექმნილი ვაქცინის გამოყენება დაიწყო. როდის დაიწყება ვაქცინაცია სხვა ქვეყნებში აშშ-ში ვაქცინაცია უახლოეს 24 საათში დაიწყება - Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა უკვე დაამტკიცეს. წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ უკვე 2.8 მლრდ-ს გადააჭარბა. ევროკავშირს 700 მლნ დოზა ვაქცინის მიღება სურს - 300 მლნ Pfizer-ის და 400 მლნ ოქსფორდის. 700 მლნ ვაქცინა აქვს შეკვეთილი შეერთებულ შტატებსაც, ინდოეთს 500 მლნ, იაპონიას - 290 მლნ. ინდონეზიასა და ბრაზილიას 100-100 მლნ. ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, იაპონიაში, ბრიტანეთში, კანადასა და ავსტრალიაში შეკვეთილი ვაქცინების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობას აჭარბებს. სხვა ქვეყნებში ზოგ შემთხვევაში 20%-ს ჩამორჩება. როდის დაიწყება ვაქცინაცია საქართველოში ბოლო ცნობებით ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში. მანამდე კი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ისეთი კონტრაქტი აქვს გაფორმებული მომწოდებელთან, რომ შეუძლია ჯანმოს მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. საქართველოს 4 მილიონი ამერიკული დოლარი აქვს გადახდილი ვაქცინის მილიონ 400 ათასი დოზის შესაძენად. „ჩვენ არ ვიცით, ჯერ რომელი იქნება… შემოტანის დრო უნდა იყოს მარტი-აპრილი, ახლა ჩვენ ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი Pfizer-ი და Moderna კვლევებს კვლავ განაგრძობენ, რათა უფრო მეტი მონაცემი შეაგროვონ. ლიცენზიის მინიჭების შემდეგ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი რეკომენდაციებს გასცემს იმასთან დაკავშირებით, თუ პირველად ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შესაძლებელია, ვაქცინების განაწილების პროცესი წლის ბოლოს დაიწყოს.
ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი გაორმაგდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლო ექვს კვირაში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ თითქმის 100%-ით მოიმატა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკხოვე ამბობს, პარალელურად, ევროპაში ახალი ინფიცირებულების რიცხვი მცირედება. ამასთან ერთად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში ვირუსით დაღუპულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში 60 პროცენტით გაიზარდა.
შვეიცარიამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა
"როიტერის" ინფორმაციით, შვეიცარიამ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ფინანსური აქტივები დააყადაღა. როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, გადაწყვეტილება ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დაწყებული არეულობის საპასუხოდ მიიღეს. ალექსანდრ ლუკაშენკოს და მისი შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს შვეიცარიაში შესვლა ან შვეიცარიის გავლით გადაადგილება აკრძალული აქვთ. „შვეიცარია შეშფოთებულია მიმდინარე დაძაბულობით და ბელარუსის მთავრობას სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. შვეიცარიის მთავრობა ბელარუსში აქციებზე დაკავებული პირების გათავასუფლებასა და სპეცსამსახურების მიერ წამებისა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენების ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.
რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას - ბაიბა ბრაჟე
რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას, - ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა. „რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები ვნახეთ და ეს ფაქტია. ამავე დროს, ნატო-საც არ შეუძლია, დაადოს ვეტო საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მანამდე კი, ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში გაიმართა ნატო-ს მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება, რათა საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რათა მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.
ქართველი სპორტსმენები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდნენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ქართველმა სპორტსმენებმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ ყოველწლიურ, 16-დღიან გლობალურ კამპანიაში (25 ნოემბერი - 10 დეკემბერი) მიიღეს მონაწილეობა და საზოგადოებას პრობლემის გადასაჭრელად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს. კამპანიას შეუერთდნენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები. ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე, ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ფინალის დასრულების შემდეგ, სადაც ერთმანეთს „თბილისის ჯვაროსნები“ და „რუსთავის ფოლადი“ დაუპირისპირდა, სპორტსმენებმა დაგმეს ოჯახში და გენდერული ნიშნით გამოხატული ძალადობა. საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის - „თსუ“ - „ტიტები“ მონაწილეებმა მატჩის შემდგომ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, დაგმეს გენდერული ნიშნით და ოჯახში ძალადობა, ამასთან ძალადობის მსხვერპლებს მოუწოდეს, რომ ძალადობის შემთხვევაში მიმართონ სახელმწიფოს - დარეკონ 112-ზე ან სპეციალურ ცხელ ხაზზე - 116 006. კამპანიაში სხვა მოთამაშეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა - ლუკა ზაქრაძემ, საბა ლობჯანიძემ, მაიკლ დიქსონმა და ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა. კამპანიაში ჩაერთნენ ფეხბურთელებიც და საქართველოს ჩემპიონატის დასკვნით ტურში, „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ შორის გამართული მატჩის დაწყებამდე ერთობლივად დაგმეს ძალადობა. სიმბოლურია, რომ პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურა. 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩის მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე გახლდათ, მას ასისტენტობა გაუწიეს ქეთევან გაიპარაშვილმა და სოფო რიჟამაძემ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქცია ვიკა სახურიამ შეასრულა. 10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო ვაჟ ხელბურთელთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ყველა მონაწილე ასევე შეურთდა გლობალურ კამპანიას და დაგმო გენდერული ნიშნით ძალადობა. სპეციალურად კამპანიისთვის, საქართველოს ჩერლიდინგის ფედერაციამ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც სპორტსმენები და ფედერაციის წარმომადგენლები საზოგადოებას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. მსოფლიო მასშტაბის კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას. სპორტი თავისი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე, გმობს და ეწინააღმდეგება ყოველგვარ ჩაგვრასა და ძალადობას, რასაც ქართველი სპორტსმენები ყოველწლიურად ადასტურებენ კამპანიაში ჩართულობით.