ძებნის რეზულტატი:

ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ძმა, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს

ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ძმა ბრალს არ აღიარებს. ბიძინა ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. „მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, შევხვდით დაკავებულს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად მასალები გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც მოხდება ბრალის ოფიციალური წარდგენა. ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ, ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და თვლის, რომ სწორედ ამ დროს მოხდა იარაღის ჩადება. საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?”, - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ. გამოძიება „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაზე ძებნილის ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ცნობით, ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან სავარაუდოდ კონტაქტი ჰქონდა და მისთვის ნივთების გადაცემას გეგმავდა. შსს-ს ცნობით, მანქანაში პოლიციამ 2 ხელყუმბარა, ავტომატის ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები და ტანსაცმელი იპოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს.

ადამიანებმა, რომლებმაც გრიპზე აცრა ჩაიტარეს, კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანეს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის წინააღდეგ ბრძოლაში გრიპის საწინააღდეგო აცრის ეფექტიანობის სტატისტიკაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გრიპის ვაქცინა გაიკეთეს, Сovid-19 უფრო მსუბუქად გადაიტანეს. ალერგოლოგ-იმონოლოგი ალერგიულ ადამიანებს აფრთხილებს და მნიშვნელოვან რჩევებს აძლევს. მისი თქმით, პაციენტს, რომელსაც კვერცხზე ალერგია აქვს, აცრა აუცილებლად ექიმების გარემოცვაში უნდა ჩაიტაროს და 40 წუთი მათი დაკვირვების ქვეშ იყოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირველ აცრაზე ალერგია გამოუვლინდათ, აცრა მეორედ აღარ უნდა ჩაიტარონ. კულუმბეგოვის განმარტებით, გრიპის ვაქცინა რამდენიმე სახის არსებობს და პაციენტმა ისინი რამდენიმე კრიტერიუმით უნდა შეარჩიოს. „სამკომპონენტიანი ვაქცინის პლუსი ისაა, რომ გვერდითი მოვლენები ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ გვიან აყალიბებეს იმუნურ პასუხს. ამიტომ, აცრის გასაკეთებლად იდეალური პერიოდი იყო ოქტობერი ნოემბერი, ვიდრე გრიპის შტამი გააქტიურდება. ახლა ვინც იკეთებს სამკომპონენტიან ვაქცინას, ორი კვირა თავი უნდა დაიცვას და გრიპი აირიდოს, რადგან ვაქცინას ჯერ მოქმედება არ ექნება დაწყებული. რაც შეეხება ოთხკომპონენტიან ვაქცინას, ეს არის პასტერის ინსტიტუტის ვაქცინა. მას ძლიერი იმუნოგენობა აქვს. ამ მხრივ, უფრო ძლიერი ვაქცინაა და ერთ კვირაში იძლევა შედეგებს“, - აცხდებს კულუმბეგოვი. მისი თქმით, სეზონის განმავლობაში ერთი აცრა საკმარისია. ერთადერთი 7 წლამდე ბავშვებში უნდა განმეორდეს ვაქცინის გაკეთება. „გრიპი იმდენად რთული და დამაზიანებელი ვირუსია, გრიპის ვაქცინაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. იმუნურ სისტემას აძლიერებს. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყანაში B ტიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულირება . კორონამდე, ექიმებშიც კი გრიპის ვაქცინის გაკეთების მაჩვენებლი 30 პროცენტი იყო. წელს 70 პროცენტამდე გაიზარდა სამედიცინო სექტორში. წინა კვირაში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი. გრიპი იქნება, მაგრამ არ მგონია, ისეთი რაოდენობით, რომ მომართვიანობა გაზარდოს და კორონავირუსით ინფიცირებულებს საწოლები წაართვას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემაში „დილის შოუ“.

ჯეიმს აპატურაი: სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს

„არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა. ის ვაქცინის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად 100%-ით ვაქცინის მომხრეთა რიგებშია. „ვაქცინის შესახებ სოციალური მედიით გადაჭარბებული დოზით ვრცელდება ყალბი ცნობები და შეთქმულების თეორიები. სასაცილოა მოსაზრება, თითქოს ბილ გეიტსს ვაქცინით ჩვენს სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ჩამონტაჟება სურს. თუ თქვენ ტელეფონი გიჭირავთ ხელში, მაშინ გეტყვით, რომ მატარებელი სადგურიდან კარგა ხანია დაიძრა და არავის სჭირდება თქვენზე თვალყურის სადევნებლად დამატებითი მოწყობილობის ჩამონტაჯება. მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მე მეცნიერების მჯერა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. „საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ჩემი და NATO-ს სახელით ვუსამძიმრებ საქართველოში COVID-19-ით დაღუპულთა ოჯახებს. მოუარეთ თავს და გაუფრთხილდით სხვებს. კორონავირუსი არ არის მითი ან ხუმრობა. არ არის აუცილებელი ყველა შობა დიდი წვეულებით აღვნიშნოთ. მერწმუნეთ, ამას ვერც ჩვენ შევძლებთ. ახლა სიფრთხილის და სიმშვიდის დროა“, - აღნიშნა აპატურაიმ „იმედთან“ ინტერვიუში.

აშშ-ში ვაქცინაცია სავარაუდოდ 14 დეკემბრიდან დაიწყება

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორმა, რობერტ რედფილდმა ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN აქვეყნებს. რობერტ რედფილდის განცხადებით, პირველი ვაქცინაციის დაწყება 14 დეკემბრიდან იგეგმება და ეს არის შემდეგი ნაბიჯი ამერიკელების დასაცავად, პანდემიის გავლენის შესამცირებლად და ქვეყნის ცხოვრების ნორმალური მდგომარეობის აღდგენისთვის. ვაქცინაციის პროცესში 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან. CCN ასევე იტყობინება, რომ ვაქცინების პირველი პარტია „ფაიზერის“ ქარხანაში სატვირთო მანქანებზე დატვირთეს და ქვეყნის მასშტაბით განაწილება დაიწყეს. აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა 11 დეკემბერს გასცა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა კი მეორე დღეს.

გერმანიაში ახალი ლოკდაუნი 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იმოქმედებს

გერმანია კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს და დაავადების გავრცელების თავიდან აცილებას ცდილობს, განაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა, ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გერმანიაში მაღაზიები და სკოლები დაიხურება. „ვისურვებდი უფრო მსუბუქ ზომებს, მაგრამ საშობაო „შოპინგის“ გამო, სოციალური კონტაქტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - განუცხადა მერკელმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ზომების დაუყოვნებლივ მიღება საჭიროა. გერმანიაში ექვსი კვირის განმავლობაში ნაწილობრივი ლოკდაუნი მოქმედებდა. ბარები და რესტორნები დაკეტილი იყო, ხოლო მაღაზიები და სკოლები - კვლავ ღია. ზოგიერთ რეგიონში უკვე დაწესებულია უფრო მკაცრი ზომები ინფექციების გავრცელების ზრდის პარალელურად. თავყრილობებზე შეზღუდვა ისევ დარჩევა და ის 5 ადამიანზე მეტის შეკრებაზე იმოქმედებს. საშობაო არდადეგებისთვის წესი გამარტივდება, რათა ოჯახებმა ერთად იზეიმონ. ახალი ლოკდაუნი 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე იმოქმედებს.

დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება

დღეს ახალი მოწვევის პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტების ახალ თავმჯდომარეებს აირჩევენ და ახალ დებულებებს დაამტკიცებენ. პარლამენტის დღევანდელი დღის წესრიგის თანახმად 14 დეკემბერს სხდომას გამართავენ შემდეგი კომიტეტები: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.

რუს ჰაკერებს აშშ-ის სახაზინო-სავაჭრო დეპარტამენტის ქსელის გატეხვაში ადანაშაულებენ

აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტის ქსელის გატეხვასა და ელექტრონული წერილების კონტროლში რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ. როგორც სააგენტო Reuters-ს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა იმდენად სერიოზულია, ამ საკითხზე თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. გამოძიება ვარაუდობს რომ აღმოჩენილი ჰაკერული თავდასხმა ჯერჯერობით აისბერგის მწვერვალია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკული მედიის მორიგ უსაფუძვლო ბრალდებას უწოდებს. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობას ჯერჯერობით საჯაროდ არ განუცხადებია, ვინ შეიძლება იდგეს ჰაკერების უკან.

ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს. „ჩვენი თავდაცვის კანონპროექტით ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია. მე ვეტოს დავადებ ამ კანონპროექტს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. პრეზიდენტი ტრამპი აპროტესტებს 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს, რადგან მისი განცხადებით, ის არ აუქმებს კომუნიკაციების წესიერების კანონის 230-ე ნაწილს, რომელიც იცავს პასუხისმგებლობისგან ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა „გუგლი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“, რაც მათ პლატფორმებზე ჩანს. ამასთანავე, ტრამპი ეწინააღმდეგება კანონმდებლობის ისეთ ნაწილებს, რომლებიც ავღანეთიდან და გერმანიიდან ჯარის გაყვანის გეგმებს შეანელებს. ცნობისთვის, 11 დეკემბერს თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარი რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმაც დაუჭირა. 740 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტს ხმა 84-მა სენატორმა მისცა, რაც ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში, სენატს მისი დაძლევა შეეძლება. ვეტოს დაძლევა ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში პირველი შემთხვევა იქნება. „როიტერი“ წერს, რომ კონგრესში პრეზიდენტის პარტიას და თეთრ სახლს შორის იშვიათი განხეთქილებაა. დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს მხარი გასულ კვირაში დაუჭირა. THE BIGGEST WINNER OF OUR NEW DEFENSE BILL IS CHINA!. I WILL VETO! — Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 13, 2020

ნიუ-იორკში შეირაღებულმა პირმა საკათედრო ტაძართან ცეცხლი გახსნა

ნიუ-იორკის საკათედრო ტაძართან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. შეიარაღებული პირი უმისამართოდ ისროდა. ბოლოს სამართალდამცველებს გაუხსნა ცეცხლი და ორმხრივი სროლა დაიწყო. ინფორმაციას AP News-ი ავრცელებს. სროლა საკათედრო ტაძრის კიბეზე ტაძრის გუნდის მიერ საშობაო საგალობლების შესრულების დროს მოხდა. თვითმხილველების თქმით, შეირაღებული პირი პოლიციას მოუწოდებდა, რომ ის „მოეკლათ“.თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. სროლის შედეგად სამართალდამცველები არ დაშავებულან.

უეფა-ს წერილი საქართველოზე - ფეხბურთის განვითარების პროგრამამ შედეგები უკვე მოიტანა

უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასალა, „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამას ეხება, რომელიც 2020-2024 წლების ციკლითაა გათვალისწინებული. „ჰეტ-ტრიკი“ ფეხბურთის განვითარების პროგრამაა, რომლის მეშვეობითაც უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მოპოვებული შემოსავლის ნაწილს თავის წევრ ასოციაციებს ურიცხავს. „2014 წელს უეფა-ს ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც პირველ ეტაპზე ოთხ საპილოტე ასოციაციას - სომხეთს, ბელარუსს, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებაში ეხმარება. უეფა-ს დახმარებით ამ ოთხ ქვეყანაში ეროვნული აკადემიების სტრუქტურა ჩამოყალიბდა, სადაც ყურადღება გამახვილებულია ასოციაციას, სკოლებსა და კლუბებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებასა და ფეხბურთისა და განათლების ერთმანეთთან მკაფიოდ დაკავშირებაზე. კონკრეტული პროგრამები მორგებული იქნა თითოეული ასოციაციის საჭიროებებზე. ისინი მოიცავენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფილოსოფიას, ფიზიკურ, ტაქტიკურ და დიეტოლოგიურ სისტემებს, ისევე როგორც ფეხბურთელთა განვითარებაზე მიმართულ სამოქმედო გეგმას“, - ნათქვამია უეფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში. უეფა-ს ვებგვერდზე საქართველოში ფეხბურთის განვითარების პროგრამის ძირითადი ფაქტებია დასახელებული. როგორც განცხადებაში წერია რეგიონალურ აკადემიებში 14 და 15 წლამდე ასაკის ფეხბურთელები ვარჯიშობენ. ამჟამად კი ქვეყნის მასშტაბით, სფფ-ს ოთხი აკადემია მოქმედებს. „რეგიონალური ცენტრებიდან ხდება ფეხბურთელების შერჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებისთვის. 16 წლამდე ასაკის ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენაში ფედერაციას ეხმარება სკაუტების ფართო ქსელი. პირველ ეტაპზე ხდება 20-დღიანი შეკრებისთვის 60-მდე ფეხბურთელის შერჩევა. 60 ფეხბურთელიდან რუსთავის აკადემიაში ყოველწლიურად გადადის 22 უნიჭიერესი ჭაბუკი. მათ საშუალება ეძლევათ, უმაღლესი დონის საფეხბურთო განათლება მიიღონ. ფეხბურთელები 1-3 წლის მანძილზე ცხოვრობენ აკადემიის ტერიტორიაზე. მათთვის უზრუნველყოფილია ვარჯიში, საჯარო სკოლაში განათლების მიღება, კვება, ტანსაცმელი, აღჭურვილობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური დახმარებაც. რუსთავის აკადემიის პროგრამის დასრულების შემდეგ, 17 წლამდე და უფროს ფეხბურთელებს შეეძლებათ ახალგაზრდულ ეროვნულ ნაკრებებსა და პროფესიულ დონეზე თამაში. აკადემიების დაფინანსებას უზრუნველყოფენ უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. უეფას მიერ გამოყოფილი თანხებით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სფფ ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაში აშენებს ახალ ობიექტებს“, - წერია წერილში. წერილში ნათქვამია, რომ პროგრამამ შედეგები უკვე გამოიღო და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საკვალიფიკაციო ციკლები გაცილებით უკეთესად ჩაატარა. "საქართველოს ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა დიდ ტურნირამდე. 2020 წლის ნოემბერში გუნდი ევრო2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა - კიდევ ერთ ქვეყანასთან, რომელიც ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამით სარგებლობს. საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდული ნაკრებები2019/20 სეზონში საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ-რაუნდში გავიდნენ“. საქართველოში უეფას პროგრამების ხელმძღვანელი ჟან-ფრანსუა დომერგი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტები წარმატებით მიმდინარეობს, მათი განხორციელებით უეფა სწორ გზაზე დგას და ოთხივე ასოციაციამ ყველა კომპონენტში წინსვლას მიაღწია. სფფ-ის გენერალური მდივნის დავით მუჯირის თქმით, „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამის ფარგლებში მიღებულ თანხებსა და განხორციელებულ პროექტებს საქართველოსთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. "ქვეყანაში იყო ინფრასტრუქტურის ნაკლებობა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თავისთვის აქვს დასახული. „ჰეტ-ტრიკის“ ბოლო ციკლის საინვესტიციო პროექტის კომპონენტით ჩვენ გავხსენით რუსთავის ტექნიკური ცენტრი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცენტრალური აკადემიის ადგილსამყოფელს. საქართველოში ელიტური ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვესაჭიროება მსგავსი ინფრასტრუქტურა. „ჰეტ-ტრიკის“ პროგრამიდან მიღებული დაფინანსება ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მსგავსი პროექტები ყოველწლიურად განვახორციელოთ და ხელი შევუწყოთ ქალთა ფეხბურთის, სოციალური პასუხისმგებლობისა და მწვრთნელთა განათლების მიმართულებების განვითარებას“, - აცხადებს ის. ცნობისთვის, სფფ-ის სტრუქტურაში რამდენიმე აკადემია, რუსთავში, ლაგოდეხში, ზუგდიდსა და (რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ რუხის აკადემიაში გადაინაცვლებს), გვიმბალაურში (გურია) მოქმედებს, ქუთაისსა და სოფელ რუხში მშენებლობის სტადიაშია.

ვენესუელას სანაპიროსთან 14 მიგრანტის  ცხედარი იპოვეს

14 მიგრანტი ვენესუელას ერთ-ერთ სანაპიროსთნ გარდაცვლილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელას ხელისუფლება ვარაუდოს, რომ მიგრანტები ვენესუელადან ტრინიდადი და ტობაგოში მიემგზავრებოდნენ. ტრინიდადი და ტობაგოს ხელისუფლების განცხადებით, გარდაცვლილების ნავმა ქალაქი გიურა 6 დეკემბერს დატოვა და მასზე, საერთო ჯამში, 20 ადამიანზე მეტი იმყოფებოდა. ტრინიდადი და ტობაგოში 40 000-მდე ვენესუელელი ცხოვრობს, უმეტესობა საკუთარი ქვეყნიდან ეკონომიკურ კრიზისსა და უმუშევრობას გაურბის. ისინი ქვეყანას ხშირად პატარა ნავებით ტოვებენ, რომლებშიც საწვავისა და საკვების მცირე მარაგი აქვთ.

შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს - სარა გილბერტი

მაღალია შანსია, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი უკვე იანვრიდან გახდეს - "გარდიანის" ინფორმაციით, პროფესორმა სარა გილბერტმა განაცხადა, რომელიც ვაქცინაზე მომუშავე მცირე გუნდს ხელმძღვანელობდა. კითხვაზე, რამდენი ადამიანის აცრაა საჭირო ცხოვრების ნორმალიზაციისთვის, პროფესორი აცხადებს, რომ იგეგმება წინა ხაზის ჯანდაცვის მუშაკებისა და 20 მილიონი ადამიანის იმუნიზაცია ასაკის გათვალისწინებით. წლის ბოლომდე ვაქცინის მიღების შესაძლებლობის შესახებ საუბრისას სარა გილბერტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ასაკობრივ ჯგუფზე და ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის პრიორიტეტებზე.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთვევების რიცხვი, მკვეთრად დაეცა

ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 554 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 064 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 191 063-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 977, აჭარაში-866, იმერეთში-1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში-518, აჭარაში-150, იმერეთში-239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში-82, იმერეთში-52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 -თბილისში, 1 332-აჭარაში, 288-იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 986 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-290, აჭარაში -146, ხოლო იმერეთში-15. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 352 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში-18 908 პირი, აჭარაში-8 667, იმერეთში-6 319“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დაგეგმილ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

ირანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯის გამო საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დღეისთვის დაგეგმილ ევროპა-ირანის ონლაინ ბიზნეს ფორუმს, ბოიკოტი გამოუცხადეს. მედიის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საპასუხოდ, ირანმა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელიც პოპულარულ ანტისამთავრობო ვებგვერდ Amad News-ს ხელმძღვანელობდა, შაბათს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

ტრამპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავორუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს და აცხადებს, რომ შესაფერის დროს დაელოდება. „თეთრ სახლში მომუშავე ადამიანები, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ვაქცინას მოგვიანებით მიიღებენ. მე ვითხოვე ამის კორექტირება. ჯერჯერობით არ ვგეგმავ ვაქცინის გაკეთებას, დაველოდები შესაფერის დროს", - წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერზე". ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა. People working in the White House should receive the vaccine somewhat later in the program, unless specifically necessary. I have asked that this adjustment be made. I am not scheduled to take the vaccine, but look forward to doing so at the appropriate time. Thank you! — Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 14, 2020

მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს

მმართველი პარტია პრემიერის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიას წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში", - განაცხადა კობახიძემ.

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. რუსუდან ჯიქია ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა. ექიმს კორონავირუსი, რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ის ქუთაისის მეორე ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვირას უკავშირდება - თამარ გაბუნია

კორონავირუსის ახალი შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი შაბათ-კვირას უკავშირდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორ მან აღნიშნა, მიუხედავად შაბათ-კვირისა, დადებითი დინამიკა მაინც აღინიშნება. „დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი 1337 შემთხვევა იყო. გარკვეულწილად ეს შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, თუმცა დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.

დღეს აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება

"როიტერის" ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება. როგორც გამოცემა წერს, ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები კონგრესს დღესვე გადაეგზავნება, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება და ამით არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დასრულდება. ცნობისთვის, ქვეყნის პირველ პირს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წევრის მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232-ის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, სამხრეთ კორეა სკოლებს დახურავს

სამხრეთ კორეის მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 დეკემბრიდან სკოლები დაიხურება. ინფორმაციას CNA ავრცელებს. ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის მესამე ფაზის დაანონსებისთვის ემზადება. სამხრეთ კორეის პრემიერის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, ის მზადაა, ვირუსთან გასამკლავებლად ახალი, მესამე ფაზა გამოაცხადოს. „ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად, გადავწყვეტთ, რამდენად საჭიროა დამატებითი ზომების მიღება“, - განაცხადა პრემიერმა ჩონ სე გიუნმა. ორშაბათს, კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტომ (KDCA) კორონავირუსის 718 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, რაც დღიური რეკორდია. სამხრეთ კორეაში სულ 443 444 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ლეტალური შედეგით 587 დასრულდა.