ძებნის რეზულტატი:

​საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

2020 წლის 10-11 დეკემბერს, ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განხილვის მთავარ თემას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პირობებში ადგილზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება და უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით, საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის დამტკიცება, რომელიც საქართველოს განუყოფელი რეგიონების რუსეთის სივრცეში ეტაპობრივად ინტეგრაციას ემსახურება. „ქართველი მონაწილეები გამოეხმაურნენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 2020 წლის 12 ნოემბერს სოჭში რუსეთის პრეზიდენტსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს შორის გამართულ შეხვედრაზე ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის საკითხის განხილვას, რაც ანექსიის ფორმალურად გაფორმებისაკენ მიმართულ დესტრუქციულ ნაბიჯად შეფასდა. საქართველოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მორიგ აგრესიულ მცდელობას, დააკანონოს ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების პრაქტიკა, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას. _ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად ისაუბრეს კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის ფონზე რუსეთის მიერ გახშირებულ პროვოკაციებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო მილიტარიზაციასა და რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის გაგრძელებაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვაზე, რაც ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად შეფასდა. აღინიშნა, რომ მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისევე, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარალელურად რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებას, მათ შორის, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციის აქტიურ კამპანიას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიის წინააღმდეგ. საქართველოს დელეგაციამ დასვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების საკითხი და მოითხოვა ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტავისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი, საქართველოს სხვა მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. _თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობას ისედაც რთულ სოციალურ ყოფას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ევაკუაციის ეთნიკურ ნიადაგზე შეზღუდვის ფაქტებზე, რამაც ადგილობრივთა გარდაცვალების არაერთი ფატალური შემთხვევა გამოიწვია. მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციას, გალისა და ახალგორის რაიონების, ასევე კოდორის ხეობის მაცხოვრებლების მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ხაზგასმით აღინიშნა მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კრიტიკული საჭიროება. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შევიწროებისა და დისკრიმინაციის შეწყვეტის აუცილებლობა. საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დანარჩენი საქართველოსგან იზოლირების გააქტიურებულ მცდელობებზე და საშიშ ტენდენციად შეაფასა ადგილობრივი მოსახლეობის მიზანმიმართული რუსიფიკაციის პროცესი. ამ კონტექსტში კვლავ აღინიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ამ ფონზე ხაზი გაესვა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) შესვლის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომის საჭიროებას. კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუზღუდავად განხორციელების აუცილებლობას, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. შექმნილ ვითარებაში ხაზი გაესვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs) წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ნაბიჯი პირდაპირ აისახება ადგილზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა გალის IPRM-ის წინაპირობების გარეშე აღდგენისა და ერგნეთის მექანიზმის შეუფერხებლად მუშაობის აუცილებლობაზე. _საქართველოს დელეგაციამ კვლავ დასვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საკითხი. ვრცელი დისკუსია შედგა დღის წესრიგის ისეთ მთავარ საკითებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო ყოფნითა და რეგულარული სამხედრო წვრთნებით მოსკოვი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას, რაც კრიტიკულად აუცილებელს ხდის რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებასა და შესრულებას. საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნითა შესაძლებელი, რაც მდგრად საფუძველს შექმნის ადგილზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში, ქართველმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დაცვით. ტრადიციულად, დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებულ პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება წარმოადგენდა. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა დევნილთა დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის აუცილებლობა. თუმცა რუსეთისა ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს აღნიშნული ჰუმანიტარული თემის პოლიტიზირება და მოლაპარაკებები დატოვეს. ქართველმა მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, რუდოლფ მიხალკას სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და წარმატება უსურვეს მას მომავალ საქმიანობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე მიხედვით, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2021 წლის 23-24 მარტს გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილნი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

მექსიკაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გაიცა

"სიენენის" ინფორმაციით, მექსიკაში „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე საგანგებო ავტორიზაცია გასცეს. მექსიკის ჯანდაცვის მარეგულირებელი უწყების თანახმად, ვაქცინას პირველ რიგში ექიმები მიიღებენ. მექსიკაში ვაქცინის 250,000 დოზა დეკემბრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მომავალი წლის აპრილისთვის, ქვეყანაში ვაქცინის 15 მილიონამდე დოზას ელოდებიან. მექსიკაში „კოვიდ-19“-ს 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 113 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა  „სამართლიანი არჩევნების“ ცდომილება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე იცოდა რომ „სამართლიანი არჩვენების“ პირველადი მონაცემები მცდარი იყო. აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტებას და ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, PVT-ის თანახმად, ფიქსირდებოდა 2.4-პროცენტიანი ცდომილება „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, რის საფუძველზეც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ. „PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისთვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ცდომილება ოპოზიციის მხრიდან არჩევნების გაყალბების მტკიცების მთავარ საყრდენად იქცა. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ და ოპოზიცია ანტიდასავლურ განცხადებებსა და პოლიტიკაში დაადანაშაულა ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ოპოზიციის მხრიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული პირების მიყურადების ბრალდებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, აბსურდული ბრალდებაა და PVT-ში დაფიქსირებული ხარვეზის აღმოჩენა მარტივი არითმეტიკული ანალიზით, აშკარა იყო. „PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე, ჩვენ იმთავითვე შევიტანეთ ეჭვი მისი მონაცემების კორექტულობაში. აშკარა იყო, რომ პარტიების პროცენტული მაჩვენებლების გამოთვლისას, დაშვებული იყო უხეში ხარვეზი, რომლის გამოსწორების შემთხვევაში, ჩვენი ვარაუდით, PVT-ის მონაცემები დაემთხვეოდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს. ამის თაობაზე, ჩვენ ღიად ვისაუბრეთ პარტიის ოფისში გამართულ რამდენიმე ბრიფინგზე“- აცხადებს ირაკლი კობახიძე, რომელიც საეჭვოდ თვლის თუ რატომ დაჭირდა ერთი თვე ხარვეზის გადამოწმებას და გაცილებით ადრე რატომ ვერ მოხდა ამ მონაცემების გამოქვეყნება. კობახიძე მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას და ნიკა გვარამიას ადანაშაულებს „სამართლიანი არჩვენების“ მონაცემების გაყალბებაში. ნაციონალების მმართველობის პერიოდში არჩევნების გაყალბების დანერგვაში ადანაშაულებს და დასძენს რომ დანარჩენ ოპოზიციას, სწორედ აღნიშნული რადიკალური ოპოზიცია აშანტაჟებს, რომელიც მისი თქმით "არჩევნების გაყალბების მთავარი ოსტატია" „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით, იმედს გამოთქვამს რომ რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებში მოლაპარაკებების განახლების და შედეგის მიღწევის რესურსი არსებობს. " უაღრესად მნიშვნელოვანია, ხარვეზის მიზეზი სრულად, გამჭვირვალედ და რაც შეიძლება მოკლე ვადებში იქნას შესწავლილი" - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. ​

ირაკლი კობახიძე: „სამართლიანი არჩევნების“ შედეგების გადამოწმება უცხოელი პარტნიორების ჩარევით მოხერხდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამართლიანი არჩვენების“ მონაცემებში, PVT-ის ცდომილება რადიკალურმა ოპოზიციამ, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებსა და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მორიგ მიზეზად გამოიყენა, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ. „ანტიდასავლური, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ მიაღწევენ საკუთარ მიზნებს, რასაც PVT-ზე აგებული მათი სპეკულაციების სიმცდარის მხილებაც ცხადყოფს. ჩვენ არავის მივცემთ კონკურენტული და თავისუფალი არჩევნების ხელოვნურად ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობას. პირველ რიგში, სწორედ სიყალბეს უთხრა უარი ქართველმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს. მადლობა გვინდა გადავუხადოთ უცხოელ პარტნიორებს იმისათვის, რომ გულისყურით მოეკიდნენ ჩვენს შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით. ჩვენს მიერ მათი ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით, ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა“-აღნიშნავს კობახიძე მისი თქმით, ცესკოს შედეგებისა და PVT-ის მონაცემების თანხვედრა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა . „დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით“ - აცხადებს სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივანი. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

პოლიციამ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ესებუას ძმა დააკავა

პოლიციამ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმა დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება - ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმში კორონავირუსისგან 92 წლის, ერთფილტვიანი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-სგან 92 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს. როგორც კლინიკის გვერდზეა ნათქვამი, აკაკი მჟავანაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს მკვიდრია და ის რეაბილიტაციის პროცესს სახლში გადის. „გაიცანით 92 წლის აკაკი მჟავანაძე, ჩვენი გმირი ბაბუა, რომელმაც კოვიდი დაამარცხა. აკაკი ბაბუ საერთაშორისო ჰოსპიტალის კოვიდცენტრში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. ის პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ უხუცეს პაციენტს მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს, ათწლეულების წინ მას ცალმხრივი პულმენოქტომია ჩაუტარდა, რომლის დროსაც მეორე ფილტვი ამოკვეთეს. ჩვენი მედიკოსების დახმარებით აკაკი ბაბუმ ვირუსი დაამარცხა, ახლა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესს უკვე შუახევში, მშობლიურ სოფელში გააგრძელებს. ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბაბუას“, - წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.

საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი განცხადება: საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა მიღწეულ შედეგს

გერმანია და საფრანგეთი საქართველოს მოუწოდებენ, დემოკრატიული რეფორმების გზაზე სვლა განაგრძოს და ხაზს უსვამენ რომ საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას, საბოლოო ჯამში კი - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის და გერმანიის საელჩოების მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში „საქართველომ, გერმანიისა და საფრანგეთის ახლო პარტნიორმა, უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვანი დამოკრატიული განვითარება განიცადა. მან განამტკიცა კავშირები ნატოსთან და ევროკავშირთან და სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. მძლავრი ინსტიტუტების ჩამოყალიბება და პლურალიზმის კარგი ფუნქციონირება ძლიერი დემოკრატიის აუცილებელი საფუძვლებია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე - შესანიშნავი. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში ორი ქვეყნის საელჩო ხაზს უსვამს, საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმები პოლიტიკური დღის წესრიგის შუაგულში დარჩეს. „ასეთი დისკუსიისთვის პარლამენტი არის შესაფერისი ადგილი, ვინაიდან საპარლამენტო პროცესი გაამყარებდა როგორც მიღწეულ შედეგს, ისე მის განხორციელებას და საბოლოო ჯამში - საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. გვსურს, ხაზი გავუსვათ ჩვენს მხარდაჭერას საერთაშორისო მედიატორების მიმართ ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან. მათ მიერ საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის დახმარების მიზანი იყო, კონკრეტული რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განმკიცების მიზნით.იმ დროს, როცა საქართველო მთელი რიგი რეგიონული გამოწვევების წინაშეა, მით უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. საფრანგეთი და გერმანია მზად არიან, რომ როგორც პარტნიორებმა, საქართველოს მხარი დაუჭირონ დემოკრატიის გზაზე, რომელიც მან აირჩია. აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ ახლახან გამართული მოლაპარაკებების კონტექსტში, კვლავ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარის მიერ, რუსეთის ჩათვლით, ევროკავშირის მედიატორობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების სრულად შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობისკენ“, - ნათქვამია საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს საქართველოსთან დაკავშირებით გაავრცელეს.

ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს  რადიკალური ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში  და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს დარბაზში

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ კარგად იცოდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და გუშინდელ სხდომაზე პასუხისმგებლობას მთლიანად მათ აკისრებს. სახელისუფლებო პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, მათი სურვილია პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია არ შევიდეს, რადგან თლის რომ რადიკალური ოპოზიციის ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის. „ მათი ადგილი უნდა დაიკავონ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრო, „რადიკალურ ოპოზიციას“ ეკისრება, რადგან „ისინი ყველა განსხვავებული პოზიციის მქონე პარტიას პოლიტიკოს აშანტაჟებენ“. ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საოცარი ფრაზა თქვა. მან აღნიშნა, რომ არჩევნების არ გაყალბების დადასტურების შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ კრიზისიაო. ეს არის მათი დამოკიდებულება. ეს არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება შექმნილი ვითარების მიმართ“-აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, მცირე პარტიების არ ჰყავდათ თავისი კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე და ამიტომ მათ ჰქონდათ გულწრფელი ეჭვები არჩევნებთან დაკავშირებით , მაგრამ სხვა პარტიებმა ყველამ კარგად იცოდნენ რომ არჩვენები არ გაყალბებულა. „რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ისინი არიან ოსტატები და საქართველოში არჩევნების გაყალბების დამამკვიდრებლები. ეს ყველამ იცის და სახელები და გვარები მათი ლიდერების, ამ კუთხით შეგვიძლია გავიხსენოთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. არა მხოლოდ ისინი არ შემოდიან და უცხადებენ საბოტაჟს დემოკრატიულ პროცესს, არამედ „აბულინგებენ“ და აშანტაჟებენ უმძიმესი ფორმებით, ისინი აშანტაჟებენ ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია. ეს არის სახე ამ პოლიტიკური პარტიების და ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ შემოვლენ საბოლოო ჯამში პარლამენტში და ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს სკამებს“,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგების დაზუსტებული მონაცემებით , რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს, რაც თითქმის ემთხვევა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

იაგო ხვიჩია: ზურაბ ჯაფარიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ზურაბ ჯაფარიძემ „საბედისწერო შეცდომა” დაუშვა. ის თავს იკავებს ზურაბ ჯაფარიძის საჯარო კრიტიკისგან. "არ მინდა საჯაროდ ზურაბ ჯაფარიძის კრიტიკა, მე ვერიდები ამას. მე მგონია, რომ ის ცდება. ჩემი აზრით, მან საბედისწერო შეცდომა დაუშვა ამ ყველაფრით. მაგრამ ვნახოთ, პროცესი გვაჩვენებს. „გირჩი“ 4 წლის წინ იყო პარლამენტში ვერშესული, გამოგდებული ადამიანების ერთობლიობა, რომელსაც ფული არ ჰქონდა და დასაშლელად იყო განწირული. ამ ერთობამ, ფაქტობრივად სამი ადამიანის ერთობამ, ან 4 ადამიანის, შეძლო ის, რომ 3% აიღო ფაქტობრივად ფულის და დანახარჯების გარეშე ამ არჩევნებში. თუ ზურაბ ჯაფარიძე ამას თვლის წარუმატებლად, მე მგონია, რომ ეს არასწორია, თუ თვლის ამას მხოლოდ საკუთარ ღვაწლად, ასევე არასწორია," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. შეგახსენებთ, რომ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ის პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს.

ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს, ოპოზიციის დისკრედიტაცია შეწყვიტოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს მოუწოდებს ოპოზიციის დისკრედიტაცია შეწყვიტოს, რადგან „ეს მისთვის და მისი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია იქნება“. ელისაშვილი ხატია დეკანოიძეს და სხვა ოპოზიციონერებს „გადაუწყვეტელს“ უწოდებს, დეკანოიძე კი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია მყარია. „ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემი გვარის ხსენება ამ კონტექსტში შეწყდება და ჩემი მეგობრების, ვინც გადაწყვეტილება მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ძალიან მყარი გადაწყვეტილებაა, რომ მიუღებელია ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება, მათ შორის იმ ნამცეცებზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი სთავაზობს, საარჩევნო რეფორმის სახით, თუმცა შემდეგ კობახიძე გამოვიდა და მცირე პარტიებს, მათ შორის ელისაშვილს უთხრა, რომ მე ამათ ისედაც მივიღებ თუ გინდა შემოდი, თუ გინდა არა. გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ერთიანი ვართ ოპოზიციასთან, არანაირი მერყეობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ყოფილა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რაც საგანგებო განცხადებად მომეჩვენა, რომ ღიად ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა მიდის და საჯაროდ მინდა მოვუწოდო, რომ შეწყვიტოს ოპოზიციის დისკრედიტაცია, მათ შორის ძალიან არ მესიამოვნა მამუკა ხაზარაძეზე თავდასხმა, როდესაც სრულიად ცრუ ინფორმაცია გაავრცელა“,- აღნიშნა დეკანოიძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს, როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, პოზიტიური მოლოდინი არ აქვს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს. „მე დიდად პოზიტიური განწყობა ამ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ მაქვს იმიტომ, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, კობახიძე კი ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგისტრაციიდან ჩახსნით დაემუქრა. მაგრამ, თუ იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ დიალოგში“,- განაცხადა დეკანოიძემ.

სახალხო დამცველი ISFED-ის თემას ეხმიანება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ISFED-ის თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს, ამიტომაც გამოიწვია ფაქტმა იმედგაცრუება. როგორც ლომჯარია წერს, ორგანიზაციამ იზრუნა, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა. „მოდით, საკითხები მნიშვნელობის მიხედვით დავალაგოთ და არა სიახლეების: 1. ამ არჩევნებზე შემაჯამებელი ოქმების უპრეცედენტო რაოდენობაში იყო მნიშვნელოვანი დისბალანსები, ჩასწორებები, გადაკეთებები. დაფიქსირდა ჩაყრები, ე.წ. კარუსელები. ამ შემთხვევებთან დაკავშირებით დაიწერა ასობით საჩივარი, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ/სასამართლოებმა არ ჩათვალეს საჭიროდ განეხილათ, ემსჯელათ, გაეხსნათ და გადაეთვალათ უბნების მასალები. მათ არ შეასრულეს ის ვალდებულება, რის შესრულებასაც კანონი ავალდებულებთ; 2. არჩევნების დღეს იდენტიფიცირებულ პრობლემებს ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი განხილვები რომ მოჰყოლოდა, დღეს ჩვენი დემოკრატია სულ სხვა დონეზე იქნებოდა! მძიმეა ფიქრი იმაზე, სად ვართ ახლა ან რამდენი წლით დავიხიეთ უკან, რამდენი წელი დავკარგეთ, სანამ იმას მივაღწევთ, რაც აქვე იყო და შესაძლებელი იყო. 3. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-მა PVT-ს ერთ-ერთ კომპონენტში, კერძოდ, არჩევნების შედეგების გამოცხადების ნაწილში დაუშვა შეცდომა. „ისფედი“ ბრენდია, რომელიც ნდობას იწვევს და ამიტომაა ამ ფაქტით ამდენი იმედგაცრუებული ადამიანი. თუმცა, ორგანიზაციამ იზრუნა იმაზე, რომ საკუთარი მონაცემები კრიტიკულად შეეფასებინა და შეცდომა აღიარა; 4. კითხვები რჩება და იმედია, ამ შეკითხვებს ორგანიზაციის წარმომადგენელი პირები ამომწურავ პასუხებს გასცემენ. 5. და ბოლოს, მინდა მივმართო „ისფედის“ წევრებს, თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე კეთილსინდისიერი, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სწორი ღირებულებების მქონე ადამიანები. თქვენ არ დაგიზოგავთ თავი საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. თქვენი საქმიანობით ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. მინდა იყოთ მხნედ და საკუთარ თავში რწმენით გააგრძელოთ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საქმეების კეთება“, - წერს ნინო ლომჯარია. ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3%-ია, მინიმალური კი - 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი - 45.1%.

თამარ ჟვანია: დადასტურდა, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები მყარად ადასტურებს - არჩევნების ოფიციალური შედეგები ზუსტია. თამარ ჟვანია იმედოვნებს, რომ "თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება." "არ შემიძლია არ გავიხსენო განვლილი მძიმე დღეები, ტალახის სროლა, ბრალდებები, შეურაცხყოფა, „ბულინგი“ და მუქარა რაც ცესკოს მიმართ, პირადად ჩემზე და მთელს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ხორციელდებოდა. დაგვიანებით გაჟღერებული, მაგრამ უკვე საჯაროდ გამოტანილი რეალობა, იმედი მაქვს შეცვლის იმ დამოკიდებულებებს, რომლებმაც ყოვლად უსაფუძვლოდ დიდი ზიანი მიაყენა საარჩევნო ადმინისტრაციას და რაც ყველაზე სამწუხაროა, მთლიანად საარჩევნო პროცესს და ქვეყანას.იმედია თითოეული ის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად უაპელაციოდ დამნაშავეებად გვაცხადებდა, შეცვლის თავის დამოკიდებულებას და გაიაზრებს, რომ სიმართლე არასდროს იკარგება; ხოლო ისინი, რომლებიც პირდაპირ მუქარას ახორციელებდნენ, მიიღებენ შესაბამის პასუხს.ამასთან, იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის ხელმძღვანელობაზე განხორციელებული ზეწოლის პირობებში არ გაკეთებულა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადებები, ჩემთვის პირადად და მთელი ადმინისტრაციისთვის მიუღებელია და ვგმობთ შეტევებს, შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ჩართული მხარეების მიმართ.ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაზე დიდი ღირსება ის არის, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ სიმართლის დაცვა, სიმართლის აღიარება და სიმართლის რწმენით ცხოვრება. " - წერს თამარ ჟვანია თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

თეა წულუკიანი: კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“

"კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“, რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს, მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისთვის (what a sexy name!)“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებას, რომ „ძალიან მძიმე იყო ორგანიზაციის მიერ განცხადების გამოქვეყნება, ISFED-ისთვის ახლა ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდია“. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს განცხადება საკმარისი არაა! კინაღამ ქვეყანა აყირავეთ ამ „შეცდომით“! და, თქვენი ეს მძიმე მდგომარეობა „მძიმე მდგომარეობაა“, ხოლო თქვენი „შეცდომის“ გამო ცესკოზე (რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არა უბრალოდ ნჯო, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტია!) საძაგელი და უზრდელი თავდასხმები მათთვის,სავარაუდოდ, ძალიან სახალისო პერიოდი იყო?! ხომ აღმოჩნდა, რომ თქვენმა პარალელურმა დათვლამ (ანუ დათვლა იმავე ოქმებზე დაყრდნობით!) ზუსტად იგივე შედეგი აჩვენა ყველა პარტიის შემთხვევაში, რაც ცესკოს დათვლამ? მაშინ რატომ შეუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევის მცდელობებს? მოიხადეთ ბოდიში „ხარვეზისათვის“ (what a sexy name!), რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა ოპოზიცია, იძახდა რომ გაყალბდა და გეგმავდა ამ ძლივს სტაბილურად შენარჩუნებულ დამოუკიდებელ ქვეყანაში დესტაბილიზაციას! ეგებ აღიდგინოთ ნდობა მომავალი არჩევნებისთვის!“ – ნათქვამია თეა წულუკიანის განცხადებაში, რომელიც მან facebook-ში გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

პოლიციამ შსს-ს თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1955 წელს დაბადებული ნ.ც. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – გ.მ.-ს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. „გ.მ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან მალევე, თბილისში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო ბურჯანაძე: კობახიძემ ოპოზიციას ომი გამოგვიცხადა

"კობახიძემ ჩვენ ომი გამოგვიცხადა, ომი გამოუცხადა ოპოზიციას და მედია საშუალებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაანონსეს ქვეყნის დიქტატურისკენ წაყვანა." - ასე აფასებს ნინო ბურჯანაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ეხმიანება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში დაჭერით ემუქრებიან. "მე დასავლელი პარტნიორებისგან ველოდები, რომ ადეკვატური შეფასება მოჰყვება კობახიძის განცხადებას. უნდა იყოს ძალიან მწვავე რეაგირება. უნდა ითქვას, თუ ხელისუფლებას მართლა უნდა დიალოგი, დიალოგის რეჟიმი სხვაგვარად არის. უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი ტიპის მუქარა და მითუმეტეს, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა. მე არაფერი მიკვირს ამ ხელისფულებისგან. თუ ხელისუფლემა მართლა გადაწყვეტს გვარამიას და ლიდერების დაკავებას, ამით დააჩქარებს თავის დასასრულს." - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში.

გიორგი ვაშაძე: ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული

"ეს არჩევნები მარტო ISFED-ზე არ იყო აგებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა."- ასე ეხმიანება "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. "ISFED არ არის რიგითი არასამთავრობო ორგანიზაცია, როელსაც აქვს თავისი რეპუტაცია. ჩემთვის ის განმარტებები, რაც მივიღეთ, არის ძალინ მწირი. ვფიქრობ, რომ ISFED-მა გაცილებით მეტი და მკაფიო პასუხი უნდა გასცეს კიხვებს.. პირველ რიგში, მაინტერესებს, თუ ეს მართლა მოხდა, ორმოცი დღე რაში სჭირდებოდა მარტივი შეცდომის დადგენას. რა პროცედურები იყო აუდიტში ისეთი რთული, რომ მალე ვერ გააკეთებდნენ. თუ შეცდომა მოხდა, შეიძლებოდა იმ დღესვე, ან მეორე დღეს მაინც გასწორებულიყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ მძიმე ვითარებაში ვართ." - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ "ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი იყო იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა." შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა და აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" ხმების 47.6% აქვს.

კობახიძე: გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ISFED-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ შედეგებს და "ქრონიკის" პირდაოპირ ეთერში აღნიშნა, რომ „არჩევნები არ გაყალბებულა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში უტიფრად ედავებოდნენ თამარ ჟვანიას, ცესკოსა და საარჩევნო ადმინისტრაციას, ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა“. მისი თქმით, ოპოზიციას ყველაფერი თავზე ჩამოენგრა მარტივი ჭეშმარიტების გაცხადებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, PVT-ის ცდომილება მთავარი საყრდენი გახდა, მათ შორის სახალხო დამცველისთვის, იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა. „იცით, რომ გუშინ Isfed-ს თავს დაესხნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. იყო სერიოზული შტურმი, ათასი ბრალდება და ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმალურად რბილი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა სერიოზული შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის თვენახევრის განმავლობაში დაგვიმალეს PVT-ის მონაცემები. მიუხედავად ამისა, გავუფრთხილდით არასამთავრობოებს, ზოგადად არასამთავრობო სექტორს და გვქონდა საკმაოდ მოზომილი განცხადებები Isfed-თან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მათი რეაქცია, ამასთან დაკავშირებით იყო არასწორი და არაადეკვატური - ანუ არ შეესაბამება პრობლემას, რომელიც შეიქმნა არასწორი PVT-ის გამოქვეყნების საფუძველზე. რეალურად, საუბარი იყო ქვეყნის აყირავების რისკზე. ქვეყნის აყირავება შეიძლებოდა გამოეწვია იმას, რომ PVT ასცდა ცესკოს მონაცემებს. ყველა ელოდება ხოლმე PVT-ის არჩევნების დღეს და იქ ცდომილება ნიშნავს, რომ არჩევნები გაყალბდა და დღეს, როდესაც საუბარია თუნდაც შეცდომასა და ხარვეზზე, ამაზე სხვანაირად უნდა იყოს საუბარი და არა შეტევის ფორმით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ "ქრონიკის" ეთერში. ISFED-მა მონაცემები დააზუსტა, რის შედეგადაც პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს ემთხვევა. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აცხადებს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში.

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. სომხეთი აზერბაიჯანის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შესახებ იუწყება. როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ორი სოფლის მიმართულებით, რომლებსაც სომხეთი აკონტროლებს, ცეცხლი გახსნეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა კი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასულ ღამეს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილი სომეხი ჯარისკაცების მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. „მე მომახსენეს, რომ გუშინ სომხური არმიის ნარჩენებმა ტერორისტული აქტები განახორციელეს. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ისინი ყურადღებით უნდა იყვნენ, არ უნდა დაგეგმონ არავითარი საომარი მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჯერად ჩვენ მათ მთლიანად გავანადგურებთ. იმედი მაქვს, სიტუაცია აქამდე არ მივა“, – განაცხადა ალიევმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადასტურებენ რუსი სამხედროებიც, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ანტონიო გუტიერეში: მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ

გაერო-ს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. „ვინმეს კიდევ შეუძლია, უარყოს, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ? ამიტომ, დღეს მსოფლიოს ლიდერებს მოვუწოდებ, საკუთარ ქვეყნებში კლიმატის ცვლილებების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადონ, ვიდრე ნახშირბადის ნეიტრალურ დონეს არ მიაღწევენ“, – აღნიშნა გუტიერეშმა. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნმა განაცხადა, „COVID-19“-თან გამკლავების მიზნით გაცემული ფინანსური დახმარებები, კლიმატისთვის ნაკლებად საზიანო მიმართულებების განვითარებას უნდა მოხმარდეს. „როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც.

საქართველოს საზღვრიდან 50კმ-ში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან 50კმ-ში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „დღეს, თბილისის დროით 01:29 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 50 კმ_ში, მოხდა 5.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.