ძებნის რეზულტატი:

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის განაჩენი ხვალ,11:00 საათზე გამოაცხადდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს. ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ასევე წაიკითხეთ: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ირაკლი ღარიბაშვილი: დავიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმს. პრემიერ-მინისტრი Twitter პოსტში აღნიშნავს, რომ დევიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო. „მწუხარებას გამოვთქვამ ნამდვილი, ერთგული ევროპელის და საქართველოს დიდი მეგობრის - ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ დევიდ სასოლის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ამავე თემაზე: ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა

შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები და საპარლამენტო დღის წესრიგი გერმანიის ელჩთან განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, გერმანიის ელჩმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „შალვა პაპუაშვილმა ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საპარლამენტო დღის წესრიგს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ 2022 წლის 13 აპრილს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილე. შალვა პაპუაშვილმა ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა“, - იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.

ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა

ევროკავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას სანქციებით დაემუქრა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ეს რიტორიკა ამძაფრებს დაძაბულობას ქვეყანაში და იწვევს პოლიტიკური კრიზისის ესკალაციას. ეს ემუქრება ბოსნია და ჰერცეგოვინას სტაბილურობას და სრულად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხედვას, რომელიც ეფუძნება ერთიან და სუვერენულ ბოსნია და ჰერცეგოვინას“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა მოუწოდა ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებს შეწყვიტონ დაყოფისკენ მიმართული ქმედებები და დაუბრუნდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას. „სიტუაციის გაუარესების შემთხვვევაში, ევროკავშირის აქვს ინსტრუმენტების ფართო არჩევანი, რომლების გამოყენებაც შეუძლია. მათ შორის ევროკავშირის სანქციების ჩარჩო და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვა“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, 9 იანვარს ე.წ. სერბთა რესპუბლიკის ლიდერებმა „რესპუბლიკის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც დაესწრნენ რუსეთის, ჩინეთისა და სერბეთის წარმომადგენლებიც, რის გამოც ბოსნია და ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ქვეყნების საელჩოებს საპროტესტო ნოტები გაუგზავნა.

ლატვიაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

ლატვიაში რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს. ლატვიის სპეცსამსახურებმა დააკავეს ორი პირი, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სასარგებლო საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებს რუსეთის სპეცსამსახურებს აწვდიდნენ ინფორმაციებს ლატვიის შეიარაღებული ძალებისა და ქვეყანაში NATO-ს გაძლიერებული ყოფნის შესახებ. მეორე დაკავებული მოსკოვთან მრავალწლიანი თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულების ვინაობა, ლატვიაში მათ მიერ დაკავებული თანამდებობები და მათი დაკავების ზუსტი დრო.

უცხოური მედიის ცნობით,  ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა „საიდუმლოდ“ დაამტკიცა

CNN-ის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „საიდუმლოდ“ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა. მათივე ცნობით, აშშ გეგმავს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სამედიცინო აღჭურვილობა და რადიოლოკაციური დაზვერვის საშუალებები. სულ საუბარია 200 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებაზე. ამასთან, ბაიდენმა დეკემბრის ბოლოს ხელი მოაწერა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისთვის 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარების გადაცემას ითვალისწინებს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს

საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 951 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ თამარ მახარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, პირველი მოადგილე სამინისტროში კურატორობას გაუწევს სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების მიმართულებას, ასევე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ამ პოზიციის დაკავებამდე თამარ მახარაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი 2019 წლიდან, მანამდე კი წლების განმავლობაში ეკავა დირექტორის მოადგილის პოზიცია; იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი; საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე.

უკრაინის პრეზიდენტი: დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად

"უკრაინა მზად არის „ნორმანდიული ოთხეულის“ მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს", - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დროა, გაიმართოს არსებითი მოლაპარაკებები კონფლიქტის დასასრულებლად. მისი თქმით, უკრაინა მზად არის, ოთხი ქვეყნის ლიდერების მომავალ სამიტზე შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინა კონფლიქტის დიპლომატიურ-პოლიტიკური გზით დარეგულირების ერთგული რჩება. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ გადამწყვეტ მოქმედებებს განახორციელებს  

ამერიკელი სენატოროები ჯო ბაიდენს: უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება არ შედგება უკრაინის გარეშე, ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს საქართველოზეც

ამერიკელმა სენატორებმა მარკო რუბიომ (R-FL), ჯინ შაჰინმა (D-NH), ტომ ტილისმა (R-NC), კრის კუნსმა (D-DE), ჯონ ერნსტმა (R-IA), ჯეფ მერკლმა (D-OR), მაიკ რაუნდსმა (R-SD), კორი ბუკერმა (D-NJ) და ჯონ ბარასომ (R-WY), NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებმა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს და მოუწოდეს მას, გამოიყენოს მიმდინარე კვირაში მიმდინარე დიპლომატიური მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შემდგომი შეჭრისგან შეკავების მიზნით და მკაფიოდ დააფიქსიროს, რომ აშშ არ მიიღებს პუტინის მოთხოვნებს, NATO-ს უკარნახოს გადაწყვეტილებები. სენატორები მხარდაჭერას უცხადებენ ბაიდენის ადმინისტრაციის დიპლომატიურ ძალისხმევას, რომლითაც პუტინისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელია უკრაინის წინააღმდეგ აგრესია და უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე არ ჩაივლის. სენატორებისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ გასაჯაროებული „უსაფრთხოების გარანტიები“, რომლითაც NATO-ს შემდგომი გაფართოების შეწყვეტას მოითხოვს. „უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების თავმოყრით, ვლადიმერ პუტინის მიერ, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის უარყოფაზე მიუთითებს. რუსეთის მიერ დასავლეთის მთავრობებისთვის წარდგენილ „უსაფრთხოების გარანტიების“ სიაში პუტინმა ცალსახად მოითხოვა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვა და გარანტიები, აღკვეთოს ალიანსის შემდგომი გაფართოება და აეკრძალოს NATO-ს, სამხედრო ტექნიკის განთავსება ქვეყნებში, რომლებიც შეუერთდნენ ალიანსს 1997 წლის შემდეგ. მსგავსი არაგონივრული მოთხოვნები ჩვენთვის მიუღებელია. უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ეს არის ევროპაში რუსული გავლენის სფეროს ხელახლა შექმნის მცდელობა, სადაც კრემლს თავისუფლად შეუძლია, აიძულოს და დააშინოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი - ქვეყნები, რომლებიც გახდნენ ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მიმდინარე კვირის შეხვედრების ფონზე რუსეთის მთავრობასთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის, რუსეთ-NATO საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივი საბჭოს სხდომის ფონზე, ჩვენ გვინდა, ხაზი გავუსვათ ორპარტიულ მხარდაჭერას: _რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე, ამას გადაწყვეტენ მხოლოდ თავად NATO-ს წევრები; შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები და პარტნიორები იცავენ პრინციპს „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, რომელიც ასევე უნდა იყოს გამოყენებული საქართველოსთან მიმართებით; _NATO-ში გაწევრიანების კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, აიღონ წევრობის ვალდებულებები, რომელთა წევრობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ სივრცეში. _NATO-მ უნდა განიხილოს აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდა, რაც მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში, რუსული აგრესიის შეკავებას მოემსახურება. _უსაფრთხოების სფეროში დამატებითი მხარდაჭერა უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებსაც რუსეთი ემუქრება, აუცილებელია, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის მეტი საფასურის გადახდა მოუწიოს და ჩვენმა მოკავშირეებმა ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა უნდა განიხილონ. _შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინს და მისი ახლო გარემოცვის წევრებს, ვიდრე რუსეთი კვლავ ემუქრება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოებას; _სამყარო, სადაც ავტორიტარებს სჯერათ, რომ გზის გაკვალვა იძულებისა და დაშინების გზით შეუძლიათ, საფრთხეს უქმნის ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათივე კეთილდღეობას სამშობლოში“, - აღნიშნულია წერილში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზახეთის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე. ამასთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პირველ ვიცე-პრემიერად რომან სკლიარი დაინიშნა. ხოლო, ვიცე-პრემიერებად დაინიშნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი და ვაჭრობის და ინტეგრაციის მინიტრი ბაჰით სულთანოვი. მანამდე, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას ალიხან სმაილოვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

კელი დეგნანი: საქართველო გახდება NATO-ს წევრი. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: ძალა ერთობაშია

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის წარმომადგენლებთან აშშ-ის და მისი მოკავშირეების შეხვედრების ფონზე, საქართველოს მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებს და შეახსენებს რუსეთს, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ელჩის ვიდეომიმართვა სწორედ ამ შეხვედრებზე აქცენტებით იწყება. „ამ კვირის განმავლობაში მსოფლიო აკვირდება მთელ რიგ მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს, რომელთა მიზანია რუსეთის ბოლოდროინდელ დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებზე რეაგირება. ჩვენ უკვე ვნახეთ დიდი რაოდენობით რუსული დეზინფორმაცია და მე მინდა მკაფიო აზრი გამოვთქვა რამდენიმე ძირითად საკითხზე: - ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს. რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. - ჩვენ არ ვაპირებთ, მოვილაპარაკოთ საქართველოს შესახებ, საქართველოს გარეშე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე".- ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების უდიდეს ნაწილთან ერთად, გავაგრძელებთ მოწოდებას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. - ჩვენ, ასევე, მტკიცედ ვართ ერთგული ბუქარესტის დეკლარაციის განცხადების მიმართ: საქართველო და სხვა პარტნიორები გახდებიან NATO-ს წევრები, როდესაც გაწევრიანების პირობები დააკმაყოფილდება. რატომ არის მაღალი დონის დიპლომატია აუცილებელი? რადგან კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთს უნდა მიეცეს უფლება, დაამყაროს გავლენის ექსკლუზიური სფერო მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, ხელი შუშალოს ამ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, იმოქმედონ, როგორც სრულად სუვერენულმა და დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ საკუთარი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა ამ კვირის მაღალი დონის დიპლომატია ჟენევაში რუს კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. ამას მოჰყვება შეხვედრები NATO-ში, ბრიუსელი და ეუთოში, ვენა. ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე, როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე. ქართველები რუსეთს ძალიან კარგად იცნობენ. თქვენ იცით, როგორ ატრიალებს კრემლი სიმართლეს და ამახინჯებს ისტორიას, ცდილობს რა ხალხის დაბნევასა და გაყოფას. რუსეთი ის ქვეყანაა, რომელმაც 1921 წელს დაანგრია საქართველოს რესპუბლიკა, შეურაცხყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები და სცადა ქართული ენის ჩახშობა. ქართველებმა იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისა და თავისუფლებისთვის რუსეთის წინააღმდეგ, რათა, როგორც ძლიერ დემოკრატიას, შეგძლებოდათ თქვენი მომავლის არჩევა. ამ არჩევანის მხარდაჭერით შეერთებული შტატები ძალიან ამაყობს. თქვენ ყოველდღიურად განიცდით რუსულ აგრესიას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის და დეზინფორმაციის მუდმივი შემოტევის სახით. რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, დაყოს შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები, მათ შორის საქართველო. ეს კი, უბრალოდ, ბოლოდროინდელი მცდელობაა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ძალიან ბევრი იშრომა და დიდი მსხვერპლი გაიღო ამ 80-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ NATO-სა და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის წყალობით. საქართველო იყო და არის ძლიერი პარტნიორი ამ ძალისხმევაში და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან კონსულტაციებს ამ გზის ყოველ ნაბიჯზე. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ: კრემლს სხვა არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, გარდა შიშის, ჩაგვრისა და დეზინფორმაციისა. ეს არ არის ის ღირებულებები, რაზეც საქართველო და შეერთებული შტატები დგას. შეერთებულ შტატებს კვლავაც სჯერა ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ეს რეალობად იქცეს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ რუსეთს კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დეესკალაციის მიზნით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ, დავთმოთ ევროპული უსაფრთხოება, სუვერენიტეტი თუ თავისუფლება. საქართველოს დევიზი ჩვენი დევიზია: „ძალა ერთობაშია!“

სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა დაასრულა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. დღეს, 2021 წლის 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 2021 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსხურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურს მასალების წარსადგენად და სხდომებისთვის მოსამზადებლად განესაზღვრა არაგონივრულად მცირე ვადა (მით უფრო იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება და საქმის წარმოების მასალები არის მოცულობითი (გადაწყვეტილება 67, ხოლო საქმის მასალები - 534 გვერდია), რომელსაც ერთვის არაერთი ვიდეო-აუდიო ჩანაწერი), სამსახურმა მასალები განსაზღვრულ ვადაში სრული მოცულობით წარუდგინა სასამართლოს და უზრუნველყო სხდომებზე სამსახურის წარმომადგენლობა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომების პარალელურად საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა სამსახურის გაუქმების შესახებ საკომიტეტო მოსმენები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ზემოაღნიშნული ორივე საქმის განმხილველ მოსამართლესთან იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანებაზე, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის მონაცემების გასაჯაროების ერთსადაიმავე ეპიზოდზე და მათ მიერ მონაცემთა დამუშავების შემთხვევები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან. არცერთმა მოსამართლემ სამსახურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), რათა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს, რომელიც შეეხება მის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი განხილვა დანიშნულია 2021 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აღნიშნულია განცხადებაში. იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

NATO-ში აშშ-ის ელჩი: კამათი NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ, განწირულია წარუმატებლობისთვის

აშშ-ის ელჩი NATO-ში ჯულიან სმითმა, განაცხადა, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ ნებისმიერი კამათი განწირულია წარუმატებლობისთვის. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ონლაინშეხვედრისას განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე, რომ მას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ფორმულირების შეცვლა სურს. „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე NATO-ს მოკავშირეებმა გააკეთეს ძალიან მტკიცე განცხადება ღია კარის პოლიტიკის შესახებ და კონკრეტულად ისაუბრეს ალიანსის გაფართოებაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით. რაც შეეხება კამათს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მომავლის შესახებ, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რონ ის განწირულია წარუმატებლობისთვის. მსურს დავადასტურო, რომ NATO-ს ღია კარის არსებული პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება“, - განაცხადა ჯულიან სმითმა.

რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს, ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო. DW-ს ცნობით, წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის Т-72Б3 ტიპის ტანკები და BMP-2“ ტიპის საბრძოლო მანქანები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება. ამასთან, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს. საბრძოლო მანევრებისას ტანკების და საბრძოლო მანქანების ეკიპაჟების მიერ შემუშავდება ერთობლივი ქმედების უნარი და 1,2 ათასი მეტრის დიაპაზონში იმიტირებულ მტრის სამიზნეებს გაანადგურებენ. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. ვენდი შერმანი: მკაფიოდ ვუთხარი სერგეი რიაბკოვს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს ნედ პრაისი: აშშ დიპლომატიის ერთგულია, თუმცა რუსეთის აგრესიის შემთხვევაში კოორდინირებული პასუხისთვის მზადაა

სალომე ზურაბიშვილი: დავიდ სასოლი ის ევროპელი ლიდერია, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალილებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში

საქართველოს პრეზიდენტი დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ძალიან დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალებით და საქართველოს სახელით ვუსამძიმრებ მის ოჯახს. დავიდ სასოლი ის ევროპელი ლიდერია, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალილებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში“, - წერია პრეზიდენტ ზურაბიშვილის Twitter პოსტში. ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა ირაკლი ღარიბაშვილი: დავიდ სასოლი ნამდვილი, ერთგული ევროპელი და საქართველოს დიდი მეგობარი იყო

„ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და მასზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ ახალი მონაცემები უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მეტი კვლევის საჭიროებაზე მიუთითებს იმის დასადგენად, იცავს თუ არა არსებული ვაქცინები საკმარისად „ომიკრონისგან“. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დამატებითი მონაცემები „ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობისა და ამ ვარიანტზე მორგებული დოზების საჭიროების შესახებ უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი. „საჭიროა შემდგომი კვლევა, რათა უკეთ გავიგოთ „ომიკრონის“ პოტენციალი, თავი აარიდოს ვაქცინით და ინფექციით გამომუშავებულ იმუნიტეტს და მისი სპეციფიკური რეაგირება ვაქცინაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროპის წამლის სააგენტო წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ვაქცინა კვლავ ეფექტური საშუალებაა „ომიკრონით“ გამოწვეული მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში, ევროპის რეგიონის მოსახლეობის 50%-ზე მეტი კორონავირუსის აღნიშული ვარიანტით დაინფიცირდება. თავის მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, კეტრინ სმოლვუდმა დაამატა, რომ ჯერ ნაადრევია კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

აშშ ავღანეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით $308 მილიონს გამოუყოფს

აშშ ავღანეთს 308 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ოქტომბრიდან დღემდე გამოყოფილი დახმარების ოდენობამ 782 მილიონი დოლარით შეადგინა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ემილი ჰორნმა განაცხადა, რომ თანხა მოხმარდება თავშესაფრებს, ჯანდაცვას, სურსათით დახმარებას, წყალს, კანალიზაციასა და ჰიგიენის სერვისებით უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ვაშინგტონი ავღანეთს დამატებით ერთ მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს და მისი საერთო რაოდენობა კი 4,3 მილიონ დოზას მიაღწევს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აშშ გაუგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანეთს, ხოლო „თალიბების“ ოფიციალური აღიარებისგან თავშეკავებას და ავღანეთის საგარეო რეზერვების დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის გაყინვას განაგრძობს. ბაიდენის ადმინისტრაციამ დეკემბერში განაცხადა, რომ შეამსუბუქებს შეზღუდვებს, რათა ავღანეთის ჰუმანიტარული ჯგუფების დახმარება გაუმარტივოს. შეგახსენებთ, აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი 20-წლიანი მისიის შემდეგ დატოვეს. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა აგვისტოში დატოვეს.

დმიტრო კულება: ეს წითელი ხაზია, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას მოლოდინი აქვს, რომ დასავლეთი რუსეთს NATO-ს არაგაფართოების საკითხზე იურიდიულ გარანტიებს არ მისცემს. დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვს. „ეს წითელი ხაზია, რომელსაც არც უკრაინა და არც ჩვენი პარტნიორები არ გადაკვეთენ“. „კოლექტიური დასავლეთი არ წავა იმაზე, რომ რუსეთს იურიდიული გარანტიები მისცეს NATO-ს აღმოსავლეთით არაგაფართოების საკითხზე, ვინაიდან ეს დასავლეთის სტრატეგიული დამარცხება იქნება“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რითაც აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრას გამოეხმაურა. ამავე თემაზე ვენდი შერმანი: მკაფიოდ ვუთხარი სერგეი რიაბკოვს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს სერგეი რიაბკოვი: ბუქარესტის გადაწყვეტილება მადრიდის სამიტზე შეიცვალოს ფურმულირებით - უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან NATO-ს წევრები

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების განაჩენი დღეს გამოცხადდება

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთელის განაჩენი დღეს,11:00 საათზე გამოცხადდება. გუშინდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვებით ისარგებლა. ცნობისთვის, TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა". რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება. ასევე წაიკითხეთ: ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებული, მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა