ძებნის რეზულტატი:
13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესება
13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 17 იანვრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. „საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლატვიის პრემიერ-მინისტრი: რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია
რუსეთსა და NATO-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი, მაგრამ NATO მზად არის ცუდი სცენარისთვის, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშმა განაცხადა. „კარგი ამბავი არის ის, რომ დასავლური სამყარო ერთიანია და ეს ძალიან კარგია ჩვენთვის. რუსეთს და ნატო-ს შორის ომი თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ეს იქნება ძალიან დიდი მსოფლიო ომი. თუ ომი იქნება, მაშინ ნატო მზად არის“, – აღნიშნა კრიშიანის კარინშმა. ცნობისთვის, ბრიუსელში NATO-რუსეთის სამიტი მიმდინარეობს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტზე: დაძაბულობა მაღალია. ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტილულად მნიშვნელოვან პერიოდში დიალოგი დროულია
საქალაქო სასამართლო ინსპექტორის სამსახურს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში. ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს – გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის
ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო. ბორის ჯონსონის თქმით, ღონისძიებაზე 25 წუთი დაჰყო, რის გამოც ბოდიშს იხდის. 2020 წლის 20 მაისს ქვეყანაში სოციალური ღონისძიებების გამართვა შეზღუდული იყო. მაშინდელი რეგულაციების მიხედვით, ნებადართული იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი საჯარო შეკრებები. ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ. ამიტომ, ოპოზიციამ ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა. ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა ზოგიერთი თვითმხილველის მტკიცებას, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლეც 2020 წლის მაისში, პრემიერის ოფისის ბაღში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ, სადაც 30-მდე ადამიანი შეიკრიბა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პირადმა მდივანმა ღონისძიებაზე მისაწვევი წერილი კოლეგებს ელ-ფოსტით გაუგზავნა, თუმცა ჯონსონი აღნიშნავს, რომ ეს წერილი არ უნახავს და ეგონა, რომ ეს იყო სამსახურთან დაკავშირებული ღონისძიება, რომლის შესახებაც რეზიდენციაში დაბრუნების დროს შეიტყო. „მესმის იმ ადამიანების აღშფოთების, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება თავისივე დადგენილ წესებს არ იცავს. მე მივედი ამ წვეულებაზე, მადლობა გადავუხადე თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის და 25 წუთში საკუთარ ოფისში დავბრუნდი. “, - განაცხადა ჯონსონმა პარლამენტში მიმდინარე მოსმენის დროს.
ჯოზეფ ბორელი: რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა
"რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, ისევე როგორც ეს საქართველოში გააკეთა", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვნელი ჟოზეფ ბორელი თავის ბლოგზე წერს. მისივე თქმით, რუსეთის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა იყოს მტკიცე, ერთიანი და ყველაზე მთავარია, რომ უნდა იმოქმედოს. „რუსეთმა გაუგზავნა აშშ-ს და NATO-ს წინადადებები ევროპის მომავალ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის პრინციპებს. ორი რამ ცხადია: ჩვენ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის ერთიანი პოზიციით, რომელიც განმტკიცებული იქნება კონკრეტული ქმედებებით“, – წერს ბორელი. ასევე წაიკითხეთ: ჯოზეფ ბორელი: უკრაინა უკვე ძალიან ახლოს არის ევროკავშირთან
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 13 იანვარს მის სასამართლო პროცესს დაესწრება
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს პირადად დაესწრება. „ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს. შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე". ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ“ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს“ და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი. მას შემდეგ, რაც ჩემ საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო „სასამართლომ„, გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო“ - ასეა ზუსტად ამ „მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე", - წერს სააკაშვილი. 13 იანვარს სასამართლო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავს
ჩხოროწყუს საკრებულომ თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი აირჩია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 წევრმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ კანდიდატი დავით შენგელია ფარული კენჭისყრით აირჩია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო შემდეგნაირად დაკომლპექტდა: შოთა წურწუმია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ( პარტია ,,გახარია-საქართველოსთვის") რამაზი თოლორდავა - საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ( პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ) კორნელ წურწუმია - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ( პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ) დავით შენგელია-საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (პარტია „გახარია-საქართველოსთვის"). „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ჯანო პერტაია აცხადებს, რომ „პარტია არ მონაწილეობს იმ ძალთა გადანაწილებაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი დომინანტური ძალა“. „ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ესწრებოდა სხდომას გამომდინარე იქედან, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან არიან შეკრებილნი, მოძრაობა „ლელოსთან“ ერთად აქვთ შესაძლებლობა, რომ ჩაატარონ სხდომა და აირჩიონ თანამდებობის პირები“, - აცხადებს ჯანო პერტაია. ბრალდებებს უარყოფენ მისი ადრესატები. „ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ თოლორდავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს თანამდებობები მუნიციპალიტეტში და ეს არ ნიშნავს ალიანსში შესვლას, უბრალოდ, ეს არის „პოლიტიკური მორიგება“. რაც შეეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ წევრს, შოთა წურწუმიას თქმით, მათი მთავარი მოტივია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამკვიდრდეს კოალიციური მთავრობა.
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ერთი თვით გადაიდო. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელი არ ესწრებოდა. დღევანდელ სხდომას 21 დეპუტატი ესწრებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სხდომის ერთი თვით გადადებას არ დაეთანხმნენ პარტია „გახარია - საქართველოსთვის" წევრები. პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ დროის გაყვანა აწყობს ორივე პარტიას და განსაკუთრებით მმართველ გუნდს. „საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პარტიების, რომ პირველი სხდომიდან დღემდე, მეხუთე ჯერზე ვერ დგება კვორუმი“, - განაცხადა გიგა ფარულავამ. მმართველ გუნდის წევრმა ირაკლი გოგოხიამ განაცხადა, რომ არ შედგა კვორუმი და აქედან გამომდინარე სხდომა უნდა გადაედოთ. „ვნახოთ, შეიძლება ოპოზიცია გაერთიანდეს და აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე. ჩვენ ვითანამშრომლებთ. საღი აზრი გაიმარჯვებს, მე ასე მგონია",- განაცხადა გოგოხიამ.
იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება
NATO-ს მოკავშირეებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს უკრაინაში და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო და მოუწოდეს რუსეთს სიტუაციის დაუყონებლივი დეესკალაციისაკენ. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთს, თავი შეიკავოს მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებისაგან და დაიცვას ყველა საერთაშორისო ვალდებულება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-რუსეთის სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიანსის გენმდივნის თქმით, ეს დიალოგი რთულია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი. მისივე განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ, რათა იპოვონ წინსვლის პოლიტიკური გზა. „ახლახან ვუძღვებოდი NATO-რუსეთის საბჭოს სხდომას. ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. ეს არ იყო მარტივი დისკუსია. მაგრამ სწორედ ამიტომ იყო ეს შეხვედრა ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა აზრთა ძალიან სერიოზული და პირდაპირი გაცვლა უკრაინაზე, მის გარშემო არსებულ ვითარებასა და მის გავლენებზე ევროპის უსაფრთხოებაზე. ყველა ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება. მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ყველა მოკავშირე და რუსეთი ერთ მაგიდასთან ისხდნენ და არსებით საკითხებზე ისაუბრეს ორი წლის შემდეგ, იმ პირობებში, როდესაც ასეთი შეხვედრების ორგანიზება ვერ ხერხდებოდა. დღეს რუსეთმა წამოაყენა წინადადებები, რომლებიც მათ დეკემბერში გამოაქვეყნეს და მიზნად ისახავს უსაფრთხოების საკითხზე მათი შეშფოთების მოგვარებას. ეს მოიცავს მოთხოვნებს NATO-ში ახალი წევრების მიღების შეწყვეტის შესახებ და ძალების გაყვანას აღმოსავლელი მოკავშირეების ტერიტორიიდან. თავის მხრივ, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მოკავშირეებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან ერთმანეთის დაცვაზე მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ჯარების არსებობით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ამავდროულად, მისი თქმით, რუსეთმა და NATO-ს მოკავშირეებმა დააფიქსირეს დიალოგის განახლებისა და მომავალი შეხვედრების დაგეგმვის აუცილებლობა. „NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს უფრო დეტალური დისკუსიის გასამართად, ონკრეტული წინადადებების წამოსაწევად და კონსტრუქციული შედეგების მოძიების მიზნით. კერძოდ, მოკავშირეებს სურთ, განიხილონ სამხედრო წვრთნების გამჭვირვალობის გაზრდის კონკრეტული გზები, საშიში სამხედრო ინციდენტების თავიდან აცილება და კოსმოსური და კიბერ საფრთხეების შემცირება. მოკავშირეებმა ასევე სურთ შეიარაღების კონტროლის, განიარაღების და ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ საკითხების განხილვა, რაკეტებზე ორმხრივი შეზღუდვის და ბირთვული პოლიტიკის ჩათვლით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
კელი დეგნანი: აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს
"აშშ ცდილობს, საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით დაეხმაროს. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ათასწლეული ინოვაციის კონკურსის დასწრების შემდეგ განაცხადა. "მოხარული ვარ, რომ ვესწრები ათასწლეული ინოვაციის კონკურსს. ეს უკვე მეშვიდე წელია, რაც ტარდება. ამ ყველაფრის მიზანი გახლავთ, საქართველოში STEM განათლების ხელშეწყობა, ასევე ქართველი ახალგაზრდებისთვის ნოვატორული იდეების გაცვლის შესაძლებლობას. ეს კონკურსი მონაწილეების მიღებას ითვალისწინებს 13-დან 18 წლამდე. აქ მართლაც, გასაოცარი იდეები ვიხილე. ეს გახლავთ საოცარი მაგალითი იმის, თუ როგორ ცდილობს აშშ, დაეხმაროს საქართველოს ინოვაციური სფეროს განვითარების კუთხით. რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აქ 7 წლის მანძილზე დაახლოებით 2 000-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილება", - განაცხადა კელი დეგნანმა.
იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან
რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში და ეს ძალები იქ ამ ქვეყნების მთავრობების თანხმობის გარეშე იმყოფებიან, არავის მიუწვევია და მათი იქ ყოფნა არავის სიამოვნებს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს საკუთარი ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან. „დღევანდელ შეხვედრაზე NATO-ს მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, რომ გაიყვანოს ეს ძალები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს ყველა ქვეყნის საზღვრების პატივისცემა. NATO-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგში ჩაერთონ, მაგრამ ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, ჩვენ არ წავალთ დათმობაზე ევროპის რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ წავალთ დათმობაზე ქვეყნების უფლებებთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების ზომები. ჩვენ ასევე არ წავალთ დათმობაძე, მოკავშირეების უფლებასთან მიმართებით, დაიცვან ერთმანეთის უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება და რომ თითოეულ ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა უსაფრთხოების ზომები. „მხოლოდ მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის გაწევრიანდება ქვეყანა NATO-ში, რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. მოკავშირეები მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინას გაწევრიანების გზაზე, რეფორმების გზით“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა.
აშშ-ის სენატის კანონპროექტის მიხედვით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, პერსონალური სანქციები ვლადიმერ პუტინსაც დაუწესდება
აშშ-ის სენატმა კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის წინააღმდე დაწესებას ითვალისწინებს. სანქციები ქონების დაბლოკვასა და აშშ-ში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის $500 მილიონიან დახმარებას. კანონპროექტი სენატორმა რობერტ მენენდესმა წარადგინა. სანქციების სამიზნეები მის გარდა შეიძლება გახდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. სანქციები არამხოლოდ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, არამედ მოსკოვისა და მის მიერ კონტროლირებადი ძალების მხრიდან შემდგომი ესკალაციის შემთხვევაშიც შეიძლება დაწესდეს. კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვიდან იმ პირებისა და კომპანიების სია უნდა განსაზღვროს, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ. გარდა ამისა, კანონის მიღებიდან 180 დღეში, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა და ეროვნული დაზვერვის სამსახურმა დეტალური ანგარიში უნდა გამოაქვეყნონ ვლადიმერ პუტინის, მისი ახლობლებისა და ახლო გარემოცვის ქონების შესახებ.
ვენდი შერმანი NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ: აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება
აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მნიშვნელოვან საერთაშორისო პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას საგარეო პოლიტიკის საკუთარი კურსის არჩევა უნდა შეეძლოს. „აშშ მტკიცედ უჭერს მხარს პოლიტიკას, რომლის თანახმად, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე არ მივიღებთ. ეს ევროპასა და NATO-საც ეხება. NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება. ეს პოლიტიკა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო NATO-ს ალიანსისთვის. როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO-ს მიზანი მისი წევრი სახელმწიფოების დაცვაა. NATO-ს არასდროს გაფართოებულა ძალის გამოყენებით. ეს ქვეყნების სუვერენული არჩევანია, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ. ალიანსი კონფრონტაციას არ ეძებს და რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ვენდი შერმანი: რუსეთის მიერ წარმოდგენილი ძირითადი წინადადებები უბრალოდ განწირულია წარუმატებლობისთვის
„როდესაც საქმე ეხება რუსეთის წინადადებების ძირითად პრინციპებს, ის განწირულია წარუმატებლობისთვის - ჩვენ დღეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არ დავუშვებთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკის დახურვას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ NATO-ს საბჭოს სხდომის შეხვედრის შემდეგ. „დღევანდელი შეხვედრა მართლაც შესანიშნავი გამოხატულება იყო დიპლომატიის ძალის, NATO-ს 30 წევრი, სუვერენული სახელმწიფო გამოხატავდა ერთ პოზიციას, წარდგა ერთიანი პოზიციით, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართულება; რომ თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორილი მთლიანობას ყველამ პატივი უნდა სცეს. შეერთებული შტატები და NATO-ს მოკავშირეები ერთიანები იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრუშკოსა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ფომინის მიმართ პასუხების დროს, მათ შორის, რუსეთის გარკვეულ ძირითად წინადადებებთან დაკავშირებით, რომლებიც უბრალოდ განწირულია წარუმატებლობისთვის“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა. ვენდი შერმანი NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ: აშშ-მ და NATO-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა არ დაიხურება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე NATO-რუსეთის საბჭოს შემდეგ: NATO-ს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ NATO-ს გაფართოების პროცესს თან ახლავს რუსეთისთვის მიუღებელი რისკები, რომელსაც მოსკოვი შეეწინააღმდეგება. NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გრუშკომ აღნიშნა, რომ ალიანსის გაფართოების პროცესი ის ფაქტორია, რომელიც სერიოზულად ახდენს გავლენას ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებაზე. შეგახსენებთ, რომ 1997 წელს NATO-ს კარებზე მხოლოდ ერთი ქვეყანა აკაკუნებდა, რომელსაც რუსეთთან საერთო საზღვარი აქვს. ეს პოლონეთია. დღეს NATO-ს შემადგენლობაში უამრავი ქვეყანა შედის და მათი ტერიტორია რუსეთის მიმართულებით ძალის პროექციისთვის გამოიყენება. ეს სერიოზულად აუარესებს ჩვენს უსაფრთხოებას და მიუღებელ რისკებს ქმნის, რომელსაც შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სალომე ზურაბიშვილი: ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-რუსეთის საბჭოს შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. „დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია, დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აღნიშნულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის Twitter-პოსტში. ამავე თემაზე: იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან
ისენს სტოლტენბერგი: ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ
ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ისენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი შეიარაღებული კონფლიქტი. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასე მკაფიო ვართ რუსეთისადმი გზავნილებში, რომ მზად ვართ, დავსხდეთ, ჩამოვთვალოთ საკითხების ფართო სპექტრი: შეიარაღების კონტროლი, რაკეტებზე ორმხრივი შეზღუდვები და მრავალი სხვა საკითხი ახალი შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. მკაფიოა ჩვენი გზავნილი, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება. ეკონომიკური სანქციები, პოლიტიკური სანქციები. ჩვენ ვუწევთ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინას საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. მოკავშირეები ამას სხვადასხვა გზით აკეთებენ. მაგრამ უკრაინა არ არის NATO-ს წევრი. უსაფრთხოების გარანტიები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მე-5 მუხლს, „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“ - ეს ეხებათ ალიანსის წევრებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ასე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გავაკეთებთ ყველაფერს NATO-ს ყველა მოკავშირის დასაცავად. ერთ მოკავშირეზე თავდასხმა მთლიანად ალიანსის პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. კითხვაზე, ამის ნაკლები თუ უფრო მეტი საშიშროება არსებობს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ხსენებული საკითხით სპეკულაციაა სახიფათო. „ეს რეალური რისკია“, - აღნიშნა ალიანსის გენმდივანმა და დაამატა, რომ NATO მოლაპარაკებების ჩაშლის რისკსაც ითვალისწინებს. 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: ჩვენი უთანხმოების გადალახვა მარტივი არ იქნება იენს სტოლტენბერგი NATO-რუსეთის სამიტის შემდეგ: მოკავშირეებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან
ყაზახეთიდან სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება
ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს იწყება. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთის ტერიტორიიდან ორგანიზაციის მიერ მივლენილი სამშვიდობო ჯარების გაყვანის პროცესი დღეს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, რომლებიც სწვავზე ფასების მომატებას მოჰყვა, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთის პრეზიდენტი: ქვეყნიდან სამშვიდობო ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება ვაშინგტონს ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობით სამხედრო ძალების გაგზავნის მოთხოვნის კანონიერებაზე კითხვები აქვს
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ105-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლნისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლნისში 1 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს და უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.ა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცურტავთან დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 1 კილოგრამი და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.