ძებნის რეზულტატი:

ივანე ჩხაიძე: პანდემიის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდება

„ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, პანდემიის განმავლობაში ყველაზე მეტი შემთხვევის დაფიქსირებას ელის იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე. „ჩვენ ფაქტობრივად რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. „ბუსტერ დოზები“, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი გააჩერებს „ომიკრონს“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი „რუსთავი“2-თან საუბრისას. ამავე თემაზე: საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების 10% „ომიკრონია“

ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

რუსეთთან მოლაპარაკებების წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა, რა დევს მოლაპარაკებების მაგიდაზე და რა საკითხების წამოჭრას აპირებს შეერთებული შტატები. ბლინკენი აცხადებს, რომ დათმობები არ იქნება და არსებობს ორი გზა და პუტინმა მათ შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. რას სთვაზობს და რას ელის აშშ მოლაპარაკებებისგან, ამ საკითხებზე ინტერვიუს თარგმანს Europetime გთავაზობთ. CNN: პრეზიდენტი პუტინი აღმოსავლეთ ევროპიდან აშშ-ის ჯარების გაყვანას ითხოვს, მას ასევე სურს, გამორიცხოთ NATO-ს გაფართოება. არის თუ არა რომელიმე საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე? სახელმწიფო მდივანი: არა, მაგრამ გეტყვით, რომ ორი გზა არსებობს: პირველი - დიალოგისა და დიპლომატიის, რათა თავიდან ავირიდოთ დაპირისპირება. მეორე - დაპირისპირების და მძიმე შედეგების რუსეთისთვის, თუ ის განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ ვაპირებთ, გავიგოთ, რომელი გზის გასავლელად არის მზად პრეზიდენტი პუტინი. მნიშვნელოვანი საუბრები გველის ხვალიდან, როგორც NATO-ში, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ჩვენ ვაპირებთ, მოვისმინოთ რუსეთის შეშფოთება. მათ მოუწევთ ჩვენი შეშფოთების მოსმენა. თუ ისინი კეთილსინდისიერად იმოქმედებენ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს ორივე მხარის შეშფოთების მოგვარებაში, რაც შეამცირებს დაძაბულობას და შედეგს მოიტანს უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ჩვენ მკაფიოდ ვუთხარით რუსეთს, რომ ევროპის გარეშე ევროპის შესახებ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პრეზიდენტ პუტინის გადასაწყვეტი, თუ რომელ გზას გაჰყვება. არ ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში რაიმე გარღვევას ვიხილავთ. ჩვენ შევძლებთ საკითხების წამოჭრას მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსები იგივეს გააკეთებენ, და ვნახავთ, იქნება თუ არა წინსვლის საფუძველი. პირველ რიგში, ნებისმიერი პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ, ორმხრივი საფუძველი უნდა ჰქონდეს - თუ შეერთებული შტატები და ევროპა დგამენ გარკვეულ ნაბიჯებს რუსეთის ზოგიერთი შეშფოთების გადასაჭრელად, რუსეთს იგივეს გაკეთება მოუწევს. თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესს, ჩვენ უნდა დავინახოთ დეესკალაცია და ის, რომ რუსეთმა უკან დაიხია იმ საფრთხისგან, რომელსაც ამჟამად უქმნის უკრაინას. თუმცა რთულია რეალური პროგრესის დანახვა, ესკალაციიას, უკრაინის თავზე იარაღის პირობებში. რუსეთმა არაერთხელ განახორციელა აგრესიული ქმედებები მეზობლების მიმართ: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა 2014 წელს და ახლა განახლებული საფრთხე უკრაინის მიმართ. მეორე, არსებობს პრინციპები, რომლებსაც ეფუძნება საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება: რომელიმე ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით შეცვალოს მეორის საზღვრები; მას არ შეუძლია, უკარნახოს მეორეს თავისი საგარეო პოლიტიკა და არჩევანი - და მისი არჩევანი; ერთ ქვეყანას არ შეუძლია, გავლენის სფეროები გამოიყენოს მეზობლების დასამორჩილებლად. ეს ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. სწორედ ამიტომ, ჩვენ არამხოლოდ ფხიზლად ვართ, არამედ გავაერთიანეთ ქვეყნები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, რათა რუსეთს მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ეს აგრესია არ იქნება მიღებული, დათმობები არ იქნება. ასე რომ, არჩევანი ახლა რუსეთზეა. CNN: თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის ნებისმიერ აგრესიას მასიური შედეგები ექნება. რისთვის ხართ მზად? სახელმწიფო მდივანი: როცა საქმე შედეგებს ეხება, ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. G7-მა, მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიულმა ეკონომიკებმა, მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსული აგრესიის განახლებას მასიური შედეგები მოჰყვება. ასეთი პოზიცია აქვთ აქვს ევროკავშირსა და NATO-შიც. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობდით ყველა ამ ქვეყანასთან ბოლო კვირების განმავლობაში, რათა შეგვემუშავებინა ნაბიჯები, რომლებსაც ერთად გადავდგამთ რუსეთის განახლებული აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის ის, რაც წარსულში არ გაგვიკეთებია. წინა რუსული აგრესიის ფონზე იყო: ეკონომიკური, ფინანსური და სხვა ღონისძიებები. მე არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს საკმაოდ კარგად აქვს წარმოდგენილი, რის წინაშე აღმოჩნდება, თუ განაახლებს აგრესიას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რათა შეძლოს თავის დაცვა. და ასევე ნათელია, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში, NATO-ს მოუწევს კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი აღმოსავლეთი ფლანგი. ჯერ კიდევ 2014 წელს, ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, უკრაინელების 25 პროცენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას. ახლა ეს დაახლოებით 60 პროცენტია. 2014 წლის შემდეგ, NATO იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიის გამო მეტი ძალები და მეტი აღჭურვილობა განელაგებინა თავის აღმოსავლეთ ფლანგზე, რუსეთთან ახლოს. ამრიგად, პრეზიდენტი პუტინი თავისი ქმედებებით აჩქარებს იმას, რისი მიღებაც არ სურს. პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მიზანია გავლენის სფეროს ხელახლა გამოყენება ქვეყნების მიმართ, რომლებიც ადრე საბჭოთა კავშირის ნაწილნი იყვნენ. ეს მიუღებელია. ჩვენ ვერ დავუბრუნდებით გავლენის სფეროების სამყაროს. ეს იყო არასტაბილურობის რეცეპტი, კონფლიქტის რეცეპტი, რეცეპტი, რომელმაც მსოფლიო ომები გამოიწვია. ჩვენ ამას არ ვუბრუნდებით. CNN: ფიქრობთ თუ არა მოსალოდნელია უკრაინაში შეჭრა? სახელმწიფო მდივანი: ვერ გეტყვით, სავარაუდოა თუ არა. შემიძლია გითხრათ: ჩვენ ერთგული ვართ დიალოგისა და დიპლომატიის გზის, რათა დავინახოთ, შევძლებთ თუ არა ამ გამოწვევების მოგვარებას მშვიდობიანი გზით. ეს არის ბევრად სასურველი კურსი; ეს ყველაზე საპასუხისმგებლო კურსია. მაგრამ ამავე დროს, მზად ვართ ძალიან მტკიცედ მოვექცეთ რუსეთს, თუ ის აირჩევს კონფრონტაციას, თუ ის აირჩევს აგრესიას.

10 იანვარს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რიგგარეშე შეხვედრა გაიმართება

10 იანვარს დაგეგმილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) რიგგარეშე სესიის შემდეგ რაიმე დოკუმენტის მიღება ამჟამად არ იგეგმება, განუცხადა რია ნოვოსტის რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მოთხოვნით, CSTO-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს სხდომა ხუთი სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მონაწილეობით, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით გაიმართება. დღის წესრიგში ერთი საკითხია ყაზახეთში არსებული ვითარება და მისი ნორმალიზების ღონისძიებები. შეხვედრა სომხეთის თავმჯდომარეობით ვიდეოკონფერენციის გზით გაიმართება. ორგანიზაში შედიან რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ყაზახეთში ახლა დაახლოებით 4000-მდე სამხედროა, მათგან უმრავლესობას რუსეთი წარმოადგენს. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

რომის პაპი ყაზახეთში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მძიმედ განიცდის ყაზახეთში არეულობის შედეგად ადამიანების დაღუპას. პაპი ამბობს, რომ ყაზახეთისთვის ლოცულობს. პაპ ფრანცისკეს დიალოგის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისკენ საერთო გზის პოვნის იმედი აქვს. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

მედიის ცნობით, ყაზახეთში არეულობის დროს დაშავებულთა შორის 80-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყაზახეთში არეულობის დროს 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მსხვერპლის უმეტესობა (103) ალმათიში დაფიქსირდა. ყაზახეთის საავადმყოფოებში 83 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვთა ომბუდსმენზე დაყრდნობით მედია ასევე იტყობინება, რომ ალმათიში დაბომბვისას ოთხი წლის გოგო დაიღუპა. 719 პაციენტი სტაციონარში მკურნალობს. დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. შეგახსენებთ, საწვავზე ფასების მატების გამო, 2 იანვარს დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა. ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.

პოლ გობლი: ანაკლიის პროექტის ჩაშლა აშკარად მოსკოვის დღის წესრიგის ნაწილი იყო

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი პოლ გობლი, რომელიც ასევე იკავებდა სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ანალიტიკოსის პოზიციას, საქართველოში ამერიკული ინვესტიციების და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ კონტექსტში კი ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას. „ანაკლიის პროექტის ჩაშლა, შეიძლება, არ იყო რუსეთის უმაღლესი პრიორიტეტი, მაგრამ აშკარად მისი დღის წესრიგის ნაწილი იყო. „კანონის უზენაესობა გადამწყვეტია დასავლური ინვესტიციებისთვის. დასავლეთის წარმომადგენლებს არსად სურთ ინვესტირება, თუ ისინი დარწმუნებულნი არ არიან, რომ სასამართლო დაიცავს მათ და თავისი საქმიანობის წარმოების საშუალებას მისცემს. ამრიგად, სასამართლო სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პოლ გობლი Europetime-თან. პოსტსაბჭოთა ქვეყნების და ბალტიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველთან Europetime-ის ინტერვიუს თემა ასევე იყო რეგიონსა და უკვე ცენტრალურ აზიაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც კიდევ უფრო ამტკიცებს მოსაზრებას, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია. „დასავლეთი რთულ მდგომარეობაშია იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია რუსული ძალები. ვიმედოვნებ, ყველა მხარისთვის გასაგებია, რაც ლიდერებმა საჯაროდ თქვეს: ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ ასეთი ინტერვენცია გამართლებული ან კანონიერია იმის გათვალისწინებით, რომ ის გამოიყენება სახალხო აჯანყების ჩასახშობად“, - აღნიშნავს პოლ გობლი. ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანამ რამდენად შეუწყო ხელი ცენტრალურ აზიაში რუსეთის დომინანტური პოზიციების ზრდას, ამ თემის განხილვისას, ანალიტიკოსი Europetime-თან აღნიშნავს, რომ „ავღანეთში ამერიკელების ყოფნა შეუძლებელი გახდა, რადგან საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ჯარების გაყვანას და მთავრობამ ვერ შეძლო იქ დარჩენის საჭიროების ლოგიკური დასაბუთება“. „არ მგონია, რომ ავღანეთიდან აშშ-ის გასვლამ უზრუნველყო რუსული გავლენის გაზრდა, მაგრამ მოსკოვს პროცესებში ჩართვის უფრო დიდი შესაძლებლობა მისცა. დარწმუნებული არ ვარ, რომ მოსკოვის გავლენა გაიზრდება მისი ინტერვენციის შედეგად. ამან შეიძლება ზოგი დააშინოს, მაგრამ სხვებს გააბრაზებს“, - მიიჩნევს ჯეიმს ბეიკერის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი და მრჩეველი. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე განიხილავს საკითხს, თუ რა როლი აქვს ჩინეთს ამ პროცესებში. „ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ინტერვენციას, რადგან ის ეწინააღმდეგება ხალხისთვის გავლენის დათმობას (ძალუფლების მინიჭებას) და ასევე, იცის, რომ რუსეთი „ისაკუთრებს“ მიღებულ შედეგებს და რომ ამ შედეგებმა შესაძლოა, არ გააძლიეროს რუსეთი რეგიონში, მაგრამ შეასუსტოს და პეკინს მეტი შანსი მისცეს“, - აღნიშნავს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ანალიტიკოსი. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა გასულ წლის ზაფხულში, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნასა და ამ კონტექსტში, დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის ანაკლიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე ამერიკა- საქართველოს შორის, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობებზეც ისაუბრა. სრულად იხილეთ: https://europetime.eu/ka/article/10108-pilip-rikeri-anaklia-da-qvela-didi-inprastrukturu

სენატორი ჯინ შაჰინი: თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, მკაფიოდ ვუპასუხოთ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი Twitter-ზე წერს, რომ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია. „პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გადაჭრით ვუპასუხოთ, თუ რუსეთი იმოქმედებს“, - წერია სენატორის Twitter-ზე. ამავე თემაზე: ენტონი ბლინკენი: პრეზიდენტ პუტინს ორი გზა აქვს. ვაპირებთ, გავიგოთ, რომელს აირჩევს

ევროპის ქვეყნებში COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

"COVID19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა", - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ამასთან, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“, რითაც რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს. ასევე წაიკითხეთ: ქვეყნები, სადაც კორონავირუსის ახალი შტამი - „ომიკრონი“ დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი:  ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან

"ისრაელის რადიკალური ჯგუფები წმინდა ქალაქში ქრისტიანების ყოფნას საფრთხეს უქმნიან", - ამის შესახებ იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა განაცხადა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე III აღნიშნავს, ისრაელის რადიკალური ჯგუფების მიზანი იერუსალიმის ძველი ნაწილიდან ქრისტიანული თემის განდევნაა. „იერუსალიმში ჩვენი ყოფნა საფრთხის ქვეშაა. ისრაელის რადიკალური ჯგუფების მხრიდან ჩვენ ეკლესიებს საფრთხე ემუქრება. ამ სიონისტი ექსტრემისტების ხელში, იერუსალიმის ქრისტიანული საზოგადოება დიდად იტანჯება. ჩვენი ძმები და დები არიან სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლი. ჩვენი ეკლესიები არის მუდმივად შებილწული და დარბეული“, – აცხადებს თეოფილე III. ამასთან, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქს კონკრეტული ჯგუფი არ დაუსახელებია.

მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ამასთან, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება. ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ამასთან, ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა

ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა. ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მედიის ცნობით, 5 იანვარს აქციის მონაწილეები ალმათიში ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. დაიკავეს პრეზიდენტის რეზიდენციაც. პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ქალაქის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის რეზიდენციის და პროკურატურის შენობებს ცეცხლი მოედო. ალმათის მერის მოადგილემ ქალაქში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამასთან აღნიშნა, რომ აეროპორტი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. ასევე წაიკითხეთ: მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის - 7.76% ხოლო 7 დღის - 9.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა - 336, იმერეთი - 218, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363 საიდანაც: 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919 აჭარაში - 595, იმერეთში - 761. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 133, იმერეთში - 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 280 პაციენტი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 402 - აჭარაში. 29 260 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.

საქართველოში „ომიკრონის“ 816 შემთხვევაა დადასტურებული

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 816 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის

"ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას, ასევე მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უნდა მოიხსნას ბარიერები და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბიზნესს ოპერირებისთვის. „მინდა ვთქვა, რომ გასულ წელს ძალიან ბევრი მოვლენა მოხდა, მათ შორის იყო არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება, ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი გვქონდა, ამიტომ ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა იმისა, რომ კიდევ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს, ამისთვის ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი მუშაობა, მეტი შემართებით, მეტი მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, უნდა გავაუმჯობესოთ, დავხვეწოთ სახელმწიფო სერვისები, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ ოპერირება და საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური ყურადღება და თანადგომა მოსახლეობას - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი გზავნილი,“- განაცხადა პრემიერმა.

ნიუ-იორკში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი დაიღუპა

ნიუ-იორკში, ბრონქსში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი. ამასთან, ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის მთავარმა მრჩეველმა სტეფან რინგელმა დაადასტურა მსხვერპლის შესახებ მონაცემები. ქალაქის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, Associated Press-ს დაუდასტურა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა. დამწვარი ბინების 50-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო დამწვრობები, კიდევ 13 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, იტყობინება რინგელი. დაზარალებულთა უმრავლესობას სასუნთქი ორგანოების დამწვრობა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს

"ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მიმდინარე კვირაში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. „კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ამ თემაზე ჩვენ ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა უკვე მუშაობა. ბატონი ზურა, ახალი მინისტრი, უკვე შეხვდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს. მათ ერთად დაგეგმეს შემდგომი გასატარებელი ღონისძიებები. ჩვენ ასევე ვაპირებთ, რომ გავხსნათ თურქეთის ბაზარიც, თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, გააიაფებს ფასებს მედიკამენტებზე.ამას გარდა, ჩვენ ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მთავრობას საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები. „სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა ძირითადი ფისკალური პარამეტრები, კერძოდ: მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მთავრობის ვალი დაგეგმილი 60,1%-ის ნაცვლად 50%-მდე შემცირდა; ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილი 7,6%-ის ნაცვლად, შემცირდა მშპ-ს 6.1%-მდე; ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილი: რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო Pfizer-ისა და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული, რომ „ომიკრონის“ შემთხვევების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულების მკურნალობა სათანადოდ უზრუნველყოს. მისივე თქმით, შეუკვეთეს და რამდენიმე კვირაში ქვეყანა დამატებით მიიღებს Pfizer-ისა და „მერკის“ წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც, როგორც მინისტრი ამბობს, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურია. „ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი „ომიკრონის“ შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებულია. ის მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითაც სხვადასხვა ეტაპზე ვახორციელებთ კოვიდინფიცირებულების მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაო ეფექტურობით გამოირჩევა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს ახორციელებენ. „დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები ახდენენ ჰოსპიტლების ადგილზე მონიტორინგს როგორც ინფექციის კონტროლის კუთხით, ასევე რეანიმაციის და კოვიდინფიცირებულების მკურნალობის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მშვიდად, უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალში მკურნალობა“, – აღნიშნა აზარაშვილმა. ცნობისთვის, FDA-მ Pfizer-ის ანტივირუსული აბი 22 დეკემბერს დაამტკიცა. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ახალი კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტის „მოლნუპირავირის“ შესყიდვას გეგმავს

ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია შემცირებას დაიწყებს

როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ინფლაცია შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. „ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. დღესდღეობით ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული და როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს, ასევე ეს აისახება საქართველოზეც. ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმს ვხედავთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებშიც და მსოფლიოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომლის გატარებაც ხდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ არ გადაიზრდება ეს პროცესი გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ჩვენი შეფასებით და არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან, რომელიც არის დადგენილი,“- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ნათია თურნავა: ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია

"ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები დაძლევადია, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას",- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ინფლაცია მყისიერად სწორედ კოვიდპანდემიის ფონზე გაიზარდა. „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში, რადგან ჩვენ არასდროს წინა პერიოდში არ გვქონია მაღალი ინფლაცია და არასდროს დასახელებულა მაღალი ინფლაცია, როგორც დიდი გამოწვევა საქართველოსთვის. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. განსაკუთრებით გაძვირდა მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია, "ფაო"-ს მონაცემებით, 27%-ით და მეტით არის გაძვირებული სასურსათო პროდუქცია, იცით, რომ ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული რეგიონში, არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი, მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა", - განაცხადა თურნავამ.