ინტერვიუ
ლინკოლნ მიტჩელი: ვიმედოვნებ, 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წაიწევს წინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით
„ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ“, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ახალი წელი მივულოცო ჩემს ქართველ მეგობრებს და ბედნიერი, ჯანმრთელი 2021 ვუსურვო. 2020 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნებისთვის და იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ; ასევე - ორივე ქვეყანა შეძლებს, დაძლიოს შიდა კონფლიქტები და დავები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათლწლეულს ახასიათებდა“.
მეთიუ ბრაიზა: 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა 2021 წლისთვის საქართველოს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას უსურვებს. მეთიუ ბრაიზა ამის შესახენ Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „საქართველოს პირველ რიგში ვუსურვებ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას - ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიას და კავკასუს ონლაინს - ისინი შექმნიან ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასევე, 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის. ამასთან, ქართველ ხალხს განსაკუთრებით ვუსურვებ პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ როგორღაც ახალი გზა გამოძებნონ თანამშრომლობისთვის. ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს ეს მხოლოდ წაადგება. და ბოლოს, ქართელებს რა თქმა უნდა ვუსურვებ ჯანმრთელობას, პანდემიის დასრულებას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას“.
ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ მომავლ წელს საქართველოს NATO-ს რიგებში იხილავს
ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საქართველოს ახალ წელს Europetime-ის გვერდიდან ულოცავს და იმედოვნებს, რომ მომავლ წელს საქართველოს NATO-ს რიგებში იხილავს: „საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს. ყოველთვის მომწონდა ახალი წელი, რადგან ის რაღაც ახლის საწყისია. იმედი მაქვს, მომავალი წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების და საქართველოში ამერიკის სტრატეგიული ინტერესის აღორძინების წელი იქნება. ძალიან ვამაყობ ჩვენი ელჩით, მაგრამ მას სჭირდება დახმარება, როგორც მთავრობისგან, ასევე კონგრესისგან. ასე რომ, ეს არის ჩემი მნიშვნელოვანი სურვილები 2021 წლისთვის. მეორე - ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებმა ისევ ირწმუნონ საკუთარი მომავლის ძლიერი მედიის, პოლიტიკოსების მიერ ნდობის მოპოვების, ეკონომიკური კეთილდღეობის შედეგად. მესამე სურვილია, წელს საქართველო NATO-ს წევრი ქვეყანა გახდეს. არ ვიცი, ეს რამდენად მოხდება, მაგრამ ვიცი, რომ ახალი ადმინისტრაცია ამას ძალიან ეცდება. საქართველოს მამაცი ჯარისკაცები იმსახურებენ მხარდაჭერას, რომელიც NATO-ს წევრობას თან ახლავს.საქართველოს მოსახლეობამ უკვე ძალიან ბევრი გააკეთა, რათა ეს დაემსახურებინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მოთმინება და შეუპოვრობა NATO-ში წევრობით დაჯილდოვდება“.
ფატმა ჯერენ იაზგანი: 2021 წელს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში
„ვფიქრობ, 2021 წელს, ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავთ ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში“, - ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი საახალწლო მილოცვაში საუბრობს. „მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა, სტაბილურობა, უსაფრთხოება და სიმშვიდე ჩვენი რეგიონისთვის, ქართველი და თურქი ხალხისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წელს, ჩვენ ვაჩვენეთ ერთად დგომის მაგალითი კოვიდპანდემიასთან და სხვა სირთულეებთან ბრძოლის კუთხით. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი უფრო უკეთესი იქნება და ვფიქრობ, გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას ჩვენი პარტნიორობის, სოლიდარობის, ჩვენი კარგი მეზობლობის ფარგლებში. ყველაზე მეტად გაგვაძლიერებს ნდობა, თანადგომა, საერთო ღირებულებები, ჩვენი ძლიერი მეგობრობა და პარტნიორობა“, - აცხადებს თურქეთის ელჩი.
ბენ ჰოჯესი: ანაკლიის და მსგავსი პროექტების გარეშე საქართველო, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ნაწილად მოიაზრება, რომელიც რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება
ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მიერ საჯარო ეროვნული დებატების გამართვის აუცილებლობაზე მიუთითებს ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი. ჰოჯესის ხედვით, ეს მიდგომა უნდა მოიცავდეს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას, რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს. „საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება“, - აღნიშნავს ჰოჯესი. ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, რომ შევაჯამოთ წელიწადი, რომელიც დასასრულს უახლოვდება, თქვენი აზრით, ამ გამოწვევებით, კრიზისებით სავსე წელიწადმა რა შეცვალა და რისი აუცილებლობა დაგვანახა იგივე ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკის კუთხით? აღნიშნულმა კრიზისებმა უფრო გაზარდა კონსოლიდირებული და კოორდინირებული პოლიტიკის მოთხოვნილება, ალიანსების გაფართოების პერსპექტივები (ნატო, ევროკავშირი) თუ პირიქით, უფრო მოზომილი და ფრთხილი პოლიტიკის ტენდენცია წარმოქმნა? ვფიქრობ, დროა საქართველო იყოს ნატოს წევრი! თუმცა, მან თავად უნდა მიიღოს გადაწყვიტილება ნამდვილად სურს თუ არა ეს. ასევე ვფიქრობ, რომ საქართველომ უნდა გამართოს საჯარო ეროვნული დებატები ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის ერთიანი მიდგომა, რომელიც მოიცავს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას და რომელსაც დაუპირისპირებს კრემლის გავლენას და მის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიებს, ისევე როგორც კორუფციულ გავლენებს. ამავე დროს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოხატოს მდგრადი სტრატეგიული ინტერესი საქართველოს მიმართ, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიისა და უფრო დიდი შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა კრემლმა დაინახოს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენი ქვეყანა და რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენს ინტერესებს. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში თქვენ აღნიშნეთ, რომ რუსეთი მხოლოდ ძალას უწევს ანგარიშს და ზოგადადაც ,,რუსეთი არ გავაღიზიანოთ’’ დევიზით შთაგონებული პოლიტიკა არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მცდარია. თქვენი აზრით, ყველა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რაც მოხდა რუსეთის უშუალო თუ ირიბი ჩარევით - კონფლიქტები, კიბერდანაშაულები, არჩევნებში ჩარევა თუ ჰიბრიდულ ომებში მისი როლი - დადგა თუ არა დრო, რომ დასავლეთმა შეიმუშავოს უფრო ერთიანი პოლიტიკა და მიდგომა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გადის თუ არა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოზეც და შეიძლება თუ არა ეს კონკრეტული ბერკეტი საქართველო და უკრაინისთვის MAP-ის მიღებაც იყოს? საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში დომინირება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. რა სარგებელი მოუტანა საქართველოს მისმა მცდელობამ, ითანამშრომლოს მოსკოვთან ბოლო 30 წლის განმავლობაში? რა მოიგო ქართველმა ახალგაზრდობამ იმით, რაც მოსკოვმა შესთავაზა საქართველოს დახმარების სახით? ერთადერთი, რასაც ვხედავ არის ის, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და რომ რუსული ჯარები ასევე იმყოფებიან მთიან ყარაბაღში/აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთის ბაზებზე. მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, კვლავ კრემლის ზეგავლენის ქვეშ დარჩეს. სხვა მხრივ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მისცეს რუს ე.წ. „მშვიდობისმყოფელებს“ სომხეთში მოსახვედრად საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება. რაც შეეხებაე.წ. „კასპიის პლატფორმას“, რომელსაც საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს - ჩემთვის ეს კიდევ ერთი გაუგებარი ნაბიჯია, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, და კრემლს, ირანთან ერთად, რეგიონში კიდევ უფრო მეტი ზეგავლენის ბერკეტებს სთავაზობს. რა სიკეთე შეუძლია მოუტანოს ყოველივე ამან საქართველოს? ამავე დროს, ეს ხაზს უსვამს აშშ-ის მხრიდან მდგრადი, სტრატეგიული ინტერესის დემონსტრირების წარუმატებლობასაც - გამოდის, ჩვენ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა აღმოვჩნდით. _საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არასოდეს ყოფილა საქართველო-ამერიკას შორის თანამშრომლობა ისეთ მაღალ ნიშნულზე,როგორც ახლაა. თუ ეს ასეა, თქვენი აზრით,იქნება თუ არა საკმარისი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თხოვნა ამერიკისადმი რომ გაზარდოს როტაციული ძალები საქართველოში და გააძლიეროს სტრატეგიული ინფრასტრუქტურა თუნდაც პარტნიურულ-საწვრთნელ ფორმატში? ჩვენი საელჩო თბილისში საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს, აგრძელებს რა გამორჩეული ამერიკელი დიპლომატების ტრადიციას, რომლებსაც საქართველოში უმუშავიათ. თუმცა, ჩემი აზრით, აშშ-ის მთავრობამ და კონგრესმა ვერ შეძლეს მდგრადი ინტერესის და ინვესტიციის ისეთ დონეზე დემონსტრირება, რაც დაეხმარებოდა საქართველოს კრემლის ზეგავლენისთვის უფრო მეტი წინააღმდეგობა გაეწია. ვიმედოვნებ, ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს მთავრობებმა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კერძო ინვესტიციების შესაძლებლობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამისთვის კი აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა როგორც საქართველოს მთავრობაში, ასევე პარლამენტში. _საქართველოში პორტების განვითარება-გაფართოება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. რეგიონში მიმდინარე პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ანაკლიის პროექტის და უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა, რომელიც როგორც უსაფრთხოების, ასევე განვითარების გარანტიცაა. თქვენი აზრით, საკმარისი იქნება თუ არა საქართველოს ხელისუფლების კეთილი ნება აღნიშნული პროექტის კვლავ დღის წესრიგში დასაბრუნებლად? რა საკვირველია, არა! საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია, თუმცა დღემდე რეალურად არაფერი გაკეთებულა ამ კუთხით და მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ საქართველოს მთავრობა ნამდვილად არის დაინტერესებული ამ პროექტით. ჩემი აზრით, ეს იქნებოდა უდავოდ ღირებული აქტივი საქართველოსთვის, რაც მისცემდა მას შესაძლებლობას საბოლოოდ გამხდარიყო პორტალი ევრაზიასა და ევროპას შორის. ამგვარად, საქართველო გახდებოდა ევროპის ნაწილი და ლოგისტიკის ცენტრი, რომელშიც ევროპაც და ამერიკაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩადებდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კრემლი და კრემლის მომხრეები ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს. ანაკლიის და მსგავსი საერთაშორისო პროექტების გარეშე საქართველო, სამწუხაროდ, მოიაზრება მხოლოდ როგორც სამხრეთ კავკასიის ნაწილი, რომელიც რუსეთის, თურქეთისა და ირანის გავლენის ქვეშ იმყოფება, და არა როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული გავლენის მქონე ევროპული ქვეყანა. ერთადერთი, ვინც რეალურად სარგებელს იღებს ამ სიტუაციიდან, რა თქმა უნდა, არის კრემლი და არა ქართველი ახალგაზრდობა.
თედო ჯაფარიძე: პოლიტიკაში ზოგჯერ სხვადასხვა ინტერესის თანხვედრის გამო იხსნება „შესაძლებლობათა ფანჯარა“. ამგვარი განვითარებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ
„პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო - პროცესების დაჩქარება, ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ და ჩვენ, მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რათა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო“, - აცხადებს Europetime-თან ინტერვიუში თედო ჯაფარიძე, ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულფასოვანი ელჩი (1994 – 2002), საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. _ბატონო თედო მადლობა ინტერვიუსთვის, პირველ რიგში საინტერესო იქნებოდა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდვივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებით რომ დავიწყოთ, თქვენი აზრით, რა გზავნილებს შეიცავდა ეს ვიზიტი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ყარსში სამშვიდობო შეთანხმებამ ახალი რეალობა შექმნა? მე სახელმწიფო მდივნის ბატონ პომპეოს ვიზიტს შევაფასებ მხოლოდ როგორც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რომელმაც ამ ვიზიტის შესახებ უაღრესად შეკვეცილი ინფორმაცია მიიღო საინფორმაციო წყაროების მეშვეობით - ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან. გასაგები, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ნებისმიერი ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველოსათვის. ამგვარი ვიზიტი უძლიერესი დიპლომატიური გზავნილია ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეებისათვის და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათთვის, ვისაც არ სურს იხილოს სატაბილური და ძლიერი საქრთველო. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სახელმწიფო მდივან პომპეოს ვიზიტს. ზემოთ მოგახსენეთ, რომ ეს საკმაოდ „უცნაური“ ვიზიტი გახლდათ - არ გაკეთებულა რაიმე განცხადება თავად ბატონ პომპეოს მიერ ამ ვიზიტის მიზნებსა და შედეგებზე. იყო რამდენიმე ოფიციალური, მაგრამ დახურული შეხვედრა, საუბარი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლის შემადგენლობა აშშ-ის საელჩოს მიერ იყო შერჩეული. ისაუბრეს თუ არა სახელმწიფო მდივანმა პომპეომ და ჩვენმა ოფიციოზმა მთიანი ყარაბაღის მოვლენების თაობაზე და იმ ახალ რეალობაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა - ვერაფერს გეტყვით. იმედია, რომ ისაუბრეს. რა დასკვენები გამოიტანეს, არ ვიცი. გასაგებია, რომ ამ ომმა და სამშვიდობო განცხადებამ (და არა "ხელშეკრულებამ") ახალი რეალიები შექმნა რეგიონში - რუსეთის „სამშვიდობო" შენაერთებმა დაიკავეს პოზიციები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სამხრეთ კავკასიაში აქტიურად შემოვიდნენ თურქეთის სამხედრო ძალები. ეს უკვე სტრატეგიული ფაქტია. დაიწყო ახალი რეალიების შექმნის პროცესი და თუ როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჯერ ამის თაობაზე ადრეა საუბარი. გასათვალისწინებელია ეს ყველაფერი საქართველოსათთვის? რა თქმა უნდა! იყო ამის თაობაზე საუბარი ბატონ პომპეოსთან? იმედია, რომ იყო. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები და პერსპექტივები, მ.შ. „პოსტ-ყარაბაღული“ რეალიები. მოხდა ეს თუ არა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რასაც დაგვპირდა პრეზიდენტ ტრამპის სახელმწიფო მდივანი, ეს ყველაფერი შესაძლოა „არ მოეწონოს“ პრეზიდენტ ბაიდენის სახელმწიფო მდივანს, თუმცა რამდენადაც მე მახსოვს, ენტონი ბლინკენმა ზედმიწევნით კარგად იცის სამხრეთ კავკასიის პრობლემები და მათთან დაკავშირებული რისკები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებებია და ამიტომ, შევთანხმდეთ, რომ აშშ-ის სახემწიფო მდივნის ვიზიტი საქრთველოში მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. _რამდენიმე ხსნის წინ, გენერალმა ჰოჯესმა საქართველოში იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსებაზე განაცხადა. ამას მოჰყვა ქართველი ექსპერტების მიმართვა პომპეოსადმი, რომელშიც ითხოვდნენ ამერიკული ბაზების განლაგებას საქართველოში. ხელმომწერთა შორის თქვენც იყავით. თუ შეიძლება გვითხრათ, რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას და რა მნიშვნელობა ექნება ჩვენი რეგიონისთვის მის განხორციელებას? გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოს სტრატეგიული ინტერესების რეალიზების მხურვალე მხარდამჭერია, მ.შ. ნატოსთან დაახლოების და შემდგომ - თუ სავარაუდოდ -კი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების. მე გენერალ ჰოჯესს დიდი ხანია ვიცნობ, ერთად მიგვიღია მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში - კონფერენცისა და ცალკეულ საერთაშორისო დისკუსიებში და ყველა ღონისძიებაზე გენერალი ჰოჯესი გვთავაზობს ახალ მიდგომებს და უსაფრთხოების ახალ მექანიზმებს, რომელთა რეალიზება გააძლიერებდა საქართველოში სტაბილურობას, მის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას დასავლეთთან და კონკრეტულად ნატოსთან. მაგრამ ამავე დროს, გენერალი ჰოჯესი გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის შიდა პრობლემები - იქნება ეს ინსტიტუციური თუ პოლიტიკური, რომლებიც აფერხებენ საქართველოს ე.წ. დასავლური ვექტორის გაძლიერებას. ჩვენ ამ თემებზე გენერალ ჰოჯესთან და სხვა მრავალ პოლიტიკოსთან და ექსპერტთან გვქონია საუბრები და დისკუსიები და თუ თქვენ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეს შემდეგში მდგომარეობს: ერთია ამ „დასავლური ვექტორის“ დეკლარირება ხელისუფლების თუ ოპოზიციური ძალების მიერ და ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში ან დასავლეთის დედაქალაქებში ერთმანეთთან გაუთავებელი (უნდა გითხრათ უკვე მომაბეზრებელი კიდევაც!) შეხლა-შემოხლა იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო „პრო-დასავლელი“ ან „პრო-ნატოელია" და მეორეა - და ეს გახლავთ სწორედ მთავარი - პოლიტიკოსების და საექსპერტო საზოგადოების გაერთიანება ამ არსებული შიდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, იმ პრობლემების, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავი დაბრკოლებაა დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე - ინსტიტუციური მდგრადობა, დემოკრატიული პროცესებსის და კანონიერების შეუქცევადობა. და კიდევ ერთი და, ჩემი აზრით, მთავარი: დღევანდელ მსოფლიოში თუ შენ გინდა იყო გლობალური პროცესების თანამონაწილე, უნდა შეძლო გარდა დემოკრატიული და კანონიერების ბაზაზე მდგარი სახელმწიფოსი, აგრეთვე გახდე „სასარგებლო" ქვეყანა პარტნიორებისათვის და არა მუდმივი „თავის ტკვილი“ და პრობლემა. გასაგებია, რომ მე ვსაუბრობ საქართველოზე, რომელმაც დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია, თორემ განვითარების სხვადასხვა მოდელიც არსებობს და მ.შ. ჩვენ სამეზობლოში. ამიტომაც, რასაც გვათავაზობს გენერალი ჰოჯესი - საქართველოს ტერიტორიაზე „ნატოს იფრასტრუქტურისა და როტაციული ჯარების განთავსება“ - ეს უაღრესად საინტერესო მოსაზრებაა, თუმცა ეს ყველაფერი მოსაზრებად დარჩება, თუ ჩვენი პარტნიორები არ დარწმუნდებიან, რომ საქართველო ფუნქციონირებადი, ინსტიტუციური დემოკრატიაა, რომ საქართველოში ტარდება დემოკრატიული არჩევნები და ეს არჩევნები არ გახლავთ მხოლოდ ბრძოლა ძალაუფლებისათვის, რომელშიც „გამარჯვებული იღებს ყველაფერს (the winner takes all)"... დროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკა, მ.შ. არჩევნები, არ გახლავთ არც კონკრეტული პოლიტიკოსების და არც კონკრეტული პარტიების მრავალჯერადი გამოყენების საგანი. მე ხშირად ვიმეორებ, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკა უნდა გახდეს განმსაზღვრელი ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის და არა პირიქით. წარმოუდგენელია საქართველოს საგარეო პოლიტიკა იყოს „უმაღლეს ნიშნულზე“ (როგორც ამას ხშირად გვიმეორებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები), თუ ქვეყნის შიგნით იქნება გაუსაძლისი სიდუხჭირე, ეკონომიკური ვარდნა (თუნდაც პანდემიური ეფექტების გათვალისწინებით). ეს თუ არ გამოსწორდა და ამ პრობლემების აღმოფხვრა არ გახდება მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კლასის ამოცანა (ანუ არამხოლოდ ხელისუფლების და ოპოზიციის), გენერალ ბენ ჰოჯესის სტრატეგიული მოწოდებები მხოლოდ მოწოდებებად დარჩება. _თუ სწორად მოახერხა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტერესების თანხვედრა, ეს ახალი ვითარება აძლევს თუ არა შესაძლებლობას საქართველოს, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას ნატოში ინტეგრაციისკენ? შევთანხმდეთ, რომ საქრთველოს ევროპული თუ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია და მის რეალიზება დაკავშირებულია დემოკრატიულ რეფორმებთან და გარდაქმნებთან. ჩვენ შესაძლოა მოვახდინოთ ქვეყნის შთამბეჭდავი მოდერნიზება, მაგრამ თუ ეს არ განხორციელდა პარალელურ რეჟიმში დემოკრატიულ აღმშენებლობასთან ერთად (მ.შ. არჩევნების), ეს გაართულებს ჩვენ სვლას დასავლეთისაკენ. ამიტომ არანაკლებად მნიშვნელოვანია თავად ნატოსა და ევროკავშირში ანგაჟირების ყოველდღიური პროცესი, იმ სტანდარტების, კრიტერიუმების, რეგულაციების რეალიზება, რომლებიც არამხოლოდ აახლოებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან, არამედ თავად საქართველოსაც ხდის უფრო მიმზიდველს და, როგორც ეს მე ზემოთ მოგახსენეთ, უფრო „სასარგებლო“ (a valuable country) ქვეყნად პარტნიორებისათვის, რომლებიც, თავის მხრივ, გააკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველომ არ შეცვალოს თავის საგარეოპოლიტიკური ვექტორი. მე ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოს ნატოშო (ან ევროკავშირში) გაწევრიანება გრძელვადიანი პერსპექტივაა. შესაძლოა, თუმცა პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება სასწაულები და სხვადასხვა მიზეზის და ინტერესების თანხვედრათა გამო ხდება პროცესების დაჩქარება ანუ იხსნება ე.წ. „შესაძლებლობათა ფანჯარა“ (window of opportunity) და ჩვენ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი შიდა რეფორმები და გარდაქმნები, რათა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ მივცეთ საბაბი წამოგვაძახონ, „აი, საქართველოს ჰქონდა ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა და ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა შიდა არეულობების გამო!"
ჰუბერტ ქნირში: NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობაში გერმანიას მოწინავე როლი აქვს
„საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“, - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, Europetime-თან ინტერვიუში. ჰუბერტ ქნირში Europetime-ს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მოკავშირეობის საკითხზე ესაუბრა. _ბატონო ელჩო,მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში _როგორ შეაფასებთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, საინტერესოა ასევე თქვენი შეფასება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობასაც, რამდენად შეძლო ქვეყანამ ამ რესურსის ათვისება და გამოყენება? საქართველოს და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ - მინდა აღვნიშნო ტრადიცია, რომლის თანახმად, ქართველი სტუდენტები და სტიპენდიანტები გერმანიაში განათლებას იღებენ. ეს პროცესი ამ ეპოქაშიც ძალიან აქტიურად გრძელდება. საქართველოსთან გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზე ვითარდება და ამ პოტენციალის ფართოდ გამოყენებაზე ვართ ფოკუსირებული. ამისთვის, ასოცირების შეთანხმება კარგ ჩარჩოს იძლევა, თუმცა ქართველ მეწარმეებსა და მენეჯერებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ შესაძლებლობები, კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო პროგრესს აღწევს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. გერმანიასთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისთვის. _2024 წლისთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, თქვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,შესაძლებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი შეაფერხოს? კრიზისულ ვითარებაშიც კი მომავლისკენ მზერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ახლო მომავალი დატვირთული იქნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სამუშაოთი, კონკრეტული და პრაქტიკული მიმართულებით. მათ შორის ეს გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში, ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი მეკავშირე უნდა იყოს გერმანია, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა, რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ხნის წინ გენერალ ჰოჯესს შევხვდი თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც თამამად საუბრობს ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, ეს ადამიანი მეგობარია, როგორც გერმანიის, ისე საქართველოსი. თანამშრომლობა, რომელსაც ის მხარს უჭერს, არის საკმაოდ ძლიერი და NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილიც ამისთვის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი დიდწილად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხდება, რომელშიც გერმანიას მოწინავე როლი აქვს. _თუ გადავხედავთ როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონში და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს რიგ საკითხებთან, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ NATO-ს, შესაძლებლობების კარგ მაგალითს ქმნიან. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“.
ლინკოლნ მიტჩელი: დასავლეთის ინტერესებშია დემოკრატიის განვითარება და სტაბილურობა
ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაციის არჩევას საქართველოსთვის დადებით მოვლენად მიიჩნევს. ამერიკელი ექსპერტი რუსეთის ფაქტორსაც უსვამს ხაზს, რომლის მიმართაც, მიტჩელის თქმით, ბაიდენი ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა. ბაიდენის ამ პოზიციას, ლინკოლნ მიტჩელის აზრით, „დემოკრატებში რუსეთის მიმართ არსებული სიბრაზეც“ ამყარებს, რომელიც აშშ-ის, 2016 წლის არჩევნებში კრემლის როლმა გამოიწვია. როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, არის თუ არა საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენი რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად და გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას, ამ საკითხების გარდა, Europetime ლინკოლნ მიტჩელს შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა. _ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა იქედან გამომდინარე, რომ პროცესი გაჭიანურდა. ჩიხში არიან არა იმიტომ, რომ პროცესი შეფერხდა, არამედ იმიტომ, რომ ორივე მხარეს ძალიან მძაფრი პოზიციები აქვს და თვლის, რომ მართლები არიან. მმართველი პარტიისთვის ასე დგას საკითხი - რატომ უნდა წავიდნენ რაიმე დათმობაზე - პასუხი მარტივია - უნდა დათმონ, რადგან ეს არჩევნები არ იყო იდეალური, ასეთ შემთხვევაში კი, მოლაპარაკებებისთვის გარკვეული სივრცე ყოველთვის არსებობს. მაგრამ ყველაფერიც არ უნდა დათმონ, რადგან არჩევნები არც ისე საშინელი იყო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების დასკვნებიც მოწმობს, ამიტომ, მთავრობას უბრალოდ არ სჯერა შეხედულების, რომ „ოპოზიციამ მოიგო და მმართველმა პარტიამ არჩევნები მასშტაბურად, ისე გააყალბა, რომ შედეგი სულ სხვა იქნებოდა“ და არც აპირებენ ამაზე მოლაპარაკებას, მაგრამ ეს არის ოპოზიციის საჯარო ნარატივი, რაზეც უარის თქმა არ შეუძლიათ. ერთ-ერთი, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ, ისაა, რომ ჩაერთონ ქვეყნის მართვაში, რაც საკმაოდ რთულია, როდესაც მმართველ პარტიას ამხელა ძალაუფლება აქვს, თუმცა თუ ოპოზიცია ამას არ გააკეთებს, ან არც კი ეცდება, რომ გააკეთოს, რატომ უნდა მისცეთ ხმა მათ?! რომ შევაჯამოთ, საქმე გვაქვს ორ ძალზედ განსხვავებულ პოზიციასთან. _თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას,რომელიც ქუჩის საპროტესტო გამოსვლებს ბუნებრივია შეაფერხებს, რა მექანიზმები რჩება ამ შემთხვევაში ოპოზიციას? ეს ჩემთვის მართლაც ყველაზე საინტერესო პუნქტია, ბოიკოტის გამო ოპოზიცია შესაძლოა, ჩამოშორდეს მთავრობის საქმიანობაში ჩართვას. თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება საქართველოში, ეს შეიძლება დესტაბილიზაციის საბაბიც იყოს. რა თქმა უნდა, ეპიდემიამ განსაკუთრებით ცუდი ფორმები არ მიიღო ბევრ ქვეყანაში, თუმცა არსებობს ამის პოტენციალიც. ოპოზიცია შესაძლოა, ამ სიტუციაზე ფიქრობდეს და უყურებდეს ისე, რომ - „თუ ეპიდსიტუაცია უფრო ცუდად განვითარდება და მთავრობა მის მართვას ვერ შეძლებს, შესაძლოა უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოვჩნდეთ, რათა შევძლოთ ხალხის მობილიზება დემონსტრაციებისთვის, როდესაც გაზაფხულიც მოვა და დათბება. არ ვამბობ, რომ ვინმეს იმედი აქვს ხალხის ინფიცირების, ან რაიმე მსგავსი მოხდება, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი როგორც საქართველოში, ისე აშშ-სა და მსოფლიოში ელოდება ვაქცინას. თუ მისი მიწოდება დაიწყება მსოფლიო მასშტაბით, საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, აშშ-ს თან, ან ევროპასთან მუშაობით დაიწყოს ვაქცინის მიწოდება ქვეყანაში. ეს ნაბიჯი მათ მხარდაჭერას უფრო განამტკიცებს. ამიტომ, თუ ისინი მოკლე ვადებში მოიპოვებენ ვაქცინას და ყველაფერი ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა,ამან დროებით შესაძლოა გაანელოს კიდეც საპროტესტო მუხტი. _ოპოზიცია მიიჩნევს რომ მოხდა არჩევნების გაყალბება, ხოლო, მიუხედავად მკაცრი შეფასებებისა ეუთო/ოდირის დასკვნა საბოლოო ჯამში არჩევნებს ლეგიტიმურად აფასებს, თქვენი აზრით, როგორი იყო ეს არჩევნები და შესაძლებელია თუ არა, რომ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებით დასავლეთმა უბრალოდ რეგიონში ახალი დესტაბილიზაციის კერა აირიდა თავიდან? თქვენს კითხვაში არის რაღაც სიმართლე - დასავლეთს არ სურს დესტაბილიზაციის კერა, თუმცა დავამატებ, რომ ეს დასავლეთს არასდროს სურს. დასავლეთს ყველაზე მეტად სტაბილურობა ჭირდება და ისინი ამისთვის ხშირად იყენებენ სიტყვას - დემოკრატია, დემოკრატიის განვითარება არის მთავარი, რაშიც სტაბილურობაც იგულისხმება.ასე რომ, დიახ, შესაძლოა, ეს ამის ნაწილიც იყოს. მეორე მხრივ, ემპირიულად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ისეთი ცუდი არჩევნები, როგორც ამას ოპოზიცია აცხადებს. გარდა ამისა, საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნებზე დაფიქსირდა ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში, ნორმალურად ჩაიარა, მეც ნაწილობრივ ვეთანხმები მათ ამ განცხადებას, ამიტომაც, მტკიცებულებების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ ყარაბაღის პრობლემების გამო, ეუთომ რაღაც მხრივ დაინდო საქართველოს მთავრობა, ამის დიდად არ მჯერა. _თქვენი აზრით, როგორი იქნება ბაიდენის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ფიქრობთ თუ არა რომ საქართველო ამ შემთხვევაში ამერიკისთვის დასაყრდენია რეგიონში საერთო სტრატეგიული ინტერესების განსახორციელებლად? გამოიყენებს თუ არა ბაიდენი ამ შესაძლებლობას. ბაიდენი ძალიან ჭკვიანია. მან დიდი დრო დაუთმო საგარეო პოლიტიკაზე ფიქრს, მასზე მუშაობას. ვიცი, ზოგიერთს უყვარს იმის თქმა, რომ „რესპუბლიკელები“ რუსეთის მიმართ მკაცრები არიან, თუმცა ბაიდენი რუსეთთან დაკავშირებით ყოველთვის ხისტი პოზიციით გამოირჩეოდა, რაც მას უბიძგებს იმისკენ, რომ უფრო პოზიტიურად იყოს განწყობილი საქართველოს მიმართ. ამასთან, „დემოკრატებში“ არსებობს გარკვეული ბრაზიც რუსეთის მიმართ 2016 წლის არჩევნებში მისი როლის გამო და ეს ფაქტი შეიძლება საქართველოსაც დაეხმაროს. მე რომ თბილისში, საგარეო საქმეთა სამინიტროში ვიყო და ვიცოდე, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაუდგება ამერიკას სათავეში, ბედნიერი ვიქნებოდი, რადგან ვიცი, იქ არიან ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია იმუშაო. თუ მის გარემოცვას გადახედავთ, (ჯეიკ სალივანი , ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მომავალი მრჩეველი), ენტონი ბლინკენი მომავალი სახელმწიფო მდივანი), ძალიან ჭკვიანი და საიმედო ადამიანები არიან, რომლებსაც ესმით საქართველოსი და ესმით რეგიონი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი. ასე რომ, სასიამოვნოა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება აშშ-ის სათავეში. _როგორ გესახებათ იდეა, რომ აშშ-მა შეიძლება, საქართველოში როტაციული ძალები გაზარდოს? ეს საკითხი უფრო მეტად დამოკიდებულია ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, ვიდრე - საგარეოზე. ვეცდები, ახლა არსებული პერსპექტივიდან გიპასუხოთ. აშშ-ში ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს, მოვუსმინოთ ბაიდენის გამოსვლებს: რაზე საუბრობს?! კოვიდზე, ეკონომიკაზე (რომელიც კოვიდის გავლენებს უმკლავდება), რასობრივ უსამართლობებზე (რომელიც აშშ-მდე ბევრად ადრე გაჩნდა მსოფლიოში) და კლიმატის ცვლილებაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრობლემები, სამი საკითხი, რა თქმა უნდა, საშინაო პრობლემის ნაწილია, ხოლო მეოთხე, კლიმატის ცვლილება, როგორიც საშინაო, ისე საგარეო პრობლემაც არის. ამ ეტაპზე, აშშ-ის „მადა“ და რესურსები, რომელიც მოისაზრებს მისი ძალების გაფართოებას მსოფლიოში, არ იქნება ქვეყნისთვის აქტუალური. ეს არ ნიშნავს, რომ არ დაიცავს თავს კრიზისის დროს, ან მის მოკავშირეებს, როცა ამის საჭიროება იქნება. ბაიდენი ოთხი წლის განმავლობაში იქნება პრეზიდენტი. პოტენციურად, შეიძლება - რვა წელიც. სამომავლოდ, ამას არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ამ ეტაპზე, აშშ ძალიან ფრთხილი იქნება მსგავს საკითხებთან მიმართებით. რუსეთს არ მოეწონება აშშ-ის მიერ ძალების განლაგება საქართველოში, თუმცა ესეც კი შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ბაიდენმა გადაწყვიტოს საქართველოში როტაციული ძალების გაზრდა. არ ვიცი ეს სვლა რამდენად შეიტანს დესტაბილიზაციას რეგიონში, ბაიდენს რუსეთის არ შეეშინდება და თავს არ შეიკავებს რამის გაკეთებისგან, იმ მიზეზით,რომ პუტინი არ გააბრაზოს.
ბენ ჰოჯესი: დარწმუნებული ვარ, ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან
ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი დარწმუბელია, რომ ბაიდენი უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. ამის შესახებ ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ბენ ჰოჯესი: მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კრემლთან მიმართებით მტკიცე იქნება
„ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში“, - ეს თემა ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა. ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. „დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებით და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ, ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება და ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოში როტაციულ ძალებს გაზრდის
ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს მინისტერიალის შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ მას იმედი აქვს, ნატოში საქართველოს გაწევრიანება დაჩქარდება, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ საქართველოში როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას გაზრდის. ასევე აღნიშნავს, რომ ვერ წარმოუდგენია ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე. _ბატონო გენერალო, უკვე დასრულდა ნატოს მინისტერიალი და როგორც ცნობილი გახდა, არსებითი პაკეტის ახალი ვერსია დამტკიცდა საქართველოსთვის - ანუ მხარდაჭერა იზრდება. როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ასევე ითქვა, რომ მოკავშირეები შეეცდებიან უფრო პრაქტიკული გზები იპოვონ საქართველოს დასახმარებლად. ხომ არ იქნებოდა ზუსტად ეს უფრო პრაქტიკული გზა, როგორც თქვენ ბრძანეთ, საქართველოს ნატოში დაუყოვნებელი გაწევრიანება? ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც წარმოადგენს შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონში კონკურენციის ძირითად ნაწილს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვზრუნავთ რეგიონზე, ასევე უნდა შევძლოთ ვიპოვოთ გზა შავი ზღვის რეგიონში ინიციატივის მოსაპოვებლად; საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის შეთავაზება კი ხელს შეუწყობდა ამის გაკეთებას. კრემლს არ სჭირდება რაიმე პროვოკაცია, ის აკეთებს იმას, რაც სურს და შემდეგ ცდილობს სხვები დაადანაშაულოს, ამიტომაც გვაქვს უწყვეტი ყალბი ნარატივი. რეალურად, ჯობს იყო ძლიერი და საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა, კრემლი პატივს სცემს მხოლოდ ძალას. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში არაერთხელ განაცხადეთ, რომ დროა, დასავლეთი უფრო გააქტიურდეს საქართველოსთან და ზოგადად, რეგიონთან მიმართებით. ყარაბაღის მოვლენებმა მით უფრო ცხადად დაგვანახა ამის საჭიროება, თქვენი აზრით, თუ მართლა დადგება დღის წესრიგში საქართველოსთვის Map-ის მინიჭების საკითხი, ეს ხომ არ იქნება დასავლეთის ერთგვარი, ე,წ ,,გამოფხიზლება’’? დასავლეთისთვის ე.წ. „გამოფხიზლება“ იქნებოდა, თუკი საქართველო გადადგამდა ყველა აუცილებელ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად მიმზიდველი გამხდარიყო საერთაშორისო კერძო ინვესტიციებისთვის. გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან ბიზნეს ინვესტიციების მიღების შემთხვევაში ეს ქვეყნები კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ საქართველოს უსაფრთხოებას, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე ნაკლებ სასურველია კრემლისთვის. _თქვენ აღნიშნეთ, რომ აშშ-სთვის თურქეთი უნდა იყოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, თუ მხედველობაში ვიქონიებთ, ყარაბაღის ზავის შემდგომ, რეგიონში ძალთა ბალანსის საკითხსაც და იმასაც, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, ხომ არ არის დროული კიდევ უფრო ინტესიური გახდეს დასავლეთის თანამშრომლობა თურქეთთან? დიახ, რა თქმა უნდა. სურვილიც კი არ მაქვს წარმოვიდგინო ძლიერი ნატო თურქული მონაწილეობის, ლიდერობისა და კონტრიბუციის გარეშე. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა ჩვენს ერებს შორის, ისევე როგორც თურქეთსა და ევროპას შორის. _თქვენი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გადავა თუ არა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, უფრო კონკრეტულად, გაზრდის თუ არა აშშ როტაციულ ძალებს და ინფრასქტრუქტურას საქართველოში? დიახ, იმედი მაქვს ასე მოხდება. მჯერა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია იქნება მტკიცე კრემლთან მიმართებაში და რომ შავი ზღვის რეგიონი მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარჩება. მოუთმენლად ველოდები, ვინ იქნება ჩვენი ახალი თავდაცვის მდივანი და ვინ დაიკავებს მეორე და მესამე პოზიციებს თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში. ეს აღმოჩნდება მნიშვნელოვანი სიგნალი თუ რა მიმართულებას აირჩევს ბაიდენის ადმინისტრაცია. დარწმუნებული ვარ, ბაიდენის ადმინისტრაცია გააქარწყლებს ყველა ეჭვს ევროპასა და ნატოში ამერიკული ვალდებულებების შესახებ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ის უარს იტყვის ადრე დაგეგმილ ბაზების სრულ ან ნაწილობრივ გაყვანაზე გერმანიიდან. _თქვენი აზრით, წამოიწევს თუ არა ანაკლიის პროექტის საკითხი, მით უფრო, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის უსაფრთხოების თემას განიხილავენ? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელი შეუშალა, ან ყოველ შემთხვევაში ხელი არ შეუწყო მის განვითარებას. საქართველოს მთავრობას რომ რეალურად ჰქონდეს ამ პორტის განვითარების სურვილი, ის ახლა მშენებლობის პროცესში იქნებოდა. ვფიქრობ, კრემლის გავლენა აქ მეტისმეტად იგრძნობა. _პომპეოს ვიზიტი რომ შევაჯამოთ, თქვენი აზრით, ეს ვიზიტი, უფრო შეიცავდა თუ არა ერთგვარ გზავნილს, რომ ამერიკა აქ არის და რეგიონიდან არსად წასულა? ჩვენ გვყავს შესანიშნავი დიპლომატები, რომლებიც მუშაობენ ჩვენს საელჩოში თბილისში და მათ სჭირდებათ სახელმწიფო მდივნის მხარდაჭერა. ამიტომაც მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს უფრო რეგულარულად უნდა ხდებოდეს. _ახალი კონფიგურაცია და ძალთა ბალანსი გაურკვეველს ხდის ყარაბაღში მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორის ბედს, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს. რა როლი შეუძლია შეიძლება ითამაშოს აქ თურქეთმა? იმედი მაქვს, თურქეთი გამონახავს გზას, რათა უზრუნველყოს, რომ „რუსი სამშვიდობოები“ დიდხანს არ დარჩნენ მთიან ყარაბაღში. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ვისურვებდი, რომ თურქეთმა გახსნას საზღვარი სომხეთთან, როგორც კეთილი ნების ნიშანი, უზრუნველყოს ეკონომიკური დახმარება და ხელი შეუწყოს თავისი როლის დემონსტრირებას სომეხი მოქალაქეების დაცვაში. სომხეთმა სერიოზულად უნდა გადახედოს მის დამოკიდებულებას კრემლზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. თავიდანვე ნათელი იყო, რომ კრემლი არ აპირებდა ხელი შეეშალა მთიან ყარაბაღში სომხური ძალების განადგურებისთვის - მათ არ ჰქონდათ სათანადო სამხედრო მომზადება. მიუხედავად ამისა, სომხეთი ნებას რთავს რუსულ ჯარებს იქ განლაგდეს. ვფიქრობ, სომხეთს სჭირდება ბევრად უფრო საიმედო მეგობარი, შესაძლოა თუნდაც აშშ-ს, თურქეთის და საქართველოს სახით.
მეთიუ ბრაიზა: მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა
მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. მეთიუ ბრაიზამ ინტერვიუს დროს, თეთრ სახლში მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. „2007 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა (ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფი, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების გზებს იძიებს), წინადადების სახით, სომხეთს და აზერბაიჯანს ძირითადი პრინციპები წარუდგინეს. ასეთი წინადადებები ეუთოს საგარეო მინისტრების შეხვედრაზე, მადრიდში იყო წარმოდგენილი, რომელსაც „მადრიდის პრინციპების“ სახელწოდებით ვიცნობთ. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერები ამ პრინციპებს, არაოფიციალურად დაეთანხმნენ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი დეტალი ისევ შეთანხმებას საჭიროებდა. საბოლოოდ, ეს დეტალები არასდროს შეთანხმებულა. აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ როგორც აღვნიშნე, მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება. ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა დაკავებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა „დროებით იურიდიულ სტატუსს“ და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. თუმცა, რაც შეეხება უკვე 10 ნოემბრის ხელშეკრულებას, რომელზეც ალიევი და ფაშინიანი მორიგდნენ, მეთიუ ბრაიზას თქმით, არსებითად „მადრიდის პრინციპებია“, რომელსაც გარკვეული დეტალები აზერბაიჯანის სასარგებლოდ დაემატა. „მანამდე და ომის დროს, სომხეთი „მადრიდის პრინციპებს“ არ დათანხმდა. საბოლოოდ, აზერბაიჯანმა მოიგო ომი და ამგვარად, თავის სასარგებლოდ მოიპოვა ბერკეტები ასეთი პრინციპების მოდიფიცირებისთვის“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
მეთიუ ბრაიზა: სირცხვილია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ აქტიური როლი ვერ შეასრულა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარებაში
„მთიან ყარაბაღზე მიღწეულმა შეთანხმებამ აშშ-ის მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ინტერესისა და აქტივობის ნაკლებობა აჩვენა“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა. ის თეთრ სახლში მუშაობის პერიოდს იხსენებს, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, რობერტ ქოჩარიანთან და ჰეიდარ ალიევთან. ბრაიზა ამბობს, რომ ეს საკითხი მაშინ აშშ-ის ჩარევის გარეშე ვერ გადაწყდებოდა, ახლა კი სირცხვილია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა აქტიური როლი ვერ ითამაშა. მისი ქმით, ივლისში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო მოქმედებებს დროს, გასაგები გახდა, რომ აშშ და სხვათა შორის საფრანგეთიც არ აპირებდა აქტიური როლის თამაშს იმაში, რომ დაძაბულობა ჩამცხრალიყო და ასეც მოხდა. მეთიუ ბრაიზას განცხადებით, ეს ქვეყნები ბოლომდე აქტიურები არ იყვნენ, როლის შესრულება კი თავის თავზე აიღეს რუსეთმა და თურქეთმა. საბოლოო ჯამში კი გადაწყდა, რომ სამშვიდობოები რუსეთიდან და თურქთიდან იქნებიან ადგილზე - ამ ფაქტს ამერიკელი დიპლომატი ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს, რადგან მიიჩნევს, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი, და სამხედროების რაოდენობით ნატოს რიგით მეორე სახელმწიფო, ბალანსს შეუწყობს ხელს. მეთიუ ბრაიზა აღნიშნავს, რომ მთიან ყარაბაღზე 10 ნოემბრის შეთანხმება ეყრდნობა პრინციპებს, რომლებიც მინსკის ჯგუფმა 2007 წელს მოამზადა. მისი თქმით, აშშ, რუსეთი და საფრანგეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების პროცესში დაეხმარნენ, რაზეც წინასწარი შეთახმება ამ ქვეყნების ლიდერების მხრიდანაც არსებობდა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს პროცესის ბოლომდე მიყვანა და ძირითადი პრინციპების დეტალებზე შეჯერება. როგორც ბუშის ადმინისტრაციის ყოფილმა სპიკერმა განაცხადა, ამ შეთანხმების ვერსია ითვალისწინებდა აზერბაიჯანის კონტროლის დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის მიმდებარე შვიდივე აზერბაიჯანის ოლქზე, რომელიც იმჟამად სომხეთს ჰქონდა ოკუპირებული; სანაცვლოდ, სომხეთი მიიღებდა "დროებით იურიდიულ სტატუსს" და საბოლოოდ, საბოლოო იურიდიულ სტატუსს, რომელიც განისაზღვრებოდა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების ხმით. ბრაიზამ აღნიშნა, რომ ეს ვერ და არ მოხდებოდა წარსულში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე. „ ...მაგრამ სამწუხაროა, რომ აშშ ამჟამად არ თამაშობს აქტიურ როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში“. მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ინტერვიუში მაიკ პომპეოს ვიზიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში - ამასთან, შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. „მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ არ შეხვდა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას. მან თქვა, რომ ყველამ, განსაკუთრებით ოპოზიციამ, არჩევის შემდეგ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო ცხოვრებაში და ფოკუსირდნენ იმ რეფორმებზე, რომლებზეც სურთ მუშაობა - განსაკუთრებით, საარჩევნო რეფორმაზე. როგორც ელჩმა აღნიშნა, სახელმწიფო მდივანს სჯერა, რომ არსებული დემოკრატიული მექანიზმების გამოყენება და მის გასაუმჯობესებლად მუშაობა მნიშვნელოვანია. ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის. მეთიუ ბრაიზას განმარტებით, როგორც აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, ასევე სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცნობიერებენ, რომ ამ უკანასკენლის გადაწყვეტილება არ შეხვედროდა ოპოზიციას საკმაოდ არაპოპულარული აღმოჩნდა ქართული ოპოზიციიისთვის, თუმცა დაამატა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერის დარჩენა თბილისში ოპოზიციასთან შეხვედრის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ისევე როგორც მაიკ პომპეოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებთან. რომ შევაჯამოთ, აშშ-ის გზავნილია, დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში. ამერიკას სჯერა, რომ მთავრობამ, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. არ ვიცი, რა წინადადებით ჩამოვიდა სახელმწიფო მდივანი საქართველოში, თუმცა აღვნიშნავ, რომ თავად ფაქტი, რომ ეს ვიზიტი შედგა, შესანიშნავია. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ღრმად პოლარიზებული გარემოს მიუხედავად, აშშ-ს სურს, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ამასთან, ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სურვილს, დაეხმაროს საქართველოს, ნატოსთან კავშირების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
თურქეთის ელჩი: თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად თვლის და ნატოში გაწევრიანებისკენ მის ამჟამინდელ ძალისხმევას სრულად უჭერს მხარს
ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მისი მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას, აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა. სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების ჯგუფი შევიდა. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას, რომ არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. ბაქო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების განთავსებას დათანხმდა. რუსეთის ჯარები გააკონტროლებენ ახალ გზას, რომელიც აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონის გავლით დააკავშირებს სომხეთს მთიან ყარაბაღთან. გარდა ამისა ფაშინიანი დათანხმდა, სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნას ახალი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანს დააკავშირებს დასავლეთით მდებარე მის ანკლავთან, ნახიჩევანთან. ამ დერეფანსაც რუსეთის სამშვიდობო ძალები დაიცავენ. შეთანხმებიდან ასევე ვიგებთ „ზავის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრში“ თურქეთის მონაწილეობაზე. ასევე როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, „რუსი და თურქი სამხედრო მოსამსახურეები განლაგდებიან ყარაბაღის სამშვიდობო ცენტრში“. რეგიონში მიმდინარე საკითხებზე, თურქეთზე როგორც ნატოს წევრი ქვეყნის როლზე ყარაბაღის პროცესებში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე „ევროპათაიმმა“ კომენტარი თურქეთის ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს სთხოვა. _მთიანი ყარაბაღის საკითხი რეგიონში მუდმივი არასტაბილურობის წყაროა. თურქეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (822, 853, 874, 884) შესაბამისად, სომხეთს 30 წლის განმავლობაში მოუწოდებდა, დაესრულებინა აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაცია. ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება დამაიმედებელი ნაბიჯია და შეუძლია გახსნას გზა საკითხის მდგრადი, ხანგრძლივი გადაწყვეტისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ რეგიონში სტაბილურობა სომხეთსაც სარგებელს მოუტანს. რეგიონში განვითარებული მოვლენები საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებში შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს. თურქეთი საქართველოს ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად აღიქვამს. თურქეთი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ მისწრაფების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ნატოში გაწევრიანებისთვის მის ამჟამინდელ ძალისხმევას“, - აღნიშნავს თურქეთის ელჩი. „აზერბაიჯანის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგზე. რუსეთთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს თურქეთის ჯარების ყოფნას ერთობლივ სამშვიდობო ცენტრში. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგთან დაკავშირებული ღონისძიებების დეტალები რუსეთის ხელისუფლებასთან განიხილება. თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა რეგიონში, 1952 წლიდან, რომელიც ყოველთვის უჭერდა მხარს ალიანსის თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რომელთა შორის არის სომხეთიც. არც თურქეთის ნატოს წევრობაა ახალი და არც ჩვენი მეზობლებისადმი ნატოს მხარდაჭერა“, - აცხადებს ფატმა ჯერენ იაზგანი. რაც შეეხება გენერალ ბენ ჰოჯესის ინტერვიუს ჩვენს გამოცემასთან, რომლის მიხედვით, ევროატლანტიკურ გზაზე დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე თურქეთია და რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატები ინფრასტრუქტურას და როტაციულ ძალებს გაზრდიდა, ამ საკითხთან მიმართებით „ევროპათაიმის“ შეკითხვას ელჩმა ასე უპასუხა: ეს საქართველოს შიდა საქმეა და ეხება ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.
ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატოში გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიიწვიონ
საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწვევა დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს. ამის შესახებ ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი Euobserver-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ამერიკელი გენერალი აღნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანთან უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობები უნდა ჩამოყალიბდეს. „უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ალიანსი თურქეთთან და ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის აშშ-ის საჰაერო ძალებისა და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით“, - წერს ბენ ჰოჯესი. „ეს იქნება კრემლისთვის გზავნილი, რომ ეს რეგიონი ჩვენი სტრატეგიული ინტერესის სფეროა, დასავლეთმა უნდა დაიცვას სამხრეთ კავკასია ვიდრე ჯერ კიდევ შესაძლებელია დიდი კონფლიქტის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. „გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად, დროებით შეწყდა სისხლიანი ომი, რამაც ყარაბაღისთვბის უფრო ნათელი მომავლის იმედი გააჩინა. ამ შეთანხმების თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელები რეგიონში სულ მცირე ხუთი წლით განთავსდებიან. მოსკოვს ახლა ჯარები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში - საქართველოში (მისი სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპირებულია 2008 წლიდან), სომხეთსა (საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დარჩენილი ბაზები) და ახლა აზერბაიჯანში ჰყავს განთავსებული“, - წერს ბენ ჰოჯესი. ბენ ჰოჯესმა „ევროპათაიმთან“ ინტერვიუში გამოთქვა იმედი, რომ აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით.
ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას. „ევროპათაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰოჯესი აცხადებს, რომ სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა, საკმაოდ გაიზარდა, შესაბამისად, საქართველომ და მისმა პარტნიორმა აშშ-მ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. _ბატონო გენერალო, ბოლო ინტერვიუ რომელიც თქვენთან ჩავწერეთ, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, ცუდი სცენარის განვითარებად, რუსეთის სამშვიდობოების განლაგება მიიჩნიეთ. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა მოხდა? _მისასალმებელია, რომ სამხედრო დაპირისირებები და განსაკუთრებით სამოქალაქო პირების მკვლელობები დასრულდა. ასევე მისასალმებელია, რომ აზერბაიჯანმა თურქეთის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში საომარი ქმედებების შეჩერების შესახებ. იმედი მაქვს, შეთანხმება გაგრძელდება და ორივე მხარე შეეცდება მის შესრულებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ სხვა ქვეყნებიც შეძლებდნენ სამშვიდობო მისიის განხორციელებას კრემლის ნაცვლად. ჩემი აზრით, იქ განლაგებული რუსული ძალები უფრო ოკუპანტებს წარმოადგენენ, ვიდრე მშვიდობისმყოფელებს, ისევე როგორც დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, სადაც სინამდვილეში „ტერიტორიის მპყრობელებად“ უფრო გვევლინებიან, ვიდრე მშვიდობის მყოფელებად. _რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს რეგიონში? როგორი იქნება თურქეთის და რუსეთის გავლენები კავკასიაში, რა თანაფარდობით და რა პერსპექტივებით? თურქეთმა აჩვენა, რომ შესწევს უნარი, გავლენა იქონიოს რეგიონზე; ასევე მოახდინა ზოგიერთი მისი შესაძლებლობის მაღალ დონეზე მოდერნიზაციის დემონსტრირება; დაგვანახა, რომ შეუძლია ხარისხიანი ტრენინგისა და კონსულტაციის უზრუნველყოფა, როგორც ეს აზერბაიჯანული ძალების შემთხვევაში გააკეთა. თუმცა ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, რა შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში ყოველივე ეს რეგიონში თურქეთისთვის. ფაქტია, თურქეთის გადმოსახედიდან, მისთვის საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია აღინიშნება. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, თურქეთი გამოიყენებს ამას პასუხისმგებელი და პოზიტიური მიდგომისთვის რეგიონში, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით, აგრეთვე იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთოს, რათა დაუპირისპირდეს კრემლის აგრესიას შავი ზღვის რეგიონის დანარჩენ ნაწილში. _რა ბედი ეწვევა ამ ახალი კონფიგურაციით, იმ მნიშვნელოვან მარშრუტებსა და კორიდორებს, რომლებიც გადის აღნიშნულ ტერიტორიებზე და აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს? ეს არის მთავარი სტრატეგიული კითხვა - ახალი გარემოებები ხელს შეუწყობს თუ პირიქით, ხელს შეუშლის აზერბაიჯანი-საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განვითარებას, რომელიც ევროპას ევრაზიასთან აკავშირებს; ეს არის ერთადერთი დერეფანი (გაზის, ტელეკომუნიკაციის და საჰაერო მგზავრობისთვის), რომელიც რუსეთზე და ირანზე არ გადის. ხოლო რუსული სახმელეთო ძალების, როგორც ოკუპანტების იქ ყოფნა, სავარაუდოდ, დადებითად არ აისახება დერეფნის განვითარებაზე. _საქართველოსთვის როგორც სატრანზიტო კორიდორის მქონე ქვეყნისთვის, რას მოიტანს ან შეცვლის ეს ყველაფერი? ზოგადად როგორ აისახება ეს ახალი ,,წესრიგი' მასზე? სომხეთში არსებული რუსეთის ბაზების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიასთან ახლოსაა განლაგებული, საკმაოდ გაიზარდა. ამრიგად, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა, როგორიცაა აშშ, ამას ყურადღება უნდა მიაქციონ. ვიმედოვნებ, აშშ გაზრდის საქართველოში თავის ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით როტაციული ძალების და სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების მხარდაჭერის კუთხით, ისევე როგორც შავ ზღვაში თავის წარმომადგენლობას. ეს არის ძლიერი სახელმწიფოების შეჯიბრის ნაწილი, რომლებიც ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ ეს რეგიონი ყველასთვის მნიშვნელოვანია. და ჩვენ ჩავდებთ ინვესტიციებს დიპლომატიაში, ინფორმაციასა და კერძო ეკონომიკაში, აგრეთვე გავაგრძელებთ თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით.
"თუ არ გავაძლიერებთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, დაუცველები და მოწყვლადები ვიქნებით ამ სიტუაციაში"
მთიან ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებები, შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი სამშვიდობოების ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს, არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის ხსენება, საზოგადეობაში, ერთგვარ ირონიას იწვევს. რა როლი ითამაშა აქამდე და როგორი იქნება ის მომავალში, ქმნის თუ არა კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალი რეალობა საფრთხეებს საქართველოსთვის, როგორი უნდა იყო ჩვენი პოზიცია, ამ და სხვა საკითხებზე, „ევროპათაიმი“ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ( 2014-2018), ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. - როგორ შეაფასებთ მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს, ომის დასრულებას, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, და როგორია რუსეთის როლი? - უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ მშვიდობა დამყარდა, უფროს სწორად შეწყდა ცეცხლი, მაგრამ ეს არ არის ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო გადაწყვეტა. დღევანდელი სტატუს-ქვო არის შემდეგი - აზერბაიჯანმა მოახერხა და დაიბრუნა ტერიტორიების ძალიან მნიშნელოვანი და სერიოზული ნაწილი, თუმცა ამავდროულად, რუსეთმაც დაიბრუნა თავისი სამხედროების ყოფნის უფლება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ობიექტი, რომელიც მათ კონტროლქვეშ იყო, კაბალის რადიოლოკაციური სადგურია, რომელიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის დროს დაიხურა და რუსეთის ძალებმა აზრბაიჯანის ტერიტორია დატოვეს. დღეს კი რუსეთმა მიიღო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება მშვიდობისმყოფელის მანტიით, იმ კონფლიქტში, რომელიც იმთავითვე მის მიერ იყო ინსპირირებული და შემდგომ პერიოდშიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მშვიდობა არ დამყარებულიყო. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელიც იარაღით ამარაგებდა, როგორც ერთ, ისე მეროე მხარეს. ასე რომ რეალობა გვაქვს ასეთი: გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მნიშნელოვანია იმით, რომ შეწყდა სისხლისღვრა (ყველაზე დიდი ტრაგედიაა, როცა ადამიანები იღუპებიან), მაგრამ გავითვალისწინოთ ის, რომ რუსეთმა მიიღო დამატებითი ბერკეტები რეგიონში, და ეს არის ბერკეტია- როგორც აზერბაიჯანზე, ასევე სომხეთზე ზემოქმედებისათვის. - ის რეალობა, რაც ახლა იქმნება კავკასიაში, რამდენად და როგორ აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე? - სატრანზიტო პოტენციალზე, თუ იმას ვგულისხმობთ, რომ ნახიჩევანისკენ იხსნება ვიწრო კორიდორი, ეს აბსოლუტურად სხვა რამეა. სხვათაშორის გასათვალისწინებელია, რომ ამ კორიდორს, ამ შეთანხმებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ჯგუფები გააკონტროლებს. ამიტომ ვერანაირად ვერ განვიხილავთ ამ ვიწრო დერეფანს, როგორც საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის გამოსაყენებელს. თუმცა საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომელიც გუშინ დამყარდა, რუსეთის გაძლიერება რეგიონში. საქართველოსთვის ძალიან ყურადსაღები უნდა იყოს ეს ფაქტორი. თუ არ გავაძლიერეთ აქტივობები და თუ ვერ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორების მეტად დაინტერესება საქართველოთი და საქართველოს უსაფრთხოებაში ვართ საკმაოდ დაუცველები და მოწყვლადი ამ სიტუაციაში. ამ ინტერესის გაძლიერება კი შეიძლება სწორედ, ისეთი პროექტებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს, ერთის მხრივ, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას (ამ მხრივ, ძალიან მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ისეთი პროექტი, როგორიც იყო ანაკლიის პორტი), და მეორეს მხრივ, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს დიპლომატიურ აქტივობაზე ნატოს ქვეყნებთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივ ფორმატში ვგულისხმობ, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, ისევე როგორც თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობებს. ეს არის შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რაშიც კიდევ უფრო უნდა გავვაქტიურდეთ და თავად ნატო, რომელში ინტეგრაციაც, საქართველოსთვის დღეს უაღრესად მნიშნელოვანია, მით უფრო როცა რუსეთი ძლიერდება ამ რეგიონში. - ახსენეთ ანაკლია, თქვენი აზრით რა ბედი ეწევა ამ პროექტს? განხორციელდება თუ არა მისი მშენებლობა, მითუფრო, რომ ახლა კიდევ უფრო დადასტურებულად წარმოჩინდა როგორი საჭიროა მსგავსი პროექტები ქვეყნის, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ უსაფრთხოების კუთხითაც? - ანაკლიის პორტი დღეს სამწუხაროდ შეჩერებულია, მაგრამ თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი ხელახლა დაიძრას და განხორციელდეს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ეს იქნება მისი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რითაც უნდა ვიყოთ დაკავებული, სწორედ მსგავსი პროექტების განვითარებაა. რაც უფრო მეტი საერთაშორისო აქტორის ინტერესი იქნება საქართველოში წარმოდგენილი, რაც უფრო მსხვილი კომპანიები იქნებიან ჩართულები, მით უფრო მეტი იქნება ჩვენი ქვეყნის დაცულობა. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ თავის დროზე, სწორედ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანმა და ბაქო-თბილისი-ერზუმმა განაპირობა ის, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოდან გავიდა. რომ არა ეს პროექტები, არც ეს არ მოხდებოდა. ასეთ პროექტებს არ აქვს მხოლოდ კომერციული მნიშვნელობა, ისინი თავიანთი პოლიტიკური დატვირთვით არიან მნიშვნელოვანნი. ჩვენს ინტერესებშია მსგავსი პროექტები განვითარდეს და საქართველო მაქსიმალურად მიმზიდველი გახდეს უცხოური ბიზნესისათვის, დღეს ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნია. დღეს ამას კიდევ უფრო მეტი მნიშნელობა აქვს, ვიდრე აქამდე. - რუსეთმა გაიმყარა პოზიციები იქ, სადაც სურდა, რამდენადაა აზრბაიჯანისთვის ეს გამარჯვება... - დღევანდელი გადასახედიდან, აზერბაჯანი ტერიტორიულად უკეთეს ვითარებაშია, ვიდრე იყო ორი და სამი თვის წინ, რადგან მან დაიბრუნა ეს ტერიტორიები, თუმცა ვიმეორებ რომ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა ამოიწურა. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნებია იმაზე, რამდენად მართებულად და ჯეროვნად შესრულდება მიღწეული შეთანხმება. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშნელოვანი თემაა, აქ რუსეთი ყველანაირად შეეცდება თავისი პოზიციები გაიუმჯობესოს. თუმცა აზერბაიჯანი რამდენად იქნება მოწყვლადი ყოველივე ამის მიმართ, დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ძლიერი და დაცული იქნება საქართველო. ამიტომ საქართველოს მნიშნელობა, რეგიონულ კონტექსტში კიდევ უფრო იზრდება და რუსეთის ინტერესი ჩვენს მიმართ, არ კლებულობს, ამიტომ ჩვენს დაცულობას დიდი მნიშნელობა აქვს. - როგორია თურქეთის როლი და მნიშვნელობა ამ კონფლიქტში? - თურქეთი თავისთავად ცხადია დაინტერესებული მხარეა და მას ეს არც დაუმალავს, თურქეთმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ დახმარებოდა აზერბაიჯანს. მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები იყო, რომ თურქეთი მიიღებს სამშვიდობო პროცესში მონაწილებას, უშუალოდ მშვიდობისმყოფელებთან დაკავშირებით, ჩანაწერი შეთანხმებაში არ არის. თუ ამის მიღმა არის კიდევ სხვა შეთანხმება, არ ვიცი, მაგრამ ამაში, საუბარია რუს სამშვიდობოებზე და არა თურქებზე. ვნახოთ რა ფორმით იქნება თურქეთი ჩართული. თურქეთისთვის მნიშნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანი, არამედ, სტაბილური და განვითარებული საქართველოც. ამ კონტექსტში, თურქეთი, ჩვენი შეურყევადი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთთან ორმხრივი თანამშრომლობა. - მაშინ როცა ითქვა რომ რუსი სამშვიდობოები შევლენ ყარაბაღში, ჩნდება ერთგვარი ,,დეჟავიუს’’ შეგრძნება საქართველოსთან მიმართებაში, მითუმეტეს, როცა ვკითხულობთ, რომ საუბარია 5 წელიწადზე, შემდგომი განგრძობის პერსპექტივით, პირველი, რაც გვახსენდება, დღეს რუსი სამშვიდობოების დანატოვარი კვალი, უდიდესი სამხედრო ბაზებია აფხაზეთში... - გეთანხმებით, შეუძლებელია ასეთი გრძნობა არ გაჩნდეს, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში, რადგან თუ შევხედავთ იმ მანდატს, რომელიც მას საქართველოში ჰქონდა, ეს მანდატი აფხაზეთის მხარეს იყო გაეროს მანდატი, ცხინვალის შმეთხვევაში, კი ეუთოსი. რუსეთმა ახლა რაც მოახერხა, არის ის, რომ მან საერთაშორისო ორგანიზაციების მიღმა, მხოლოდ და მხოლოდ მხარეების ხელმოწერით მიიღო ეს სტატუსი, რაც თავისთავად მოქმედების მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ანგარიშვალებულებას აძლევს. მეორე - თუ შევხედავთ, იმას, რამდენად სწრაფად მოხდა რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის პერედისლოკაცია, ვნახავთ, რომ ამისთვის ისინი მზად იყვნენ მანამ, სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერებოდა. ამისთვის რუსეთი, ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა, კარგად აკვირდებოდა სიტუაციებს, აკეთებდა შესაბამის გათვლებს, სცენარები მუშავდებოდა და ერთ-ერთი განხორციელებული ფაზა, ვნახეთ, ამ მოცემულობაში, შეუძლებელია დეჟავიუს შეგრძნება არ გაჩნდეს, ისედაც ცხადია, რომ ეს კონფლიქტები იმთავითვე რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული და მხარდაჭერილიც. - სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. რა იქნება ამ ვიზიტის მთავარი მესიჯი, მითუფრო იმ ფონზე რა პროცესებიც რეგიონში მიმდინარეობს? - ვიზიტი უდავოდ მნიშვნელოვანია როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ არსებული რეალობების გათვალისწინებით. დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახელმწიფო მდივანი ძლიერ გზავნილებს ჩამოიტანს როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიის განმტკიცებისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენოთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ინიციატივებიც შევთავაზოთ სტრატეგიულ პარტნიორს. სპეციალურად "ევროპათაიმისთვის"
პოლ გობლი: სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც საქართველოს დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობის შეტანა სურთ
ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი იმედოვნებს, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო არ გამწვავდება. ანალიტიკოსი ამ საკითხზე „ევროპათაიმს“ ესაუბრა. „დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდება. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომელთაც სურთ საქართველოში დემოკრატიულ პროცესებში გაურკვევლობა შეიტანონ და ზოგი სხვა ქვეყნებშიც წაახალისონ იგივეს გასაკეთებლად. ამ ყველაფერში პუტინის როლი დემოკრატიის განადგურებაა“, - განაცხადა პოლ გობლმა. მანამდე, „ევროპათაიმმა“ შეფასებები სხვა ექსპერტებსაც სთხოვა. ლუის ნავაროს განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მიზანი მხარეებს შორის მოლაპარაკებების წარმოებაა. ლინკოლნ მიტჩელი კი მიიჩნევს, რომ შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება კი ვითარებას მხოლოდ გააუარესებს.
ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს
ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს „ევროპათაიმთან“ აფასებს. „საქართველოში ჩატარებული არჩევნების დროს საკმარისი პრობლემები დაფიქსირდა იმისთვის, რომ ბევრს პროტესტი გამოეთქვა და გაბრაზებულიყო. შედეგებზე საბოლოოდ აისახა ხალხის ნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების იგნორირება უნდა მოხდეს. წყლის ჭავლის და მსგავსი ქმედებების გამოყენება ვითარებას მხოლოდ გააუარესებს“, - განაცხადა მიტჩელმა. სპეცრაზმმა გუშინ ცესკოს შენობასთან აქცია წყლის ჭავლით დაშალა. შსს-მ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები შეეცადნენ, შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში და ამის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. მმართველი პარტიიდან კი მომხდარს მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმთ,„პროტესტის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში სცადეს შეჭრა და სხვადასხვა ნივთს ესროდნენ პოლიციას, ამას კი საპასუხო რეაქცია მოჰყვა სამართალდამცველების მხრიდან. ოპოზიცია აქციას დღეს ისევ გეგმავს. პროტესტის მონაწილეები პარლამენტთან 18:00 საათზე შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ 22:00 საათიდან საქართველოში კომენდანტის საათი მოქმედებს.
ლინკოლნ მიტჩელი: ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით
ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევას საქართველოსთვის პოზიტიურ მოვლენად აფასებს. „ევროპათაიმთან“ საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას პოლიტიკას დაუბრუნდება. „ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ ვნახავთ იმ პოლიტიკისკენ მიბრუნებას, რაც ჰქონდათ ჯორჯ ბუშს და ბარაკ ობამას ამ რეგიონის მიმართ, ვგულისხმობ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს და განსაკუთრებით საქართველოს, ბაიდენს ესმის ეს რეგიონი კარგად და რეალურად ადარდებს უკრაინა და საქართველო, ანუ ეს კარგია საქართველოსთვის. აქვე დავამატებ ერთ რამეს, ბაიდენი არ არის ახალგაზრდა. 70-იანი წლებიდან პოლიტიკაშია. მისი პოლიტიკური მოსაზრებები ჩამოყალიბდა ცივი ომის დროს, როცა ის იყო ახალგაზრდა და თითქმის ორი ათწლეული გაატარა სენატში. მის გარშემო ასევე არის ხალხი ვინც, კარგად იცნობს რეგიონს, საქართველოს და კეთილგანწყობილნი არიან. ასე რომ, ჩემი აზრით, ბაიდენის პრეზიდენტობა ძალიან კარგი იქნება საქართველოსთვის და ახლა რომ თბილისში ვიყო, ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი ჯო ბაიდენის გამარჯვებით“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა. ლინკოლნ მიტჩელი „ევროპათაიმს“ შიდა პოლიტიკაზეც ესაუბრა. „არჩევნები კარგად არ ჩატარდა, „ქართული ოცნება„ წინ ვერ წავიდა დემოკრატიზაციის გზაზე, განსაკუთრებით არჩევნების საკითხში და ეს ძალიან სამწუხაროა. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შეიძლებოდა, უკეთესი არჩევნები ჩატარებულიყო. ისინი იგებდნენ, მოიგეს და იცოდნენ, რომ მოიგებდნენ, ამიტომ სამწუხაროა ის, რაც მოხდა, რადგან ეს ლეგიტიმიზაციას ართმევს არჩევნებს. რაც შეეხება ოპოზიციის არშესვლას პარლამენტში, ვეცდები რაც შეიძლება დელიკატური ვიყო, მაგრამ ეს სულელური გადაწყვეტილებაა - ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია გამოდიოდა განცხადებებით, რომ ისინი იგებდნენ, როცა მსგავსი განწყობა დასავლეთშიც კი არ იყო. ის ხალხი, ვინც საქართველოს თემებზე მუშაობს, დარწმუნებული იყო რომ „ოცნება“ იგებდა ამ არჩევნებს. ოპოზიციამ შექმნა არასწორი მოლოდინი და ეს არ იყო სწორი, იფიქრეს რომ რევოლუცია მოხდებოდა რაც არ მოხდა და რა არის ახლა გამოსავალი, ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს. „ქართული ოცნება“ არის დემოკრატიზაციაზე პასუხისმგებელი. გასაგებია, რომ სააკაშვილის მოწოდებები რევოლუციისკენ, ძირს უთხრის დემოკრატიას, მაგრამ სააკაშვილი არ არის მთავრობაში, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ქვეყნის დემოკრატიზაციაზე. რეალურად უნდა ეცადონ, რომ უკეთესი არჩევნები ჩაატარონ. რეალურად უნდა წაიყვანონ ქყვეყანა უკეთესი დემოკრატიისკენ. რაც შეეხება პარლამენტს, თუ მათ უნდათ ბოიკოტი მოახდინონ, გამოსავალი ოცნებისთვის არის, რომ ქვეყანა მართონ კარგად, დაეხმარონ ეკონომიკას ზრდაში, შეაჩერონ კოვიდის გავრცელება, უკეთესი გახადონ ქართველი ხალხის ცხოვრება“, - განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.