ინტერვიუ
რატომ უწოდებდა ევროპული პრესა აკაკი ხოშტარიას ირანის არაფორმალურ მმართველს
საზოგადოების დიდმა ნაწილმა აკაკი ხოშტარიას სახელი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ულამაზესი სასახლის ფოტოების გავრცელების შემდეგ შეიტყო, რადგან სასახლის აშენებას, ემოციურ ისტორია უკავშირდება. 1915 წელს ქართველმა ბიზნესმენმა და ცნობილმა მეცენატმა, იტალიელი არქიტექტორები მოიწვია და საკუთარ დედას, მშობლიურ სოფელში, სუჯუნაში, ულამაზესი სასახლე აუშენა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და ემოციურია თავად აკაკი ხოშტარიას ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. Europetime ქართველი მეცენატის მოღვაწეობის უცნობ დეტალებზე აღმოსავლეთმცოდნეს, გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა. როგორც გიორგი ლობჟანიძე გვიამბობს, სწორედ აკაკი ხოშტარიამ დააფინანსა, ნიკო ნიკოლაძის ორგანიზებით დაწყებული საქართველოს რკინიგზის ნაწილის მშენებლობა. 1920 წელს, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა მის სახელს უკავშირდება. მან შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში. 1907 წლიდან ის აფინანსებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტი გახდა. აკაკი ხოშტარიამ დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას, მთელს შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე. მისი უშუალო დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან რაც მის დამსახურებებს მიეწერება და არა მარტო საქართველოში. ირანში პირველი რკინიგზა სწორედ აკაკი ხოშტარიამ გაიყვანა და სხვა დიდ მიღწევებთან ერთად ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენები მოიპოვა. „გამორჩეული თვისებებისა და ბედისწერის კაცი იყო აკაკი ხოშტარია, რომლის სახელსაც საქართველოში თითქმის ტაბუ ჰქონდა დადებული დიდი ხნის განმავლობაში და ალბათ, მისი შთამომავლებისა და მემკვიდრეების გარდა, არც არავინ ახსენებდა. საბჭოთა ხელისუფლება აკაკი ხოშტარიას სახელის ხსენებას იმდენად გაურბოდა, რომ თავის დროზე, მის მიერ აუქციონზე შეძენილი და შემდეგ, ემიგრაციაში წასვლის წინ, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ანდერძით ქართველი ხალხისათვის გადაცემული დავით სარაჯიშვილისეული სასახლე, დღევანდელი მწერალთა სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის შემოწირულობად ცხადდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე. აკაკი ხოშტარიას გამდიდრების საბედისწერო ისტორია პირველი ქართველი ნავთობმაგნატის და როგორც მას უცხოური პრესა უწოდებდა, მაშინდელი ირანის „არაფორმალური მმართველის“ აკაკი ხოშტარიას გამდიდრების ისტორია, ზღაპრების პერსონაჟების თავგადასავალს მოგაგონებთ. აკაკი ხოშტარია ღარიბი აზნაურის, დადიანების მოურავის მეთოდე ხოშტარიას შვილი იყო. პეტერბურგში განათლების მიღების შემდეგ, გაგრაში პრინც ოლდენბურგთან მსახურობდა ფინანსების მმართველად. როგორც გიორგი ლობჟანიძე მოგვითხრობს, თ. კვაჭაძე მოგონებში წერს, რომ აკაკი ხოშტარია ახალგაზრდობაში ფოთელ მეწვრილმანეს, ვინმე ზოდელავას დაუმეგობრდა და მასთან ერთად ოდესაში ნავთის გადასაყიდად გამგზავრება გადაწყვიტა. პატარა სავაჭრო გემით გაემგზავრნენ. ტუაფსესთან გემი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა და ოდესის ნაცვლად თურქეთში აღმოჩდნენ. სასწაულებრივად გადარჩენილმა ხოშტარიამ და ზოდელავამ ნავთი თურქეთში დიდ ფასად გაყიდეს, რადგან იმდროინდელ თურქეთში ნავთზე დიდი მოთხოვნა ყოფილა. თურქეთში სარფიანი ვაჭრობის შემდეგ, შემდგომი საქმიანობისათვის კარგი კაპიტალი დააგროვეს და აკაკი ხოშტარია პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრა. იქაური ნავთობმრეწველის მუსა ნაგიევისაგან ნავთობსარეწი დანადგარები იყიდა, მერე ბათუმში დაბრუნდა, სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო. აკაკი ხოშტარიას კაპიტალი და გავლენები კავკასიასა და ირანში. რატომ უწოდებდა მას ევროპული პრესა ირანის არაფორმალურ მმართველს გიორგი ლობჟანიძის ცნობით, იმ დროისათვის აკაკი ხოშტარიას გავლენა და მნიშვნელობა სპარსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში იმდენად დიდი იყო, რომ 1924 წელს ბერლინში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი „რულის“ კორესპონდენტი ვლადიმერ ნენგინსი ერთ-ერთ სტატიაში „ირანის უგვირგვინო შაჰსა“ და „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს“ უწოდებდა. როგორც Europetime-ს გიორგი ლობჟანიძემ უამბო, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი, მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერს: „ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროს საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო“ (Русско-персидское нефтеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ და მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“. ფირმა „რეპენტოს“ გარდა, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია ხოშტარიას თურქულ-სპარსული ბანკი, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდა მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან. „1913 წელს კი მან 99-წლიანი კონტრაქტი დადო ირანის ჩრდილოეთის მიწათმფლობელებთან და დააარსა კომპანია „პერსლესი“, რომლის კაპიტალიც რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ააშენა საკუთარი საამქროები, ელექტრონზე მომუშავე ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „თალრუდი“, რომელსაც ხის მორების გადასაზიდად იყენებდა. ეს იყო პირველი რკინიგზა ირანში, რითაც აკაკი ხოშტარიამ ირანის შაჰის კარზე წარმოუდგენელი გავლენა მოიპოვა 1914 წელს აკაკი ხოშტარიამ თეირანსა და ფეჰლევს შორის დააარსა სატრანსპორტო კომპანია. ის იყო პირველი, ვინც სპარსეთში შეიყვანა ავტომობილი „ფორდი“, რომელსაც ოქროს ფრთები `ამშვენებდა~ და ეს მანქანა საჩუქრად გადასცა ყმაწვილ აჰმად შაჰს“, - აღნიშნავს აღმოსავლეთმოცდნე. რატომ შეუკვეთა ეგვიპტელ სპეციალისტებს თავისი მეუღლის ცხედრის მუმიფიცირება და ვის აუშენა აკაკი ხოშტარიამ ქართული ეკლესია თეირანში აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე იმ ემოციას იხსენებს, როდესაც თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე უძველეს სასაფლაოზე ქართული საყდარი აღმოაჩინა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ინფარქტით გარდაცვლილ 43 წლის მეუღლეს აუშენა. „თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს უძველესი ქრისტიანული სასაფლაო „დულაბი“, რომელიც დღეს რუსული ეკლესიის ტერიტორიას წარმოადგენს. საყდარი, რომელიც სიონის ტაძრის ზუსტ მაკეტს წარმოადგენს, 1924-1926 წლებით თარიღდება და ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მაშინ სასაფლაოს შესასვლელში აგებულმა პატარა საყდარმა მიიქცია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშად მომეჩვენა და ეს პირველი შთაბეჭდილება მოგვიანებით სრული სიმართლეც გამოდგა. თეთრი, თლილი ქვით აგებული პატარა საყდარი მაშინ ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო – ნაგვითა და ღორღით სავსე, გვერდზე გადახრილიყო და შესასვლელში სპარსულად და ინგლისურად ეწერა: „სახიფათოა!“- შიგნით 43 წლის მინადორა თურქია-ხოშტარია (1881-1924) განისვენებს. ცნობილია, რომ ეს პატარა სამლოცველო ქართული სასულიერო ტრადიციული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. საყდარ-სამლოცველო მეუღლის საფლავზე, მისი სულის საოხად, აუგია მაშინდელი ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს – აკაკი ხოშტარიას“, - მოგვითხრობს აღმოსავლეთმცოდნე. მისივე ცნობით, აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე, მინადორა თურქია ფოთში მსახურობისას გაიცნო. „მინადორამ მთელი სიცოცხლის მანძილზე ღირსეული მეგობრობა გაუწია და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში. ის იყო დიდი მრეწველის, ფოთის სახალხო ბანკის მმართველის ქალიშვილი. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვისპირეთის ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებთანაც. მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს თეირანში ინფარქტით გარდაიცვალა. მისი სხეული ეგვიპტელმა სპეციალისტებმა მუმიად აქციეს და დულაბის სასაფლაოზე სამლოცველოს აგებამდე და იქ დაკრძალვამდე კარგა ხანს ინახებოდა აკაკი ხოშტარიას კერძო მამულებში. აკაკის და მინადორას შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა – მუსინკა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე გათხოვდა და ქალიშვილი – თამარი შეეძინა. ამჟამად თამარი მამასთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. თვითონ აკაკი ხოშტარიაც საფრანგეთში გარდაიცვალა 59 წლისა, სრულიად ბანალური მიზეზით. სასტუმროში სადილობისას ღომის ქერქმა ყელი (სასულე) გაუკაწრა. დიაბეტით დაავადებულს შეშუპება დაეწყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პარიზში პერლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. აკაკი ხოშტარია იყო ფართო განათლების, იშვიათი შემწყნარებლური ბუნებისა და მოსიყვარულე, ლმობიერი გულის ადამიანი. ცდილობდა ყველასთვის გაეწია დახმარება და უშურველად ამოსდგომოდა მხარში ყველა სასიკეთო ინიციატივას. მის ცხოვრებაზე დაკვირვება კი იმასაც ცხადყოფს, რომ მიუხედავად მისი საქმიანობის ვრცელი გეოგრაფიული არეალისა და იმისა, რომ, ბედის უკუღმართობით, სამშობლოში ყოფნა იშვიათადღა უწევდა, აკაკი ხოშტარიას მოღვაწეობის ძირითადი ინტერესი საქართველოსა და მის მომავალზე ზრუნვით იყო შეპირობებული“, - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას გიორგი ლობჟანიძემ.
ბენ ჰოჯესი: კრემლი არ მალავს უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ექსტრემიზმის პოტენციურ ზრდაზე, ალბათ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, თუმცა არ თანაუგრძნობენ აშშ-ს და ჩვენს მოკავშირეებს
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ავღანეთში აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ავღანეთში შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მის გავლენაზე დანარჩენ რეგიონსა და საქართველოზე, აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს „პრიორიტეტული მიზნების“ განხორციელებაში დაეხმარება. ამ კონტექსტში, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ინტერვიუში ასევე მიმოიხილავს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს. _ბატონო გენერალო, ჩვენს ინტერვიუში თქვენთან ვრცლად მიმოვიხილეთ ავღანეთის საკითხი - უნდა დაეტოვებინა თუ არა ამერიკას ავღანეთი. ჩვენ ვნახეთ როგორც განვითარდა პროცესები, ელვის სისწრაფით და დრამატულადაც გარკვეულწილად... როგორ შეაფასებდით, პირველ რიგში, ავღანეთის დატოვებას მოკავშირეების მიერ და შემდეგ ასეთი ფორმით დატოვებას? ფორსმაჟორულ პირობებში, 20 წლის შემდეგ... მე ვეთანხმებოდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. უფრო დიდხანს დარჩენა დრამატული ცვლილებების გარეშე საერთო სტრატეგიისთვის, არასოდეს შეცვლიდა საბოლოო შედეგს. თუმცა ადმინისტრაციას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკეთ მომზადებულიყო ლტოლვილთა დიდი რაოდენობისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად ან ჩვენთვის მუშაობდნენ. ასევე, ადმინისტრაციას უნდა გაევლო კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, გაყვანის გრაფიკთან დაკავშირებით. და მაინც, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მფრინავების, ჯარისკაცების, საზღვაო ქვეითებისა და იქ მყოფი დიპლომატების გამბედაობა, რომლებმაც ფაქტობრივად სისრულეში მოიყვანეს ეს პროცესი. _„თალიბანის“ ხელში აღმოჩენილი ავღანეთი 20-წლიანი პერიპეტიების შემდეგ, რაზე მიანიშნებს, რა გაკვეთილია და გამოცდილება ამერიკელებისთვის? ჩვენ დავუშვით რამდენიმე შეცდომა და პირადად მე ვიყავი ამ შეცდომების ნაწილი. პირველ რიგში, ჩვენ/მე ვფიქრობდით, რომ პაკისტანი იყო მოკავშირე. რასაკვირველია, ეს ასე არ იყო და ჩვენ ძალიან დიდხანს ვუკეთებდით იგნორირებას ამის გამაფრთხილებელ ნიშნებს. მეორე რიგში, ჩვენ დავუშვით უზარმაზარი შეცდომა, როდესაც გადავერთეთ ერაყზე ზუსტად იმ დროს, როდესაც ვგეგმავდით ავღანეთში პირველადი მისიის დასრულებას. მესამე, აშშ-ის მთავრობას უნდა დაეწესებინა გადასახადი ყველა ამერიკელ მოქალაქეზე, რომ დაფარულიყო ავღანეთსა და ერაყში გაწეული ომის ხარჯები... ამერიკელთა უმრავლესობას ეს ომები არ შეხებია, გარდა მათი, ვისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ მისიებში ან ცხოვრობდნენ აშშ-ის სამხედრო ბაზების სიახლოვეს. შედეგად, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ კონგრესზე იყო ძალიან მცირე იმისთვის, რომ ეს ომები ან მოგვარებულიყო, სწორად წარმართულიყო ან სულაც დასრულებულიყო. მეოთხე, ჩვენ დავუშვით შეცდომა იმ მოდელში, რომელიც გამოვიყენეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარებისთვის; ანუ გავაკეთეთ ისე, რომ დაგვმსგავსებოდნენ ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ჩვენსავით უნდა ჰქონოდათ დიდი რაოდენობით საცეცხლე ძალა, საჰაერო მხარდაჭერა, უსაზღვრო ლოგისტიკა და ათასობით კონტრაქტორი, რათა უზრუნველყოთ ამ რაოდენობის ტექნიკის მოვლა და შენახვა. ეს მოდელი ჩამოიშალა, როცა ჩვენ დავიწყეთ გასვლა. მე ვერ შევძელი ამის გაცნობიერება, როდესაც იქ ვმსახურობდი, რადგან ვხედავდი კარგ, პროფესიონალ ავღანელ ოფიცრებს. ვერ გავაცნობიერე ასევე ის, რასაც სინამდვილეში ვხედავდი საკუთარი თვალებით - საუკეთესო ავღანური ერთეული ძალიან გავდა თალიბებს - პიკაპებით, ჩაფხუტების გარეშე, აშშ-ის არმიის მწვანე ბერეტიანი ვიცე-პოლკოვნიკის წინამძღოლობით. და ბოლოს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საწყისი მიზნის ხედვა, რაც მდგომარეობდა ავღანეთში ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მოწყობისთვის ხელის შეშლაში. გადაწყვეტილება, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი ავღანელებისთვის გადაგვეცა, მოგვიანებით მივიღეთ. ამიტომაც დავრჩით ავღანეთში 20 წელი, იმის მცდელობაში, გაგვეკეთებინა ის, რაც თავდაპირველად არ გვქონია დაგეგმილი და რაც არასოდეს განუმარტავს არც ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკელი ხალხისთვის. _ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული ავღანეთის პროცესებში? რა საფრთხეებს შეიცავს „თალიბანის“ მმართველობა? ხომ არ იქნება ეს პროცესები ხელისშემწყობი ფაქტორი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდის? ხომ არ კონსოლირდება კიდევ უფრო მეტად რუსულ-ჩინური გავლენები? მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად წამგებიან მდგომარეობაში ავღანელი ხალხი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ქალები და გოგოები. პაკისტანი აუცილებლად ინანებს იმას, რომ მხარს უჭერდა „თალიბებს“, რადგან მათ ახლა ბევრად უფრო მეტი ლტოლვილი ჰყავთ ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად არასტაბილური სიტუაცია დასავლეთ საზღვარზე. ჩინეთი პასუხს აგებს ავღანეთში მინერალური რესურსების დაცვასა და წვდომაზე. მათ საერთოდ არ ადარდებთ ავღანეთში ადამიანის უფლებები, თუმცა მათი შეშფოთების საგანი იქნება უიღურების მოსახლეობაზე ისლამისტი ექსტრემისტების გავლენის ზრდა. კრემლი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ისლამური ექსტრემიზმის ზრდის პოტენციალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი არ თანაუგრძნობენ აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს. _საქართველოს ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის, იქცეს სატრანზიტო კორიდორად და ჰაბად აზია ევროპას შორის. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთის მოზიდვა საქართველოს გავლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ავღანეთში შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გაზრდილი რუსული გავლენები აისახება თუ არა დანარჩენ რეგიონზე და საქართველოზეც, თუნდაც კონკრეტულად ამ მიმართულებით? ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე იქონიებს გავლენას, თუმცა მე უფრო მაფიქრებს სერიოზული ძალისხმევის არარსებობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს დასავლური ინვესტიციებისთვის. არადა, იმდენი პოტენციალი გაქვთ, რაც სათანადოდ არ გამოყენებულა შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო. _ბატონო გენერალო, გასაგებია ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყანაში ცვლილება ხალხს უნდა უნდოდეს და ილტვოდეს და იბრძოდეს უკეთესისკენ... მაგრამ ხშირად, ამა თუ იმ მიზეზების გამო, (თავსმოხვეული მახინჯი წესების, დეზინფორმაციის) რომელიც ამ ეპოქაში ფაქტიურად ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილიცაა, ვერ ახერხებს თვითგამოხატვას, პროტესტს, ბრძოლას.. პანდემიამ თითქოს უფრო დაჰყო მსოფლიო, როცა უფრო უნდა გაერთიანებულიყო.. რუსეთთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან გამკლავება ერთგვარად პანდემიასთან ბრძოლას ჰგავს... ან ერთიანდები და ამარცხებ იმას, რამაც შეიძლება ხვალ შენც გიმსხვერპლოს, ან იკეტები საკუთარ ნაჭუჭში და მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობ, რაც დროებითია, რადგან ახალი ძალით და მუტაციით მოგაგნებს და არ მოგცემს სიმშვიდის საშუალებას...ხომ არ დადგა დრო ევროკავშირმა, NATO-მ იმ ქვეყნების ძალისხმევა, ვინც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, უფრო ქმედითად წაახალისონ? ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი, ხოლო უკრაინა უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზაზე NATO-ს წევრობისკენ. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ახლავე უნდა გაკეთდეს საქართველოს და უკრაინის მიერ ქვეყნის შიგნით, ხოლო აშშ-ის მხრიდან, ეს იქნება სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის. ვიდრე აშშ არ შეიმუშავებს ასეთ სტრატეგიას დიპლომატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებისთვის აუცილებელი პოლიტიკით საქართველოსა და უკრაინაში, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რომ ის მალე იქნება. საქართველომ უფრო მეტი უნდა მოიმოქმედოს, რათა გააუმჯობესოს წინააღმდეგობის უნარი კრემლის დეზინფორმაციისა და უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ გასული წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი არსებითი გაკეთებულა. _რჩება განცდა, რომ ევროპას ავღანეთის თემიდან ყველაზე მეტად ლტოლვილების საკითხი აღელვებს... სწორედ ამ სენსიტიური საკითხის გამოც, დასავლეთში ულტრარადიკალური ძალები პოპულისტური ლოზუნგებით მოდიან სათავეებში... რაც შემდეგ კიდევ უფრო სხვა პრობლემებს წარმოშობს.. პრობლემა ლტოლვილებში, უკანონო მიგრაციაში, ნარკოტრაფიკსა და ტერორიზმში, თუ უფრო კომპლექსურია, და ტირანიული სახელმწიფოს გაძლიერებაშია? ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპული ერები, ისევე როგორც აშშ, შეშფოთებულნი არიან ლტოლვილთა ნაკადით და მისგან გამომდინარე შედეგებით. და ზოგიერთი ნაციონალისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი შეეცდება, გამოიყენოს ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ავღანეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავხსნათ ჩვენი კარი და ვიპოვოთ გზები, რათა რაც შეიძელბა მეტი მათგანი დავაბინაოთ. ბევრი მათგანი, ვინც ავღანეთი დატოვა, არის განათლებული, პროფესიონალი და შრომისმოყვარე,ზუსტად ისეთი ქალები და კაცები, რომლებიც ჭირდებიან ჩვენს ქვეყნებს. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ისევე როგორც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. მანამდე სენატორმა რობ პორტმანმა ჩვენთან განაცხადა, რომ მუშაობა მიდის ამერიკის საფინანსო ინსტიტუტის გახსნაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ამერიკასთან. რაზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის განხორციელება და განხორციელების ტემპი? ეს ძირითადად დამოკიდებულია ორ რამეზე: პირველი არის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის, რომელიც მიმართული იქნება დიპლომატიური, ეკონომიკური, პრიორიტეტული მიზნების, ასევე სამხედრო მოსაზრებების გადაწყვეტაზე. ეს სტრატეგია აუცილებელია, თუ ჩვენ ვაპირებთ დროის და ფულის გონივრულად ინვესტირებას. მეორე არის ის, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტიციებისთვის. ეს არის ფინანსური და იურიდიული ოპერაციების გამჭვირვალობა, ბიზნეს ინვესტიციების და საბანკო საქმიანობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, იმის გარანტირება, რომ თანხები არ გაიფლანგება ან უკანონოდ არ იქნება გადამისამართებული რამდენიმე ოლიგარქის ანგარიშებზე, რომლებიც ნამდვილად არ არიან დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების გაუმჯობესებული მომავლით.
რას გულისხმობს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენცია და როგორ იცავს ის დიპლომატებს
ე.წ. ფარულ ფაილების საქმეს ევროკავშირი მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან 5 დღის შემდეგ გამოეხმაურა და მას ძალიან სერიოზული საკითხი უწოდა. ამავდროულად განაცხადა, რომ ამ თემას ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში განიხილავს. უფრო კონკრეტულად, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თანაშემწემ პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა: „ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომლებიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში. ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ დროისთვის მეტს ვერ ვიტყვით“. Europetime დაინტერესდა, რას ითვალისწინებს ვენის კონვენცია და რას ნიშნავს ის დიპლომატიურ ურთიერთობებში. როგორც საქართველოს ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე Europetime-თან აცხადებს, ვენის კონვენციით, ყველა დიპლომატიური მისია თავისი თანამშრომლების ჩათვლით დაცულია ადგილსამყოფელი ქვეყნის მხრიდან, ნებისმიერი სამართლებრივი დევნის, შევიწროების, მათ შორის მიყურადებისა და თვალთვალისაგან. „მე არ ვამბობ, რომ ქვეყნები ამას არასდროს აკეთებდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად, საკუთარ ქვეყანაში დიპლომატიურ მისიებს ავტორიტარულ ქვეყნებში უსმენდნენ, ან ქვეყნებში, სადაც ამ დიპლომატიურ მისიას განიხილავენ მტრული ქვეყნის წარმომადგენლად. ყველა შემთხვევაში, ეს არის გამოვლინება ერთი მხრივ, საერთაშორისო სამართლის დარღვევისა, უპატივცემულობისა და იმ ქვეყნის მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებისა, რომლის დიპლომატიურ წარმომადგენელს უკანონოდ უსმენენ. ეს არის დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ოფიციალურად, ეს ურთიერთოები არის პარტნიორული და მეგობრული“. როგორც ცნობილია, ამ საკითხს მხოლოდ ვენის კონვენცია არ არეგულირებს, როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი Europetime-თან აცხადებს, ყოველ ჯერზე, როდესაც მყარდება დიპლომატიური ურთიერთობა; როდესაც იხსნება უცხო ქვეყნის საელჩო, თითოეული ქვეყანა აძლევს უსაფრთხოების და დიპლომატიური იმუნიტეტის გარანტიებს ახალი საელჩოს გახსნისას შესაბამის ქვეყანას. „თითოეული დიპლომატის, ელჩის აკრედიტაციისას, ქვეყნები ერთმანეთს უდასტურებენ სწორედ ამგვარ პრივილეგიებს, რომ მიმღები ქვეყანა ყველანაირად იცავს უფლებებს და უცხო ქვეყნის დიპლომატის, განსაკუთრებით, ელჩის იმუნიტეტს. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მიერ არის დარღვეული. მე არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თითქოს, გამოვრიცხავ, სხვა ქვეყნები უსმენდნენ დიპლომატებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მეგობრული ქვეყნების მხრიდან ამის გაკეთება სრულიად მიუღებლად ითვლება და თუ ამას აკეთებენ, ისე აკეთებენ, რომ საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. როდესაც საქართველო უსმენს თავისი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს, ამით ნეგატიურ მესიჯს გზავნის და მეორე წესი არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, არ უნდა მოუსმინო, არ უნდა უთვალთვალო და არ უნდა გამოგიჭირონ რომ უსმენ“. რას ნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენლის მინიშნება ნაბიჯების გადადგმაზე, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „პირველ რიგში, ეს მიუთითებს უნდობლობის ზრდაზე. „ეს უნდობლობა საქართველოს მიმართ ნელ-ნელა ჩამოყალიბებულია“, - აღნიშნავს დიპლომატი და ამის ერთ-ერთ მაგალითად ბელარუსის უშიშროების კომიტეტთან ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმების გაფორმება მოჰყავს. „ის იმიჯი, რომელიც საქართველოს ჰქონდა, პროევროპული, პროდასავლური კურსის მქონე დემოკრატიის ავად თუ კარგად მშენებელი ქვეყნისა, სამწუხაროდ, დასავლეთში სერიოზულად არის შელახული და ახლა უკვე იქნება საკითხი პირდაპირ აბსოლუტური უნდობლობისა, რადგან როგორც აღმოჩნდა, პარტნიორი ქვეყნების ელჩებსაც უსმენენ და ამ ფაქტს საიდუმლოდ ვერც კი ინახავენ“, - აღნიშნავს გიორგი ბადრიძე. დიპლომატი მოსმენების შესახებ კონკრეტული ქვეყნების მაგალითებსაც იხსენებს: „ყველაზე კარგი მაგალითია, როგორ უსმენდნენ აშშ-ის საელჩოს საბჭოთა კავშირში და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ რუსეთშიც ასე ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მთავრობამ მრავალი წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, ამერიკის ელჩისთვის გადაცემული საჩუქარი, ხეზე ამოტვიფრული ღერბი, რომელიც წლების განმავლობაში ეკიდა ელჩის კაბინეტში, წარმოადგენდა მოსასმენ მოწყობილობას და ის დღეს ინახება შეერთებულ შტატებში, შესაბამის მუზეუმში. მეორე მაგალითია, როდესაც შეერთებულმა შტატებმა თითქმის აშენებული საელჩო მთლიანად დაშალა რუსეთში, როდესაც მის სტრუქტურაში აღმოაჩინა, რომ კედლებში იყო ჩამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები. ხაზს ვუსვამ, ეს ეხებოდა ცივი ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში არამეგობრულ ქვეყნებს“. ცნობისთვის, სახელმწიფოები, ვენის კონვენციის მხარეები აღნიშნავენ, რომ ყველა ქვეყნის ხალხები ოდითგანვე ცნობენ დიპლომატიური აგენტების სტატუსს, მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებსა დაპრინციპებს-სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას, საერთაშორისო მშვიდობისა დაუშიშროების მხარდაჭერას და სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარებისათვის ხელშეწყობას; დარწმუნებული არიან, რომ დიპლომატიური ურთიერთობის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ საერთაშორისო კონვენციის დადება ხელს შეუწყობს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობის განვითარებას მათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების განსხვავების მიუხედავად, შეგნებული აქვთ, რომ ასეთი პრივილეგიები და იმუნიტეტები ენიჭებათ არა ცალკეულ პირთა მხრივ გამორჩენის მიზნით, არამედ იმისათვის, რომ ნაყოფიერად აღასრულონ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა, როგორც სახელმწიფოთა წარმომადგენელი ორგანოების ფუნქციები;ადასტურებენ, რომ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმები კვლავაც დაარეგულირებენ საკითხებს, რომლებსაც უშუალოდ არ ითვალისწინებს ამ კონვენციის დებულებანი. შეგახსენებთ, 12 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა ე.წ. ფარული მასალები, რომლებიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირების, ჟურნალისტების და ასევე რიგი ქვეყნების ელჩების მოსმენას უკავშირდება. მისი შინაარსი რიგმა პოლიტიკოსებმა და სასულიერო პირებმაც დაადასტურეს. ავთენტურობა ოფიციალურად დადგენილის არ არის, პროკურატურამ 14 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო.
უინსტონ ჩერჩილის ერთადერთი ქართველი მრჩეველი - ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ქართველი პოლკოვნიკის საიდუმლოებით მოცული ისტორია
როდესაც შემთხვევით კითხულობ ამბავს - უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩეველი და დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი, ასეთი ისტორიის მიმართ გულგრილი ვერ დარჩები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი როლი თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე და მისი დაპირისპირება ლავრენტი ბერიასთან. ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსების გარდა, მერაბ კვიტაშვილი იყო სამთო ინჟინერი და 1963 წელს რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორი. ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა, სადაც ნიკო რაჭველის ფსევდონიმით ცხოვრობდა. ის ასევე იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი. Europetime-ს მერაბ კვიტაშვილის საიდუმლოებით მოცულ და მრავალფეროვან ცხოვრებაზე ისტორიკოსი, ქართული ემიგრაციის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რუსუდან დაუშვილი ესაუბრა, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩევლის ბიოგრაფიის და საქმიანობის კვლევაზე. მერაბ კვიტაშვილის გზა ჩერჩილის პირად გარემოცვამდე მერაბ კვიტაშვილი 1902 წელს დაიბადა. მამამისი, სიმონ კვიტაშვილი იმ დროის ცნობილი ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას ნავთობკომპანიის ერთ-ერთი დირექტორი იყო ბაქოში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი სწორედ ბაქოში გაიზარდა. 1918 წელს, თბილისში, ახალ დაფუძნებულ უნივერისტეტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სიმონ კვიტაშვილმა ნავთობ მრეწველობის ბრიტანულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და მალევე ოჯახთან ერთად ლონდონში, საცხოვრებლად გადავიდა. როგორც ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვიამბობს, ინგლისში მათ გვარი შეიცვალეს, კეის გვარით იწერებოდნენ. ინგლისის დელეგაციამ სწორედ ქეის გვარით წარადგინა 1943 წელს, თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, სადაც ლავრენტი ბერიამ მაშინვე ეჭვი შეიტანა მასში, მიუხედავად დახვეწილი ლონდონური საუბრის მანერისა და ინგლისური ჩაცმულობისა. „როდესაც ინგლისში გადასახლდნენ, მერაბ კვიტაშვილი ოქსფორდის ირუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინჰემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა. როგორც სამთო ინჟინერი, ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობდა, სხვადასხვა კონტინენტზე. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, აფრიკაში, განაში ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. დირექტორის თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის არმიაში მოხალისედ ჩაირიცხა. 1942 წელს, როდესაც გერმანელები კავკასიას მიუახლოვდნენ, ჩერჩილმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო კავკასიაში ანტიგერმანული განწყობების შექმნა. ამ მიზნით მან თავის ხალხს 76 გვერდიანი კითხვარის შედგენა დაავალა. ეს კითხვარი შესავსებად, საბჭოთა კავშირის მცოდნე პირებს დაურიგდათ. შევსებული ანკეტები გადაარჩიეს და მათი ყურადღება მერაბ კვიტაშვილის ანკეტამ მიიქცია. ქართველი ოფიცრის პასუხებში, ძალიან დაწვრილებით და ძალიან კარგად იყო გაანალიზებული სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი“, - აღნიშნავს მკვლევარი რუსუდან დაუშვილი. მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით" -წერს ჩერჩილის ქართველი მრჩეველი. რუსუდან დაუშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ქართველი ოფიცრის ამ მოსაზრებამ და მისმა პიროვნებამ ბრიტანეთის არმიის სარდლობა, შემდეგ კი პოლიტიკური ელიტაც დააინტერესა. ამას ხელს უწყობდა მერაბ კვიტაშვილის განათლება და გამოცდილება. რამდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნა, სამთო საინჟინრო განათლება, სამხედრო კარიერა. ამიტომ ის დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. 1943 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა საბჭოთა კავშირის საკითხებში და თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. იმ დროისთვის მას კაპიტნის წოდება ჰქონდა. ვინ გადაარჩინა დიდი ბრიტანეთი დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი ლავრენტი ბერიას შეკვეთილი თავდასხმებისგან სწორედ მერაბ კვიტაშვილის მემუარებიდან ვიგებთ, რომ თეირანში, ჩერჩილის, რუზველტის და სტალინის შეხვედრაზე, პოლკოვნიკი ნიკოლას კეის სახელით წარადგინეს. პროფესორი რუსუდან დაუშვილი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკის მემუარებზე დაყრდნობით, ისტორიული კონფერენციის, აქამდე უცნობ დეტალებს გვიამბობს. „მოგეხსენებათ 1943 წლის ნოემბერში, თეირანში სამი დიდი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა. ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი. აქ პირველად შედგა საუბარი მათ მოკავშირეობაზე და მერაბი იქ იმყოფებოდა, როგორც ჩერჩილის ადიუტანტი და მხლებელი. იმ შენობაში სადაც დაბინავდა ინგლისის დელეგაცია, პრაქტიკულად ის ხელმძღვანელობდა დაცვას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის თეირანში წაიყვანეს იყო, ის რომ მისი ერთ-ერთი და, თამარი სპარსელ არისტოკრატზე იყო გათხოვილი და კვიტაშვილმა ინგლისურის, ქართულის და რუსულის გარდა, სპარსული ენაც კარგად იცოდა. საბჭოთა კავშირის დელეგაციის დაცვა ძირითადად, ქართველებით იყო დაკომპლექტებული, რადგან ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა სტალინის დაცვას. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, ამიტომ კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. მიუხედავად დახვეწილი ლონდონური გამოთქმისა და ინგლისური ტანსაცმლისა, კვიტაშვილს მაშინვე შეამჩნია რაღაც ნაცნობი. მის ეჭვიან თვალებს არ გამოეპარა არაფერი და ქართველ კაპიტანზე ეჭვი მიიტანა. ერთ დღეს, მერაბ კვიტაშვილს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი. ბერია ჩაეძია, სადაური მიქელაძეო. მერაბს აქ შეცდომა მოუვიდა და უთხრა რომ რაჭიდან. ბერია უფრო მეტად დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ისევ მიადგა და დეტალურად მოუყვა ვინ იყო და საიდან. მამის სახელი გვარი, ის რომ მისი ნათესავი მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე, მაშინდელი განათლების მინისტრის, მამია ორახელაშვილის მეუღლე იყო. ამ ამბის შემდგომ, ბერიას ხალხმა მერაბ კვიტაშვილზე ორჯერ მოაწყო თავდასხმა, ორივეჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მისი თანხლები პირებიდან ერთი დაიღუპა ერთი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეში ჩერჩილი ჩაერთო და სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა ბერიას თავი დაენებებინა მისი დელეგაციის წევრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთის დელეგაცია თეირანს დატოვებდა. რა თქმა უნდა, სტალინმა ბერიას მითითება მისცა თავი დაენებებინა კვიტაშვილისთვის“, - მოუთხრობს Europetime-ს რუსუდან დაუშვილი. მერაბ კვიტაშვილის პარიზული ქორწინება, ამერიკული ცხოვრება და საქმიანობა რუსუდან დაუშვილის ცნობით, ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1951 წელს პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე იქორწინა, 1952 წელს კი, მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა. „ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. იმავე წელს ნიკო რაჭველის ფსევდონიმით, ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა. ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა, მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ისინი აშშ ცხოვრობენ. მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა “, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში ისტორიკოსი.
ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგი ოქტომბრიდან ექნება, რასაც დაემატება სექტემერში ჩატარებული აცრებიც, შესაბამისად, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით. ივანე ჩხაიძის განცხადებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა ვაქცინაციის 80%-იან ზღვარს და იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, საქართველოშიც უმჯობესია მოსახლეობის 80%-ის მოცვა. მისივე თქმით, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს, თუმცა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა იყო. ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მიუ“ შტამი, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“. შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო: „ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის“, - მიიჩნევს ივანე ჩხაიძე. „თუ ვაქცინაციის ეს ციფრები შენარჩუნდა, რომელიც ამ კვირაში გვაქვს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეოობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია. თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე, მას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების პიკი, ჩვენ, ინფიცირების პიკი გვქონდა 17 აგვისტოდან 24 აგვისტომდე, შესაბამისად, გარდაცვალების პიკს ველოდებით 17 სექტემბრიდან თვის ბოლომდე. ამიტომ, ეს კვირა ამ მხრივ, სამწუხაროდ, მძიმე იქნება და უკვე ოქტომბრიდან ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგებს დავინახავთ. ამ მაჩვენებელს დაემატება სექტემბრის ვაქცინაცია, ასე რომ, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით. მეხუთე ტალღის გამოწვევა ორი მექანიზმით აიხსნება, ეს არის ახალი მუტაცია. საქართველოში მესამე და მეოთხე ტალღა სხვადასხვა მუტაციით იყო განპირობებული, ერთის უკან იდგა ბრიტანული, მეორეს უკან - ინდური. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს ახალ მუტაციას, რომელიც შეიძლება, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორიც „დელტა“, ის მუტაცია, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება, ვგულისხმობ, „მიუ“ შტამს, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“. შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო. ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის, დღევანდელი მონაცემებით ასეა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გამოჩნდეს, ახალი მუტაცია, მაგრამ დღეს არიან „ალფა“, „დელტა“ და სხვა მუტაციები, რომლებსაც ჯანმო აფასებს როგორც გაცილებით უფრო აგრესიულს და სახიფათოს. შესაძლოა, წლის ბოლოსთვის იყოს შემთხვევების მატება, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა. გასათვალისწინებელია გრიპის სეზონიც, თუ ჩვენ ამ სეზონს შევხვდებით 60%-ის ვაქცინირებით და გრიპის ვაქცინაციასაც დავიწყებთ, გაცილებით უსაფრთხო შემოდგომა-ზამთარი გველის, როგორიც გვქონდა 2020 წლის ბოლოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა
Europetime-მა ამერიკელი კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი ექსკლუზიურად ჩაწერა. კონგრესმენმა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. „მე ვფიქრობ, ეს კარგი პერსპექტივაა, რადგან თავისუფალი ვაჭრობა არის ის, რაც უკვე ხდება მსოფლიოში. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა“, - განუცხადა ალექს ქსავიერ მუნმა Europetime-ს. რაც შეეხება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხს, განსაკუთრებით დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მაგალითად, პორტებში. ალექს ქსავიერ მუნი აცხადებს, რომ ეს ამერიკის ინტერესებშია. „მე ვფიქრობ, რომ ამერიკის ინტერესებშია, მსოფლიოს ინტერესებშია ასეთი ინვესტიცია“, - აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა Europetime-თან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი კონგრესმენები ამ თემებზე 7 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ელჩსაც ესაუბრნენ. „კმაყოფილი დავრჩი, როცა ვნახე, რომ დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტმა, მიიღო შესწორება, რომელშიც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე, მსგავსად „საქართველოს მხარდამჭერი აქტისა“, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, რათა საქართველოს მხარი დავუჭიროთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და ასევე, მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ძალისხმევის და მეტი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერა. ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. საქართველოში მეტი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციის წახალისების აუცილებლობას გაუსვა ხაზი სენატორმა რობ პორტმანმა, როდესაც მისივე კოლეგა ჯინ შაჰინთან ერთად ივნისში სტუმრობდა საქართველოს და Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა. საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. Europetime-მა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერიც ექსკლუზიურად ჩაწერა, როდესაც ამერიკელი მაღალჩინოსანი საქართველოს ასევე ივნისში ეწვია რეგიონული ტურნეს ფარგლებში. ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა. მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ სხვადასხვა კომიტეტს. ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან
ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას
Europetime-მა ევროპარლამენტარ, საგარეო კომიტეტის წევრ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელი პოლიტიკოსი (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები) ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოს ვიზიტით ბოლოს ივლისში, მას შემდეგ ეწვია, რაც მმართველმა პარტიამ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ გამოაცხადა. Europetime ევროპარლამენტარ, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. _ბოლო დროის განვითარებები რას ნიშნავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და საერთოდ, რაზე მიუთითებს? ვფიქრობ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ნამდვილად ყოფილა უკეთესი პერიოდებიც. სამწუხაროდ, ახლა ვხედავთ ძლიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, ევროკავშირისადმი საზოგადოების მხარდაჭერა შეაფერხოს. ევროპარლამენტში ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მსგავსი დეზინფორმაციის კამპანიები უკრაინასა და მოლდოვაშიც მიმდინარეობს და კვალს რუსეთამდე მივყავართ. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, უკან გაეწვია ევროკავშირისა და პირადად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელშიც ამდენი ენერგია ჩავდეთ, კიდევ უფრო დააზარალა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ევროკავშირი ნდობას, როგორც სტაბილური პარტნიორობის საფუძველს განიხილავს და დაპირებების გატეხვა ამ ნდობას სერიოზულად არღვევს. _როგორ აფასებთ აშშ-ის პოლიტიკას რეგიონის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ? ევროკავშირი და აშშ ერთსა და იმავე ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებენ, ეს განსაკუთრებით იგრძნობა საქართველოში. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო მიზნები: მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, გავაძლიეროთ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლო სისტემა, დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცულია. ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებმა თავიანთი უდიდესი ძალისხმევით მოამზადეს საფუძველი 19 აპრილის შეთანხმებისთვის. შეთანხმება კვლავ ძალაშია „ქართული ოცნების“ ხელმოწერით თუ მის გარეშე. რაც შეეხება რეგიონს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, უახლესი ფაზის განმავლობაში, ევროკავშირი და აშშ დიდწილად არ მონაწილეობდნენ პროცესებში. სამწუხაროდ, ამ ფაქტმა რუსეთს საშუალება მისცა, გაეძლიერებინა თავისი პოზიციები კავკასიაში. სამწუხაროდ, ასეთი განვითარება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ართულებს. _რა შეგიძლიათ გვითხრათ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე? მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ეს არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია. მას აქვს გავლენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. შედეგი, ისევე როგორც არჩევნების შემდგომი მოვლენები, დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას. ამიტომაც ვამზადებთ ევროპარლამენტიდან სრულფასოვან სადამკვირვებლო მისიას. ვიცი, რომ ბევრი სხვა დამკვირვებელიც გეგმავს ჩამოსვლას. ეს არის ძლიერი სიგნალი ყველასთვის საქართველოში, ვისაც დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება სურს. ამავე თემაზე: ვიოლა ფონ კრამონი მაკროფინანსურ დახმარებაზე: დაასწო მთავრობამ ევროკავშირს, ამით დააზიანა საქართველოს მოქალაქეები
მარინა კალიურანდი: ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება ითვალისწინებს
Europetime-მა ევროპარლამენტარი, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე Europetime-თან პირველი კომენტარი გააკეთა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მოითხოვოს ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების ეს ტრანში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება ჩვენ ასევე გვესმის ის ეკონომიკური არგუმენტები (ანუ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა), რომლითაც ამ გადაწყვეტილებას ამართლებენ. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, თუ საქართველო არ ითხოვს დარჩენილ ტრანშს, ჩვენ მაინც ველოდებით, შესრულდეს ის პირობები, რომლებსაც ეს ტრანში ითვალისწინებს, მათ შორის, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა, რომელიც ასევე მითითებულია 19 აპრილის შეთანხმებაში“, - განაცხადა მარინა კალიურანდმა. ამავე თემაზე: ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული
Europetime-მა ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ექსკლუზიურად ჩაწერა. ევროპარლამენტარმა, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს, ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან გააკეთა კომენტარი. ასევე საიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის დახმარებაზე: გადაწყვეტილიც გვაქვს, რომ თავი შევიკავოთ ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება „რასაკვირველია, დაფინანსება განპირობებული იყო პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით, მათ შორის არის დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა, ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ საქართველოს მიმართულება არ შეიცვლება. მაგრამ მათი გადაწყვეტილება გასაგებია, რადგან პანდემიის დროს საგარეო ვალმა მშპს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 60%-ს მიაღწია. რაც კანონიერი ზღვარია. მესმის, რომ მათ სჭირდებათ, დაიწყონ ამის შეცვლა “, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ.
ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან
„როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან“, - ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ისაუბრა. ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დახმარების ირგვლივ პერიპეტიებზე პირველად Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა კომენტარი. ანდრიუს კუბილიუსი ასევე საუბრობს ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე, რეგიონის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასა სხვა აქტუალურ საკითხებზე. _როგორ შეაფასებთ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ირგვლივ არსებულ ვითარებას. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, მანამდე, საქართველოს მთავრობას, როგორც ევროკომისიამ, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენეს პირობების შესრულების აუცილებლობა. მთავრობა მიხვდა, რომ ევროკომისიისგან არ მიიღებს სესხს, რადგანაც არ შეუძლია, შეასრულოს პირობები, რომლებიც თან ერთვის ამ სესხს. უპირველეს ყოვლისა, პირობები ეხება მოსამართლეების შერჩევას და ასევე შარლ მიშელის შეთანხმების განხორციელებას. ეს პირობები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. როდესაც მთავრობამ ხელი მოაწერა 19 აპრილის დოკუმენტს და დაჰპირდა შეთანხმების განხორციელებას, კომისიის ექსპერტების მხრიდან გაჩნდა კრიტიკა, რომ მთავრობა არ ასრულებს იმ შეთანხმების ნაწილს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის რეფორმას და ახალ მოსამართლეთა დანიშვნას. ეს იყო ის, რაც გააკეთა მთავრობამ, ეს ეწინააღმდეგება შეთანხმებას. რასაკვირველია, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან ალბათ მკაფიო გზავნილია საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მიმართ, რომ თუ ამ გზით წახვალთ, ვერ მიიღებთ ევროკომიის დაპირებულ სესხს. ახლა საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ არ აპირებს იმ პირობების შესრულებას, რომელიც სესხს ახლავს თან. საქართველოს მთავრობა კვლავ კარგავს საერთაშორისო ნდობას, რაც აზარალებს საქართველოში სიტუაციას. საქართველოს ეკონომიკას სჭირდება ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ ჩაიდოს ინვესტიცია ისეთი სფეროების განვითარებაში, რაც საჭიროა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. როდესაც მთავრობა აცხადებს, რომ არ სურს ამ სესხის აღება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც უბრალოდ უფრო მეტად დააზარალებს ქართველ ხალხს. ისინი ვერ მიიღებენ ამ ფინანსურ შესაძლებლობას, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის. მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა უარყოფს ევროკავშირის იმ მოთხოვნის შესრულებას, რასაც ევროკავშირი მისგან ელოდება. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ მზად იყოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად. თუ საქართველო არ განახორციელებს იმ რეფორმებს, რასაც ევროკავშირი ელის სასამართლო სისტემის რეფორმასთან და მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ეს მთავრობა არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. როდესაც მთავრობა სასამართლო სისტემაში რეფორმის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების თხოვნას უარყოფს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთავრობას არ აქვს ევროპული ტიპის კანონის უზენაესობის სისტემა, ევროპული ტიპის გამჭვირვალობა სასამართლოში, რაც სამწუხაროდ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხი უარს ამბობს შესაძლებლობაზე, ჰქონდეს კანონის უზენაესობის უფრო ეფექტური, ბევრად უფრო გამჭვირვალე სისტემა საქართველოში. _რა სურათია ეს ევროკავშირისთვის და რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვღელავთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე; იმაზე, თუ რამდენად მყიფეა ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, ევროპული ინსტიტუტები ბევრ ძალისხმევას ხარჯავენ ქართული პოლიტიკური პარტიების დასახმარებლად, მათ შორის იმაზე, რომ მმართველმა პარტიამ სიტუაციის სტაბილიზაცია მოახდინოს. შარლ მიშელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ როგორც ვხედავთ, პირველ რიგში, მმართველი პარტია არ სცემს პატივს მათ ძალისხმევას და ეს არის ის, რაც მართლაც უფრო მეტ პრობლემას ქმნის. საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი გააკეთებენ ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობისთვის. იმისთვის, რომ ეს განაცხადი პოზიტიური შედეგით იყოს განხილული ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიბრუნოს საერთაშორისო ნდობა, პატივისცემა. ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მთელი კრიზისით, ყველა ბოლოდროინდელი მოვლენით, 19 აპრილის შეთანხმების მიმართ უპატივცემულობით, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია ზიანს აყენებენ ამ საერთაშორისო ნდობას საქართველოს მიმართ და ის შეიძლება, გახდეს რეალური დაბრკოლება, რეალური პრობლემა 2024 წელს, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარმატებული განხილვებისთვის. _ამ ვითარებაში ადგილობრივ არჩევნებს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება? ჩვენ ველით, რომ ეს არჩევნები ჩატარდება გამჭვირვალედ ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისად. ეს იყო კიდეც შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მიზანი. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, არ შეასრულოს ეს შეთანხმება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არჩევნები მართლაც გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება. მმართველმა პარტიამ გასცა დაპირება, რომ თუ ადგილობრივი არჩევნების დროს მიიღებდა 43%-ზე ნაკლებს, დაინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნები. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ეს დაპირება და ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან საქართველოში, რომლის მოგვარებაც ძალიან რთული იყო ევროკავშირის ლიდერების ჩართულობითაც კი. 19 აპრილის დოკუმენტი იყო კარგი შეთანხმება კრიზისის მოსაგვარებლად, მაგრამ ამ შეთანხმების განხორციელებას ყველაზე დიდი ზიანი მმართველმა პარტიამ მიაყენა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებენ ამ შეთანხმების განხორციელებას. რასაკვირველია, ალბათ უდიდესი ოპოზიციური პარტიის (ნაციონალური მოძრაობის) შეცდომაც იყო, რომ არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას. ძალიან გაურკვეველი სიტუაციაა, არ არსებობს მკაფიო გზა, თუ როგორ შეიძლება საქართველო გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან. ჩვენ კვლავ შეგვიძლია, მოვუწოდოთ მმართველ პარტიას, რომ შეასრულოს ის, რისი პირობაც დადო. ამგვარად, ადგილობრივი არჩევნები გარკვეულწილად მნიშვნელოვანი ხდება არამხოლოდ მუნიციპალური არჩევნებისთვის, არამედ, როგორც შესაძლო ნაბიჯი გამოსავლისკენ. შეიძლება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იყოს კარგი და ეფექტური გამოსავალი ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან; ასეთმა ნაბიჯმა შესაძლებელია, დააბრუნოს დემოკრატიისკენ სვლა, რომელიც ასე საჭიროა საქართველოსთვის და ეს საქართველოს ნამდვილად სჭირდება 2024 წელს, რომ სერიოზულად შეფასდეს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. აქვე აღვნიშნავ, რომ იგეგმება ევროპარლამენტიდან არჩევნებზე დამკვირვებლების ჩამოსვლა, თუმცა ეს პანდემიაზე დამოკიდებული. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ დამკვირვებლები ჩამოვლენ. _ამის პარალელურად, როგორ აფასებთ ასოცირების ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ძალისხმევას. მათ ხაზი გაუსვეს ერთიან სტრატეგიას, ჯერ კიევში, შემდეგ კი ბათუმში გაფორმებულ დეკლარაციებზე ხელმოწერით. მე მხარს ვუჭერ ასოცირების ტრიოს ფორმატს, რადგან ჩვენ, ევროპარლამენტიდან, ჯერ კიდევ 2019 წლიდან ვსაუბრობდით ამ ინიციატივაზე. ახლა კი, ეს წინსვლა კარგია. ეს ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა იმსახურებენ ბევრად უფრო ამბიციურ გზას ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა, მოლდოვა და განსაკუთრებით საქართველო, ყველანაირად ცდილობდნენ, ინდივიდუალურად აჩვენონ, რომ რეალურად ახორციელებენ რეფორმებს, დემოკრატიის პროგრესს, რადგან სამეულის სტრატეგია არ გადაჭრის იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ. ასე რომ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ უნდა შეასრულონ საშინაო დავალება. არჩევნების შემდეგ, მოლდოვას აქვს კარგი შესაძლებლობები, ბევრად უფრო სწრაფად წაიწიოს წინ. სამწუხაროდ, საქართველო, როგორც ჩანს, ხელიდან უშვებს იმ რეფორმების შესაძლებლობებს, რომლის ჩვენებაც პოლიტიკურ კრიზისამდე შეეძლო. 2030 წლამდე, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ქვეყნებისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ, მაგრამ ეროვნული სახელმწიფოების დონეზე შეცდომა არ შეიძლება იყოს დაშვებული. სამწუხაროდ, საქართველო აჩვენებს ცუდ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება საქმეები მართლაც ძალიან გართულდეს. ასოცირების ხელშეკრულება იყო კარგი ინსტრუმენტი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის წინსვლისთვის. ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორების, განსაკუთრებით ამ სამი ქვეყნის მიმართ უფრო მკაფიო და ამბიციური პოლიტიკა, რომელიც უნდა იყოს მსგავსი იმისა, რასაც ევროკავშირი ახორციელებდა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს მკაფიოდ აქვთ გაწერილი თარიღი, როდის უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. მკაფიო ხედვა ნამდვილად ეხმარებათ პირველ რიგში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თავიანთი მოტივაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, ეს არ ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობას. ევროკავშირს ჯერ კიდევ არ შეუძლია, წარმოადგინოს უფრო მკაფიო ხედვა, თუ რა იქნება შემდეგ. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ, ევროპარლამენტის მხრიდან შევთავაზოთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით უახლოესი სამიტის განმავლობაში, რომ გვქონდეს ბევრად უფრო ამბიციური, მკაფიო ენა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასოცირების ტრიოს ქვეყნების ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყნებს მივცეთ მკაფიო გზა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სცენარს, თუ როგორ შეიძლება წინსვლა, ერთ-ერთი სცენარი არის „შუალედური სტატუსის“ შეთავაზება, მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად (ნორვეგია შვეიცარია), რომლებიც არ არიან ევროკავშირის ნაწილნი. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას.
ზაზა უჯმაჯურიძე: ვალდებულები ვართ, მივყვეთ მეცნიერების გზას და ავიცრათ, ვიდრე გზა გავუხსნათ ფანტაზიებსა და შიშებზე აგებულ თეორიებს
კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგი, სხივური თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძე საქართველოში რთული ეპიდვითარების ერთ-ერთ მიზეზად ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს მიიჩნევს. მას პრობლემად მიაჩნია ისიც, რომ ხშირად ექიმები აძლევენ რჩევას ადამიანებს, რომ არ აიცრან. ზაზა უჯმაჯურიძის აზრით, ასეთი ექიმის ადგილი სამედიცინო სფეროში არ არის და მან უარი უნდა თქვას ამ პროფესიაზე. „თუ გავყვებით საერთაშორისო რეკომენდაციებს, მივდივართ ერთ მარტივ დასკვნამდე: აიცერით!“, - მიიჩნევს ზაზა უჯმაჯურიძე და აქვე განმარტავს, რომ არანაირი წინასწარი კვლევები არ არის ამისთვის საჭირო. Europetime-მა ზაზა უჯმაჯურიძე ექსკლუზიურად ჩაწერა. „შემაშფოთებლად მზარდი ციფრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ამის ბევრი მიზეზი არსებობს, ყველას ჩამოთვლა რთულია. თუმცა რასაც აქედან ვხედავ, ეს არის აცრილთა დაბალი პროცენტი. იყო მუხტი, რომ წარმართულიყო აცრები, თუმცა ახალციხეში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებამ ხალხს სკეპტიციზმი ჩაუნერგა. სამწუხაროდ, ძალიან ცუდად წავიდა შემდეგ აცრების საქმე იმ მხრივ, რომ ხალხი შეშინდა, პარალელურად იმატა აცრის მოწინააღმდეგე ჯგუფების თეორიებმა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, მათ ეთერებს უთმობდნენ ცნობილი ტელევიზიები, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რადგან არც ერთი ეს მოსაზრება, რომელიც არის აცრების წინააღმდეგ, არ არის მეცნიერულ დონეზე დადასტურებული. ამიტომ ვართ ვალდებულები, მივყვეთ მეცნიერების გზას, ვიდრე გზა გავუხსნათ ფანტაზიებსა და შიშებზე აგებულ თეორიებს“, - განუცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ Europetime-ს. ის რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას. „მეორე საკითხია ხალხის ეკონომიკურად რთული მდგომარეობა და ბუნებრივია, მობეზრდათ შეზღუდვები. აქედან საუბარი და დასკვნების გაკეთება რთულია, თუმცა ალბათ, სოციალური სიდუხჭირე ზოგს აიძულებს, დამალოს თავისი დაავადება, უგულვებელყოს შეზღუდვები და რა თქმა უნდა, აცრის დაბალი რიცხვების და ხალხის მიერ რეკომენდაციების არდაცვის კომბინაციამ ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო. მოხდა ისიც, რომ თავისი რჩევებით ექიმებიც კი უშლიდნენ ადამიანს აცრას, რაც ყოვლად მიუღებელია. მაშინ გადადოს გვერდზე თავისი პროფესია და უარი თქვას ექიმობაზე. ასევე წაიკითხეთ: ამირან გამყრელიძე: ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა თუ ჩვენ ვართ მედიცინის წარმომადგენლები, უნდა მივყვეთ მტკიცებულებებს, რაც ძალიან მარტივად არის ახსნილი მსოფლიო სახელმძღვანელოებში, რომ ვაქცინას უკუჩვენება თითქმის არ აქვს“, - აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, 26 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე თემაზე: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1% კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73
ზაზა წერეთელი: სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებას, ეპიდემია ასე არ შეჩერდება
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი მიიჩნევს, რომ არსებული რთული ეპიდვითრების თავიდან აცილება დიდი ალბათობით შესაძლებელი იყო, თუკი გათვალისწინებული იქნებოდა წინა წლის ამავე პერიოდში დაშვებული შეცდომები და ის გამოცდილებაც, რაც მსოფლიოში დაგროვდა პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. ზაზა წერეთლის შეფასებით, ცხადია ვაქცინაციის ტემპი, რომელიც ძალიან დაბალი იყო, უნდა გაზრდილიყო ყველა ძალისხმევის გამოყენებით. ხოლო, ვიდრე ეს არ მოხდებოდა, არ შეიძლებოდა შეზღუდვების მოხსნა და საზღვრების გახსნა. ამასთან, მისივე აზრით, ვაქცინაცია უნდა გააქტიურებულიყო ყველა დასახლებულ პუნქტში და არამარტო თბილისში და მასში უნდა ჩართულიყო არამარტო ჰოსპიტლები, არამედ პირველადი ჯანდაცვის ცენტრები და მობილური ჯგუფებიც. მაგალითად, სოფლებში უნდა ჩატარებულიყო საინფორმაციო შეხვედრები, შემდეგ ადგილზე მისულიყვნენ და აეცრათ მოსახლეობა. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლისთვის ასევე ცხადი იყო, რომ რაიონებში ონლაინ რეგისტრაცია ვერ მოხერხდებოდა და ამიტომ უნდა გაკეთებინა ყველაფერი ხელისუფლებას, რომ ვაქცინა მიეტანათ მოსახლეობამდე; ცოტა ადრე უნდა გახსნილიყო ისეთი ცენტრები, სადაც რეგისტრაციის გარეშე შეიძლება აცრა; ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო ადრე, რადგან „დელტა“ შტამი საქართველოში უკვე მაისში ცირკულირებდა, ყველამ იცოდა, რომ ის სწრაფად ვრცელდება და მისი შეკავება მხოლოდ შეზღუდვებით და მასიური ვაქცინაციით შეიძლებოდა. ზაზა წერეთლის შეფასებით, „ახლა „ლოკდაუნი“ აღარ გამოვა“. „უფრო სწორედ, უკვე არცერთი ქვეყანა ამას არ აკეთებს და სუსტი ეკონომიკის მქონე საქართველოც ვერ მოახერხხებს, ძალიან გაუჭირდება. თან თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ქვეყანაში გარკვეულწილად პრობლემურია არა შეზღუდვების შემოღება, არამედ მისი კონტროლი, ლოკდაუნი პრობლემურად შეიძლება, მივიჩნიოთ. შეზღუდვები კი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და სახლემწიფომ არ უნდა დახუჭოს თვალი არცერთ დარღვევაზე. ვაქცინაციის ტემპი ერთი ორად უნდა გაიზარდოს და მაშინ უნდა ვიმედოვნოთ, რომ სექტემბრის ბოლოსთვის სიტუაცია ცოტა დასტაბილურდება. თუმცა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს მკაცრი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტო მოსახლოების თვითშეგნებაზე დაყრდნობით სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება. სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. „სამწუხაროდ, არსებული სიტუაცია, როგორ ჩანს გაართულებს სასკოლო პროცესის დაწყებასაც, რაზეც ჯერ კიდევ ივნისში ვსუბრობდით თქვენთან ინტერვიუში. ალბათ ამიტომაც იყო შეცდომა შეზღუდვების მოხსნა, რადგან ამან არამარტო შემთხვევების რაოდენობის ზრდა გამოიწვია, არამედ საქართველოს მომავალი თაობის განათლების პრობლემებიც გააძლიერა“, - აღნიშნავს ზაზა წერეთელი. ის გაუმართლებლად მიიჩნევს მხოლოდ მოქალაქეების თვითშეგნების იმედად ყოფნას. კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ „ცხადია, თვითშეგნებას მნიშნელობა აქვს, მაგრამ თუ სახელმწიფო არ თამაშობს თავის მთავარ როლს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, ასე არ გამოვა. სახელმწიფომ გადააბარა ყველაფერი ადამიანებს და მათ თვითშეგნებაზეა, გაიკეთებენ თუ არა პირბადეს და წავლენ თუ არა ქორწილებში. სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს ეს და როგორც კი დაინახავს, რომ პირბადეს არ იკეთებენ, უნდა დააჯარიმოს; როცა წესებს არღვევენ, უნდა დააჯარიმოს, თავისი როლი უნდა ითამაშოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპიდემია ასე არ გაჩერდება. მოქალაქეებმა უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ვიღაც ფიქრობს. ახლა გამოდის, სახელმწიფო მეუბნება, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია. ჯანმრთელობის უფლება ადამიანის უფლებაა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს“, - აღნიშნავს ჯანდაცვის სპეციალისტი. რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ზაზა წერეთლის განცხადებით, 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში, რასაც ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ. „იყო პერიოდი, როდესაც საქართველოში ვაქცინა არ იყო და ამით ვერენაირად ვერ მივაღწევდით ვაქცინაციის მაღალ ტემპს. ამიტომ, როდესაც ივნისში მოხსნეს შეზღუდვები ეს იყო შეცდომა, რადგან მასობრივი ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინა არ იყო. ერთი პროცენტი იყო აცრილი. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ეპიდვითარების მართვის პრობლემა. მთელმა მსოფლიომ ისწავლა მართვა და არსად ეწყობა საველე ჰოსპიტლები, ჩვენ ახლა დავიწყეთ მისი გამოყენება, როდესაც რამდენიმე ქვეყანამ ეს პანდემიის პირველ წელს გააკეთა, როდესაც ამ ვირუსზე არაფერი იცოდნენ. ვაქცინაციის ფონზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები მსოფლიოში დაეცა, ჩვენთან პირიქით არის. ადამიანს უნდა ელაპარაკო, რამდენად კარგია აცრა და როგორ იცავს ის. ეს შიშით არ გამოვა, საველე ჰოსპიტლების გახსნით ხალხს დაანახეს: „ნახეთ რა ცუდ დღეში ვართ და აიცერით“. ადამიანებს უნდა მიაწოდო ინფორმაცია ვაქცინის პოზიტიურ მხარეზე და არა იმაზე, რომ დავიხოცებით თუ არ ავიცრებით. შეშინებით არაფერი გამოვა. მოსახლეობამდე „მესიჯის“ მიტანის ფორმა უნდა შეიცვალოს. როდესაც შემოვიდა ვაქცინები, „დელტა“ შტამი უკვე სწრაფად ვრცელდებოდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში მოსახლეობის 80%-მდე აცრაა საჭირო, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, რაც ამ ტემპით პრაქტიკულად შეუძლებელია. 75%-ს ჩვენ უნდა მივაღწიოთ რაც შეიძლება სწრაფად, 100 000 მაინც უნდა აიცრას დღეში. ამას ცდილობს ყველა მსოფლიოში, რადგან სასწავლო წლის დაწყება სურთ. ჩვენთან წლის ბოლომდე 60%-ის აცრა უნდათ, ეს დაგვიანებული იქნება, რადგან „დელტა“ შტამი ახლა ბობოქრობს და ამას შეიძლება, გრიპის ვირუსიც დაემატოს. ამიტომ, ძალიან რთული სიტუაცია იქნება. წარმოიდგინეთ, იმისათვის, რომ იმუნური ფენა შეიქმნას, ორი დოზით აცრაა საჭირო, რასაც თავის მხრივ, 6 კვირა სჭირდება და დრო იკარგება“, - განუცხადა Europetime-ს ზაზა წერეთელმა.
ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს
საქართველო კორონავირუსის პანდემიის პირობებში მეორე არჩევნებს 2 ოქტომბერს ჩაატარებს. გართულებული ეპიდვითარების ფონზე ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის პროცესი დაიწყო ცესკოშიც. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, როგორ აპირებს ქვეყანა არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებას, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Europetime ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერს ნათია იოსელიანს ესაუბრა. _წინა არჩევნების დროს იყო რეკომენდებული დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება, თერმოსკირინინგის გავლა, წელს თუ ემატება განსხვავებული რეგულაცია და იგეგმება კონკრეტული წესის დამატება? პირველ რიგში, დღის წესრიგში ისევ არის თერმოსკრინინგის, დეზობარიერის გავლა, პირბადეებისა და დამცავი ფარების ტარება, ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება კომისიის წევრების მხრიდან, ხელების ხსნარით დამუშავება. კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება არცერთი პირი, რომელიც ტემპერატურის შემოწმებაზე იტყვის უარს, გარდა ამომრჩევლებისა. საკმაოდ ბევრი სუბიექტი იქნება საარჩევნო პროცესზე, საკმაოდ რთულად სამართავი პროცესია. ძირითადი რეკომენდაციები არის ეს, მაგრამ ვნახოთ, რას წარმოადგენენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები. თუმცა ჩვენ მიერ რაც იყო შეთავაზებული, დადგენილებები, პროექტები, არის ის, რაც იყო შარშან, და იყო ძალიან კარგი პრაქტიკა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. შესაძლებელია, ვისაუბროთ თავად პროცესზე და მის ხარვეზებზე, მაგრამ ეუთოს შეფასებებში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, პანდემიის პირობებში შეძლო და მოახერხა არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ის დადგენილებები, რომლებიც გვაქვს და არის ძალიან კარგი პრაქტიკა, კვლავ შევთავაზეთ ჩართულ მხარეებს. ვნახოთ, ისინი რას შემოგთავაზებენ, რა არის მათი ხედვები და რეკომენდაციები. ჩვენ გავითვალისწინებთ აუცილებლად. შემდგომ უკვე მოხდება ამ დადგენილებების საარჩევნო კომისიის სხდომაზე გატანა და დამტკიცება. ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ჩვენ შევძლებთ, რომ ამომრჩევლამდე მივიტანოთ ის ინფორმაცია, რაც მათ დაარწმუნებს, რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე მათთვის იქნება შექმნილი უსაფთხო გარემო. სამართლებრივი ბაზა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია, არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რათა მოწესრიგებული იყოს სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. ამ მიმართულებით კი ცესკოს აქვს შემუშავებული 4 დადგენილების პროექტი, რომელზე მუშაობა მიმდინარეობს. პირველი დადგენილება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებში შესვლა, გამოსვლა, ყოფნა, გადაადგილება და როგორ უნდა დადგინდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების წესი. რაც კოვიდპანდემიაში გვიწევს მუშაობა, ეს დადგენილება მუდმივად მუშაობს. აქ შედის, თერმოსკრინინგი, პირბადეების მოხმარება, დისტანციის დაცვა, შენობების პერიოდული ვინტილაცია. ეს არის 1 ძირითადი დადგენილება. ჩვენ ასევე გვაქვს 3 დადგენილება. ამ 3 დადგენილებიდან ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ უშუალოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე არსებულ მოთხოვნებზე, თუ რა არის დადგენილი. მესამე - პენიტენციური დაწესებულებები და პენიტენციურ დაწესებულებაში უბნების შექმნასთან ერთად, კომისიის წევრებისა და სპეციალური ჯგუფების დაკომპლექტება, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. მეოთხე დადგენილება გახლავთ იმ პირებისთვის, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში, როგორ უნდა მიიღონ მათ არჩევნებში მონაწილეობა. ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, სპეციალურ უბნებს და ჯგუფებს ვქმნით. დადგენილების პროექტის განხილვაში ჩართულები არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. ეს დადგენილებები ჯერჯერობით პროექტის სახით არის წარმოდგენილი. ჩვენ გვქონდა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ ამ შეხვედრაზე ეს ოთხივე დადგენილების პროექტი განვიხილეთ, რომლებიც უშუალოდ ეხება სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს, ასევე ეხება უშუალოდ კენჭისყრის დღეს ეპიდემიოლოგიური პროტოკოლის განსაზღვრას. ისინი შარშანაც იყვნენ დადგენილების პროექტის განხილვის პროცესში ჩართულები და წელსაც მივეცით ამის შესაძლებლობა. მათ თავიანთი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უნდა მოგვმართონ. ბუნებრივია, ჩვენ მათ გავითვალისწინებთ და მოგვიანებით, ალბათ მომავალ კვირას, ამ დადგენილებას მივიღებთ. ამ დადგენილებაში გაიწერება დეტალურად, თუ როდის და როგორ უნდა მოგვმართონ ამომრჩევლებმა, რა ვადაში, და ა.შ. დეტალურად გაიწერება წესები. ამ დადგენილებებში იქნება ყველაფერი გათვალისწინებული. ცესკოს თანამშრომელთა ვაქცინაცია რაც შეეხება პრემიერის ინიციატივას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ცესკოს თავმჯდომარე შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს. მათი საუბარი შეეხებოდა სწორედ იმას, თუ როგორ უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში არჩევნები უსაფრთხოდ. იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების წინასწარ ტესტირებაზე, ასევე ვაქცინაციაზე. უკვე ტესტირების ორი ეტაპი გავიარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი. ჯერ აიცრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის წევრები, რომლებსაც არც ერთი დოზა არ ჰქონდათ გაკეთებული. თანამშრომლების უმრავლესობა აცრილია, ზოგს აქვს ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული, ზოგს აქვს ერთი დოზა გაკეთებული და მეორეს ელოდება. შედგა იმ თანამშრომლების სია, რომელთაც არ ჰქონდათ ვაქცინაცია ჩატარებული, ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ ადგილზე გადაგვეყვანა ისინი და აცრილიყვნენ. ეს იყო პირველ ეტაპზე, მეორე ეტაპზე იგეგმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების აცრა. სულ ჯამში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა, რომელიც 17-კაციანი შემადგენლობით არის წარმოდგენილი. ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას შევთავაზებთ, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ტესტირების პროცესი არის სავალდებულო ყველასთვის, ვისაც აცრა არ აქვს გაკეთებული ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან გადატანილი არ აქვს კოვიდი. პირველ რიგში, ვაკეთებთ ტესტირებას, სწრაფი ტესტით. ჯერჯერობით ორი ეტაპი გვქონდა და არც ერთ შემთხვევაში არ დაუდგინდა რომელიმე თანამშორმელს. ამის შემდეგ იყო პირველი ეტაპი ჩვენთან, ცესკოში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდა, ახლა უკვე საოლქო საარჩევნო კომისიებშიც იგივე პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ორგანიზება, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ და ავცრათ ყველა თანამშრომელი. რაც შეეხება ტესტირებას, ესეც საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნება პერიოდული და ასევე სწალების დროს, რომელიც 6-ეტაპიანია. ყველა ის პირი, ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ჩაერთვება სწავლების პროცესში, ტრენინგის დაწყებამდე გაიტესტება. _არჩვენების დღეს თერმოსკრინინგი თუ მიმდინარეობს და რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ჩვენ ამომრჩეველს ტემპერატურას არ ვუზომავთ. შარშან, ყველა სხვა დანარჩენს, კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირს ვუზომავთ ტემპერატურას, ის გადის თერმო სკრინინგს, თერმო სკრინინგის გარეშე ის შენობაში ვერ მოხვდება. ამომრჩევლები მცირე დროით გაჩერდებიან კენჭისყრის შენობაში, ეს არის სადღაც 5-10 წუთი. ამომრჩეველს, თუნდაც რომ გავუზომოთ და დაუფიქსირდეს ტემპერატურა, მისი არშემოშვება ეს არის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა, იმ კუთხით, რომ ჩვენ მათ ვუზღუდავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ამომრჩეველს აუცილებლად ვთხოვთ პირბადეს, რომელიც უნდა ეკეთოს მას კენჭისყრის შენობაში ყოფნის დროს, შენობაში შესვლისას და გამოსვლისას ხელების შესაბამისი ხსნარით დამშავებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დისტანცია დაიცვას კომისიის წევრებთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით. როგორ შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა შარშანაც განგვიცხადეს, 5-10 წუთი არ არის საფრთხის შემცველი. ამომრჩევლების თერმოსკრინინგი არ ჩატარებულა არც შარშან და არც წელსაც არ იგეგმება, ყველა შემთხვევაში ამ დადგენილებით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება. _როგორ გაკონტროლდება არჩევნებზე სიტუაცია, რამდენად ემორჩილებიან თერმოსკრინიგს და ა.შ. სხვა გამოსავალი არ არის, ეს არის დადგენილება და როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე იქ ყოფნის უფლების მქონე პირები დადგენილების მიხედვით უნდა მოიქცნენ. თუ ცხელება დაფიქსირდა, ისინი კენჭისყრის შენობაში ვერ დაიშვებიან. ან თუ დღის განმავლობაში დაუფიქსირდებათ ტემპერატურა, დაუყოვნებლივ ტოვებენ საარჩევნო უბანს. ამ შემთხვევაში ხდება საარჩევნო სუბიექტის ჩანაცვლება. კანონმდებლობით, საარჩევნო სუბიექტს შეიძლება, ჰყავდეს ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე, რომლებიც არ შეიძლება, ერთდროულად იმყოფებოდნენ. შეიძლება ისინი ერთმანეთს შეენაცვლონ. _თუ დამკვირვებელი არავაქცინირებულია, არჩევნების დღეს ტესტი უტარდება? ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისუბრეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება იმ დროისთვის ყველაზე აქტუალური ამ მიმართულებით. როგორც იცით, დილის 7 საათზე იხსნება საარჩევნო უბნები, 8 საათზე იწყება ხმის მიცემა, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ლოგისტიკური საკითხების მოგვარებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ უშუალოდ ის, რომ საარჩევნო უბანზე შესვლისას, დილით მოხდება მათი ტესტირება, ჯერჯერობით, ასე არ დგას საკითხი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ძალიან ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე წარმატებით ჩააბარა გამოცდა. პანდემიის პერიოდში რთულია, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, როგროც ეს შარშანდელმა წელმა გვაჩვენა. მაგალითად, ეუთოს შესაბამის დასკვნებშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ შარშან წარმატებით გაართვა თავი პანდემიას და პანდემიის პირობებში უსაფრთხო არჩევნები ჩაატარა. საოლქო საარჩევო კომისიის წევრების გადამზადება და ტრენინგები დავაკომპლექტეთ საოლქო საარჩევნო კომისიები, არჩეულები არიან საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრები, ასევე პარტიებსაც ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დაენიშნათ, კომისიის წევრების არჩევა დასრულდა. 18 აგვისტოდან, უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ, დანიშნონ საოლქო საარჩევნო კომისიებში თავიანთი კომისიის წევრები. ჩვენ, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა დავიწყოთ მათი სწავლება და გადამზადება. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, ეს არის მრავალეტაპიანი ტრენინგები. ამ მიმართულებითაც მინდა გითხრათ, რომ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სწავლებას გაივლის და ტრენინგებზე მიიღებს მონაწილეობას, იქნებიან გატესტილები კორონავირუსზე. ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ადგილზე შევთავაზოთ სწრაფი ტესტირება, რომ უსაფრთხო გარემო შევინარჩუნოთ და არ შევქმნათ რამე პრობლემა. ასევე გვაქვს რეკომენდაციები მიწოდებული. ამ პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოგვაწვდიან ინფორმაციას, როდის აპირებენ მათი წარმომადგენლები ამ ტრენინგზე დასწრებას მონიტორინგის მიზნით, მათაც ჩაუტარდებათ ტესტირება. ასევე შევთავაზეთ საოლქო საარჩევნო კომისიებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. ბუნებრივია, ნებაყოფლობითია ვაქცინაცია. საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ ყველა პირს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ აიცრან და უზრუნველვყოთ უსაფრთხო გარემო. როგორ შეძლებენ კოვიდინფიცირებული პაციენტები არჩევენებში მონაწილეობას ინციფირების შემთხვევაში ამომრჩეველმა წინასწარ უნდა დარეკოს ცესკოს ცხელ ხაზზე და დააფიქსიროს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ის პირები, რომლებიც სახელმწიფო ბაზაში იქნებიან აღნიშნულები, როგორც კოვიდინფიცირებულები და იმყოფებიან კარანტინში ან თვითიზოლაციაში, ჩვენ მოგვმართავენ. შარშანაც გვქონდა ასეთი პრაქტიკა. ისინი რეკავენ ცესკოს ცხელ ხაზზე, რომელიც ჩვენს ვებგვერდზეც არის მითითებული. შარშან, სპეციალური ჯგუფიც შევქმენით, რომელიც უშუალოდ ამ კუთხით მუშაობდა. ამომრჩეველს შეუძლია, ცხელი ხაზის საშუალებით მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციას და განაცხადოს იმის შესახებ, რომ არის იზოლაციაში, ან კარანტინში. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გასათვალისწინებელი, როგორც იცით, ახლა არის თვითმმართველობის არჩევნები, ის უნდა იყოს კონკრეტული ოლქის ამომრჩეველი, რომ მან შეძლოს არჩევნებში მონაწილეობა, მაჟორიტარულ ნაწილში. შესაბამისად, ამ კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, ჩვენ როგორც შარშან, წელსაც შევძლებთ ყველა ამომრჩევლის ჩაბმას საარჩევნო პროცესში და კენჭისყრის დღეს მივცემთ შესაძლებლობას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, სპეციალური ჯგუფების საშუალებით. იქნება საარჩევნო უბნები, რომლებსაც სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. კოვიდინფიცირებული პაციენტები ცესკოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაუკავშირდნენ. 2 ოქტომბრისთვის მოხდება ყველა იმ ზარის გათვალისწინება, რომელიც დაფიქსირდება ცესკოს საინფორმაციო ცენტრში. დეტალური ვადები კი დადგენილებაში გაიწერება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: დიაბეტისა და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მართვაში ალბათ ვაქცინა მოიკიდებს ფეხს
Europetime-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი, რომელიც ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში აუტოიმუნური დაავადებების და პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით მუშაობს. ქართველმა მკვლევარმა სამედიცინო უნივერსიტეტი საქართველოში დაამთავრა და სამეცნიერო ხაზით მოღვაწეობა ნიუ-იორკში განაგრძო. რა სიახლეები შეიძლება გაჩნდეს დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკაში და ჩანაცვლდება თუ არა ინსულინი, ამ საკითხების გარდა ქართველი მეცნიერ-იმუნოლოგი ასევე საუბრობს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კორონავირუსულ პანდემიაზე. Europetime კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველ მეცნიერ-იმუნოლოგ ნატო ტეტელოშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ: ნატო ტეტელოშვილი: შევისწავლი აუტოიმუნური დაავადების მექანიზმებსა და გენეტიკურ კომპონენტებს. ასევე ვცდილობ, დავნერგო პლატფორმა, სადაც უფრო ღრმად შევისწავლი ამ მექანიზმებს, მაგალითად იმას, თუ რატომ ვითარდება პირველი ტიპის დიაბეტი და რა უდევს საფუძვლად აუტოიმუნურ დაავადებას. ამისთვის ვიყენებ გენურ ინჟინერიას, სადაც ვახდენ გენების ისეთ მოდიფიცირებას, რომ შევისწავლო, რატომ ვითარდება აუტოიმუნური უჯრედები. ეს არის პრეკლინიკური კვლევები. ვმუშაობ თაგვებზე და ასევე, ადამიანის ქსოვილებსა და უჯრედებზე. ვიწრო ინტერესის არჩევა გიწევს იმის მიხედვით, რა ინტერესი აქვს ლაბორატორიას. მე მეორე წელია, პირველი ტიპის დიაბეტის მიმართულებით ვმუშაობ, რომელიც მეხმარება კვლევების წარმართვაში, მაგრამ ჩემი ინტერესი სცდება პირველი ტიპის დიაბეტს და უფრო ფართოდ გადის აუტოიმუნურ დაავადებებზე იმიტომ, რომ ამ დაავადებებს აქვს საერთო მექანიზმები. ამიტომ არის, რომ დაავადებებს სხვადასხვა სახელი აქვს იმის მიხედვით, თუ სად ვითარდება, მაგრამ მექანიზმები არის ძალიან მსგავსი. რატომ ვსწავლობ გენეტიკას. დაავადების განვითარების ორი კომპონენტი არსებობს. ერთი არის გარემო და მეორე - გენეტიკა. ორივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ რატომ ემართება ერთი და იგივე გარემოში ერთ ადამიანს დიაბეტი, მეორეს - რევმატიზმი, ან ერთს უვლინდება ნებისმიერი ალერგიული რეაქცია, მეორეს - არა? თითოეულ დაავადებას ახასიათებს თავისი გენეტიკური კომპონენტი. მე ვსწავლობ გენეტიკური კომპონენტების ფუნქციურ დატვირთვას ამა თუ იმ მექანიზმების განვითარებაში, რაც საფუძვლად უდევს დიაბეტს ან აუტოიმუნურ დაავადებას. ხომ არ უნდა ველოდოთ რაიმე სიახლეს დიაბეტის მკურნალობის კუთხით - ბევრი რაღაც იცვლება, კვლევის შედეგები ძალიან დამაიმედებელია და ეს ეხება არამხოლოდ მკურნალობის ტაქტიკას, არამედ აუტოიმუნური დაავადების პრევენციის მეთოდებს. იმუნოთერაპია დღეს ფეხს იკიდებს და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი დარგია იმუნოლოგიაში, დაავადებების მართვაში. ალბათ, მომავალში როგორც დიაბეტის, ასევე სხვა აუტოიმუნურ დაავადებებში, იმინოთერაპია და ვაქცინა უფრო მოიკიდებს ფეხს. ვაქცინებს ძალიან დამაიმედებელი შედეგები აქვს. ეს ყველაფერი პრეკლინიკურია, მაგრამ დღეს რასაც ბიოტექნოლოგია აკეთებს, მართლაც დიდი მიღწევაა. მოსალოდნელია თუ არა ინსულინის ჩანაცვლება - ბევრი კვლევა ტარდება და ისეთი შედეგებია, რომლებიც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ინსულინი ჩანაცვლდება. ზუსტად იმიტომ, რომ მუდმივად არ უმკურნალონ პაციენტს ინსულინით, ვაქცინის მსგავსი პრეპარატები მზადდება, სადაც ყველა ის კომპონენტი შევა, რომ ამ აუტოიმუნური უჯრედების „განათლება“ მოხდეს. იმოქმედებს თუ არა ეს მათზე, ვისაც უკვე აქვს დიაბეტი - ამაზე პასუხის გაცემა რთულია, მაშინ, როცა არ ვიცი, რა მოხდება წლების შემდეგ. ძალიან რთულია იმ დაავადებების პრევენცია, როცა არ იცი, როდის რა ვითარდება, მაგრამ თუ ეს დაავადება ადრეულ ეტაპზე განვითარდა, შეიძლება, ასეთი ტიპის მკურნალობით პროგრესი შეჩერდეს და დაავადების სიმძიმე შენელდეს თუნდაც ვაქცინით. ამის მაგალითს ვხედავთ კორონავირუსის ვაქცინებზე, არცერთი ვაქცინა არ გვიცავს 100%-ით, მაგრამ გვიცავს დამძიმებისგან. ჯერჯერობით, ვერ ვხედავ ისეთ ვაქცინას, რომელიც აბსოლუტურ პრევენციას მოგვცემს. ამას ალბათ, უფრო მეტი კვლევა, წლები დასჭირდება. ვაქცინები ზოგადად, მეცნიერები სკეპტიკურად უყურებდნენ RNM-ის პლატფორმას, რადგან ეს არის ნაკლებად მდგრადი, ვიდრე DNM-ის პლატფორმა. RNM-ის პლატფორმა არ იყო ასეთი გამოყენებადი კლინიკებსა და დიდი რაოდენობით ადამიანებში, რომლებიც ახლა იცრებიან, მაგრამ ეს ყველაფერი საჭიროებამ მოიტანა. სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ მეცნიერებს, მათ უნდა შეექმნათ რაღაც, რაც ამ პანდემიას გადაგვარჩენდა. ამაში არაფერი ტოქსიკური და უკუჩვენებითი არ არის, ხალხს ეშინია, რადგან ეს რაღაც ახალია მათთვის და ვერ ხვდებიან, რომ RNM-ი გარდაიქმნება DNM-ად თვითონ ორგანიზმში და ეს წარმოქმნის სპაიკ ცილის პროტეინს, რომელიც აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემისთვის, რადგან ინფიცირების შემთხვევაში არ განვითარდეს ის სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივი ინფექციის დროს ვითარდება. დღევანდელმა და გასული წლის კვლევებმა აჩვენეს, რომ ორივე პლატფორმა ერთნაირად უსაფრთხოა. შეიძლება, DNM-ის პლატფორმა კიდევ უსაფრთხო არ იყოს, ვიდრე RNM-ის, რადგან ჩვენ დავინახეთ Astrazeneca-ს მაგალითები, როცა გამოიწვია გართულება რამდენიმე ადამიანში, თუმცა ეს ახასიათებს მას და მეცნიერები მუშაობენ მიზეზის დასადგენად. აშშ-ში არის უკვე საუბარი იმაზე, რომ Pfizer-ის და Modern-ას მესამე დოზით დაიწყონ იმუნიზაცია, რადგან ყველაზე მეტი ეფექტიანობა მათ აჩვენეს. რამდენად განსხვავდება „ბუსტერ“ დოზა სხვა დოზებისგან არ ვიცი, ალბათ იქნება ძალიან მცირე მოდიფიკაცია, დიდი განსხვავება არ იქნება. ამ ვაქცინების ეფექტიანობა „დელტა“ შტამის მიმართ 60-80%-ია. საქართველოში სამწუხაროდ, მასობრივად არ მიმდინარეობს ვაქცინაცია, 3% არაფერს ნიშნავს, რადგან გვყავს ბევრი აუცრელი. რეგულაციების დაწესება აუცილებელია. რასაც ვუყურებ, არ ხდება სავალდებულო რეგულაციების შემოღება. ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია და რეგულაციების შემოღება. საქართველოში რომ ყოფილიყო იმ მასშტაბის ვაქცინაცია, როგორიც აშშ-ში, რეგულაციებზე ლაპარაკი არ დაგვჭირდებოდა და სიკვდილიანობაც ნაკლები იქნებოდა. თუნდაც ახლა რომ დაიწყოს მასობრივად აცრა, ვაქცინაციას შორის ინტერვალს დრო ხომ სჭირდება. ამიტომ არის ლაპარაკი, რომ შემოდგომაზე შეიძლება დამატებითი ტალღა წამოვიდეს, რადგან ძალიან ცოტაა აცრილი. მოვისმინე აზრიც, რომ აცრილებისთვის არ იყოს რეგულაციები და აუცრელებისთვის - იყოს. თუმცა საქართველოში უმრავლესობა აუცრელია და რეგულაციები გარდაუვალი იქნება. აცრა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. 16 წლამდელებში არ მიმდინარეობს მძიმე სიმპტომებით დაავადება, თუმცა ბავშვებს გავრცელება შეუძლიათ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ აცრილია ადამიანი, აღარ შეგეშინდება. შეიძლება, ვირუსი დაგემართოს, თუმცა მსუბუქად გადაიტანო ისე, რომ ვერ გაიგო. ჩინური ვაქცინები არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის არის ვაქცინა. მთავარია, იყოს უსაფრთხო და აღიარებული ვაქცინა. ბევრს ვიცნობ, ვინც ჩინური ვაქცინით აიცრა. ზოგი აიცრა, რადგან შეეშინდა გვერდითი მოვლენების, რომლებიც მაგალითად Astrazeneca-ს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ეს კომპანია ერთ პლატფორმას იყენებს. ჩინური ვაქცინა გვიან აღიარეს, რაშიც ჩართული იყო პოლიტიკური და არაპოლიტიკური მოვლენები. ჩინურმა ვაქცინამ პირველ ეტაპზე ვერ აჩვენა ისეთი ეფექტურობა, როგორიც Astrazeneca-ს დროს იყო. ამისთვის დასჭირდა ვაქცინის გაუმჯობესება, რამაც დამატებითი დრო წაიღო და სამწუხაროდ, გვიან აღიარეს, თუმცა ის რომ, ჯანმომ აღიარა და ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ძალიან ბევრს ნიშნავს. აუცრელობა დანაშაულად მიმაჩნია, ისევ აცრა სჯობს და 60 %-იანი ეფექტურობა, ვიდრე ნულპროცენტიანი დაცვა. იმუნიტეტი და ანტისხეულები აცრის შემდეგ მე არ ვურჩევდი აცრილებს, რომ „თავი გაიგიჟონ“, წავიდნენ და გაიკეთონ ყველა ანალიზი. ანტისხეულებით არ ჩნდება ზოგჯერ ისეთი ტიტრი, რომელსაც ადამიანი ელოდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუცველია. იმუნიტეტი არანაკლებ ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე ანტისხეულების წარმომქნელი B უჯრედები. უჯრედულში იგულისხმება ლიმფოციტები და T უჯრედები. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ანტისხეული გექნება მაღალი ტიტრით თუ T უჯრედების მეხსიერება გექნება ხანგრძლივ ვადიანი. ამ ყველაფერს დრო გამოცდის. დღემდე ხდება დაკვირვება მათზე, ვინც თავდაპირველად, Pfezer-ით და Moderna-თი აიცრა, იმუნიტეტი 5-6 თვემდე გრძელდება, მაგრამ ამას ანტისხეულებით ზომავდნენ და რთულია, განსაზღვრო უჯრედული იმუნიტეტი, ვიდრე ადამიანს არ დაემართება ინფექცია და არ ნახავენ, რა კლინიკური გამოხატულება აქვს. ზოგს ჰგონია, როცა აიცრება, არც პირბადე სჭირდება და არაფერი, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ახალი შტამები და შეიძლება, დაავადების მიმდინარეობა არც თუ ისე მსუბუქი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ აცრილია. მაგალითად, აშშ-ში დაუბრუნდნენ რეგულაციებს, რადგან აცრილი ხალხი წავიდა ღონისძიებაზე, ხელმეორედ დაინფიცირდა და ზოგს მძიმე სიმპტომები ჰქონდა. იყო ტეხასში შემთხვევაც, რომ 60 წლის ადამიანი, რომელიც აცრილი იყო, გარდაიცვალა. მას ჰქონდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემა, რაღაც ვერ ჰქონდა მწყობრში, მაგრამ აცრილი წავიდა და არ შეეშინდა. მერე გამომჟღავნდა, რომ „დელტა“ ვარიანტით იყო ინფიცირებული, მაშინ, როდესაც იგივე ქორწილიდან, სხვებმა შედარებით მსუბუქად გადაიტანეს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირველი დოზის შემდეგ, ადამიანი ფრთხილად იყოს, ვიდრე მეორე დოზას არ მიიღებს, რადგან ზოგჯერ უფრო მეტი დრო მიაქვს უჯრედული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ამაშიც არის სადღაც გენეტიკური კომპონენტი. ბუსტერ დოზა იყო კვლევები და სავსებით მისაღებია ვაქცინების არევა. თუ პირველი ვაქცინა იყო ვთქვათ ჩინური და მერე Pfizer-ი, არ ნიშნავს, რომ არ იმოქმედებს, პირიქით, შეიძლება, უფრო მდგრადი იმუნიტეტიც იყოს. თუ გექნებათ საშუალება და შემოვა ბუსტერ დოზები, მე ვიტყოდი, რომ აიცერით. მაგალითად, Moderna-ს მეორე დოზა პირველისგან განსხვავდებოდა, მეორე დოზაში ის ელემენტები, რომლებიც ჰქონდა პირველ დოზას, მოჭარბებული იყო, ან განსხვავებულად მოდიფიცირებული. მეორე დოზა მძიმედ გადავიტანეთ არამხოლოდ მე, არამედ ჩემმა თანამშრომლებმაც, ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებდით გამოცდილებას, რაც არ შეედრებოდა Pfizer-ის მეორე დოზას. Pfizer-მა მერე დაიწყო ფიქრი „ბუსტერ“ დოზის შემუშავებაზე. ბუსტერ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. შეიძლება, თავდაპირველად არ აღიაროს ჯანმომ, რადგან ის ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, თუმცა აშშ-ში საუბარია, რომ უკვე სექტემბერში შემოიღონ „ბუსტერ“ დოზები. მსჯელობენ, რა ტიპის ადამიანებმა უნდა გაიკეთონ ეს დოზა. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს. როცა იქნება შესაძლებლობა, ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ „ბუსტერ“ დოზები, რადგან იმ მუტაციურ შტამებს, რომლებიც ახლა გამოჩნდა, არსებული ვაქცინები ნაკლებად ერევა და ამიტომ, “ბუსტერი„ მეტ ეფექტურობას სძენს. ანტივაქსერები ისინი ყოველთვის არსებობდნენ. მაშინაც, როდესაც გრიპის ვირუსზე იცრებოდნენ, ბევრი არ აიცრა. ბერვი სკეპტიკურად არის განწყობილი. ზოგს აქვს რელიგიუი მიზეზები, ზოგს - თავისებური, არ უნდა აცრა, ზოგს ჰგონია, რომ მის ირგვლივ თუ აიცრნენ, უკვე დაცულები იქნებიან. მე ვესაუბრე ჩემს მეგობრებს ევროპაში და ანტივაქსერების მოძრაობა ნაწილობრივ განპირობებულია იმ შეზღუდვებით, რასაც ქვეყანა ამ ხალხს უწესებს. ჰგონიათ, რომ ეს რაღაც დონეზე პოლიტიზებულია და საჭირო არ არის. ამას სჭირდება ხალხის ინფორემირება იმის შესახებ, თუ რა მოხდება, თუ არ აიცრებიან. მე თვითონ ახლა პატარას ველოდები. გაკეთებული მაქვს Moderna-ს ვაქცინა. საქართველოშიც ძალიან ბევრი ანტივაქსერია სამწუხაროდ, და ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის რაღაც ეშმაკისეული. მე მივესალმები ჩემს კოლეგებს, თანამშრომლებს, მეგობრებს, რომლებიც ეუბნებიან ხალხს, რომ არ არის საშიში ეს ვაქცინა არც ორსულებისთვის, არც განაყოფიერებისთვის, არც კაცებისთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დაშინებულია და ინფორმაციას არ ფლობს. მაგალითად აშშ-ში, მობილური აცრის მანქანები დადიან და ხალხს ქუჩაში ცრიან. კამპანიაა ასეთი, რომ ოღონდ მოდი და აიცერი და ბონუსები დაგერიცხება, მეტროს ბარათს მოგცემთ და ასე შემდეგ. თუმცა ასევე დაიწყო სავალდებულო აცრაც, მაგალითად, სამსახურში გამოგვიცხადეს, რომ ვისაც უნდა სამსახურში დაბრუნება, ყველა უნდა იყოს აცრილი, სპეციალური აპლიკაცია გვაქვს ტელეფონში, სადაც უნდა მიუთითო, ხარ თუ არა აცრილი. თუ აცრილი არ ხარ, მიზეზებიც უნდა მიუთითო, აქაც არ ხდება დაძალება, მაგრამ არის მკაცრი რეგულაციები იმასთან შედარებით, რაც გვქონდა. სამი რეკომენდაცია პირველ რიგში ვაქცინაცია, რადგან ვაქცინა გვიცავს. მეორე - რეგულაციების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა გვიცავს, ის, ვინც ჩვენს ირგვლივ არის აუცრელი, მაღალი რისკის ქვეშ არის. რას ვგულისხმობ რეგულაციებში - პირველ რიგში პირბადის ტარება და დისტანცირება, დანარჩენი სახელმწიფოზეა დამოკიდებული, რომ თავყრილობების (ქორწილები, ქელეხები) თავიდან აცილება მოხდეს. იმ ფონზე, რაც საქართველოში ხდება, კონცერტებს როგორ ატარებენ, არ ვიცი. ვისურვებდი, რომ ეს არ მოხდეს. მესამე - ჯანმრთელობის გაფრთხილება და შეძლებისდაგვარად, რამე თუ გაწუხებთ, ექიმთან მიდით და გამოკვლევები ჩაიტარეთ. საქართველოში ძალიან ბევრს არ აქვს საშუალება, რომ საკუთარი თავი გამოიკვლიოს და დგება სამწუხარო რეალობის წინაშე, როცა კლინიკები გადატვირთულია კოვიდპაციენტებით, მძიმე პათოლოგიით ადამიანებს ვეღარ იღებენ და ეს კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა.
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
Europetime-მა ევროპარლამენტარ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვასთან ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. ჩეხმა პოლიტიკოსმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესები შეაფასა და პოლიტიკურ აქტორებს მოლაპარაკების მაგიდასთან შეკრებისკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას წინ უძღვის მისი კოლეგების გაფრთხილება მიკროფინანსური ტრანშის შესაძლო შეჩერებაზე. „პროცედურებსა და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მარკეტა გრეგორევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი, რომელიც მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-სთან“, - ეს განცხადება ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე 30 ივლისს გააკეთა. Europetime-მა მარკეტა გრეგორევას ამ საკითხზეც დაუსვა შეკითხვები. _როგორ შეაფასებთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე და მის გავლენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე? ეს ძალიან სამწუხაროა. არ მინდა, მკაცრი ვიყო, თუმცა გულწრფელად აღვნიშნავ, ბატონი შარლ მიშელი ბათუმში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე და მთელ დროს უთმობდა ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს ევროკავშირისთვის სახეში სილის გაწვნას გავს, რადგან ეს ითვლება ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებად, ამიტომ, მისი გაუქმება აჩვენებს, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირთან ურთიერთობაზე. ეს ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _თქვენმა კოლეგამაც აღნიშნა თბილისში ვიზიტისას, რომ ევროპარლამენტში, სერიოზულად ფიქრობენ მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე. ასევე გვახსოვს ევროკომისიის განცხადებაც. ამ მიმართულებით თავად მუშაობთ და რა შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. რა თქმა უნდა, არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ. _უკვე მოვისმინეთ მმართველი პარტიის განცხადებებიც, რომ არ აპირებენ გადაწყვეტილების გადახედვას. ამ შემთხვევაში, საჭიროა პასუხი ევროკავშირიდან. ჩვენ არ შეგვიძლია, ვიყოთ მხოლოდ ინსტრუმენტი, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც ეს მოსახერხებელია. _როგორც ცნობილია, გადაწყვეტილებების სინქრონიაზაცია მოხდება აშშ-სთან, რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები? ვნახე მათი განცხადებები, აშშ რეალურად უფრო იმედგაცრუებული და გაბრაზებულია. დიახ, მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ვერ გეტყვით, რა იქნება შედეგი, რადგან მათ ჯერ თავადაც არ იციან ეს შედეგი. მაგრამ თანამშრომლობით, ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ სიტუაციის მოგვარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ ვერ ვაიძულებთ საქართველოს, თუ მთავრობა ამას არ მოისურვებს. ასე რომ, საჭიროა, არსებობდეს ორმხრივი ან სამმხრივი ნება სიტუაციის შესაცვლელად. _ასეთ ვითარებაში, პოლიტიკური აქტორებისადმი თქვენი რჩევა რა იქნებოდა? დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ქმნის უფრო მეტ პრობლემას და განხეთქილებას. ვფიქრობ, რომ მათ უნდა გადალახონ ეს პრობლემა, რადგან ეს არ ეხებათ მხოლოდ მათ, ეს ეხება ქვეყანას და მათ მოქალაქებს. ისინი უნდა დასხდნენ ერთ მაგიდასთან („ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა სხვა) და შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ქვეყნის სტაბილურობას, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვწონს პანდემიურ ვითარებაში ცხოვრება, პრობლემები, და უკვე არსებობს სხვა პრობლემები დემოკრატიული სისტემის არსებობასთან დაკავშირებით, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს. _როგორ უყურებთ 2024 წლის ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის პერსპექტივას არსებული ვითარებიდან გამომდინარეც, როდესაც გვესმის ევროპარლამენტარების მხრიდან განცხადება, ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, ვიდრე ეს იყო თუნდაც 3 თვის წინ. შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიცვალა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფიქრობენ მთავრობა და პოლიტიკური აქტორები ევროკავშირსა და ევროპაზე. ასე რომ, ალბათ ამის თქმა ძნელი იქნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ მთავრობა განაცხადით მოითხოვოს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას, ვფიქრობ, გულწრფელი ამბიცია არ არის. შეიძლება, არ ვარ მართალი და გამიხარდება, რომ არ ვიყო მართალი, მაგრამ ჯერჯერობით ასე ჩანს. ეს არის ქაღალდზე, მაგრამ არ ჩანს მათ ქმედებებში. რა თქმა უნდა, 2024 წლამდე არის სამი წელი. ასე რომ, შეიძლება შეიცვალოს ვითარება, ჩვენ ვნახეთ, რომ მოვლენები სულ რაღაც რამდენიმე თვეში იცვლება. მაგრამ პოლიტიკა მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს, რომ ევროკავშირმა რეალურად დაიჯეროს, რომ მათ გულწრფელად სურთ, შეუერთდნენ ევროკავშირს.
მიმდინარეობს მუშაობა, შექმნან პოლივაქცინა, რომელიც ყველა შტამზე იმოქმედებს - ინტერვიუ ზაზა წერეთელთან
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი საქართველოში „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელების ფონზე, შეზღუდვების შემოღების მომხრეა. თუმცა ამავე დროს მიიჩნევს, რომ ჯარიმების ჩამოწერა, მოქალაქეების მიერ რეკომენდაციების დაცვაზე უარყოფითად იმოქმედებს. იქედან გამომდინარე, რომ `ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების არსებულ ტემპს ვერ ეწევა“, თვლის, რომ „შეზღუდვების დაწესება მაინც აუცილებელია“. კითხვაზე, როდის დასრულდება პანდემია, პასუხობს, რომ კიდევ ორი წელი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ სპეციალისტები იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა, „დელტა“ შტამის გენოტიპი კი უკვე იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, Europetime ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროს მრჩეველ, ზაზა წერეთელთან ინტერვიუს გთავაზობთ. ზაზა წერეთელი: „დელტა“ შტამი 100-ზე მეტ ქვეყანაში გახდა დომინანტური. როდესაც მაისში, „დელტა“ შტამზე დაიწყო ლაპარაკი, დადგინდა, რომ ეს შტამი ძალიან სწრფად ვრცელდება. როდესაც ქვეყანაში პირველი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში უნდა ეფიქრათ, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა. სწორედ ამ დროს მოხსნა საქართველომ თითქმის ყველა შეზღუდვა, გახსნა საზღვრები, რამაც ხელი შეუწყო იმ ქვეყნებიდან ვირუსის კიდევ უფრო გავრცელებას, სადაც დელტა „შტამი“ იყო დომინანტური. ამას დაემატა ის, რომ მოქალაქეები რეგიონებში, განსაკუთრებით აჭარაში, რომელიც ტურისტული ეპიცენტრია, თითქმის აღარ ატარებდნენ პირბადეს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გამოცდილებით, „დელტა“ შტამი ასეთი ვერაგია, საქართველომ სამწუხაროდ, არ მიაქცია ყურადღება და მხოლოდ ფართოდ გავრცელების შემდეგ დაიწყეს ფიქრი, რა უნდა გაეკეთებინათ. _მასობრივი ვაქცინაციის დაწყების პერიოდიც სწორედ ამ შტამის გავრცელებას დაემთხვა, თუმცა ტემპი არც ისე მაღალია, როგორც ვარაუდობდნენ... ვაქცინაციის ტემპზე ლაპარაკი დადებითად შეუძლებელია, რადგან ძალიან მცირე მოცვაა. საქართველომ ძალიან სუსტი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ვაქცინაცია და ორჭოფობენ. აღსანიშნავია, რომ „დელტა“ შტამმა მოიკიდა ფეხი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, სადაც აცრილთა რაოდენობა მაღალი იყო. ჩვენს ქვეყანაში კი, როდესაც „დელტა“ შტამი გავრცელდა, სულ სამი პროცენტი იყო აცრილი. წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნებს გაუჭირდათ, სადაც 60%-იანი მოცვა იყო. შესაბამისად, შეზღუდვების მოხსნა იყო ძალიან სარისკო ნაბიჯი, რომელმაც არ გაამართლა და ამიტომაც გვაქვს შემთხვევების ზრდა. ადრე, ქვეყნების მთავრობები ამბობდნენ, რომ ვაქცინით მოსახლეობის 60%-მდე უნდა აცრან, ახლა ეს მაჩვენებელი 80%-მდე უნდა ავიდეს. ასე თუ გაგრძელდა საქართველოში, 60%-ის აცრაც კი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. თითოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის შემთხვევების ალბათ კიდევ უფრო ზრდას უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ეს ტემპი ვერ ეწევა „დელტა“ შტამის გავრცელებას. ამიტომ, შემოდგომა შეიძლება, ძალიან რთული იყოს საქართველოსთვის. „დელტა“ შტამი ძალიან ვრცელდება ახალგაზრდებსა და ბავშვებში. თუ შემთხვევების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, შესაძლოა, სკოლებში სწავლა ონლაინ გაგრძელდეს. _ცნობილია, რომ ერთი დოზით აცრის შემთხვევაში „დელტა“ შტამისგან დაცვა 30%-ს აღწევს. ეს ყველა ვაქცინის შემთხვევაში ასეა თუ არის გამონაკლისები? კვლევები ჩატარებულია Moderna-ზე, Pfizer-სა და Aztrazeneca-ზე და ეფექტიანობა ერთი დოზით აცრისას 30-დან 33%-მდეა. ეს შედეგები არ არის ცნობილი ჩინურ ვაქცინებზე. ასევე არაფერი ვიცით რუსულ ვაქცინაზე. ახლა უკვე ისრაელშიც გამოჩნდა შემთხვევები Pfizer-ით ორჯერადად აცრილებში და ეფექტიანობა იმისა, რომ საერთოდ არ დაგემართოთ ვირუსი, 88-დან 65%-მდე ჩამოვიდა. თუმცა 90%-ით იცავს ეს სამივე ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და დამძიმებისგან. ამერიკელებმა ჩაატარეს კვლევა, რომ იმდენად ძლიერი შტამია „დელტა“, აცრილ ადამიანშიც რომ შეიჭრება, ორგანიზმში ვირუსების რაოდენობა მაინც ძალიან დიდია. არააცრილ ადამიანში კი ვირუსული დატვირთვა ათასჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო „ალფა“ (ბრიტანული) შტამის დროს. სწორედ ამიტომ დაიკლო ვაქცინების ეფექტურობის დონემ, თუმცა ვირუსს უმკლავდებიან და ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. რადგანაც აცრილებსაც შეიძლება დაემართოს და უსიმპტომოები იყვნენ, ამერიკელების რეკომენდაციაა, რომ აცრილმა პირბადე ისევ უნდა ატაროს, რადგან არააცრილი ადამიანი შეიძლება ძალიან მარტივად დაასნებოვნოს. ორნახევარჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია არააცრილებში „ალფასთან“ შედარებით. 5-ჯერ უფრო მეტია ჰოსპიტალიზაცია იმ ვირუსთან შედარებით, რომელიც ვუჰანიდან წამოვიდა. _ასეთ ვითარებაში მესამე დოზით აცრის ვარაუდებს და უკვე არსებულ პრაქტიკას როგორ უყურებთ? მიმდინარეობს მსჯელობა, იქნება თუ არა საჭირო მესამე დოზა. Pfizer-ი ამბობს, რომ ამის მომხრეა. ზოგის ვარაუდით, ეს ფარმაცევტული კომპანიის ინტერესია, რადგან დიდი შემოსავალი მიიღეს. ამიტომ, ეპიდემიოლოგები, მეცნიერები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ ჯერ თავი უნდა შევიკავოთ და გავიდეს გარკვეულ პერიოდი, დავაკვირდეთ. ისრაელმა გადაწყვიტა მესამე დოზით აცრის დაწყება, რადგან ნახა, რომ ორჯერადად აცრილები დაინფიცირდნენ, თუმცა ისრაელმა მკაფიოდ განაცხადა, რომ 60 წელს გადაცილებულების და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების აცრას დაიწყებს. ისრაელის შედეგი გახდება ალბათ სხვა ქვეყნებისთვის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. _რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, „დელტა“ შტამის მიმართ ეფექტიანობაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? ინფორმაციის ნაკლებობაა პრობლემა. თუ Moderna-ს, Pfizer-ის და Aztrazeneca-ს შემთხვევაში მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება, თუ როგორ მუშაობს ეს ვაქცინები, ჩინურ ვაქცინებთან მიმართებით ცოტა რამ ქვეყნდება. შესაბამისად, მათ ეფექტიანობაზე მსჯელობა ძალინ რთულია. ცხადია, ჩინელები ამბობენ, რომ მათი ვაქცინა ეფექტურია, თუმცა პროცენტებში როგორ გამოიხატება „დელტა“ შტამისადმი ეფექტიანობა, რთული სათქმელია, მით უმეტეს, ჩინური ვაქცინები დამზადებულია ვუჰანის ვაქცინის სტილზე და იმდენად შეიცვალა ეს შტამი მას შემდეგ, რომ ეფექტიანობაზე საუბარი რთულია. გარკვეულმა ქვეყნებმა, ბაჰრეინმა, ჩილემ და ემირატებმა, სადაც ჩინური ვაქცინით აიცრნენ, გადაწყვიტეს, რომ Pfizer-ის მესამე დოზა დაემატებინათ. ერთი უნდა ითქვას, რომ ვაქცინების უმეტესობა ჰოსპიტალიზაციას და ლეტალობას ამცირებს. _სწრაფი გავრცელება ხომ არ უკავშირდება იმას, რომ გარკვეულწილად, ამ შტამის დიაგნოსტიკა შედარებით გართულდა? სიმპტომატიკა არის ჩვეულებრივი გაციების მსგავსი. შესაბამისად, ბევრი ახალგაზრდა თვლიდა, რომ თუ დააცემინებდა, ჩვეულებრივ გაცივდნენ და აგრძელებდა აქტიურ ცხოვრებას. სწორედ ამან გამოიწვია სწრაფად გავრცელება. ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული ანტისხეულები ანადგურებენ „დელტას“ ისე, რომ ფილტვებამდე არ მიაღწიოს, თუმცა რჩება ცხვირ-ხახაში და სამწუხაროდ, ჩვენს ვაქცინებს არ აქვთ ის მექანიზმი, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსს მოერიოს. ამიტომ შეუძლია აცრილ ადამიანს, გაავრცელოს ვირუსი და ამიტომ არის აუცილებელი პირბადე. _აქედან გამომდინარე, ხომ არ ხედავთ საჭიროებას, „დელტა“ შტამის წინააღმდეგ შეიქმნას ვაქცინა? ლეტალობა არ შეცვლილა. უფრო სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი, რაც პრობლემაა ჯანდაცვის სისტემისთვის. თუმცა აკვირდებიან და როგორც ამბობენ, თუ მოიმატა აცრილებში შემთხვევების რაოდენობამ და ლეტალობა გაიზარდა, ალბათ იტყვიან, რომ საჭირო იქნება ახალი ვაქცინის შექმნა. Moderna-მ, Pfizer-მა „დელტა“ შტამის გენოტიპი იციან და მისი საწინააღმდეგო ვაქცინა სწრაფად გაკეთდება, თუმცა შტამები ხომ არ ქრება, შეიძლება, ახალი გამოჩნდეს. ვიდრე არიან აუცრელი ადამიანები, ვირუსს აქვს საშუალება, რომ გამრავლდეს. იმდენად წინ წავიდა მეცნიერება, (ამერიკელ და გერმანელ მეცნიერებში) რომ ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, შექმნან პოლივაქცინა, რომელიც ყველა შტამზე იმოქმედებს.
ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარ, ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იყო რთულად მოპოვებული გამარჯვება და მმართველი პარტიის მხრიდან ამ შეთანხმებიდან გასვლა ცუდი სიგნალია. Europetime-თან კომენტარში კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარეს ესმის, გაზრდილი დაპირისპირება სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს. „იმედი მაქვს, იპოვიან გზას უთანხმოების გადასალახად“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი. მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ კარგავს საერთაშორისო ნდობას და, სამწუხაროდ, იგივე ხდება საქართველოზეც. ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება არჩევნებისთვის მოსამზადებლად კარგი საფუძველი იყო, ახლა კი გაუქმებულია ეს შეთანხმება. „ვერ გეტყვით, რამდენად შეუძლია ამ ნაბიჯს, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოს პოლიტიკური დიალოგი. საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, დაეხმარონ საქართველოს ევროპული რეფორმების გზაზე და ევროკავშირმა ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი ჩართულობით აჩვენა“, - აღნიშავს ანდრიუს კუბილიუსი. ცნობისთვის, 29 ივლისს, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ მისია ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“. ამავე თემაზე: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
საფრანგეთის ელჩი: სასამართლო რეფორმა, პრესის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა - 5 ივლისის შემდეგ, ეს საკითხები ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას
Europetime-მა საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ექსკლუზიურად ჩაწერა. დიპლომატმა 19 აპრილის შეთანხმების დატოვებაზე მმართველი პარტიის გადაწყვეტილება შეაფასა. დიეგო კოლასის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. „დიდად არ ვარ დაინტერესებული, მომდევნო ადგილობრივი არჩევნების შედეგების სპეკულირებით, ან იმის განხილვით, თუ რა რეზულტატი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ შედეგს ამ არჩევნებზე. ვეთანხმები შარლ მიშელს, რომ 19 აპრილის შეთანხმების შინაარსის, განსაკუთრებით სიღრმისეული საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერა, საუკეთესო გზას გვთავაზობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. 5 ივლისის შემდეგ, საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას, ეს არის პრესის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება, უმცირესობების დაცვა ძალადობისგან და დაშინებისგან; ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესრიგს; სასამართლო რეფორმა. ეს ის საკითხებია, სადაც იმედი მაქვს, რომ დაწყებული ხელისუფლებიდან, ყველასგან დავინახავ ევროპული, დასავლურ ფასეულობებისადმი ერთგულების ძლიერ ნიშნებს“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები
ჯეიმს აპატურაი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა
Europetime-მა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ექსკლუზიურად ჩაწერა. უსაფრთხოების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება საქართველოს, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება არის საუკეთესო გზა იმ რეფორმების მისაღწევად, რომლებიც სარგებელს მოუტანს და ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზისკენ სწრაფვაში; ამიტომაც შეიტანა საქართველომ ამ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას, მომემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, მხარი უნდა დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად“, - განუცხადა ჯეიმს აპატურაიმ Europetime-ს. ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამავე თემაზე: შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმება გვთავაზობს ევროპულ გზას საქართველოში, მოვუწოდებ ყველა მხარეს, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები ამერიკის საელჩო: აშშ ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი: უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია ბრიუსელთან და ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე
ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში, ევროკავშირთან სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებისა და ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. თეონა ლავრელაშვილის შეფასებით, ასოცირებულ ტრიოს ასევე აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. რას გულისხმობს ეს ინიციატივები, უფრო კონკრეტულად, ინტერვიუდან შეიტყობთ. _როგორ შეაფასებდით საქართველოში, ბათუმში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრას და ე.წ. პეტრას მემორანდუმს? ეჭვგარეშეა, რომ ეს არის ევროკავშირთან უფრო ამბიციური და ღრმა თანამშრომლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასოცირებული ტრიოს დეკლარაციით - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ცალმხრივად და ერთობლივად გამოვიდნენ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებული ინიციატივით. ასოციაცირებული ტრიოს პოლიტიკური დაბადება აშკარა სიგნალია ბრიუსელისთვის, რომ ეს სამი ქვეყანა არამხოლოდ მზადაა, განაგრძოს ინტეგრაცია ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიღმა, არამედ ერთად განაგრძონ სრულფასოვანი წევრობის მიზნისკენ სწრაფვა. ეს ბრიუსელს აყენებს ისეთ პოზიციაში, რომ ასოცირებული ტრიოს მოთხოვნას რაიმე ფორმით უპასუხოს. მაშინაც კი, თუკი ევროკავშირი შესაძლოა და ალბათ გარკვეულწილად ყოყმანობს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის წევრობის პერსპექტივის მინიჭებაზე, ველი, რომ ასოცირებული ტრიოს ფორმატის საშუალებით, ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებული ინტეგრაციის შესახებ კიდევ უფრო მკაფიო პერსპექტივები გამოჩნდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც, ჩემი აზრით, დავიწყებულია ასოცირებული ტრიოს დღევანდელ ფორმატში, ეს არის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობის აღიარება თავად ამ ქვეყნებს შორის. თუ გვსურს ავირიდოთ ის, რომ ასოცირებული ტრიო მხოლოდ პოლიტიკურ ან დიპლომატიურ ინიციატივად რჩება, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაცია ამ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სექტორულ სფეროში. ამისათვის საჭიროა კოორდინაცია ხელისუფლების შტოებთან ასევე პარლამენტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. _ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საერთო ძალისხმევა გაანეიტრალებს თუ არა რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხერბს, მაგალითად დეზინფორმაციას, რუსულ ნარატივებს და საბოლოოდ წინ წასწევს თუ არა აღნიშნული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს? ასოცირებული ტრიოს აქვს პოტენციალი, გაზარდოს ქვეყნების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართაც. ეს არის კარგი პლატფორმა, რომელიც შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული საქართველოს უკრაინის და მოლდოვის მიერ, რათა უკეთ განსაზღვრონ რუსეთის მავნე ზეგავლენა და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაონ და მოახდინონ ერთობლივი რეაგირება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკლარაციაში ნათლად არის ნახსენები ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერმედეგობა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვიფიქროთ ქვეყნის მასშტაბით ქმედებებზე რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ ტრიოს ფორმატში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ექსპერტების რჩევები, რათა ამ პლატფორმის პოტენციალი კონკრეტულ პოლიტიკურ ქმედებებში აისახოს. რა თქმა უნდა, უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი ტრიოს განიხილავს, როგორც საფრთხეს, რომელმაც შეიძლება შეამციროს მისი გავლენა შესაბამის ქვეყნებში. გასაკვირი არ არის, რომ დუმის ზოგიერთმა წევრმა უკვე შეაფასა ასოცირებული ტრიო, როგორც მცდელობა, „შექმნას კიდევ ერთი „„სანიტარული კორდონის“ ხაზი რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის ბრძანებით შეიქმნა“. პრორუსულმა ძალებმა, მაგალითად, იგორ დოდონმა მოლდოვაში, მას ძალიან საშიში დოკუმენტი უწოდა. გასაკვირი არ იქნება, თუ რუსეთი მხოლოდ განაგრძობს და გააძლიერებს ძალისხმევას, სანდუს გამარჯვების ფონზე, მავნე გავლენის პრაქტიკის გამოყენებით. _თქვენ აღნიშნეთ, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები, მათ შორის, ექსპერტების რჩევა ასოცირებული ტრიოს ფორმატის განვითარებისთვის, შეგიძლიათ, უფრო მეტი გვითხრათ ამის შესახებ. აშკარაა, რომ საჭიროა და ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციის ძალისხმევა ბრიუსელთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ევროპარლამენტარი კუბილიუსი ასევე ხშირად იმეორებს ერთობლივი სტრატეგიული საკომუნიკაციო გეგმის შექმნის აუცილებლობის შესახებ. ფრაგმენტული მიდგომის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვიფიქროთ ასოცირებული ტრიოს პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფის შექმნაზე. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ასევე იყენებენ ამ ტიპის პოლიტიკის მრჩეველთა ჯგუფს ერთმანეთთან, რათა კოორდინაცია გაუწიონ თავიანთ ძალისხმევას, ხედვის ჩამოყალიბების საფუძველზე. ვფიქრობ, რომ ასეთი რამ შეიძლება გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც, როდესაც პოლიტიკის ექსპერტებსა და აკადემიურ გაერთიანებებს აერთიანებთ თავიანთი ძალისხმევა კონცეპტუალური ანალიზისა და სტრატეგიული სიღრმის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. _თქვენი აზრით, ევროკავშირის ასეთი ჩართულობა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უკვე მესამე ვიზიტი საქართველოში რითია გამოწვეული და რა მოლოდინები აქვს ევროპას საქართველოდან? მახსოვს, როდესაც ევროკომისიაში ვმუშაობდი - ჩემმა დიდმა უფროსმა, იოჰანეს ჰანმა, რომელიც იმ დროს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითებში ევროკომისარი იყო, გაიმეორა, რომ „ჩვენ არ გვინდა არასტაბილურობის შემოტანა, ჩვენ გვინდა სტაბილურობის ექსპორტი“. ეს აქტუალური რჩება დღესაც. ევროკავშირს სურს და სჭირდება სტაბილური საქართველო ფუნქციონირებადი დემოკრატიული ინსტიტუტებით. რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური ზეწოლის ფონზე, საქართველო რჩება ევროკავშირის არსებით მოკავშირედ არამხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ბევრ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა, ტექნიკური თანამშრომლობა და ბრიუსელმა ასევე კარგად იცის, რომ საქართველოში ევროკავშირი უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს. ეს აძლევს ევროკავშირს არამხოლოდ უფლებამოსილებას, შეასრულოს როლი ქვეყნის სტაბილიზაციაში, არამედ ამარაგებს მას ტრანსფორმაციის ძალით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი მხრიდან შესაძლებლობა. ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან