ანალიტიკა

თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო

ბოლო კვირების განმავლობაში, სულ უფრო ნათლად იკვეთება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის და აშშ-ის ახალი საგარეო პოლიტიკის კონტურები. მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. ამერიკა შეტევის პოლიტიკას ირჩევს და ევროკავშირთან კოორდინირებულად, მსოფლიოს, გლობალური პოლიტიკის ახალ დღის წესრიგს სთავაზობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ის, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ალიანსში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების თარიღის დასახელება, ამ ეტაპზე არ შეუძლია. კონკრეტულად, რას გულისხმობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების გააქტიურება რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეიძლება აისახოს მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოზე? - ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, GIPA-ს ასოცირებულ პროფესორს , თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა. -გარდა სამხედრო ბერკეტისა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სხვა რა სახის რესურსი გააჩნია რუსეთზე ზეწოლის განსახორციელებლად? NATO-ს ხელთ არსებული რესურსებიდან, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გაიდგას რუსეთის წინააღმდეგ? -დავიწყოთ იმით, რომ ჯო ბაიდენის განაცხადი ამერიკის დაბრუნების შესახებ, უკვე გამოიხატება აქტიურ ქმედებებში. აქტიურ ქმედებებში პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ამერიკა აქტიურად ბრუნდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ შორის NATO-ში. გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაცია შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა არის თანამედროვე რუსეთი და სად შეიძლება მიგვიყვანოს რუსეთის ამბიციებმა. ამიტომ, მათ ნამდვილად არ აქვთ ილუზია გადატვირთვის და მსგავსი პოლიტიკის მიმართ და პირიქით, ისინი გადავლენ სწორედ რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე. ბლინკენის ბოლო განცხადება, რომ აშშ NATO-სთან განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს, არ არის ერთადერთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ეს უკვე არამხოლოდ NATO-ს ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებაა, არამედ ევროკავშირთან ერთობლივი აქტივობაც. ამერიკის დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში, არ ნიშნავს მხოლოდ აშშ-ის როგორც ძლიერ სახელმწიფოს როლის ამაღლებას, არამედ ნიშნავს, რომ ამერიკა რეალურად იბრძოლებს უკეთესი მსოფლიოსთვის, ღირებულებებისათვის და იმ საფრთხეების მაქსიმალურად გასანეიტრალებლად, რომლებიც დღეს არსებობს. მართალია, NATO სამხედრო ორგანიზაციაა, თუმცა არ უნდა წარმოვიდგინოთ, ისე თითქოს, სამხედრო ბერკეტი ალიანსის, ერთადერთი რესურსია რუსეთის შესაკავებლად. სამხედრო თემატიკა არის ის, რამაც უნდა შექმნას ძალიან ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ამასთან ერთად სხვა, საკმაოდ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არსებობს. ეს არის პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური. ერთ-ერთი ყველაზე ცხადი მაგალითია ჩრდილოეთის ნაკადი 2 (NordStrim2) და ამ გაზსადენის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება. რუსეთის ფედერაციისთვის ასეთი ტიპის დარტყმები, მართლაც ძალიან მძიმეა. გაფართოვდა სანქციებიც, როგორც საწარმოების მიმართ, ასევე გაიზარდა სანქცირებულ პირთა სიაც, რაც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება აამოქმედოს შეერთებულმა შტატებმა, თუ კოორდინაციაში იქნება ევროკავშირთან და NATO-ს წევრ ქვეყნებთან. მერწმუნეთ, რომ ყოველივე ამის ეფექტი იქნება გაცილებით უფრო დიდი და გაცილებით უფრო მეტად დააფიქრებს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას. მათ მართლაც მოუწევთ მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც ისინი ახორციელებენ, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. -ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში და აშშ-ის და ევროკავშირის განახლებულ საგარეო პოლიტიკაში, საქართველოსთვის რა შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება? რაზეც თქვენ საუბრობთ ხოლმე, ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებიც თავის დროზე ასევე მოუმზადებლად მიიღეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მიუხედავად რუსეთის და ამავე დროს დასავლეთ ევროპის კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგობისა. რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკის გამოვლინება, რამდენად შეიძლება იყოს ჩვენი „შესაძლებლობის ფანჯარა“ თუნდაც NATO-ში გაწევრიანების დასაჩქარებლად? - მართლაც შეიძლება აღმოვჩნდეთ, ისეთ მოცემულობაში, რომ შესაძლებლობების ფანჯარა შეიქმნას. ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, ეს თავისით მოვა, ან ვინმე გვაჩუქებს. ამისთვის ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი. გამოვიყენოთ ის, რომ დღეს აშშ-ის ასეთი ადმინისტრაცია ჰყავს, რომლის პრიორიტეტიც არის რუსეთის შეკავება და NATO-ს გაფართოება. უფრო მეტ აქცენტს ვაკეთებთ NATO-ზე, რადგან ეს არის უსაფრთხოების ქოლგა. NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ტექნიკურად შესასრულებელი გაცილებით ცოტ რამ დარჩა, ევროკავშირთან ინტეგრაციისგან განსხვავებით. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კიდევ ბევრი რამ გვრჩება შესასრულებელი. ისეთი წარმატებებით, როგორც NATO-ს ასპირანტობაში ვიწონებთ თავს, ევროკავშირში ვერ მოვიწონებთ. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე მიმართულებით პროცესი დაჩქარდეს და მეტი ინსტრუმენტი იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. იმავდროულად, აქტიური მუშაობაა საჭირო ამ შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რაც საქართველოს NATO-გაწევრიანებას დააჩქარებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, თუ მზად არ ვიქნებით, ძალიან დიდ შესაძლებლობას დავკარგავთ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი ასეთი შესაძლებლობა რომ კიდევ მოგვეცეს. ამიტომ, ამ კონტექსტში, ძალიან დიდი აქტივობა გვმართებს. -ბატონო თენგიზ, ზუსტად ამ კონტექსტიდან გამომდინარე, კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტის მიმართ, რა მოლოდინები გაქვთ? ფაქტია, რომ შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა პირდაპირ მიბმულია იმ სამუშაო პროცესთან, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ. -თავად ის ფაქტი, რომ ოპოზიციის და ხელისუფლების შერიგების მიზნით, დანიელსონი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ეს მიუთითებს, თუ როგორ აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესების მომავალი, რამხელა ძალისხმევას და რესურს დებენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი არ გაღრმავდეს. ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი ჩართულობა და მისი მხრიდან პირადი წარმომადგენლის დანიშვნა დიალოგის მედიატორად, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ასეთი რამ არ ხდება ხოლმე! ასეთი რამ ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. კრიზისის განმუხტვის მიზნის გარდა, ამავდროულად, ინტერესში ვგულისხმობ სხვა, არა მეგობრული ძალების შეკავებას, რუსეთის სახით. ევროკავშირი ცდილობს, რუსეთს ჩვენი ქვეყნის საქმეებში უფრო მეტად ჩარევის შესაძლებლობა არ მისცეს და საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია დაიცვას. - თუნდაც აშშ-ის ან ევროკავშირის ქვეყნების დაზვერვას, შესაძლოა, რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია ჰქონდეს, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობების შესახებ, რომელიც ესკალაციის შექმნისკენ არის მიმართული? ამით ხომ არ არის გამოწვეული დასავლეთის ასეთი დონის აქტივობა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პროცესში? - ამაში ეჭვიც არ მეპარება. მით უმეტეს ეს ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა ნარიშკინის განცხადებამ. ზოგადად, დაზვერვის სამსახურები ასეთ განცხადებებს საჯაროდ არ აკეთებენ და თუ აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ ძალიან სერიოზულ ჩარევაზეა ლაპარაკი. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადება ფაქტობრივად თვითაღიარება იყო. შეიძლება ითქვას, ამანაც თავისი როლი ითამაშა. თუმცა, ის რომ, რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში ერევა, არაერთ ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, მათ შორის გასული წლის ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშში, სადაც ღიად საუბრობენ რუსეთის ჩარევაზე. ეს არ არის ერთადერთი დოკუმენტი. ასეთი ბევრია. ის რომ, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, ვითარება შეცვალოს, საიდუმლო არ არის და ამის ნათელი მაგალითია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს ბოლო განცხადებაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის, საქართველოს არამხოლოდ NATO-ში გაწევრიანება, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებაც პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია. ყველაფერი ნათელზე ნათელია და ცხადია. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ პარტნიორები ასეთი ძალებით ცდილობენ დახმარებას. თუმცა, იმისთვის რომ დაგეხმარონ, უპირველეს ყოვლისა, თავად უნდა გქონდეს სურვილი, თავად დაეხმარო საკუთარ თავს, რაზეც ღიად მიანიშნებს დანიელსონი. დასავლეთს, მხოლოდ დახმარება შეუძლია, ნაბიჯები ჩვენს მიერ უნდა გადაიდგას და ჩვენს ნაცვლად გასაკეთებელს ისინი ვერ გააკეთებენ. იმედია, პოლიტიკური სპექტრი გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ ქვეყნის მომავლის წინაშე და იხელმძღვანელებენ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. -დანიელსონის დღევანდელი განცხადებები, რა პროგნოზის საფუძველს იძლევა? რამდენიმე პარტიაც რომ შევიდეს პარლამენტში, სიტუაციას ოდნავ მაინც თუ განმუხტავს? თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აწყობს და ვის არ აწყობს შეთანხმების მიღწევა? - კრიზისი გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე 2-3 პარტიის პარლამენტში არშესვლა, ან შესვლა. აშშ-ს სენატში განხილვისასაც იყო ნათქვამი, დღევანდელი კრიზისის საფუძველი არის ის დაგროვებული პრობლემები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში აკუმულირდა და ამ კრიზისის სახით ამოხეთქა. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც პრინციპში გაერთიანებულია იმ ჩარჩოში, რომელიც მოლაპარაკებისთვის შარლ მიშელმა წარმოადგინა. ეს არ არის უბრალოდ პარტიების შესვლა, ან არშესვლა. ეს არის სასამართლო სისტემა, საარჩევნო სისტემა და ბევრი ის თემა, რაზეც ისედაც ვიცოდით, რომ მისახედია, მაგრამ მაინც სამომავლოდ იდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ რეფორმებზე განცხადებებით თავს ვიწონებდით. ეს პრობლემები დაგროვდა და ამ სიტუაციიდან გამომდინარე პრობლემების მოცულობა გაიზარდა. ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ კრიზისის საფუძვლების აღმოფხვრაზე და არა უბრალოდ გარეგნულ მხარეზე, რომელიმე პარტია იქნება თუ არ იქნება პარლამენტში. მე ვფიქრობ დიალოგის პროცესში საუბარი იქნება ყველაფერზე. - საზოგადოების ერთი ნაწილი უფრო დიდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „შეთანხმების მიღწევას „ნაციონალურ მოძრაობა“ უშლის ხელს, რადგან თუნდაც რეფორმების სანაცვლოდ, მხოლოდ პარლამენტში შესვლა მას არ აწყობს. ასე სრულ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებს. ამიტომ, რევოლუციური სცენარი მისთვის ყველაზე მისაღებია“. NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს გამოკითხულთა 7%, დანარჩენ ოპოზიციასაც ჯამში 7 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" - 23 %. NDI-ს ბოლო კვლევები რამდენად იმოქმედებს დიალოგის შედეგებზე? -ეს კვლევა კარგად უნდა წაიკითხოს ყველა პოლიტიკოსმა, ორივე მხრიდან. ყველაზე დამაფიქრებელი არის ის, რომ ზოგადად, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობა ძალიან კლებულობს. რეალურად, ჩვენ გვაქვს პროცესი, როდესაც პოლიტიკოსები შორდებიან რეალობას და იმ აღქმას, რაც რეალურად ხდება საზოგადოებაში. პოლიტიკური პარტიების, მათ შორის მმართველი პარტიების რეიტინგის კლებაში დიდ როლი ითამაშა ამ კრიზისმა, რადგან საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ხედავს პარტიული ინტერესების უპირატესობას საერთო ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იხელმძღვანელონ არა პარტიული ინტერესით, არამედ საერთო ეროვნული ინტერესით. ვინც ამას მოახერხებს, დამერწმუნეთ, რომ მისი რეიტინგი საკმაოდ გაიზრდება. ამიტომაც თქვა დანიელსონმა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი. ზოგადად, ჩვენ თუ გვინდა ევროინტეგრაცია, მაშინ ევროპული პოლიტიკური კულტურაც უნდა ვისწავლოთ და მათ შორის კომპრომისის ხელოვნებაც. სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესში შედის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს მომავლით და არა იმის ინტერესში, ვისაც ამ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ აწყობს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პოლიტიკურ პარტიებს, ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს არის ეგზისტენციალური კრიზისი ჩვენი ქვეყნისათვის და ბევრი რამ დევს სასწორზე. ყველას პასუხისმგებლობა აქვს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, თუმცა პოლიტიკის ანა-ბანაა რომ თუ ხელისუფლებაში ხარ, ესე იგი პასუხისმგებლობაც მეტი გაქვს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, იმისთვის, რომ საქმე გაკეთდეს, საჭიროა, აბსოლუტურად ყველა მხარის მიერ დღევანდელი რეალობის სრულად გათავისება. ასევე იმ პასუხისმგებლობის, რომელიც მათ, ყველას აკისრიათ.

ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ

რუსეთთან დაკავშირებული პოლიტიკის ჭრილში, ბოლო დღეებში, აშშ-ს, NATO-ს და ევროკავშირის პირველმა პირებმა არაერთხელ ახსენეს საქართველო. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. თუმცა მისი თქმით, მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის წევრის სტატუსს საქართველო და უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული განცხადებების პარალელურად აშშ-ს სენატში საქართველოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე მოსმენა გაიმართა და დემოკრატიის საფრთხეებზე, არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა. როგორც Europetime-თან ინტერვიუში აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აღნიშნავს, საქართველო დღეს, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის NATO-ში გაწევრიანებასთან, რასაც სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნაში მიმდინარე პროცესები. _საქართველოსთან დაკავშირებით, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის ცდილობს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებაზე კონკრეტული პერსპექტივა დაინახოს. ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებს და განცხადებებს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სასარგებლოდ რაიმე სახის გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება? ამ ორ საკითხს გავყოფ, რა ცვლილებები ხდება და არის თუ არა ეს ჩვენ სასარგებლოდ. ცვლილებები ნამდვილად ხდება. ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ძველი საერთაშორისო წესრიგი, რეალურად მოირღვა. ამის დარღვევა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, გაგრძელდა უკრაინაში და დღემდე გრძელდება, სამწუხაროდ. ახლა უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა ახლით ჩანაცვლდეს, რუსული ჰიბრიდული ომიდან და აგრესიული რევიზიონიზმიდან გამომდინარე. აქ სხვა ფაქტორებიც შემოდის, ჩინეთი , ირანი და ა.შ. ამიტომ, ახლა როცა ჩვენ, მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ დროს, დანარჩენ მსოფლიოში ახალი წესრიგი ლაგდება. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, უკვე ნელ-ნელა თავის საგარეო პოლიტიკურ კონტურებს იძენს, მას შემდეგ, რაც შიდა პოლიტიკური სიტუაციები დალაგდა. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც ბლინკენის ვიზიტიდანაც გამოჩნდა, ეს არის ფასეულობებზე დაფუძნებული ტრანსატლანტიკური კავშირების აღდგენა იქ, სადაც დაზიანებულია. ბევრ რამეზე იყო საუბარი ბლინკენის ვიზიტისას, და ბაიდენის ვირტუალური ჩართვისას ევროპულ სამიტზე, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, რაც ჩვენთვისაც ძალიან საყურადღებოა. გარდა შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისა, მათ ისაუბრეს იმაზე, რომ დემოკრატიებს ასე მუდმივად თავდაცვის პოზიციაში ყოფნა არ გამოადგებათ და უნდა გადავიდნენ შეტევის პოლიტიკაზე. რამოდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ამაზე ვინმეს ხმამაღლა ესაუბრა. დემოკრატიულმა სამყარომ ამერიკის ლიდერობით 12-წლიანი დაცვის თამაშის შემდეგ, გადაწყვიტა შეტევაზე გადასვლა. რუსეთთან შეტევაზე გადასვლა მაინცდამაინც ბირთვულ ომს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს დემოკრატიული ფასეულობების კიდევ უფრო გამყარებას, ან დემოკრატიის არეალის გავრცელებას. შესაბამისად, ჩვენი შანსი არის ის, რომ „შეტევაზე გადასვლის პოლიტიკიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე გადასვლა ჩვენს გარეშე არ მოხდეს. რეალურად ახალი ევროპული უსაფრთხოება საქართველოს და უკრაინის გარეშე წარმოუდგენელია. პირველი, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში, მეორე იმიტომ, რომ ეს ორი ქვეყანა არის სწორედ ის წერტილი, სადაც რუსეთმა საერთაშორისო წესრიგის მოშლის პირველი ორი დარტყმა განახორციელა. 2008-ში საქართველოში, 2014-ში უკრაინაში და დღემდე გრძელდება. სწორედ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ის ინდიკატორი, რომელიც ახალი, დიდი შესაძლებლობების გახსნას გვიჩვენებს. გამოვიყენებთ ამას, ან არ გამოვიყენებთ, გავიმეორებ სენატორ შაჰინის განცხადებას, გზაჯვარედინზე ვდგავართ. ან სწორი მიმართულებით წავალთ, ან არასწორი მიმართულებით. ახალი წესრიგი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა, თუ ამისთვის მზად ხარ. _ეს ახალი შესაძლებლობა, კონკრეტულად რა სარგებელს მოუტანს საქართველოს და რა შემთხვევაში? -. თუ ჩვენ, ისევ გადავყვებით შიდა კინკლაობას და ერთი ადამიანის არაფორმალურ მმართველობას, მის გემოვნებაზე აგებულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მთავარი პოსტულატიც რუსეთის არ გაღიზიანებაა, როცა დანარჩენ მსოფლიოში რაღაცები ახლებურად დალაგდება, ისტორიის არასწორ მხარეს აღმოვჩნდებით. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს გეოპოლიტიკურ ცვლილებები შეიძლებოდა ყოფილიყო განხილვის მთავარი თემა, ჩვენ კიდევ რაზე ვსაუბრობთ?! ახლა რომ გვქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი დაბალანსებული ძალაუფლებით, პოლიტიკურ კრიზისზე კი არ ვისაუბრებდით, საარჩევნო რეფორმაზე, მიტაცებულ სასამართლოსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე, არამედ ვისაუბრებდით როგორ დავაჩქაროთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება. როგორ მოვიპოვოთ სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. როგორ გავუმკლავდეთ პანდემიას და Covid-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამ თემებზე კონცენტრირების ნაცვლად, ახლა ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები მთელ რესურს დებენ იმაში, რომ როგორმე პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში დაგვეხმარონ, რისი პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილიც ხელისუფლებას აკისრია. _ თუ დღეს, აშშ და ევროკავშირი რუსეთზე შეტევის კოორდინირებულ პოლიტიკას ირჩევენ, რამდენად მოსალოდნელია ბალტიის ქვეყნების მსგავსად, გამონაკლისი საქართველოსა და უკრაინაზეც დაუშვან და ჩვენი გაწევრიანების სპონტანური გადაწყვეტილება მიიღონ? სტოლტენბერგმაც გააკეთა აქცენტი, რომ საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს არ შეუქმნის. არის რამე ნიშნები ამისა? სწორედ ამიტომ ხომ არ იბრძვის დასავლეთი ასე აქტიურად საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი ადვოკატირება უკეთ შეძლოს? საქართველო, დღეს როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას NATO-ში გაწევრიანებასთან, დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. ზუსტად იგივე ხდებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების დროს. ეს ყო პერიოდი, როდესაც დემოკრატიული სამყარო ფართოვდებოდა, ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, რომელიც ახლა უკვე ენტონი ბლინკენმა თავის საჯარო განცხადებებში რამდენჯერმე გაიმეორა. ცოტ ხნის წინ, აღნიშნული საგარეო კონცეფცია ამოვარდნილი იყო მათი საგარეო პოლიტიკიდან. ახლა ეს კონცეფცია დააბრუნეს. რაც არის დემოკრატიების შეტევაზე გადასვლის მანიშნებელი. გაჩნდა კონცეპტუალური ხედვა, რომ დემოკრატიის არეალი უნდა გაფართოვდეს. წლების წინ, დემოკრატიული არეალის გაფართოების ფოკუსი გადიოდა ბალტიისპირეთზე, რადგან მაშინ ეს არეალი იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი. დღეს ფოკუსმა ჩამოიწია სამხრეთით, შავი ზღვის აკვატორიაში და სწორედ ეს არის ჩვენი შანსი, რადგან ევროპული უსაფრთხობისთვისაც მნიშვნელოვანია, შავ ზღვაზე შეიქმნას ისეთი უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც მომავალში რუსეთის აგრესიულ რევიზიონიზმს გამორიცხავს. ერთადერთი ბერკეტი არის ეს, სწორედ ამ ახალ საერთაშორისო წესრიგში. იმ ინსტიტუციებმა, რომლებზეც იდგა ევროპული უსაფრთხოება, არ იმუშავეს, არც გაერომ არც ეუთომ, რადგან რუსეთს ვეტოს უფლება ჰქონდა. რუსეთმა ეს წითელი ხაზები გადალახა, რადგან საპასუხო რეაგირებას არ იღებდა. ახლა დასავლეთი ამ წითელ ხაზებს კი არ უპირისპირდება, არამედ შეტევაზე გადასვლას გეგმავს. ერთადერთი ვისაც რუსეთის არამარტო შეკავება არამედ უკუგდება შეუძლია NATO და ამერიკაა. თუ ჩვენი სურვილი არ იქნება, სწორ მიმართულებას არ ავირჩევთ, შეიძლება მხოლოდ უკრაინა მიიღონ NATO-ში და ჩვენ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. ეს ფანჯარა ორივესთვის იხსნება, რამდენად გამოვიყენებთ, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. _ის ფაქტი, რომ არსებული შიდა პოლიტიკური კრიზისი ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანას სერიოზულად აფერხებს, პირდაპირ ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ყველაფრის პროვოცირებაში რუსეთს ლომის წვლილი მიუძღვის? როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს ყველაზე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, ამის შესაჩერებლად, რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას რამდენად შეძლებს? რუსეთის ჰიბრიდული ომის ამოცანა, სულაც არ არის საქართველოში ღიად გამოხატული პრორუსული მთავრობის ყოლა. მისი ამოცანა არის პოლარიზება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოშლა, მართვადი ქაოსის შექმნა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველო არ იქნება მიმზიდველი ევროატლანტიკური ოჯახისთვის, რადგან სტაბილურობის ნაცვლად მეტ პრობლემას შეიტანს შიგნით და ავტომატურად ეს პროექტი ჩავარდება. ამით რუსეთი თავის დიდი ხნის ამოცანას მიაღწევს. მერე გადავა შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებზე. იგივეს ცდილობს უკრაინასა და მოლდოვაში. თუ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მთავარი სადისკუსიო საკითხი გვექნება ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, ოლიგარქიული კლეპტოკრატიული მმართველობა, ბუნებრივია, NATO-ში ვერ შევალთ. სტრატეგიული პარტნიორებიც, ვინც ამ პროცესში ჩვენი მხარდამჭერები არიან, ჩვენ ადვოკატირებას ვერ შეძლებენ. მეორე მხრივ, მათ ინტერესებშიც არის, რომ NATO-ს წევრები გავხდეთ, ამაზე ღიად საუბრობს ყველა. NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანიც (რასმუსენი) საუბრობდა, როდესაც თბილისში იყო ჩამოსული მაკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე. აკადემიურ წრეებშიც საუბრობდნენ, თუ როგორ მოხდეს საქართველოს და უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანება ნატოში, მაგრამ ამას საქართველოს მხრიდანაც სინქრონში გადადგმული საპასუხო ნაბიჯები სჭირდება. შიდა პოლიტიკური ქაოსის შედეგად ჩამოქცეული ინსტიტუტები შეუძლებელს ხდის ამ ამოცანას. _24 მარტს, აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე სპეციალური მოსმენა შედგა. აშშ-ში საქართველოს საკითხის მსგავსი მასშტაბით განხილვა ადრეც მომხდარა? ასეთ დონეზე არ ყოფილა. სხვადასხვა თემატურ ჰეარინგებზე იყო ხოლმე საუბარი, მაგრამ ასეთი სპეციფიურად მიძღვნილი მოსმენის დონეზე არა. აღნიშნულ მოსმენაზე მთავარი განმასხვავებელი რაც იყო, არის ის, რომ ძირითადად საუბრობდნენ პრობლემებზე, კრიზისზე, როდესაც მანამდე ყოველთვის პირიქით ხდებოდა. ადრე სენატში საუბარი იმართებოდა, თუ როგორ დაგვემატებინა უფრო მეტი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში, დაწყებული უსაფრთხოებით, გაგრძელებული ეკონომიკური თანამშრომლობით, დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და ა.შ. ახლა კი ძირითადად შიდა პოლიტიკურ პორბლემებს და დემოკრატიის უკუსვლას ეხებოდა. მოსმენების დროს გაჟღერებული საკითხები ამომწურავად ფარავდა პოლიტიკურ კრიზისს და ამ კრიზისის ანატომიას. რაც ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ზუსტი ცოდნა აქვს საქართველოს პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესახებ. მნიშვნელოვანი გზავნილები იყო, რომ ეს არის გზაჯვარედინი საქართველოსთვის და პრობლემები ავტომატურად არ მოგვარდება. დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ არ მოგვარდა, შეიძლება საქართველო ამ გზაჯვარედინზე სხვა მიმართულებებით წავიდეს, ვიდრე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სურს. _განხილვაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯორჯ კენტმა ხაზი გაუსვა ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მშვიდობისმყოფელების რანგში შესვლას. მისი თქმით, რუსეთი, თურქეთი და ირანი ცდილობენ, გააძლიერონ ზეგავლენა რეგიონში. კენტმა აღნიშნა, რომ აშშ უფრო მეტად გააქტიურდება რეგიონში ამ პრობლემების გადასაჭრელად. ისიც ითქვა, რომ ამ ფონზე, საქართველო ამერიკისთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი ხდება რეგიონში. გარდა შიდა პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს შესახებ ასეთი მასშტაბის განხილვა, სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებითაც ხომ არ იყო გამოწვეული? -რა თქმა უნდა, ამერიკელი სენატორები, პირველ რიგში, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან. სტრატეგიული პარტნიორობის მთელი აზრი სწორედ იმაშია, რომ ჩვენი და ამერიკის ეროვნული ინტერესები, გრძელვადიან პერსპექტივაში 100 %-ით ემთხვევა ერთმანეთს. ამერიკას უფრო ფართო დღის წესრიგი აქვს, ფართო საგარეო პოლიტიკური ამოცანები, რომელიც მოიცავს ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის დროზე ტყუილად არ უწოდა საქართველოს დემოკრატიის შუქურა - ეს მისი ფართო დღის წესრიგის ნაწილი იყო, მაგრამ რაც მთავარია საქართველო მართლა იყო დემოკრატიის შუქურა. ამით საქართველო ამტკიცებდა სწორედ იმ ფასეულობით მდგენელს, რასაც ეფუძნება ამერიკის საგრეო პოლიტიკა, და ამერიკის განსაკუთრებული როლი საერთაშორისო ურთიერთობებში (ე.წ. exceptionalism). რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომაც, რეგიონულ კონტექსტი ქმნიდა იმ წინაპირობებს, რომ უფრო მეტად შეშფოთებულიყვნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სიტუაციით. საქართველოში დემოკრატიის შესუსტება ნიშნავს რუსეთის გამარჯვებას, რაზეც საუბრობდა სენატორი შაჰინი. მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნის თითოეული დღე და ერთპარტიული პარლამენტი არის რუსეთის გამარჯვება. ამერიკის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებშია საქართველოს დემოკრატული განვითარება და ასევე გლობალურად დემოკრატიული სამყაროს ბრძოლა ავტორიტარულ სამყაროსთან, რომლის ფლაგმანი და ლიდერი არის რუსეთის ფედერაცია. სწორედ ეს იყო დიდი კონტექსტი და ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სენატში საქართველოს შესახებ ეს მოსმენა. ამ გზაჯვარედინზე, რომელზეც მიგვითითებს უნდა ავირჩიოთ სად გვინდა ყოფნა.

მამუკა ჟღენტი ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე: ქართველების გადასაწყვეტია, როგორი მომავალი გვინდა ქვეყნისთვის

„ანდრეი რუდენკოს განცხადება კრემლის ახალი პოზიცია არ არის და რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, როგორც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების, ასევე ევროკავშირისკენ სწრაფვის“, - ამ განცხადებით Europetime-თან საუბრისას, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩი, მამუკა ჟღენტი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი, კიდევ უფრო მეტ ესკალაციას და დაძაბულობას მოიტანს რეგიონში. საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ხშირად გვესმოდა საჯარო განცხადებები, რომ მათ არ აინტერესებთ ჩვენი და ევროკავშირის ურთიერთობა და მხოლოდ NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, ნებისმიერი ორმხრივი შეხვედრის დროს, რუსეთი ევროინტეგრაციის ორივე მიმართულების მიუღებლობას აფიქსირებს. „ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან რუსეთს არ შეუძლია პარტნიორობა და არ სურს მის სამეზობლოში სტაბილური, განვითარებული და დაცული სახელმწიფოები. მას სურს, მხოლოდ მისდამი მონურ მორჩილებაში მყოფი სახელმწიფოს მაგვარი წარმონაქმნები. საბოლოო ჯამში კი ეს ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია რა გვინდა ჩვენ, როგორი მომავალი- რუსეთზე მიბმული “კრაი”, თუ დამოუკიდებელი და განვითარებული სახელმწიფო“, - აღნიშნავს დიპლომატი. _Europetime-ის კითხვაზე, აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ შეტევის პოლიტიკაზე გადასვლა, როგორც ამას ექსპერტები აღნიშნავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავს მდგომარეობაში ხომ არ აყენებს საქართველოს, როდესაც აღნიშნული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღეს, რუსეთის წინააღმდეგობისა და ამ ქვეყნებში არსებული პრობლემების მიუხედავად? - მამუკა ჟღენტი პასუხობს, რომ NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა, არათუ გაიზარდა, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, ამ პერსპექტივამ კიდევ უფრო შორს გადაიწია. „NATO-ში გაწევრიანება ბევრ ფაქტორთან არის კავშირში, როგორც საერთაშორისი პოლიტიკასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან. NATO ფასეულობებზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და იმისათვის, რომ გავხდეთ მისი წევრები, გარდა სამხედრო კომპონენტისა, უნდა ვაკმაყოფილებდეთ ელემენტარულ დემოკრატიულ ტესტს, სახელმწიფოს შიგნით. როგორც ეს აშშ-ის სენატის ბოლო მოსმენისას გავიგეთ, ამ ტესტის დაკმაყოფილებისგან საკმაოდ შორს ვდგავართ. დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია, არ დაეკისროს სანქციები, ან არ გაფართოვდეს ჩვენზე დახმარების ე.წ. პირობითობა. ამ ვითარებაში, NATO-ს პერსპექტივა კიდევ უფრო შორს გადადის!“, - განუცხადა Europetime-ს მამუკა ჟღენტმა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს და პროვოკაციას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე გადაწყდა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან, თუმცა მას არ შეუძლია კონკრეტული თარიღის დასახელება, როდის მიიღებენ ალიანსის მოკავშირეები ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნდა გაგრძელდეს აშშ-სა და ევროკავშირის ჩართულობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თურქეთი, სამხრეთ კავკასია, აღმოსავლეთ ევროპა და დასავლეთ ბალკანეთი. ჟენევაში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომ საქართველო აპირებს, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და კვლავ მიისწაფის NATO-სკენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ, სტაბილურობასა და პროგნოზირებად სიტუაციაში ცხოვრება, თუ მუდმივად შეჯახება არასანდოობასთან, რომელიც უფრო განმტკიცდება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში. „ჩვენ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როცა ბუქარესტის სამიტზე საქართველომ და უკრაინამ მიიღეს სიგნალები NATO-ს წევრობის თაობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, სააკაშვილმა ეს მიიღო როგორც გარკვეული სიგნალი, კარტ-ბლანში ძალისმიერი ოპერაციებისთვის. რითი დამთავრდა ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და დღემდე ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვის მოადგილემ. როგორც ევროკავშირში ვიზიტის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, NATO-ს მოკავშირეებს შორის თანამშრომლობა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს უახლესი ისტორიის განმავლობაში. მისივე თქმით, NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება გამოწვევების დასაძლევად. „აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ბლინკენმა და ბორელმა აღნიშნეს, რომ მათ გადაწყვიტეს, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას, ასევე ისეთ ჰიბრიდულ საფრთხეებს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, საარჩევნო პროცესებში ჩარევა, მავნე კიბერაქტივობა და სამხედრო მდგომარეობა.

ბლოკჩეინის დანერგვა და ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები ეკონომიკას სრულად გახსნიდა - ლევან ბოძაშვილი

"ქაღალდის Сovid სერტიფიკატების ნაცვლად, ბლოკჩეინის დანერგვის მეშვეობით, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატები რომ შემოეღოთ, ქვეყნის ეკონომიკის სრულად გახსნას შეძლებდნენ" ამის შესახებ Europetime-ს ევროკავშირის ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის პროგრამის მკვლევარმა, ლევან ბოძაშვილმა განუცხადა. დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ყველა აცრილ ადამიანს, ვაქცინაციის დამადასტურებელი ორენოვანი ცნობა მიეცემა, რომელსაც შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება ხელს მოაწერს და ბეჭედს დაარტყამს. როგორც ბოძაშვილი აღნიშნავს, ვაქცინაციის ელექტრონული სერთიფიკატების შექმნას რაიმე ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. შესაბამისი სპეციალისტები იმ 42 კლინიკაში, სადაც ვაქცინაცია ტარდება, სრულიად უფასოდ, მხოლოდ ერთ დღეში დააყენებენ სპეციალურ პროგრამას, თუ სახელმწიფოს მხრიდან ამის პოლიტიკური ნება იქნება. ასეთი კი, მისი თქმით, არ არსებობს. Europetime-თან საუბარში ბოძაშვილი აცხადებს რომ ამ თემაზე ტელეფონით ესაუბრა ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, თუმცა მას დაინტერესება არ გამოუხატავს. მისივე თქმით, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის გერმანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ვაქცინაციისთვის ბლოკჩეინის პროგრამა უკვე დანერგეს. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, თუ შეიქმნება ელექტრონული სერტიფიკატები, კოვიდვაქცინით აუცრელი ადამიანების საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში გადაადგილების კონტროლი გამარტივდება, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, ვაქცინირებულ მოსახლეობას შეზღუდვები მოუხსნას. „ბლოკჩეინის დანერგვით, სახელმწიფო მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესს, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დააჩქარებდა. გარკვეული მიზეზებით, ვაქცინას ბევრი ადამიანი არ იკეთებს. ელექტრონული სერტიფიკატების დაწესებით კი ძალდატანების გარეშე, ვაქცინირება წახალისდებოდა. ამისთვის ხელისუფლებამ უნდა დააწესოს მარტივი მოთხოვნა - ადამიანებს უნდა შეეზღუდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ბარებში, კლუბებში და ა.შ. სადაც გადადების რისკი ძალიან მაღალია. თუ აცრილ ადამიანს ტელეფონში ელექტრონული სერთიფიკატი ექნება, ბარში, კლუბში, რესტორანში ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებაში შესვლისას, ტელეფონით წარადგენს ვაქცინაციის ციფრულ პასპორტს. კონტროლის გამარტივება თავისუფლად გადაადგილების მეტ შესაძლობას იძლევა, რაც ეკონომიკაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. მისივე თქმით, ბლოკჩეინით მონაცემები მაქსიმალურად დაცული ხდება. ამასთან ვაქცინაციის ელექტრონული სერტიფიკატების შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა არ სჭირდება. „ სულ 42 კლინიკაა, სადაც ვაქცინას აკეთებენ. შესაბამისი კომპანია ყველა კლინიკას სპეციალურ პროგრამას ერთ დღეში დაუყენებს უფასოდ. ამის პრობლემა არ არსებობს, გადაწყვეტილების მიღების პრობლემაა. ვაქცინაციის პროცესში ბლოკჩეინის და ვაქცინირების ელექტრონული სერთიფიკატის გამოყენება საქართველოს შესაძლებლობას მისცემდა, მარტივად აკონტროლოს აუცრელი ადამიანების ხალხმრავალი სივრცეებისგან იზოლირება. ძალიან მარტივად, ყოველგვარი ფურცლების ტარების გარეშე, ფურცლის სახით სერტიფიკატს სჭირდება ნოტარიზაცია. დადასტურება-თარგმნა დამატებითი ხარჯებია. ბლოკჩეინი ამას აკეთებს ერთ ევროდ. თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ნება არსებობს. გერმანიამ, დანიამ და სკანდინავიის ქვეყნებმა ეს უკვე გააკეთეს“, - აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი. ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტის განმარტებით, ბლოკჩეინი ტექნოლოგიურად იდეალური შესაძლებლობაა სამედიცინო ელექტრონული ბარათების შესაქმნელად. „რა თქმა უნდა, ის თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირის და საქართველოს კანონმდებლობასთან. ბლოკჩეინი ამის საშუალებას იძლევა. როდესაც ადამიანს სურს აცრის გასაკეთებლად მივიდეს, მან არ იცის ბევრი არაფერი ამის შესახებ და როდესაც ექიმთან მიდის, მერე იწყებს იმის გახსენებას, რა აწუხებდა, რა დიაგნოზი ჰქონდა, რა მედიკამენტებს იღებდა. ეს არ ეხება მხოლოდ კოვიდვაქცინას, ყველა ტიპის აცრაზე ასე ხდება“, - განუცხადა Europetime-ს ლევან ბოძაშვილმა. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ბევრ ქვეყანაში, ასევე ისრაელში, ვაქცინაცია მხოლოდ, პაციენტის ელექტრონული სამედიცინო ბარათების ანალიზის შემდეგ ხდება. ელექტრონულ სამედიცინო ბარათზე კი მისი ყველა სახის ექიმთან ვიზიტის ჩანაწერია და რეცეპტით გამოწერილი ყველა მედიკამენტის შესახებ ცნობა. აღნიშნული ინფორმაცია წლების განმავლობაში გროვდება, რაც ექიმს სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს, რამდენად უსაფრთხოა იმ კონკრეტული პაციენტის აცრა. ვაქცინის გასაკეთებლად მისულ ადამიანს ზეპირად გახსენება აღარ უწევს, რა მედიკამენტებს იღებდა, რა დაავადება ჰქონდა, რაზეა ალერგიული და ა.შ. მისი ჯანმრთელობის მთელი ისტორია ბარათზეა ასახული.

მეთიუ ბრაიზა: მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია, მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც ხდება

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე გამართულ მოსმენას Europetime-თან აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა და მთავარ გზავნილებზე მიუთითებს. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და ახლა მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით, რაც საქართველოში ხდება. „ამ მოსმენიდან ჩემთვის მთავარი გზავნილები იყო: ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას სჭირდებათ დაძაბულობის დეესკალაცია და კომპრომისული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული სისტემის აღსადგენად. მეორე - მთავრობამ უნდა დაადასტუროს, რომ სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი და პასუხისმგებელია იმაზე, რომ ეს ასეა. მესამე - ისეთი არჩევნების ჩატარება, რომელიც ახლოსაა თავისუფალ, სამართლიან არჩევნებთან და არის კონკურენტული, თუმცა ბევრი პრობლემით, საკმარისი არ არის. რეალურ დემოკრატიაში უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გადაჭრის დავებს ოპოზიციასა და მთავრობას შორის. მათ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ. მეოთხე - მხოლოდ რუსეთი სარგებლობს იმით ახლა, რაც საქართველოში ხდება. ჩემთვის ეს ყველაფერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ჰგავს, როდესაც დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ძალიან აქტიურობდა, რათა გავლენა ჰქონოდა ამერიკის არჩევნებზე; გამოეწვია უთანხმოება; პოლიტიკური პოლარიზაცია, რომ ხალხს არ ჰქონოდა ნდობა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მიმართ. ასე რომ, ის, რის თქმასაც სენატორი შაჰინი, ჯორჯ კენტი და სხვა ჩემი მეგობრები ცდილობდნენ სენატში, არის შემდეგი: საქართველო, შენ ეს საკითხი უნდა მოაგვარო, უნდა იპოვო გზა, დაუბრუნდე დემოკრატიულ კურსს“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, „თუ კრიზისის გაღრმავდა და უბრალოდ, არ გადაიჭრა, კონკრეტული პირებისადმი სანქციების დაწესება, თავად ამ პირების ქცევაზეა დამოკიდებული, თუმცა, ამერიკელი დიპლომატის აზრით, თუ აშკარად გახდა, რომ ადამიანები მთავრობაში, ძირს უთხრიან დემოკრატიას, მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც კანონის უზენაესობას ეწინააღმდეგება, სანქციები შესაძლებელია, თუმცა მეორე მხრივ, თუ აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია მხოლოდ პოლიტიკურ დაძაბულობას უწყობს ხელს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მედიაციის მექანიზმს დანიელსონის მონაწილეობით, ეს ალბათ შეამცირებს ამ სანქციების შესაძლებლობას. მეთიუ ბრაიზას თქმით, აშშ განაგრძობს საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირების გაღრმავებისადმი მხარდაჭერას და ეს არის როგორც აშშ-სა და საქართველოს, ასევე. ნატოს ინტერესში. „აშშ განაგრძობს იმის ხაზგასმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატია და მისწრაფებები ნატოში, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობა. ეს არის უმთავრესი საქართველოსთვის. ევროკავშირს და აშშ-ს სურთ, მოაგვარონ თქვენი პრობლემები, თუმცა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზეა დამოკიდებული, იპოვონ გზა და მიიღონ ბრძნული გადაწყვეტილებები. გამოსავალი არც რევოლუციაშია და არც ოპოზიციის განადგურებაში“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.

პოლიტოლოგი:  შესაძლოა, დასავლეთისთვის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა საინტერესო აღმოჩნდეს

NDI-ის ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას მხარს არ უჭერს. 7%-მდე დაეცა "ნაციონალურ მოძრაობის” რეიტინგი, "ქართულ ოცნებას" 23 პროცენტი უჭერს მხარს, დანარჩენ პარტიებს კი ჯამში 7%. ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციამ კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა, თუმცა მასშტაბური აქციის გამართვა მაისისთვის გადაიდო. აღნიშნული პროცესების პარალელურად, 22 მარტს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ მიდის და ალტერნატიული, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე ფიქრობს. 20 მარტს, ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის საჭიროების შესახებ, განცხადება ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საკუთარ თავს, რა პოზიციაზე ხედავს, ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაში, მისი თქმით, ამ პროცესში ის რიგითი ჯარისკაცი იქნება. მარგველაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს. თუ რა შანსები აქვთ ქვეყნის ყოფილ პირველ პირებს პოლიტიკაში? ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ვინ შეიძლება ვიხილოთ მათ გუნდში და ვინ შეიძლება აითვისოს ელექტორატის 40%? - ამ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგებს რამაზ საყვარელიძეს და გია ნოდიას ესაუბრა. „თუ გავითვალისწინებთ დღევანდელი ოპოზიციის სტილისტიკას და შევადარებთ გიორგი გახარიას სტილისტიკას, გახარია მათი მსგავსი პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. დასავლელი პარტნიორებისთვის, ეს განსხვავება უკვე მნიშვნელოვანია“, - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ. პოლიტოლოგის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის სურვილის შესახებ, სწორედ ახლა განაცხადა. „ბოლო დროის მოვლენების ფონზე, ცხადი გახდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. გახარიას გუშინდელი განცხადებაც სწორედ ამან განაპირობა. დასავლელი პარტნიორები ოპოზიციისგან პარლამენტში შესვლას ითხოვენ, ოპოზიციას კი შესაბამის არგუმენტები არ მოჰყავს და არც კი ხსნის, რატომ არ შედის პარლამენტში. პირიქით, შეურაცხყოფას აყენებს დასავლელ პარტნიორებს, ლამის დედას აგინებს. მეორე მხრივ, გახარია ამ სტილის პოლიტიკოსი ნამდვილად არ იქნება. ეს განსხვავება, დასავლეთისთვის ალბათ მნიშვნელოვანი გახდება, გახარიას სასარგებლოდ, რადგან შეურაცხყოფის ენაზე აგებული პოლიტიკა, ევროპული სტილის ნამდვილად არ არის“, - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, დღეს რთულია იმის თქმა, თუ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გიორგი გახარიას გუნდში. „ალბათ უფრო აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვისთანაც გახარიას აქამდე ურთიერთობა ჰქონია. ცნობადობის ხაზით რა ფიგურები იქნებიან, მაგის თქმა მიჭირს. ცნობადობაც პროგრესული ხანჯალია, გააჩნია რითი ხარ ცნობადი“, - აღნიშნავს საყვარელიძე. პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის წარმატება დამოკიდებულია, ვინ იქნება მის გუნდში და ასევე დამოკიდებულია მის პოზიციონირებაზე. „როდესაც გასაგები გახდა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას პერსპექტივა არ უჩანს, გიორგი გახარიამ, ზუსტად ამ დროს ჩათვლა საჭიროდ განეცხადებინა, ახალი პოლიტიკური ნიშის დაკავების შესახებ. ჯერჯერობით ვიცით, მხოლოდ მისი სურვილი პოლიტიკაში დარჩენის შესახებ. მაგრამ რა პლატფორმით უნდა მოსვლა, როგორ იქნება მისი პოზიციონირება ოპოზიციასთან და ხელისუფლებასთან, რამდენად დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, ჯერ არ ვიცით. ბევრი რამ თვითონ მასზეა დამოკიდებული, რას იტყვის, რა ტიპის ამომრჩეველზე აიღებს ორიენტაციას. პრემიერობიდან მისი წასვლის გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, რაღაც ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირება ექნება, თუმცა რამდენად სერიოზული, წინასწარ ვერ ვიტყვით. ვინ დადგება მის გვერდით, ესეც არ ვიცით, ამიტომ ამ ეტაპზე, შეგვიძლია, უბრალოდ ის ვთქვათ, რომ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალა იქნება. ჩვენ ვნახეთ სხვა ფიგურებიც, რომლებიც გამოეყვნენ „ქართულ ოცნებას“. ბევრი სპეკულაცია იყო, რას იზამდნენ, მაგრამ მათ სერიოზული ძალის შექმნა ვერ შეძლეს. ახლა ყველა იწყებს მარჩიელობას, აბა ვინ იქნება მის გუნდში? შეიძლება კვირიკაშვილი? ან სხვა? კვირიკაშვილს პოლიტიკაში ყოფნის სურვილი რომ ჰქონოდა, აქამდე გამოავლენდა ამ სურვილს. ის კი ამდენი წელი, ჯიუტად ამბობს, რომ პოლიტიკა არ უნდა. მარგველაშვილის განცხადებას რაც შეეხება, ახალი ალტერნატიული ძალის შექმნის საჭიროებაზე და იმაზე თითქოს, ამ პროცესში რიგითი ჯარისკაცი იქნება, ეს ცოტა ისეთი განცხადებაა ... ლამაზი სიტყვებია. ცხადია რომ მას პრეტენზია აქვს, უფრო მეტი იყოს, ვიდრე რიგითი ჯარისკაცი. ამ ეტაპზე ბევრია არაფერია ცნობილი, ამიტომ დარწმუნებით ჯერ ვერავინ იტყვის, რომ გიორგი გახარია ანგარიშგასაწევი ძალის შექმნას შეძლებს, თუმცა გამორიცხული არაფერია“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში გია ნოდია. 22 მარტს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის უკვე მუშაობს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა. დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლის რეალური დღის წესრიგის შემუშავება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა twitter-ზე დაწერა. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 19 თებერვალს გადადგა და ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა,ამ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ პოზიციების შეუთავსებლობა. ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი,,ქართულ ოცნება 2"-ს შექმნის. „პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა. კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, გახარიამ თავისი ძალები თვითმმართველობის არჩევნებზე მოსინჯოს, თბილისის მერობის კანდიდატის რანგში. "შესაძლოა გიორგი გახარიას უახლოესი პოლიტიკური გეგმები ვადამდელ არჩევნებს კი არა, თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდებოდეს.გამორიცხული არ არის თავისი რეიტინგის და ამომრჩევლის მხარდაჭერის დასაზუსტებლად, თბილისის, ან საქართველოს რომელიმე დიდი ქალაქის მერის პოსტისთვის იბრძოლოს", - აცხადებს ლევან ალაფიშვილი. როგორც მედიასთან საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაბნეულები არიან, რადგან მათაც აქვთ ეჭვი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის მიერ პროვოცირებული, წაქეზებული და მხარდაჭერილია. “ეშინიათ, რომ გამართლდეს ეჭვი და არ უნდათ, გაილაშქრონ იმის წინააღმდეგ, ვის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ამიტომ ფრთხილობენ და ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ”, — შენიშნავს კაჭკაჭიშვილი უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია. “სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა. "ქართული ოცნების დეპუტატის" და გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახა კახიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნებაში” არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გიორგი გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ. "შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა კახიშვილმა.

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციამ ფაქტობრივად, ფიასკო განიცადა, აქციაც კი მაისისთვის გადადეს

„თუკი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, ეს იგივე რევოლუციაა, ოღონდ მოლაპარაკების გზით. ამ შემთხვევაში, მეორე მხარე, რა თქმა უნდა, დათმობაზე არ წამოვა“, - აღნიშნული განცხადებით, Europetime-თან საუბრისას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს, ყველა მხარე ცდილობს იპოვოს ისეთი დებულება, რომელიც მასაც აწყობს და სავარაუდოდ, მეორე მხარესაც. პოლიტოლოგის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან არცერთი შენიშვნა, არცერთი აზრი არ გაჟღერებულა იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგის ჩაშლა ხელისუფლების ბრალია. „ამას მხოლოდ ოპოზიცია ამბობს. ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ შეთანხმებას ხელისუფლების გამო ვერ აღწევენ. ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებებშიც აღნიშნა, რომ დემოკრატია ქუჩაში დგომა არ არის და არასაპარლამენტო პლურალიზმს ევროპულ დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. მეტი რაღა უნდა ეთქვა. ამ პროცესის მონაწილე არცერთ უცხოელ დამკვირვებელს და პარტნიორს არ უთქვამს, რომ ოპოზიცია მართალია, თავის მოქმედებებში. ხელისუფლების მიმართ, შეიძლება იყო მოწოდება მელიას დაკავების საქმეზე, ასევე ხელისუფლების გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომ მეტი კორექტულობა ყოფილიყო, მაგრამ არავის უთქვამს, ოპოზიცია მართალია ქუჩაში რომ დგასო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე. პოლიტოლოგის თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის ტყუილად გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება. „შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება. რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისგან მოდის უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის. დღეს, ამ მოვლენების ფონზე ცხადი გახდა, პოლიტიკური სპექტრში ძალიან დიდი დეფიციტია. უცხოელები ოპოზიციას მხარს არ უჭერენ. თვითონ ოპოზიციაც გრძნობს, რომ ხალხიც არ უჭერს მხარს. აგერ 15 მაისისთვის გადაიტანეს შემდეგი აქცია. იქამდე იკარგებიან. ოპოზიციის არ ყოლა, ქვეყნისთვისაა ცუდი. ხელისუფლების ოპონირება არ ხდება. საპარლამენტო ცხოვრება არასრულია. სწორედ ამ ფონმა განაპირობა რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ დააანონსა“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ დასძინა, რომ თუ გახარია საინტერესო პოლიტიკურ გუნდს შეკრავს, შესაძლოა მისი პარტია დასავლეთისთვის საინტერესო პოლიტიკურ ძალად იქცეს. ამიტომ ამ ოპოზიციამ ფაქტიურად ფიასკო განიცადა. თუ კი მოლაპარაკების პროცესში ისეთ პუნქტებს ჩადებ, რომელიც რევოლუციის ტოლფასია, იგივე რევოლუცია, ოღონდ მოლაპარაკების გზით და მაშინ მეორე მხარე რა თქმა უნდა არ წამოვა დათმობაზე“, - განაცხადა Europetime-თან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, დღეს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 40% არცერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან, გამოკითხულთა 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 7% "ნაციონალურ მოძრაობას", 7% კი სხვა პარტიებს. ამავე კითხვაზე პასუხი არ გასცა 14%-მა, ხოლო 8%-ს პასუხი არ აქვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს. როგორც მიშელი აცხადებს, დროა, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა. ,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ  პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს დაიცავენ

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას დადებითად, გამოკითხულთა მხოლოდ 14% აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად. გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 10% ფიქრობს რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, კი ცუდად. გამოკითხული მოქალაქეებიდან, რომლებმაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39% ამბობს, რომ პარლამენტი ცუდად მუშაობს. 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს. ოპოზიციის მხარდამჭერებიდან პარლამენტის საქმიანობას დადებითად 3% აფასებს, 26% საშუალოდ, 66% ცუდად. კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა, რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ეკონომიკას ასახელებს. 34% ჯანდაცვას, 22% კი განათლებას. NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. 14%-ს განსხვავებული აზრი აქვს. ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

რამაზ საყვარელიძე: რუსული გავლენების შესაჩერებლად, დიალოგის ჩაშლის გამო, ევროკავშირის  მხარადაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების გამო, ევროკავშირი საქართველოს მიმართ, მწვავე რეაგირებას არ მოახდენს, პირიქით, მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება. როგორც Europetime-თან საუბრისას პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ არ არის. დასავლეთს კი არ სურს რუსეთის გავლენა საქართველოშიც გაძლიერდეს. „ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის შესუსტებას საერთოდ არ ველი, პირიქით, დემოკრატიული პროცესებისადმი დასავლეთის დამოკიდებულების გარდა, არსებობს გეოპოლიტიკური ინტერესებიც. ევროკავშირი სულ იმას ეუბნება დაპირისპირებულ მხარეებს, რუსეთის საქმეს რატომ აკეთებთო, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი ინტერესი საგანი რუსეთია. ის რომ აზერბაიჯანისგან და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოში რუსეთის გავლენა ჯერ არ არის, დასავლეთს სურს, რუსეთის გავლენა აქაც არ გაძლიერდეს. ამ ფონზე დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა კი არ შესუსტდება, პირიქით უფრო გაძლიერდება“, - განუცხადა Europetime-ს რამაზ საყვარელიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლების ბრალია. " ის რევოლუციური სულისკვეთება, რომელიც სააკაშვილისგან მოდის, უცხოელებისგან მხარდაჭერილი არ არის. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ცალსახად თქვა, რომ მოლაპარაკებები დროის გაყვანაა და მოქმედებაა საჭირო. რითაც რევოლუციურ მოქმედებაზე იყო მინიშნება. შესაბამისად, თუკი რევოლუციას აპირებს, მოლაპარაკება აზრს კარგავს. ორივე ერთად ვერ იქნება" - აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ბრუნდება და ხელისუფლება-ოპოზიციას შორის ფასილიტაციის პროცესს წარმართავს.როგორ მიშელი აცხადებს, ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის, დროა კომპრომისების გზა გამოინახოს. მისივე ინფორმაციით, დანიელსონი თბილისში კვირის ბოლოს ჩამოვა. ,,დროა გავაკეთოთ საჭირო კომპრომისები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ელჩი უკან გაემგზავრება შუამავლობის გასაგრძელებლად", - წერს მიშელი მიკრობლოგ Twetter-ზე ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. 18 მარტს კი მოლაპარაკებები მხარეებს შორის უშედეგოდ დასრულდა და დანიელსონმა ქვეყანა დატოვა.

ზაზა ფირალიშვილი: დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, რაც ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება

ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ოპოზიცია და ხელისუფლება ხელს ერთმანეთისკენ იშვერს. მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიციამ მოლაპარაკების მაგიდიდან კვლავ ქუჩაში გადაინაცვლა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა. პარალელურად „გირჩი“ მმართველ გუნდთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აგრძელებს. თუ რა შედეგების წინაშე დააყენებს ქვეყანას ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულება, ვის აწყობდა მოლაპარაკების ჩაშლა და რა საპასუხო რეაგირებას უნდა ელოდოს ქვეყანა ევროკავშირისგან, ამ საკითხებზე Europetime ანალიტიკოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რატომ ვერ შედგა შეთანხმება, რა საკითხებმა, ვინ, ან რამ შეუშალა ხელი ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას? -ვერ დავინახე განსაკუთრებული სურვილ, რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურდათ. ოპონენტებს შორის დიალოგის არავითარი სურვილი არ ჩანდა. ორივე მხარეს ცდილობდა, „საბანი მთლიანად თავის მხარეს გადაექაჩა“. რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში ვერავითარი შეთანხმება ვერ შედგებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებდნენ დასავლელი პარტნიორები. ხშირად. ლამის დაუფარავად ამბობდნენ, რომ მათი ქცევა სახელმწიფოს ვნებს. რომ ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებში შედის და ა.შ. მიუხედავად ამისა, ისინი ჯიუტად განაგრძობენ თავის სტრატეგიას. არ მინდა, გადაჭარბებული ეჭვები გამოვთქვა, მაგრამ ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ვიღაც ავის მსურველი სერიოზულად უფათურებდა ხელს ამ დიალოგის პროცესში. -ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალას, პერსონა, თუ ვის გულისხმობთ? ქვეყანა ორი დიდი ფეოდალის, სააკაშვილის და ივანიშვილის ბრძოლის ასპარეზად იქცა, რის გამოც, საქართველოში არანორმალური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ამ დაძაბულობაში, ყველა სხვა პოლიტიკური ძალა ჩაიკარგა, პოლიტიკური ალტერნატივა ვერავინ შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ იმედები არსებობდა თუნდაც „ლელოს“, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ . _დიალოგის ჩაშლის შემდეგ „გირჩმა“ განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო კომპრომისები და შეთავაზებები, რომლებიც ოპოზიციისთვის მისაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გაიგეს, რა მოხდა და რატომ ვერ შედგა შეთანხმება“ . გირჩი არ წარმოადგენს ისეთ რესურსის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მოახერხებდა თავის მხარეს გადაექაჩა პროცესები. _„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა, რამდენიმე, თუნდაც ერთი ან ორი პარტია რომ შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, შეცვლის რამეს? „გირჩმა“ უკვე დაიწყო ხელისუფლებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები. -ორიოდე თვის წინ, კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, მხოლოდ ერთი, ან ორი პარტიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. მარტო „გირჩი“ რომ შევიდეს პარლამენტში, ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვეღარ შეძლებს. ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში _NDI-ს კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევა სურს. რა რესურსის იმედიც ოპოზიციას ჰქონდა ამ მოლაპარაკებებში, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. როდესაც კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიცია ნდობას კარგავს, მაშინ რა რესურსზე, რა გათვლებზე ამყარებს იმედებს? შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ის, რომ ოპოზიცია ფიქრობს, ნიკა მელიას დაკავებამ საზოგადოების ეს განწყობა შეცვალა? რესურს კარგავს არამხოლოდ ოპოზიცია, არამედ ხელისუფლებაც. ვერ გეტყვით, რომ ნიკა მელიას დაკავებამ გარდამტეხი ცვლილება მოახდინა. უბრალოდ, სიტუაციის მეტი პოლარიზება მოხდა. საზოგადოების განწყობაში, ამით დიდი ცვლილებები არ მომხდარა. _საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას უფრო მეტად სჭირდებოდა ამ შეთანხმების მიღწევა, განსხვავებით ოპოზიციისგან. თქვენი აზრით, ამ შემთხვევაში ვინ ითამაშა ყველაზე დიდი როლი მოლაპარაკების ჩაშლაში? - არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი კრიზისის განმუხტვით არის დაინტერესებული. მიზანი შეიძლება სწორედ ამ სიტუაციის შენარჩუნება იყოს. ვიღაცას გულუბრყვილოდ ჰგონია, რომ ასეთი პარლამენტით შეძლებს ქვეყნის მართვას. ყოველთვის როგორც კი გამოჩნდებოდა, რაღაც ნიშანი იმისა, რომ შეიძლებოდა დიალოგი დაწყებულიყო, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებდა ისეთ განცხადებას, ან ისეთ ქმედებას მიმართავდა, რომ ყოველგვარი იმედი იშლებოდა. _დანიელსონის ვიზიტამდე, როდესაც პლებისციტის საკითხი წამოიწია, გიორგი ვოლსკი აცხადებდა, რომ ღირს განხილვად, თუმცა მამუკა მდინარაძემ და კიდევ რამდენიმე ლიდერმა უმრავლესობიდან, ბევრად უფრო ხისტი პოზიცია დააფიქსირეს. რამდენიმე საკითხზე გამოიკვეთა მსგავსი განსხვავებული პოზიციები, შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების საკითხზე, სახელისუფლებო გუნდში ორი განსხვავებული პოზიციაა და ორი ფრთა გაჩნდა? ძნელია რამის თქმა, ხელისუფლების შიგნით, ორი გუნდია თუ ხუთი, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციები არაერთგვაროვანია. იქ არიან ზომიერი ადამიანებიც, რომლებსაც ესმით, რომ შეუძლებელია ეს მდგომარეობა შენარჩუნდეს, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, დასავლეთთან სერიოზული კონტაქტების დაკარგვას. დასავლეთთან დაახლოების კუთხით, რა პროცესებსაც ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, ეს პროცესები შეიძლება დამუხრუჭდეს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესების გარდა, სხვა ინტერესი არ გააჩნიათ. პოლიტიკაში ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც სახელმწიფო ინტერესებს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ერთმანეთში ურევს. _ევროკავშირის მხრიდან, რა კონკრეტული რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით დაწყებულ მოლაპარაკებების ჩაშლას? საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტები აღნიშნავდნენ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ, რეგიონში ევროკავშირის პოზიციები შესუსტებულია. ამიტომაც, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, თვითონ ევროკავშირსაც სჭირდებოდა, რეგიონში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად. ამის გათვალისწინებით, რას უნდა ველოდოთ და ეს ყველაფერი ქვეყანას რამდენად დააზარალებს? სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანა ძალიან დაზარალდება, რადგან სავარაუდოდ დამუხრუჭდება ყველა ის პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობდა. ახლა შეიძლება ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ გაკეთდეს, მაგრამ პროცესზე აისახება. ყველა მიმართულებას დამჩნევა. ეკონომიკურ პროექტებზეც აისახება, რაც მთავარია, რუსეთის წინააღდეგ ბრძოლაში პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხზე. როცა ორივე მხარეს თვეების განმავლობაში გეუბნებიან, რომ თქვენი საქციელი სხვა არაფერია, თუ არა რუსული ინტერესების გატარება. ამ დროს, შენ ამას ყურს არ უგდებ, რბილად რომ თქვათ, რა თქმა უნდა ევროპელებს შეუსუსტდებათ იმედი იმისა, რომ აქ, ჩვენს რეგიონში, საქართველოს სახით, მათ მოკავშირე ჰყავთ.

ზაზა ფირალიშვილი: „გირჩის“ პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს

ანალიტიკოსის, ზაზა ფირალიშვილის აზრით, „გირჩი“ პარლამენტში რომც შევიდეს, ამით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. Europetime-თან საუბრისას აღნიშნული განცხადება ფირალიშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა. ანალიტიკოსის თქმით, ორიოდე თვის წინ კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, რომ მხოლოდ „გირჩის“ მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს. „მარტო გირჩი რომ შევიდეს პარლამენტში, პარლამენტის ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს პარლამენტში. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვერ შეძლებს. ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი. „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ისინი მმართველ გუნდს მედიატორების გარეშე შეხვდებიან. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „გირჩი“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება წარმატებული აღმოჩნდება. „დავაში „ქართული ოცნება“ მართალი თუ აღმოჩნდა, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე?“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ. 18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მედიაციით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და 15 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. მოლაპარაკებების ჩაშლას, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.

EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი: რუსეთის ფედერაცია მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში საქმიანობა 2008 წლის პირველ ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესზე დაკვირვებით დაიწყო. მისიის მანდატი სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენას და ასევე, ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირისათვის ანგარიშების წარდგენას მოიცავს. რა მთავარ გამოწვევას აწყდება მისია ამ მანდატის განხორციელებისას, რა გავლენა იქონია პანდემიამ მისიის საქმიანობაზე, ამ და სხვა საკითხებზე, Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი ესაუბრა. _რა არის ის საკვანძო საკითხი, რომელზეც ანგარიშებისას წარდგენისას ამახვილებთ ყურადღებას? საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი ნამდვილად არის „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განვითარებაზე დაკვირვება, რასაც ჩვენი დამკვირვებლები ყოველდღიური პატრულირებების მეშვეობით ახორციელებენ. ასეთი პატრულირებების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ასევე ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან და დაინტერესებულ პირებთან, რათა გაიგონ მათი ხედვა არსებულ ვითარებაზე და ის, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ვითარება მათ ცხოვრებაზე. ისინი ასევე აკვირდებიან ამ რაიონებში უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენელთა ქმედებებს და „ბორდერიზაციის“ ნიშნებს. ხდება ყველა დაკვირვების გაანალიზება, შეკრება და ანგარიშგებების სახით გაგზავნა ევროკავშირის პოლიტიკის მწარმოებელთა და წევრი ქვეყნებისთვის. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. თუმცა, რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს მის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას. ჩვენ კვლავ არ გვეძლევა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობა და სწორედ ეს წარმოადგენს უდიდეს გამოწვევას ჩვენი მანდატის სრულად განხორციელებისთვის. ჩვენ იძულებულები ვართ, დავეყრდნოთ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას, მაგრამ ადგილზე ყოფნა და პირდაპირი ჩართულობა ადგილობრივ მოქმედ პირებთან უდავოდ მოგვცემდა აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე უფრო ზუსტი დაკვირვების და ანგარიშგების საშუალებას. _ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრები 5-თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა. აქ განიხილება საერთო უსაფრთხოების მდგომარეობასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ქართულმა მხარემ ბოლო შეხვედრაზე წამოჭრა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი. როგორც კონფლიქტების პრევენციის საკითხების სპეციალისტი, როგორ უყურებთ ამ მექანიზმის ეფექტურობას და არსებული, განხილული საკითხების გადაჭრის პერსპექტივას? როგორც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ერთ-ერთ თანათავმჯდომარეს, მჯერა, რომ ეს შეხვედრები აუცილებელია ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, დაძაბულობის შემცირებისთვის და მონაწილეთა შორის ნდობის აღდგენისთვის, ეს ფორმატი იძლევა პირდაპირი დისკუსიის შესაძლებლობას იმ ძალიან კონკრეტული საკითხების შესახებ, რომლებიც აწუხებს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას - საკითხების როგორიცაა, კონკრეტული დაკავებების შემთხვევები ან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები. ფაქტობრივად, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები ამჟამად არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ საჭიროებებზე და მონაწილეები ხშირად საჯაროდ საუბრობენ ამ მექანიზმის მნიშვნელობაზე. ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების გასულმა შეხვედრებმა მაგალითისთვის, ხელი შეუწყო დაკავებული პირების გათავისუფლებას და ირიგაციის მსგავსი სხვა პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტას. მე მზად ვარ, განვაგრძო ეუთოსთან თანამშრომლობით მსგავსი დისკუსიების თანათავმჯდომარეობა და ნდობის აღდგენაში წვლილის შეტანა. ასევე ხაზი მინდა გავუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართულ ცხელ ხაზს, როგორც კიდევ ერთ ეფექტიან საშუალებას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება ჰუმანური ქმედებების, ინცინდენტთა მართვის და ნდობის შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის, 2020 წელს, ცხელი ხაზი 2820-ზე მეტჯერ ამოქმედდა ძირითადად სამედიცინო მიზეზებით გადასვლების შემთხვევების განსახილველად, დაკავებების, სასოფლო სამეურნეო საკითხებთან და „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაცვლელად. _საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის მარტიდან იკავებთ. თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, მუშაობამ პანდემიის პირობებში მოგიწიათ. როგორ შეაფასებთ ამ ერთ წელს გამოწვევების და მიღწევების თვალსაზრისით? დიახ, 15 მარტს აღვნიშნე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობის ერთი წლისთავი. გასული წელი ყველასთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვაჩვენეთ მდგრადობა და ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სწრაფად მოგვიწია მუშაობის ადაპტირება, შესაძლებლობების მიხედვით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა, მაგრამ მუდმივად ვახერხებდით ადგილზე ყოფნას და მთავარი ფუნქციების შესრულებას ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისურვებდი ჩემს გუნდთან და რესპონდენტებთან უფრო ხშირ პირისპირ შეხვედრას, თუმცა ვიდეო შეხვედრებითაც გავდიოდით ფონს. მოუთმენლად ველი უფრო ხშირ ფიზიკური შეხვედრების და პირისპირ კონტაქტების აღდგენას მას შემდეგ, რაც ვითარება მოგვცემს ამის შესაძლებლობას. ასევე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, ასეთ რთულ დროში ჩვენი მანდატის შესრულების მზაობის გამო. რაც შეეხება პოლიტიკურ და სტრატეგიულ დონეს, მოგზაურობის შეზღუდვებმა და უსაფრთხოების სხვა ზომებმა, 2020 წელს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ჩვეული ოთხის მაგივრად, მხოლოდ ერთი რაუნდის ჩატარების შესაძლებლობა მოგვცა. თუმცა თანათავმჯდომარეებმა მოახერხეს დეკემბერში შეხვედრა და კიდევ ერთხელ შეხვდებიან 25-26 მარტს. ერგნეთის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრები ვერ ტარდებოდა რეგულარულად ზამთრის განმავლობაში, თუმცა მარტში განახლდა და ჩვენ უკვე ვგეგმავთ შემდეგ შეხვედრას აპრილში. ადგილობრივ დონეზე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მძიმედ დაარტყა როგორც თავად პანდემიამ, ისე მისმა შედეგებმა. აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ ე.წ. კონტროლირებადი გადასასვლელების გახანგრძლივებულმა დაკეტვამ, მაგალითისთვის კიდევ უფრო შეუშალა ხელი მათი გადაადგილების თავისუფლებას, გააუარესა მათი სოციალ-ეკონომიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისიამ იცის ამ გამოწვევების შესახებ და სხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენ შევეცდებით მივმართოთ მათკენ ძალისხმევა ყველა არსებული ფორმატის, მათ შორის ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმებს შეხვედრების, ევროკავშირის ინსტიტუციებში და წევრ ქვეყნებში მიმართული ჩვენი ანგარიშგებების მეშვეობით. _მანდატის მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიას, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მოიცავს, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებები მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დამკვირვებლებისათვის შესვლის შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე აქამდე უარს ამბობენ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ამ საკითხის უფრო მეტად აქტუალიზაციისთვის და როგორ უყურებთ პრობლემის გადაჭრის პერსპექტივას? აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ შესვლის შესაძლებლობის არქონა არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი მანდატის განხორცილებისთვის. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ევროკავშირის ინსტიტუციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ამ ორ რეგიონში დაუბრკოლებელი შესვლის შესაძლებლობა.

თორნიკე შარაშენიძე: გასაკვირი არაა "ნაციონალების" გავლენა ოპოზიციაზე, ქუჩაში ხალხს მის გარეშე ვერ გამოიყვანენ

„ის რომ, „ნაციონალურ მოძრაობა“ გავლენას ახდენს დანარჩენ ოპოზიციაზე, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა. ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია“, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართულ მოლაპარაკებებზე. ექსპერტის თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადგან რისი იმედიც მათ აქვთ - ხალხის ქუჩაში გამოყვანის, "ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მხოლოდ თვითონ ვერ შეძლებენ. შარაშენიძე ასევე არ გამორიცხავს, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ფარული ჩანაწერების გავრცელება, ამ პოლიტიკურ ძალის ინტერესი ყოფილიყო, მოლაპარაკებების ჩასაშლელად. „ამ მოლაპარკებებში, ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგებოდა, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომლებიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა.დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა. მათ მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია. ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ „ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია“.. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. სრული ინტერვიუ

თორნიკე შარაშენიძე: ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის მარცხად აღიქვა და არა კომპრომისის გზად

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში შეხვედრებს მართავს და ყველა განცხადებაში, განსაკუთრებულად ხაზს უსვამს საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ ეუთოს დასკვნის თანახმად, 2020 წლის არჩევნები საქართველოში, იყო თავისუფალი და კონკრენტუნარიანი. შეიცვალა თუ არა დასავლეთის საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება? რა ეტაპზეა ევროკავშირის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებები და რამდენად რეალურია კომპრომისის მიღწევის შესაძლებლობა? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. - ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების პრორუსულობის საფრთხეებზე ალაპარაკდა, თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერას ასე ადვილად არ დაკარგავდა და მის დაბრუნებას შეეცდებოდა. შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ, კრისტიან დანიელსონის მედიაციით დაწყებული მოლაპარაკებების და ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, დღეს როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას? - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა დასავლეთის მისკენ შემობრუნება. მართალი გითხრათ, ჩემთვის ეს არ იყო გასაკვირი, რადგან "ოცნებას" ჰყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდა გუნდი, რომელმაც დასავლეთთან მუშაობა იცის. დიდი ხნის განმავლობაში, დასავლეთთან ურთიერთობაში, "ოცნებას" „ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აშკარად სჯობნიდნენ ახლა ეს მონოპოლია დაკარგეს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი საპარლამენტო გუნდი გადაახალისა და ისეთი ხალხი შემოიკრიბა, ვისაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული. ბოლო მოვლენების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ ძალიან გაუჭირდება დასავლეთში კიდევ ვინმეს დარწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. - ხელისუფლების მხრიდან, დასავლეთის კეთილგანწყობის დაბრუნება, ევროკავშირის მედიატორობით დაწყებული დიალოგის პროცესში გამოვლენილმა ფაქტორებმაც ხომ არ განაპირობა, შარლ მიშელის და კრისტიან დანიელსონის მხრიდან კონკრეტული გარემოებების საფუძვლიანად გაცნობამ, ოპოზიციისა და ხელისუფლების რეალური მოტივების გაგებამ? - ორივე მხარე ჯიუტობს. ოპოზიცია აქამდე ახერხებდა, დასავლეთი თავის სიმართლეში დაერწმუნებინა, მაშინაც კი, როცა არ იყო მართალი, მაგრამ ახლა ვეღარ ახერხებს, რადგან ეს არ არის ასე მარტივი. ოპოზიციაც აშავებს აშკარად. ფაქტია, ხელისუფლებამ დასავლეთიც დაარწმუნა ამაში, რომ "ჩვენ ნაკლებად დამნაშავეები ვართ ვიდრე ოპოზიცია".. როგორც ჩანს მოახერხეს დასავლეთის ამაში დარწმუნება. არგუმენტები მაქსიმალურად გამოიყენეს. - მიმდინარე დიალოგის პროცესზე რა შეიძლება ითქვას? რა მოლოდინები გაქვთ? ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შეთანხმების მიღწევის რა პერსპექტივა იკვეთება? მოლაპარაკებების პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი წამოიწია. - დიალოგის წარმატებით დასრულებას ხელს უშლის ის მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციამ არჩევნების მეორე დღეს, ქუჩაში გამოსვლისთანავე დააყენა, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. დღევანდელი სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც 2009 წელს, როცა ოპოზიციის დიდი აქციები დაიწყო, მთავრობის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით. მერე, როცა დაინახეს, რომ მთავრობა არ მიდიოდა და ვერც ვერაფერს ვერ უხერხებდნენ, აქციების დასრულება გაუჭირდათ, რადგან თვითონაც აღარ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. დაახლოებით ამ სიტუაციაში აღმოჩნდა ახლა ეს ოპოზიცია, რეალურად თავიდანვე ეს იყო მათი სერიოზული შეცდომა, რადგან მანევრირების შესაძლებლობა მოიჭრეს. დაიტოვეს მარტო ერთი - რადიკალური გზა. ნიკა მელიას დაპატიმრებამ, მათ გარკვეულწილად უშველა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ეს დაპირისპირება მოეგოთ. როგორც ვხედავ, საბოლოო ჯამში, კომპრომისი და პოზიციების დაახლოება თითქმის შეუძლებელია. ამას მოწმობს ის, რაც გუშინ მოხდა, ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ოპოზიციამ თავის დამარცხებად აღიქვა. - ბორელის განცხადებებზე გამოხმაურებას გულისხმობთ? - დიახ. ბორელის განცხადებები მათ აღიქვეს ისე, რომ „აი, ევროპამ ზურგი შეგვაქცია“. დღის ბოლოს ამას, ასეთი გიჟური განცხადებებიც მოჰყვა, თითქოს ევროპამ საქართველო რუსეთს გადააბარა. ეს პოზიცია კომპრომისად კი არ აღიქვეს, აღიქვეს ისე, რომ ევროპამ ხელისუფლების მხარე დაიჭირა. ვერანაირი კომპრომისი ვერ შედგა. ვერც შედგებოდა კომპრომისი, იმ მოთხოვნების და წითელი ხაზების დაწესების ფონზე, რომელიც ძირითადად მაინც ოპოზიციიდან მოდიოდა. - თუმცა, რაღაც მომენტში, როდესაც დანიელსონი ახალი ჩამოსული იყო, გიგა ბოკერიამ განაცხადა - "მზად ვართ პლებისციტი განვიხილოთ, თუ ყველა სხვა საკითხზე შეთანხმებას მივაღწევთო, გულისხმობდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, ასევე პატიმრების გათავისუფლებას". ვადამდელ არჩევნებზე უარის თქმის კომპრომისის ნიშნები გაჩნდა, სხვა პარტიების განცხადებებშიც. -ძალიან ჭკვიანური იყო, ის რომ ბოკერიას პარტია მაინც წავიდა პლებისციტზე და მასზე უარი არ თქვა, იმიტომ, რომ ეს იქნებოდა წამგებიანი. პლებისციტზე უარის თქმა ნიშნავს, ხალხის უზენაესი ნების გამოხატვაზე უარის თქმას. ჭკვიანურად მოიქცნენ, მაგრამ, რადგან არ ვიცით, მერე რა მოხდა შიგნით, მოდი ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ამაზე ვერ ვიმსჯელებ. - შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ, ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ ამ მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გავრცელდა, რადგან ოპოზიციაში კონკრეტულ ძალებს შეთანხმების მიღწევა არ სურთ და სხვა სცენარი ურჩევნიათ. თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტებს? - აღნიშნული ფარული ჩანაწერების გავრცელება, აშკარად ემსახურებოდა ერთ პოლიტიკურ ძალას, ამ ბრალდებაშიც არის სიმართლის მარცვალი. - ამის გათვალისწინებით, შეიძლება იმის თქმა, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ გადაწონა ამ მოლაპარაკებების პროცესში სხვა პარტიების პოზიციები? - ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ეს ძალა ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალაა და მთლიანდ ოპოზიციას თუ რამის იმედი აქვს, ეს არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა. ხალხის ქუჩაში გამოყვანა კი შეუძლია, სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“. შესაბამისად, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ საკუთარი თავი და თავისი მხარდამჭერები ქუჩაში დააყენეს, ჩამოკიდებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობაზე“. -რა რეკომენდაციას მისცემდით, როგორც ოპოზიციას, ისე ხელისუფლებას. თქვენი პირადი მოსაზრებით რა კომპრომისზე უნდა წავიდეს, ოპოზიცია, რა არის მნიშვნელოვანი, რისთვის უნდა იბრძოლოს? და ხელისუფლებამ რა უნდა დათმოს? რა იქნება უფრო სწორი, რეალისტური, პრაგმატული და გამართლებული? - აზრი არ აქვს, მე ან სხვა რას ურჩევს, იმიტომ, რომ ოპოზიციამ თავიდანვე დააწესა წითელი ხაზები დ აქედან გამომდინარე უჭირს მანევრირება. ასე რომ, მე რაც არ უნდა ვურჩიო და ვინც არ უნდა, რა გენიოსობაც არ უნდა მოიფიქროს ურჩიოს, არ გამოვა.

თურქეთი რუსეთზე კიდევ უფრო ენერგოდამოკიდებული ხდება - ენერგეტიკის ექსპერტი პაატა ცინცაძე

„ენერგომომარაგების მიმართულებით, თურქეთი კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე“, - ამის შესახებ Europetime-ს ენერგეტიკის აკადემიის წევრმა პაატა ცინცაძემ განუცხადა, თურქეთში რუსეთის მიერ ატომური ელექტრო სადგურის „აკუიუს“ მესამე ბლოკის მშენებლობის დაწყების ფაქტის შეფასებისას. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ატომური ელექტროსადგურის აშენების შემდეგ, თურქეთი გაცილებით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და იმპორტს შეამცირებს, მისი ენერგოდამოუკიდებლობა ამით არ გაიზრდება. „პირიქით, უფრო მეტად დამოკიდებული გახდება რუსეთზე, რადგან სავარაუდოდ სადგურის მუშაობა, მთლიანად რუსეთის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. გარდა ფინანსური ინტერესისა, რუსეთის მთავარი ინტერესი სწორედ ეს იყო. სადგურზე ატომური საწვავის, შეტან ,და ნარჩენების უტილიზაცია დიდი ალბათობით რუსეთის მიერ მოხდება. ამ ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ენერგომომარაგების კუთხით, თურქეთი კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთზე “, - განაცხადა პაატა ცინცაძემ. Europetime-თან საუბრისას, ენერგეტიკის საკითხების ექსპერტი ასევე განმარტავს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს საქართველოზე, თურქეთში ატომური ელექტრო სადგურის აშენებამ. პაატა ცინცაძის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად მილიარდ ნახევრამდე კილოვატსაათ ელექტროენერგიას შეისყიდის, სამი ქვეყნიდან - თურქეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. „უკვე 15 წელია, თურქეთში ელექტრო ატომური სადგურის პროექტს ამუშავებენ. რა ინფორმაციაც ვრცელდება, აღნიშნული სადგური საკმაოდ ძვირ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, როგორც მე ვიცი, კილოვატ საათის ღირებულება 20-22 ცენტი იქნება. რაც, შესაძლოა, საქართველოს მიერ თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფზეც აისახოს და ტარიფი გაძვირდეს. ვიდრე ელექტროენერგიის იმპორტი დაგვჭირდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა იყო და თურქეთი ჩვენგან ყიდულობდა ელექტროენერგიას. მაგრამ ბოლო წლებში, საქართველოში იმდენად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, ტურიზმის განვითარების გამო, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან ყველას მომსახურების სფეროს სჭირდება კონდიციონერი და სხვა სახის სერვისი, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობს. ამიტომ, ელექტროენერგიის იმპორტი დავიწყეთ. ატომური ელექტრო სადგურის აშენების შემდეგ, საქართველო კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგება. ჩვენ შეიძლება თურქეთის სახით, ელექტროენერგიის ტრადიციული საექსპორტო ბაზარი დავკარგოთ, რომლის გამოც აშენდა სპეციალური ელექტროგადამცემი ქსელი, თავისი მუდმივი დენის ჩანართით. ამ ქსელით, აზერბაიჯანს და რუსეთს თურქეთში, საქართველოს გავლით ტრანზიტულად გააქვთ ელექტროენერგია. საიდანაც ჩვენს ქვეყანას გარკვეული შემოსავალი აქვს და შიძლება ეს ტრანზიტიც მკვეთრად შემცირდეს და ამხელა ინფრასტრუქტურა უფუნქციო გახდეს“, - განუცხადა Europetime-ს პაატა ცინცაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ატომური ელექტროსადგურის, „აკუიუს“ მესამე ენერგობლოკის მშენებლობა დაიწყეს. პუტინის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს. ერდოღანმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნულ ენერგო ინფრასტრუქტურაში ატომური ენერგიის დამატება ენერგო მომარაგების უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული ნაბიჯია. ინტერვიუ სრულად ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ - ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!

ენერგეტიკის ექსპერტი: როგორ შეიძლება ჰესის ტექნიკური ნაგებობის მაღალი დონის ექსპერტიზა არ ჩატარდეს?!

წლების წინ, ელექტროენერგიის ექსპორტიორი საქართველო, ბოლო წლების განმავლობაში, არა თუ ექსპორტს ვეღარ ახორციელებს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარების გამო (12 მილიარდ კილოვატ საათამდე), ყოველწლიურად თვითონ შეისყიდის 1.5 მილიარდ კილოვატ საათს სამი ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთიდან. მიუხედავად ამ მოცემულობისა, ქვეყანაში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. დღეისთვის შეჩერებულია სამი დიდი ელექტროსადგურის ნენსკრა, ნამახვანჰესის და ხუდონჰესის მშენებლობა, რომლებიც ქვეყანის ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდიდა და ექსპორტიორ ქვეყნადაც აქცევდა. თუმცა ენერგოდამოუკიდებლობის საპირწონედ დგას სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ დაყენება, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, უნიკალური მიკროკლიმატური ზონების შეცვლა და რაც მთავარია ჰესის, წყალსაცავის უსაფრთხოება წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მიმართ მოსახლეობის და გარემოს დამცველების აღნიშნული შიშები გამოწვეულია სახელმწიფო კვლევითი და საექსპერტიზო ინსტანციების მუშაობის ხარისხის მიმართ, უნდობლობით. ასევე სხვა ახალ აშენებულ ჰესებზე მომხდარი ავარიებით. რა ენერგო პოტენციალი აქვს საქართველოს? ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ამ სიტუაციიდან სად არის გამოსავალი? შესაძლებელია თუ არა დიდი ჰესების უსაფრთხოდ აშენება და ამისთვის რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - აღნიშნულ საკითხებზე Europetime ენერგეტიკის აკადემიის წევრს პაატა ცინცაძეს ესაუბრა. _თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატური თანხა იხარჯება ნამახვანჰესის დაპროექტებასა და მშენებლობაზე? პროექტის ხარჯების შემცირება, ხომ არ ხდება პროექტის უსაფრთხოების ხარჯზე? ასეთი დიდი ნაგებობის უსაფრთხოება განისაზღვრება სამ ეტაპზე. პირველი - ეს არის პროექტირების სტადია, რომელიც უნდა გაკეთდეს აუცილებლად მაღალ დონეზე. მეორე არის მშენებლობა, მესამე ეს არის ექსპლუატაციის პერიოდი. როცა უკვე ჰესი მუშაობს. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მაღალი კაშხლების ასოციაცია ICOLD, შვეიცარიაში აქვს შტაბბინა. მათი მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ყველაზე ხშირად, ჰიდროსადგურებზე ავარიები ხდება პირველ 3-5 წლიან ინტერვალში. ამ ვადაში გამოჩნდება ხოლმე პროექტირებისას და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები. შემდეგ, 50 წელი ძალიან იშვიათობაა ავარიები და 50 წლის შემდეგ, ისევ ჩნდება ავარიების საშიშროება იმიტომ, რომ აქ უკვე იწყება გამოყენებული მასალების და კონსტრუქციების ე.წ დაღლილობა, დაძველება და ამან შეიძლება, გამოიწვიოს რაიმე ავარია. თუ ნამახვანიჰესი აშენდება ყველა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და პროექტი მაღალ დონეზე იქნება გაკეთებული, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჰესების პროექტების ექსპერტიზის ზედმეტად ლიბერალური სისტემა გვაქვს. დაახლოებით 20 წლის წინ შემოიღეს ერთი ფანჯრის პრინციპი, გამარტივებული პროცედურები, როცა პროექტირებისთვის და მშენებლობისთვის არავითარი ლიცენზიის მოთხოვნა აღარ ხდება, ასეთ პროექტებზე ეს არ არის სწორი მიდგომა. როგორ შეიძლება ტექნიკური ნაგებობის ექსპერტიზა არ ჩატარდეს, ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან მაღალი დონი სპეციალისტების მიერ?! ამის მაგალითია ავარიები მესტიაჭალაჰესზე, შუახევჰესზე და ა.შ. აღნიშნული ავარიები ძირითადად მოხდა პროექტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. ან მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების მიზეზით. ჩვენ ამ პროექტებს სათანადო ექსპერტიზა ვერ ჩავუტარეთ. სახელმწიფომ ვერც ტექნიკური ზედამხედველობა ვერ განახორციელა, სათანადო დონეზე მშენებლობის პერიოდში. _მიზეზი რა არის? შესაბამისი სამსახურების არარსებობა, კვალიფიციური კადრების დეფიციტი, თუ კიდევ სხვა სახის დამატებით პრობლემებთან გვაქვს საქმე? რა თქმა უნდა, შესაბამისი კვალიფიკაციის საკმარისი კადრები არ გვყავს. ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. ჩვენ, როცა გავაჩერეთ ხუდონჰესის მშენებლობა 1987 წელს და გახარებულები ვიყავით ამით, ვამბობდით, რომ ეს არის ჩვენი ყველზე დიდი მიღწევა, ამის შედეგია ეს ყველაფერი. ხუდონის მშენებლობა იცით როგორ იყო დაგეგმილი? ენგურჰესის მშენებლობა 1983 წელს დამთავრდა. ენგურჰესზე ჩამოყალიბდა ჰიდროტექნიკური მშენებლობის უზარმაზარი სკოლა. 15-18 წელი შენდებოდა ენგურჰესი და ინჟინრების, მშნებლების და ტექნიკური პერსონალის მთელი თაობები გაიზარდა. ამის გარდა, გაჩნდა უზარმაზარი სამშენებლო ბაზა და ტექნიკა. ხუდონჰესის გაჩერებასთან ერთად ეს ყველაფერი ჩვენ მოვკალით. ჩვენი ხელით გავანადგურეთ ყველაფერი. ისეთი საქმე გავაკეთეთ, მტერს რომ მოესურვებინა ის ვერ დაგვიშავებდა ამდენს. ხუდონჰესს 1.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა. ამით არსებულ დეფიციტს შევავსებდით, ხუდონს კიდევ დამატებით სხვა, ძალიან ბევრი პლიუსი ჰქონდა. მისი აშენების შემდეგ, ენეგურჰესზეც გავზრდიდით წარმოებას. ენგურჰესის წყალსაცავი ილამება. ხუდონჰესის აშენების შემთხვევაში, ენგურჰესის ექსპლუატაციის პერიოდი დაახლოებით 100 წლით გაიზრდებოდა. გარდა ამისა, ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების რაოდენობა 2 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზარდა. აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევუწყვეტთ ელექტროენერგიის მიწოდებას და ამაში ხუდონჰესს განსაკუთრებული როლი ექნებოდა. ერთი სიტყვით ხუდონჰესის გაჩერება იყო მომაკვდინებელი დარტყმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, რომლის ნაყოფსაც ახლა ვიმკით. ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების რეალური შესაძლებლობა არსებობს და ადრე თუ გვიან აუცილებლად გაკეთდება. სჯობს ადრე გაკეთდეს. ნამახვანსაც იგივე ეხება. ორივეს აშენება, რა თქმა უნდა შეიძლება. უნდა შევძლოთ და გავაკეთოთ პროექტების ექსპერტიზის და მშენებლობის ზედამხედველობა თანამედროვე სისტემა გამართული და არა ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. _ახლა რა ხარისხის პროექტიც არის და რა დონის ექსპერტიზა, ზედამხვედველობის სისტემა, ამ მოცემულობით რამდენად მიზანშეწონილია ნამახვანჰესის აშენება? ჰესის მშენებლობა სახლის მშენებლობას არ ჰგავს. პროექტირება ფაქტობრივად სრულდება, მაშინ როდესაც მშენებლობა სრულდება. მაგალითად, ენგურჰესზე მშენებლობის დროს, 200 კაცი მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, რომელიც იყო განთავსებული ენგურზე. მშენებლობის მიმდინარეობისას პერიოდულად ცვლილებები შედიოდა პროექტში, ანუ პროექტირება მშენებლობის დროსაც გრძელდება. ამიტომ, დღევანდელი მონაცემებით კი ბატონო, შეიძლება მშენებლობის დაწყება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ არ გვაქვს პროექტის ხარისხიან ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თავი არ გვყავს საკმარისი კვალიფიციური სპეციალისტები, პროექტის მიმდინარეობისას, ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ სხვა ქვეყნიდან მაინც მოვიწვიოთ, კვალიფიციური კომპანიები, რომელიც სათანადო ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს. _ერთ-ერთ ექსპერტის მოსაზრება იყო, რომ თუ არსებული ჰესების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება გარკვეული მოცულობის თანხა, აქამდე წარმოებული ენერგიის 20-25 პროცენტამდე გაზრდა შესაძლებელია. თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას, რამდენად რეალისტურ გათვლებს ეფუძნება და განსახორციელებლად რამდენად რეალისტურია? რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. არსებული ჰესების რეაბილიტაცია რომც მოხდეს, 25 პროცენტით მაინც ვერ გაიზრდება. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ და რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, მაგალითად ლაჯანურჰესის წყალსაცავი რომ გავასუფთაოთ, რომელიც დალამულია. კატასტროფულად ძვირი დაჯდება. ძალიან რთულად განსახორციელებელი საქმეა. გაწმენდა ასე იოლად არ ხდება. სად უნდა წავიღოთ ამდენი ლამი და ქვიშა, მაგაზე ვინმე პასუხს გვეუბნება? რა არის გასაკეთებელი, სად არის ეს რეზერვი, რომელ ჰესზე? თუ საუბრობენ კონკრეტულადაც უნდა თქვან. ენგურჰესის რეაბილიტაცია ახლა კეთდება. გვირაბიდან წყლის გაჟონვის გამო დაახლოებიტ 300 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია იკარგებოდა. იმედია რეაბილიტაცია სწორად ჩატარდება და 300 მილიონ კილოვატ საათს დავიმატებთ. სამწუხაროდ 300 მილიონი, ჩვენი ჯამური წარმოების ელექტროენერგიის 3 პროცენტიც არ არის. არავითარი რეაბილიტაცია ამას არ უშველის. ის ელექტროენერგია, რაც დღეს გვაკლია, მთლიანად, რეაბილიტაციის ხარჯზე რომ დავფაროთ, შეუძლებელია. _რაც შეეხება ნამახვანჰესს, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიშები ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გარემოზე ზემოქმედების კუთხით და მშენებლობის ხარისხთან დაკავშირებით? რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვს მოსახლეობა და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ზომები? ახლა ნამახვან ჰესზეა საუბარი, თორემ ყველაფერი დაიწყო ხუდონიდან. როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოში ჰესები უნდა ავაშენოთ, ამის ქვეშ ხშირად არის საუბარი, რომ მოდი მცირე ჰესები ავაშენოთ, 13 მეგავატამდე სიმძლავრის სადგურებზეა საუბარი. ასევე საშუალო სიმძლავრის 50 მეგავატამდე სადგურებზე. მცირე და საშუალო სიმძლავრის სადგურებს წყალსაცავები არ სჭირდება. წყალსაცავი სჭირდება დიდ ჰესებს. ჩვენი მდინარეები არის სეზონური. ზაფხულში ბევრი წყალია, ზამთარში ცოტა. ბევრ წყალს ვკარგავთ. წყალსაცავი საჭიროა სწორედ იმისთვის რომ ზამთრისთვის მოხდეს დაგროვება და ზამთარში ამ წყლის მარაგის გამოყენება. აქ არის მხოლოდ ერთი გამოსავალი, ავაშენოთ წყალსაცავიანი ჰესები და ზაფხულში მდინარეების ჭარბნადენი დავაგროვოთ, ამ წყალსაცავებში. შემდეგ გავხარჯოთ ეს ენერგია ზამთარში, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აღარ დაგვჭირდეს. დღევანდელი მონაცემებით, იმპორტს ვახორციელებთ წელიწადში 9 თვე. ასეთი მდინარე, რომელსაც აქვს ამხელა პოტენციალი და შესაძლებელია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა საქართველოში სულ ორია. ერთი არის ენგური, მეორე რიონი. სხვა მდინარეებს ამხელა პოტენციალი არ აქვს. მთელი საქართველოს მდინარეების ტექნიკურად გამოსაყენებლი ჰიდროპოტენციალი, ადაახლოებით 40 მილიარდი კილოვატ საათია. მისი თითქმის ნახევა რი ამ ორ მდინარეზე . ამიტომ, ადრე თუ გვიან ნამახვანი და ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. სჯობს ადრე აშენდეს. მეტი გზა არ გვაქვს. თუ, რა თქმა უნდა, გვინდა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრობა. თუ რუსეთის გუბერნიად გადაკეთება გვსურს, მაშინ აღარ გვინდა აღარაფერი რუსები შეგვინახავენ. მაგრამ ეს ხომ არ გვინდა?! ყველა სახელმწიფო ცდილობს, ენერგოდამოუკიდებლობის ამღლებას. ევროკავშირის „ენერჯი კომუნითის“, წევრი საქართველო 2016 წელს გახდა. ეს ფაქტიურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ენერგეტიკა შევიდა ევროკავშირში. რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი, რომელსაც „ენერჯი კომუნითი“ ითხოვს წევრებისგან. პირველ რიგში ეს არის ელექტროენერგისს ბაზრის ლიბერალიზაცია, კონკურენტული გარემოს შექმნა, სექტორში და თვითკმარი ენერგეტიკული სექტორის არსებობა. არავის არ უნდა მიიღოს ისეთი წევრი რომელიც, ასე ვთქვათ იქნება ევროკავშირის სარჩენი. მით უმეტეს წევრი, რომელიც ენერგეტიკულად არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ჩვენ ელექტროგადამცემი ხაზებით პირდაპირ დაკავშირებული არ ვართ ევროკავშირთან. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. _რატომ ვერ ხერხდება ამ ელექტროგადამცემი ხაზების აშენება, თანხების გამო, თუ თვითონ ევროკავშირიც არ აქტიურობს ამ კუთხით და მისთვის სტრატეგიული ღირებულება არ აქვს? როგორც ნავთობ და გაზსადენებზე მოხდა, უცხოური ინვესტიციებით, მშენებლობა, ელექტროენერგიის დერეფნის კუთხით რატომ ვერ ხერხდება? ასეთი ელექტროგადამცემი ხაზების აშენება საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. ჩვენ ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანას არ ვესაზღვრებით. ერთი, ძალიან რთული გზაა თურქეთის გავლით შევძლოთ ევროპის ბაზარზე გასვლა, რასაც თურქეთი კატეგორიულად ეწინააღდეგება. მეორე გზა არის შავი ზღვის ფსკერზე, სადენების გაყვანა, რაც ასევე ძალიან ძვირი და ძალიან რთული პროექტია. რა თქმა უნდა შეიძლება, თუ ევროკავშირის ქვეყნები დაინახავენ რომ საქართველოში ამისთვის რამე კეთდება. ჩვენ 30 წელია არაფერი ახალი არ აგვიშენებია. ჰესებს ვგულისხმობ, მწვანე ენერგიაზეა აქ საუბარი. მათ არ სჭირდებათ თბოსადგურების საშუალებით მიღებული ელექტროენერგია. თუ იქნება წარმოებული დიდი რაოდენობის მწვანე ენერგია, რომელიც შიდა ბაზარსაც დააკმაყოფილებს და ექსპორტის საშუალებაც იქნება, ამ შემთხვევაში ამ საკითხის დასმა შეიძლება. მაგრამ ახლა ევროკავშირში ხედავენ, რომ საქართველო ორ მეგავატიანი სადგურის აშენებასაც ვერ ახერხებს. ბუნებრივია, ამ ქსელის აგების პროექტიც დღის წესრიგში არ დგას. რისთვის უნდა აშენდეს? თურქეთეთთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზიც უფუნქციოდ გვრჩება. რომელსაც საშუალება აქვს 700 მეგავატი გაატაროს, ამ დროს არ ატარებს 20-30 მეგავატზე მეტს. თუ ჩვენ ენერგეტიკას განვავითარებთ ისე, როგორც საჭიროა, მაშინ შესაძლოა, ჩვენს ელექტროკავშირების განვითარებაზე ევროპამაც იზრუნოს და მხოლოდ ჩვენ საზრუნავი არ გახდეს. _თუ ელექტროგადამცემი ხაზით ვერ ვუკავშირდებით ევროპას და თურქეთსაც ვკარგავთ, როგორც ელექტროენერგიის პოტენციურ შემსყიდველს, საქართველოში დიდი ჰესების აშენება კიდევ საჭირო ხდება? რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მხოლოდ თურქეთზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ ჯერ ჩვენი შიდა ბაზარი არ გვაქვს დაკმაყოფილებული. ახლა სამი ქვეყნისგან ვყიდულობთ, ელექტროენერგიას - რუსეთისგან, აზერბაიჯანისგან და თურქეთისგან. ადრე ვიყავით ექსპორტიორი ქვეყანა, ახლა არათუ საექსპორტო მოცულობები აღარ გვაქვს, ჩვენ თვითონ ვყიდულობთ. ერთადერთი რესურსი, რითაც ელექტროენერგიის წარმოება შეგვიძლია, არის ჰიდრო რესურსი. ჩვენ არც ნავთობი გვაქვს, არც გაზი. მოხმარება იზრდება, რა ვქნათ, ეს მოხმარება უნდა დავაკმაყოფილოთ, ან საკუთარი წყაროებიდან, ან ვიყიდოთ სხვა ქვეყნისგან. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს. არის კიდევ ერთი გზა, რომ თბოსადგურები ავაშენოთ, მაგრამ თბოსადგურების აშენების შემთხვევაში, გარდა ეკოლოგიური პრობლემებისა, არსებობს, დამოკიდებულების ზრდა აზერბაიჯანზე. ჩვენ არ გვაქვს ეს გაზი და აზერბაიჯანიდან უნდა შემოვიტანოთ. ასე რომ, ჰესების მშენებლობა არის ერთადერთი ხსნა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ენერგეტიკა და მინიმალურად დამოკიდებული ვიყოთ სხვა ქვეყანაზე.

ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი: ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ აღმოფხვრიდა პოლარიზაციას

,,საქართველო ესკალაციის სპირალის ხაფანგში“, - ამ სათაურით ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის - სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელის სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე საქართველომ მშვიდობის მოპოვება ვერ შეძლო. პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება კი, ამ ტენდენციის კიდევ ერთი ხაზი აღმოჩნდა. ნეოლიბერალური პოლიტიკური ელიტისთვის პანდემიისგან დაზარალებული საზოგადოების საჭიროებები უინტერესოა. მათი ეგოიზმი ემხრობა არაფორმალურ სტრუქტურებს, რაც ქვეყნის მცოცავი ,,რუსიფიკაციისკენ" მიდის. საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნების" მესამედ გამარჯვებას, რომელიც მთელი რიგი დარღვევებითა და მანიპულაციებით ჩატარდა, ოპოზიციურმა პარტიებში არჩევნების შედეგების უარყოფა მოჰყვა. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მეთაურობით, შვიდი სხვა პარტია, რომელთაც პრეტენზია ჰქონდათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ისინი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და ,,ქართულ ოცნებას" არჩევნების ფართო მასშტაბით მანიპულირებით ჩატარებაში ადანაშაულებენ. მთავარი ოპონენტების - ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" რადიკალიზაცია უკვე თვეებია, რაც გრძელდება. მოთამაშეებმა, რომლებიც მზად იყვნენ კომპრომისებისთვის, მაგალითად ,,ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქვეყნის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, დატოვეს თავიანთი პარტიები, ან სულაც გამოეთიშნენ პოლიტიკას. პოლარიზაცია, როგორც მობილიზაცია ,,ქართულ ოცნებას" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ერთმანეთი სჭირდებათ როგორც მეტოქეებს, რადგან ამგვარად, ისინი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახერხებენ. ამ მხრივ, გასაკვირი არ იყო, რომ ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი ქმედება ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პატიმრობა იქნებოდა. ამით ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩაგრულად და მმართველი პარტიის მსხვერპლად წარმოაჩინა. არც ერთ მხარეს არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი, ან თუნდაც რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის გაკეთება. ისინი ზრუნავენ ძალაუფლებისკენ მიმავალ საკუთარ გზებზე. ორივე მათგანი, შესაბამისი ძალაუფლების ქონის შემთხვევაში არ მოერიდებოდა ადმინისტრაციული რესურსის, სასამართლოების და უშიშროების სტრუქტურების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ისევე, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი გამდიდრების მიზნით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 9 ფიზიკურმა და 15 იურიდიულმა პირმა, რომლებიც 2019/20 წლებში „ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველებს წარმოადგენდნენ, მოიპოვეს გამარჯვება გამარტივებული პროცედურებით ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი, კულუარებში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახდენს პოლარიზაციას და ხელს უშლის კომპრომისებს. ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის თავს ანებებს პოლიტიკას. ამ ფონზე, კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ ,,ქართულ ოცნებაში" და საქართველოს მთავრობაში საკვანძო პოზიციები ივანიშვილის ერთგულმა პირებმა დაიკავეს. ახალმა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2013-2015 წლებში მთავრობის მეთაურად ყოფნის რანგში ორი ძირითადი მახასიათებელი გამოავლინა, ესენია აბსოლუტური ვასალური ერთგულება ივანიშვილის მიმართ და არანაირი ინტერესი ოპოზიციასთან კომპრომისისა. ის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს, თუ ივანიშვილთან კოორდინაციას არ მოახდენს. ეგოიზმი, კორუფცია და არაფორმალობა ის ფაქტი, რომ ძირითადად, ტურიზმსა და მომსახურების სექტორზე დამოკიდებულ ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი განიცადა ქართულმა საზოგადოებამ, ეს ფაქტი კონკურენტ მხარეებს არ აწუხებთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ადამიანთა თითქმის 20% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს არაფორმალურ სექტორში და პანდემიის პერიოდში არ მიუღია არანაირი სოციალური დახმარება. ,,ქართული ოცნებაც" და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" ელიტის ინტერესებს იცავენ, რომლებმაც ქვეყნის მიწის პრივატეზება მოახდინეს და „ღვეზელის საუკეთესო ნაჭრებს იღებენ“ ყველაზე მაღალი საფასურის გადამხდელები. პრემიერ-მინისტრი, გახარია გაზაფხულზე პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგების გამკლავებისთვის საზოგადოების მაღალ შეფასებასა და მოწონებას იმსახურებდა. როდესაც ოპოზიციის ლიდერის დაკავებას შეეხო საქმე, გახარია წინააღმდეგი იყო და გარკვეული დამოუკიდებლობა გამოავლინა, როგორც პარტიული ხაზისგან, ასე ივანიშვილისგან. ამის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" და 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მათ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურთ, დაუსაბუთებელია. უდავოა, რომ ,,ქართული ოცნება" ცდილობდა, რუსეთთან უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები აეწყო, ვიდრე ამას მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში აკეთებდა და ამ მცდელობის შედეგად, მოსკოვთან არსებული დაძაბულობა გარკვეულწილად განიმუხტა კიდეც. ,,ოცნების" ხელისუფლებისას ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მიზანზე ოფიციალურად უარი არასოდეს თქმულა, ფაქტობრივად, საქართველოში 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობის შესახებ განცხადება მზადდება. თუმცა, რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით, არის მზარდი კორუფცია და არაფორმალური სტრუქტურების გაძლიერება. ამასთან, მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ახდენს უშიშროების ორგანოების და სასამართლოების ინსტრუმენტალიზაციას პირადი ინტერესების რეალიზების მიზნით და ოპოზიციის წინააღმდეგ. უშიშროების სტრუქტურების და სასამართლოების მსგავსი ინსტრუმენტალიზაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროსაც არსებობდა, თუმცა იმჟამინდელი მმართველი პარტიის, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებით მოქმედებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის მიწურულს საქართველო, 100.000 მოსახლეზე საპატიმროებში მყოფ პირთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში იყო. ,,მცოცავი რუსიფიკაცია” უფრო წარმატებული რეფორმების რღვევაა, ოფიციალური ინსტიტუტების შესუსტება არაფორმალური ინსტიტუტების სასარგებლოდ. შედეგად, იმ ფონზე, რომ ქვეყანას არ შეუცვლია თავისი გეოპოლიტიკური ორიენტირი, ,,ქართული ოცნების" და ქართული პოლიტიკური ელიტის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა რაც საქართველოს აკლია, არის მესამე ძალა, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს სხვა პოლიტიკა, გარდა ამჟამინდელი წამყვანი პარტიების ელიტარული ჯგუფების ეგოიზმისა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობას ეს სურს. NDI / CRRC– ს მიერ 2020 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა 30% არ უკავშირდება რომელიმე პარტიას. იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბებული პარტია „ლელო“ და მისი დამფუძნებლი, მამუკა ხაზარაძე შეიძლება ყოფილიყო მესამე ძალა, სწრაფად გაიფანტა. ხაზარაძემ, ბანკირმა და ბიზნესმენმა, თავდაპირველად შეძლო მრავალი ახალგაზრდა, პროგრესული და მემარცხენე მხარდამჭერების თავის პარტიაში აყვანა, თუმცა მალევე გახდა აშკარა, რომ ის ,,ქართული ოცნების" და ,,ნაციონალური მოძრაობის" ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებდა: ხაზარაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებული იყო მისი პირადი, ბიზნეს ინტერესების დაცვაზე, ამასთან, ყოფილი ბიზნესმენი შიდა პარტიულ დემოკრატიას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. ვიდრე საქართველო ვერ შეძლებს, შექმნას ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობები, ძირეული საფუძვლებით, ბიზნეს ელიტა განაგრძობს ქვეყნის ბედის განსაზღვრას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამგვარი ვითარება ევროკავშირს ურთულებს მიმდინარე კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით მასშტაბური ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. ამგვარი რეფორმები, როგორც წარსულში, ისე დღესაც წინააღმდეგობაში მოდიან ელიტარული ჯგუფების დიდი ნაწილის ინტერესებთან. ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან დომინანტურ ნარატივს წარმოადგენდა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. აშშ და ევროკავშირი ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდნენ საქართველოში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისშიც, ესენი არიან აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, რომლებიც ცდილობენ, იყვნენ შუამავლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ამასთან, აშშ და ევროკავშირი საქართველოში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. დღესაც, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ისევ და ისევ აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ცდილობენ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციას. ამასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირველად გავხდით დასავლელი მოთამაშეების მიმართ მათი აქტივობების და ჩარევის გამო გამოთქმული კრიტიკის მოწმენი. ბიძინა ივანიშვილი, იმ დროს ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უკვე 2019 წლის ნოემბერში აკრიტიკებდა ამერიკულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა NDI და IRI, სდებდა რა მათ ბრალს მიკერძოებულობაში იმ მოტივით, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ინტერესების საზიანოდ გამოკითხვების მცდარი შედეგების ტირაჟირებას ახდენდნენ. დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქართველი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებს, ერთი მხრივ, მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ, მეორე მხრივ კი, მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს, როგორც კი, ეს მხარდაჭერა შეუსაბამობაში მოდის მათ კერძო, ძალაუფლებრივ ინტერესებთან. შედეგად, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები ამასობაში თვითონაც გადაიქცნენ შიდა ესკალაციის სპირალის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მათ არ შესწევთ აღნიშნული სპირალის გაწყვეტის უნარი. ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ შეძლებდა ხსენებული პოლარიზაციის აღმოფხვრას. უფრო მეტი ევროკავშირი ამავდროულად, ევროკავშირიც სულ უფრო მეტად კარგავს თავის ტრანსფორმაციულ ძალას. აღნიშნული გამოწვეულია, როგორც ევროკავშირის შიდა კრიზისით, ისე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წარმოქმნილი კრიზისით, რასაც ემატება ევროკავშირის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს მოთამაშის როლზე უარის თქმა იმ რეგიონში, სადაც უსაფრთხოება საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. მთიანი ყარაბაღის მეორე ომისგან ევროკავშირის და აშშ-ის დისტანცირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ კონსტელაციაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას იქონიებს. რეგიონის სამივე სახელმწიფომ დაინახა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა ჰქონდეთ არც ვაშინგტონის და არც ბრიუსელის იმედი. ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სომხეთის და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებებისთვის. „რუსი სამშვიდობო ჯარების“ განთავსება უკვე აზერბაიჯანშიც - სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც მანამდე რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, ისევე, როგორც ხსენებულ ომში თურქეთის ჩარევა, ხელს შეუწყობს სამივე სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოს უფრო მეტ ფოკუსირებას რუსეთის ფედერაციასა და თურქეთზე. სამეზობლო პოლიტიკას ბოლოსდაბოლოს უნდა დაემატოს უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო მძლავრი შემადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უშიშროების სტრუქტურების რეფორმირებას და, ამავდროულად, რეგიონალური კონფლიქტების კონტექსტში შესაძლებელს გახდის ევროკავშირის უფრო აქტიურ პოლიტიკურ, მედიაციურ ჩართულობას. ამგვარი მიდგომის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირის მზაობა, გააძლიეროს კონფლიქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მრავალმხრივი პლატფორმები, შექმნას სამშვიდობო მისიები და გადახედოს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლს. გარდა ამისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეალიზებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიაში უნდა მოხდეს ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი ელემენტების ინტეგრირება, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ხელშეწყობა და ეკონომიკური ინვესტიციები. ამავდროულად უნდა მოხდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის უფრო ქმედუნარიანი ინსტრუმენტებით შევსება. ამ ყველაფერთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უნდა შესთავაზოს გაწევრიანების პერსპექტივა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიტუაცია იქნება ამ თვალსაზრისით 10-15 წლის შემდეგ. საქართველოს სჭირდება კომპასი, რომლის მიცემაც ქვეყნისთვის გარედან ნაწილობრივ ევროკავშირს შეუძლია. თუმცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცვლილებების და რეალური ალტერნატივების არსებობის გარეშე ესკალაციის სპირალი ერთი და იმავე ღერძის გარშემო ბრუნვას მომავალშიც განაგრძობს.

კორნელი კაკაჩია: საზოგადოებაში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ საგარეო კურსს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეცვლის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შედეგად, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების დაწყებამ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის პერსპექტივა გააჩინა. განხილვის თემად იქცა შეთანხმებისთვის საჭირო რამდენიმე კომპრომისული ვარიანტიც, მათ შორის პლებისციტის საკითხი, თუმცა ბოლოო დღეებში, ფარული ჩანაწერების გავრცელებამ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. გაჩნდა კითხვები, ვინ ცდილობს მოლაპარაკებების ჩაშლას და ამ ვითარებაში, რა შედეგს მიაღწევს კრისტიან დანიელსონი, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში თავისი წარმომადგენლის სტატუსით დანიშნა. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის რანგში, დანიელსონი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. აღნიშნულ საკითხებზე Europetime პოლიტოლოგს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. - თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია. რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, დამატებით, პანდემიით გამოწვეული გართულებები. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა ჯერჯერობით ვერ გამოდის ამ კრიზისიდან. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომლის მიზანიც უნდა იყოს, ქვეყანა გამოიყვანოს ამ პოლიტიკური ჩიხიდან, ჩვენ კიდევ, ჯერჯერობით ჭრილობაზე მარილის მოყრა გამოგვდის. _ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ზოგადი რეკომენდაციები, რომ ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს და ეს ორივე მხარე შემდგომ ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, თქვენ, როგორც პოლიტოლოგს, თუ გაქვთ კონკრეტული მოსაზრება, რეკომენდაციები, კონკრეტულად რა უნდა დათმოს ოპოზიციამ და რა ხელისუფლებამ? თითოეულმა მათგანმა რა ნაბიჯები უნდა გადადგას და რა კომპრომისზე უნდა წავიდეს? ასე კონკრეტულად თქმა რთულია, ოქროს გასაღები არავის აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მხარეებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. თუმცა რამდენიმე ვარიანტის დასახელება შესაძლებელია. ერთი ვარიანტი ეს არის, რომ რაც უკვე გაცხადებულია ოპოზიციის მხრიდან - გონივრულ ვადებში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ იქნება ორივე მხარისგან პოლიტიკური ნება და შემდეგ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს პოლიტიკური ძალაუფლების საკითხი. მეორე კომპრომისული ვარიანტია, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გაათავისუფლოს. ამას პლუს ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე და მოხდეს ხელისუფლების გადანაწილება ოპოზიციასთან. რამდენიმე მინისტრის პოსტი ოპოზიციას უნდა დაუთმოს, ასევე პარლამენტშიც. სხვანაირადაც შეიძლება ამას შევხედოთ. ასე ვთქვათ, შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელიც ქვეყანას მომავალ არჩევნებამდე მიიყვანს. ეს უფრო იაფიც დაგვიჯდებოდა. გასათვალისწინებელია, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოცემულობიდან ორივე ვარიანტი უტოპიურად ჟღერს, ეს ვარინტები ჯობს სხვა ცუდ სცენარებს, რომლებსაც კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივყავართ. _თქვენ საუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც უნდა დათმოს ხელისუფლებამ. თქვენი აზრით, ოპოზიცია რა კომპრომისზე უნდა წავიდეს და ხელისუფლებისთვის წაყენებული მოთხოვნებიდან რომელი პუნქტები შეიძლება, რომ დათმოს და რომელი აირჩიოს? ბოლო დროს, თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნების ჩატარების კითხვით, პლებისციტის თემა წამოიწია. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ პოლიტიკოსების ნაცვლად, რადგან აქ კიდევ სხვა გარემოებებია გასათვალისწინებელი, რომლებიც თვითონ პოლიტიკოსებმა უკეთ იციან, მაგრამ გარედან ყოველ შემთხვევაში ისე ჩანს, რომ სხვა ვარიანტებიც არის და თუ კიდევ იქნება შემოთავაზებული შუამავლების მეშვეობით, დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვა სამუშაო ვარიანტებიც გაჩნდება, მათ შორის პლებისციტის თემაც, რომელიც ასევე გამოსავალია. ორივე მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი და თანმიმდევრული ამ მიზნის მიღწევაში. თუმცა ჯერჯერობით ამ კუთხით სანუგეშოს ვერაფერს ვხედავთ. რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ ესაა - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად, უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური კლასი ჯერ იმ დონეზე არ არის, რომ თვითონ მოაგვაროს პრობლემები. ქვეყანაში ფაქტობრივად არ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც ექნება რამე ნდობა, რომელიც ამ დაპირისპირებული მხარეებისთვის მოლაპარაკების რამე ჩარჩოს შექმნის. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციაშიც არის განსხვავებები. არიან გარკვეული პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც თავისი ვიწრო პარტიული დღის წესრიგი აქვთ, არიან დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ინტერესები აქვთ. ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი წინადადება იქნება შემოთავაზებული შუამავლების მხრიდან. ვნახოთ, რა შედეგს მოიტანს ევროკავშირის ჩართულობა. _შარლ მიშელის ვიზიტის შედეგებს როგორ შეაფასებთ, თუნდაც იმ გარემოებას, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მან თავისი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, თანაც ევროკავშირში საკმაოდ მაღალი რანგის პირი. კრისტიან დანილესონი - 2013 წლამდე იყო ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი და 2015 წლიდან სამეზობლო საკითხების გაფართოებაზე მოლაპარაკებების საქმეთა წარმოების გენერალური დირექტორი. თუნდაც მისი ეს სტატუსი, ეს რანგი, რაზე მიანიშნებს? სამწუხაროდ, ეს იმაზე არ მიანიშნებს, რაც ჩვენ გვსურს, რომ ამოვიკითხოთ ამ ადამიანის გამოცდილებასა და თანამდებობრივ პოზიციებში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დანიშვნა უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან. კიდევ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, ეს მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. ბოლო პერიოდში, ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, სადაც ჩანდა, რომ დასავლეთი ფაქტობრივად გათიშული იყო ამ მოვლენებიდან. ამ ფაქტმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება, როგორც ევროკავშირს, ისე საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება უნდა იყოს ორმხრივი. თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ქართველმა პოლიტიკოსებმა. ვერც ევროკავშირი, ვერც სხვა საერთაშორისო შუამავალი, მათ ნაცვლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. უბრალოდ, ისინი შექმნიან მოლაპარაკებების ხელშემწყობ პლატფორმას და ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ მხარეებს. _შარლ მიშელის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა ფარული აუდიო ჩანაწერები. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი გავრცელება დიალოგის დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა და კონკრეტულ ძალებს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა არ სურთ. თქვენ როგორ უყურებთ ამ მოვლენებს? ეს ვარაუდი რეალობას მოკლებული არ არის. ვიცით, რომ ორივე მხარეს არიან რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, დაკონკრეტებისგან შეგნებულად თავს შევიკავებ; რომლებიც დაინტერესებულნი არ არიან, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ესენი არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ კვლავ შეუზღუდავი ძალაუფლების მანდატით მოსვლა, ძალაუფლების ყოველგვარი განაწილების გარეშე. ამ ჯგუფების აზრი, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის მოლაპარაკებაში პოზიტიური დღის წესრიგის შექმნას. თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. _რევოლუციური სცენარის მომხრეებს გულისხმობთ? დიახ, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს თავისი ინტერესები და დღის წესრიგი. პატარა პარტიების ინტერესია, რომ შეინარჩუნონ მონაპოვარი და რაღაც სტაბილურობას მიაღწიონ, თავი დაიმკვიდრონ. დიდ პარტიებს სხვა ამბიციები აქვთ, აქედან გამომდინარე, მათი მადა უფრო დიდია. ასევე, ზოგიერთი პარტიის ლიდერებს აქვთ ეგოების თემა, რაც დაუკმაყოფილებელი აღმოჩნდა ამ საპარლამენტო არჩევნების დროს. რაც ზოგიერთ მათგანს აიძულებს, ყველა გზას მიმართოს, პოლიტიკური ბრძოლის დროს, მათ შორის რადიკალურსაც. ყველაზე საწყენი ისაა, რომ მეგონა ამ კომპრომატების თემა დამთავრდებოდა და როგორც ჩანს, ორივე მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ, ისევ წარმატებით იყენებს ძველ, ასე ვთქვათ აპრობირებულ, ბინძურ მეთოდებს. _თქვენ რა სცენარსაც განიხილავთ, გარე ძალების ფაქტორი ნაკლებად ჩანს? ბუნებრივია, არსებობენ გარე ძალები, რომელთა ინტერესია, რაც შეიძლება უფრო მეტი არასტაბილურობა იყოს საქართველოში. მე ვერ ვიტყვი, რომ სინქრონი არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის ასეთი ვარიანტიც, რომ ეს გარე ძალები ხელს უწყობდნენ ამ პოლარიზაციის გაღრმავებას, რომ კიდევ უფრო გართულდეს ეს მოლაპარაკებები. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი, გარე ძალებს აწყობთ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ჩვენივე ხელით ვაკეთებთ და ხელს ვუწყობთ ფაქტობრივად, კონკრეტული გარე ძალების საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას საქართველოში, ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. _თქვენ ახსენეთ ოპოზიციაში განხეთქილება, რომ ყველა პარტიას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს, თუნდაც ამ სიტუაციაში. ოპოზიციურ სპექტრში ხედავთ ისეთ რესურსს, პარტიების ან პოლიტიკოსების სახით, რომლებიც რადიკალური ფრთის მცდელობის მიუხედავად, ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევას და ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლას შეძლებენ? ბოლო დღეებში განცხადებებს, თუ დავაკვირდებით, როგორც ჩანს, მცირე პარტიების წარმომადგენლების პოზიციები განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციისგან. ისინი მზად არიან, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ შევიდნენ პარლამენტში. პრინციპში ქართველი ამომრჩეველიც ამას ითხოვს, რასაც NDI-ის ბოლო კვლევებიც ადასტურებს. დასავლეთიც ამ სცენარს უჭერს მხარს. თუმცა არის ფუნდამენტური თემები, რომლებიც აერთიანებს ოპოზიციას, მაგრამ არის ტაქტიკური საკითხები, სადაც მათ განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ეს უკვე ჩანს ბოლო დღეების რიტორიკიდან, თუ ხელისუფლება წამოვა გონივრულ კომპრომისებზე, ძალიან გაუჭირდებათ უარის თქმა პარლამენტში შესვლაზე, მით უმეტეს, თუ ეს კომპრომისი ევროკავშირის მხრიდან იქნება მოწონებული და საზოგადოებაც ნახავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, უარი თქვას ერთპარტიულ მმართველობასა და სხვა არადემოკრატიული მართვის ფორმებზე. _თქვენი შეფასებით, რამდენად რეაგირებს ხელისუფლება დასავლეთის რეაქციაზე. NDI-ს ბოლო კვლევებით, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ემხრობა. მხოლოდ ამ ფაქტორის გამო ცდილობს დასავლეთის კეთილგანწყობის შენარჩუნებას, თუ რეალურად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის დასავლეთის დამოკიდებულება და პროდასავლური პოლიტიკის ერთგულება? ეს ხელისუფლება, მოსვლის დღიდან, საგარეო პოლიტიკური აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა. იმას არ ვამბობ, რომ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, დინებას, უფრო მიჰყვებიან. მათ არ შეუტანიათ რამე ახალი შტრიხი, ახალი ხედვა საგარეო პოლიტიკაში. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაც ყველა ხელისუფლების დამსახურებაა, მათ ხელმოწერით უბრალოდ დაასრულეს ეს პროცესი. „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკური ხედვა რაიმე სიახლის შემცველი არ არის. ძირითადად, ეს არის რეაგირებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა - რაღაც რომ მოხდება და ჩვენ მხოლოდ რეაგირება უნდა მოვახდინოთ, ზოგჯერ, ეს რეაგირებაც დაგვიანებულია. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის არა რაღაც რეაგირებაზე აგებული პოლიტიკა, არამედ, წინასწარ გაწერილი, ფასეულობებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც შეთანხმებულია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობთან, ანუ ერთიანი ახალი ხედვა, რომელიც თანამედროვე მსოფლიო რეალობას მოერგება. იმის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა ჩვენს რეგიონში გასულ წელს, ასევე საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების ფუძემდებლური დოკუმენტების განახლება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც - ძალიან გამიჭირდება ისეთი პოლიტიკოსის, კონგრესმენის ან სენატორის პოვნა შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოუპოვა საქართველოს, როგორც მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტების დასაქირავებლად უზარმაზარ თანხებს ხარჯავს „ოცნება“, ისევე, როგორც ოპოზიცია. ოპოზიციამ, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კარგად გამოიყენა ეს რესურსი და მათ ეს კონტაქტები და იდეოლოგიური კავშირები დღემდე აქვთ, როგორც ევროპელ პოლიტიკოსებთან, ისე ამერიკაში. ჯერჯერობით, არ მახსენდება არც ერთი კონგრესმენი ან სენატორი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. „ნაციონალების“ დროს, უამრავი სენატორი და კონგრესმენი გახდა საქართველოს მხარდამჭერი და დღემდე აგრძელებენ ჩვენს მხარდაჭერას. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რამდენად დიდი განსხვავებაა ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის საგარეო პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით. კიდევ ვიმეორებ, ისე არ გამიგოთ, რომ საერთოდ არაფერს აკეთებენ, უბრალოდ, ისეთი ენერგია არ იგრძნობა, როგორიც ეს იყო ყოფილი ხელისუფლების დროს. _რამდენად რეალურად, ან საფუძველს მოკლებული მიგაჩნიათ ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების პრორუსულობაზე? ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორების ცვლილების კუთხით კონკრეტული საფრთხე იკვეთება? -ეს ხელისუფლება მოსვლის დღიდან ამბობდა, რომ დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომხრეა. გვახსოვს ივანიშვილის განცხადებები, დასავლეთს და რუსეთს გეოპოლიტიკური ჭიდილში არ უნდა ვიყოთ ჩათრეულიო. სწორედ ამ პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ, რაშიც შედიოდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის პოლიტიკა, რომელზეც თვითონაც მიხვდნენ, რომ არ გაამართლა. ეგონათ, რომ თუ განსხვავებული პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან ურთიერთობაში, რუსეთი შეცვლიდა საგარეო პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით, რაც აღმოჩნდა აბსოლუტური ილუზია და ამას მგონი, თვითონაც კარგა ხანია, მიხვდნენ. _დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნებაში“ პროდასავლური პოლიტიკის მომხრე პოლიტიკოსების გავლენების თანაფარდობა როგორია სხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსების წონასთან და გავლენასთან? „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ძალიან დიდი ნაწილი არის სოციალურ-კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩეველი, რომელთა რაღაც ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას. ასე რომ, მოსახლეობის ამ სეგმენტის შეხედულება გათვალისწინებულია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებას, ფაქტია, რომ რაც არ უნდა მოინდომოს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პერსონამ თუ პარტიამ, საქართველოში იმდენად ძლიერია პროდასავლური განწყობები, რომ ვერც ერთი პოლიტიკური პარტია, ან ლიდერი შეძლებს ამის შეცვლას. ამას თავის დროზე სწორად მიხვდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოვიდა საქართველოში. ასევე ბუნებრივია, ამას მიხვდა „ქართული ოცნებაც“, აქედან გამომდინარე, რომც უნდოდეთ კიდეც ასეთი პოლიტიკის გატარება, ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ამ თემაზე არსებობს ძალიან მყარი საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს პროდასავლურ კურსს და ის არ დაუშვებს საქართველოს პრორუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.

საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაციით, ევროკავშირს რეგიონში შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია - კორნელი კაკაჩია

პოლიტოლოგ, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმატებული მედიაცია, თვითონ ევროკავშირის ინტერესებში შედის, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომ, ევროკავშირს რეგიონში თავისი შესუსტებული როლის გაძლიერება შეუძლია. როგორც Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ევროკავშირის როლი საკმაოდ გაფერმკრთალდა რეგიონში, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში და ეს კარგად გამოჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, როდესაც დასავლეთი ფაქტობრივად არ მონაწილეობდა მიმდინარე მოვლენებში. „როგორც ჩანს, ამ ფაქტორმა უამრავი შეკითხვა გააჩინა ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში. აქედან გამომდინარე, თავისი როლის წარმოსაჩენად, საქართველოს შიდა პოლიტიკურ კრიზისში წარმატებული მედიაცია სჭირდება ევროკავშირსაც. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამიტომ, ეს მონდომება ორმხრივი უნდა იყოს. თუმცა, თვითონ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ, მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერც ევროკავშირი და ვერც სხვა საერთაშორისო მედიატორი მიიღებს. უბრალოდ, ისინი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელ პლატფორმას ქმნიან და ორივე მხარეს ალტერნატიულ ვარიანტებს შესთავაზებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, მათ ნაცვლად ამას ვერავინ გადაწყვეტს“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია. პოლიტოლოგის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის პირად წარმომადგენლად კრისტიან დანიელსონი დანიშნა, სულაც არ ნიშნავს იმას, რისი დანახვაც ჩვენ გვსურს. მისი თქმით, ის ფაქტი რომ, 2013 წელს დანიელსონი ევროკავშირის გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი გახლდათ. 2015 წლიდან კი - სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის გააქტიურებაზე ნამდვილად არ მიანიშნებს. „მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი მეტ-ნაკლებად იცნობს ჩვენს რეგიონს, ევროკავშირის სამეზობლოს და მან იცის, რას უნდა ელოდოს ამ მოლაპარაკებებიდან, მოლოდინი სწორედ ეს არის, რომ ადამიანი, რომელიც ჩახედულია ამ რეგიონის პოლიტიკაში, დაინიშნა მოლაპარაკებების შუამავლად. ეს გარემოება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის წარმატებული მედიაცია ევროკავშირსაც სჭირდება. თვითონ ხელისუფლებამაც აღიარა, რომ ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, რომელსაც თან ერთვის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი და პანდემიით გამოწვეული გართულებები. ამ სიტუაციაში ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება კონსენსუსზე დამყარებული პარტიული პოლიტიკა, რომელიც ეცდება ქვეყანა გამოიყვანოს ამ შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენ კიდევ, ჭრილობაზე მარილის მიმოყრასავით გამოგვდის“, - განუცხადა Europetime-ს კორნელი კაკაჩიამ. მისივე თქმით, თუ ორივე მხრიდან იქნება კეთილი ნება, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. მთავარია, რომ ორივე მხარე იყოს გულწრფელი. „ეს ჯერჯერობით არ ჩანს და ამიტომ ხდება ის, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ - აგრესიული რიტორიკა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მხრიდან. თუ ევროკავშირის აქტიურმა მედიაციამაც არ გამოიღო შედეგი, ფაქტობრივად უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია.

მეთიუ ბრაიზა: დიპლომატების წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს

„ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანამშემწემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს განუცხადა, რითაც უცხოელი დიპლომატების ღია წერილს გამოეხმაურა. ამ წერილს თავად ბრაიზაც აწერს ხელს. „ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი დანიელსონი მისცემს ბიძგს (წერილის წერისას ჩვენ არ ვიცოდით, რომ დანიელსონი ევროკავშირის მედიატორი იქნებოდა). ძალიან კარგია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მედიატორი დანიშნა. ჩვენი წერილი ნამდვილად მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, რომელსაც ელჩი კრისტიან დანიელსონი მისცემს ბიძგს. მე ვმუშაობდი კრისტიან დანიელსონთან ერთად 2007-2008 წლებში, როდესაც ის ხელმძღვანელობდა ევროკომისიის განყოფილებას, რომელიც კურირებდა ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების პროცესს. ის ძალიან ჭკვიანი, სტრატეგიულად მოაზროვნე, სამართლიანი. მასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, ის შესანიშანვი მედიატორი იქნება“, - განუცხადა ბრაიზამ Europetime-ს. საქართველოს მეგობრები, სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების შეთავაზებაზე. მათ შორის, გადადგას პირველი ნაბიჯი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებით.