ანალიტიკა

მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა - ამის შესახებ Europetime-ს შრომის საკითხების მკვლევარმა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელმა, გიგა ბექაურმა განუცხადა. ბექაურის ცნობით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ 1999 წლის შემდეგ, საქართველოში მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. 1999 წელს, პრეზიდენტის დადგენილებით კი, საქართველოში ერთი თვის მინიმალურ ხელფასი 20 ლარია, რას სრულ განაკვეთზე, საათში 0.13 თეთრი გამოდის. „მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოთხმა მსხვილმა კომპანიამ საქართველოში, საკუთარი საწარმოების გახსნაზე უარი სწორედ ქვეყანაში დაწესებული ასეთი დაბალი მინიმალური ხელფასის გამო თქვა. „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კორპორაციების ხელმძღვანელებმა ოფიციალური კოლექტიური წერილი მისწერეს საქართველოს მთავრობას, რომლითაც მათ 2015 წლის აგვისტოში მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა საქართველოში მომუშავე მათ კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვეს საქართველოში საკუთარი ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნაზე. ვინც მათ ეკონტაქტებოდა, მერე ისევ იმ ბიზნესმენმა მოიფიქრა და კომპანიის შიდა განაწესში ჩაწერა მინიმალური ხელფასისი ზღვარი, რომ კონტრაქტი მიეღო“, - აცნობა Europetime-ს გიგი ბექაურმა. მისივე ცნობით, მეზობელ ქვეყნებშიც კი, მაგალითად სომხეთშიც მინიმალური ხელფასი თვეში 131,17 დოლარია, ხოლო აზერბაიჯანში 147,15 დოლარი. „საქართველოში კი ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული, მთელი თვის განმავლობაში 30 ლარად ამუშაოს მონურ პირობებში, მონურ ხელფასზე და სახელმწიფო ამაზე არის თანახმა, იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი მინიმალური ხელფასის ადეკვატური ოდენობით განსაზღვრაზე უარს ამბობს“, - აღნიშნავს გიგა ბექაური. როგორც Europetime-ს პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ ალიხანაშვილმა განუცხადა, გასულ წელს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ პარლამენტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით მინიმალური ხელფასი თვეში თავდაპირველად არანაკლებ 320 ლარით განისაზღვრებოდა, რაც საშუალო ხელფასის 30%-ს შეადგენს და საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკაა. ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „მინიმალური ხელფასი ყოველწლიურად გადაიხედება. კანონის მიღება გავლენას მოახდენდა 130 000 დასაქმებულზე, ანუ დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ზე, რომელთა ხელფასიც თვეში 320 ლარზე ნაკლები იყო. თუმცა, კანონპროექტი პარლამენტმა არ დაამტკიცა. როგორ შეიძლება მინიმალური ხელფასი ქვეყანაში დაწესებულ საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან და სოციალურ დახმარებებთან შედარებითაც ძალზედ დაბალი იყოს? ადამიანები მუშაობენ მთელი თვე, სრულ განაკვეთზე და კანონმდებლობა არ იცავთ იმისგან, რომ დამსაქმებელმა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი არ გადაუხადოს“, - აღნიშნავს მარიამ ალიხანაშვილი. მისივე განმარტებით, ქვეყანაში (პანდემიამდე) 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 23 526 ადამიანს. ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 126 665 დასაქმებულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალია, რაც ამ ადამიანებს სიღარიბის ზღვარს მიღმა და შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის მოხვედრისას შანსს ზრდის. მინიმალური ხელფასის დაწესების შემთხვევაში, მათი ყოველთვიური შემოსავალი გაიზრდება ოჯახის საარსებო მინიმუმამდე, რაც ამ ადამიანებს შეუქმნის არსებობისთვის აუცილებელ წყაროს და შეამცირებს დასაქმებულთა სიღარიბის ზღვარს მიღმა მოხვედრის ალბათობას შრომის უფლებების მკვლევარის განმარტებით, საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, საქართველოსგან განსხვავებით ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დადგენილია. ეს არის ერთ-ერთი სოციალური კანონპროექტი, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა იღებს და ყველა აღიარებს, რომ ამ კანონპროექტს დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოსდევს, დოვლათის გადანაწილების პროცესში. (საქართველოში მხოლოდ 1999 წლის პრეზიდენტის განკარგულება არსებობს) „პარლამენტში მინიმალური ხელფასის დადგენაზე ორი კანონპროექტი იყო შესული, ერთი პროფკავშირების ინიცირებით, მეორე ბექა ნაცვლიშვილის ინიცირებით. პროფკავშირები 320 ლარს მოითხოვდნენ, ნაცვლიშვილის პროექტში ოდნავ მეტი თანხა იყო ჩაწერილი და პარლამენტმა ბიზნესის ზეწოლით ორივე დაბლოკა. პარლამენტი მსგავს გადაწყვეტილებებს ბიზნეს ასოციაციის და დამსაქმებელთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ იღებს. მათი არგუმენტი იყო, რომ მინიმალური ხელფასის განსაზღვრა საფრთხეს შეუქმნიდა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. არადა ერთ-ერთი კანონპროექტით თვეში 320 ლარზე იყო საუბარი. სწორედ იმიტომ დასახელდა ასეთი მინიმალურ თანხა, რომ ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონოდა. პარლამენტის მხრიდან იყო უსაფუძვლო არგუმენტი. მიუხედავად იმისა რომ ორივე კანონპროექტს თან ერთვოდა სერიოზული კვლევები და საერთაშორისო პრაქტიკა. ევროკავშირის დირექტივები და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც კი არ გაითვალისწინეს. შრომის კოდექსშიც იყო ჩადებული, ვიდრე ეს პუნქტი დამტკიცდებოდა. ამოიღეს მინიმალური ხელფასის პუნქტი და თქვეს, რომ მერე ცალკე განიხილავდნენ. ცალკე შეტანილი კანონპროექტი კი დაბლოკეს. პარლამენტი სავსეა ბიზნესმენებით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, უგანდას და ნიგერიას თუ არ ჩავთვლით, ასეთი დაბალი არ არსებობს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ლიბერალების საპასუხოდ ვამბობ, რომ აშშ-ში მინიმალური ხელფასი საათობრივად არის განსაზღვრული, სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ოდენობით. ასევე ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია განსაზღვრული მინიმალური ხელფასი. იქ არის განსაზღვრულ სახელმწიფო დონეზე, და ასევე სექტორულ დონეზე. სხვადასხვა სექტორში სხვადსხვა თანხით. ზოგან წლის ინდექსაცია ხდება. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ყველა სექტორში სხვადასხვა თანხაა დადგენილი, ტურიზმის, სექტორში, მშენებლობის სექტორში, ფინანსურ სექტორში და ა.შ“, - განუცხადა Europetime-ს გიგა ბექაურმა. მარიამ ალიხანაშვილის ცნობით, საქართველოში კერძო სექტორისგან განსხვავებით, საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი განსაზღვრულია, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, თვეში 135 ლარით. „ეს განსხვავებაც ცალკე დისკრიმინაციული მიდგომაა სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ საჯაროშიც მნიშვნელოვნად დაბალია. აუცილებელია, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ცხოვრების ღირებულებასა და სხვა ეკონომიკურ გარემოებებთან შესაბამისობაში იყოს მოყვანილი. მინიმალური ხელფასის მთავარი იდეა მშრომელთა დაცვაა გაუმართლებლად დაბალი ხელფასებისა და ექსპლუატაციისგან. თუმცა, მინიმალური ხელფასი, არამხოლოდ მოსახლეობის სიღარიბისგან დაცვას ემსახურება, არამედ ადამიანების მსყიდველობით უნარის ზრდით ხელს უწყობს ქვეყანაში მოთხოვნის ზრდას, მეტი საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, რაც ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია“, - განუცხადა Europetime-ს მარიამ ალიხანაშვილმა. მინიმალური ხელფასის აწევის კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზებზე, Europetime პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს ესაუბრა. მისი თქმით, სამომავლოდ მინიმალური ხელფასის აწევის საკითხი პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა, ვიდრე სარგებელს მოიტანდა. „ვეთანხმები, რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის, არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ სიტუაციაში, ამ რეალობაში, მით უმეტეს, ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ, სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800-ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული - 1000-ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა, დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ, მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა, ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ.

რა მიზნით ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბაქოში, მოსკოვში და ერევანში ვიზიტების შემდეგ ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისს ეწვევა. მანამდე ის აზერბაიჯანს, მოსკოვს და სომხეთს სტუმრობდა. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა, რუსეთ-ირანის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის პრობლემები, მათ შორის სპარსეთის ყურის ზონაში არსებული ვითარება, JCPOA– ს ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების თემა და მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება. „მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობა არ იქნება დამოკიდებული „შეერთებული შტატების ახირებებზე, რომლიც უკანონო სანქციების დაწესებით“ ცდილობს, ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ორი ქვეყნის, ორი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ვადგენთ ჩვენს გეგმებს ისე, რომ მესამე მხარეს არ გადავხედოთ”, - თქვა სერგეი ლავროვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა. ჯავად ზარიფმა აშშ-ის ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. როგორც შეხვედრაზე ლავროვმა განაცხადა, ბირთვული შეთანხმების გადარჩენა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი და რუსეთი და ირანი დაინტერესებულნი არიან მისი სრული განხორციელებით. ირანის პირველი დიპლომატის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი თეირანის და მოსკოვის საზრუნავი იყო. „მადლობას ვუხდით რუსეთს, რომ ყარაბაღის კრიზისი მოგვარდა რუსეთის შუამავლობით, რაც ახლა რეგიონში მშვიდობისა და მეგობრობის შესაძლებლობას გვთავაზობს”, - თქვა ზარიფმა. 25 იანვარს, ბაქოში ვიზიტის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რეგიონული ტურნეს ფარგლებში ვიზიტების დროს განიხილავს ინიციატივას რეგიონში 3+3 ფორმატის, 6 ქვეყნის პლატფორმის შექმნის შესახებ. ამ კავშირში მოიაზრებიან შემდეგი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი. „ბაქოში ფართო და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები გავმართე რეგიონული თანამშრომლობის შესახებ. მყარი მშვიდობა მიიღწევა რეგიონული შეთანხმებებით, მათ შორის სატრანზიტო დერეფნის შესახებ, რაც ყველას წაადგება“, - დაწერა ზარიფმა Twitter-ზე. _კავკასიის რეგიონში „ექვსთა პლატფორმის“ შექმნის ინიციატივა, 2020 წლის დეკემბერში, თურქეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაახმაურა. „აზერბაიჯანთან ვილაპარაკეთ პლატფორმის შექმნის შესაძლებლობაზე ექვსი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, საქართველოსა და, სურვილის შემთხვევაში კი სომხეთის მონაწილეობით. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის“, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე, 27 იანვარს, ერევანში ვიზიტის შემდეგ ირანელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, რომ სომხეთთან რეგიონული თანამშრომლობის საკითხზე შეთანხდნენ და ძველ პრობლემებს ახალი სინერგიით ჩაანაცვლებენ. თუმცა იგულისხმებოდა თუ არა „ექვსთა პლატფორმა“, ზარიფს არ დაუკონკრეტებია. _რას გულისხმობს 6 ქვეყნის კავშირის შექმნა და შედის თუ არა საქართველოს ინტერესებში ირანთან, რუსეთთან და თურქეთთან ერთად რამე ტიპის ალიანსის შექმნა, ამ საკითხზე Europetime საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ანალიტიკოსის განმარტებით, ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ, ირანს სურვილი აქვს, უსაფრთხოების ახალ სტრუქტურაში თვითონაც მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, შეიძლება რომ ჩამოყალიბდეს კავკასიის გარშემო. „თუმცა აქ არაერთი პრობლემაა. 3+3-ის კავშირის ფორმულასთან დაკავშირებით, პირველი პრობლემა არის ის, რომ ამ ქვეყნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. მაგალითად საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო. დიპლომატიური ურთიერთობა ასევ არ აქვს სომხეთს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ამ კუთხით ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ირანი შედარებით ნაკლებად არის ჩართული კავკასიის ამბებში, განსხვავებით რუსეთისგან. ამიტომ, ახლა ირანი ცდილობს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. საუბრობს ეკონომიკურ ურთიერთობებზე. თუმცა ეკონომიკური კავშირის კუთხითაც სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი Europetime. ანალიტიკოსის შეფასებით, ძნელად წარმოსადგენია, ირანმა ეკონომიკური თვალსაზრისით ითანამშრომლოს კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, როდესაც სანქციების მიხედვით, თანხის გადარიცხვის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა. რეალურად, სანქციები ირანთან ვაჭრების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა. ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ეს პრობლემატური საკითხია და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რეალურად მოგვარდეს, თუ ირან-ამერიკის ურთიერთობები მოგვარდება. „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ 6 ქვეყნის კავშირის 3+3-ს შექმნა, უფრო ირანის სურვილების დონეზეა და რეალურად ირანს არაფერი გამოუვა. რაც შეეხება თვითონ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტს, არ მგონია, თავად ვიზიტის ფაქტმა ამერიკული მხარის უკმაყოფილება გამოიწვიოს. სანქციები ასეთ ვიზიტებს არ შეეხება. შეხვედრები და საუბარი ყველა მეზობელთან საჭიროა, იმიტომ რომ, შენს რეგიონში მდებარეობს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ტრანზიტთან დაკავშირებით ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც განხილვას საჭიროებს“, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე საუბრისას „კავკასიური პლატფორმა“ ახსენა. „მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება დამოკიდებულია მშვიდობასა და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას, ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის! სწორედ ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 2020 წლის 21 დეკემბერს. თურქეთის პრეზიდეტმა კი „კავკასიური პლატფორმის" ინიციატივა 2020 წლის 10 დეკემბერს გაახმაურა. საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის მხრიდან Twitter-ზე კრიტიკული შეფასება მოჰყვა. „რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის წახალისება, როდესაც ეს ნიშნავს რუსეთისა და ირანისთვის მხარდაჭერას მეტად ჩაერიონ რეგიონის საქმეებში?", - დაწერა იან კელმა სოციალურ ქსელში. _Europetime-ს კითხვაზე, ირანის შეთავაზება 6 ქვეყნის კავშირის შექმნის შესახებ, საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში რამდენად შედის? საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ არც დასავლეთელი პარტნიორების და მით უფრო საქართველოს ინტერესებში ასეთი კავშირის ჩამოყალიბება არ შედის. „ნებისმიერი ფორმატის კავშირი, სადაც არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის. იმიტომ, რომ უკვე არაერთხელ დავინახეთ, რას ნიშნავს რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა. ჩემი აზრით, ეს კავშირი არც რუსეთის ინტერესში შედის, რადგან, რუსეთს არ სურს თავისი პრივილეგირებულ სტატუსში, რომლის მიღწევასაც ცდილობს კავკასიაში, რომელიმე სახელმწიფო ჩაეზიაროს. აქედან გამომდინარე კავკასიის რეგიონში ირანის და თურქეთის გავლენის გაზრდის ხელშეწყობა რუსეთის ინტერესებში არ შედის. რაც შეეხება დანარჩენ სახელმწიფოებს, ირანთან თანამშრომლობა მათთვისაც პრობლემატური იქნება. სანქციები არ იძლევა ირანთან რაიმე ღრმა თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამიტომ ირანის ჩართულობით კავკასიის რეგიონში რაიმე ტიპის კავშირის შექმნა პრობლემატურია და ნაკლებად განხორციელებადი”, - აღნიშნავს ზურაბ ბატიაშვილი. _მოჰამედ ჯავად ზარიფის ვიზიტზე Europetime-თან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ, ბენ ჰოჯესმა: „ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და ყოფნის თვალსაზრისით“. ირანელი დიპლომატი საქართველოს 28 იანვარს დატოვებს.

ჰუბერტ ქნირში: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს განუცხადა. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ რუსეთი პასუხისმგებელია კანონის წინაშე ადამიანის უფლებების დარღვევებზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიტაცებულ რეგიონებზე. ჩვენი პოლიტიკური ამბიცია უნდა მდგომარეობდეს არამხოლოდ იმაში, რომ ეს რეგიონები ეფექტურად ჩავრთოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში, არამედ იმაში, რომ გარდავქმნათ და საბოლოოდ გადავჭრათ ის კონფლიქტები, რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ჩრდილი მიაყენეს ამ რეგიონებს. ყველა მონაწილემ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ამ გზაზე წინსვლისთვის“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.

რესტავრირებული თუ „გარემონტებული“  ისტორიული ძეგლები

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობისას, სოციალურ ქსელებშიც ხშირად ნახავთ თანამედროვე ტიპის მიშენებებით გარშემორტყმულ ისტორიულ ძეგლებს, ასევე არც თუ ისე ხარისხიანად რესტავრირებულ კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს; რომ აღარაფერი ვთქვათ კერძო პირების მიერ კეთილი ნების ნიშნად რესტავრირებულ უძველეს ტაძრებზე. თუმცა ხშირად, კრიტიკის საგანია სახელმწიფოს მიერ ტენდერში შერჩეული კომპანიების მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების ხარისხი, რაც გელათის ტაძრის მაგალითზეც ნათლად გამოჩნდა - სარესტავრაციო სამუშაოს დასრულებიდან ერთ თვეში ტაძარში წყალი ჩავიდა, რამაც ფრესკები დააზიანა. შემსრულებელმა კომპანიამ ხარვეზის გამოსწორებაც ვერ შეძლო. კულტუტული მემკვიდრეობის სააგენტომ დააჯარიმა და სხვა კომპანიით ჩაანაცვლა, თუმცა დაზიანებული მხატვრობის ნაწილის აღდგენა ვეღარ მოხერხდება. რატომ გახშირდა ისტორიული ძეგლების თვითნებური რესტავრაცია, რა არის სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული სარესტავრაციო სამუშაოს არაკვალიფიციურად შესრულბის მიზეზი ? - ამ საკითხებზე Europetime ისტორიკოსს ბუბა კუდავას ესაუბრა. _ ბატონო ბუბა, თვითნებური რესტავრაციის შემთხვევაში, თქვენი აზრით, ძირითადი პრობლემა საიდან მოდის? არასათანადო მონიტორინგის, საკანონმდებლო ხარვეზებისა და შესაბამისი უწყებების არასათანადო რეაგირების შედეგია, თუ უფრო ფართო მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე? ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღეისათვის არ გაგვაჩნია ამ სიმდიდრის მოვლის შესაფერისი შესაძლებლობები, დაფინანსება, ცოდნა, პროფესიონალიზმი და სამოქალაქო განათლება. მიუხედავად განხორციელებული უამრავი სარესტავრაციო პროექტისა, ვერც იმას ვხედავ, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვა რეალურად იყოს ხელისუფლების პრიორიტეტი. ძალიან გახშირდა თვითნებური რესტავრაციის შემთხვევები - სასულიერო პირთა თუ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ასეთ შემთხვევებში სარესტავრაციო სამუშაო არ უთანხმდება არც სახელმწიფო უწყებებს და არც საპატრიარქოში არსებულ შესაბამის საბჭოს. ამის აღსაკვეთად საჭიროა ძლიერი სამონიტორინგე ჯგუფების არსებობა მუნიციპალურ დონეზე, ცხადია - მჭიდრო კოორდინაციით ცენტრალურ უწყებასთან. ხანდახან პრობლემური გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხიც. რა თქმა უნდა, ასეთ დროს შედარებით კვალიფიციურად ტარდება რესტავრაცია, ვიდრე თვითნებური სამუშაოს დროს, მაგრამ ზოგ შემთხვევაში კითხვებს ბადებს უშუალო შემსრულებელი კომპანიის გამოცდილება. ვფიქრობ, საჭიროა სატენდერო პირობებისა და შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა, აგრეთვე ქმედითი მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება და განხორციელება. უკვე ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოს შემთხვევებში, ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ სჯობს დროებით არ აღვადგინოთ და მოვიცადოთ, ვიდრე საკმარისი საკადრო რესურსი არ გვექნება (ეს ცხადია, არ ეხება გადაუდებელ სამუშაოს), ეს დრო და ფინანსები კი ახალი თაობის მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, აგრეთვე უცხოელი სპეციალისტებისაგან გამოცდილების მიღების პროცესს დავუთმოთ. ჩემი დაკვირვებით, დღეს ქვეყანას არ ჰყავს იმ რაოდენობით კვალიფიციური კადრები და კომპანიები, რა მასშტაბითაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. -რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს საზოგადოებას და შესაბამის უწყებებს კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული იერსახის დარღვევის შემთხვევებზე? -ძალიან მნიშვნელოვანია დარღვევების შემთხვევაში შესაბამისი უწყებების და საზოგადოების რეაქცია იყოს მკვეთრი. ხშირად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზედმეტად გვზღუდავს დელიკატური მომენტები, ვინ კოლეგებისა თუ სასულიერო პირების კრიტიკას ერიდება, ვინ - ხელისუფლებისას, სხვა ზოგადად ეკლესიის ავტორიტეტს უწევს ანგარიშს და შედეგად, ვაჩუმათებთ ისტორიული ძეგლების იერსახის დარღვევის შემთხვევებს, ან არასათანადო რეაქცია გვაქვს. არადა, სრულიად ნათელია: რაც უფრო დროული, ჯანსაღი და კონსტრუქციული რეაქცია გვექნება, მით უკეთესი სახელმწიფოსთვისაც და ეკლესიისთვისაც. თუკი რომელიმე კომპანიამ, სპეციალისტმა, სახელმწიფო მოხელემ, ადგილობრივმა მოსახლემ თუ სასულიერო პირმა კანონი ან სარესტავრაციო პრინციპები დაარღია, ამას მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს. რაც უფრო მკვეთრი გახდება სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხი, მით უფრო ფრთხილი გახდება ისტორიულ ძეგლებთან მიდგომებიც. - ხშირად განხილვის მიზეზი ხდება ისტორიული ძეგლების თუნდაც მონასტრების ფერადი სახურავებით გადახურვა. მკვეთრი ფერის სახურავები რამდენად შეესაბამება ისტორიულ კონტექსტს? რამდენად არღვევეს სიძველის განცდას და ისტორიული კონტექსტიდან ამოვრდნილის შთაბედჭდილებას ხომ არ ტოვებს? - არის ხოლმე სახურავების ფერზე საუაბრი, თუმცა შუა საუკუნეებში ჩვენი წინაპრები მკვეთრი ფერის კრამიტებსაც იყენებდნენ. იყო სახურავების „აჭრელების“ შემთხვევებიც. მაგალითად, იშხანსა და ხახულში ფერადი სახურავების კვალი დღემდეა შემორჩენილი. პრობლემა თავისთავად სიჭრელე კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენად ავთენტურია მასალა და რამდენად ესთეტურია მიღებული შედეგი. _ გამოსავალს რაში ხედავთ? როგორ უნდა დარეგულირდეს ეს პროცესი და უკვე დარღვეულის გამსწორების შესაძლებლობა თუ არსებობს? _ რამდენიმე გამოსავალს ვხედავ. პირველ რიგში, დიდი ძალისხმევა და თანხებია საჭირო პროფესიული განათლებისთვის. ისეთი მდიდარი მემკვიდრეობის პატრონები ვართ, რომ არ გვაქვს უფლება, არ იყოს ჩვენში პრიორიტეტული სარესტავრაციო მიმართულება - როგორ თეორიულ, ისე პრაქტიკულ დონეზე. ამ დარგს არ აქვს სათანადო დაფინანსება, არ გვაქვს ძლიერი ლაბორატორიები და თანამედროვე აპარატურა, არ არის მჭიდრო ურთიერთობა უცხოეთის სარესტავრაციო ცენტრებთან და კოლეგებთან, ვერ თუ არ ვგზავნით ჩვენს სტუდენტებსა და რესტავრატორებს სასწავლებლად თუ კვალიფიკაციის ასამაღლებლად საზღვარგარეთ, ცნობილ სარევსტავრაციო ცენტრებში. ფაქტია, რომ სასიცოცხლოდ გვჭირდება მეტი და ა ხალი კვალიფიციური კადრი, რომელთა ადგილზე მომზადება დიდი ძალისხმევისა და შესაბამისი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნება. -იუნესკო რამდენად ერთვება მსგავსი ტიპის პროგრამებში? არსებობს თუ არა მათგან თანხების მობილიზების შესაძლებლობა? - ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად, მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება არ იქნება საკმარისი. არსებობს არაერთი საერთაშორისო ფონდი, ორგანიზაცია და პროგრამა, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია როგორც ცალკეული სარესტავრაციო პროექტების განხორციელება, ისე ქართველი სპეციალისტების მომზადება / გადამზადება. ამასაც მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება. ცალკე პრობლემაა სამოქალაქო განათლება. ხშირად ძეგლი ზიანდება არასაკმარისი ცოდნისა და გამოუცდელობის გამო. ამ მხრივაც საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტები. უნდა შეიქმნას თემატური პროგრამები, ვიდეორგოლები, შესაბამისი გამოცემები.

ოპოზიცია და უმრავლესობა NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებენ

საქართველოს შიდაპოლიტიკურ სპექტრში დღევანდელი პოლემიკა, რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. NDI-ის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას პარლამენტში შესასვლელად რამდენიმე დღის ვადა მისცა. დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი ქართული ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდება იყო, სადაც ასამბლეა ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისკენ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. NDI-ის კვლევის თანახმად. გამოკითხულთა 76 პროცენტის აზრით, ყველა არჩეულმა პარტიამ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. გამოკითხულთა მხოლოდ 7 % ფიქრობს რომ საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი, შემაშინებელი გარემო იყო, რასაც 92 % არ ეთანხმება. ასევე NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახელეობის 31%-ის შეხედულებებთან ახლოს დგას "ქართული ოცნება", 5%-თან "ნაციონალური მოძრაობა"სხვა პარტიებს ასახელებს გამოკითხულთა 9%. კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებში შედიან „პატრიოტთა ალიანსი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ლეიბორისტული პარტია“. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, ექვსჯერ ნაკლებია. როგორც მედიასთან საუბრისას მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების რეიტინგის შესახებ, NDI-ის კვლევის შედეგებმა ოპოზიციური პარტიები უნდა დააფიქროს, თუ რატომ დასაჯა ამომრჩეველმა ისინი უნდობლობის გამოცხადებით. "ლელოს", „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები,"ქართული ოცნების" 31%-ს და ოპოზიციის დაბალ პროცენტს, მოქალაქეების შიშით ხსნიან. „ლელოს“ წევრის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ამომრჩეველი თავისი არჩევანის ხმამაღლა დაფიქსირებას გაურბის, რადგან სატელეფონო კვლევას საქართველოში დიდი ნდობა არა აქვს. „რაც შეეხება პარლამენტის მუშაობაში ჩართვას, ასე დასმულ შეკითხვაზე, როგორც NDI-მ დასვა, მეც ზუსტად ისე ვუპასუხებდი, რომ რა თქმა უნდა, პარტიებმა პარლამენტის მუშაობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. მაგრამ როცა აყალბებ არჩევნებს, როდესაც მესამე ვადით​ იტაცებ ხელისუფლებას, პარლამენტის ბოიკოტირების გარდა, ოპოზიციას სხვა ქმედითი მექანიზმი არ რჩება საიმისოდ, რომ ასეთი მძაფრი პროტესტი გამოხატოს”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრის ლევან თარხნიშვილის აზრით, „სატელეფონო გამოკითხვისადმი მოქალაქეების უნდობლობის გამო, NDI-ს კვლევა ზუსტ შედეგს არ იძლევა. „ზოგადად, ეს პრობლემა არის NDI-ის კვლევების პრობლემა, რასაც ჩამტარებლებიც აღიარებენ. ამ შემთხვევაში პარტიების რეიტინგზე ლაპარაკი ცოტათი უხერხულია. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, როგორებიცაა ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და ხალხის ზოგადი განწყობები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა. რაც შეეხება კვლევას, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ნორმალურ ვითარებაში ყველა პარტია უნდა იყოს საპარლამენტო მუშაობაში ჩართული, თუმცა დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება ნორმალური არ არის. „ეს კვლევაც კი, მიუხედავად ინტერპრეტაციისა, რომელსაც "ქართული ოცნება“ აყენებს, მათთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან," - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. იგივე აზრს აფიქსირებს „ნაციონალური მოძრაობაც“ „ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში საყოველთაო შიშის გათვალისწინებით სატელეფონო საუბრები არ არის უსაფრთხო და სანდო. „მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე, სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციის პარტიების შემცირებული რეიტინგი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, NDI-ის მ კვლევამ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება და ამომრჩევლის სურვილია ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ აზრს იზიარებს პარტია "მოქალაქეებიც". „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ლევან იოსელიანის თქმით, NDI-ის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას სურს პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი 2 თებერვალს, ოპოზიციისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე, მამუკა მდინარაძის ბრიფინგს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ოფიციალურად გააფორმებს ერთპარტიულ, ჩრდილოკორეულ პარლამენტს. „მანდატების შეწყვეტის პროცესი ფორმალური ნაწილია, რადგან ის ოპოზიციონერები, ვისაც განცახდება აქვთ დაწერილი, ისედაც არ ესწრებიან საპარლამენტო სხდომებს”, - განცხადა ნადირაშვილმა. გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, 2 თებერვლამდე დარჩენილ დღეებში, „გირჩი“ ყველაფერს გავაკეთებთ კოლეგების აზრზე მოსაყვანად, ამისათვის გამოვიყენებთ NDI კვლევის შედეგებსაც,. „მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც „ქოცების“ და „ნაცების“ 9 წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა," - წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში. როგორც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ რჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პარლამენტი ცდილობს რეგლამენტით გათვალისიწნებული ვადები ბოლომდე გამოიყენოს, იმისთვის, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. „რეგლამენტით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში იმსჯელებს, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ნაწილი NDI-ის კვლევის მეთოდებს უნდობლობას უცხადებს და რეიტინგების გარკვეულ ეპიზოდებს არ ეთანხმება „მინდა, გამოვეხმაურო დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ მათ არჩევნების შემდეგ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ ვადა, როდესაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს ეს საკითხი, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას განსახილველად, იწურება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციონერ დეპუტატებს, დამატებითი დრო მისცა იმისთვის, რომ საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. NDI-ის კვლევის შედეგების გარდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების ლეგიტიმურობაზე, ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე. "საერთაშორისო მისიებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც ძირითადად თავისუფალი, კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული. ჩვენ უნდა წავაქეზოთ მმართველი ძალა და ოპოზიცია, რათა დიალოგი გაგრძელონ და ეს პოლარიზაცია აღმოიფხვრას", - განცხადა რუმინელმა დეპუტატმა, საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელმა ტიტუს კორლეციანმა, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს განიხილისას.

მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში ტერმინი - რუსეთის მიერ განხორცილებული „ეფექტური კონტროლი“ ოკუპაციის სინონიმია

2008 წლის ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 21 იანვარს გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით, Europetime საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელს, ევროპის საბჭოში საქართველოს ყოფილ ელჩს, მამუკა ჟღენტს ესაუბრა. დიპლომატი სასამართლოს დადგენილების მნიშვნელოვან ასპექტებზე მიუთითებს და პრეცედენტებსაც იხსენებს: „რუსეთმა პირწმინდად წააგო ეს საქმე. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება. კერძოდ კი, არ გამოიძია ამ უფლებების დარღვევები, დაარღვია მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ კი განახორციელა წამების და არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულები. სხვათა შორის ეს ეხება არამხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდს, არამედ მითითებულია, რომ მესამე მუხლით გათვალისწინებული უფლებები დაარღვია სამხედრო ტყვეებთან მიმართებით ჯერ კიდევ 7 აგვისტოს. სასამართლომ ასევე ცნო რუსეთი კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის დამრღვევად, რაც ეხება საკუთრების უფლების დარღვევას, რაც ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მეტადაც თუ არა. იმ თვალსაზრისით, რომ შემდგომ აღსრულების პროცესში საკუთრების უფლების აღდგენა ან კომპენსაცია არის სერიოზული ბერკეტი, რომელსაც ქართული მხარე აუცილებლად სერიოზულად გამოიყენებს ამ მიმართულებით. „ეფექტური კონტროლი“ სასამართლოს დადგენილებით, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. ტერმინი ეფექტური კონტროლი, რომ ვთარგმნოთ - ოკუპაციის სინონიმია, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. სანქციები ეს არ არის გაეროს უშიშროების საბჭო, თუმცა ბოლო ხანებში არც გაეროს უშიშროების საბჭო გამოირჩევა დიდი ეფექტურობით, სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის კუთხით, მაგრამ ამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ, უკვე ყველა ჩვენი პარტნიორი რუსეთთან ურთიერთობაში მოითხოვს ამ საკითხის გადაჭრას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, წლების განმავლობაში გაიჭიმება. პრეცედენტები შეგვიძლია გავიხსენოთ არა სახელმწიფოთაშორისი, არამედ ინდივიდუალური საქმე, რომელიც დეკადების განმავლობაში გაიწელა ევროპის მინისტრთა საბჭოში. ეს იყო მაგალითად საქმე „ქალბატონი ლოიზიდუ“ - კვიპროსის მოქალაქემ, საკუთრების უფლების დარღვევაზე და შესაბამის უფლებრივ მდგომარეობის აღდგენაზე მიმართა სასამართლოს და მოიგო ეს საქმე თურქეთის წინააღმდეგ. თუმცა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქმის საბოლოო გადაწყვეტას წლები დასჭირდა. ორ დეკადაზე მეტი. საბოლოოდ მოხდა კომპენსაციის გადახდა, თუმცა ამას დიდი დრო, დიდი მუშაობა დასჭირდა. ფაქტობრივად, ყოველკვირეულად და ნებისმიერი ადამიანის უფლებების საკითხებზე, მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ეს საკითხი განიხილებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში თურქეთმა მაინც გადაუხადა. „ასევე ძალიან საინტერესოა, რომ დადგინდა, რუსეთის მიერ, კონვენციის 38 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას, რუსეთი არ თანამშრომლობდა სასამართლოსთან. ესეც ერთ-ერთი მანიშნებელია, თუ შენ მართალი ხარ, არც დასამალი გაქვს არაფერი და შესაბამისად სასამართლოსთან თანამშრომლობ. რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. სასამართლოს ხან საერთოდ არ აწვდიდა ინფორმაციას, ხან აწვდიდა ძალიან დაგვიანებით. ესეც საკმაოდ სერიოზული მიმანიშნებელია იმისა, თუ რეალურად ვინ მოიგო და ვინ წააგო საქმე“. დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მომხდარი მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის ამ ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უკრაინელი მოსამართლე ანა იუდკოვსკაია, ასევე პოლონელი კშიშტოფ ვოიტიჩეკი და ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან დიდი პალატის მოსამართლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებას. „მიგვაჩნია, რომ ჩვენს დროში ძალიან შორს ვართ ისტორიული კონტექსტისგან და პატივისცემის მიუხედავად, არ ვეთანხმებით უმრავლესობის დასკვნას, რომ საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის დროს (2008 წლის 8-12 აგვისტო) მომხდარი მოვლენები არ ექვემდებარება რუსეთის იურისდიქციას. ჩვენ შეძრულები ვართ ამ არგუმენტებით. ჩვენი აზრით, ამ სასამართლოს როლი მდგომარეობს სწორედ პრიორიტეტულად რთული ამოცანების გადაწყვეტაში“, - წერს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე. მამუკა ჟღენტი: ეს უფრო მნიშვნელოვანია მკვლევრებისთვის, საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტებისთვის, ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე პირებისთვის, მაგალითად, სადოქტორო ნაშრომზე სამუშაოდ, ან სამსჯელოდ სტრასბურგის სასამართლოს საპრეცედენტო სამართალზე და ა.შ. თუმცა ესეც გასათვალისწინებელია, რომ ცალსახა არ ყოფილა სასამართლოს დიდი პანელის მოსამართლეთა მიდგომები ამ საკითხთან დაკავშირებით. განსხვავებული პოზიციებიც იყო. მინდა ვთქვა რომ უაღრესად საინტერესო დასაბუთებულად, პროფესიონალურ დონეზე მომზადებულად მიმაჩნია ის განსხვავებული შეხედულება, რომელიც საქმესთან არის დართული, რომელიც მოამზადა და წარადგინა მოსამართლემ საქართველოდან ლადო ჭანტურიამ. არც მე არ მიმაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლომ სწორი გზა აირჩია, როდესაც განაცხადა, რომ ომის პერიოდი მის კომპეტენციაში არ შედის და წარმოადგენს არა ადამიანის უფლებათა არამედ ჰუმანიტარული სამართლისა და შესაბამისად ე.წ. ჟენევის კონვენციების თემას და გადაამისამართა ეს თემატიკა ჰააგის სასამართლოში. არც ის მგონია მართებულად, რომ სასამართღლომ აღნიშნა, რომ ცხელი ომის პერიოდში იმდენად მასშტაბურია დარღვევები, რომ სასამართლოს არ გააჩნია რესურსი მათი გამოძიებისა. თუმცა, განსხავევიბით იმისგან, რასაც ავრცელებს კრემლის პროპაგანდისტული მანქანა, სასამართლოს არსად უთქვავს, რომ რუსეთი ამ პერიოდში ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებდა. სასამართლომ, უბრალოდ თავიდან აიცილა 8-12 აგვისტოს პერიოდში ამ საკითხის გადაწყვეტა", - აღნიშნავს მამუკა ჟღენტი. „ის ფაქტი, რომ სასამართლომ არ განიხილა საქართველოს მხრიდან მაგ. კონვენციის მეორე ოქმის უფლებათა დარღვევის; მაგ. განათლების უფლების საკითხი, ეს ქართული მხარის მხრიდან ტაქტიკური სვლა იყო. რადგან ყველამ ვიცოდით, რომ სასამართლო, როგორც წესი, ყველა წარდგენილ მუხლზე არ იღებს გადაწყვეტილებას. ამიტომ, რაც მეტი მუხლის დარღვევის დაფიქსირებას მოვითხოვდით და შესაბამის მტკიცებულებებს წარვადგენდით, მეტი შანსი ჩნდებოდა ძირითადი მუხლების მოგების. ვიმეორებ, ეს იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად მთავარი ამოცანა იყო, რომ სწორედ ის დარღვევები, რომლებიც შეეხებოდა მეორე, მესამე მუხლებს, პირველ ოქმის პირველ მუხლს, მთავარი იყო და ეს ასეც დადგინდა”, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მამუკა ჟღენტი. რუსეთის რეაქცია „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დავა რუსეთის სასარგებლოდ დასრულდა, ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ქმედებისგან არაფრით განსხვავდება. რითიც რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებს და აწვდის საკუთარ მოსახლეობას, მაგონებს იმას, რასაც აკეთებდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება, როცა მედიასაშუალებით თავის მოსახლეობას აუწყა, რომ თურმე ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე, მისმა ნაკრებმა გაიმარჯვა. აი დაახლოებით ამ დატვირთვის, შინაარსის და ამ დონის ინფორმაცია და პოზიცია გახლავთ ესეც“, - ამბობს მამუკა ჟღენტი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა შემდეგი: რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე; რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე, ​კერძოდ, საერთაშორისო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსეთი პასუხისმგებელია: ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით, 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისთვის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს მამუკა ჟღენტი: სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს გამარჯვება, უკრაინის საქმის მოგებას დააჩქარებს

ბენ ჰოჯესი: ამერიკას სჭირდება მისი სტრატეგიის და ვალდებულებების ნათლად წარმოჩენა შავი ზღვის რეგიონში

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, ბენ ჰოჯესი აშშ-საქართველოს შორის 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს კოორდინაცისა და ნდობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და NATO-სთან უფრო დაახლოების გარანტია? ამ საკითხის გარდა, Europetime-თან ინტერვიუში ბენ ჰოჯესმა ენტონი ბლინკენის გზავნილებიც შეაფასა იმის შესახებ, რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ. შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს? შეძლებს თუ არა საქართველო ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ? ამ საკითხებზე და ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში, Europetime ბენ ჰოჯესს ესაუბრა. _ბატონო გენერალო, ხელი მოეწერა აშშ-საქართველოს შორის მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების განვითარების ანუ 5G-უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ითქვა, რომ ეს საქართველოს „სუფთა ქსელის ნაწილად“ აქცევს. რას მოუტანს ეს საქართველოს და იქნება თუ არა ეს ინვესტიციების შემოტანის და ნატოსთან უფრო დაახლოების გარანტია? უსაფრთხო ქსელის ქონა, რომელსაც ჩვენ ვენდობით, მნიშვნელოვანია დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის, ასევე ნდობის განმტკიცებისთვის. _ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოში DFC „განვითარების დაფინანსების კორპორაცია“ გახსნას გეგმავს, ასევე გამოითქვა ინიციატივა ამერიკა საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენის, ეს გულისხმობს თუ არა თუ არა ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედებასაც და შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ ერთგვარ გზავნილად, რომ ამერიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებში თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის? DFC წარმოადგენს შედარებით ახალ პროგრესულ ნაბიჯს აშშ-ს მთავრობის მხრიდან, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო რესურსების მოზიდვას იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი რწმენით ინვესტიცია ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხალხის კეთილდღეობის ზრდას. ეს იქნებოდა ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოსთვის აშშ-ს მხრიდან. _ამერიკის ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა ის, რაც, თქვენ არაერთხელ გითქვამთ ჩვენთან ინტერვიუში,რომ ,,რუსეთი განსაკუთრებულად აგრესიულია იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ნატოში არ არიან, ანუ არ არიან გაერთიანებულნი უსაფრთხოების ერთიანი ქოლგის ქვეშ. ეს ჩანს იქედანაც, რატომ არ ესხმის რუსეთი ნატოს წევრებს’’ - ეს განცხადება შეგვიძლია თუ არა მივიჩნიოთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს? რა თქმა უნდა ამის დიდი იმედი მაქვს! კარგი ნიშანი არის ის, რომ პრეზიდენტ ბაიდენის კანდიდატი - ჩვენი მომავალი სახელმწიფო მდივანი საკმაოდ მკაფიოდ საუბრობს ამის შესახებ და მე იმედს ვიტოვებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო აქტიურად და დაჟინებით იმოქმედებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობისთვის. თუმცა, ამავე დროს ჩვენ გვჭირდება ძლიერი მხარდაჭერა გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მხრიდანაც. დადებითად უნდა შევაფასოთ იქ ფაქტიც, რომ თურქეთი უკვე მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას. _მნიშვნელოვანია ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ხედვა და გეგმა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ირანთან,სირიასთან,ავღანეთთან დაკავშირებით. დაუჭერს თუ არა მხარს ნატოს სამშვიდობო მისიების შემცირებას ან სრულად გამოყვანას ავღანეთიდან? ამაზე დარწმუნებით ვერ გიპასუხებთ, თუმცა სამი რამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ: პირველი, ჩვენ არ უნდა გამოვიყვანოთ ჯარები ისე, რომ ავღანეთის მთავრობა დარჩეს დაუცველი; მეორე, აშშ-მ უნდა მოახერხოს თავისი ჯარების ფრთხილი და გეგმაზომიერი გაყვანა, ისე რომ იმოქმედოს მჭიდრო კოორდინაციაში ავღანეთში მყოფ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან - როგორც შემოვედით ერთად, ასევე უნდა გავიდეთ ერთად; და მესამე, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ავღანეთში, თუ სერიოზულად არ მივუდგებით პაკისტანის პრობლემას და მის ტოლერანტობას, რაც გულისხმობს თალიბანებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას სუვერენული პაკისტანის ტერიტორიაზე. _სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული ტურნეს ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა, მანამდე ის მოსკოვში გამართავს შეხვედრებს, თქვენი აზრით, რა საკითხთან დაკავშირებით შეიძლება სტუმრობდეს საქართველოს ასე მოულოდნელად ირანელი მაღალჩინოსანი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - აშშ-ს ჭირდება სტრატეგია მთლიანი შავი ზღვის უფრო დიდ რეგიონთან მიმართებაში, რომელიც ნათლად გვაჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას რეგიონში, მათ შორის სამხრეთ აჩვენებს აშშ-ს ვალდებულებას სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. პირადად მე ვერაფერ დადებითს ვერ ვხედავ რეგიონში კრემლის და ირანის გაზრდილი ყურადღების და მყოფობის თვალსაზრისით. _ნატოს წევრობისთვის მზადყოფნა პირველ რიგში გულისხმობს დემოკრატიის ხარისხს,კანონის უზენაესობას, ყველაფრის გათვალიწინებით, რაც ზემოთ ვახსენეთ, თუ არ მოხდა საქართველოში პროდასავლური ძალების კონსოლიდირება, ახალგზრდა კვალიფიციური კადრების წამოწევა, შეძლებს კი ქვეყანა ღირსეულად უპასუხოს იმ დიდ გამოწვევებს და ფსონებსაც, რომელსაც მისი პარტნიორი ქვეყნები შესაძლებელია, მასზე დებდნენ? ეს მხოლოდ ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩემთვის გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მთავრობა თითქოს ოდნავ „განუდგა“ მის ვალდებულებას დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მიმართ, ასევე ნატოში გაწევრიანების სურვილს, რაშიც კრემლის გავლენა აშკარად იგრძნობა. ხოლო რაც შეეხება ქართველ ახალგაზრდობას, ვერანაირი სიკეთის მომტანი მათთვის ვერ იქნება, თუკი საქართველოს მთავრობა აირჩევს გზას, რომელიც ქვეყანას დასავლეთთან შემდგომი ინტეგრაციისგან დააშორებს.

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლის საკითხზე, ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მოწოდებებს პასუხობს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მიერ პარლამენტში შესვლის მოწოდებას ეხმაურება და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როცა ელჩები მხარს არ გიჭერენ და ევროპარლამენტი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს, აქციაზე კი ხალხს ვერ კრებ, ოპოზიციას კიდევ რისი იმედი აქვს არ ესმის. „ჩანს, რომ ელჩები არ არიან ჩვენსკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, აშშ-ის ელჩი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, მერე გამოვიდა გვითხრა შედით პარლამენტშიო. მაგრამ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო, რომ შეიცვლება აშშ-ში ადმინისტრაცია, შეიცვლება რაღაცები და ცოტა ხანში ელჩი სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს, ან შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, შეიცვლება რიტორიკა ამ ადამიანების, იანვარში შეიცვლება და ა.შ. იანვარში არაფერი შეცვლილა, ზოგადად ჩვენ ისე არ ვიქცეოდით, რომ იქ რამე შეცვლილიყო”, - განცხადა იაგო ხვიჩიამ ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ელჩი ვერ იმოქმედებს ვერც ერთი მხარის სასარგებლოდ, მათ აქვთ შუამავლის ფუნქცია და ბუნებრივია, მათი როლი შემოსაზღვრულია. ამ მოლაპარაკების პროცესში ელჩების როლის გაზრდა და გაზვიადებულად წარმოჩენა ბუნებრივია, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მათ აქვთ შეზღუდული მანდატი, ძირითად გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა ოპოზიციური, პარტიული ერთობა შევინარჩუნოთ. საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ამ მოლაპარაკებებში და მივაღწიოთ ხელისუფლებისაგან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად დაინიშნოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა. ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობის მთავარი ფუნქცია ქუჩის მობილიზება და საპროტესტო აქციები არ ყოფილა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში არ გადაინაცვლა, პოლიტიკური კრიზისი ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს. „ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია”, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი. „გირჩი“ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ვადამდელი არჩვენების გარდა არანაირი შეთანხმება არ სურთ. „სულ ვამბობდი, დასავლელი პარტნიორები მხარს რომ არ გვიჭერენ, მოდი, რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენი მხარე დაიჭირონ. თორემ ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, უბრძანოს ვიღაცამ, რომ პოზიცია შეიცვალოს. ეს ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. “გირჩის“ განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკებაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით არ დასრულებულიყო. „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკების პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო. „ევროპულ საქართველოზე“ ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“. ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. „გირჩის და „მოქალაქეების“ ბრალდებებს მოლაპარაკებების ჩაშლაზე და გიორგი ვაშაძის დაშანტაჟების შესახებ განცხადებას, გიგა ბოკერია გამოეხმაურა. „როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში”, - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძემ „გირჩთან“ შეხვედრის ჩაშლის მიზეზს განმარტავს. „ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა ყველა საკითხზე“, - აღნიშნავს ჩიხლაძე. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თვლის, რომ „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ვერ შეცვლის ოპოზიციის დღის წესრიგს. „ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებები არ სურს, რადგან ოპოზიციის გაბუტულ რეჟიმში ყოფნა აწყობს. ოპოზიცია კი ძირითად პროცესს აფერხებს. „"ქართულ ოცნებას" მოლაპარაკება არ სურს, რადგან საარჩევნო სისტემის. დათმობა არ უნდა. თუ ოპოზიცია მას არ ელაპარაკება, რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში. ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, „ოცნებისთვის“ ხელიდან გამოგვეგლიჯა", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებზეც ისაუბრა. „ქართულ ოცნებასთან“ მე არ მქონდა კონტაქტი, ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის შემდგომში განცხადა ცნობილი, თუ რამე კონტაქტი არსებობდა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის, არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის. სხვადასხვა პარტიის წევრების ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით. ბადრი ჯაფარიძე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და ასეთ რაღაცაზე არიან წამომსვლელები „ქართული ოცნების“ წევრები. მე ამას ვიღებდი სრულიად სიმშვიდით, რადგან პირიქით, მე პრობლემა ის მგონია, რომ არ მეკონტაქტებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ. ხვიჩიას განცხადებას პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება"-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებების წარმოება უარყო. „არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. უკვე ბევრი წელია "ოცნებასთან" კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა ერთ-ერთ მინისტრთან მქონდა კომუნიკაცია, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, "ოცნებასთან" არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მითუმეტეს არჩევნების შემდგომ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ოპოზიციას ურჩევს ბრძოლის ახალი მეთოდები შეიმუშაონ. "ბრძოლა, ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, იმიტომ რომ, არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის "ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ისეთი რაღაცეებია გასაკეთებელი, რაც ახალი იქნება და მათთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი. ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს მეთოდები მშვიდობიანი უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოსულა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. „იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“. 18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ უარს „მოქალაქეები“ ვაშაძის შანტაჟს უკავშირებენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი თქვა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ, გიორგი ვაშაძე „გირჩის“ შეთავაზებას დათანხმდა, ინდივიდუალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პოზიცია მოულოდნელად შეცვალა. ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა გიორგი ვაშაძის პოზიციის ასეთი სწრაფი ცვლილება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი კომპრომიტირების და შანტაჟის შედეგი იყოს. ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან. „არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო და მეორე დღეს აღარ სურთ შეხვედრა, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და სამწუხაროდ, ლოგიკა არის ამაში. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ბრალდებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა. ვაშაძის თქმით, მან არაერთხელ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასზე რამე კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ. „ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა - ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. გიორგი ვაშაძე შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ არასწორად მიაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ახალ-ახალი ინიციატივები. „ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი, ელისაშვილის თუ „გირჩის“ წარმომადგენლების მხრიდან. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივების წამოყენება, როდესაც არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის კომპრომისზე აპირებს წასვლას“, - აცხადებს ვაშაძე. „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია. „წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნება-განწყობას უკავშირდება, თუ პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გამოტანილ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ, საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა. რა შეიცვალა, არ ვიცი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. თავის მხრივ, პარტია „ლელო“ თანახმაა თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ინიციატივა ერთიან ფორმატში განიხილოს., მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატზე უარს აცხადებენ. „ლელოს წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩვენების შესახებ ინიციატივის განსახილველად მზად არიან. ამთავარია, დავინახოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს შეთანხმება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაც შეეხება შეხვედრას „გირჩის“ და ელისაშვილის წარმომადგენლებთან, ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია, იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება ინდივიდუალურ განხილვებს, თუ ვთანხმდებით პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე, მაშინ ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ ამ ნაწილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა და ახლა თანამოაზრეებს ეძებენ.”, - აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე მისი თქმით, ამ პროცესის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას შორის მიმდინარე საუბრები გაგრძელდეს და სწორი გადწყვეტილება მიიღონ. „რაც შეეხება 2022 წელს არჩევნების ჩატარებას, ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელს ჩატარდეს თუ ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, 2022 წელს ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნება“ საკუთარი გზავნილების გასახმოვანებლად იყენებს. „ევროპული საქართველოს დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების, ან პლებისციტის დანიშვნა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა: უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ბატონი ელისაშვილი დიდი ხანია, შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ ელისაშვილს სპიკერად იყენებს“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი. „ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილისთვის და „გირჩისთვის“, მთავარია არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება. „ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც, როგორ ეხმარებოდა მას „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. დღესვე გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაჩენილ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა. ვაშაძის თქმით, ის პარტნიორებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე იწყებს მუშაობას, რომელიც ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. „აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ - სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტი, თუ საზოგადოებრივი პირი. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას. ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ. "ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭო აღნიშნული პოზიციის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს გავრცელდა. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 54-მა წარმომადგენელმა თქვა. მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმის მიზეზი არჩვენების შედეგებისადმი უნდობლობა გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პარალემნტს ბოიკოტი გამოუცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის 4 წევრმა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით მანდატი მიიღო, პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს. მანდატის მიღების შემდეგ ოთხივე დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსს" გაემიჯნა და ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს. რის შემდეგაც საპარლამენტო "უმრავლესობის წევრებმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის თქმით პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, რადგან ოპოზიციური პარტია უკვე წარმოდგენილია და დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტს, აზრი არ აქვს. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. „იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“. 18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.

ლინკოლნ მიტჩელი: მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება

ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უწევდა კონსულტაციებს, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას Europetime-თან აფასებს. „ბევრის მსგავსად, მეც არ ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილი პოლიტიკას მთლიანად ჩამოშორდება. იგრძნობს თუ არა კომფორტულად თავს ბიძინა ივანიშვილი მაშინ, როდესაც ის ჩათვლის, რომ მთავრობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა, ან პარტია პოლიტიკურ ჩიხშია და ამ დროს არაფერი არ უნდა თქვას და გააკეთოს - ეს არის საინტერესო. გარდა ამისა, ბევრი, „ქართულ ოცნებასა“ და მთავრობაში მიჩვეულია, რომ ივანიშვილია ყველაზე დიდი გავლენის მქონე საქართველოში და შეიძლება არც დაიჯერონ, რომ ის ნამდვილად ტოვებს პოლიტიკას. საქართველოსთვის მთავარ საკითხად რჩება, შეუძლია თუ არა ქვეყანას თავი დააღწიოს, ერთპარტიულ სისტემას. ამ ციკლიდან გამოსასვლელად საჭიროა ნამდვილად კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოში გადანაცვლება. ივანიშვილის გადაწყვეტილება ამ მიმართულებით ნაბიჯია, თუმცა ეს მხოლოდ ნაბიჯია. ამასთან, ყველაფერი, რაც საქართველოს ივანიშვილისა და სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლიდან გამოიყვანს, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს და ივანიშვილის ბოლო გადაწყვეტილებამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამას“, - განუცხადა Europetime-ს ლინკოლნ მიტჩელმა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება 11 იანვარს გაავრცელა.

კახა გოგოლაშვილი: აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა შეიძლება ცოტა შერბილდეს

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან თურქეთის ურთიერთობის შერბილებას ვარაუდობს. ამის თქმის საფუძველს მას თურქეთის რიტორიკა აძლევს, რომელიც მისი შეფასებით ევროკავშირის მიმართაც შეიცვალა. აქედან გამომდინარე ვარაუდობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის. ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) მეცნიერმა და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-თან საუბრობს. რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობას, კახა გოგოლაშვილის თქმით, „თურქეთ-რუსეთის ალიანსი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია; მათ შორის გარკვეული ურთიერთგაგება, ინტერესთა გადაკვეთა, ინტერესთა დამთხვევა არსებობს და არავინ იცის, ეს რა მიმართულებით განვითარდება, მაგრამ დასავლეთს მაინც იმედი აქვს, რომ თურქეთი ბოლომდე ალიანსში არ შევა რუსეთთან“. „მიუხედავად გარკვეული მოვლენებისა, NATO, ევროკავშირი და შეერთებული შტატები თურქეთის დაკარგვას უფრთხილდებიან. სხვათა შორის ,თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც გააკეთა განცხადება, რომ თურქეთმა ევროკავშირისკენ უნდა იაროს. ეს განცხადება უცნაურად მომეჩვენა, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამბობდა, რომ თურქეთს ევროკავშირში არაფერი ესაქმება“, - აღნიშნავს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი. „ახლა რაღაც სხვა რიტორიკაა და ცოტა უცნაური, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქებს, ევროპელებს და ამერიკელებსა შორის. ტრამპს პოლიტიკაში ვითარების გამწვავება სჩვეოდა, ვიდრე დიპლომატიური მიდგომები. ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია გამოცდილებიდან გამომდინარე, დიპლომატიური და მრავლმხირივი ურთიერთობის მომხრეები იქნებიან. შეიძლება ცოტა შერბილდეს აშშ-ის ახალ ადმინისიტრაციასთან ერდოღანის მთავრობის ურთიერთობა. წესით უფრო უნდა დალაგდეს ეს ურთიერთობები“, - აღნიშნავს ექსპერტი. 2020 წლის 14 დეკემბერს, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა მოგვიანებით განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა. 14 იანვარს ერდოღანის მორიგი განცხადება გამოქვეყნდა: რომ NATO თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარისად არ ეხმარება. „ევროკავშირისა და NATO-ს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. NATO-ს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ NATO-ს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს? იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ კი ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც NATO-ს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით და მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. პირველი იანვრიდან NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების მეთაურობა თურქეთმა გადაიბარა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 2014 წელს უელსის სამიტზე გადაწყდა. ეს იყო ალიანსის პასუხი რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. 11 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდს თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს. იბრაჰიმ ქალინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარასა და ვაშინგტონს შორის სამი ძირითადი პრობლემა არსებობს, კერძოდ, სირიაში აშშ-ის მიერ YPG / PKK-ს ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა, FETÖ-ს მიმართ აშშ-ის დამოკიდებულება და F-35-ის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგო. თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ამ სამი მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ახალი გვერდის გადაშლა შეეძლება. „ბაიდენი, როდესაც ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, თურქეთში ოთხჯერ ჩამოვიდა. ის რეგიონს იცნობს. ჩვენი ურთიერთობები ჯო ბაიდენის გარდამავალ ჯგუფთან ძალიან პოზიტიურია. მათი თქმით, თურქეთთან კარგი ურთიერთობების განვითარება სურთ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 12 იანვარს კი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობების დალაგებისთვის და მოუწოდა ევროკავშირს, რომ მათაც გამოხატონ ამისთვის მზადყოფნა. მისი თქმით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება Brexit-ის შემდეგ წარმოქმნილ სიცარიელეს შეავსებდა. ერდოღანმა ანკარაში ელჩებს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ თურქეთ-საბერძნეთის მოლაპარაკებების განახლება ორ ქვეყანას შორის სადავო საკითხების გადაჭრას ემსახურება. ეს განცხადება ერდოღანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. იანვარში ევროპარლამენტი თურქეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ევროპარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის ქმედებები ევროკავშირის წევრი ქვეყნების - კვიპროსისა და საბერძნეთის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. ევროკავშირმა რამდენიმე სანქცია მოამზადა თურქეთის წინააღმდეგ, თუმცა სადამსჯელო ღონისძიებების მიღებამ მარტამდე გადაწია. ერდოღანის თქმით, მზად არის „დაივიწყოს ყველა წყენა და იმედი აქვს, რომ ევროკავშირიც თურქეთის ენთუზიაზმს გაიზიარებს. „თურქეთი ერთობლივად გეგმავს მომავალს ევროპასთან ერთად, მიუხედავ ყველა იმ ორმაგი სტანდარტისა, რომელსაც წავაწყდით ჩვენს წინააღმდეგ", - ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი. რუსულ-თურქული ურთიერთობების განხილვისას გასათვალისწინებელია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 2020 წლის გაზაფხულიდან თურქეთისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი არა რუსეთი, არამედ უკვე აზერბაიჯანია. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს თურქეთის ბაზრის მოთხოვნის 23,5%-ს. 2019 წელს ყველაზე დიდი მიმწოდებელი 33%-ით რუსეთი იყო, რაც მიმდინარე წელს 9,9%-მდე შემცირდა. შესაბამისად, მკვეთრად შემცირდა თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად მალევე აისახა პოლიტიკურ ურთიერთობებზეც. ბოლო წლებში, თურქეთსა და რუსეთშს შორის კონკრეტული სახის თანამშრომლობას, რაც ყარაბაღის კონფლიქტზეც აისახა, ქართულ საექსპერტო წრეებში გარკვეული შეშფოთება მოჰყვა. საქართველოს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლეთ ჩავუშოღულს თქმით, თურქეთი სრულად უჭერს მხარს, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, თურქეთი, უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას. იმაზე, თუ როგორ შეძლებს ანკარა მათთან გამკლავებას, ბევრადაა დამოკიდებული, როგორც თურქეთის მომავალი, ისე დიდწილად მისი სამეზობლოს უსაფრთხოება. „ნებისმიერი სახის გართულება და არასტაბილურობა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ამდენად, საქართველოს ინტერესებშია სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული თურქეთის ყოლა ახლო სამეზობლოში", - აცხადებს აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

საქართველო დასავლეთის ერთადერთი რეალური მოკავშირე დარჩა კავკასიის რეგიონში. აქედან გამომდინარე აუცილებელია შიდაპოლიტიკა დალაგდეს - ექსპერტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას. Europetime-თან საუბარში პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად არჩევნებისადმი არსებული პრეტენზიებისა, პარლამენტში უნდა შევიდეს ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. „ევროკავშირშიც და შეერთებულ შტატებშიც დეტალურად იციან საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები და მოუწოდებენ ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ. ამას იმიტომ არ არ ამბობენ, რომ ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდათ. ამ დროისთვის საქართველო ფაქტობრივად ერთადერთი რეალური მოკავშირე დარჩა დასავლეთს კავკასიის რეგიონში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური ვითარება იყოს და დალაგდეს თუნდაც შიდაპოლიტიკური სიტუაცია. დროა საჭირო, რომ აშშ-ში მომხდარი სამთავრობო ცვლილებები დალაგდეს, ევროკავშირიც უკეთ გაერკვეს ჩვენს რეგიონში არსებულ მდგომარეობაში. ამიტომ გვეუბნებიან, რომ ნუ გვიშლით ხელს, შედით, მაგრამ იმდენად ძლიერია საქართველოში რუსული გავლენები, მათ შორის ოპოზიციაში, ხელს არ აძლევს არავის რომ მიყვნენ იმ აზრს, რატომ გვკარნახობენ დასავლეთელი პარტნიორები პარლამენტში შესვლას. არ დავაკონკრეტებ, რომელ ოპოზიციურ პარტიებს ვგულისხმობ. ყველამ იცის, ევროპარლამენტში გულუბრყვილო ადამიანები არ სხედან და "ჰაერზე არ აკეთებენ" ასეთ მოწოდებებს. მაგრამ ვითარება სამხრეთ კავკასიასა და მათ შორის საქართველოში დღემდე რუსული სცენარით მიმდინარეობს და ვინც ამას არ აღიარებს, აქედან გამომდინარე არ გეგმავს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ის ნებსით თუ უნებლიედ რუსულ თამაშში მონაწილეობს", - განუცხადა Europetime-ს პოლიტოლოგმა. ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. "მოქალაქეები“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე, პარლამენტში შესვლაზე თანხმობას აცხადებს, თუ ხელისუფლება მათ პირობებს გაითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე საპარლამენტო მანდატების გამოყენებაზე კვლავ უარს ამბობს. „გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ. "შესაძლოა მეხუთე რაუნდის გარეშეც, მაგრამ ელჩების თანდასწრებით, თუ "ქართული ოცნება" ხელს მოაწერს იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის პოლიტპატიმრები, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, რომ შევიდეთ პარლამენტში", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს, თუ ხელისუფლება დათანხმდება ერთ პირობაზე. "ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია" - ამბობს იაგო ხვიჩია. „ევროპული საქართველო“ ვადამდელი არჩვენების დანიშვნის გარეშე პარლამენტში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, თუმცაა მზადაა, ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს. „ოპოზიციას შორის კონსულტაციები არ შეწყვეტილა. ჩვენ, ოპოზიციის 99%-ს და ქართულ საზოგადოებას გვაქვს ერთი ამოცანა - მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, რასაც სჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო ადმინისტრაციაში და საარჩევნო კანონმდებლობაში ფუნდამენტური ცვლილებები, ჩვენ, ჩვენი პაკეტი გაგზავნილი გვაქვს და დეტალურად განხილული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. როგორც „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ ზოგიერთ წარმომადგენელს, პარლამენტში შესვლის შესახებ, შესაძლოა პარტიის ლიდერებისგან განსხვავებულია აზრი ჰქონდეს. „მე ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებმაც არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს“- განაცხადა მედიასთან საუბრისას მეგრელიშვილმა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სადეპუტატო მანდატები მოიპოვეს: დავით ბაქრაძემ; შალვა შავგულიძემ; ელენე ხოშტარიამ; არმაზ ახვლედიანმა და ტარიელ ნაკაიძემ. „გირჩის“ ყოფილი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ტრაგიკულად არ უყურებს იმას, რომ რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ან პარტიებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტონ. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ალეკო ელისაშვილისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო წესების ცვლილება, რომ ფიქრობს, ამაში ღირს მისი ბოიკოტის გაცვლა. მისი თქმით, რაღაც დრო რომ გავიდეს და ვიღაცები თუნდაც შევიდნენ პარლამენტში ან ვიღაცები შეიტყუონ, ეს არაფერს არ ცვლის. "შემდგარი ფაქტია, რომ ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ბოიკოტი უკვე შედგა. ფიქრობ რომ ელისაშვილის პოზიცია ნორმალურია და ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე „მოქალაქეების" ლიდერი არ შევა. მას რომ უბრალოდ პარლამენტში შესვლა სდომოდა, აქამდეც შევიდოდა. უბრალოდ მე არ მგონია, რომ პარლამენტში შესვლამ განტვირთოს ქვეყნაში არსებული პოლიტიკური კრიზისი. ამ სურათის შეცვლის ერთადერთი შანსია, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს რეალური შეთანხმების გზით, რომლის შანსიც მოლაპარაკების მაგიდასთან ჩნდება”, - აღნიშნავდა ზურაბ ჯაფარიძე. „ლელოს“ წარმომადგენელი, ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ ხელიდან ვერავითარ მნიშვნელოვან შედეგს ვერ „გამოგლეჯს“. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის სერგო ჩიხლაძე “გირჩის“ შეთავაზებას განიხილავს და აცხადებს, რომ თუ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტს არქმევენ, ბარემ ოფიციალური პლებისციტი ჩაატარონ. „გაყალბებულ არჩევნებშიც კი ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო, ვიდრე ხელისუფლებამ, თუ ეს არის განმსაზღვრელი, ეს უკვე განსაზღვრულია და გაუგებარია ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებთან”, - უპასუხა სერგო ჩიხლაძემ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, თუ ოპოზიცია ჯამურად თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ აჯობებს, მაშინ მმართველმა პარტიამ 2022 წელს ახალი არჩევნები უნდა დანიშნოს. „გირჩმა“ და „მოქალაქეებმა“ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყება დაანონსეს. „ჩვენ და „გირჩს“ ახლო პოზიციები გვაქვს კრიზისის განმუხტვასთან დაკავშირებით. შევთანხმდით, რომ წავალთ და დაველაპარაკებით ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს“, - აცხადებს ელისაშვილი. პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოპოზიციურ პარტიებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების ფორმატის მომხრე არ არის, რადგან მიაჩნია, რომ ოპოზიციას ერთმანეთთან და საზოგადოებასთან არაფერი არ აქვს დასამალი. მისი თქმით, სწორი იქნება, თუკი საერთო ოპოზიციური ფორმატი აღდგება. „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. „ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს, იქაც არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი. ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, სიმართლე გითხრათ. თავის თავში ჩაიხედონ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ძალიან დელიკატური საკითხია, მაგრამ დახურულ შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცები რომ უთხრა და გაახსენა ოპოზიციას, ყველამ თავი დახარა. თავის თავს დააბრალონ, გამგებმა გაიგო“, - განაცხადა ელისაშვილმა. ელისაშვილის აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა. „თუ უნდა პარლამენტში შესვლა, შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე”, -აცხადებს დეკანოიძე. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს თქმით, მის პარტიას სულ რომ მარტო მოუწიოს პარლამენტში შესვლა, მაინც შევლენ. „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“,- განაცხადა ელისაშვილმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს

კახა გოგოლაშვილი: როცა NATO წევრობის საკითხს განიხილავს, იქ იწონება რისკები, სარგებელი და შესაძლებლობები

ევროპული კვლევების ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, NATO საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდა ალიანსში, რუსეთის მუქარას რომ არ უწევდეს ანგარიშს. ამის შესახებ Europetime საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელს და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. როგორც კახა გოგოლაშვილმა „Europetime-ს განუცხადა, საქართველო NATO-სთვის გაცილებით სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე ევროკავშირისთვის, მაგრამ თვლის რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დიდი რისკებთან არის დაკავშირებული. „როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რომელიმე ქვეყნის წევრობის საკითხს განიხილავს, იქ იწონება რისკები, სარგებელი და შესაძლებლობები. როცა რისკი წონის სარგებელს, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. საქართველოს დიდი ხნის წინ გააწევრიანებდნენ NATO-ში მაგრამ, ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე, რომ რისკები არის ძალიან დიდი, იმ სარგებელს გადაწონის, რომელსაც საქართველო ალიანსს მოუტანს, გაწევრიანების შემთხვევაში. უკრაინაში შეჭრის მაგალითზე რუსეთმა აჩვენა, რომ ეს რისკი რეალურია. ვგულისხმობ რუსეთის მუქარას საქართველოსთან მიმართებით. თუ მისი NATO-ში გაწევრიანების საკითხი დადგება, საქართველოსთან დაკავშირებით ახალ სამხედრო საფრთხეებს შექმნის. რუსეთი ყველა გზით შეეცდება, დაბლოკოს NATO-ს გაფართოება, რაც გამოჩნდა უკრაინაში შეჭრით. სტრატეგიული ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვის შეეშინდა. სამხედრო სტრატეგიული მიზნების გამო შეიჭრა. თუ გამოცხადდება, რომ საქართველო NATO-ში უნდა შევიდეს, შეიძლება ნებისმიერი პროვოკაცია მოხდეს. NATO-ს არ სურს, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთთან იომოს.

კახა გოგოლაშვილი: თურქეთმა 30 წლის წინ მოაწერა ხელი საქართველოს საზღვრების აღიარებას და ყარსის ხელშეკრულების თემა სპეკულაციურია

ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესახებ საფრთხის მოლოდინები სპეკულაციური, ეს ხელშეკრულება საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა, კახა გოგოლაშვილმა Europetime-ს განუცხადა. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტის განმარტებით, თურქეთს 30 წლის წინ ხელი აქვს მოწერილი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ შეთანხმებაზე, სადაც ეთანხმება საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, რომლითაც საქართველო გაეროში გაწევრიანდა. „ეს არის სპეკულაციური თემა. სპეკულაციური შეტევები შეგნებულად მოხდა ამ თემასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი ყარსის ხელშეკრულებას ვადა არ აქვს. მერე მეორე, ყარსის ხელშეკრულება 100 წლის წინ გაფორმდა და მას მერე მილიონი სხვა ხელშეკრულება დავდეთ თურქეთთან. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს ამ სახელმწიფოსთან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 100 წლის რუსეთსა და თურქეთს შორის დადებული რაღაც ხელშეკრულებას თურქეთი არგუმენტად ვერ გამოიყენებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, როცა 30 წლის წინ, ჩვენ გვაქვს თურქეთთან დადებული დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ თურქეთი გვაღიარებს იმ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომლითაც გაეროში შევედით. ეს აბსოლუტურად სპეკულაციური თემაა. ნებისმიერ ავტორიტარულ სახელმწიფოს ოკუპაციის მიზეზი თუ უნდა, ისედაც იპოვის. ყურით მოთრეული მიზეზი იპოვა რუსეთმა და ორი რეგიონი წაგვართვა, თუ ასე მიდგება საქმე, მაგრამ საერთაშორისო სამართლის არგუმენტად ყარსის ხელშეკრულება არ გამოდგება“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა. 1921 წელს რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული ყარსის შეთანხმებით საქართველოს სსრ-ს ბათუმის ოლქიდან დარჩა მხოლოდ ქალაქი ბათუმი და აჭარა, თურქეთმა მიიღო ართვინის ოკრუგი და არტაანის ოკრუგი. სომხეთის სსრ-ს თურქეთმა დაუბრუნა ქალაქი გიუმრი და დაიტოვა ყარსი. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა 1921 წლის 16 მარტს მოსკოვში მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს, რომლითაც საბჭოთა რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ კავკასიაში ტერიტორიების განაწილების თაობაზე. 1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა „ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ,” რომელშიც მოხსენიებულია ყარსის ხელშეკრულებაც. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სახელმწიფო საზღვარი კვლავ ყარსის შეთანხმების საფუძველზე იარსებებს. „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან მოურავი და მისი თანაპარტიელები წლების განმავლობაში აანონსებდნენ, რომ ყარსის ხელშეკრულებას ვადა ეწურება და შესაძლოა თურქეთი ბათუმის საკუთარ საზღვრებში მოქცევას შეეცადოს. ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წელი 2020 წლის ბოლოს შესრულდა, რასაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის განცხადებით, ყარსის ხელშეკრულება მხარეებს შორის უვადოდ დაიდო და თითქოს, ასი წლის გასვლის შემდეგ, თურქეთი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, რაიმე პრეტენზიას გამოთქვამს აჭარის ტერიტორიის მიმართ, არის დეზინფორმაცია. ელჩმა აღნიშნული განცხადება ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა.

კახა გოგოლაშვილი: ევროკავშირში, საქართველოს კონფლიქტების გადაუჭრელად გაწევრიანების თეორიული შანსი არსებობს

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლაც შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთება, თუმცა ქვეყანა ამისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, საქართველო 2024 წლამდეც ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას. ამ განცხადებით, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი Europetime-სთან საუბრისას, საპარლამენტო კომიტეტების განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდოამრეებმა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილიეს და საქართველოს 2024 წლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, 2024 წელს, ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც საქართველოს ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა აქვს განიხილოს ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა. როგორც Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა განუცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ 2024 წელს, ათი წელი სრულდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეს თარიღი ავტომატურად, საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანების წევრობის განაცხადის დამატებით უფლებამოსილებას არ იწვევს. „ჩემი აზრით, ამ თარიღზე საუბარი აქედანვე იმიტომ დაიწყეს, რომ 2024 წელი მომდევნო საპარლამენტო არჩვენების წელი იქნება. ალბათ შიდა მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპიდან გამომდინარე, თორემ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების 10 წლის თავს, არანაირი ისეთი ბმა არა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილებასთან“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო 2024 წლამდე ვერ მოასწრებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებას. „2024 წელი რა თქმა უდნა მალე მოვა, მაგრამ ქვეყანა მზად არ იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანხმობის მისაღებად. ეს არ არის მხოლოდ კონფლიქტური რეგიონების პრობლემა. კვიპროსი ისე მიიღეს, კონფლიქტი გადაწყვეტილი არ იყო. კონფლიქტების მიუხედავად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თეორიული შანსი არსებობს, პრეცედენტს თუ გავითვალისწინებთ. მაგრამ მხოლოდ კონფლიქტები არ არის პრობლემა. როცა ვამბობ, რომ წევრობისთვის მზად არ იქნება, უფრო მეტად ეკონომიკურ საკითხებს ვგულისხმობ, ეს ეხება სიღარიბის დაძლევას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს, საერთოდ მთლიანი საბაზრო ეკონიმიკის ფუნქციონირებას. მაგალითად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. მარტო ამ მხარეს რომ მივხედოთ, ძნელი იქნება 2024 წლამდე ისეთი მაჩვენებლის მიღწევა, ევროკავშირი ჩვენი წევრობით ისე დაინტერესდეს, საქართველოს გაწევრიანების განხილვა დაიწყოს. რა თქმა უნდა, იყო პრეცედენტი - გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე მოუმზადებელი სახელმწიფოებიც მიუღიათ. მეხუთე ტალღის გაწევრიანების დროს, ევროკავშირმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა მიიღო, რაც მხოლოდ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გადაწყვიტა. თორემ ეს ქვეყნები წევრობისთვის მზად არ იყვნენ. თავიდან არც ევროკავშირს არ სურდა მათი მიღება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. მაგრამ 1991 წელს, როცა პუტჩის მსვლელობა მოხდა მოსკოვში, შეეშინდათ, რუსეთს თავისი გავლენა არ აღედგინა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. ამიტომ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ამ ქვეყნების ასოცირების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ სახელმწიფოებს 10 წელი დასჭირდათ გასაწევრიანებლად და გადაწყვეტილების მიღებისას, ჯერ კიდევ არ იყვნენ მზად წევრობისთვის. არც პოლონეთი, არც ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მაგრამ მაშინ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მიიღეს, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და პერსპექტივას, ევროკავშირისთვის საქართველო გეოპოლიტიკურად იმდენად სტრატეგიული მნიშვნელობის და საჭიროების ქვეყანა არ არის, როგორც აღმოსავლეთ ევროპა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას აღიარებს ევროკავშირი, მაგრამ არა იმდენად, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვას“, - განუცხადა Europetime-ს კახა გოგოლაშვილმა. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებები საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეებმა გერმანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. „ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“,-აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება. 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების უფლებამოსილება მიენიჭება ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება

ზაზა ფირალიშვილი: ივანიშვილს ახლა ბევრი პარტია მიაკითხავს თხოვნით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას. ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ.. „იცით ახლა რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში? რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია. თუმცა პოლიტიკოსები ცდილობენ, ისევ 90-იანი წლების მოდელები გაიმეორონ. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ”, - აღნიშნავს ფილოსოფოსი. მისი თქმით, ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. „ ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა. ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში.”, - განუცხადა Europetime-ს ინტერვიუში ზაზა ფირალიშვილმა. 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა. მოგვიანებით პირველ არხთან ინტერვიუში განმარტა თუ რით განსხვავდება პოლიტიკიდან მისი პირველი წასვლა ამჟამინდელი წასვლისგან. "2013 წელს ყოველგვარი კეკლუცობის გარეშე ვამბობდი, რომ რჩევებს მივცემდი "ქართულ ოცნების" გუნდს და დავეხმარებოდი კიდეც. მაშინ გუნდს მე ღიად ვეხმარებოდი და მხარს ვუჭერდი არჩევნების დროსაც, სატელევიზიო გადაცემებში ვმონაწილეობდი, ვახასიათებდი მათ, ვაქებდი შესაქებს, კონკურენტებს ვაკრიტიკებდი და ა.შ. ძალიან აქტიური მხარდამჭერი ვიყავი „ქართული ოცნების“. ახლა ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. აღარ იქნება არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“ ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას. ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა არჩევნებზე მისვლა იქნება ბიძინა ივანიშვილი: ჩემი ოცნებაა, „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეული ადგილი დაიკავოს ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზაზა ფირალიშვილი: ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აღარ მოისურვებს ჩართვას, თუმცა სადავეები მაინც ხელში ეჭირება

"რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია", - განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-თან ინტერვიუში, როდესაც ვკითხეთ მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად? ის აღნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი: "ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი". - პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმულია რომ მას სჯერა, გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩაანაცვლებს. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, პირველივე თვეს დაჰპირდა ქართულ საზოგადოებას, რომ თვითონვე შექმნიდა „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ოპოზიციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორ ფიქრობთ, მომდევნო არჩევნებზე, რამდენად უნდა ველოდოთ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილი იდგება? კულუარულად ან ღიად? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან ჭეშმარიტი ოპოზიცია შექმნას. ისინიც კი მივლენ, ვინც ახლა კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ. რა არის მთავარი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში - რასაც ქართველი პოლიტიკოსები ჯიუტად არ უწევენ ანგარიშს. ქართველი ამომრჩეველი გაცილებით უფრო ეშმაკი გახდა, ვიდრე მიაჩნიათ პოლიტიკოსებს. ახლა ელექტორატი გაცილებით უფრო ფხიზელი და ეჭვიანია. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ვერ გამოვიდა ინფანტილიზმის მდგომარეობიდან და მას მუდმივად სჭირდება ვიღაც ერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ლიდერი. ეს სტალინური მოდელი სულ ტრიალებს ჩვენს პოლიტიკაში და ამათ შორის დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებშიც კი. ხალხის დამოკიდებულება რომ ვიღაცამ ყველაფერი იცის; ვიღაცას ყველაფერი შეუძლია... ეს მიეწერებოდა გამსახურდიას თავის დროზე, შემდეგ შევარდნაძეს და სააკაშვილს, ახლა - ბიძინა ივანიშვილს. კარგად მახსოვს, როდესაც ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა და კონსულტაციის სახით ჩემი აზრის გაზიარებას მოითხოვდნენ, ძალიან ბევრს წამოსცდენია, ბიძინა ივანიშვილი მხარს გვიჭერსო. ამაში ხედავდნენ თავის წარმატების გარანტიას. ეს არის პოლიტიკური ინფანტილზმის კულტურის, სამწუხარო დეფიციტი და რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენს საზოგადოებაშია ასეთი მოთხოვნა. კიდევ ერთი მომენტი - ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა და საკმაოდ კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობებს. თუნდაც იმით, რომ მისი მთავარი, ძირითადი ღერძული იდეა იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლა. ამ იდეამ ამოწურა თავისი თავი და შესაბამისად „ოცნება“ კარგავს იმ ფუნდამენტს, რომელზეც ის იყო აგებული და აუცილებლად გაჩნდება სერიოზული ძლიერი ოპოზიციური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. _ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იქნება ამ ოპოზიციური ძალის კულუარული მხარდამჭერი? როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ეს კარგი იქნება. ვისურვებდი რომ მას საბოლოოდ გაეწყვიტა პოლიტიკასთან ურთიერთობა. არა იმიტომ, რომ ის ცუდი ადამიანია და დამსახურებები არ აქვს. უბრალოდ ამ განცხადებაში ესეც ვიგრძენი. უწევს, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს. რომლისთვისაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის გავლენა პოლიტიკაზე; აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში ღია იქნება, თუ ფარული დაშვებული არ არის. ფარული შეიძლება უარესი იყოს. ღია მხარდაჭერის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანა სერიოზულად ვერ აღიქმება საერთაშორისო საზოგადოების თვალში. _ სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოების გავლენაც ხომ არ იყო ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი? ხელისუფლებაში, იგივე პოლიტიკური ძალის მესამე ვადით მოსვლა, საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზიანებს. ივანიშვილის მეოთხე ვადით ხელისუფლებაში მოსვლას კი დასავლეთის მხრიდან,გაცილებით მწვავე შეფასება მოჰყვება. პოლიტიკაში ივანიშვილის საჯარო ჩართულობის შეწყვეტა და პოლიტიკიდან წასვლა, მომდევნო არჩვენებისთვის მზადებითაც ხომ არ იყო განპირობებული? ვერ გეტყვით მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა ფარული იქნება თუ ღია. სავარაუდოდ, თვითონ არ მოინდომებს, აქტიურად ჩაერთოს ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა სადავეები ხელში ეჭირება. დღეს ოპოზიციური ძალების ხელოვნური მოდელირება ისევე შეუძლებელია, ყველას ახსოვს რაც მოხდა 2011 წელს - ექსპერტების, ჟურნალისტების პოლიტიკოსების კონსოლიდირება. ასეთი რამ დღეს, ან სამომავლოდ შეუძლებელია. ძალიან იოლად მჟღავნდება ხოლმე ფარული აქტივობები. ასე რომ ,ასეთ წამოწყებას დიდ წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებ. _ივანიშვილის ქოლგის ქვეშ, ახალ პოლიტიკურ ძალებში რამდენად მოსალოდნელია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ 2016 წლამდე წასული პოლიტიკოსების და პარტიების ნახვა? ძალიან ძნელია, ძველი ინგრედიენტებისგან ახალ კერძის შექმნა. გავლენიანი ახალი პოლიტიკური ძალის შესაქმნელად, აუცილებელია ახალი ძალების ახალი პერსონალების გამოჩენა. პერსონალები, რომლებიც განახლებულად მაინც შესთავაზებენ საკუთარ თავს საზოგადოებას. _ ამომრჩევლის კრიტიკული აზროვნების გაზრდაში, სოციალურმა მედიამაც ხომ არ იქონია გავლენა? _ რა თქმა უნდა, სოციალური მედია უწყობს ხელს. ასევე მრავალწლიანი გამოცდილება. ადრე ხშირად ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ. მეტაფორული შედარება რომ გავაკეთოთ, ჩვენი სოციალური საზოგადოებრივი აზროვნება მკვეთრად შეცვალა „დეზერტირების ბაზარმა“. ეს გულუბრყვილო „სადღეგრძელოების მოყვარული ამომრჩეველი” რომელიც ყლაპავდა ნებისმიერ რაღაცას, იქცა ანგარიშიან, გამთვლელ, რაციონალურ არსებად. შეიძლება ეს არ იყოს მაღალი დონის რაციონალიზმი, მაგრამ ყოფითი რაციონალიზმი მაინც ჩანს. ასე რომ, სხვა ელექტორატთან აქვთ საქმე და პოლიტიკოსებს ჯიუტად ამის დანახვა არ სურთ. ცდილობენ, გაიმეორონ 90-იანი წლების მოდელები. საზოგადოება მართლა სერიოზულად იზრდება. ამიტომაც არ მგონია, ივანიშვილი ისეთი გულუბრყვილო იყოს, რომ ჩათვალოს, თუ ის მხარს დაუჭერს უკვე არსებულ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ის ოპოზიციური ძალა უცბად იქცევა გავლენიან პოლიტიკურ მოთამაშედ. მე შემიძლია დაგპირდეთ, რომ 2024 წლის არჩევნებზე ასეთი ხელოვნურად კონსოლიდირებული ძალა უკეთეს შემთხვევაში აიღებს 17-18 პროცენტს და არა უმეტეს. ამასაც ძალიან ვაჭარბებ ახლა. გარკვეული ელექტორატი ისევ არსებობს, რომლისთვისაც ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი ავტორიტეტია. ამ ელექტორატის მობილიზებას მოახდენს ახალი ძალის ირგვლივ. არ მგონია, ტოტალურ წარმატებას მიაღწიოს. _სწორედ აქედან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რამდენიმე ძალა ვიხილოთ. ძალა, რომელსაც ივანიშვილი ღიად უჭერს მხარს და მის მხარდამჭერ ელექტორატს აითვისებს. ასევე ძალები რომლის უკან შესაძლოა ივანიშვილი იდგეს, მაგრამ არა საჯაროდ, კულუარულად? ხმების დივერსიფიცირება ნამდვილად მოხდება. ამას საუბარიც არ უნდა. ის 48 პროცენტი რაც „ქართულ ოცნებას“ ახლა ჰქონდა არჩევნებზე, მომდევნო არჩევნებზე საოცნებოდ თუ ექნებათ. „ქართული ოცნება“ ასეთ შედეგს ვეღარ გაიმეორებს ვერასოდეს. კორონავირუსმა ძალიან დიდი როლი შეასრულა 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. კოვიდის ფაქტორი რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მიდოდა ამ არჩევნებზე, იმდენად სწრაფად ეცემოდა მისი რეიტინგი. კოვიდმა გადაარჩინა. კოვიდმა და ოპოზიციის სრულიად უმწეო ქცევამ, თორემ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა უწევდა. გონიერი რაციონალური, ენერგიული პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ხელოვნურად ვერ შექმნი, ინკუბატორში ვერ გამოიყვან, ბუნებრივად უნდა დაიბადოს. ახალი ლიდერის გამოჩენისთანავე თავდაყირა დადგება ყველაფერი ქართულ პოლიტიკაში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკის დატოვებაზე განცხადებას ლუის ნავარო გამოეხმაურა

„ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის გათვალისწინებით, ძნელია იმის შეფასება, თუ რას ნიშნავს მისი წერილი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსი ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას განაცხადა. „2013 წელს პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომა პოსტის მხოლოდ საჯაროდ დატოვებას ნიშნავდა. მისი ახალი „ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს ოპოზიციური ძალა მთავრობის წინააღმდეგ, მიანიშნებს, რომ მას კვლავ ძალიან აინტერესებს პოლიტიკა. ასე რომ, მომავალში ვნახავთ, როგორ წარმართავს ის მოვლენებს“, - აღნიშნავს ლუის ნავარო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

ლინკოლნ მიტჩელი: ვიმედოვნებ, 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წაიწევს წინ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით

„ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ“, - ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი, ლინკოლნ მიტჩელი Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ახალი წელი მივულოცო ჩემს ქართველ მეგობრებს და ბედნიერი, ჯანმრთელი 2021 ვუსურვო. 2020 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენი ქვეყნებისთვის და იმედი მაქვს, მომავალი წელი უკეთესი იქნება. ასევე ვიმედოვნებ, რომ 2021 წელს საქართველო მშვიდობიანად წინ წავა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და უფრო მეტი კეთილდღეობისკენ; ასევე - ორივე ქვეყანა შეძლებს, დაძლიოს შიდა კონფლიქტები და დავები, რომლებიც ბოლო რამდენიმე ათლწლეულს ახასიათებდა“.

მეთიუ ბრაიზა: 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა 2021 წლისთვის საქართველოს ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას უსურვებს. მეთიუ ბრაიზა ამის შესახენ Europetime-თან საახალწლო მილოცვაში საუბრობს: „საქართველოს პირველ რიგში ვუსურვებ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან კიდევ უფრო დაახლოებას - ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელიც უკავშირდება ანაკლიას და კავკასუს ონლაინს - ისინი შექმნიან ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ასევე, 2021 იქნება წელი, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქართველ მეგობრებთან ერთად იმუშავებს ალიანსში ინტეგრაციისთვის. ამასთან, ქართველ ხალხს განსაკუთრებით ვუსურვებ პოლიტიკურ სტაბილურობას, რომ ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ როგორღაც ახალი გზა გამოძებნონ თანამშრომლობისთვის. ტრანსატლანტიკურ მისწრაფებებს ეს მხოლოდ წაადგება. და ბოლოს, ქართელებს რა თქმა უნდა ვუსურვებ ჯანმრთელობას, პანდემიის დასრულებას და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებას“.