თეგი: მარკო რუბიო
ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე მარკო რუბიო წარადგინა
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატიდან რესპუბლიკელი სენატორი, მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა. „რუბიო "იქნება ჩვენი ქვეყნის ძლიერი დამცველი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მებრძოლი, რომელიც არასდროს დაიხევს უკან ჩვენს მეტოქეებთან", - ამბობს ტრამპი 13 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მარკო რუბიო სენატის სადაზვერვო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრია. მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციით გამოირჩევა. რუბიო პლატფორმაზე X წერს, რომ მისთვის პატივია პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან გამოცხადებული ნდობა და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად იმუშავებს ტრამპის საგარეო პოლიტიკის პროგრამის განსახორციელებლად. „ტრამპის ლიდერობის პირობებში "ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას სიძლიერით და ამერიკელების და ამერიკის ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე წინ დავაყენებთ," - წერს მარკო რუბიო. რუბიოს კანდიდატურის დამტკიცებას სენატის თანხმობა დასჭირდება. ახალ კონგრესში რესპუბლიკელებს უმრავლესობა ექნებათ. რუბიოს ბოლო პერიოდის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინაში ომის დასრულების გზად მიიჩნევს მოლაპარაკებას, რომლისთვისაც კიევს უნდა ჰქონდეს ზემოქმედების რაც შეიძლება მეტი ბერკეტი. 2024 წლის თებერვალში მარკო რუბიო იყო იმ რესპუბლიკელ სენატორებს შორის, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას. „ვფიქრობ, უკრაინელები წარმოუდგენლად მამაცები და ძლიერები იყვნენ, რათა წინ აღდგომოდნენ რუსეთს,“ - განაცხადა რუბიომ 6 ნოემბერს. „მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რასაც ჩვენ აქ ვაფინანსებთ, არის ჩიხში მყოფი ომი და ის უნდა დასრულდეს, თორემ ქვეყანა 100 წლით უკან დაბრუნდება,“ აღნიშნა რუბიომ. „მე კომფორტულად ვიგრძნობდი თავს იმ შეთანხმებით, რომელიც დაასრულებს ამ საომარ მოქმედებებს და რომელიც, ვფიქრობ, ხელსაყრელია უკრაინისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ საკუთარი სუვერენიტეტი, რომ არ გახდნენ სატელიტური სახელმწიფო ან მარიონეტული სახელმწიფო, რომელიც მუდმივად მძევლად არის აყვანილი რუსების მიერ. მე არ ვაპირებ რაიმე შეთანხმების წინასწარ განხილვას,“ ციტირებს მის კომენტარს უკრაინული მედია.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის, მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ მადურო ვენესუელის პრეზიდენტი არ არის და მისი რეჟიმი ლეგიტიმურ მთავრობას არ წარმოადგენს. შესაბამის განცხადებას „ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიქტატორმა ნიკოლას მადურომ ვენესუელელი ხალხის ნება უარყო და საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგისა და სამართლიანობის აღდგენას კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს. მადურო ნარკოტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული Cartel de Los Soles-ის ლიდერია და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა პასუხისმგებელი,“ - აცხადებს მარკო რუბიო. ამერიკელი დეპლომატის თქმით, „წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო ძალაუფლების უკანონო კონტროლის მიზნით ვენესუელის საარჩევნო სისტემის მანიპულაციას ახდენს.“ „28 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნების მოპარვიდან ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური არჩევნების დანიშვნით, რეჟიმი კიდევ ერთხელ მიზნად ისახავს, რომ ვენესუელელი ხალხის ნება სამხედროებისა და პოლიციელების გამოყენებით ჩაახშოს. ისინი, ვინც არჩევნებს აყალბებენ და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ძალას იყენებენ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ძირს უთხრიან,“ - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
რუბიო: მოსამართლე მორაეშის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასანქცირება გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მოქალაქეების უფლებებს ფეხქვეშ თელავს. „აშშ-ის პრეზიდენტმა და სახაზინო დეპარტამენტმა ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრ დე მორაეში გლობალური მაგნიტსკის სანქციების პროგრამის ფარგლებში ადამიანთა უფლებების სერიოზული დარღვევისთვის დაასანქცირეს. ეს იყოს გაფრთხილება მათთვის, ვინც თავიანთი თანამოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს ფეხქვეშ თელავს,“ - მოსამართლის მანტია ვერ დაგიცავთ. ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს, ალექსანდრ დე მორაეშს, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს, მაგნიტსკის აქტით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა. აშშ მორაეშს წინასწარი პატიმრობის უსამართლოდ შეფარდების პრაქტიკასა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები მოიცავს ადამიანების უფლებების დარღვევისა ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს.
მარკო რუბიო: მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ გვინახავს, ტრამპს ვარიანტები აქვს - მეორადი სანქციები ნავთობზე, საბანკო სანქციები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მშვიდობის მიღწევაზე, რუსეთთან არანაირი პროგრესი არ ჩანს. მან ისაუბრა სავარაუდო ზომებზე, რისი მიღებაც დონალდ ტრამპს შეუძლია. „ვაგრძელებთ რუსულ მხარესთან ჩართულობას, ამ კვირის დასაწყისში - ორშაბათს თუ სამშაბათს. ასევე მთელი საუბარი გვქონდა მათთან - პუტინთან არა, მაგრამ პუტინის ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობების პირთან, იმ იმედით, რომ წინ მიმავალ გზაზე რაიმე გაგებას მივაღწევდით, რომელიც მშვიდობამდე მიგვიყვანს, მაგრამ არანაირი პროგრესი არ გვინახავს. პრეზიდენტს ბევრი ვარიანტი აქვს. მას, როგორც ყველამ იცის, ვარიანტები აქვს ნავთობის მეორადი გაყიდვების დასანქცირების, რუსული ნავთობის გაყიდვებზე მეორადი სანქციების, რაც მათი შემოსავლის უზარმაზარი ნაწილია. არის საბანკო სფერო, სექტორული საბანკო სანქციები, რომლებიც ასევე ძალიან ძლიერი იქნება. კიდევ ერთხელ, ვფიქრობ, რომ ჩვენ იმედია, თავს ავარიდებთ ამას და რამენაირად გამოვნახავთ გზას, რომლითაც შევძლებთ ბრძოლის შეჩერებას. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო გზა, მაგრამ ღია ვართ ზოგიერთი სხვა გზისთვისაც. საუკეთესო გზა სროლის შეჩერება და საუბრის დაწყებაა. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩვენ ვგრძნობთ, რომ რუსული მხარისგან ამ მიზნის მიღწევისთვის გულწრფელი ინტერესი არ არის,” - განაცხადა რუბიომ.
რუბიოს თქმით, უკრაინას ტერიტორიების დათმობას არავინ აიძულებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ არავინ აიძულებს უკრაინას, დათმოს რუსეთის არმიის მიერ ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიები. „უკრაინელები არ არიან მზად, ამის [ტერიტორიების] დასათმობად და არც არავინ აიძულებს მათ, რომ დათმონ ეს, ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ასეთი სახის არ იქნება. მაგრამ პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს და მართლაც ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები არ ემხრობიან, რის დათმობასაც ჩვენ მათ არ ვაიძულებთ და უკრაინელებიც ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსეთი არ დათმობს. მან დღეს კვლავ გაიმეორა, რომ რუსეთიც და უკრაინაც „დათმობებზე უნდა წავიდნენ“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის. რუბიომ NBC news-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა პოტენციურ ახალ სანქციებზე. „არ მგონია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მას აიძულებს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ისედაც ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ არიან.“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებებში „პროგრესი“ მიღწეულია, თუმცა „დიდი უთანხმოება კვლავ არსებობს.“
აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს,“ - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ წესის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.
რუბიო: ამერიკის ვიზები უქმდება მათთვის, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებით, ვიზების გაუქმება „მიმდინარეობს“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კონსერვატორი პოდკასტერის ჩარლი კირკის მკვლელობას ზეიმობენ. მას Fox News-ის ეთერში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიზების შეზღუდვას ან გაუქმებას მათთვის, ვინც კირკის მკვლელობას აღნიშნავდა. „ამერიკა არ უმასპინძლებს იმ უცხოელებს, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების გარდაცვალებას ზეიმობენ. მიმდინარეობს ვიზების გაუქმება. თუ აქ ვიზით ხართ და პოლიტიკური ფიგურის საჯარო მკვლელობას გულშემატკივრობთ, დეპორტაციისთვის მოემზადეთ. თქვენი ადგილი ამ ქვეყანაში არ არის,“ - დაწერა მოგვიანებით რუბიომ X-ზე გავრცელებულ პოსტში. Fox News-თან ინტერვიუში რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზებს არ მისცემს მათ, ვინც კირკის მკვლელობა იზეიმა. ცნობისთვის, 10 სექტემბერს, Utah Valley-ს უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას, ჩარლი კირკი ყელის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, 22 წლის ტაილერ რობინსონი დააკავეს. იუტას შტატის პროკურორები ტაილერ რობინსონის სიკვიდილით დასჯას მოითხოვენ.
„რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - რა საკითხებზე ისაუბრეს ტრანსატლანტიკურ ვახშამზე
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა,“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც 24 სექტემბერს გავრცელდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
მარკო რუბიო: თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თეორიულად, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შეიძლება, რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს. „როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ყველაზე მარტივი კონფლიქტია, ვფიქრობ, პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ ეს ყველაზე არალოგიკური ომია. თუ ამას ლოგიკურად შეხედავთ, დაასკვნით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ტრადიციული გაგებით მასში არავინ იმარჯვებს. კვირაში 7000 რუსი ჯარისკაცი იღუპება, უკრაინის მხარეს ნგრევაზე რომ არაფერი ვთქვათ. ახლა რისთვისაც იბრძვიან 30-50 კილომეტრი და დონეცკის რეგიონის 20%-ია. ჩვენ ვცადეთ და გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ, იმის გასარკვევად, თუ რა არის ის, რასაც უკრაინელები დაეთანხმებიან და მათ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, რომ თავს არასდროს დაესხმებიან. ვცადეთ, დაგვედგინა, რა არის ის, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკა აღადგინონ და ქვეყანა წარმატებული გახდეს. თეორიულად, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, 10 წელიწადში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა რუსეთის მშპ-ზე მეტი იყოს,“ - განაცხადა რუბიომ. რუბიოს თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს და ნამდვილად სუვერენული იყოს. „მსგავს საკითხებს განვიხილავთ: ომის დასრულება, იმის უზრუნველყოფა, რომ მათ თავს არასდროს დაესხმებიან, უკრაინის ხანგრძლივი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვა, რომ ის მარიონეტული სახელმწიფო არ გახდეს, ეკონომიკის არა მხოლოდ აღდგენა, არამედ აყვავება. სწორედ ამის მიღწევას ვცდილობთ,“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
მარკო რუბიო: აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს. „ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს რუბიო X-ზე. ცნობისთვის, ირანის ყოფილი შაჰის შვილმა, რეზა ფეჰლევიმ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანში დაბრუნებისთვის ემზადება. ასევე, ფეჰლევიმ ირანის მოსახლეობას მოუწოდა, რომ დემონსტრაციებს შეუერთდნენ. „მოგიწოდებთ, დღეს და ხვალ, საღამოს 6 საათიდან, გამოდით ქუჩებში ეროვნული დროშებითა და სიმბოლოებით. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქუჩებში გამოსვლა აღარ არის, არამედ ჩვენი მიზანი ქალაქების ცენტრების დაკავებაა,“ - აცხადებს ფეჰლევი. ტრამპი ირანის ლიდერებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს
ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 13 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პროექტის - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების ჩარჩო დოკუმენტი წარადგინეს. ჩარჩო დოკუმენტის თანახმად, სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ მშენებლობის გრძელვადიან ექსკლუზიურ უფლებებს აშშ-ის მიერ კონტროლირებად კომპანიას 49 წლის ვადით გადასცემს, რომელიც შეიძლება, დამატებით 50 წლით გაგრძელდეს. კერძოდ, კომპანიაში აშშ 74%-იან წილს მიიღებს, ხოლო სომხეთი 26%-იან წილს. ასევე, კომპანია სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ სარკინიგზო ხაზს, გზას, ენერგომომარაგების ქსელებს და სხვა სახის ინფრასტრუქტურას ააშენებს. ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სომხეთს „TRIPP-ის გავლით ვაჭრობისა და ტრანზიტის დროს საზღვრის კონტროლსა და საბაჟო ოპერაციებზე სრული უფლებამოსილება ექნება.“ 6-გვერდიანი დოკუმენტი გაგრძელებაა 2025 წლის 8 აგვისტოს დონალდ ტრამპს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, რომლის თანახმადაც, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმებისკენ ისწრაფვიან. დოკუმენტის თანახმად, პროექტი „დააკავშირებს აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ერთმანეთთან და შექმნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს „ტრანსკასპიურ სავაჭრო გზაზე“ - რასაც სხვაგვარად, „შუა დერეფანს“ უწოდებენ [რედ]. რა ვალდებულებებს (თუმცა არა სამართლებრივს) იღებს ერევანი, რათა პროექტი, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), განხორციელდეს. შეიქმნება „TRIPP-ის განვითარების კომპანია“ - მოკლედ TDC, - რომლის 74%-საც სომხეთი აშშ-ს გადასცემს, ხოლო 26%-ს თავისთვის დაიტოვებს. ეს კომპანია იქნება პასუხისმგებელი TRIPP-ის განვითარებაზე; როგორც დოკუმენტში წერია, „არსებობს მოლოდინი“, რომ პროექტის ადმინისტრირების უფლება, „საწყის ეტაპზე“, 49 წლით ექნება. „არსებობს მოლოდინი, რომ შეთანხმება გახანგრძლივდება დამატებით 50 წლით, სომხეთის მთავრობის მიერ დამატებითი კაპიტალის შეტანით, რის შედეგადაც მისი წილი 49%-მდე გაიზრდება,“ - წერია დოკუმენტში. ამასთან, აშშ იტოვებს უფლებას, თქვას საბოლოო სიტყვა კომპანიის მეწილეებისა და საბოლოო ბენეფიციარების რაიმე ფორმით ცვლილების შესახებ - მათ შორის წილის გაყიდვაზე, დონაციაზე, რეორგანიზაციასა თუ სხვა სამართლებრივ პროცესზე. ხაზგასმულია, რომ პროექტის წარმატება დამოკიდებულია სომხეთ-აზერბაიჯანს შორის „მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე“, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების „სრულ ნორმალიზაციაზე“, აშშ-ის ჩართულობაზე, რეგიონული თანამშრომლობასა და სტაბილურობაზე და სომხეთის ინსტუტიტების ეფექტურობაზე. „TRIPP-ი წარმოადგენს სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. სომხეთი ამ პროექტს მიიჩნევს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული ინტეგრაციის სფეროში გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძვლად,“ - წერია დოკუმენტში. „TRIPP-ის შემუშავება იგეგმება სომხეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული სატრანზიტო მარშრუტების ფარგლებში, - რომლის კონკრეტული ადგილებიც მომავალში დაზუსტდება“; ხაზგასმულია, რომ ეს მოხდება „სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში პროექტის ყველა არეალზე სომხეთის სრული სუვერენიტეტის შენარჩუნებით“. „ჩარჩო დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ გზას TRIPP-ის ამოქმედებისთვის, რომლის მიზანი სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მრავალმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებაა. აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისა და მისი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებისა და ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის დამაკავშირებელი გზის შექმნის პარალელურად, TRIPP-ი ორმხრივ სარგებელს მოუტანს სომხეთის რესპუბლიკას საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი კავშირების თვალსაზრისით. TRIPP-ი პრეზიდენტ ტრამპის მიერ 8 აგვისტოს გამართულ ისტორიულ მშვიდობის სამიტის პრინციპებს ეფუძნება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს,“ - ნათქვამია თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ვფიქრობთ, TRIPP-ის შეთანხმება ნამდვილად გახდება მსოფლიოსთვის მოდელი იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ, გახსნათ საკუთარი თავი ეკონომიკური აქტივობისა და კეთილდღეობისთვის.“ მანაც გაუსვა ხაზი, რომ ეს ხდება „სუვერენიტეტის ყოველგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვის გარეშე.“ ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, TRIPP-ის პროექტი ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების კუთხით, სამხრეთ კავკასიის პოტენციალს გახსნის, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაზრდას მთელ რეგიონში.“ „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შესანიშნავი იქნება სომხეთისთვის, შესანიშნავია შეერთებული შტატებისთვის, შესანიშნავია ყველა ჩართული მხარისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოდელი იქნება მსოფლიოსთვის.“ რა საკითხებს განიხილავენ მირზოიანი და რუბიო ვაშინგტონში შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).
რუბიომ აზერბაიჯანი სომხეთისთვის საწვავის მიწოდების გამო შეაქო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 19 იანვარს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბარი გამართა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა რუბიომ შეაქო აზერბაიჯანის მთავრობის მიერ სომხეთში საწვავის მიწოდება - მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც აჩვენებს აზერბაიჯანის ერთგულებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიმართ, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ სამიტზე გაასაჯაროვა. აზერბაიჯანიდან სომხეთში, საქართველოს გავლით, ნავთობპროდუქტების მორიგი პარტია გაიგზავნა უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით ნდობის აღდგენის სხვა ზომებზე და აშშ-აზერბაიჯანის ურთიერთობების პოზიტიური განვითარება შეაქეს. ამერიკამ და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ ახალი დეტალები გაასაჯაროვეს