ძებნის რეზულტატი:
ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ამის სესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებობს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, რომლებიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა და ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან საქართველოს ვიცე-პრემიერმა განიხილა ორი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კავშირგაბმულობის, ინვესტიციებისა და სხვა სექტორების მიმართულებით. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ილჰამ ალიევთან ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც აზერბაიჯანსა და საქართველოს აქვთ გაზრდილი ტვირთნაკადების გატარების უზრუნველყოფისთვის როგორც დასავლეთის, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ენერგეტიკის სფეროში და ისაუბრეს ისეთი მიმართულებების განვითარებაზე, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, ასევე ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. „ორი ქვეყნის თანამშრომლობა არის მართლაც სტრატეგიული და აზერბაიჯანი არის ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ამ ქვეყანასთან ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს, რომელსაც არამხოლოდ რეგიონული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო
სომხეთმა, რომელიც ბუნებრივ გაზს რუსული კომპანია „გაზპრომისგან“ ყიდულობს, მომწოდებელთან ანგარიშსწორება აშშ დოლარის ნაცვლად რუსული რუბლით დაიწყო. სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე შესყიდვა რუბლში განახორციელეს. „რამდენადაც ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა რუბლით შესაბამისი კურსის მიხედვით განხორციელდა. ფასწარმოება დოლარშია, მაგრამ გადახდა რუბლით ხორციელდება“, - განუცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა რუსულ მედიას. 2021 წელს სომხეთმა რუსეთიდან $414 მილიონის ღირებულების ბუნებრივი გაზი და $270 მილიონის ნავთობპროდუქტები შეისყიდა. სომხეთის ხელისუფლება პირველია, რომელმაც რუსული გაზის რუბლში შესყიდვის შესახებ განაცხადა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე შესაძლო თავდასხმის საქმეზე სუსმა გამოძიება დაიწყო
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია უკვე მიაწოდა უკრაინის სპეცსამსახურებს. ცნობისთვის, ქართული სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ვიზიტის დროს გარკვეულ პროვოკაციას გეგმავს და სწორედ ამიტომ არ არის ჩართული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში.
იერუსალიმში, ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 კი დაშავდა
იერუსალიმში, „ტაძრის მთაზე,“ ებრაელთა და მუსლიმთა წმინდა ადგილას, შეტაკების დროს 300 პალესტინელი დააკავეს და 150 დაშავდა. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ გაფანტა ისინი პოლიციამ ცრემლმდენი გაზის, დამაბრმავებელი ყუმბარების და ხელკეტების გამოყენებით. ამასთან, შეტაკების შედეგად სამი ისრაელელი პოლიციელიც დაშავდა. ცნობისთვის, მასობრივი არეულობა დილის ლოცვის დროს დაიწყო. ისრაელის მედიის თანახმად, ასეულობით არაბული წარმოშობის პირმა პალესტინელთა ავტონომიის და ჰამასის დროშებით, იერუსალიმის ქუჩებში გაიარა, შემდეგ კი ქვები დაუშინეს მლოცველებს, რომლებიც ებრაელთა წმინდა ადგილას, „გოდების კედელთან“ ლოცულობდნენ.
ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა
ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ორ რუს ოლიგარქს დაუწესა. ევგენი ტენენბაუმი და დავიდ დავიდოვიჩი რუსეთის პრეზიდენტისა და რომან აბრამოვიჩის ახლო გარემოცვას წარმოადგენენ. ამ დროისთვის, ბრიტანეთში მათი ყველა აქტივი გაყინულია. ოლიგარქების კუთვნილ თვითმფრინავებსა და იახტებს ქვეყნის საგადასახადო სამსახური აკონტროლებს. ამ ორი ოლიგარქის მფლობელობაში ბრიტანეთში არსებული აქტივების ღირებულება 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. „ეს ბრიტანეთის ისტორიაში უცხოური აქტივებს გაყინვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. ევგენი ტენენბაუმი, რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორი და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ დირექტორია. ცნობილია, რომ აბრამოვიჩი „ჩელსის“ გაყიდვას ცდილობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღეს, 24 თებერვალს, ტენენბაუმმა საინვესტიციო კომპანია Evrington Investments Limited-ის ხელმძღვანელობა გადაიბარა, მარტიდან კომპანიას დავიდოვიჩი მართავს. შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჯერსის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის $7 მილიარდი [5,4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი] აქტივები დაუყადაღა, რაც მედიის ცნობით, აბრამოვიჩის ქონების ნახევარია. Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რუსი ოლიგარქი $13,9 მილიარდით 131-ე ადგილზეა. დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები მარტში დაუწესა. მისი აქტივები ქვეყნის ტერიტორიაზე გაყინულია, ასევე აეკრძალა გარიგებები ბრიტანეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ასევე შეეზღუდა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News
თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის
საქართველოში თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის. ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ანკარამ ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც დაასახელა. დანიშვნამდე ალი კაან ორბაი ავსტრიაში თურქეთის საელჩოს პირველ მდივნად მუშაობდა. ფატმა ჯერენ იაზგანი ელჩის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა. ოფიციალურად, როდიდან შეუდგება მუშაობას ახალი ელჩი, ჯერ უცნობია. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ თურქეთის ელჩთან
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას დელეგაციაში სამი დეპუტატის შეყვანა შესთავაზა. მანამდე უკრაინის რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა განაცახდა, რომ საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები დასრულდა. ამის შესახებ მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ინლაინ შეხვედრის შემდეგ დაწერა. 13 აპრილს შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსლან სტეფანჩუკთან უკრაინაში ვიზიტზე შეთანხმდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება
პოლიციამ ტერორიზმის ბრალდებით დააკავა კაცი, რომელიც ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ სროლაშია ეჭვმიტანილი
პოლიციამ 12 აპრილს ნიუ-იორკის მეტროს სადგურზე სროლაში ეჭვმიტანილი კაცი დააკავა. მას ბრალი ტერორიზმისთვის წარუდგინეს. 62 წლის ფრენკ ჯეიმსს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. ბოლოს ის სატელეფონო ზარის მეშვეობით დააკავეს, რომელიც მანჰეტენზე, ისტ-ვილიჯის რაიონში მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორნის ტერიტორიიდან განახორციელა. გამოცემა New York Times ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფრენკ ჯეიმსმა თავად დარეკა პოლიციაში და თქვა, რომ სამართალდამცველებს „მაკდონალდსის“ რესტორანში დაელოდებოდა. ფრენკ ჯეიმსი ნიუ-იორკის მეტროში მომხდარ ინციდენტში ერთად-ერთი ეჭვმიტანილია. ის მეტროს პლატფორმაზე შეიჭრა და 33 გასროლა განახორციელა, შედეგად 10 ადამიანი დაიჭრა. ფრენკ ჯეიმსს სავარაუდოდ სამუდამო პატიმრობა ემუქრება. კაცი მანამდეც რამდენჯერმე მოხვდა პოლიციის თვალთახედვის არეალში ოჰაიოში, პენსილვანიაში, ნიუ-ჯერსისა და ვისკონსში.
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება
"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება", - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. „ჯო ბაიდენი ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით. ჩვენ ის ქ გვჭირდება, რომ ბევრი რამ გააკეთოს“, - აღნიშნა ჯენ ფსაკიმ. ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს
ევროკავშირში ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო
ევროკავშირის ბაზარზე ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტი გავიდა. ევროკომისიის (ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდანაა დაშვებული. ამ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა. „ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, - აცახდებენ სამინისტროში. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი.
რა წერია ევროკავშირის კითხვარში
საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა. Europetime დოკუმენტს გაეცნო და რამდენიმე ქვეთავის შინაარს გთავაზობთ. პირველი თავი, რომელიც „პოლიტიკური კრიტერიუმებით“ არის დასათაურებული, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება. გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქართველოში კონსტიტუციური და ინსტიტუციური წყობის მოკლე აღწერა. როგორ მუშაობს ხელისუფლების სამ შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) შორის კონტროლისა და ბალანსის კონსტიტუციური სისტემა? კონსტიტუციის მიხედვით, რა კავშირი არსებობს ქვეყნის შინგით მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სამართალს შორის, დაუშვებს თუ არა კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას? როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა? არის თუ არა კონსტიტუციური დებულებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან და/ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოითხოვოს საკონსტიტუციო ცვლილებას? გთხოვთ მოგვაწოდოთ ასეთის სია, დებულებები, თუ ეს შესაძლებელია. რა არის საქართველოს ოფიციალური ენა(ები)? მეორე ქვეთავი პარლამენტს ეხება. სხვა ტექნიკურ და ფუნქციურ საკითხებთან ერთად კითხვარში შესულია შემდეგი საკითხი. ევროკომისია ითხოვს, დაკონკრეტებას, თუ რამდენია პროცენტული მაჩვენებელი იმ კანონებისა, რომლებიც დაჩქარებული პროცედურებით არის მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, კითხვარში ვკითხულობთ: გთხოვთ, აღწეროთ პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საერთო ჩარჩო, მისი გამჭვირვალობის გარანტია და დეტალები მისი განხორციელების მონიტორინგის შესახებ. არსებობს თუ არა კონსტიტუციური ან ჩვეულებრივი სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიის ინსტრუმენტების, მათ შორის რეფერენდუმის გამოყენებისათვის? როგორია მათი მოქმედების ფარგლები და პროცედურები. რამდენად ღიაა პარლამენტი საზოგადოებისთვის და რამდენად გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში ინფორმაციისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მთავრობა ევროკომისია ინტერესდება, არსებობს თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თავის დასაწყისში კი კითხვას სვამს, რა არის მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი? ასევე, რა მექანიზმები არსებობს სამინისტროებს შორის კოორდინაციისთვის? კონკრეტულად, რა მექანიზმები არსებობს თითოეულ სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების დროს? სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეთავის პირველი კითხვა მშვიდობიანი შეკრების უფლებას ეხება, კერძოდ, შეუძლია თუ არა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრებაში. მონაწილეობა მიიღოს (რედ. საქმიანობაში) ან შეუერთდეს არაფორმალურ და/ან რეგისტრირებულ ორგანიზაციებს? გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs), მათ შორის ასოციაციებისა თუ ფონდების და მათი საქმიანობის შესახებ თქვენს ქვეყანაში. საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა ამ ნაწილში, ევროკომისიას შემდეგი კითხვები აქვს: გთხოვთ, წარმოადგინოთ საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა (საჯარო მოხელეები, სხვა საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკური დანიშვნები, დროებით დასაქმებულები). საჯარო სამსახურის პოლიტიზებისგან დასაცავად რა გარანტიები არსებობს? რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის საჯარო მოხელეებს შორის (მაგ. საჯარო მოხელე, სხვა, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, პოლიტიკურად დანიშნულები და ა.შ.) მათი სტატუსის, სამართლებრივი რეჟიმის, უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით? არსებობს თუ არა გამჭვირვალე სამართლებრივი ან მარეგულირებელი საფუძველი საჯარო მოხელეების ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ არის უზრუნველყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციული მიდგომა? ანგარიშვალდებულების ნაწილში კითხვები ომბუდსმენის საქმიანობას ეხება: აღწერეთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშვალდებულება. სარგებლობს თუ არა ომბუდსმენი დამოუკიდებლობით თავისი მანდატის შესრულებისას? ნებადართულია თუ არა ომბუდსმენისთვის წვდომა ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე? აქვს თუ არა ომბუდსმენს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და თუ ასეა, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში? სასამართლო ხელისუფლება ევროკომისია ითხოვს, კანონმდებლობის ან სხვა წესების მოკლე აღწერის მიწოდებას, რომლებიც არეგულირებს სასამართლო სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. კერძოდ, ინტერესდება, შეიძლება თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემური იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ფონზე? კითხვარის ავტორები კონკრეტული მაგალითების მიწოდებას ითხოვენ. ამასთან, ინტერესდებიან, როგორია პროკურორებისა და პროკურორის მოადგილეების შესაბამისი როლები და იერარქიული სისტემა. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს
სებ-ის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს სხვადასხვა მობილური აპლიკაციის (მაგალითად WhatsApp) საშუალებით უცნობი პირები უკავშირდებოდნენ მომხმარებლების მიერ სხვადასხვა ვებგვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთის ფოსტით გაგზავნის ან აღნიშნული ნივთის საფასურის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის/გადახდის შეთავაზების მიზნით. აღნიშნული პირები მომხმარებლებს უგზავნიდნენ ვებგვერდების ბმულებსაც და მათზე ბარათის და/ან სხვა პირადი მონაცემების შევსებას სთხოვდნენ. მომხმარებლის მიერ საკუთარი პირადი და/ან საბარათე მონაცემების აღნიშნულ ბმულებზე შეყვანის შემდეგ, უცნობ პირებს მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომის საშუალება ეძლეოდათ, რის შედეგადაც მომხარებლები ფინანსურად ზარალდებოდნენ. აღნიშნული სქემა ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს, ე.წ. ფიშინგს წარმოადგენს. „საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი პერსონალური და ფინანსური, მათ შორის საბარათე მონაცემების, გაზიარებისას, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ვებგვერდებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ამერიკის ელჩი: როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირებაა, ამით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს
„როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, მისგან მხოლოდ რუსეთი სარგებლობს, ამისთვის საჭიროა ერთიანობის გზავნილი - რომ ქვეყანაში შეჭრა, მისი დაბომბვა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის დასახმარებლად American Chamber of Commerce in Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ, მედიასთან განაცხადა. ელჩის მიმართ ჟურნალისტების შეკითხვა უკრაინაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხებოდა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ უკრაინაში მრავალპარტიული დელეგაცია მიემგზავრება. ეს კარგად ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას და იმ მხარდაჭერას, რომელიც აქვს უკრაინის სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ეს არის ძალიან პოზიტიური ნიშანი. მიხარია, რომ ასევე იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო არსებობს სხვადასხვა გაუგებრობა, ძალიან კარგია, როდესაც ასეთი საკითხები პირისპირ საუბრისას წყდება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა და აქვს, კვლავ აქ არის და გრძელდება“, - განაცხადა კელი დეგნანმა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ შალვა პაპუაშვილს კიევში შეხვდება
ჩრდილოეთ მაკედონიამ კიდევ 6 რუსი დიპლომატი გააძევა
ჩრდილოეთ მაკედონიამ დიპლომატიური ნორმების დარღვევის გამო ექვსი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მათ ქვეყნის დატოვება უბრძანა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 აპრილს. „ეს პირები ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და მათ მოუწევთ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის დატოვება მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების მეორე შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 2022 წლის მარტში, ხუთ რუს დიპლომატს დაატოვებინეს ჩრდილოეთი მაკედონია, როგორც სკოპიემ უწოდა, დიპლომატისთვის "შეუფერებელი" საქმიანობის გამო. ანალოგიური ზომები მიიღეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც. აპრილის დასაწყისში რამდენიმე ათეული რუსი დიპლომატი გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, დანიიდან და შვედეთიდან გააძევეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა. 7 მარტს, რუსეთმა მაკედონია „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ასევე წაიკითხეთ მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა რუმინეთმა და სლოვენიამ რუსი დიპლომატები გააძევეს გერმანიამ რუსი დიპლომატების მასობრივი გაძევების შესახებ განაცხადა კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა
პოლონეთი რუსული და ბელარუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც რუსეთიდან და ბელორუსიდან ქვანახშირის იმპორტი იკრძალება. ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, კანონი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე ქვანახშირისა და კოქსის იმპორტს რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიიდან. კონტროლზე პასუხისმგებელი იქნება საბაჟო და საგადასახადო სამსახურის უფროსი, რომელსაც ექნება საქონლის ჩამორთმევისა და კონფისკაციის მოთხოვნის უფლებამოსილება. ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც დაარღვევენ აკრძალვას, ემუქრებათ ჯარიმა 20 მილიონ ზლოტამდე. დაზარალებულ სუბიექტებს აუნაზღაურდებათ სანქციით გამოწვეული ზარალი. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-5 პაკეტის თანახმად, იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირი რუსული ემერგომატარებლების სრულ ემბარგოზე უარს ამბობს. 8 აპრილს იაპონიამ აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. ასევე წაიკითხეთ იაპონია რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში ჩავიდნენ
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ამავე პარტიის სხვა ლიდერები, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკრაინას ეწვივნენ. მათთან ერთად უკრაინაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი. „მნიშვნელოვანია, რომ ამ დელეგაციის ფარგლებში მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ, - განაცხადა ნიკა მელიამ. „ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი უკრიაინაში. ასევე, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, გარკვეული ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს ერთად დგომა არის უცვლელი; ამას არ ცვლის არაფერი", - განუცხადა „მთავარ არხს" გიორგი მარგველაშვილმა. დღესვე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ანა ნაცვლიშვილი.
დმიტრო კულება ქართველ კოლეგასთან საუბრის შემდეგ: ილია დარჩიაშვილმა დამარწმუნა საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ უწყვეტ მხარდაჭერაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან საუბრის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას მადლიერია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას. „ვესაუბრე ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ უკრაინის გმირულ დაცვაზე. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ მისი იმის დადასტურებისთვის, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას“, - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 15 აპრილს ეწვია. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
კიევთან ახლოს, „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაიბომბა. უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სწორედ „ნეპტუნით“ განხორციელდა კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა. რაკეტების მწარმოებელი ქარხანა 14 აპრილს გვიან საღამოს დაიბომბა და სრულადაა განადგურებული, - ამის შესახებ France Press-ი წერს. სააგენტოს ცნობით, საუბარია ჟულიანსკის მანქანათმშენებელ ქარხანაზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარ აფეთქებას პენტაგონი გამოეხმაურა. „რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ“, - განაცხადა ჯონ კერბიმ. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა
აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა - CNN
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორი დღის წინ დაანონსებული ახალი 800 მილიონიანი დახმარების პაკეტიდან იარაღისა და აღჭურვილობის პირველი ტრანში უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა. ამის შესახებ CNN თავდაცვის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. „უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს იმ იარაღის გამოყენება, რომელიც ჩვენ გადავეცით. ვინაიდან რუსეთი დონბასის რეგიონში თავდასხმის გაძლიერებისთვის ემზადება, აშშ უკრაინას თავდაცვის იარაღს მიაწვდის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. უახლესი პაკეტი მოიცავს, როგორც ახალი ტიპის იარაღს, ასევე, იმავე ტიპის აღჭურვილობას, რასაც აშშ უკრაინას კვირების განმავლობაში აწვდიდა. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს და უახლოეს მომავალშიც მიაწვდიან ათ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას თითოეულ რუსულ ტანკზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 7 აპრილს განაცხადა. 30 მარტს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება. 2 აპრილს პენტაგონმა კონგრესს განუცახდა, რომ უკრაინისას დამატებით $300 მილიონის სამხედრო აღჭურვიობას გადასცემს. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
CNN: პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, კრეისრ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ადასტურებს, რომ კრეისერ „მოსკვას“ უკრაინული „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტები მოხვდა, - ამის შესახებ CNN წერს. პენტაგონის წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმანის ჩაძირვა სწორედ ამ სარაკეტო დარტყმებმა გამოიწვია. დღეს ცნობილი გახდა, რომ კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრეისერ „მოსკვაზე“ მომხდარ აფეთქებას პენტაგონი პირველად 14 გამოეხმაურა. „რუსულ კრეისერზე აფეთქება მოხდა, მიზეზი არ ვიცით, თუმცა ვერც უკრაინის ვერსიას უარვყოფთ“, - განაცხადა ჯონ კერბიმ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14 აპრილს რუსული კრეისერი „მოსკვა“ შტორმის პირობებში ბუქსირების დროს ჩაიძირა. რუსულ სამხედრო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც შავ ზღვაზე რუსეთის ფედერაციის ფლოტის ფლაგმანია, 13 აპრილს საღამოს ხანძარი გაუჩნდა. უკრაინულმა მედიამ და პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კრეისერზე ხანძარი „ნეპტუნის“ ორი რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრეისერზე ხანძარი საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩნდა. თუმცა, რამ გამოიწვია აფეთქება, უწყებას არ განუმარტავს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზებს დაადგენენ. ასევე წაიკითხეთ მედია: კიევთან „ნეპტუნის“ რაკეტების მწარმოებელი ქარხანა დაბომბეს, რომლითაც სავარაუდოდ, კრეისერ „მოსკვაზე“ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა რუსეთის თავდაცვის უწყება: კრეისერი „მოსკვა“ ჩაიძირა როგორ აისახება რუსეთ - უკრაინის ომზე ,,მოსკვას“ ჩაძირვა