ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით. ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამასთან, ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
ხავიერ კოლომინას თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „მხარეებმა, აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
მიანმარის ყოფილ ლიდერს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის კორუფციაში დასდეს ბრალი და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ეს არის პირველი განაჩენი იმ 11 საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ აღძრეს. 76 წლის პოლიტიკოსი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. ცნობისთვის, ნობელის პრემიის ლაურეატს და ყოფილ უფლებადამცველს აუნ სან სუ ჩის ყველა საქმეზე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 190 წლის გატარება მოუწევს.
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული
30 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ შორის კავშირები საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „30 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ შორის კავშირები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, ძლიერია როგორც არასდროს და წინ ნათელი მომავალი აქვს. ვამაყობ, რომ ასეთ დროს ვარ მისი უდიდებულესობის ელჩი“, - წერს კლეიტონი.
ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი
NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. NATO-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ამასთან, ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, - განაცხადა კოლომინამ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
ილია დარჩიაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო ტრადიციული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ალიევის პირად წვლილს ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის გაღრმავებაში. მხარეებმა აღნიშნეს რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამ მხრივ დადებითი შეფასება მისცეს წარმატებით მიმდინარე ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებს. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების ფონზე ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, ილია დარჩიაშვილმა პრეზიდენტ ალიევს გადასცა საქართველოს მთავრობის მეთაურის მოკითხვა და სურვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტს უმასპინძლოს საქართველოში.
თეა წულუკიანი: უკრაინული მხრიდან საქართველოზე განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს
"უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა მტკიცებულებები იმაზე, რომ კოორდინირებული ძალისხმევა მიმდინარეობდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა იყო", - ამის შესახებ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, უკრაინული მხრიდან განცხადებები შესაძლოა, უფრო აგრესიული გახდეს. „ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი არესტოვიჩის განცხადებების კასკადი ერთსა და იმავეს ადასტურებს. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვაცხადებდით, რომ კოორდინირებული ძალისხმევა იყო სახეზე, რომლის მთავარი მიზანი გახლდათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მისი ხალხის საომარ მოქმედებებში ჩათრევა, თუ ეს მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების განცხადებად რჩებოდა თებერვალში, უკვე მარტში უკრაინის ხელისუფლების მაღალი წარმომადგენლების მხრიდან გამოჩნდა პირველი დამადასტურებელი მტკიცებულებები. ბოლო დღეებში კი ყველასათვის აშკარაა, რომ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით იყო რეალური. კოორდინირებული ძალისხმევა, რომლის, ჟარგონზე ვიტყვი, გაშიფვრაც ახლა მიმდინარეობს, თუ რა იდგა ამ ყველაფრის უკან, იყო რეალურ ფაქტებზე დამყარებული. კერძოდ, ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკაში და პროცესში ჩართვა იყო მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა. რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები. "მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას", - განაცხადა არესტოვიჩმა. 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიო მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ პუტინმა შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს. მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს. 22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ: თეა წულუკიანი: უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა რუსლან სტეფანჩუკი: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა თეა წულუკიანი: ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გამომდინარეობს პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესიდან
ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს
"დღევანდელი მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ყირიმ-კონგოს ე.წ. ენდემური კერები გვაქვს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხაშურში და კიდევ რამდენიმე რეგიონში. აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, რადგან პარალელურად ხდება შინაური ცხოველების დამუშავება. ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს სახელწოდებით ცნობილი დაავადება ერთ-ერთი მძიმე დაავადება, რომელიც ადამიანზე ცხოველიდან გადადის.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა NATO-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, უახლოეს დღეებში შეხვდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს. მიღებული სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, არის პრობლემური სიტუაციები. როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც სხვადასხვანაირად ვცდილობთ მათ დაძლევას. ჩვენ უნდა გავიხსნათ. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. 26 აპრილს, გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მანამდე ის თურქეთში იმყოფებოდა. გუტერეშმა პუტინთან შეხვედრისას მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გაეროს ცნობით, პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა უკრაინასთან დაკავშირებით გაეროს პოზიცია გაიმეორა და ჰუმანიტარული დახმარების, ასევე, კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ წინადადებები განიხილა. გაეროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვას „პრინციპში დათანხმდა“. ანტონიო გუტერეშის თქმით, გაერო მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. გაეროს გენერალური მდივანი ვლადიმერ პუტინს კრემლში შეხვდა. შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გუტერეში თურქეთიდან ჩავიდა, სადაც ანკარაში რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართა მოლაპარაკებები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო მიზანი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში. მოსკოვის შემდეგ, გუტერეში უკრაინაში გაემგზავრება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
პრემიერმა Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Youtube-ზე გავრცელებულ სატელეფონო აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა. „ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების მთავარი მიზანია საქართველოში ომიზ დაწყება. არიან გამწარებულები და მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების დხა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. ეს ჩანაწერები საერთოდ არაფრის მთქმელი არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა. ჟურნალისტების კითხვას, რომ ყველა მხარე აღიარებს ჩანაწერების ავთენტურობას, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ხსენებული ბიზნესმენი „აქეთ ურეკავს ჟურნალისტს და ეს წარმოუდგენელია“. არ მსურს ამ თემაზე საუბარი. რაც შეეხება შეხვედრას... რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი?! რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? რაზე ველაპარაკებით ხალხს?“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მას მართლაც მიმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნეს შემოთავაზებები, რაზეც მან უპასუხა, რომ შეხვდებოდა, რადგან ქალაქში არ იყო. „შესაბამისად, გადავამისამართე ბიზნესსექტორთან, რაც დაადასტურა თავად ხიდაშელმაც. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს. ახლა მინდა შეკითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს, რაიმე შედეგი მოჰყვა?! ნული, არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და თქვენ მიერ ნახსენები ბიზნესმენის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. „მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ვლადიმერ ევტუშენკოვმა ქართულ მედიასთან დაუდასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი, თბილისში მარტში, ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა. პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის და ევროპის სანქციების ქვეშაა. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ რუსეთს წევრობა ოთხშაბათს შეუჩერდება
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები უკრაინაში მისი შეჭრის გამო რუსეთს წევრობას სპეციალურ კენჭისყრაზე, ოთხშაბათს შეუჩერებენ. Reuters-ი წერს, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომლის სამშობლოში 2008 წელს შეიჭრა რუსეთში, განაცხადა, რომ გაეროს როლი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა. „ამ შემთხვევაში, რუსეთისთვის წევრობის შეჩერება იქნება მაგალითი იმისა, რომ ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს წესებს“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. „ნებისმიერი თავშეკავება შიშით იქნება მოტივირებული. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ომის დროს, უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა ომის წინააღმდეგ, საუბარია იმ ქვეყნისთვის უფლების შეჩერებაზე, რომელიც ორი თვეა, ბომბავს სხვა ქვეყანას„, - აღნიშნავს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი. ის მოელის, რომ რუსეთს წევრობა სულ მცირე, მომავალ წლამდე შეუჩერდება. შეგახსენებთ, რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა 7 აპრილს შეუჩერეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამავე თემაზე UNWTO-ს გენმდივანი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთს წევრობა შეუჩერონ
ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისვლის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი ღარიბაშვილმა გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა. „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა ცნობილია. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ არის შექმნილი, პრესკონფერენცია 27 აპრილს გამართა. 22 აპრილის ვიზიტის შედეგები ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ და თერაპევტმა (შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა) გრიგოლი ხურციძემ. ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს სხვა ექსპერტებმა, კერძოდ: გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგმა), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგმა), აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგმა, კლინიკურმა ონკოლოგმა, ინტერნისტმა, პალიატიური მედიცინის სპეციალისტმა), ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგმა). პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს - ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი - ანორექსია). ძირითადი საყურადღებო საკითხები და რეკომენდაციები იანვრის ვიზიტის შემდეგ, სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს მანკიერი წრის ჩამოყალიბება: რეზისტენტული პოსტ-ტრავმული სტრესული დაავადება, დეპრესია და ანორექსია; საკვების მიღების შემცირება (იღებს დღე-ღამეში საჭირო კალორიებზე გაცილებით ნაკლებს, დღიური დოზის 1/4-1/3-მდე, 8 კგ. წონის კარგვით 1 თვეში) და შერჩევითად ცილოვან პროდუქტებზე უარის თქმა - აუტანლობის მიზეზით; ცილოვანი შიმშილის ფონზე განვითარებული გამოხატული და მნიშვნელოვანი კუნთების განლევა და სისუსტე; ცხოვრების ხარისხისა და ფუნქციონერების ეფექტურობის მნიშვნელოვანი დაქვეითება. აღნიშნული სინდრომის მანკიერი წრიდან გამოსასვლელად ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად - საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ - ცილოვანი შიმშილი - გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ/ვერ შესრულდა სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დეკემბერ-იანვარში გაცემული რეკომენდაციები ფსიქოთერაპიისა და ფიზიკური რეაბილიტაციის ჩატარებასთან დაკავშირებით. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ, რომელიც ამ პერიოდის შემდეგ პაციენტს მიეწოდებოდა, შედეგი არ გამოიღო და მდგომარეობა დამძიმდა. შესაბამისად, მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება, ანალოგიურ პირობებში, დასახელებული რეკომენდაციების შეუსრულებლად, იქნება არაეფექტიანი, მომავალში კვლავ ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის ზემოაღნიშნული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს“, - აღნიშნულია დასკვნაში. 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა N157 ბრძანებით შექმნა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან გიორგი გრიგოლია; გრიგოლი ხურციძე; გიორგი კაჭარავა;გიორგი პაპიაშვილი;აიდა გოზალოვა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი. „ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 6-ჯერ მოინახულა მიხეილ სააკაშვილი. კერძოდ, ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს და 22 აპრილს - N12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ვიზიტებისას ჯგუფის წევრები სინჯავდნენ პაციენტ მიხეილ სააკაშვილს, ეცნობოდნენ მის სამედიცინო დოკუმენტაციას და ესაუბრებოდნენ ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალს. შესაბამისად, სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა ექვსი დასკვნა. 2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა). 2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით ოთხჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021, 11.01.2022 და 22.04.2022). საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, ექსპერტთა ჯგუფის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.
ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე: იმედია, ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებულები
მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა. „მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არა ერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.
ავსტრიელმა დიპლომატებმა კიევში მუშაობა განაახლეს
ავსტრიელმა დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ. მუშაობის განახლების შესახებ ქვეყნის საგარეო უწყება იტყობინება. „ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლებიც რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო სამხედრო აგრესიის მსხვერპლები გახდნენ. უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი სოლიდარობისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გასულ კვირას კიევში დაბრუნდნენ“, წერს ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. 26 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დიპლომატების ნაწილის ლვოვში დროებით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. „დღევანდელი მოგზაურობა იყო პირველი ნაბიჯი, მომავალში რეგულარულ მოგზაურობამდე. ჩვენ ვაჩქარებთ მზადებას, კიევში საელჩოს ფუნქციონირების რაც შეიძლება მალე განახლებისთვის“, - განაცხადა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივად აფასებს უსაფრთხოების ვითარებას, რათა საელჩოების ოპერაციები რაც შეიძლება მალე განახლდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
რუსეთმა აშშ-ში კოკაინის გადაზიდვისთვის გასამართლებული მფრინავი, აშშ-ის საზღვაო ქვეითზე გაცვალა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა კოკაინის გადაზიდვის მომზადებისთვის აშშ-ში გასამართლებული მფრინავი კონსტანტინ იაროშენკო გაცვალა აშშ-ის ყოფილ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდზე, რომელიც მოსკოვში პოლიციელზე თავდასხმისთვისაა გასამართლებული. გაცვლა შედგა მესამე ქვეყანაში, იტყობინება „ინტერფაქსი“ იაროშენკოს რუს ადვოკატზე დაყრდნობით. მან დააზუსტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ ჩასულა რუსეთში. რუსი მფრინავის ცოლი, მედიასთან აცხადებს, რომ გაცვლა თურქეთში მოხდა. კონსტანტინ იაროშენკო აშშ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა 2010 წელს დააკავეს დასავლეთ აფრიკაში, ლიბერიაში, და შემდეგ მოხდა აშშ-ში მისი ექსტრადიცია. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, რუსეთის მოქალაქემ ითავა ვენესუელიდან ლიბერიის გავლით აშშ-ში ოთხი ტონა კოკაინის ჩატანა. თავად მფრინავმა დანაშაული უარყო. 2011 წელს მას 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. რუსეთი მის დაკავებას „მოტაცებას“ უწოდებს. იაროშენკოს ამერიკული დაცვა აცხადებდა, რომ ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. საქმის განხილვის მსვლელობისას იაროშენკოს უკავშირებდნენ აშშ-ში გასამართლებულ რუსეთის სხვა მოქალაქეს, ვიქტორ ბუტს, რომელსაც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა კოლუმბიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიყიდვის მომზადებისთვის. რაც შეეხება აშშ-ს მოქალაქე ტრევორ რიდს, რუსული მედიის ცნობით, ის ტეხასელი სტუდენტია და რუსეთში ტურუსტული ვიზით ჩავიდა. ტრევორი 2019 წლის აგვისტოში დააკავეს, რომელსაც ლენინგრადის გზატკეცილზე ორ გოგოსთან კონფლიქტი მოუვიდა. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ დაკავებისას, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და თავს დაესხა მძღოლს, რომელსაც ფორმა დაუხია და მის თანაშემწეს დაარტყა. 2020 წლის ივლისში მას კოლონიაში 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ვაზისუბანში კორპუსში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, კორპუსიდან მაშველებმა ცხედრები გამოიყვანეს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.საქმე ეხება 2014 წლის 16 სექტემბერს მომხდარს, კერძოდ, პროკურატურის ცნობით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფელის ცენტრში მიიყვანეს. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს. „სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ. ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა. სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლექსი არესტოვიჩი: რამენაირად შევძლებდით დნესტრისპირეთის დაკავებას, მოლდოვას რომ ეთხოვა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბარში მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის უკრაინის მიერ დაკავების შესაძლებლობა თეორიულად განიხილა. მისი თქმით, მოლდოვას დახმარება რომ ეთხოვა, უკრაინა სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებდა. „რამენაირად შევძლებდით [დნესტრისპირეთის დაკავებას]. ეს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაა. საკუთარ თავს ვერ მივცემთ ასეთი განცხადების უფლებასაც კი. მხოლოდ მოლდოვის მხარის თხოვნის შემდეგ,“ – თქვა არესტოვიჩმა. არესტოვიჩმა ასევე განიხილა, თეორიულად შეეძლება თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაკავება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში "მოლდოვას შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას". მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა მოლდოვასთვის რუმინეთისთვისა და უკრაინისთვის დახმარების თხოვნა იქნება. "შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ დასახმარებლად". – აღნიშნა არესტოვიჩმა. ოლექსი არესტოვიჩის მოსაზრებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და აღნიშნა, რომ ეს "საკმაოდ პროვოკაციული" ნათქვამი იყო. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა