ძებნის რეზულტატი:

ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა. 2022 წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ ორი აუქციონი ჩაატარა. პირველად 9 მარტს, რა დროსაც 39.6 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო მეორედ დღეს, 24 მაისს, რომლითაც 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.  

ერევანში, დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და სამთავრობო შენობების შესასვლელები გადაკეტეს

ერევანში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა, რომლებიც ითხოვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას, 24 მაისს საპროტესტო აქციის დროს გადაკეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობის შესასვლელები. ინფორმაციას Facebook-ზე ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციური ბლოკიდან "სომხეთი" იშხან საღათელიანი ავრეცელებს. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე პროტესტის 200-მდე მონაწილე დააკავეს აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შენობაში შესვლასა და გასვლას უშლიან. აქტივისტები სკანდირებენ „სომხეთი ნიკოლას გარეშე“ და „სომხეთი თურქების გარეშე“. საღათელიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შეკრებილ თანამშრომლებს განუცხადა, რომ მათ „არ აქვთ ლეგიტიმური უფლება“ იმუშაონ დეპარტამენტში, რადგან ეს „მტერი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება“. შეგახსენებთ, რომ ერევანში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საპროტესტო აქციები 1-ელი მაისიდან თითქმის ყოველდღე იმართება. მანამდე აქციის მონაწილეებმა ქუჩებში მოძრაობა გადაკეტეს.

შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1965 წელს დაბადებულ ჯ.პ.-ს, რომელიც, მიყენებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული გ.ბ. მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ბოსტონში, ცნობილი ქართველი მხატვარი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი - მხატვარი დეივიდ დათუნა 48 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე გახდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე დღეს ზაზა შავაძე წარადგინა.  რაც შეეხება უკვე ყოფილ მინისტრ გიორგი სურმანიძეს, იგი საქმიანობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს, თუმცა უცნობია, რა პოზიციაზე. ცნობისთვის, ზაზა შავაძე დღემდე აჭარის საგზაო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ამასთან, ცვლილებების მიზეზებზე დღეს მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.  

შალვა პაპუაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პოლიტიკის, პროგრამის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობათაშორისი მხარდაჭერის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს ასა რეგნერს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა გენდერული თანასწორობის კონცეფციას, რომელიც ახლო მომავალში იქნება მიღებული, გენდერულ კვოტებსა და პარლამენტში გენდერული გავლენის შეფასების ინსტრუმენტის შემოღებას. „ასა რეგნერი მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გამოცდილება და კონკრეტული მაგალითები, რომლებიც გლობალური დისკუსიისთვისაც მნიშვნელოვანია. ასა რეგნერმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა გაერო-ს ქალთა ორგანიზაციას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ესწრებოდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ერთი დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.87 ლარი შეადგინა

24 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.99 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8668 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართები გაუფასურდა 0.29 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0706 ლარი გახდა.2.83-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებამ 3.5889 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით გამყარებამ 0.41 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 17.79 თეთრი გახდა. დღეს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შესაძენად, 2022 წლის პირველი სავალუტო აუქციონი ჩაატარა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-მა $10 მილიონი დოლარი საშუალოდ 2.8689 ლარის კურსში იყიდა."2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.  2022 წელს სულ სებ-მა ორი აუქციონი ჩაატარა, პირველად 9 მარტს, რომელზეც 39.6 მილიონი გაყიდა, ხოლო მეორედ 24 მაისს, რომლითაც $10 მილიონი შეისყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულმა ბანკმა დოლარი იყიდა. ეროვნული ვალუტა, რომელიც ბოლო 2 კვირაში აშშ დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.

კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

კლინიკა „ვივამედი” საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა. კლინიკა მოუწოდებს, ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. „პააციენტი მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა „ვივამედში“ შემოყვანილი იქნა მიმდინარე წლის 12 მაისს. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგებისა და ექიმ-სპეციალისტთა მიერ პაციენტის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, იგი მოთავსებული იქნა თერაპიულ განყოფილებაში სტაციონარული ზედამხედველობის მიზნით. საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, პაციენტს უგრძელდება ლაბორატორიული მონიტორინგი, კონსულტირებულია სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის მიერ, ჩატარებული აქვს მრავალი ინსტრუმენტული (მათ შორის, მაგნიურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევა. კვლევების დროში გახანგრძლივება პირდაპირ კავშირში იყო პროცედურულ საკითხებთან, რაც გულისხმობს პაციენტისგან ნებართვის აღებას, თანაც ლაბორატორიული მონაცემები „ლოდინის“ საშუალებას გვაძლევდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა პაციენტის სტაციონარში ყოფნის პერიოდში არ გაუარესებულა: ლაბორატორიული მონაცემები დინამიკაში სტაბილურია, ნაწილი ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგები - უარყოფითი დინამიკის გარეშეა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაზე ნანახი ცვლილებები - ხანდაზმულია, არ არის კავშირში პაციენტის ამჟამინდელ მდგომარეობასთან და არ საჭიროებს აქტიურ სამედიცინო ჩარევას, რეკომენდირებულია დინამიკაში დაკვირვება. მასმედიით ხშირად გაჟღერებული ინფორმაცია, რომ კლინიკა „ვივამედს“ არ შესწევს უნარი დასვას დიაგნოზი და მართოს პაციენტი სათანადოდ - არის აბსურდული და შეურაცხმყოფელი. ყოვლად მიუღებელია კლინიკაზე და კლინიკის ექიმებზე ზეწოლა, მათ კომპეტენციებში ეჭვის შეტანა და პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცრუ ინფორმაციების გავრცელება. გულდასაწყვეტია და კითხვის ნიშნებს ბადებს ცალკეული ექიმების მხრიდან რეალობას მოწყვეტილი ისტერიული ინფორმაციის ტირაჟირება, რომ პაციენტი არ არის კონტაქტური, ვერ გადაადგილდება, მდგომარება არის კრიტიკული და ა.შ. მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”,- ნათქვამია ინფორამცაიში, რომელსაც კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. ასევე წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს  

მევლუთ ჩავუშოღლუ: პალესტინის მხარდაჭერა და ანკარის ურთიერთობა თელ-ავივთან, ორი განსხვავებული საკითხია

თურქეთი განაგრძობს პალესტინელი ძმების მხარდაჭერას, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შესაქმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დღეს რამალაში პალესტინელ კოლეგასთან რიად ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ანკარას პოზიცია პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით ცნობილია. თურქეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პალესტინელების მემარჯვენე ბრძოლას. „ამ მიმართულებით ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ“, - განაცხადა მინისტრმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთში საზოგადოების ყველა სექტორი მგრძნობიარეა. „ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიტიკური პარტია თანაბრად უჭერს მხარს თურქეთის ხელისუფლების პოზიციას პალესტინასთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი პალესტინელი ძმების მხარდაჭერას დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შექმნისთვის დაწყებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. მევლუთ ჩავუშოღლუ პალესტინის შემდეგ ისრაელში ჩავა მისი თქმით, ისრაელის ცალმხრივი ნაბიჯები, უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობა და პალესტინელების სახლებიდან იძულებითი გამოსახლება არის რეგიონში მშვიდობისთვის მიყენებული დარტყმა. „საერთაშორისო სამართლის თანახმად, მნიშვნელოვანია პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება 1967 წლის საზღვრებში აღმოსავლეთ იერუსალიმის დედაქალაქის ფარგლებში. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს „ორი სახელმწიფო ორი ხალხისთვის“ პრინციპით. ეს არის პალესტინის საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა. თურქეთი განაგრძობს სამშვიდობო პროცესში წვლილის შეტანას“, - აღნიშნა მინისტრმა. ჩავუშოღლუმ გაიხსენა, რომ ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა მუსლიმის გული შეძრა. მისი თქმით, ალ-აქსას მეჩეთის განსაკუთრებული სტატუსისა და ხელშეუხებლობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ყველა მუსლიმისთვის. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის იერუსალიმის ისლამური ფონდების იურისდიქცია, რომელიც ვრცელდება ალ-აქსაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მან. მისი თქმით, თურქეთი ისრაელთან დიალოგს უწყობს ხელს, თუმცა თანხმდება პოზიციაზე პალესტინასთან. „პალესტინის ბრძოლის მხარდაჭერა და ანკარას ურთიერთობა თელ-ავივთან ორი სრულიად განსხვავებული საკითხია“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ოთხშაბათს, 25 მაისს დაგეგმილია მევლუთ ჩავუშოღლუს მოლაპარაკებები ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაირ ლაპიდთან ვიწრო და გაფართოებულ ფორმატში.

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.  ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.  

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარაში შეხვდებიან

25 მაისს, ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის მხარეები NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები, რომლებსაც უძღვებიან შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტენსტრომი და ფინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუკა სალოვაარი. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.  ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს  და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.

თურქული ლირა, 2021 წლის ბოლოდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ხუთთვიან მინიმუმამდე დაეცა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, იტყობინება Bloomberg. 24 მაისს ლირა 0,7%-ით დასუსტდა და $1-ზე 16,0477 ლირა შეადგინა. გასული წლის ნოემბერში 1 დოლარი 10 ლირაზე ნაკლები ღირდა, მაგრამ შემდეგ თურქული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა და 20 დეკემბერს მიაღწია ისტორიულ მინიმუმს 18,3633 ლირა $1-ზე. სამომხმარებლო ფასები თურქეთში აპრილში 70%-ით გაიზარდა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში მათმა ზრდამ 61,1% შეადგინა, თებერვალში - 54,4%. თურქული ვალუტა აგრძელებს გაუფასურებას მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ინტერვენციისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ წარმოდგენილი „ლირის გადარჩენის გეგმის“ მიუხედავად. ლირაზე ზეწოლას, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკული ფასების სწრაფი ზრდის ფონზე მიმდინარე ანგარიშის მზარდი დეფიციტი ახდენს, - წერს Bloomberg. ეს ფაქტორი ასევე ამცირებს ქვეყნის სავალუტო რეზერვებს, რომელიც მაისის მეორე კვირაში $4,8 მილიარდით დაეცა. „რეზერვების ვარდნა "მიუთითებს სირთულეს ლირის სტაბილურობის შენარჩუნებაში მზარდი წინააღმდეგობის ფონზე", - ამბობს კრისტიან მაჯიო, პორტფელის სტრატეგიის ხელმძღვანელი ლონდონში დაფუძნებული TD-ში. 26 მაისს, თურქეთის ცენტრალური ბანკი საბაზისო განაკვეთზე სხდომას გამართავს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი 14%-ზე დარჩება. გასული წლის განმავლობაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი ოთხჯერ შეამცირა - 19%-დან 14%-მდე, ამ ფონზე ლირის კურსი განახევრდა.

ტედროს გებრეისუსი ჯანმოს ხელმძღვანელად მეორე ვადით აირჩიეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორის პოსტს კვლავ ტედროს გებრეისუსი დაიკავებს, რომელიც მეორე ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის პროცედურა ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეაზე გაიმართა. გებრეისუსის ხელახალი არჩევის წინადადება აღმასკომმა გააკეთა. ჯანმოს ხელმძღვანელმა ფიცი უკვე დადო.მისი უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია. გებრეისუსი ჯანმოს 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი პირველი ვადის განმავლობაში მსოფლიო კოროვირუსული პანდემიის წინაშე აღმოჩნდა.

პოდოლიაკი: კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად არ სცალით

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნათქვამ შეფასებებს კრიტიკული პოსტით ეხმაურება. პოდოლიაკის უკმაყოფილება ჰენრი კისინჯერის შენიშვნას მოჰყვა, რომლის თანახმად, უკრაინა თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობას უნდა დაეთანხმოს. „ბატონი კისინჯერი ისევე მარტივად დართავდა ნებას რუსეთს, რომ პოლონეთი და ლიეტუვა წაეღო, როგორ მარტივადაც გვთავაზობს ომის შესაჩერებლად უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას. კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს არ სცალიათ „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად. ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით არიან დაკავებულნი“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსის ფორუმზე ისაუბრა, როგორ შეუძლია, მიმდინარე ომს შეცვალოს სამყარო.„მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უნდა დასხნდნენ უახლოეს ორ თვეში. უკრაინა უნდა ყოფილიყო ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის, მაგრამ ახლა, როდესაც ურთიერთობები იცვლება, ჩვენ შეიძლება შევედით სივრცეში, სადაც გამყოფი ხაზი ხელახლა გაივლება და რუსეთი მთლიანად იქნება იზოლირებული. ჩვენ ახლა ვდგავართ სიტუაციის წინაშე, როდესაც რუსეთი შესაძლოა, სრულიად გაუცხოვდეს ევროპისგან და სხვაგან ეძებოს მუდმივი ალიანსი. ამან შესაძლოა, ცივი ომის მსგავს დიპლომატიურ დისტანცირებამდე მიგვიყვანოს, რაც ათობით წლით უკან დაგვაბრუნებს. ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ გრძელვადიანი მშვიდობისკენ“, - განაცხადა კისინჯერმა.

BBC : უკრაინაში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევი დაიღუპა. ინფორმაცია პილოტის გარდაცვალების შესახებ BBC-ს ბოტაშევის სამმა ყოფილმა ხელქვეითმა დაუდასტურა, რომლებიც სამსახურის დასრულების შემდეგ მასთან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ. მათ პირადი უსაფრთხოების მიზეზების გამო ანონიმურობა მოითხოვეს. ლვოვის მედესანტეებმა რუსული სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინული მედია ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის პილოტია, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. პენსიაზე გასვლამდე იყო საავიაციო პოლკის მეთაური. ასეთი მაღალი რანგის ოფიცრის მონაწილეობა საჰაერო ბრძოლებში შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, თუ რამდენად რთულ ამოცანებს აყენებს მოსკოვი სამხედრო მფრინავებისთვის, ასევე მიუთითებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობაზე. კვირას, 22 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ რუსული სუ-25 ჩამოაგდეს ლუგანსკის რეგიონში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ პილოტმა კატაპულტირება ვერ მოასწრო. ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC იუწყება უკრაინაში სულ მცირე 31 რუსი სამხედრო მფრინავის დაღუპვის შესახებ. „ეს არის მგრძნობიარე დანაკარგები საჰაერო ძალებისთვის, თუმცა რეალური რიცხვები შეიძლება იყოს უფრო მაღალი“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცნო

ნახევარსაუკუნოვანი განხეთქილების შემდეგ, სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ჩრდილოეთ მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა. სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა ჩრდილოეთ მაკედონიაში მორწმუნეებს განუცხადა, რომ მისმა ეკლესიამ მიიღო მაკედონელი მართლმადიდებელი ძმების ექვსი ათეული წლის წინანდელი მოწოდებები. ეს ნაბიჯი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქის ანალოგიურ გადაწყვეტილებას მოჰყვა. 1967 წლის შემდეგ, სერბეთისა და მაკედონიის ეკლესიებს ერთმანეთთან კონტაქტები არ ჰქონიათ.  

უნგრეთმა უკრაინაში ომის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობა იხელმძღვანელებს საგანგებო უფლებამოსილებებით, რათა შეძლოს უფრო სწრაფად უპასუხოს მეზობელ უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამშაბათს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, უნგრეთმა უნდა „დაიცვას ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა.  ორბანმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ მიღებული პირველი ზომები ოთხშაბათს გამოცხადდება. ორბანის მთავრობას უკრაინის ომის შედეგებთან გამკლავება უწევს. მათ შორის, წლიური ინფლაციის (9,5%) და ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც გაიზარდა პირველ კვარტალში წინასაარჩევნო დანახარჯების გამო. მას ასევე სურს, ეკონომიკის შესამჩნევი შენელება აირიდოს თავიდან. ორბანის პარტია Fidesz-მა კვლავ მოიპოვა პარლამენტში უმრავლესობის ორი მესამედი აპრილის არჩევნებში, თანდათან გაზარდა თავისი უფლებამოსილება 12 წლის განმავლობაში. ორბანი „დემოკრატიის ეროზიის“ მიზეზით ევროკავშირისა და უფლებადამცველი ჯგუფების მხრიდან კრიტიკას ხშირად იმსახურებდა.  

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ლიკა ბასილაია-შავგულიძე აირჩია

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად, პროფესიით ჟურნალისტის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 13 აპრილს გამართულ კენჭისყრაზე ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა. მას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ორი წინააღმდეგი იყო. ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურა ფრაქციამ, „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წარადგინა. 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, მაუწყებლის მეურვეები  საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და თსუ-ის პროფესორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გახდნენ.  

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება მიულოცა, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.  „დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ!“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.

მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ნატალია გავრილიცა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, - წერს ნატალია გავრილიცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ  ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. „ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”,- წერს Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილი.